ახალი ვექტორი

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — რუსული ტელეარხების გამორთვამ, მხედველობაში მაქვს ე.წ. სამთავრობო-საინფორმაციო, საქართველოს მოსახლეობა უინფორმშაციოობის ჭაობში მოაქცია, საიდანაც ამოსვლა გაჭირდება.
რუსული საინფორმაციო ტელეარხების გამორთვით, რომელიც დასავლელი ე.წ. პარტნიორების ბრძანებით განხორციელდა, დასავლეთმა მიიღო საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობის სახით, სრული უვიცობით გაჯერებული, ინდიფერენტული, საღი ინფორმაციის არმქონე, რომელმაც არაფერი იცის რა ხდება მის სამეზობლოში, ისე, როგორც დასავლეთში, მსოფლიოში.
როდესაც რუსულ საინფორმაციო არხებს ვამბობ არ ვცდილობ მათ გაფეტიშებას, იმიტომ რომ რუსულია. რუსული საინფორმაციო ტელეარხები იძლევა საშუალებას მაყურებელი გაეცნოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს, კულტურულს. ამ არხებზე ყოველდღე აქვს ადგილი პოლიტიკურ თოქ-შოუებს, რომელშიც მონაწილეობენ როგორც რუსი პოლიტოლოგები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ისე ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, იტალიელი, ისრაელელი, არაბი, სხვა უცხოელი სპეციალისტები, რასაც ადგილი არ აქვს არც „CNN“-ზე, „BBC“-ზე, „Al Jazeera“-ზე, „Fox News“-ზე, სხვა ტელეკომპანიებზე.
არც ერთ ჩამონათვალში რუსი ექსპერტი არ მონაწილეობს. და არ მონაწილეობს იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს, არამედ არვინ იწვევს მას. რუსული ტელეკომპანია RT, რომელსაც ფილიალები ჰქონდა აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში — აღარ ფუნქციონირებს, ვინაიდან აღქმულია მასპინძლების მიერ როგორც რუსეთის პროპაგანდა. არადა, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება პროპაგანდასაც უნდა იტანდეს, მითუმეტეს თუ პროპაგანდის ნიშანწყალი მას არ აქვს.
RT-ს ფილიალებში მასპინძელი ქვეყნების ჟურნალისტები მუშაობდნენ და ლაპარაკობდნენ იმაზე, რაც არის. არავითარი პროპაგანდა. სინამდვილე. სიმართლე. დასავლეთზე შეყვარებულ ქართველთა გასაგონად — იქ სინამდვილე აღიქმება პროპაგანდად.
რატომღაც ქართულ პოლიტელიტას ისე, როგორც მის ნათესავებს და ახლობლებს დასავლეთი, კერძოდ ევროპა დემოკრატიული ჰგონია, სადაც სიტყვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ სცდებიან — უინფორმაციობის გამო.
თანამედროვეობა იმით არის მომხიბლველი, რომ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღების საშუალებაა. ვინც ფლობს ინფორმაციას გამარჯვებულია. ინტერნეტის ეპოქაში, ადამიანს რომ აუკრძალავ ინფორმაციის მიღებას — ბარბაროსობაა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აუკრძალეს რუსული ტელეარხების ყურება, რუსეთთან დაკავშირებით პოზიტიური მასალების გამოქვეყნება ბეჭდვით მედიაში. და თუ დასავლელი ჟურნალისტი გაბედავს და დადებითს დაწერს გაზეთში, სამსახურიდან დაითხოვენ.
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის რა დამართა ევროკავშირმა თავისსათავე წევრ რუმინეთს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციონერს გამარჯვება, დამარცხებად ჩაუთვალეს და საარჩევნო პროცედურა გააუქმეს. ერთი თვის შემდეგ დანიშნულ არჩევნებში გამარჯვებულ მეორე ოპოზიციონერს უთხრეს, რომ წააგეო.
რუმინეთის ხელისუფლებამ ბრიუსელის ბრძანება შეასრულა ისე, როგორც მოლდოვამ, რომელმაც უარი უთხრა სანდუს, მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრძანებით და ევროპაში მცხოვრები მოლდოველების ხმებით სანდუს მოაგებინეს.
