09.08.2025

პრემიერის უკბილო ხუმრობა

ქ. თბილისის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურთან მდებარე ერთ-ერთი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

რამდენიმე წლის წინ სერბეთის ერთ-ერთი ქალაქის სახლს კუთხე ჩამოტყდა და მსხვერპლი გამოიწვია. ეს შემთხვევა საბაბი გახდა ოპოზიციისთვის საპროტესტო, ფართომასშტაბიანი მიტინგების და ანტისახელისუფლებო გამოსვლების დაწყების, რაც დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მკაცრი ნაბიჯი გადადგა — მერიისა და მშენებარე ობიექტის დამნაშავე პასუხისმგებელ პირთა დასასჯელად.

თბილისის შემთხვევა გამონაკლისი არ არის საერთაშორისო საქალაქო ცხოვრებისთვის, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება. შესაბამის ზომებსაც ყველგან იღებენ იმათ მიმართ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თბილისი ამ შემთხვევაში უნიკალურია, ვინაიდან პასუხისმგებელ პირებს, ამ შემთხვევაში მერიას პასუხს არვინ სთხოვს და მერიაც, მერის სახით ამომრჩეველს ტრაფარეტული, შინაარსმოკლებული სიტყვებით „ამშვიდებს“ — რა ვქნათ, მაცხოვრებლები გავაფრთხილეთ, ავარიულია, სხვაგან გადასვლაც შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრესო და ა.შ. რომ იტყვიან — კრება დარჩა მხიარული.

გააფრთხილეს, როგორც ჩანს ზერელედ. მაცხოვრებლებმა ჩათვალეს, რომ გაფრთხილების უკან მერიის სხვა ზრახვები დგას — შენობის დანგრევა და ახლის აშენება — ვინ იცის როდის და იმ ახალში ძველ მობინადრეთათვის ბინების გამოყოფა-არგამოყოფა, უფრო სწორად არგამოყოფა.

ნდობა მერიის მიმართ ნულს უტოლდება, ამიტომაც გადაწყვიტეს მაცხოვრებლებმა დარჩენა.

მერი მართალია, ვინაიდან სთხოვა მობინადრეებს გასვლა, მაგრამ არ გავიდნენ. როგორც ჩანს არც მერმა იცოდა, რამდენად კრიტიკულ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე და ჩათვალა, რომ სარისკო არაფერია და გააგრძელა ცხოვრება.

შედეგი მერიის ზერელობისა სახეზეა — 2 ადამიანის შეწყვეტილი ცხოვრება. თბილისის მერის არგუმენტები არა მარტო ამ შემთხვევაში, სხვაშიც კლდეს ხეთქავს — ყოველ შემთხვევაში ასე ჰგონია მას. ხეთქავს, მასავით ზერელე ხელისუფალთა თავებს, რომლებიც ცივ ნიავსაც არ აკარებენ კალაძეს.

ვაკის პარკის მემორიალის გარემონტების შემდეგ წყალში ჩასული გოგონა დაიღუპა. მერმა ბრძანა — მერემონტეს დავსჯითო. მერი არაფერ შუაშია, საქმის შემსრულებელია დამნაშავეო.

კალაძე მართალია. პირადად მას, თავისი ხელით ხომ არ გაურემონტებია მემორიალი?

მკითხველს ემახსოვრება გაზის მილის დაზიანება, რომელმაც უგაზოდ დატოვა ნახევარი თბილისი. მერი არაფერ შუაშია — გაზის მესვეურების საქმეაო და მალე მოაგვარებენო. ქართულად ნათქვამი „მალე“, უარყოფითად რომ აღიქმება იმავე ქართველის მიერ ჩვეულებრივი რამაა, ვინაიდან დაპირება მალე კი არა, ძალიან გვიან სრულდება.

კვირა ისე არ ჩაივლის, შუქი ან წყალი არ გამოირთოს. მერია არც ამ შემთხვევაში არის სასაყვედურო, ვინაიდან წყლით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მერიის კი არა, სხვისი საქმეა.

