09.08.2025

ერეკლეს სიბრძნემ მოგვიყვანა დღემდე

ქართული „ოცნების“ ოპტიმიზმი შესაშურიც არის და სასაცილოც. „ოცნებელებს“ ჰგონიათ, რომ ყველაზე ჭკვიანები და გამოცდილი პოლიტიკოსები არიან — სახელმწიფო მოღვაწეები.

ერთის მხრივ, „ოცნების“ თავდაჯერება სულაც არ არის გასაკვირი ისეთი ოპოზიციის ფონზე, მას რომ ჰყავს. მეორეს მხრივაც, „ოცნება“ თავდაჯერებულია იმ დასავლელებთან პოლიტიკურ პაექრობაში, მას რომ აქვს ბოლო 2 წლის მანძილზე.

„ოცნება“ ოპტიმისტია ორ, ზემომოყვანილ ოპონენტთან მიმართებაში, მაგრამ სასაცილოა საკუთარი ქვეყნის ინტერესების „დაცვისთვის“ — თავის მართლების რეჟიმში მყოფი.

სიტყვა „სასაცილო“ ვგონებ შეუფერებელია „ოცნების“ პოლიტიკოსების საქციელისთვის, რომლებიც დასავლეთის ნებისმიერ განცხადებაზე საჯაროდ რეაგირებენ და ამ პროცესში ისეთ უსუსურობას, უწიგნურობას ავლენენ, უვიც ოპოზიციასაც რომ არ შეეფერება.

ქართულმა პოლიტიკამ, საზოგადოებამ, პოლიტოლოგიამ, თუკი ასეთი შეიძლება ვუწოდოთ ეთერში გამოჭენებულ უვიცობას, რახანია მიზნად გაიხადეს საბჭოთა კავშირის გინება. ეს თემა ისეთია, ყველას რომ ხიბლავს და ხიბლავს იმიტომ, რომ ქვეცნობიერი შეთანხმებაა მხარეთა შორის, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია თვლიან, რომ საბჭოთა კავშირი იყო საშინელება.

არც ერთი არ ფიქრობს, რომ მათი მშობლები, თვით ზოგიერთი მათგანი იმ „საშინელებაში“ ცხოვრობდა, გადაურჩა „რეპრესიებს“ და „დამოუკიდებელი“ საქართველოს დაბადებას შეესწრო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა ევროკავშირულ დიქტატთან დაკავშირებით ბრძანა —  დიქტატურა არ გვინდოდა და იმიტომ გამოვექეცით საბჭოთა კავშირსო.

პაპუაშვილის „სიბრძნის“ ციტირებას არ ვახდენ, მისი განცხადების შინაარსს გაცნობთ.

ამ მოკლე განცხადებაში რამდენი სიცრუეა გამოთქმული, რომელიც სიცილის გამომწვევიცაა და რისხვის, მომსმენისგან.

საბჭოთა კავშირს საქართველო არ გამოქცევია, თვით დაიშალა. პაპუაშვილს არ ახსოვს ან ტელეეკრანზე არ უნახავს (რომც ენახა, ვერ აღიქვამდა — ასაკის გამო) საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გორბაჩოვის სატელევიზიო განცხადება — გადავდექი, საბჭოთა კავშირი აღარ არისო.

1991 წლის დეკემბერს ჰქონდა ადგილი ამ გამოსვლას. თბილისში მაშინ ომი იყო და მისთვის ყურადღება არვის მიუქცევია. და ომი იყო იმიტომ, რომ გორბაჩოვის პროექტმა — მრავალპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში კრახი განიცადა.

საქართველო გამოყენებული იქნა, როგორც საექსპერიმენტო პოლიგონი. ასეთი, კრემლს სჭირდებოდა აშშ-ს პრეზიდენტის, რეიგანისთვის სათქმელად, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია კი არ არის, არამედ დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების ინიციატორია.

გამსახურდიას უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებაც კრემლის პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო.

