წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

„საოცნებო“ ხელისუფლებამ მეორე დარტყმა იგემა, ამჯერად ევროპარლამენტიდან — პირველი, ეუთოსგან იყო, რამდენიმე დღით ადრე. ეუთოთი გულდათუთქულმა „ოცნებამ“, წუხილის გაქარვებაც ვერ მოასწრო და მეორე — ევროპარლამენტური.
საქართველოში ევროპა საყოფაცხოვრებო გზით შემოვიდა და არა „ფასეულობებით“ — მეტიჩარა ქართული პოლიტიკის უკვე ტრადიციად ქცეული ტერმინით, მას „ევრორემონტი“ ერქვა.
ჩვეულებრივ რემონტს, რასაც საცხოვრებელ ბინებში თუ საჯარო თავშეყრის ადგილებში ატარებდნენ, რატომღაც სიტყვა „ევრო“ წარუმძღვარეს, ალბათ იმისთვის, რომ ხაზი გაესვათ რემონტის მაღალკვალიფიციურ დონეზე შესრულებისთვის.
მაშინ საქართველოს მოსახლეობამ არაფერი იცოდა არც ევროპის ფასეულობებისა და მითუმეტეს რემონტის თაობაზე, მაგრამ თვლიდა, რომ იქ, სადაც ის, ანუ მოსახლეობა არ აიყო ძალიან კარგია; თანამედროვე ევროპა მაქვს მხედველობაში, თორემ საბჭოთა განათლების წყალობით ჩემმა, ჩემზე გვიანდელმა თაობამ კარგად იცოდა ევროპული მწერლობა, მხატვრობა, ხელოვნება, მუსიკა და ა.შ., რაც დღევანდელებმა არ იციან.
ის, ფასეულობა იყო, მაგრამ დღევანდელი მთხლეა — შამპანიურის ძირში დალექილი 3-წლიანი ტრიალის (ბოთლის ხელით ტრიალის) შედეგად.
სამი წლის თავზე შამპანიური ბოთლის თავს ყინავენ, საცობს ხსნიან და ბოთლში დაგროვილი გაზი ნალექს აფრქვევს, რის შემდეგ მას, მთხლესგან გათავისუფლებულს, უმატებენ სიროფს იმისდა მიხედვით, რა სასმელი — მშრალი, ნახევრად მშრალი, ტკბილი გინდათ მიიღოთ.
ამ ტექნოლოგიური პროცესიდან საინტერესო ისაა, რომ ბოთლის სამწლიანი როტაციით უვარგისი მთხლე შორდება სასმელს და კეთილშობილური ხდება.
მე-13 წელია „ოცნება“ შამპანიური ბოთლივით ატრიალებს ქვეყანას და ამ ტრიალში მთხლის, ნალექის გამოშვება დაავიწყდა. და არათუ დაავიწყდა, რაც ნაგავი იყო, ის ჩატენა პირში, ტვინში — გადასაგვარებლად.
საქართველოს გადაგვარება, როგორც წინა სტატიაში გითხარით, იოლი გამოდგა და რატომ — იკითხავთ. უბრალო მიზეზის გამო — უკუღმართი ისტორიის გამო, ჩვენმა წინაპრებმა რომ განვლეს და დიდ ისტორიას რომ ვუწოდებთ წამდაუწუმ, თუმცა არაფერი ვიცით რა — იმ დიდი და დიადი ისტორიისა. რიგითმა მოქალაქემ რომ არ იცის — დაუშვებელია პატარა ქვეყნისთვის, მაგრამ ვინც უნდა იცოდეს, უპირველესად ისტორიკოსმა, ინტელიგენტმა, იმანაც არ იცის.
აი, მათი უვიცობა კი არღვევს ეროვნულობას, გზას უხსნის პროვინციულ ნაციონალიზმს, სხვათა მიმართ სიძულვილს, ერთაშორის დაპირისპირებას.
ასეთი უვიცი „ინტელიგენციის“ და მისი შემადგენელი ნაწილის ექსპერტების, პოლიტოლოგების სახით იწამლება საზოგადოება და მიექაჩება ევროატლანტიკური სივრცისკენ, რომლის შესახებ თუ რამე იციან — „ევრორემონტს“ ვერ ცდება.
