ბრძანება შესრულდა

ტყუილებისა და მლიქვნელობის ზეიმი შეიძლება ვუწოდოთ გასულ კვირას გამართულ ნატოსა და ევროკავშირის სამიტებს, პლიუს აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას ირანის დაბომბვასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიერ ეკვილიბრისტიკას ირანთან ომის დაწყების მიმართულებით, სხვაც შეიძლება მოვიყვანოთ „დემოკრატიული“ ევროატლანტიკური სივრცის პოლიტიკური ცხოვრებიდან, მაგრამ ვგონებ ესეც საკმარისია მისი რეალური სახის გამოსაჩენად.
რაოდენ დაჩლუნგებული უნდა იყოს ქართული პოლიტიკა და მასზე მიტმასნილი ჟურნალისტიკა, ექსპერტობა, საზოგადოება, რომ ამის შემხედვარეს იმედი არ გაუცრუვდეს ე.წ. დემოკრატიული, ადამიანის უფლებების ვითომ დამცველი ევროპა-ამერიკისადმი.
ჩვენ, სალ კედელსავით მყარად ვდგავართ, ვიცავთ რა 30 წლის წინათ აღებულ ევროპულ კურსს, დანახვაც, მითუმეტეს მოსმენაც არ გვინდა მანკიერებისა იმ „დალოცვილ“ დასავლეთში რომ სუფევს.
ჩვენ გვიყვარს დასავლეთი თავისი შეცდომებით, გაუტანლობით, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევით, პოლიტიკური ტყუილების გამოგონება-გავრცელებით, უკრაინის ნეოფაშიზმისთვის თავდავიწყებული მხარდაჭერით, გეი-პარადებით, ტრანსვესტიტობით, აუარება სიმახინჯით, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
რაც შეეხება გასული კვირის კონკრეტულ მაგალითებს, რამაც კალამი ხელში ამაღებინა — ქვემოთ მოგახსენებთ. დასაწყისში სიტყვა „ტყუილი“ ვახსენე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებაში. ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების დაბომბვამდე 2 დღით ადრე მან განაცხადა, რომ ასეთს აპირებს, მაგრამ არა დღეს ან ხვალ, არამედ ორი კვირის შემდეგ და ისიც ვითარებიდან გამომდინარე.
მაინც რა ისეთი გამოუვალი ვითარება შეიქმნა, რომ სიტყვა დაერღვია და ირანი დაებომბა?
არც არაფერი, რასაც გაერთიანებული სადაზვერვო სამსახურის უფროსის ტულსი გაბარდის ოფიციალური განცხადებაც ადასტურებდა — ირანი არ აწარმოებს ატომურ ბომბს. და რომც აწარმოებდეს, შედეგს 2 ან 3 წლის შემდეგ მიიღებს.
რაში დასჭირდა ტრამპს ტყუილი?
ირანის ხელისუფლების ყურადღების მოდუნებისთვის — დღეს არ დაგვბომბავს და თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს — 2 კვირის შემდეგო — იფიქრეს ირანში.
შეცდნენ! როდესაც ამას ამბობდა ტრამპი, მას გადაწყვეტილი ჰქონდა თავდასხმა.
ირანელთა ყურადღების მოდუნებას ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს თხოვნა ქნესეთისადმი 3 დღით შვებულების აღების თაობაზე — შვილის ქორწილის გამო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უმალ გავრცელდა ისრაელის მედიაში და ირანმაც დაიჯერა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ნახევარი დღის შემდეგ, 13 ივნისს ისრაელმა დაიწყო ირანის მასირებული დაბომბვა. ქორწილი გაიმართა, სისხლის ღვრის პარალელურად.
ტრამპმა მოატყუა არა მარტო ირანი, არამედ მსოფლიო. ნეთანიაჰუმ მოატყუა ირანიც და მსოფლიოც.
მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და გზა გამართლებულია, მაგრამ თუ ეს მიზანი წითელ ხაზებს კვეთს და მსოფლიოს სტაბილურობას ემუქრება — დანაშაულია. მაგრამ, ვინ არის გამკითხავი?
არც არავინ!
ნატოელი მოკავშირეები სულმოუთქმელი ელოდნენ ტრამპის ჰააგაში გამოჩენას — ნატოს სამიტზე. მათ თავიანთი პრობლემები ჰქონდათ — თავის გადარჩენა, ნატოს გადარჩენა. მარტის თვის ცვალებადობის მსგავსი, ტრამპის აზროვნებიდან გამომდინარე ყველაფერი იყო მოსალოდნელი. თუნდაც ის, რომ ტრამპს ეთქვა — მე გავდივარ ალიანსიდან და მომავალში თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენს თავსო.