ე.წ. ეროვნულმა ხელისუფლებამ და მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ ცოტა ხანი იარსება და ერთმანეთის ჭიდილში, თანაც სისხლიანში, დაემხო.

პაპუაშვილმა, ცხადია, ეს „დეტალები“ არ იცის, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულია, რომ საქართველო გამოიქცა საბჭოთა კავშირიდან.

საბჭოთა კავშირთან მიმართებაში არც პრემიერ-მინისტრი კობახიძე სიტყვაძუნწობს. დააკვირდით მის ყველა შეხვედრას ჟურნალისტებთან, სადაც თუ რამ ცუდია დღეს, ის 1991 წელს დაშლილი საბჭოთა კავშირისკენ იშვერს ხელს.

წარსულის გინება სისუსტის ნიშანია, პოლიტიკური სისტემის სისუსტის, რომელიც დღეს არის, თუმცა ახალი ამაში არაფერია. საზოგადოება შეეჩვია სახელმწიფო უსუსურობას, ხელისუფალთა სისუსტეს. შეეჩვიამეთქი რომ ვამბობ, საშუალო და მაღალი თაობის ადამიანებს ეხებათ, თორემ ახალგაზრდებისთვის ქართული პოლიტიკა, მისი პოლიტიკური მიმართულება, საშინაო თუ საგარეო ცხოვრება მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ისინი არ მოსწრებიან ყოფილ სახელმწიფო სისტემას, სახელმწიფო მართვის ანბანს. მათთვის რაც არის, მისაღებია, ვინაიდან სხვა არ იციან და ჰგონიათ, რომ სახელმწიფო მართვის სისტემა სხვა ქვეყნის დონეზეა.

არადა, 34 წლის განმავლობაში, საქართველოს, ნამდვილი სახელმწიფო მმართველი არ ჰყოლია, შევარდნაძის გამოკლებით, რომელმაც, სააკაშვილ-ივანიშვილთან შედარებით, რაღაც მაინც გააკეთა ქვეყნის მშენებლობის საქმისთვის, თუმცა სამწუხაროდ, უამრავი დაშვებული შეცდომების ფონზე, რომელთაგან გამოვყოფდი აფხაზეთში გაჩაღებულ ომს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფაქტიურად დაშლილი საქართველოს, იურიდიულად დაშლას.

გვირგვინი ამ საქმეს სააკაშვილმა დაადგა და რაც არ უნდა ამტკიცონ ნაცებმა, რომ სააკაშვილმა ომი ფაქტიურად გამოყოფილთა, იურიდიულ შემობრუნებისთვის გააკეთა — ტყუილი მცდელობაა.

სავალალო ფაქტი სახეზეა — დაკარგული ტერიტორიები. საქართველოს ტერიტორია 79 ათას კვ. კმ შეადგენდა — საკმაოდ მოკრძალებულს, სხვა ქვეყნების ტერიტორიებთან შედარებით. 2008 წლის აგვისტოს ომმა მას 20% ჩამოაჭრა.

აგვისტოს პირველ დეკადაში ქართული პოლიტიკა, საზოგადოება ტრადიციულად გაიხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს და გვირგვინებით შეამკობს დაღუპულ მეომართა საფლავებს, გალანძღავს რუსეთს  აგრესორობისა და ოკუპანტობისთვის, მიმართავს „აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“ ერთად ცხოვრებისთის და ა.შ.

ქართული პოლიტიკის უსუსურობაც ის არის, რომ დასავლელთა ზურგგამაგრებული, ისე ემუქრება რუსეთს, თითქოს ის, საქართველოს ტოლი იყოს, თითქო ის იყოს დამნაშავე და არა საქართველოს ხელისუფლება.

საზოგადოებამ იცის საპარლამენტო კომისიის მუშაობის თაობაზე, რომელიც იძიებს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულობებს. საინტერესოა, როგორ შეაფასებს 2008 წლის ცხინვალის ომის დაწყების ფაქტს — ერთხელ უკვე შეფასებულს ევროკავშირის საგამოძიებო ჯგუფის მიერ. მან ხომ პირდაპირ მიუთითა აგრესორზე?

