დასავლეთის მიერ გამოთაყვანებულები

წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება ცხოვრება, ქართველები რომ ვამბობთ — თვალსა და ხელს შუაო, ისე შემოგვეხარჯა ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრების 34 წელი დიდი იმედის, დიდი პერსპექტივის, აყვავებული აწმყოსა და მომავლის წლები.
ასე გვეგონა მაშინ, როდესაც პარლამენტის შენობის წინ, პატრიოტული სულისკვეთებით, ნათელი მომავლის იმედით აღვსილნი გავიძახოდით — „საქართველო, საქართველო!“ რა მივიღეთ?!
ეს კითხვა გვაწუხებს ყველა იმას, ვისაც ოდნავი აზროვნების უნარი შემორჩა — საბჭოურ განათლებაზე აღმოცენებული. გვაწუხებს ისიც, რომ ჩვენს წუხილს ის/ისინი არ აზიარებენ, ვინც უნდა გაიზიარონ, ვინც აწმყო და მომავალი უნდა აშენოს. არ იზიარებენ და რომ არ, ბევრ რამეზე იყო და არის დამოკიდებული, უპირველესად იმაზე, ჩვენდა უნებურად რომ შეიცვალა ცხოვრება. შეცვლილმა კი თავისთავად მოითხოვა ყველა ჩვენგანის შეცვლა, ცხადია მენტალური, შინაგანი და არა ფასადური. ფასადური ხომ მენტალურობამდე გვქონდა შეცვლილი, რამეთუ იოლი იყო მისი შეცვლა, იქაურის გადმოღება და ამ გარეგნობაზე, სხეულზე მორგება, სრულიად შეუფერებელზე აქაურობისთვის.
მენტალური გადასხვაფერება გაცილებით რთული გამოდგა, მაგრამ ჩვენი „საყვარელი“ დასავლელების დაბეჯითებული მეცადინეობით მიზანიც მიღწეული იქნა. ტაში, მქუხარე და ხანგრძლივი ყველა იმას, ვინც 34 წლის განმავლობაში, დროის ერთობ მოკლე პერიოდში მოახდინა სასწაული და ქართველთა ტვინი ისე გადააკეთა, რომ წარსულიც დაავიწყა, წინაპარიც, ტრადიციებიც, წეს-ჩვეულებებიც და ა.შ.
მქუხარე, ხანგრძლივი ტაში, გადასული ოვაციებში, თაობას, რომელმაც 34 წლის განმავლობაში ვიღაც გადამთიელის მზაკვრულ გეგმაზე იცეკვა, ქალ-კაცმა კურტუმო აქანავა, წინაპართა სიბრძნე, ჩადებული პროზასა და პოეზიაში, მეცნიერებაში, მუსიკასა და ფერწერაში, გვერდით მოისროლა იმ უცნობის, უვიცისა და მზაკვრის ნაამბობი — გზამკვლევად გაიხადა.
უცნობისდა გასაკვირად ქართველის მოთვინიერება გაცილებით იოლი გამოდგა მისთვის, ვიდრე მოელოდა. სხვა, კოლონიზირებული ერების, მაგალითად აფრიკის მოთვინიერება უფრო ძნელი გამოდგა, რაზეც თვალნათლივ მეტყველებს 70-წლიანი სწავლების სავალალო შედეგი — მომთვინიერებლებისთვის.
აქ კი, თითზე ჩამოსათვლელ წლებში საარაკო შედეგია, ერთის გამოკლებით — მამაკაცთა მიერ უკანალის გასხვისებაზე უარის თქმით — ჯერ-ჯერობით, თუმცა თანმიმდევრული, მუყაითი დასავლელი ხომ ის არ არის, რომ დროებითი წარუმატებლობა სამარადისოდ ჩათვალოს და მცდელობას წერტილი დაუსვას?!
ასეთი უკანდახევა მას დროებითად მიაჩნია — ახალი, სამომავლო ბრძოლისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასახვეწ პერიოდად.