არც ამორტიზებული ლიფტების გამოცვლა არის მერიის საქმე და არც საწვიმარი მილების, დაჟანგულის და მწყობრიდან გამოსულის შეცვლა ყოფილა მერიის საქმე.

მაშ, რა არის მერიის საქმე — იკითხავთ. ალბათ მიწისქვეშა კომუნიკაციების გარემონტებაა მერიის საქმე ან სახლების ფასადების გარემონტება?

დიახ! ასეა, მაგრამ ამ საქმეს მერია თავს არიდებს. და თუ არ, და ხელი მოჰკიდა — ერთი თვის საქმეს, ერთ წელსა და მეტს ანდომებს — სავალალო შედეგით. ისეთით, როგორიც ვიხილეთ ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირების რეკონსტრუქციით.

ამ ორი გამზირის დამახინჯებით, მერიამ სილა გააწნა თბილისელებს. და მერე რა?

არც არაფერი. გარემონტებამ რაც მოიტანა — გამუდმებული საცობებია, ავტომანქანის სავალი ნაწილის დავიწროებაა და სავალ ნაწილზე ხელოვნური ბუჩქების დარგვაა, ველობილიკების გაკეთებაა და საქალაქო ავტობუსების ქუჩის შუა ნაწილში გაშვებაა.

რაც მერიამ კარგად იცის — ხელოვნური ბუჩქებით და დეკორატიული ნარგავებით ქუჩების „დამშვენებაა“. როგორც ამბობენ, დეკორატიული მცენარეებით გატაცება დიდ ფულთან არის დაკავშირებული და არა ქალაქის გალამაზებასთან. არადა რა სილამაზეზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც სახლების ფასადები ცვივა, კანალიზაცია სისტემატურად იფრქვევა, სასმელი წყლის მილები წამდაუწუმ სკდება და მდინარესავით მოედინება ქუჩებში.

თბილისი, იმ ტანდაუბანელ ქალს მაგონებს, რომელსაც ტუჩებზე წითელი „პომადა“ აქვს წასმული, ხოლო ტანს, თვეობით წყალი და საპონი რომ არ მიკარებია.

საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სარფის საზღვრის გახსნა. ყოფილი საბჭოელები, მათ შორის ქართველებიც მიაწყდნენ თურქეთს. სარფთან ისეთი რიგები იდგა, ბათუმამდე აღწევდა. მიდიოდნენ სავაჭროდ და თან მიჰქონდათ დანა-ჩანგალი, ჩაქუჩი, გაზი, ხერხი, ლურსმანი, სხვა საქონელი — ყველაფერი, რის გაყიდვაც შეიძლებოდა.

ქ. ტრაპიზონამდე არმისული, თურქების მიერ გრძელი ბაზარი იყო აშენებული, სადაც აქედან ჩასულები იყრიდნენ თავს. თურქებმა მას „რუს-ბაზარი“ დაარქვეს.

წვრილმან-მსხვილმან საქონლით ვაჭრობას, უმალ მოჰყვა ორგანიზმით ვაჭრობაც. და რაც მეძავი იყო საქართველოში, ყველა თურქეთს შეესია.

იმჟამად საქართველოს საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად ვმუშაობდი და ხშირად მიხდებოდა ტრაპიზონში ჩასვლა, იქ მომუშავე საქართველოს გენერალურ კონსულ გია ჯანჯღავასთან ერთად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ვისაც ასეთი პრობლემები ჰქონდათ მასპინძელთა მხრიდან.

ქართველმა ბოზებმა წინასწარ იცოდნენ ჩვენი ჩასვლის შესახებ და საყვედურებიც გაამზადეს მასპინძლების მიმართ. არადა, ადგილობრივი ადმინისტრაცია ითხოვდა ბოზობის შეწყვეტას, ვინაიდან თურქული ოჯახების მდგრადობას ეწინააღმდეგებოდა.

