სომხური „საჩუქარი“

გამოთქმა —„გვეშველება რამე?“, ასერიგად დამკვიდრებული ზეპირსიტყვაობაში უდავოდ გამოხატავს ყოფის უკუღმართობას, საბჭოთა ცხოვრების შემდეგ რომ მივიღეთ. იმ სისტემის არსებობის ბოლო 10 წელი, განსაკუთრებით გორბაჩოვის „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ ხანა იავარდფენილი არ იყო, მაგრამ ის, რაც გვაქვს მცირე შანსსაც არ იძლევა დადებითი შეფასების გასაკეთებლად.
ბოლო წლების საბჭოეთშიც არ გამიგია შეკითხვის მსგავსი — გვეშველება რამე?!
ადამიანები ერთმანეთს ასეთ შეკითხვას არ უსვამდნენ, ვინაიდან იცოდნენ, რომ საშველი მათზე არ იყო დამოკიდებული. მათი საშველი მმართველი კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების პრეროგატივა იყო, რასაც ისინი მეტნაკლებად ასრულებდნენ.
დღევანდელი ხელისუფლება საყოფაცხოვრებო, სოციალური ხასიათის საკითხების მოსაგვარებლად თავს არ იწუხებს. მისი ლოზუნგი ასეთია — „გაანძრიე ხელი და გექნებაო“. და ამას გვეუბნებიან ისინი, ვინც ბედის ჩარხის ტრიალით იმ ბეღელში აღმოჩნდა, სადაც სახრავ-სასუსნავია. დაუთმობს ის სხვას ბეღელს?
ფაქტი სახეზეა. 13 წელია „ოცნება“ იმყოფება ბეღელში და ცოცხალი თავით არ აპირებს იქიდან გამოსვლას. მისი წინამორბედი „ნაცებიც“ დიდხანს ხრავდნენ ბეღელში დაბინავებულ საკვებს და დღესაც იქ იქნებოდნენ, რომ არა საბედისწერო შეცდომის, შეცდომების, დანაშაულების კასკადი.
ასე იცის თავდაჯერებამ, ხელისუფლებით ტკბობამ. ასე იცის საკუთრის და სახელმწიფოს ერთმანეთთან შერწყმამ — სახელმწიფო საკუთრების, პირად საკუთრებად აღქმამ.
გახსოვთ ალბათ აჟიოტაჟი, რომელიც ოპოზიციამ ატეხა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის მიერ პირად საქმეზე სახელმწიფოს თვითმფრინავის გამოყენების გამო. მაშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში წამყვან ჟურნალისტთან, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილთან კამათი მომიხდა.
ჟურნალისტი არაფრად მიიჩნევდა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავის პირადი საქმისთვის გამოყენებას. დანაშაულია მეთქი — ვუთხარი და მაგალითებიც ბევრი მოვუყვანე საბჭოური ცხოვრებიდან: ასეთი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს პავლე გილაშვილს, თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, სამი ავტომობილი ემსახურებოდა: „ვოლგა—გაზ-24“, „ნივა“ და „ჩაიკა“ — მაშინ პრესტიჟული, წარმომადგენლობითი „ლიმუზინი“, რომელსაც ის არასდროს იყენებდა. გადაადგილდებოდა თეთრი და არა შავი ფერის „ვოლგით“. მე, მაშინდელ საქმეთა მმართველს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისას, არასდროს მინახავს გილაშვილის მეუღლე ან შვილები ბატონ პავლეს ავტომანქანაში.
ღარიბაშვილს ეკუთვნოდა სახელმწიფო თვითმფრინავით მგზავრობა სახელმწიფო საქმეზე და არა პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ჟურნალისტმა ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი, ისე, როგორც „ოცნების“ პარტიის გენერალურმა მდივანმა და ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ — რა მოხდა მერე, მაგ თვითმფრინავს მეც ვხმარობ პირად საქმეზეო, ფულს ვიხდიო, რაც არ მჯერა.