სხვათა შორის, ვინც დღეს უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროპის მიმართ, კერძოდ ევროკავშირის, ევროპარლამენტის, ეუთოს, გუშინ — ენაგადმოგდებული აქებდა და ადიდებდა მათ — „ოცნების“ რიგებში გაწევრებამდე, არასამთავრობო სექტორიდან.
ზემოჩამოთვლილი ორგანიზაციები, 12 წლის წინათაც, ისეთები იყვნენ, როგორიც დღეს. მათი მიდგომა მაშინდელი საქართველოსადმი პოზიტიური იყო, ვინაიდან ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი სააკაშვილი მთავარ ევროპულ საქმეს აკეთებდნენ — საქართველოს ხალხის გადაგვარებას და ამ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციებიც უწყობდნენ ხელს. აი, ის ორგანიზაციები, სადაც დღევანდელი „ოცნების“ წევრები მუშაობდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები გადაიქცა დასავლელთა მყარ საყრდენად საქართველოში და არა მარტო აქ, სხვა ქვეყნებშიც — პოლიტიკური სისუსტის მქონეებშიც. არასამთავრობოები მთავარ პოლიტიკურ რესურსად იქცა სახელმწიფო მართვის სისტემისთვის. დღევანდელი „ოცნებელები“, ბოლო 2 წლის გამოკლებით, 24-საათიან ხოტბის რეჟიმში მუშაობდნენ დასავლეთთან მიმართებაში — სახელმწიფო სტრუქტურებიც შექმნეს დასავლეთთან დასაახლოებლად, კანონმდებლობასაც შეუტიეს — გაევროპელობის მიზნით და ამ პროცესს ჰარმონიზაცია დაარქვეს, რაც არაფერია, თუ არა ევროპული კანონების გადმოწერა. ანალოგიურ გადმოწერას სულ ახლახანს შევესწარით, ოღონდ არა ევროპიდან, არამედ ამერიკიდან, როდესაც იქაური „აგენტების“ კანონი ქართულად მოვნათლეთ.
„ოცნება“, ისე, როგორც მისი წინამორბედი ნაცმოძრაობა — ენად ქცეული დაბეჯითებით გვარწმუნებდა, რომ საქართველოს ადგილი იქაა, ისაა ჩვენი სახლი, რომელშიც ვბრუნდებით. რატომ ჩათვალა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კახური წარმოშობისა, ღარიბაშვილმა, რომ დალოცვილი კახეთი კი არა, ევროპაა მისი სამშობლო?!
ალბათ იმიტომ, რომ საფრანგეთში ხანმოკლე ცხოვრებამ — სწავლა-განათლების მიღების თვალსაზრისით, ისე იმოქმედა მასზე, რომ სამშობლო დაავიწყა.
თავისი მმართველობის ბოლო 2 წელი ევროატლანტიკურ სივრცესთან დაპირისპირების პერიოდია, თანაც სერიოზული, რასაც უდავოდ მოჰყვება დასავლეთის მწვავე რეაქცია. ევროპარლამენტი ის ორგანო არ არის, რომელიც თავისი რეკომენდაციებით უცბათ ახდენდეს სხვა ქვეყნის ხელისუფლების განდევნას, მაგრამ ბევრი ცუდის გაკეთება შეუძლია, მათ შორის PR-ს სახით.
ევროპარლამენტმა რეკომენდაცია წარუდგინა ევროკომისიას, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას საქართველოს შესახებ და ისიც განიხილავს ამ საკითხს 15 ივლისს. შედეგი ხელისუფლებისთვის დასამშვიდებელი არ იქნება.
რასაც ევროპა ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან — მიუღებელია ქართველი ხალხისთვის — კანონების გაუქმება. ამ შემთხვევაში „ოცნების“ და ხალხის აზრი ემთხვევა ერთმანეთს — იშვიათობა 12-წლიანი მმართველობის პერიოდში.
„ოცნებას“ მხარდამჭერი არ ჰყავს არც ევროპაში და არც ამერიკაში. „ოცნებას“ მხარდამჭერები არც სამეზობლოში ჰყავს — ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. საქართველო თეთრი ყვავივით მოსჩანს — აზერბაიჯან-რუსეთის, სომხეთ-რუსეთის დაძაბულობის ფონზე. არანაკლები თუ მეტი არა დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ რომ შორეული გვგონია.