დასავლეთი, გეგმას არასდროს ცვლის — სხვისი გადაგვარების გეგმას. არ გამოვიდა დღეს, გამოვა ხვალ — ოღონდ ფასადშეცვლილი, სხვა ექსტერიერით, მაგრამ იგივე ინტერიერით.
დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს ცბიერი პოლიტიკის შედეგია, საქართველოს მოსახლეობამ, ნატოში შესვლის სურვილი რომ გამოხატა. საქართველოს მოსახლეობამ არათუ მაშინ, 2008 წელს, დღესაც ხეირიანად არ იცის რა არის ნატო და მიუხედავად ამისა, მხარი დაუჭირა საარჩევნო ბიულეტენში შეტანილ საკითხს. ვინ და რატომ შეიტანა ეს საკითხი — ვგონებ გამოცანაც არ არის. ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-ა დრო იხელთა და პრეზიდენტის არჩევნებს მიაკერა საკითხი, რომლის მიმართ ამომრჩევლის მიდგომა იყო ზერელე, გაუთვითცნობიერებული.
მას უთხრეს — ამას დაუჭირე მხარი, და მანაც დაუჭირა, რომ მთავარი საკითხისთვის პრობლემები არ შეექმნა. ამომრჩევლისთვის მთავარი კი სააკაშვილის არ არჩევა იყო. სააკაშვილმა მოახერხა თავის გადარჩენა, მაგრამ ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილმა ნატომ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა დასავლეთისთვის, თუნდაც მცირედი პროცენტით, რომელიც სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლის, ბრაიზას ბრძანებით გრანდიოზულ პროცენტად იქცა.
70%, ხან 80% ასახელებენ ნატოში შესვლის მსურველები, მათი დასავლელი პატრონები. და ამ ორგანიზაციაში შესვლის მოწინააღმდეგეებს ცხვირწინ უფრიალებენ საყვედურით — თქვენ არ გადაწყვიტეთო.
არანაკლები საყვედურები გვესმის მმართველი პარტიიდან — ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით. ამერიკელმა უილსონმა, „ქართული ოცნების“ მტერმა, ისეთი ანტი-„ოცნებური“ რეზოლუცია მიაღებინა ასამბლეას, „ოცნება“ რომ ნოკდაუნში ჩააგდო და გულდასაწყვეტით აალაპარაკა იმაზე, რაც მოხდა.
„ოცნებამ“ ისიც აღნიშნა — უკრაინის დელეგაციის წევრები რა ენთუზიაზმით ცდილობდნენ დოკუმენტის ანტი-„ოცნებურად“ შედგენას.
უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება „ოცნების“ მიმართ ნეგატიურია, თანაც ისეთი, „წითელ ხაზებს“ რომ კვეთს. მის საპირისპიროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე გაიძახის — ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მეგობრულ ურთიერთობებსო. ვისთან?
ხელისუფლებასთან, რომელიც არაფრად აგდებს საქართველოს? უკრაინელ ხალხთან? რომელთან? — ნეოფაშისტური რომ არის და ფაშისტების მსგავსად, ჩირაღდნიან მარშებს რომ მართავს, გეი-პარადებს რომ ატარებს?
თვით უკრაინელთა საჯარო განცხადებით — დღეს, კორუფციონერ ქვეყნებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, უკრაინა პირველ ადგილს დაიკავებსო.
უკრაინელ დაბალ-მაღალ მოხელეთა ყბადაღებულ კორუფციაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. პოპულარული ამერიკელი ტელეჟურნალისტის ტაკერ კარლსონის თითქმის ყველა გადაცემაში უკრაინის კორუფცია მთავარი თემაა, ისე, როგორც მართლმადიდებლობასთან ბრძოლა. თუ აშშ-თვის უკრაინის არშემდგარ სახელმწიფოზე ნეგატიური მსჯელობა ჩვეულებრივი რამაა, ქართულ მედია რატომ იკლავს თავს უკრაინის დადებითად მოხსენიებისთვის?