რაც მჯერა ისაა, რომ „ოცნებას“ საკუთარი და სახელმწიფო ერთმანეთთან აქვს შერწყმული.
ასეთი დათმობს პოზიციებს? ასეთი სხვას გაუყოფს ლუკმას? ასეთი იზრუნებს თქვენი, ჩემი, ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის?
ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა, ხელისუფალთ უღვივებს შეგრძნებას, რომ ისინი საუკეთესონი, შეუცვლელნი არიან; რომ ხალხი მათზე უკეთესს ვერ აირჩევს და დიდად ტვინი რომ არ იჭყლიტოს, სხვა მმართველების მოსაძებნად, უიოლებენ საქმეს — აქ ვართ, სხვა არ გინდათ, მზად ვართ გემსახუროთ. და ხალხიც, ცხადია ზომაზე მეტად უკმაყოფილო ხელისუფლების, ფიქრობს — შეუჩვეველ ჭირს, ისევ შეჩვეული სჯობსო.
34 წელი გავიდა ამ „დემოკრატიულ“ სავანეში ცხოვრების. რით სჯობს დღევანდელი, 34 წლის წინანდელს?
ამ კითხვას პასუხს საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანი თუ გასცემს — მომსწრე საბჭოეთისა და შემსწრე დღევანდელობისა.
ახალგაზრდა თაობა, ძველს თუ იცნობს, მხოლოდ ცუდს — დასავლური პროპაგანდის წყალობით. სწორედ იმ დასავლეთმა დაგვასვა თავზე გაუწონასწორებელი, გადაქანებული მმართველი, რომელმაც გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა ქვეყანას, ხალხს.
„ოცნების“ 13 წელი ისეთი არ არის, როგორიც წინამორბედის — წინამორბედთა შეცდომების გათვალისწინებით, მაგრამ არც მას მოუტანია ხალხისთვის დანაპირები კეთილდღეობა. და არც მოიტანდა, რამეთუ „ოცნებელთა“ უპირველესი საზრუნავი საკუთარი კუჭის ამოყორვა გახლდათ.
პროცესი, ერთობ სარგებლიანი, მმართველი პარტიისთვის გრძელდება. მას დასასრული არ ექნება, ვინაიდან დამსრულებელი, ოპოზიცია და ამომრჩეველი უნდა იყოს. პირველი, ხელისუფლებაზე უარესია; მეორე — დეგრადირებული, უპასუხისმგებლო.
ხალხი, რომ უპასუხისმგებლოა, ხელისუფლების „დამსახურებაა“ და ე.წ. დასავლელი პარტნიორების. ხელისუფლებას აწყობს პოლიტიკურად გაუნათლებელი, ინდიფერენტიზმით შეპყრობილი ხალხი. მეორეს — ამ გამოუჩორკნავი ფიზიკური პირის საკუთარ დაკრულზე აცეკვება. და ჩვენც, ვცეკვავთ თავდავიწყებით თან ვყვირით — ჩვენც ისეთები ვართ, როგორებიც ჩვენი ცეკვის მასწავლებლებიო.
მარტო ცეკვით, რომ შემოფარგლულიყო ქართველი ხალხის წვრთნა — კიდევ არაფერი, მაგრამ მას სხვა ანტიჰუმანური მომენტებიც ახლავს — სხვათა მოძულება რომ ჰქვია.
დასავლეთმა, 34-წლიანი ტვინის ბურღვით შეგვაძულა მეზობელი რუსეთი, რომელმაც ბევრი იღვაწა ჭაობში მობუყბუყე ქართველის მშრალზე გამოსაყვანად.
რუსეთის გაწეული ღვაწლი საქართველოს გადასარჩენად ფასდაუდებელია, მაგრამ დასავლურმა ტრენინგმა ისე გადაგვაგვარა, რომ ყველაფერი დავივიწყეთ, უმადურები გავხდით, უფრო მეტიც ისეთ ბრალს ვდებთ მას, როგორიცაა გენოციდის მოწყობა.
ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბრძანა — საქართველოს არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს რუსეთთან, რომელმაც გენოციდი მოგვიწყოო.