სექტემბერში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მთელ რიგ ოპოზიციურ პარტიებს აუკრძალეს მონაწილეობა, რუსეთში ნახევარი მილიონი მოლდოველი ცხოვრობს, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ორის ნაცვლად, რამდენიმე საარჩევნო უბნის გახსნას, თუმცა უშედეგოდ, მაშინ, როდესაც იტალიაში 22 უბანია გახსნილი იმ მოლდოველებისთვის, რომლებიც გაცილებით ჩამოუვარდებიან რუსეთში მცხოვრები მოლდოველების რაოდენობას.
ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ უყურადღებოდ დატოვა გერმანიის ადგილობრივი არჩევნები და ერთ-ერთ მხარეში ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 6 კანდიდატის „მოულოდნელი სიკვდილი“. არც ერთი გარდაცვლილი მმართველი კოალიციიდან — ოპოზიციიდან ჯამში 16.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყველაზე პოპულარულია და უსწრებს ქრისტიან-დემოკრატებს, რაც ბრიუსელის გაღიზიანებას იწვევს და რატომ?
იმიტომ, რომ პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი სისტემატურად აცხადებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსური დახმარების შეწყვეტას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ა.შ. ეს პარტია ულტრამემარჯვენედ ითვლება და დახურვით ემუქრებიან. რა გამოდის, თუ პარტია ნორმალურად აზროვნებს — ულტრამემარჯვენეა?
არანაკლები ვაკხანალიაა საფრანგეთში. იქაც ულტრამემარჯვენედ შერაცხული მარინ ლე პენი გაასამართლეს და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ისიც ითხოვს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, უკრაინისთვის ყველა სახის დახმარების შეწყვეტას.
ბრიუსელი კატეგორიულად ებრძვის უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს ორბანს და ფიცოს და მათ პუტინის აგენტებად მოიაზრებს. ევროკავშირის დამკვრელური ქვეყნები გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ევროკავშირის ყოფილი წევრი დიდი ბრიტანეთი, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად დაბეჯითებით უჭერენ მხარს ზელენსკის — ფინანსურად, იარაღით, სამხედრო ინსტრუქტორებით, მოუწოდებენ მას გააგრძელოს ომი, რითაც ტრამპის უკმაყოფილებას იწვევენ. მათი მიზანი ერთია — ტრამპის გაბაიდენება, ანუ ტრამპის მიერ ისეთი პოზიციის დაკავება უკრაინის მიმართ, როგორიც ბაიდენს ჰქონდა.
ყველა ისინი ბაიდენის მომხრეები არიან და არა ტრამპის. ისინი ვერ იტანენ ტრამპს, მაგრამ სუვერენულობადაკარგულებს აღარაფერი დარჩენიათ, გარდა თავის დაკვრისა — საჯაროდ, კულისებში — ანტიტრამპული პოლიტიკის განხორციელება.
ქართულ პოლიტელიტას უყვარს გამოთქმა „ომის პარტია“. ზემოჩამოთვლილი ქვეყნები, პლიუს ბალტიისპირელები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სხვები არიან „ომის პარტია“.
წინა სტატიაში მოგახსენეთ ომის მიერ მოტანილი შავი ფულის შესახებ. ომი ჩვეულებრივი ხალხისთვის ტრაგედიაა, მაგრამ არაკეთილსინდისიერი მმართველებისთვის გამდიდრების წყარო.
სამწლიანმა ომმა ისე გაამდიდრა ზელენსკი და მისი ნეონაცისტური ბანდა — კანში ვერ ეტევიან. ზელენსკი მილიარდერია, ისე, როგორც დანარჩენები. ომით მიერ მოტანილ ფულზე ითბობენ ხელს ზემოჩამოთვლილი დასავლელი „პოლიტიკოსები“ — ზელენსკის დახმარებით, რომელიც ევროპიდან შემოსული თანხების ნაწილს ისევ იქ აბრუნებს, ცხადია არა ბანკში, არამედ ევროპელ მოხელეთა ჯიბეებში.
დღევანდელი ევროპა — კორუმპირებული, ურწმუნო, ცრუ და ფლიდი, სულაც არ არის ის ადგილი, სადაც ყოფნა უნდა გინდოდეს — ქვეყანა მყავს მხედველობაში და არა ფიზიკური პირი.