ისრაელ-ირანის სისხლიანი დაპირისპირება ჯერაც არ ჩამცხრალა. ისრაელი, ტრადიციულად ბომბავს ღაზის სექტორს, პალესტინელი არაბების საცხოვრისს, თუკი მას ასეთი შეიძლება ეწოდოს.
აშშ-ს და ისრაელის დუეტი, შეხმატკბილებულად აცხადებენ ღაზის სექტორიდან პალესტინელი არაბების მეზობელ ქვეყნებში გასახლებაზე. თუ ვინმე პალესტინელი გადაწყვეტს ღაზაში დარჩენას — შავი მუშობა არ ასცდება ისრაელის კონტროლს დაქვემდებარებულ თავისსავე მიწაზე.
და მერე ვინ არის გამკითხავი?
არც არავინ, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის გარეშე დარჩენილ მსოფლიოს ძალა მართავს. თუმცა, არის რამე გასაკვირი ამაში?
ასე იყო ყოველთვის — ადამ და ევადან დაწყებული. ვისაც ძალა აქვს, მისია ყველაფერი — კანონიც, წესიც, ფინანსებიც და ა.შ.
აშშ-ს ზურგგამაგრებული ისრაელი ხარბი თვალით უყურებს მეზობლებს, მათ ტერიტორიებს, ირანისა და თურქეთისასაც კი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ისრაელისთვის ძნელად ჩასაყლაპი ქვეყნებია.
ღაზის სექტორში, სადაც 2 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს, დეფიციტია საკვების, მედიკამენტების, სასმელი წყლის. ჰუმანიტარული ტვირთი, მეზობელი ქვეყნებიდან გაგზავნილი, ებრაელ სამხედროთა თავხედობით, გვიან მიეწოდება ზღვასა და ისრაელს შორის გამომწყვდეულ ხალხს. და როდესაც მიეწოდება, რიგში ჩამდგარ პალესტინელებს ებრაელები ბომბებს აყრიან.
ყოველდღიურად ასობით პალესტინელს ხოცავს ისრაელის არმია, მაგრამ ვითომც არაფერი. მსოფლიო აღშფოთება არ ჩანს — საგნობრივი, მიზანმიმართული, ანტიისრაელური და ასეთ ვითარებაში საქართველოს ვინ მიაქცევს ყურადღებას?
ერთობ მძიმე საერთაშორისო ფონისა „ოცნების“ ხელისუფლების ქარაფშუტული განცხადებები და ანტიხალხური გადაწყვეტილებები გაოცებს. ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებამ“ გამოასწოროს ხალხთან დამოკიდებულება, პირიქით მოქმედებს.
ახლახანს, მოვისმინე სტატისტიკური სამმართველოს მონაცემები, რომლის მიხედვით, ავტომობილების ჯარიმებიდან მილიონები შესულა ხაზინაში. გაღლეტილი ხალხის ჯიბიდან ფულს რომ ამოიღებ და თავმომწონედ, საჯაროდ გამოაცხადებ — ჯარიმებით ამდენი და ამდენი ფული შემოგვივიდაო — დანაშაულია, იმ უბედური ხალხის გაყვლეფაა, რომელმაც თავისდა უნებურად გადაკვეთა „ბასლეინი“ და 100-ლარიანი ჯარიმაც აიკიდა.
„ოცნება“ იმასაც ვერ ხვდება, რომ თავის მთავარ დასაყრდენთან, ანუ ხალხთან იფუჭებს ურთიერთობას, ძალით აძულებს მას თავს. „ოცნება“ იმასაც ვერ ხვდება, რომ სამეზობლოში და არა მარტო, რუსეთის გარდა მას მხარში არვინ დაუდგება.
რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, ვისაც შეუძლია მამობრივი ხელის გამოწვდენა, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა არაერთი საუკუნის განმავლობაში.