როგორც ჩანს, მან და მისმა კოლეგებმა არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა, თუ იციან და მაინც გაიძახიან — ცილისწამებაა, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ არა საქართველოში, სადაც რუსეთის მიმართ მყრალსიტყვაობა წახალისებულია, დაფასებულია.
ჰოდა, როდესაც ასეთთან გვაქვს საქმე, კითხვა — გვეშველება რამე?! — უადგილოა.
უმადურ ხალხს არაფერი ეშველება. უმადური ხალხი ცხოვრებას ვერ გამოჭედს, ვინაიდან სხვის მიმართ მიმართული უმადურობა მასვე დაუბრუნდება — კისრის მოტეხვით.
გენოციდი — ხალხის განადგურებას ნიშნავს, აი, ისეთის, რასაც ადგილი აქვს ღაზის სექტორში ისრაელის მიერ, რომელმაც მიწასთან გაასწორა ღაზის სექტორში არსებული ყველა სახლი; 2 მილიონი პალესტინელი აიძულა ღია ცის ქვეშ ცხოვრებას — შიშის, ტანჯვის, ბომბებისა და ტყვიების წვიმაში, საჭმელ-სასმელის გარეშე.
ვისაც ნანახი აქვს ღაზის სექტორში მშიერი პალესტინელების ზედახორა — ქვაბებით ხელში, ერთი კოვზი სალაფავის მისაღებად, დამერწმუნება რას ნიშნავს ანტიჰუმანურობა. მშიერ ხალხს, საკვების მიღების რიგში, რომ ტყვიებს დაუშენ — ეს არის გენოციდი!
გენოციდის მამა — ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ თავხედურად აცხადებს, რომ სახლებს ღაზაში, ისრაელის არმია კი არ ანგრევს, არამედ თვით პალესტინელები აფეთქებენო.
აი, ამ ცინიკოსს მხარს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უდგას მხარში. ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ გულდათუთქულია უკრაინაში უკრაინელთა ხოცვით. როგორც ჩანს, ტრამპს მხოლოდ უკრაინელი მიაჩნია ადამიანად და არა პალესტინელი არაბი, რომელსაც ისრაელი გენოციდს უწყობს.
ღაზის გენოციდი იმიტომ გავიხსენე — ახალია. ისტორიაში არაერთ ასეთს ჰქონდა ადგილი, მათ შორის ებრაელთა გენოციდს ფაშისტების დროს და ა.შ., რაც არა მარტო ხალხის მეხსიერებაში, წიგნებშიც ჩაიბეჭდა. რაღაც ასეთი არ მახსოვს ქართველთა მიმართ — რუსის მიერ ჩადენილი. საქართველოს მოსახლეობა, 1897 წლის აღწერით 800000-იც არ იყო, რუსეთთან შეერთების შემდეგ — 5,5 მილიონი გახდა.
„დადუნდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვარადღა დაგვრჩა …“.
ვის დავუჯეროთ ოპოზიციონერ „პატრიოტებს“ თუ ზემომოყვანილი ტექსტის ავტორს?!
პირადად, ამ ტექსტის ავტორს ვუჭერ მხარს არა იმიტომ, რომ დიდი ილიაა, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა.
„პატრიოტი“ პოლიტიკოსების შემხედვარეს, მიჩნდება შეკითხვა — გვეშველება რამე?!
ცუდი გზა გვაქვს არჩეული და იმიტომ არ გვეშველება! და კიდევ იმიტომ, რომ არ გვინდა გვეშველოს. არადა, ჩვენს ირგვლივ ისეთი ატმოსფეროა, ადგილობრივ არჩევნებზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ 24-საათიან რეჟიმში, არამედ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა ჩვენი მეზობლების წყალობით.
სომხეთ-აზერბაიჯანის მიერ თეთრ სახლში ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით განხორციელდა თუ ვის უქადის ბედნიერებას აშშ-ს უპირველესად, შემდეგ აზერბაიჯანს, შემდეგ ისრაელს და შემდეგ თურქეთს. სომხეთს? — იკითხავთ. სომხეთი ბოლოსთვის მოვიტოვე, როგორც წაგებული. მოვიგეთო, რომ ამბობენ ფაშინიანისეული სომხები.