ევროკავშირში მყოფ ქვეყნებს — სუვერენულობააყრილებს სიტყვის თქმასაც უკრძალავენ და მოუწოდებენ ისე იაზროვნონ, როგორც ბრიუსელი — ევროკავშირის შტაბ-ბინა. ევროკავშირის ცენტრი, რომელიც არვის აურჩევია და ქვეყნებს შორის გარიგებით მოერგვნენ მაღალ სავარძლებს, მოუწოდებენ წევრ-ქვეყნებს მორჩილებისკენ — გარიგებით „გაღმერთებულები“.
არ იფიქროთ გარიგებაში საფრანგეთის, გერმანიის ან იტალიის გარდა ვინმე სხვა წევრი-ქვეყნები იღებდნენ მონაწილეობას — რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, სხვები. არა პატივცემულებო. მათ უთხრეს „დიდებმა“ — შევარჩიეთო თქვენი კომისრებიო, სხვათა შორის თქვენი ქვეყნიდანაცო. და შეარჩიეს ისე, რომ შერჩეულის ქვეყნისთვისაც, მისი ხალხისთვისაც არვის უკითხავს უნდოდა მას ევროკავშირის პრეზიდენტად პორტუგალიელი ანტონიუ და კოშტა, საგარეო და უსაფრთხოების კომისრად ესტონელი კაია კალასი ან გერმანელს ჰკითხეს — ევროკომისიის თავმჯდომარედ გინდათ რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი , პროფესიით გინეკოლოგი იყოსო?
გერმანელისთვის რომ ეკითხათ ურსულას თაობაზე, უმალ უარს განაცხადებდა, ვინაიდან გერმანიის თავდაცვის მინისტრად ნამუშევარმა ურსულამ სახელი გაითქვა, როგორც ბუნდესვერის დამანგრეველმა.
იკითხავთ — როგორ გახდა ურსულა გერმანიის თავდაცვის მინისტრიო. ის, გერმანიის კანცლერის მერკელის დაქალი იყო. სწორედ მერკელმა „იჩალიჩა“ ურსულას ევროკომისიის თავმჯდომარედ დანიშვნაში. ასე იცის „დემოკრატიამ“!
ზემოთ კაია კალასი ვახსენე — გაუნათლებელი, აგრესიული ესტონელი, რომელმაც პეკინში გამართული გრანდიოზული სამხედრო პარადის შემდეგ განაცხადა — ჩემთვის აღმოჩენაა რუსეთისა და ჩინეთის მიერ 80 წლის წინ ფაშიზმისა და მილიტარიზმის დამარცხებაო.
უვიცობით არა მარტო კალასი „ბრწყინავს“, არამედ ევროკავშირის სხვა კომისრებიც — ისინი, ვინც წევრ-ქვეყნებს ზემოდან დაჰყურებენ.
კაია კალასის წინამორბედმა ჟოზეპ ბორელმა თანამდებობიდან წასვლამდე „გაგვახარა“ და გვითხრა — ევროკავშირი ედემის ბაღია, რომელშიც ჯუნგლებში მაცხოვრებლებს სურთ შეღწევა. ჯუნგლებში ჩვენც ვიგულისხმებით. აი, ასეთ ევროკავშირში სურს ქართულ პოლიტიკას საქართველოს შეთრევა?! ევროკავშირი, რომელიც ეკონომიკურ-სოციალური პირობებით კარგა ხანია ის აღარ არის, რაც იყო.
ევროკავშირი 90 მილიონი აფრიკელით, აზიელით, უკრაინელით, ახლო აღმოსავლელით, სვა ერების წარმომადგენლებით — გაშავებულია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მერკელს, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი უცხოელ მიგრანტებს, ეგონა რომ გერმანია და ევროპა მოახერხებდა მათ ასიმილაციას, გაევროპელებას. თავისი კანცლერობის დასასრულს მან აღიარა, რომ ასიმილაცია არ მოხდა. მოხდა პირიქით — ევროპის ქალაქებში გაჩნდა მიგრანტთა დასახლებები, სადაც ადგილობრივი ვერ შედის — კრიმინალის შიშით.
როდესაც გერმანიის ტელეარხები ქალებს ურჩევენ მინი კაბების ან შემოტკეცილი ჯინსების ნაცვლად „ბალახონები“ ჩაიცვან, რათა არ გამოიწვიონ სექსანთებული ჩამოსულების ყურადღება, რაღაცას ნიშნავს. და ეს „რაღაც“ ქუჩებში, საქალაქო ტრანსპორტში გაუპატიურებაა. ეს „რაღაც“ უწინდელი მშვიდი ცხოვრების დასასრულია.