საზოგადოებრივი ტელე-რადიო კომპანიის რადიოეთერში ყოველ შაბათ-კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში გადის გადაცემა „ჩაი ორისთვის“. გადაცემის ავტორს და წამყვანს შავლეგ გეგეჭკორს ისე უყვარს საქართველოს მძაგებელი უკრაინა, რომ გადაცემის თავშივე უკრაინულ სიმღერას უშვებს ეთერში და ჯიბრით გვეუბნება — ასე მოვიქცევი, ვიდრე რუსეთის ჯარი უკრაინიდან არ გამოვაო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობაც თვალს ხუჭავს ნეოფაშისტური უკრაინის სიყვარულით გაჟღენთილ გეგეჭკორის ანტირუსულ გამოხდომებზე. გეგეჭკორს სძულს რუსული კულტურა, მუსიკა, მწერლობა, ხელოვნება, ისე, როგორც დსთ-წევრი სახელმწიფოების. მისთვის ერთი მიმართულება არსებობს — დასავლური, ამერიკული.
გასაოცარი სიყვარულით, პატივისცემით, ქვემდგომის, ზემდგომისადმი მლიქვნეური დამოკიდებულებით, აცხადებს ამერიკელთა, ევროპელთა გვარებს და სახელებს — თითქოს ორგაზმშიაო. ამ დაავადებით მარტო გეგეჭკორია შეპყრობილი?
მთლიანად საქართველოა, განსაკუთრებით ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანები.
ე.წ. დამოუკიდებლობამ რაც მოგვიტანა — დასავლეთისადმი ხბოს აღტაცებით ყურებაა, იმის აღიარებაა, რომ დასავლელი ჩვენზე განათლებულია, ჩვენზე კულტურულია, ჩვენზე გულისხმიერია, ადამიანის უფლებების ხმალამოღებული დამცველია. ის „ღმერთია“, ჩვენ კი მის ფეხებთან მონის პოზაში მყოფი.
ცირკის მსახიობები, ვინც მტაცებელ ცხოველებთან ერთად გამოდიან არენაზე, ხშირად ამბობენ ამათუ იმ ცხოველთან დაკავშირებით — წვრთნას იოლად ეგუებაო. როგორც ჩანს, ჩვენც იოლად ვეგუებით დასავლურ ტრენინგებს და მაქსიმალურად ვიჭაჭებით, რომ ქოუჩის (მწვრთნელის) თვალში კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ.
ჩვენ გვიხარია, როდესაც მაღაზიების აბრებზე ინგლისური, უკეთეს შემთხვევაში ქართული ასოებით ინგლისურ დასახელებას ვხედავთ. თბილისის ქუჩებში მოსიარულე დასავლელი, კერძოდ ამერიკელი თავს არხეინად გრძნობს, ვინაიდან ინგლისურენოვან გარემოშია. თითქოს უმნიშვნელო რამ არის, მაგრამ არც ისეთი, უყურადღებოდ რომ დავტოვოთ.
ხალხს, ყოველდღიური პრობლემებით გადატვირთულს, ამის შეგრძნების თავიც არ აქვს, რომც ჰქონდეს, ხელისუფლებიდან ვინ მიაქცევს ყურადღებას მის სულის ყივილს?
მიშვებულია ეს საქმე თვითდინებაზე, ისე, როგორც ტელევიზიაში უცხო სიტყვების ჟღარუნი. თვით ხელისუფალნიც, აქაოდა რა განსწავლულები ვართო, ისე ატრიალებენ ინგლისურ სიტყვებს, თითქოს მშობლიური შესატყვისი მათ არ გააჩნდეთ.
სააკაშვილის მმართველობის ჟამს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა თევზაძემ საჯაროდ განაცხადა — ინგლისური მშობლიური ენა უნდა გახდეს ქართველისთვისო. ქართული გამოთქმაა — რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ. ჯერ-ჯერობით არ შემხვედრია ქართული ენის ინგლისურით ჩანაცვლების „ისტორიული იგავ-არაკი“, მაგრამ დღევანდელობა მკარნახობს — ვცდები, რამეთუ თევზაძეებმა ისე იბარტყეს, ინგლისური სიტყვები, ქართული მგონია.