ქალები, ორსართულიან გრძელ შენობაში ცხოვრობდნენ — უბადრუკში, საცხოვრებლად უვარგისში — დერეფნის ბოლოს ერთი ტუალეტით, პირსაბანისა და საშხაპე წერტილი გარეშე. მათთან საუბარი მძიმე გამოდგა არა საკითხების გამო, არამედ აუტანელი სუნის გამო — ტანდაუბანელმა ქალებმა რომ დააყენეს. არადა, ტუჩებზე ყველას წითელი „პომადა“ ჰქონდა წასმული.

აი, იმ ტანდაუბანელ ქალებს მაგონებს თბილისი, თავისი ბუჩქებით, დეკორატიული, ძვირადღირებული მცენარეებით და მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციით, სახლების დაზიანებული ფასადებით, ტროტუარებზე დაგებული ქვის ფილებით, ამჟამად ამოცვენილით, გაპარტახებულით და ა.შ.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე წერდა სვეტიცხოვლის საყდრის ფასადზე მიდგმულ ხარაჩოზე — ძეგლს მუდმივი ყურადღება სჭირდება, ხელის შეშველებაო. ეს, საპატრიარქოს დამსახურებაა და არა მცხეთის მერიის, რომელმაც სვეტიცხოვლის დამთვალიერებელს გზა გაუგრძელა და ნაცვლად ძველი, ტრადიციული შესასვლელიდან, მდინარის სანაპიროდან დააწყებინა სვლა აღმართზე — სუვენირებისა და გამაგრილებელი უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების, პატარ-პატარა კაფეების ხეივანში. და როდესაც ტურისტი ამ ვაჭრუკანულ „გამოცდას“ ჩააბარებს, წინ სვეტიცხოვლის გრანდიოზული საყდარი წარმოუდგება, რომლის აღქმის თავიც აღარ აქვს, არაქათგამოცლილს. ნუთუ ყველგან და ყველაფერში უნდა ვეძებდეთ ფულის შოვნის გზებს?!

შენობებს მოვლა ესაჭიროებათ, რაც მერიის საქმეა და არა სხვისი. თბილისის ძველ უბნებს დახმარება ესაჭიროებათ, რათა მათ ყურადღება გადაგვატანინონ ამაზრზენი თანამედროვე ურბანული განვითარებიდან, რაც თბილისს უძღებმა დეველოპერებმა მიაყენეს. სახლების ფასადების ერთმანეთზე მიდგმა, დაუშვებელი ყოველგვარი ადამიანური ნორმებით, ხომ თბილისის მერიის შემოქმედებაა?!

ნადგურდება უნიკალური შენობები სოლოლაკში, პლეხანოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუნდაც რუსთაველის პროსპექტზე.

გული დამწყვიტა НТВ -ს გადაცემა „მესტო ვსტრეჩის“ წამყვანმა, მაღალკვალიფიციური ჟურნალისტის, ნორკინის კომენტარმა პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო მიტინგთან მიმართებაში. კადრში მოტიტინე თინეიჯერი გაჰკიოდა — არ გვინდა რუსული ჭაობი, ევროპა გვინდაო. მოტიტინე ზურგით იდგა პარლამენტის შენობის კედელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე — ბათქაშჩამოცვენილ, საღებავჩამორეცხილ კედელთან. ნორკინმა თქვა — ჯერ შენობას მიხედეთ და შემდეგ ილაპარაკეთ პოლიტიკურ ორიენტაციაზეო.

პარლამენტის შენობა თანამედროვე სვეტიცხოველის შენობაა, სულიერება არ მაქვს მხედველობაში, არქიტექტურა მაქვს. საქართველოში ასეთი არ აშენებულა, ეკლესიების გამოკლებით. ეს შენობა, 13 საუკეთესო შენობათა ჩამონათვალშია შეყვანილი იმ უამრავ შენობათა შორის, საბჭოთა კავშირში რომ აშენდა. და აშენდა რუსეთში მოღვაწე ხუროთმოძღვრების გიორგი ლეჟავას და ვიქტორ კოკორინის და გერმანელი ტყვეების მიერ.

აქვე აღვნიშნავ, რომ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სახლები ან მეფის რუსეთის დროს არის აშენებული რუსი არქიტექტორების მიერ, ან საბჭოთა კავშირის დროს — ქართველი და რუსი არქიტექტორების ძალისხმევით.