ევროპული ქალაქები მეჩეთებით აევსო — შესაბამისი რიტუალებით, მრევლით. ასე რომ ბორელის ვარაუდი ჯუნგლების შესევისა ახდა, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები იხტიბარს არ იტეხენ, არც კოლონიალურ მენტალიტეტს იცვლიან იმათ მიმართ, ვისაც მდაბიოდ მიიჩნევენ, მაგრამ აშშ-ს წინაშე კუდის მოქიცინე ძაღლებად იქცევიან.
საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ნანახი ვიდეო-კადრები, სადაც აღბეჭდილია „ამაყი“ ევროპელი ლიდერების ვიზიტი ტრამპთან. მლიქვნელობის კასკადი გამოავლინეს მათ „ბოსთან“ მიმართებაში, თანაც წელში ისე მოხრილებმა, მეგონა ვეღარ გასწორდებოდნენ. რა გაეწყობა ბუნების კანონია — ადამიანთა შექმნილი, სადაც გაგდის — გულადი ხარ, სადაც არა, კუდის მოქიცინე ფინია.
საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ნანახი ტრამპთან აზერბაიჯან-სომხეთის ლიდერების შეხვედრის ტელეკადრები, ტრამპი, რომ გაჭირვებით გამოთქვამს „აზერბაიჯანს“ და „სომხეთის“ ნაცვლად ალბანეთს ამბობს, ნუ გაიკვირვებთ, აშშ-ს პრეზიდენტებს ახასიათებთ სხვა ქვეყნის სახელის დამახინჯება, სხვაში არევა, მაგალითად ბუში უმცროსი ავსტრიას და ავსტრალიას ერთმანეთში ურევდა. არის თუ არა ჰეგემონის გაუთვითცნობიერებლობა მწირი განათლების შედეგი?
უდავოდ! არადა ყველა მათგანს პრესტიჟული უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული, მაგრამ აქ სხვასთან გვაქვს საქმე — მოლაპარაკებისთვის პრეზიდენტის აპარატის მიერ პრეზიდენტის მოუმზადებლობასთან. როგორც ჩანს, არც პრეზიდენტი და არც აპარატი ტვინს არ იჭყლეტენ სტუმრის მიღების წინ, არ ეცნობიან მასალებს სტუმრისა და მისი ქვეყნის შესახებ. ასე რომ ყოფილიყო, ტრამპს არ გაუკვირდებოდა ლიბერიის პრეზიდენტის გამართული ამერიკული ინგლისური.
ლიბერია, აშშ-ს მიერ აფრიკის კონტინენტზე შექმნილი ქვეყანაა, სადაც ენიდან დაწყებული ყველაფერი ამერიკულია. შემედავებით — ამერიკული ენა არ არსებობსო. გეთანხმებით, მაგრამ ინგლისურმა ენამ ამერიკულ ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები განიცადა, რომ ხმის ამოღებისთანავე ნათელი ხდება მოლაპარაკე ამერიკელია თუ ინგლისელი. თვით ამერიკელები ამბობენ, რომ მათი ენა ამერიკულ-ინგლისურია.
ყოფილ საბჭოელებს, რომლებსაც, ჩერჩილის მიერ საბჭოთა ბლოკისთვის „რკინის ფარდის“ ჩამოფარების შემდეგ აქტიური კონტაქტები არ ჰქონიათ დასავლეთთან, აღტაცებით შეჰყურებენ იქაურებს, მონური მორჩილებით. რაღაც ამის მსგავსი იყო ალიევ-ფაშინიანის გამომეტყველება თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრის დროს. რა ამაყნი იყვნენ ისინი ტელეკამერების წინ, რა გულადნი, მედგარნი მსოფლიოსა და საკუთარი ხალხების წინაშე. მერე რა, რომ ტრამპმა მათი ქვეყნების სახელებიც კი არ იცის?!
ტელევიზიას უდიდესი როლი აქვს საზოგადოების აღზრდის საქმეში. დემოკრატიული ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს ელექტრონული მედიისა და ბეჭდვითის ისე გამოყენებას, რომ საკუთარ ხალხს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია — არა მიკერძოებულად, როგორიც უკრაინული ან ნებისმიერი ევროატლანტიკურია. ხალხს მიანდოს დასკვნების გაკეთება და არა საკუთარ თავს — მთავრობა მყავს მხედველობაში.