თანამედროვენი ვერ ხვდებიან, რომ ენის დაკარგვა, ქვეყნის დაკარგვაა, ქვეყნისა — სამშობლოს რომ ვეძახით, მაგრამ სიტყვა „სამშობლოც“ გახუნებულია, ვინაიდან ცხოვრებისეულმა უკუღმართობამ, მძიმე სოციალურმა პირობებმა სამშობლო მიგვატოვებინა, სხვა დაპურებული სამშობლოს, უფრო სწორად ქვეყნის ძებნაში.
იცლება ქვეყანა, ივსება ქვეყანა. იცლება აქაურებისგან, ივსება იქაურებით — არა ევროპელებით და ამერიკელებით, რისი ოცნებაც ჰქონდა სააკაშვილს, არამედ არაბებით, ინდოელებით და ა.შ.
იცის ვინმემ ხელისუფლებიდან — რა რაოდენობის უცხოელი ცხოვრობს საქართველოში?
იცის ხელისუფლებამ — რას აკეთებენ ისინი, რას საქმიანობენ?
ის, რომ ხელისუფლებამ არ იცის რა რაოდენობის ქართველია გასული საქართველოდან, რომელ ქვეყანაში და რას აკეთებენ იქ — ფაქტია.
ხელისუფლებამ ისიც არ იცის, რა რაოდენობის ხალხი ცხოვრობს საქართველოში. სტატისტიკას, რასაც ჩვენ ვისმენთ, არვინ უჯერებს, ვინაიდან ყალბია. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით — გასულ წელს ჩატარებული აღწერის დროს არც მე და არც ჩემი ნაცნობ-მეგობრები, მეზობლები არვის შეუმოწმებია, არადა თბილისის 3 სხვადასხვა რაიონში ვარ დაფიქსირებული. არვის მოვუკითხივარ, არვის დაურეკავს ტელეფონით.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უცხოელთა მოძალებაზე, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გაეროს მიერ დაწესებულ რეზოლუციას ვექვემდებარებით, ჩვენც და სხვა ქვეყნებიც, რომლის მიხედვით, დადგენილია კვოტები — ვინ რამდენი უცხოელი უნდა მიიღოს მუდმივ საცხოვრებლად.
ასე რომ, მიგრაციული პროცესი საყოველთაოა და მას წინ ვერც ერთი ქვეყანა ვერ აღუდგება, მაგრამ კონტროლის გაწევა ყველა ქვეყნის ხელისუფლების მოვალეობაა, რათა მიგრანტთა რაოდენობამ არ გადააჭარბოს დაწესებულ კვოტებს.
ჩვენ ვწუხვართ უცხოელების საქართველოში შემოდინებაზე — ერთის მხრივ, მაგრამ არ ვიხსენებთ საზღვარგარეთის ქვეყნებს, სადაც ჩვენები „ტურისტებად“ მიდიან და სამუდამოდ რჩებიან. ქართველი დაუპატიჟებელი „ტურისტების“ რაოდენობა იმ ქვეყნისთვის, სადაც ისინი რჩებიან, ზღვაში წვეთია ე.წ. მესამე ქვეყნებიდან შესულ მიგრანტებთან შედარებით, მაგრამ მიზეზთა გამო შემაწუხებელია, ვინაიდან იქ ჩასული ქართველი ახალგაზრდები იოლად ექცევიან სხვა ქვეყნებიდან ჩასული „შავი სამყაროს“ ქსელში და „სახელოვანნი“ ხდებიან ქურდობით, ძარცვით, ბანდიტიზმით, რაც იქაურ სამართალდამცველთა სერიოზული თავსატკივარია.
ვინ მოთვლის, რამდენი ოპერაცია ჩატარდა ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, სხვაგან მათ დასაკავებლად?
ქართველ კრიმინალთა ყოფნა იქაურ ციხეებში იშვიათობა აღარ არის.