დამოუკიდებლობის ჟამს, რაც აშენდა ტიპიურია იმისა, ნებისმიერ საზღვარგარეთის ქვეყანაში რომ არის, ისეთში, მესამე სამყარო რომ ჰქვია. ქართული არქიტექტურით დამშვენებული შენობის რა მოგახსენოთ, ვინაიდან არ არის. რაც არის — ძველია, უპატრონოდ მიტოვებული.

ქალაქის მერიას არავითარი პროგრამა არ აქვს, ძველის, უნიკალურის, ისტორიულის რეაბილიტაციისთვის. თუ აქვს, რატომ არ იცის ამის შესახებ თბილისის მოსახლეობამ?

მერი პერიოდულად ანგარიშს უნდა აბარებდეს ხალხს რესტავრირებული სახლების თაობაზე.

თბილისელებმა არ იციან, რატომ არ ფუნქციონირებს ერთ დროს საბჭოთა პერიოდის მასშტაბური შენობა, რომელიც „რუსთაველის კინოთეატრის“ სახელს ატარებდა. მერამდენე წელია შენობა დაყრუებულია და ვითომც არაფერი. მერია დუმს.

ანალოგიური ვითარებაა ერთ დროს სასტუმრო „რუსთავის“ ისტორიულ შენობასთან დაკავშირებითაც. ისიც მიტოვებულია და არვინ იცის რა ბედი ელის. მერია ამ შემთხვევაშიც დუმს, ისე, როგორც პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე მეორე შენობასთან დაკავშირებით, სადაც საბჭოთა პერიოდში კინოთეატრი „ოქტომბერი“ იყო.

თბილისელებმა არ იციან, რატომ არ ფუნქციონირებს ამავე პროსპექტის ბოლოს, საბჭოთა პერიოდში აშენებული მუსიკალური კომედიის თეატრი.

მერია აქტიურია მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე, სანაპიროს მხრიდან რესტორნებისთვის ტერიტორიების გამოყოფით და არა ისტორიული პარკის რეაბილიტაციით.

მერიის თანხმობით დაინგრა „ზაკვოს“ ფუნდამენტური შენობა და მის ნაცვლად შენდება საცხოვრებელი კომპლექსი. ვისთვის?

ალბათ ბექაურისა და მისი მსგავსი მოხელეებისთვის. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ბექაურის ბინებისა და სახლების რაოდენობით მილიარდერი ბეზოსიც განცვიფრდებოდა.

თბილისელები სისტემატურად სვამენ კითხვას — ვის სჭირდება იმ რაოდენობის საცხოვრებელი სახლები, თბილისში რომ შენდება?

ვის, პატივცემულებო, და „ოცნების“ წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს — ბექაურის მსგავსი მადის მქონეებს, ეს რაოდენობაც ვერ დააკმაყოფილებს.

ნგრევის თავისმომჭრელი ისტორიიდან აღსანიშნავია ჭავჭავაძის პროსპექტზე აშენებული ფიზკულტურის ინსტიტუტის უნიკალური შენობა — ქართული არქიტექტურით დამშვენებული. მერიის განკარგულებით, შენობა გაიყიდა და მის ნაცვლად საცხოვრებელი სახლი აშენდა. დაანგრიეს სწავლა-განათლების კერა და არც არაფერი. თბილისელებს ყურიც არ გაუბერტყავთ.

ჭავჭავაძის პროსპექტზე არის ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ისტორიული შენობა, რომელიც საპატრიარქოს დაჟინებული მოთხოვნით მას გადაეცა. დაიწყო შენობის რესტავრაცია და არც არაფერი. ბინძური ტრადიცია არ დაირღვა — შენობა, გავერანებული დგას პროსპექტზე და შველას ითხოვს — საპატრიარქოსგან, მერიისგან, ხელისუფლებისგან, მაგრამ — ამაოდ.