ტრამპისთვის, ნატოს სამიტი პირველი იყო 5-წლიანი შესვენების შემდეგ. რა იყო 5 წლის წინ, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ნატოს გველის ნაკბენივით ახსოვს — ნატო ანაქრონიზმია. ის შეიქმნა საბჭოთა კავშირის საპირწონედ და მისი თავდასხმის მოსაგერიებლად. საბჭოთა კავშირი აღარ არის, რა საჭიროა ნატო?
გარდა ამ განცხადებისა, ტრამპმა ისიც თქვა, რომ აშშ-ს ძვირი უჯდება ნატოს შენახვა. ნატოს ხარჯების 73% აშშ-ზე მოდის, კეთილი ინებეთ და გაზარდეთ თქვენი სამხედრო ხარჯები — ერთიანი ეროვნული შემოსავლიდან 3%-მდე, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი დატოვებს ნატოს და თქვენი თავის დაცვა თვით მოგიწევთო.
ტრამპი, ბაიდენმა ჩაანაცვლა და 4 წლის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდა არვის გახსენებია. ნატოელები არხეინად ცხოვრობდნენ, მაგრამ ტრამპის მეორედ მოსვლამ ძილი დაუფრთხო მათ.
ტრამპმა თეთრ სახლში შესვლისთანავე გაიხსნა ნატოს ხარჯები და ძველი „პლასტინკა“ დაატრიალა, ოღონდ ახალი სისწრაფით. ახლა 3%-ი არაფერია, 5% უნდა გადაიხადოთო. თითქმის ნახევარი წელია რაც ტრამპი ამ მოთხოვნას უყენებს ნატოელ კოლეგებს და როგორც ჩანს შეაგნებინა.
ნატოს ჰააგის სამიტამდე ნატოს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ხარჯების გაზრდას, მაგრამ არა უმალ — დღეს ან ხვალ, არამედ 2035 წლისთვის, ანუ 10 წლის შემდეგ.
ერთადერთი ქვეყანა, ესპანეთი იყო, რომლის პრემიერ-მინისტრმა დასაბუთებით განაცხადა, რომ ვერ შეძლებს დავალების შესრულებას. არადა, ესპანეთი ევროკავშირის ის წევრია ქვეყანაა, რომლის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%-ს შეადგენს. ასეთი მონაცემები არც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას არ აქვს.
ენერგეტიკულმა კრიზისმა, თვით ევროკავშირის წევრთა აბსურდული პოლიტიკით შექმნილმა მძიმე დარტყმა მიაყენა მათ. ევროკავშირმა უარი განაცხადა რუსული „პოლიტიკური“ გაზის მიღებაზე. მწვანე ენერგეტიკა ამჯობინა, მაგრამ წარუმატებლად.
ეკოლოგიიდან გამომდინარე ბევრმა უარი თქვა ატომურ ელექტროსადგურებზე, რამაც რუსული იაფი გაზის მიუღებლობასთან ერთად, ლახვარი ჩასცა ევროკავშირის ეკონომიკას.
ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს ევროკავშირი გაზის გარეშე იყოს დარჩენილი. ევროპა, ნაცვლად „ჩრდილოეთის ნაკადის“ რუსული გაზისა, აშშ-ს დაჭირხლულ გაზს იღებს, თუმცა 3-ჯერ ძვირად, ვიდრე რუსულს.
ევროპის სამხრეთს თურქეთი აწვდის გაზს, ცხადია რუსულს, ოღონდ თურქულის სახელით, რაც საკმარისი არ არის.
ძვირი ამერიკული გაზი არ იძლევა ევროპის ეკონომიკის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების შანსს, ვინაიდან ძვირი გაზით დამზადებული პროდუქცია კონკურენტუნარიანობას მოკლებულია. უგაზობამ დაამხო გერმანიის ავტომრეწველობა, ქიმიური და სხვა დარგები, მათ შორის სოფლის მეურნეობის. ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-საც ვერ აღწევს — ნულებშია.
გაძვირებულმა გაზმა გააძვირა ელექტროენერგიაც, როგორც წარმოების სექტორში, ისე კერძოში. ელექტროენერგიის ეკონომია ჩვეულებრივად იქცა ევროპელებისთვის. ენერგეტიკულმა კრიზისმა გააძვირა ფასები კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურების სფეროზე. და ასეთ დროს ტრამპის მოწოდება სამხედრო ხარჯების 5%-ე გაზრდა?