მიკერძოებული სტატისტიკური სამსახური, მცდარი ინფორმაციის მიწოდება ხელისუფალთათვის, საზოგადოებისთვის ბუნებრივად ითვლება და არა დანაშაულად. დანაშაულია, როდესაც ხელისუფლებამ არ იცის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა და მცდარ ინფორმაციაზე აგებს ეკონომიკურ პროგრამას მოსახლეობის განათლების, სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლად — ატარებს ყველა დონის არჩევნებს ძველ მონაცემებზე დაყრდნობით, ეროვნული წარმომავლობისა და აღმსარებლობის გაუთვალისწინებლად.
ასეთი ზერელეობა ერთ მშვენიერ დღეს იფეთქებს და ისეთი პრობლემების წინაშე დაგვაყენებს, რომლის გადალახვას ვერ შევძლებთ. ანდა როგორ შევძლებთ გათითოკაცებული საქართველო, ფაქტის წინაშე დამდგარი დემოგრაფიული მონაცემების შეცვლას, მაშინ, როდესაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, დასავლელი გლობალისტების ზეწოლით ეროვნების განმსაზღვრელი ჩანაწერი გაუქმებულია?!
ნამდვილი, ზუსტი აღწერის შედეგად — ეროვნების გათვალისწინებით, და ასეთს უდავოდ ექნება ადგილი, დავინახავთ, რომ უცხოელთა რაოდენობა აჭარბებს ქართველთა რაოდენობას. ხელისუფლების უდარდელობა სწორედაც დემოგრაფიისადმი აგდებულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. აღარაფერს ვამბობ იმ „საარაკო“ ეკონომიკურ წინსვლაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პარლამენტისა და ხალხის წინაშე და ხალხმა რომ არ იცის, არ შეხვედრია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„ოცნების“ „ავტოატვეტჩიკმა“, კალაძემ სიბრმავეში დაადანაშაულა ხალხი — გადით. ნახეთ რა საამური ცხოვრება გაქვთო. დაახლოებით ასეთი იყო მისი ნათქვამი. მაძღარ კალაძეს, ყველა მაძღარი ჰგონია. ისე კი კალაძისთვის შესაფერისი სიტყვა — „მაძღარი“ (ჟურნალისტთა მიხედვით) კი არა, „გამსკდარი“ იქნებოდა.
სიტყვა „ავტოატვეტჩიკი“ გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაჩნდა ქართულ პოლიტიკაში და გაჩნდა მუდმივი მიტინგების დროს პარლამენტის შენობასთან და სასტუმრო „თბილისთან“.
პირველი მიტინგი გამსახურდიას იცავდა, მეორე — ოპოზიციის იყო, პირველი მიტინგის და გამსახურდიას საწინააღმდეგო. აი, ამ მიტინგის ორატორებს პასუხობდნენ გამსახურდიას მიტინგის ორატორები, მეტწილად თემურ ქორიძე — ერთობ განათლებული, ქართული მწერლობის სიღრმისეული მცოდნე, უზენაესი საბჭოს კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
კალაძის განათლების სიმწირე იმდენად თვალშისაცემია, მისი ქორიძესთან შედარება წაწყმენდაა, მაგრამ „ავტოატვეტჩიკობა“ შესატყვისია მის მიერ გადმოფრქვეული „სიბრძნისა“.
კალაძემ იცის ყველაფერი და ამ „ცოდნით“ აჭარბებს ტელეწამყვან აქუბარდიას, თარხან-მოურავს, რომელთა ცოდნა გინეკოლოგია-პროქტოლოგიიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული უკიდეგანოა, როგორც გალაქტიკა.
კობახიძე-კალაძის დუეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს იცავენ; რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სუვერენული, როგორიც დღეს. და ამ განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირის მიერ მიღებულ ყველა ანტი-„ოცნებურ“ გადაწყვეტილებაზე. თან იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს კურსი ურყევია, ანუ ევროატლანტიკურია და საქართველო 2030 წელს გაწევრდება ევროკავშირში — გადასხვავებულში, ჩვენთვის სასიკეთოდ შეცვლილში.