ბინძური ხელისუფლების ხელში, ტყუილი ინფორმაცია ჩვეულებრივად აღიქმება. მიზანი მისი შორსმიმავალია — მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობაში, საკუთარი ხელისუფლების მიმართ უნდობლობის აღძვრა. ამ მხრივ უკრაინული მედია და მის უკან მდგომი დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები სასწაულებს თხზავენ ისეთს, საღად მოაზროვნე ადამიანი რომ არ იფიქრებს.
ამასწინათ მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა საველიევმა, რომელიც თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, თავი მოიკლა. მინისტრი მართლაც გაანთავისუფლეს მინისტრობიდან, მაგრამ არა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან. მას ორი თანამდებობა ეკავა. ერთიდან — მინისტრობიდან წავიდა ყოველგვარი თვითმკვლელობის გარეშე. გასულ კვირას ვლადივოსტოკის ეკონომიკურ ფორუმში საველიევი იღებდა მონაწილეობას და სექტორული შეხვედრა-დისკუსიაც მიჰყავდა.
გასული კვირა არა მარტო ვლადივოსტოკის ეკონომიკური ფორუმით იყო აღსანიშნავი, არამედ პეკინის სამხედრო პარადით — იაპონიის მილიტარიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავის, ტიანძინის შანხაის ორგანიზაციის, შემოკლებით „შოს“-ის ყოველწლიური სამიტით.
შანხაის ორგანიზაცია პეკინის ინიციატივით და მოსკოვის სრული მხარდაჭერით შეიქმნა 2001 წელს. მასში გაერთიანებული არიან ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ბელორუსი, ირანი. 18 ქვეყანას სურს ამ ორგანიზაციაში გაწევრება, მათ შორისაა აზერბაიჯანი და სომხეთი. საქართველო?
საქართველო სამშობლოში დაბრუნებას აანონსებს. გასაკვირია თქვენთვის, რაც გითხარით — საქართველოს სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ელიტას სურს და მუდმივად გაიძახის — ევროპულ ოჯახში ვბრუნდებით, ჩვენს ისტორიულ ადგილსამყოფელშიო. და რახან ასეა, რატომ გვწყინს, რომ პეკინის პარადზე არ მოგვიწვიეს. 20-ზე მეტი ქვეყანა მიიწვიეს, მათ შორის აზერბაიჯან-სომხეთიც, ჩვენ არა მიგვიწვიეს.
როდესაც სისტემატურად ვლანძღავთ ჩინეთს, ირანს, ჩრდილო კორეას და ცხადია რუსეთს, დიქტატორულ ქვეყნებად მოვიხსენიებთ, მათთან ერთად პარადზე ყოფნა უხერხული ხომ არ იქნებოდა რომც მოვეწვიეთ?!
გამიჭირდება პეკინის სამხედრო პარადის აღწერა, ვინაიდან პარადში გამოხატული ქვეყნის დისციპლინა ძნელი აღსაწერია. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ მისცეს საშუალება ენახა ზეწარმოდგენა 70 წუთში შესრულებული, 40000 სამხედროს — ერთი მეტრის და 80 სანტიმეტრის სიმაღლის, 90 კგ-მამდე წონის მატარებლების მიერ.
აშშ-ს პრეზიდენტმა ნახა პარადი და მაღალი შეფასება მისცა. ვინც ასეთ პარადს აწყობს, ქვეყანასაც ააწყობს. „შოს“-ის სამიტმა მსოფლიოს დაანახა კაცობრიობის განვითარების ახალი ვექტორი, არა ევროატლანტიკური, არამედ აღმოსავლური — მდიდარი ისტორიით, ტრადიციებით, ცხოვრების წესით გაჯერებული.
ქალაქი ტიანძინი — 100-ზე მეტი კილომეტრით დაშორებული პეკინიდან — სწრაფი მატარებლით, 350 კმ/სთ სიჩქარის, 20 წუთის სავალზეა დედაქალაქიდან. სამიტის მონაწილეები მატარებლით ჩავიდნენ პეკინში.
სწრაფმავალი რკინიგზა ახალი არ არის ჩინეთისთვის. მისი სიგრძე 50 ათასი კილომეტრია. ჰეგემონს ასეთი არ აქვს. ლას-ვეგასთან დამაკავშირებელს აკეთებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს დასრულება — მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვის გამო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
08/09/2025