გააჩნია რა აქვთ მხედველობაში ან ვინ ჰყავთ! თუ ფიზიკურ პირზეა ლაპარაკი, ანუ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანზე, მან უდავოდ მოიგო, მაგრამ თუ სომხეთზე, ანუ ქვეყანაზე — მან წააგო , თანაც ისე, საკუთარი სახელმწიფოებრიობა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
არის კიდევ ერთი წაგებული — ეს, საქართველოა, თუმცა არც საქართველოს ხელისუფლება და არც ხალხი ასე არ თვლიან. მათ მიაჩნიათ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ამგვარი დაზავება მათ არ ეხებათ. და არ ეხებათ იმიტომ, რომ მათი აზრით, ორივენი შორს არიან ჩვენგან. ისინი ვერ ითავისებენ, რომ პატარა, მცირე ზომის სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული — ისტორია, პოლიტიკა, ეკონომიკა და ა.შ.
რომ საქართველოში გვარიანი რაოდენობის სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს — ფიზიკურად და არა მენტალურად. მენტალურად ისინი მეზობელ ქვეყანაში არიან. არც ერთ მათგანთან საქართველოს არ აქვს დელიმიტირებული და დემარკირებული საზღვარი. ამ მხრივ ორივესთან გვაქვს პრობლემები, რომელთა გადაჭრა გაგვიჭირდება.
გავიხსენოთ დავით გარეჯი და აზერბაიჯანის პოზიცია. ეს საკითხი ჯერაც მოუგვარებელია. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ყარაბაღის ომში გამარჯვებული გაფხორილი ინდაურივით დაიარება და ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, უსუსურ საქართველოს პოზიციას გაიზიარებს?
ვინ დაუდგება საქართველოს გვერდში — აზერბაიჯანის ძმა და მეგობარი თურქეთი, ევროკავშირი, აშშ-ი თუ ირანი, რომელსაც მუდამ ცუდი სიტყვებით მოვიხსენიებთ?!
არც ერთი მათგანი. ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, რომელმაც კარგად იცის სამხრეთ კავკასია, მისი ისტორია, საზღვრები — გავლებული საბჭოთა კავშირამდე და საბჭოეთის დროს. აუთენტური რუქები და ისტორიული დოკუმენტაცია რუსეთის არქივებში ინახება, რომელთა გამოყენება ხელს შეგვიწყობს სინამდვილის დადგენაში, მაგრამ „ოცნების“ მენტალიტეტი შორსაა ამისგან.
ზემოთ ვახსენე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები, და გამახსენდა საქართველოს ლიდერის გამსახურდიას დაუფიქრებელი განცხადება აზერბაიჯანელი მოსახლეობის მისამართით გამოთქმული, რასაც მოჰყვა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების აფეთქება. მათ პრეტენზიებს მაშინდელმა ოფიციალურმა ბაქომ მხარი დაუჭირა. დიდი შრომა დასჭირდა ე.წ. ეროვნულ ხელისუფლებას აჯანყებამდე მისული მღელვარების დასაშოშმინებლად.
სამწუხაროდ, ოფიციალურმა პირებმაც არ იციან რამდენი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს საქართველოში. არაოფიციალური მონაცემებით, ორივე მათგანის რაოდენობა ლამის აბორიგენი მოსახლეობის ტოლია. დავუმატოთ ამას მუსლიმანი ქართველობა, რომელიც აჭარაში ცხოვრობს და თურქეთში, სასულიერო სკოლებში, მედრესეებში აქვთ მიღებული განათლება და რას მივიღებთ?
რელიგიური აღმსარებლობა რჯულზე უმტკიცესია. ასეთი საით გაიხედავს — თბილისისკენ თუ ანკარისკენ?