ურუსეთოდ წახდა საქართველო. და რომ წახდა, ვხედავთ ბოლო 34 წლის განმავლობაში, მაგრამ ვხედავთ, ვისაც ხედვა შეუძლია, ვისაც ანალიზის უნარი აქვს, ვისაც სწავლა-განათლება საბჭოთა პერიოდში აქვს მიღებული, ქვეყანაში, რომელმაც დიდი სამამულო ომის დამანგრეველ ძალას გაუძლო, გაიმარჯვა, ბირთვული იარაღი შექმნა და პირველმა კოსმოსში თანამგზავრიც გაუშვა და კოსმონავტიც.
განათლებულმა საბჭოელმა შეძლო ყოველივე ეს. განათლებულმა მეომარმა, პატრიოტულად აღზრდილმა დაამარცხა მტერი და აღადგინა ომის შედეგად დანგრეული ათეულ-ათასობით ქალაქი და სოფელი. არათუ აღადგინა, სხვას დაუწყო დახმარება, მათ შორის აფრიკას.
აფრიკის 37 ქვეყანას უწევდა დახმარებას საბჭოთა კავშირი. უფასოდ ასწავლა ამ ქვეყნების ახალგაზრდებს საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებში.
დღევანდელ აფრიკაში 55 სახელმწიფოა — 1,048 მილიარდი მოსახლით, უმეტესობა 22 წლის ასაკისა. არის ასეთი გადაცემა „ფორმულა ვლასტი“, რომელიც კვირაობით გადის ტელეკომპანია „როსია-24“ ეთერში. ბოლო გადაცემაში მის წამყვან გუსმანს ინტერვიუები ჰქონდა აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან. ყველა მათგანი, როგორც ერთი კეთილად იხსენებდა საბჭოურ დახმარებას, გაწეულს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ანუ ახალი თაობის პოლიტიკოსები მადლიერებით არიან განწყობილი ქვეყნისადმი, რომელიც აღარ არის.
არის თუ არა ეს მაგალითი საყურადღებო ჩვენთვის?
არის, მაგრამ თაობა, რომელიც მოვიდა ე.წ. ეროვნულ მოძრაობასთან ერთად, წარსულს არაფრად აგდებს. ზემოთ გითხარით შამპანიურის ბოთლში მთხლეს დაგროვების, ანუ ნალექის თაობაზე. შამპანიურის ბოთლიდან იმ ნალექს კანალიზაციას ატანენ და ბოთლში დარჩენილ სითხეს, ანუ ღვინოს აკეთილშობილებენ. ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ ნალექი, ანუ მთხლე კანალიზაციას კი არ გაატანა, არამედ პოლიტიკურ საზრდოდ გაიხადა, პოლიტიკური სუფრის თავში წამოსვა და მთელი ქვეყანა ასეთად აქცია.
მთხლე ხარ, როდესაც შენს გადამრჩენს აგინებ, შეურაცხყოფას აყენებ და ლამის საჩხუბრად ექაჩები. ამ სიტყვებს რომ ვწერ, მახსენდება სააკაშვილის გაქაჩვ-გამოქაჩვა აფხაზეთის საზღვართან მდგომ რუს სამხედროებთან. ეს, ყვინჩილა, უცხოელთა მიერ გათავხედებული ყმაწვილი „პრეზიდენტი“, ისტორიის არმცოდნე, ისე ექაჩებოდა რუს სამხედროს, თითქოს სააკაშვილი ყოფილიყო არა ერთიციცქნა საქართველოს, არამედ უკიდეგანო რუსეთის პრეზიდენტი.
მხოლოდ უმადურ მმართველს, და ასეთი იყო სააკაშვილი, შეეძლო იარაღის დამიზნება ქვეყნისადმი, რომელმაც ფიზიკურად გადაგვარჩინა, მოგვეფერა, ჩაგვაცვა, დაგვახურა, გვაჭამა, გვასვა, გვასწავლა და ფეხზე დაგვაყენა — ერად ჩამოგვაყალიბა.
უსუსურმა საქართველომ, აშშ-ს იმედით ტყვია ესროლა გამზრდელს, რაც უდიდესი ბოროტებაა. არადა ის, გამზრდელი იყო ჩამდგარი საქართველო-სამხრეთ ოსეთის ჩხუბში, ჩვენის გამოისობით გამოწვეულში.