და ეს აგრესორი არა რუსეთი, არამედ საქართველო იყო.

2008 წლის ომი არასახელმწიფოებრივი აზროვნების ნაყოფი იყო, ვითარების შეუფასებლობის, ცრუ პატრიოტიზმის, იდიოტობაში გადასულის ნაყოფი.

 ვისაც 2008 წლის ამბები ახსოვს, ომამდელი მაქვს მხედველობაში, გაახსენდება ქართველი გენერლების ბაქიბუქი ტელეეკრანზე — ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, როსტოვამდე ჩავალთო. ეს, ისეთია, უკრაინელები რომ ამბობდნენ მოგვიანებით — მოსკოვის წითელ მოედანზე ტანკებით ვიჯირითებთო.

ქართველმა გენერლებმა ჩათვალეს, რომ როსტოვის დაპყრობა, რუსეთის დაპყრობა იქნებოდა. მათ გასაგონად — თუკი ისინი ცოცხლები არიან, რუსეთი უკიდეგანოა და პატარა საქართველო, თავისი მიკროსკოპიული „არმიით“ 18 მილიონი კვ.კმ სიდიდის რუსეთის დაპყრობას ვერ შეძლებს.

არაპროფესიონალიზმის, არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი იყო მთელი 34 „დამოუკიდებლობის“ წლები — სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი.

სახელმწიფოებრივი აზროვნების მატარებლები იყვნენ საბჭოთა საქართველოს მაღალი რანგის მოხელეების უდიდესი უმრავლესობა. ბევრ მათგანთან სამსახურებრივი ურთიერთობები მქონდა. როდესაც ვიხსენებ მათ, უპირველესად როგორც განათლებულ, პროფესიონალებს და ვადარებ ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტელიტას ნათლად, შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო მოხელეთა პრიორიტეტულობა.

სიტყვა „მინისტრი“, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ნიშნავდა მიუწვდომელ მწვერვალს, რომლის დაპყრობა ცოდნით, მუყაითი შრომით თუ იქნებოდა შესაძლებელი და არა ვიღაც ფულიანის მიერ დანიშნული ღლაპების ყელყელობის არენა.

სიტყვა „მინისტრი“ ისეა დევალვირებული „თავისუფალ“ საქართველოში, თავში წამორტყმის და არა მოწიწებული პატივისცემის, სურვილს რომ იწვევს. აი, ისეთს სკოლაში უფროსკლასელები, დაბალკლასელებს, ჭკუის სასწავლად, თავში რომ წამოარტყამდნენ ხოლმე.

ერთხელ, აწ გარდაცვლილმა მომღერალმა, ეთერ კაკულიამ ტელეინტერვიუს დროს თქვა — მე, ისეთი მმართველი მინდა საქართველოსი, რომ იყოს ლამაზი, მაღალი, კარგი გარეგნობისაო. ქალბატონს დაავიწყდა მთავარი — ჭკვიანი, გონიერი, პროფესიონალი. აი, ამ ეთერისეული ქარაფშუტული პრინციპით, ქარაფშუტა ამომრჩეველმა პრეზიდენტად სააკაშვილი აირჩია. შედეგი — გამოუსწორებელი.

საზოგადოება, როგორც ჩანს შორსაა ისეთი პოლიტიკოსისთვის მხარის დაჭერისგან, რომელსაც არც შესახედაობა აქვს და არც ფული. სამწუხაროდ, შეუხედავი და უფულო, მაგრამ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსიც რომ არ ჩანს?!

 ჩვენი მეზობელი თურქეთის პოლიტიკური ცხოვრება თუ რამით იყო გამორჩეული — მრავალპარტიული ყაყანით, რასაც მოსდევდა სამხედროთა მიერ ძალაუფლების ხელში აღება. აღებულის, ხელიდან გაშვება სამხედროებს უჭირდა — არასერიოზული პოლიტიკოსების შემხედვარეთ, მაგრამ ერთხელაც გარისკეს და ქვეყნის მართვის სადავეები ჩააბარეს ეკონომისტ თურგუთ ოზალს — შეუხედავ ადამიანს და არა თურქული სერიალების კინოვარსკვლავს.