მეტი რა გზაა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბრძანა და უნდა შესრულდეს! ერთი, რაც ნატოს წევრებმა მოახერხეს — 5%-იანი გაზრდა 2035 წლამდე გადასწიეს, ალბათ იმის იმედით, რომ მანამდე ან „ვირი იქნება, ან პატრონი“.
ტრამპი, რომ არ იქნება, ცხადია. ასე რომ, დაეთანხმნენ ტრამპს და გადავიდნენ სამწლიანი მოლოდინის რეჟიმში. 3 წელს როგორმე გაუძლებენ ტრამპს, შემდეგ კი გაილაღებენ ცხოვრებას. ტრამპის შემდეგ დავალებას არვინ გაიხსენებს, მითუმეტეს თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ საპრეზიდენტო არჩევნებში.
აი, ეს აისახა ერთგვერდიან დოკუმენტში, რომელიც ნატოს სამიტმა მიიღო. სხდომა, ნაცვლად 2 დღისა, ტრამპის მონაწილეობით, 2 საათამდე შემცირდა. უტრამპოდ სხდომა წინა დღესაც გაიმართა და ტრამპის შემდეგაც, მაგრამ „უბოსო“ სხდომას რომ ფასი არ აქვს, კარგად იცით.
ჰააგის სამიტი, დოკუმენტის მიღებით არ იყო გამორჩეული, უკანალში ძრომით მიიპყრო მან ყურადღება. განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნის რიუტეს მხრიდან. როგორ არ ლოკა მან ტრამპი — ქვემოდან, ზემოთ, თუ ზემოდან, ქვემოთ. „დედიო“ (“daddy”), ქართულად, „მამიკოც“ უწოდა, ოღონდ ტრამპს არ დაეტოვებინა სხდომა და ნატოდან გასვლა არ გამოეცხადებინა.
ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც ტრამპის რისხვას გადაურჩნენ, ისეთი გახარებულები იყვნენ, უკეთესს რომ ვერვინ ინატრებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ტრამპს რომ ეთქვა გაიხადეთო, ყველა გაიხდიდა.
გამახსენდა პრეზიდენტ სააკაშვილის ღრეობის ერთ-ერთი სიუჟეტი, როდესაც მან გოკა გაბაშვილს უბრძანა — იცეკვეო, და ცეკვის, მითუმეტეს „ქართულის“ უცოდინარმა გოკამაც, თვალებგადმოკარკლულმა ჩამოუარა.
ესეც თქვენი დემოკრატია მეტიჩარა მედასავლეთეებო. ტრმპმა ნატოს წევრებს აგრძნობინა, ვინ არის ბატონ-პატრონი; ვინ წარმართავს ნატოს პოლიტიკას. დაანახა თუ არა ტრამპმა თავის ნატოელ „კოლეგებს“ მისი, მათდამი დამოკიდებულება მიზანშეუწონლად ჩათვალა მათთან ყოფნა და ვაშინგტონს გაქუსლა.
ტრამპმა თავისას მიაღწია — ნატოს წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების 5%-მდე გაზრდა 2035 წლამდე. მართალია ტრამპი, ასაკიდან გამომდინარე ვერ მოესწრება შედეგს, მაგრამ ამჯერად ხომ შეისრულა საწადელი?
და ეს მაშინ, როდესაც პრეტენზია აქვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების. ასეთი სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას კი არ უნდა მოითხოვდეს, პირიქით შემცირებას.
სამხედრო ხარჯების გაზრდა, ევროპელი ლიდერებისთვის დაკავშირებულია ფულის შოვნასთან. ეს, ის შემთხვევა არ არის, ანეკდოტი რომ გვიყვება — სეროჟ, ფული საიდან? „ტუმბოჩკიდანო“ — სერიოჟა რომ პასუხობს. იმ „ტუმბოჩკაში“ ფული მართლაც შეიძლება იყოს, მაგრამ არა სამხედრო მშენებლობისთვის. სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ჩაიდო ფული „ტუმბოჩკაში“, ხელისუფალთ მეტი რაღა დარჩენიათ იმ „ტუმბოჩკაში“ ჩაყონ ხელი და სოციალური სფეროსთვის განკუთვნილი, რაკეტებს და ტანკებს მოახმარონ.
რაკეტები და ტანკები საიდან?