ერის დაშლა-განადგურებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ეროვნების გრაფის ამოღება. სააკაშვილმა და ჟვანიამ, წარმოშობით სომხებმა, განგვიმარტეს, რომ არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას პირადობის დოკუმენტში მსგავსი რამ არ უწერია. არც ერთ მათგანს არ აწყობდა საკუთარი ეროვნების დაფიქსირება. რას მოგვიტანს ეს შეგნებული გადაწყვეტილება ხვალ ან ზეგ?
ის, ვინც უნდა დათვალოს აქ მცხოვრები სხვა, განსაკუთრებით მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობა თვლის, გულმოდგინედ ასრულებს დავალებას და ერთ მშვენიერ დღეს გაასაჯაროებს, მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა საგრძნობლად გაუსწრებს ქართველთა რაოდენობას და რა ერქმევა ასეთ ქვეყანას — საქართველო?!
ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ უსერიოზულესი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომელთა გადაჭრა შეუძლებელია პოლიტიკაში, ისტორიაში, ეკონომიკაში, კულტურაში ჩაუხედავი ფეხბურთელებით, პრემიერ-მინისტრის ტიტინით უვიც ჟურნალისტებთან, რომლებთან მას არ უნდა ჰქონდეს კავშირი.
სახელმწიფო მეთაურს, ანუ პრემიერ-მინისტრს პრეს-მდივანი უნდა ჰყავდეს, რომელიც მოაგვარებს მთავრობის ურთიერთობას მედიასთან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პრეს-სპიკერის ფუნქციის შემთავსებელი პრემიერ-მინისტრი სისტემატურად უშვებს უხეშ შეცდომებს, რაც მას და მის მთავრობას უხერხულობას უქმნის, ისე, როგორც ქვეყანას.
საკითხების უცოდინრობის გამო საქართველოს პრეზიდენტი, ყაველაშვილი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მეზობელ თურქეთში — პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრისას. ერდოღანმა საყვედური გამოთქვა თურქ-მესხებთან დაკავშირებით და მოგვიწოდა დავაბრუნოთ ისინი იქ, სადაც გადასახლებამდე ცხოვრობდნენ.
თურქი მესხების პრობლემა მწვავედ იდგა საბჭოთა საქართველოს არსებობის ბოლო წლებში. მათი წარმომადგენლები თბილისშიც იმყოფებოდნენ და მოლაპარაკებას მართავდნენ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებასთან.
გამსახურდიას პერიოდში ამ თემაზე ლაპარაკი შეწყდა და დღემდე არვის გახსენებია, მაგრამ გაიხსენა ერდოღანმა შეგნებულად, ვინაიდან მას საქართველო-თურქეთის საზღვარზე სურს თურქების, ვითომ გათურქებული მესხების ჩასახლება. თუ რატომ — ნაწილობრივ გავცემ პასუხს ამ კითხვას. იმიტომ, რომ პატივცემულ ერდოღანს თვალი აჭარის დაბრუნებაზეც აქვს მიპყრობილი, რის შესახებ არაერთხელ უთქვამს თავის გამოსვლებში.
ერდოღანი პანთურქიზმის ერთ-ერთი და მთავარი იდეოლოგი, ისეთივე აზრისაა, როგორიც აწ გარდაცვლილი გიულენი ერთ დროს ერდოღანის სულიერი მოძღვარი, შემდეგ მტრადქცეული.
გიულენი წერდა — იმისთვის, რომ დიდი თურქეთი აღდგეს, სულაც არ არის საჭირო იარაღი. მთავარია პატარა ნოხი და ლოცვა, რომელიც იოლად მიგვიყვანს მიზნამდე.
„დიდი თურქეთი“ არა მარტო სამხრეთ კავკასიას მოიცავს, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებს და რუსეთის იმ რეგიონებს, სადაც მრავლად არიან მუსლიმები.
„დიდი თურქეთი“ უსერიოზულესი თემაა, რომელსაც ამ სტატიაში ვერ ჩავატევ, ვინაიდან მისი დანიშნულება სხვაა — ვაშინგტონში ხელმოწერილი მემორანდუმი, რასაც უნდა მოჰყვეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.