საქართველოს შემთხვევაში ოზალს მხარს არვინ დაუჭერდა — გარეგნობის გამო. თურქმა ამომრჩეველმა ოზალის ჭკუას, პროფესიონალიზმს დაუჭირა მხარი და ეკონომიკურად სუსტი თურქეთი წელში გაიმართა.

წინა სტატიებში ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ პოლიტიკა მეცნიერებაა და მას შესწავლა სჭირდება თუნდაც სკოლის მერხიდან და სიცოცხლის ბოლომდე —  შრომა, თეორიული ცოდნის განვითარება და მისი პრაქტიკულ ცოდნასთან შერწყმა.

პოლიტიკოსი მუდმივი სწავლის პროცესში უნდა იყოს, ღამითაც კი ძილში. პოლიტიკოსი ქვეყნის სამსახურისთვის არის დაბადებული და არა პირიქით, აქ რომ არის — ქვეყანა ჩამდგარი პოლიტიკოსის სამსახურში. ასეთი გადადგამს ნაბიჯს, თუნდაც სარისკოს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ასეთს შეუძლია ვითარების რეალური შეფასება და არა ისეთს, დღეს რომ ჩვენ გვწყემსავენ — თავიანთი გაგებით.

პატივცემულო ხელისუფლებავ, ჩვენ რომ შემოგვჩივლებთ ხოლმე — დასავლეთმა შეურაცხგვყოო, რით გიშველოთ?!

ჩვენ, რიგითებს მაშველი ბერკეტი არ გვაქვს, რაც გვქონდა, თქვენ გადმოგეცით და როგორც ვხედავთ, ისე ვერ იყენებთ, როგორც საჭიროა. და ვერ იყენებთ იმიტომ, რომ პატარა იმედი მაინც გაქვთ დასავლეთის გამოსწორების, გარდა ამისა, გეშინიათ მისი, რომ იტყვიან — იმედი ბოლოს კვდებაო. აი, ამ მოჯადოებულ პროცესში ხართ და ძალაუნებურად ჩვენც, ანუ ხალხს ამ პროცესში ამყოფებთ.

ესეც, ისეთი დანაშაულია, სააკაშვილმა რომ 2008 წლის აგვისტოს ჩაიდინა. პრეზიდენტყოფილმა თავისი ავანტიურისტული მოქმედებით უმალ დაკარგა ტერიტორიის 20%. თქვენ, 13 წლის განმავლობაში კარგავთ იმას, რაც უკვე დაკარგულია და სხვასაც — უხეირო პოლიტიკით.

არ გამოსწორდება ევროპა ისე, თქვენ რომ მოგაწყობთ. გლობალიზმი მყარად არის იქ და სხვაგან ფესვგადგმული — მამაკაცთა, გადედლება ჩვეულებადაა ქცეული და ამას გიკიჟინებენ ისინი — ევროკავშირს ვერ ეღირსებით, მამაკაცები გათხოვებას წესად თუ არ შემოიღებენო. კანონების გაუქმებასაც იმიტომ მოითხოვენ, ნულს გაუტოლონ ქართული იდენტობა, მონად აქციონ საქართველო. და ამ დროს პაპუაშვილის, მდინარაძის, სხვა „ოცნებელთა“ საჯარო განცხადებები — შიშნარევი წუხილით — ნახეთ, ხალხნო, რას გვიკეთებენ, გვემუქრებიან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას გაგიუქმებთო. ევროკავშირის ელჩი ოპოზიციას უჭერს მხარს და ისეთ მოთხოვნებს გვიყენებს — სააკაშვილი და ყველა „პოლიტპატიმარი“ გამოუშვით ციხიდანო, კანონები შეცვალეთ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნეთო.