კარგა ხანია ნატოს წევრი ქვეყნები, აშშ-ს დაფინანსებით გაზულუქებულები, აღარ აქცევენ ყურადღებას სამხედრო მშენებლობას. თუ რამ კეთდება ამ დარგში, კანტიკუნტად, წინასწარ დაგეგმილის მიხედვით. ამ შემთხვევაში უკრაინის ომი და მისი იარაღით მომარაგება დიდი პრობლემაა. სამხედრო ქარხნების მშენებლობა არაერთ წელს მოითხოვს, მანამდე რა ჰქნას ნატოს წევრმა ქვეყნებმა?
აშშ-ს უნდა მიმართონ — იარაღის შესაძენად. ასე რომ, ტრამპის ბრძანება სამხედრო ხარჯების 5%-ე გაზრდის თაობაზე, აშშ-ს „ტუმბოჩკას“ შეავსებს.
ტრამპი კმაყოფილია, მაგრამ ვგონებ ნატოს დანარჩენი წევრები მთლად კმაყოფილები ვერ იქნებიან და რატომ?
იმიტომ, რომ მოუწევთ საკუთარი ხალხისთვის იმის ახსნა — სად წავიდა სოციალური ფული. ძველი არგუმენტის მოშველიება გავლენას ვერ ახდენს. ძველი კი ასეთი იყო — რუსეთი აგრესორია, უკრაინას რომ დაიპყრობს, შემდეგ ჩვენ მოგვადგებაო. მერედა სჯერათ „უზომო“ ფასეულობების მქონე განათლებულ ევროპელებს ეს სისულელე?
სჯერათ! და რატომ?
იმიტომ, რომ ევროკავშირის შტაბ-ბინის ბრძანებით — ყველა ევროპულ ქვეყანას. ევროკავშირთან ასოცირებულს ან ევროკავშირის წევრობის კანდიდატს აუკრძალეს რუსული ტელეგადაცემების ყურება, რუსული ჟურნალ-გაზეთების კითხვა, რუსი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებების ხელში აღება, რუსულ კულტურასთან შეხება, მათ შორის ბალეტთან, კლასიკურ მუსიკასთან, მხატვრობასთან — ყველაფერ იმასთან, რაც დაკავშირებულია რუსეთთან.
რაღა შორს მივდივართ, ანალოგიური ვითარება არ გვაქვს საქართველოში?
რუსეთი, ევროპელთათვის მტერია, ისე, როგორც ჩვენთვის. ისინიც და ჩვენც 24-საათიან რეჟიმში ვლანძღავთ რუსეთს და ისეთს ვაბრალებთ, რაც არათუ რუსისთვის, არავისთვის რომ მისაღები არ არის, მათ შორის ყველაზე კორუმპირებული უკრაინისთვისაც.
ევროპელთა დაშინება — რუსეთი მოდისო, კარგავს თავის სიმწვავეს, ვინაიდან სიმართლე ბრიუსელის მიერ აღმართულ ბეტონის კედლებშიც გადის. ევროპელი, თუ ყველა არა, საკმაო ნაწილი ხვდება, რომ რუსი ისეთი „ეშვებიანი“ არ არის, როგორსაც მათი პოლიტიკოსები ხატავენ. რუსეთიდან, ტერიტორიულად დაშორებული ევროპა ხედავს ამას, ჩვენ, რუსეთის ყურისძირში მცხოვრებნი ვერ ვხვდავთ.
სულ ახლახანს, რადიო „მაესტროს“ ჟურნალისტის ჭითანავას სტუმარი, ვითომ ექსპერტი, გვარი არ მახსენდება, აცხადებდა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლის პირას არის; არ ჩანს წარმატება ფრონტის ხაზზე; რუსეთი ფაქტიურად ომს აგებს უკრაინაში; რომ ასეთი რუსეთი ვერ დაეხმარება ირანს; რომ დასავლური იარაღი, კერძოდ ამერიკული ასი თავით სჯობს რუსულს და ა.შ.
ამ ვაი-ექსპერტებისგან რუსეთის ობიექტური შეფასება წარმოუდგენელია, ვინაიდან ისინი ანტირუსად გაზარდეს და ასეთად დარჩებიან სიცოცხლის ბოლომდე. მათ ანტირუსობაში უხდიან ფულს, მაგრამ მსმენელმა რა დააშავა?