ბოროტება იყო მოსკოვიდან ჩამოსული შევარდნაძის მიერ აფხაზეთის დასამორჩილებელი ლაშქრობის მოწყობა. სააკაშვილის უჭკუობა ძნელი აღსაქმელია, მაგრამ მისი წინამორბედის შევარდნაძის, დიპლომატიის „კორიფეს“ როგორია?!
აი, ამ ორი ვითომ პოლიტიკოსის, სინამდვილეში სამშობლოს სიყვარულისგან დაცლილი ადამიანის „ხუშტურს“ გადაყვა საქართველო — ტერიტორიებდაკარგული, ერთადერთ იმედთან, რუსეთთან ურთიერთობა გაუარესებული.
ნგრევა იოლია! აღდგენა კი ძნელი — დაპირისპირების, მითუმეტეს სისხლის, იოლად არ ხდება. მას დრო ესაჭიროება — თაობათა ცვლა! და კიდევ ერთი, მთავარი, საკუთარი ისტორიის ცოდნა.
ვინც საკუთარი ისტორია არ იცის, ის საკუთარ ქვეყანას ვერ ააშენებს. საკუთარი ისტორია ბავშვმა სახლში, საბავშვო ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლოს. რა გვაქვს დღეს?
მოჭარბებული რაოდენობის ინგლისური, ამერიკული, ფრანგული, გერმანული საბავშვო ბაღები და საშუალო სკოლები, რომლებსაც აკადემიებს არქმევენ — ბრიტანული აკადემია, ევროპულ-ამერიკული.
ყველა ისინი — განთავსებული თანამედროვე, კომფორტაბელურ შენობებში, სკოლის ავტობუსებით, რომლებსაც დილით ბავშვები სკოლებში მიჰყავთ, სკოლის შემდეგ სახლში.
აღნიშნული სკოლები იმ ქვეყნების ინტერესების გამტარებელია, რომელთა სახელებსაც ისინი ატარებენ. ინტერესები კი მარტივი — საკუთარ ყაიდაზე მოსწავლის აღზრდა, საკუთარ ისტორიაზე, საკუთარ წეს-ჩვეულებაზე და არა იმ ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს, სადაც ისინი ფუნქციონირებენ.
სახლის გვერდით, სადაც ვცხოვრობ, ამერიკული ბაღი იყო გახსნილი. ბავშვები ძირითად დროს ეზოში ატარებდნენ ახალგაზრდა ქართველი აღმზრდელების ზედამხედველობით. ბავშვებს, რომლებსაც ქართული მეტყველებაც უჭირდათ, ინგლისურს უტენიდნენ ტვინში. და თუ რომელიმე ქართულად დაილაპარაკებდა, უმალ საყვედურობდნენ ბრძანებით — ინგლისურად ილაპარაკეთო. ბაღში მრავალი მაღალჩინოსნის ბავშვი იყო მიბარებული. დასავლურგანათლებამიღებული ქართველი, რომელსაც მშობლიური ენა, ისტორია ვერ შეუგრძვნია, იქნება სამშობლოს მოყვარული პატრიოტი?
წინა სტატიაში მოგახსენეთ იმ დაავადების შესახებ, საქართველოს მოსახლეობას რომ აქვს შეყრილი — ევროატლანტიკურის გაფეტიშებით საკუთარის განქიქების ფონზე. ასეთი, აფრიკის ქვეყნებსაც არ ჰქონიათ ანტიკოლონიური მოძრაობის დაწყებამდე.
მკითხველი ისე ნუ გამიგებს, თითქოს უცხოური სკოლების მოწინააღმდეგე ვიყო და დახურვას მოვითხოვდე, მაგრამ კონტროლის მომხრე ვარ განათლების სამინისტროს მხრიდან. რას და როგორ ასწავლიან ხომ უნდა იცოდნენ განათლების მესვეურებმა?
თვით განათლების სისტემაში შემავალ სკოლებს მეტი შრომა დასჭირდებათ, რათა გარეგნულად მაინც დაეწიონ კერძო სასწავლებლებს. ჯერ-ჯერობით ჩემი და არა მარტო ჩემი სურვილი, სურვილად დარჩება, ვინაიდან ამ საქმეს სახსრები სჭირდება, გაცილებით მეტი დღევანდელზე.