ვენის კონვენციის მიხედვით, ელჩის მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელიაო — სისტემატურად შემოგვჩივიან „ოცნებელები“. თუ პატივცემულმა „ოცნებამ“ იცის, რომ ელჩი არღვევს 1961 წლის ვენის კონვენციას, ისიც უნდა იცოდეს, რომ დამრღვევი, ვერც ერთ თავმოყვარე ქვეყანაში, პერსონა ნონ გრატობას ვერ აცდება, ანუ ქვეყნიდან გაძევებას.

ასეთს უდავოდ იმსახურებს ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები — ჰერჩინსკი და ფიშერი, მაგრამ „ოცნება“ ვერ ბედავს ვენის კონვენციით მინიჭებული უფლების შესრულებას.

წინ ადგილობრივი არჩევნებია, რომელსაც უდავოდ გართულებები მოჰყვება. 19 ივლისს, ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე ხალხი ვერ მიიყვანა. ზაფხულია, ცხელა და სეირის მომზირალნი ქალაქგარეთ იმყოფებიან. ოქტომბერში ყველანი აქ იქნებიან და ახალი ენერგიით — დასვენებულზე შეუტევენ ხელისუფლებას. და ეს შეტევა არა მარტო შიგნიდან იქნება, არამედ გარედანაც, ჩვენი „საყვარელი“ დასავლეთიდან.

ევროკავშირს უნდა ისეთად გვაქციოს, როგორც უკრაინაო; მარტო კანონების გაუქმებას არ დაგვჯერდებიან; გვაიძულებენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასო. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის რა დღეშია უკრაინა, ვინაიდან პაპუაშვილის სიტყვებს არ უჯერებს, რომ დაუჯეროს — ტელეეკრანზე უნდა იხილოს საკუთარი თვალით.

 ხელისუფლებას ამის გაკეთებაც არ შეუძლია — რუსული ტელეარხების „როსია-24“, „ნტვ“-ს, „როსია-1“, „ვგტერკა“ ჩართვა. რატომ?

იმიტომ, რომ ბრძანება აქვს მიღებული ევროკავშირისგან — რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვის. უკრაინულის, რამდენიც გინდათ — სიცრუით გაჟღენთილის.

„ოცნება“ ვერ ხვდება, რომ დასავლური, ევროკავშირული გზა ისეთივე იქნება, როგორიც იყო ერეკლე მეორის გადაწყვეტილებამდე  — მოსახლეობის კლებით, ქართველთა გამაჰმადიანებით, გასპარსებით, გათურქებით — მაშინ. ამიტომ აირჩია ერეკლემ რუსეთის გზა.

ერეკლე ბრძენი იყო და მისმა სიბრძნემ მოგვიყვანა დღემდე. ევროკავშირი არც თავის მოკვეთით გვემუქრება, არც რელიგიური აღმსარებლობის წართმევით. ის, ტკბილად გველაპარაკება და როდესაც ხედავს, რომ ფოჩიანი კანფეტებით ვერ აღწევს დამონებას, ულტიმატუმზე გადადის — გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით, თუ არა, უვიზო მიმოსვლას აგიკრძალავთო.

ევროკავშირმა თავისი სახე გამოავლინა, ვითომ დემოკრატიულმა, ვითომ ადამიანის უფლების დამცველმა, სინამდვილეში დიქტატორმა, კოლონიზატორმა, რაც მისი პროფესია იყო და არის საუკუნეთა განმავლობაში.

ასეთთან ურთიერთობა თავდება ერის წაშლით, საკუთარი ისტორიის წაშლით, საკუთარი დამოუკიდებლობის მისთვის ჩაბარებით.

საქართველოს ერთადერთი გზა ისაა, ერეკლემ რომ გაკვალა და არა ის, სულხან-საბა რომ უშედეგოდ ცდილობდა. ბრძენი იყო ერეკლე, ვინაიდან სწორი გზა აირჩია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

24/07/2025