ეს „ექსპერტი“ რომ ერთი იყოს, კიდევ არაფერი, მაგრამ ყველანი, რომ ასეთებია — მატყუარები, ეროვნებათაშორის შუღლის გამღვივებლები, რუსთმოძულეები, უვიცები. არავითარი ექსპერტობა არ იქნებოდა საჭირო, რუსეთის ტელეკომპანიების გადაცემები რომ ყოფილიყო საქართველოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ბრძანა — ევროკავშირთან ურთიერთობებს ვაჩერებთ 2028-30 წლებამდეო. ის, იმასაც დაგვპირდა, რომ საქართველო შევა ევროკავშირში 2030 წელს და ის ევროკავშირი სხვა იქნება, ანუ არა ისეთი, როგორიც დღეს — „ოცნების“ ხელისუფლების მოძულე, არამედ სხვაო. სჯერა მას ამის?
ევროკავშირის გადასხვაფერებას მრავალი წელი დასჭირდება, თაობის ცვლა.
გადასხვაფერების მოლოდინი არ მაქვს, დაშლის — უდავოდ! თვით ამ კავშირში მიმდინარე მწვავე დაპირისპირება წევრ ქვეყნებს შორის მკარნახობს ამას, მაგრამ თავი დავანებოდ ამას და ვთხოვოთ კობახიძეს — ვიდრე ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობებია და ვიდრე საქართველო 2030 წლამდე არ გაწევრებულა ევროკავშირში, ჩართოს რუსული ტელეკომპანიები და მისცეს ხალხს შესაძლებლობა თვით გააკეთოს დასკვნა და არა ვიღაც უცოდინარმა, დასავლურ ფულზე გაყიდულმა ექსპერტმა რუსეთის ავკარგიანობის თაობაზე.
ამერიკული შეიარაღება, განსაკუთრებით მძიმე ტანკები, მათ შორის „აბრამსი“, წარუმატებელი რომ გამოდგა უკრაინაში, თვით უკრაინელი სამხედროები და უცხოელი, მათ შორის ამერიკელ-ევროპელი ჟურნალისტები აცხადებენ — ისინი, ისე იწვიან, როგორც მუყაოსგან დამზადებული, ხოლო შავმიწანიადაგიან ტალახში ჩაძირული, მრავალტონიანი ტანკის „აბრამსის“ ტალახიდან ამოთრევა დიდი თავსატკივარია.
რუსეთის არმია წინ მიიწევს, მართალია არც ისე სწრაფად, როგორც საჭიროა, მაგრამ ასეთია გეგმა — უკრაინის გამოფიტვა და მასთან ერთად მისი 50 მოკავშირის, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართული უკრაინის ომში. გამოფიტვა კი სახეზეა, განსაკუთრებით ევროკავშირში, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, ვინაიდან ერთ დროს ქვეყნად წოდებული, დღეს არარაობაა.
რუსეთი, ეკონომიკური განვითარების ტემპით 4,1% პირველია ევროპაში, მეოთხე მსოფლიოში — ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ. ისეთი ქვეყნები კი, როგორებიც გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია — ათეულშიც არ არიან.
რუსეთში, წელს უკვე განხორციელდა ხელფასების მატება 6%-ით, შარშან — 14% იყო, წლის ბოლომდე 6%-ი გაიზრდება — მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების გამოთვლით.
ეკონომიკურ სტაგნაციაში მყოფი ქვეყანა, ვერ უმასპინძლებს მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმს სანქტ-პეტერბურგში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 144 ქვეყნის 20000-ზე მეტი ეკონომისტი, ფინანსისტი, პოლიტიკოსი, სხვა დარგების სპეციალისტი.
ეკონომიკურ გაუსაძლისობაში მყოფი ქვეყანა, კრემლში ვერ გამართავდა გამოსაშვებ საღამოს („ბალს“), მიძღვნილს საშუალო სკოლის დამთავრებული ახალგაზრდებისთვის.
ვერც სანქტ-პეტერბურგის „ალიე პარუსას“ გრანდიოზულ დღესასწაულს ჩაატარებდა — ასევე მიძღვნილის სკოლის დამთავრებისადმი.
დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ესოდენ მასშტაბურ ღონისძიებას აწყობდეს სკოლადამთავრებულთათვის. ვერ დამისახელებთ, ვინაიდან ასეთი ტრადიცია არ აქვთ. საბჭოეთს ჰქონდა. საბჭოთა ტრადიცია რუსეთმა გააგრძელა.
სანქტ-პეტერბურგის ზეიმში 100000-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, ისე, როგორც უცხოელები. რიო-დე-ჟანეიროში ყოფნის დროს, ვნახე „სამბადრომი“, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც იმართება ტრადიციული კარნავალი. თავის მასშტაბით ის ახლოსაც ვერ მივა სანქტ-პეტერბურგის ყოველწლიურ ღონისძიებასთან.
არ დაიღალეთ, რუსეთის გინებით?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
30/06/2025