მოდით ერთად ავწონ-დავწონოთ — რა მიიღეს მხარეებმა ამ მემორანდუმით და რას მიიღებენ, როდესაც მემორანდუმი ხელშეკრულებად იქცევა.
აშშ-თვის სამშვიდობო მემორანდუმი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წარმატებაა. ვაშინგტონი იძენს არა მარტო მშვიდობისმყოფლის იმიჯს, არამედ იღებს შესაძლებლობას გააკონტროლოს რეგიონის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერია, რაც მას მისცემს შანს რუსეთის, ირანის, ჩინეთის წინააღმდეგ ბერკეტის გამოყენების.
მემორანდუმი ამას არ ასახავს, მაგრამ ზეპირი შეთანხმება?!
ზეპირი შეთანხმება კი ნიშნავს ზანგეზურის დერეფნის კონტროლს აშშ-ს მიერ. ეს არ იქნება მარტო ლოჯისტიკა. ეს ინფრასტრუქტურული პლაცდარმი იქნება ამ რეგიონში აშშ-ს ყოფნისა.
აშშ-თვის ზანგეზურის გაკონტროლება დიდი შემოსავლის მომტანია მისთვის ტვირთების გატარებაზე დაწესებული ტარიფებიდან.
ვაშინგტონის დეკლარაცია საგანგაშო სიგნალია რუსეთისთვის. მოსკოვი დაემშვიდობება აზერბაიჯან-სომხეთს შორის შუამავლის სტატუსს. და ეს ხდება რუსეთ-სომხეთს შორის ტვირთბრუნვის გაუარესების ფონზე. თუ 2024 წლის მონაცემებით მან 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, წელს ის 2-ჯერ განახევრდება.
რუსული გაზი ჯერ-ჯერობით დარჩება სომხეთის ენერგოუსაფრთხოების მთავარ ელემენტად, ისე, როგორც სომხური პროდუქტისთვის რუსული ბაზარი — დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე სრულიად შესაძლებელია. ეკონომიკური კავშირების შემცირება — გაზზე ფასების მომატებით და რუსეთის ბაზარზე სომხური პროდუქციის შეზღუდვით. სომხეთს, რუსული გაზის ნაცვლად შეუძლია კასპიის ქვეყნების ნავთობისა და გაზის შეძენა.
ირანისთვის, დეკლარაცია მიუღებელია, ვინაიდან ის კარგავს გზას, რომლის მეშვეობითაც თავს არიდებდა სანქციებს და უკავშირდებოდა, როგორც სომხეთს, ისე საქართველოს, რუსეთს.
ზანგეზურის დერეფნის აშშ-ს გასამხედროებული ორგანიზაციის მიერ გაკონტროლება ირანში აღიქმება როგორც პირდაპირი საფრთხე მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თეირანში იმუქრებიან, რომ დაბლოკავენ ყველა ფორმატს, რომელიც შეამცირებს ირანის წვდომას სომხეთის საზღვართან.
სომხეთისთვის, ზეპირი შეთანხმება კარგის არაფრის მომტანია, ვინაიდან ის კარგავს კონტროლს ზანგეზურის დერეფანზე — მას აშშ-ი გააკონტროლებს, რომლის ხელში გადავა ტვირთების და ხალხის გადაადგილება. პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში სომხეთმა უნდა მიმართოს ამერიკის სასამართლოს, თუ რით დამთავრდება დავა — განმარტებას არ საჭიროებს.
რუსეთთან და ირანთან ურთიერთობების გაუარესება არ წაადგება სომხეთის ეკონომიკას, განსაკუთრებით რუსულ-ირანული გაზით უზრუნველყოფაში.
აზერბაიჯან-თურქეთის პოზიციების განმტკიცება ირანის საზღვართან შეიცავს სამხედრო-პოლიტიკურ რისკებს.
საფრთხის შემცველია აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის ხელისუფლებისადმი — კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით — 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამოღებით.
ბაქო თვლის, რომ მისთვის დეკლარაციის ამოღება ნიშნავს სომხეთის მხრიდან ყოველგვარ ტერიტორიულ პრეტენზიაზე უარის თქმას.