იმავე პროსპექტზე, ჩეხეთის საელჩოს გვერდით, ძველი სტუდქალაქის 2-სართულიანი შენობებია — უბადრუკი, წუმპე, გაპარტახებული, უკვე რახანია მერია ამ შემთხვევაშიც აკადემიური სიმშვიდის პროცესშია. როგორც ჩანს, გაქანებული ვაჭრობა მიდის მერიასა და დეველოპერებს შორის ამ ტერიტორიის გაყიდვა-ყიდვასთან დაკავშირებული. გამყიდველები ბევრს ითხოვენ და აი, ამ ვაჭრობაში ათეული წლები მიილია. თბილისელები ისე ჩაუვლიან ამ საშინელებას, თვალსაც არ ახამხამებენ, თითქოს ეს ასე უნდა იყოსო.

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაანგრიეს იპოდრომი, რითაც მოსპეს ისტორიული ქართული სპორტი — ცხენბურთი, მარულა და ა.შ. არ გჭირდებათ ქართველებსო იპოდრომიო — უთხრა მას „ოცნებამ“, ნაცვლად პარკს გაგიშენებთო — იაპონურსო. და გაპარტახდა საბურთალოელთა დასვენების ადგილი, რომელზეც მძიმე სამშენებლო ტექნიკა დაღოღავს — რაღაცას ჩიჩქნიან, რაღაცა მიაქვთ და მოაქვთ — მიწის და ქვიშის მსგავსი. ბაღი არ ჩანს და არც გამოჩნდება, ვინაიდან ამის სურვილი მერიას არ აქვს.

მერიას, არც იმის სურვილი აქვს, მწყობრში რომ ჩააყენოს სასტუმრო „საქართველოს“ ფუნდამენტურიო შენობა, რომელიც რახანია დაყრუებულია. არადა, უპატრონოდ მიტოვებული შენობა დეგრადირდება, უვარგისი ხდება, თუმცა მერიას ეს არ აღელვებს, ისე, როგორც სანაპიროზე მდებარე საცურაო აუზი — ისიც მიტოვებული, გაპარტახებული.

თბილისის პრობლემებს რა გამოლევს, რომელთა შორის გამოვყოფ დაუმთავრებელ სახლებს. ასეთთა რაოდენობა იმდენია, რომ დათვლაც გაგიჭირდებათ. მათ შორის გამოვყოფდი ოპერის თეატრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობას, სადაც უცხოელთა მიერ სასტუმრო უნდა აშენებულიყო. დაიწყო და შეჩერდა რეკონსტრუქცია და არვინ იცის დამთავრდება თუ არა.

ანალოგიურ მდგომარეობაშია სასტუმრო „ივერიის“ გვერდით მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის ფუნდამენტური შენობა და სასტუმრო „თბილისის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარე კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობა.

მერიას არ აინტერესებს — რატომ?!

შეჩერდა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის სასტუმროდ გადაკეთების სამუშაოები. ეს უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა უცხოურ ფირმაზე გაიყიდა და მანაც, შენობიდან, ფასადის მეტი არაფერი დატოვა. დაანგრია და სამუშაოები შეაჩერა — რახანია. მერია დუმს, თითქოს არაფერი.

მერია დუმს სპორტის სასახლის წინ ტროტუარზე სუპერმარკეტების აშენებაზე, ისე, როგორც სპორტის სასახლის ირგვლივ უგვანო, მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაზე. მერიას არ აწუხებს, რატომ არის შემოღობილი სასტუმრო „აჭარის“ წინამდებარე ტერიტორია.

რაც მერიას აწუხებს — ბევრი შუქნიშნების და სარეკლამო დაფის დადგმაა.

მერიას მოუვიდა თავში გმირთა მოედნის ესტაკადის ქვევით შუქნიშნების დადგმა, რამაც ხელოვნურად შექმნა საცობი. მერიამ ისიც არ იცის, რომ ნებისმიერი საცობი ქალაქელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემამცირებელია, ვინაიდან ავტომანქანები საწამლავს მაშინ გამოჰყოფენ, როდესაც დაბალ სიჩქარეზე მუშაობენ ან მწვანე შუქის მოლოდინში უძრავად დგანან — ძრავჩართული.