ვეჭვობ, რომ ევროკავშირი შეიცვალოს. დაშლა შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ შეცვლა — ძნელი წარმოსადგენია. ევროკავშირის სულისკვეთება ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის, ვინაიდან ღრმა ისტორიულ-კოლონიალურ ფესვებს ეყრდნობა. ქედმაღლობა, კოლონიზატორის დამოკიდებულებაა კოლონიად გადაქცეული ქვეყნების ადამიანებისადმი. ზემოდან, ქვემოთ ყურება მათი ცხოვრების დამახასიათებელია, რომლის შეცვლა შეუძლებელია.
ევროპელთა დამოკიდებულება არაევროპელთა მიმართ გამოხატა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყოფილმა კომისარმა, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ჟოზეპ ბორელმა — ევროპა ბაღია, რომელშიც შეღწევას აპირებენ ბაღისთვის შეუფერებელი არაევროპელები. დაახლოებით ასეთი იყო მისი ნასროლი აზრის შინაარსი. ამის მომსმენს, ევროკავშირში შესვლის სურვილი არ უნდა ამოძრავებდეს, მითუმეტეს ხელისუფლებას.
ევროკავშირში შესვლის მსურველს ინდივიდუალურად შეუძლია აისრულოს ოცნება — იქ საცხოვრებლად გადასვლით, მაგრამ რას ერჩიან ქვეყანას, რატომ ცდილობენ შეტენონ ორგანიზაციაში, სადაც ჩვენთან შედარებით ძლიერი ქვეყნებიც კი თავს დამოუკიდებლად ვერ გრძნობენ.
გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიკვილაძეს საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახლდი. იმჟამად საბერძნეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოდან ჩასული არალეგალური მიგრანტები, განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებმაც ხელი მიჰყვეს იოლ საქმეს — ქურდობას. ბერძნების სახლებში შესვლას, აწიოკებას, მკვლელობას. ციხეებში იმატა ქართველთა რაოდენობამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრობლემის მოსაგვარებლად შევადგინეთ საქართველო-საბერძნეთის საკონსულო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პაპულიასს წარვუდგინეთ — ოფიციალური მოლაპარაკების დროს. მასპინძელმა მადლობა გადაგვიხადა ინიციატივისთვის, მაგრამ გვითხრა — ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებთ, ვინაიდან ასეთი ბრიუსელის, ანუ ევროკავშირის შტაბ-ბინის პრეროგატივააო.
ვითომ დამოუკიდებელი საბერძნეთი, ევროკავშირთან შეუთანხმებლად ვერავითარ ხელშეკრულებას ვერ დადებდა სხვა ქვეყანასთან. ევროკავშირი აწესებს მასში შემავალმა ქვეყნებმა რა აწარმოონ, განავითარონ თუ არა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ეკონომიკის სხვა დარგები.
ევროკავშირში შესულ ბულგარეთს აუკრძალეს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარება. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბულგარულმა წიწაკამ რახანია სული განუტევა, ისე, როგორც მრეწველობამ.
ანალოგიური ბედი ეწია რუმინეთს, საბჭოთა კავშირის პერიოდში სოციალისტურ ქვეყანას, რომელსაც მრეწველობაც ჰქონდა და ავტომშენებლობაც, საზაფხულო და ზამთრის კურორტებიც.
ჩაუშესკუს რუმინეთში მომიწია ყოფნა და უნდა გითხრათ, გაოცებული დავრჩი მიღწეული წარმატებებით. შავი ზღვის სანაპიროზე ერთი-მეორის მიყოლებით იყო ჩალაგებული იმ პერიოდისთვის ულტრა თანამედროვე კურორტები ვენერა, მარსი, სატურნი, … ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით. ყველა მათგანს ღამის გასართობი პროგრამა ჰქონდა სასტუმროების წინ, ქვიშის პლაჟებზე მოწყობილ სცენებზე, უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.