სომხეთისთვის, უფრო სწორად ფაშინიანისთვის კონსტიტუციის შეცვლა დაკავშირებულია რეფერენდუმთან. მისი ჩავარდნა მისცემს აზერბაიჯანს შანსს შეთანხმების დარღვევისთვის დაადანაშაულოს სომხეთი და გაამკაცროს მასთან ურთიერთობა.
სომხეთის პოზიციების განმტკიცებისთვის საჭიროა, რომ მან პოლიტიკური დანაპირები გადაიყვანოს იურიდიულ ფორმატში, რაც გულისხმობს ზანგეზურის დერეფნის სომხეთის კონტროლს დაქვემდებარებას. დოკუმენტში იმის ჩაწერას რა ღონისძიებები გატარდება დარღვევების შემთხვევაში, უფლება იმისა, რომ დერეფნის საფრთხის შემთხვევაში ცალმხრივად შეჩერდეს მისი ფუნქციონირება, ეკონომიკური პროექტების შემუშავება სომხეთის ტერიტორიაზე საავტომობილო თუ სარკინიგზო მაგისტრალების განსახორციელებლად, ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა.
სომხეთისთვის აუცილებელია რუსეთ-ირანთან ურთიერთობების განმტკიცება. მხოლოდ გეოპოლიტიკური ცენტრების ბალანსს შეუძლია თავიდან ააშოროს რეგიონს დაპირისპირება.
ვაშინგტონის შეთანხმება არ არის კონფლიქტის ფინალი და მშვიდობა. ეს გეოპოლიტიკური თამაშია, რომელშიც იკვეთება აშშ-ს, თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის ინტერესები, და არა სომხეთის. მან ახლა უნდა დაიწყოს თავისი ინტერესებისთვის ბრძოლა, მაგრამ არის ფაშინიანი მზად ამისთვის?
ვეჭვობ! სოროსელმა ფაშინიანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სომხეთის სუვერენიტეტი. მისი მიზანი იყო და არის რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან განდევნა. ასეთი დავალება ჰქონდა მას დასავლეთიდან, რომელმაც ის მიიყვანა სომხეთის ხელისუფლებაში.
ფაშინიანი — დასავლელთა დავალების შემსრულებელი, აშშ-ი დაიდებს ბინას. სომხეთი კი, აზერბაიჯან-თურქეთის ტერიტორიული მადიდან გამომდინარე ნელ-ნელა გადაიქცევა ამ ორზე დაქვემდებარებულ ვასალად — სუვერენიტეტაყრილი.
მიკვირს ქართველი პოლიტიკოსების აღფრთოვანება ვაშინგტონის მემორანდუმით. სომხეთთან ერთად წაგებულია საქართველოც, ვინაიდან ის კარგავს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ბერკეტებს. განსაკუთრებით ეკონომიკურს, რამეთუ ზანგეზურის დერეფნის გახსნა ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებს ამ დერეფნისკენ მიმართავს, ვინაიდან მოკლეა. მოკლე გზა, ნაკლები ხარჯია.
აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემთან ჩვენი ურთიერთობა ისეთივე იქნება, როგორიც ამ ტანდემის დაბეჩავებულ სომხეთთან.
ყაველაშვილ-ერდოღანის მოლაპარაკებისას მასპინძლის მიერ თურქი-მესხების გახსენება მისაფუჩეჩებელი საქმე არ არის, მაგრამ რა შეუძლია სუსტ საქართველოს?
არც არაფერი, ვინაიდან მას მხარში არ უდგას სუპერ ქვეყანა, რუსეთი მყავს მხედველობაში. ევროკავშირი თუ რას ნიშნავს აშშ-თვის ალიასკის სამიტის წინ გამოჩნდა — არარაობას.
პოლიტიკა სერიოზული საგანია და არა ტვინით თინეიჯერთა სათამაშო, ისეთი, როგორიც ჩვენი ხელისუფლებაა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
15/08/2025