სავალალო მდგომარეობაშია ქალაქის ქუჩების განათებაც. ცადაწვდილი ლამპიონების შუქი ქუჩამდე ვერ აღწევს, რაც პრობლემებს უქმნის, როგორც მძღოლებს, ისე ფეხით მოსიარულეებს. არადა პრობლემა მარტივად გადაიჭრება ლამპიონების დამოკლებით. მერიას არც ეს აინტერესებს.

მერიამ თავი ვერ მოაბა სააკაშვილის მიერ ქალაქის ძველ, ისტორიულ უბანში გადებული მილების დემონტაჟს, ისე, როგორც ველოსიპედის „ძეგლს“ — სასტუმრო „ივერიასთან“. ველოსიპედის „ძეგლი“ მე არ მაწუხებსო — ბრძანა ერთხელ ცნობილმა არქიტექტორმა დავითაიამ.

ქართველი არქიტექტორების, მხატვრების, ინტელიგენციის ინტერესი საქვეყნო საქმეებისადმი დავითაიასეულია, რასაც პირადად შევეჩეხე პარლამენტის დღევანდელი სასახლის აღდგენითი სამუშაოების დროს და მანამდე, ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყებოდა.

ერთხელ, უკვე დავწერე ამის თაობაზე, მაგრამ ვინაიდან თემა დამაფიქრებელია, განმეორებით გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. გავიხსენოთ თბილისის ომი და კიტოვანის მიერ მთავრობის სახლის ყუმბარებით ნგრევა, შენობის სახურავის განადგურება, მთელი რიგი ოთახების ცეცხლს მიცემა. მაშინ, თავს იმართლებდნენ იმით, რომ შენობაში გამაგრებული იყო „სატანა“ გამსახურდია, თავისი მომხრეებით.

1991 წლის 6 იანვარს გამსახურდიას გზა გაუხსნეს მოწინააღმდეგეებმა და მანაც ავტომანქანით სომხეთისკენ გასწია — თავშესაფრის მოსაპოვებლად. გამსახურდიას გასვლისთანავე, შევედი შენობაში, რომელიც ფაქტიურად განადგურებულ-აოხრებული იყო. არც ერთი მთელი ფანჯარა, არც ერთი მთელი კარი, კაბინეტები, დერეფნები — ცეცხლისა და კვამლისგან გამურებული, დამსხვრეული ავეჯი და თოვლნარევი წვიმა დანგრეული სახურავიდან.

განდევნილი პრეზიდენტი, განდევნილი უზენაესი საბჭო და ადგილზე მყოფი სამდივნოს, ანუ დღევანდელი ადმინისტრაციის უფროსი, ჩემის სახით იძულებული ვიყავი მივსულიყავი ე.წ. მთავრობის ხელმძღვანელ სიგუასთან, რომელსაც კარგად ვიცნობდი და ვთხოვე დახმარება. მან მითხრა, რომ ამ შენობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, როგორც მომავალში უზენაესი საბჭოს ადგილსამყოფელის, ჯერ არ გადაგვიწყვეტიაო. ამ თემაზე მინისტრთა საბჭოს სხდომის ჩატარებას ვგეგმავთ და როდესაც გადავწყვეტთ შეგატყობინებთო.

1991 წლის იანვარ-თებერვლის თბილისის სურათი რომ წარმოიდგინოს მკითხველი, ვიტყვი — ეს იყო დანგრეული პირველი სკოლა, მთავრობის სახლის დანგრეული კოლონები, განადგურებული მთავრობის სასახლე, დამწვარ-განადგურებული თავისუფლების მოედნის შენობები, მთავრობის სასახლის წინ მდებარე სასტუმრო „ინტურისტის“ შენობა და ა.შ.

გამსახურდიას წინააღმდეგ ამხედრებულ სამხედროებს — ყარყარაშვილსა და ქუთათელაძეს დაჟინებული მოთხოვნა ჰქონდათ — „სატანის“ ბუდის დანგრევის, ანუ მთავრობის სახლის, ვინაიდან იქ იყო გამსახურდია, ხოლო შენობა აშენებულია „სობორის“ ადგილას.