შთაბეჭდილება მოახდინა ბუქარესტმა, რომელსაც უცხოელებიც კი აღმოსავლეთის პარიზს უწოდებდნენ. დედაქალაქში რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო — აუზებით და ხელოვნური ტალღებით. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები იშვიათობა იყო, თუმცა არა რუმინეთში.
ჩაუშესკუს პერიოდს დიქტატურად მოიხსენიებენ. დიქტატურამ მოუტანა რუმინეთს აღმშენებლობაც და დაღმა სვლაც. ენერგეტიკულმა კრიზისმა, ელექტროენერგიის შეზღუდულმა მიწოდებამ მოსახლეობაში გულისწყრომა გამოიწვია, რასაც მოჰყვა მასობრივი გამოსვლები და ჩაუშესკუს მკვლელობა.
ევროკავშირის წევრ რუმინეთში არ ვყოფილვარ, თუმცა იქ მიმდინარე მუდმივ ანტისახელისუფლებო გამოსვლებს, მეტადრე სოციალური დატვირთვით, თვალს ვადევნებ. განსაკუთრებული სიმძაფრე შეინიშნებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც სოციალურ უკმაყოფილებას პოლიტიკურიც დაემატა — რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს.
ოპოზიციონერი ჯორჯესკუ, ხელისუფალთა მიერ საშიშ ძალად აღქმული, ხალხის მიერ — მხარდაჭერილი, ბრიუსელის მიერ მიუღებელი გამოდგა და გამარჯვებაც გაუუქმეს. ჯორჯესკუ მოითხოვდა უკრაინისთვის დახმარების გაუქმებას, ნატოდან გამოსვლას. არჩევნები ხელმეორედ გამართეს და ოპოზიციონერს, რომელიც პირველ ტურში ხმათა უდიდესი უმრავლესობით უგებდა მოწინააღმდეგეს, მეორე ტურში წააგებინეს.
არანაკლები სიყალბე ჩაიდინა ევროკავშირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან, ფაქტიურად მოლდოვის პრეზიდენტად სანდუ დანიშნა — ურსულა ფონ დერ ლაიენის ყურმოჭრილი მონა.
ევროკავშირის ბინძურ საქმიანობაზე სალაპარაკო იმდენია, ტომებიც რომ ვერ დაიტევს. აი, ასეთ ევროკავშირში შეყვანას გვპირდება ხელისუფლება, თან იმასაც გვეუბნება, რომ შეიცვლებაო.
ისეთი სუვერენულები ვართო, არასდროს რომ არ ვყოფილვართო — აცხადებს კალაძე. რას გულისხმობს ის?
იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის დავალებებს. რა გამოდის — ევროკავშირი ისეთ დავალებებს გვაძლევს, რომელთა შესრულება მიუღებელია?
დიახ, ასეა! და თუ ასეა, ევროკავშირში რაღა გვინდა?
ევროკავშირისკენ გახედვაც არ უნდა გვინდოდეს, არათუ შესვლა. შესვლა და სუვერენიტეტის დაკარგვა ისეთივე რეალობა იქნება, როგორც მზის ამოსვლა.
უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა ჩვენს მეზობელ ახლო აღმოსავლეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში; მიმდინარეობს ძმათამკვლელი ომი რუსეთ-უკრაინას შორის; აშშ-ს პრეზიდენტის სისტემატური აზრთა ცვლა საგონებელში გვაგდებს და ამ დროს ხელისუფალთა ბრიყვული განცხადებები ევროკავშირში 2030 წელს შესვლასთან დაკავშირებით. რისი ბრალია ესოდენ ქარაფშუტული განცხადება? გამოუცდელობის, გაუნათლებლობის ხომ არა?
დიახ! ასეა და ამასთან ერთად თეთრი ბატონისადმი მონობა, ისეთად გადაქცევა, თუნდაც გარეგნულად, როგორის ის არის.
დასავლეთისადმი თაყვანისცემა, მისი განდიდება ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. ის გვეუბნება, ის გვკარნახობს — ჩვენც ისეთი უნდა ვიყოთ, როგორიც ის, ანუ ევროპელი, არაქართველი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
10/07/2025