ეს, ის საკითხი არ არის, პარლამენტში რომ ჟღერდება პრემიერის მიერ — ეკონომიკური წარმატებები გვაქვსო ქვეყანაში, სადაც საწარმო სანთლით საძებნია.
და ბოლოს, მთავარი, რაზეც ვამახვილებ თქვენს ყურადღებას — რუსეთთან ურთიერთობა. ე.წ. დამოუკიდებლობის წლებმა თუ რა დააზიანა — რუსეთთან კავშირებია, რომელსაც თავისთავად მოჰყვა მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, განათლების სისტემის, მეცნიერების, მრეწველობის, საერთო კულტურის გაქრობა-დეგრადაცია.
მავანი შემედავება — რა კავშირშია რუსეთთან ურთიერთობა მრეწველობის ან სხვა დარგების დეგრადაციასთანო. ასეთი, რაც არ უნდა ავუხსნა, ვერ გაიგებს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნიშნავდა ერთად გადაჯაჭვულ საკითხებს, ზემოთ რომ ჩამოვთვალე და ბევრ სხვას, რომელიც არ ჩამომითვლია. გაწყდა პოლიტიკური ურთიერთობები და გაწყდა ჯაჭვი ერთმანეთთან დარგობრივი დამაკავშირებელი.
რა უნდა ვიღონოთ?
ძნელია, მაგრამ მაინც უნდა შევეცადოთ მის აღდგენას. წამითაც ნუ იფიქრებთ, რომ სიძნელე რუსეთშია. არა, პატივცემულებო, სიძნელე ჩვენშია, ჩვენ უნდა გადავლახოთ მეტიჩრული ქედმაღლობის ბარიერი და პირველებმა უნდა გადავდგათ ნაბიჯი შერიგებისკენ, ვინაიდან ჩვენ გავწყვიტეთ მასთან კავშირები და არა მათ ჩვენთან.
ვგონებ, დღევანდელი საერთაშორისო ვითარება, ერთობ არასახარბიელო საქართველოსთვის თავისთავად გვკარნახობს ამას. რით დავიწყოთ?
უპირველესად ფერუმარილწასმული ქართული ისტორიისთვის მაკიაჟის ჩამორეცხვით და ნამდვილი ისტორიის სწავლებით სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, ტელევიზია-რადიოში, ინტერნეტში.
ქართველმა უნდა იცოდეს თავისი ისტორია, რადაც არ უნდა მძიმე იყოს მისი წაკითხვა, აღქმა. ქართველმა, ამ შემთხვევაში ყველამ უნდა წაიკითხოს და წაიკითხოს დაკვირვებით, თან არაერთხელ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის წიგნი-შედევრი — „რუსეთის ცივილიზაციური მისია კავკასიაში. XIX საუკუნე. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“.
ბატონი გულბაათის შემოქმედება ყველა იმისთვის არის ცნობილი, ვისაც მართალი სიტყვის მოსმენა, აღქმა შეუძლია. ჩვენდა სამწუხაროდ ასეთთა რაოდენობა არც ისეთია ამ ბედკრულ ქვეყანას, რომ შეაჩერებს კლდიდან გადაჩეხვაში. ამიტომაც, ვიდრე გვიან არ არის, გადავდგათ ნაბიჯი წიგნისკენ, რომლის წაკითხვაც გამოგვაფხიზლებს, სხვა თვალით შეგვახედებს წარსულს, გვაფიქრებინებს გამოსწორების გზების ძიებას.
წიგნი ისე ოსტატურად გაწოდებს თავის მშვენიერებას, თუნდაც მძიმე, მაგრამ ნამდვილს, ისტორიული ფაქტების მოშველიებით, რომ კითხვის დაწყებისთანავე გსურს ბოლომდე გასვლა. მწყურვალე, ჭიქა წყალს რომ დაეწაფება იმის ფიქრით — ნეტავ არ დამთავრდესო, ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ.
პატივცემულო მკითხველო, მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, თუმცა ვგონებ, რომ გულბაათ რცხილაძის წიგნის თქვენთვის შეთავაზება ნუგეშის მომცემიც იქნება და რაც მთავარია გამოფხიზლების.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
15/07/2025