მავანს სასაცილოდაც არ ეყოფა ჩემი ნათქვამი, შემედავება — მერედა ვინ დაანგრევინებდა მათ ამ შენობასო. ვინ და ქართული საზოგადოება — შეშინებულ-დამფრთხალი, საკუთარ სახლში ჩაკეტილი. სრულიად შესაძლებელი იყო მათი განცხადების რეალურად ქცევა. უპირველესად, იმჟამინდელ საქართველოში მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე და მეორეც — განუკითხაობიდან.

მთავრობის სახლის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას და მისი, როგორც პარლამენტის ადგილსამყოფელის დამკვიდრებას თქვენი მონამორჩილი და ჩემი თხოვნით მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დამსწრე „ქალაქპროექტის“ ხელმძღვანელი გოგი ანდრონიკაშვილი მოვითხივდით, ჩვენს მხარეს იყო არქიტექტორი ცუხიშვილი, რომელიც შემდეგ აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

მინისტრთა საბჭოს სხდომას ესწრებოდა ყველა მინისტრი, თბილისის მერი ოთარ ლითანიშვილი, სხვები. ოთარ ლითანიშვილმა ბრძანა, რომ მთავრობის სახლს აღარ დაანგრევენ, მაგრამ პროფილს შეუცვლიან — გადააკეთებენ რა მას ბიზნეს-ცენტრად, რაც შეეხება პარლამენტს — თბილისის ზღვაზე ააშენებენ მისთვის შენობას, მოშორებით ცენტრიდან, რათა მომავალში ადგილი არ ჰქონოდა შეტაკებებს თბილისის გულში.

ჩემი დაბეჯითებული მოთხოვნით, დადგინდა შენობის აღდგენითი სამუშაოების დაწყება და მომავალი პარლამენტის მიერ იმის გადაწყვეტა — დარჩენილიყო მთავრობის სასახლეში თუ ბინა დაედო თბილისის ზღვაზე შენობაში, რომელიც ჩანასახშიც არ იყო.

ეს, ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ მეჩვენებინა თქვენთვის ქართველის ზერელე დამოკიდებულება, მისი წინაპრების მიერ შექმნილის მიმართ. ერთმა თქვა — დავანგრიოთო სასახლეო, მეორემ — მაღაზიებად გადავაკეთოთო. წარმოვიდგინოთ, რას დაემსგავსებოდა მაღაზიებად გადაკეთებული ადმინისტრაციული შენობა?!

ერის არსებობის განმსაზღვრელი არა მარტო ენა და სარწმუნოებაა, არამედ ამ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები, საცხოვრისი, კულტურის ძეგლები და ა.შ. სისტემატურად გავიძახით ჯვარი, სვეტიცხოველი, ბაგრატი, სამთავრო, სხვა კულტურის ძეგლები შევქმენით და დიდი კულტურის მატარებელი ერი ვართო.

ვართ?

თუ ვართ, რატომ დავანგრიეთ თანამედროვე კულტურის ძეგლი — მთავრობის სასახლე, რატომ დავანგრიეთ ბევრი სხვაც, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, რატომ ვკარით წიხლი სააკაშვილის მიერ აშენებულ პრეზიდენტის სასახლეს და დავაყრუეთ? შენობამ რა დააშავა?!

ამგვარი „ფილოსოფიით“ რაიხსტაგი კი არ უნდა აღედგინათ, არამედ მიწასთან უნდა გაესწორებინათ. ერთი ასეთი კითხვა მიჩნდება — გამსახურდიას თავი რომ ქაშვეთის ეკლესიაში შეეფარებინა, მოწინააღმდეგეები შეუვარდებოდნენ და დაანგრევდნენ?

ნაცებმა, მკალავიშვილის ეკლესიის კარი შეანგრიეს — მკალავიშვილის დასაჭერად ე.წ. დამოუკიდებლობის პერიოდში, რაც ძველის გამეორებაა.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა — კალაძე, ნებისმიერ ევროპულ ქალაქს დაამშვენებდაო. იხუმრა ალბათ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

19/07/2025