პოლიტიკური „სამაია“

არის ასეთი ქართული ცეკვა „სამაია“ — ნარნარი, გრაციოზული, სამი მოცეკვავე ქალის მიერ შესრულებული „სუხიშვილების“ ანსამბლიდან. აი, ეს ცეკვა, უფრო სწორად ცეკვის შინაარსი და სახელი მივამსგავსე რატომღაც ახლო აღმოსავლური პოლიტიკის მთავარ მოქმედ „გმირებს“, რომლებმაც 12 დღის განმავლობაში ლამის კაკლები გვამტვრევინა, ერთმანეთთან „ქურდული“ გარჩევის დროს.
მსოფლიო პოლიტიკა, ექსპერტობა, დიპლომატია და რაც მთავარია სამხედრო ძალა, თუნდაც შორს მყოფი საბრძოლო მოქმედების თეატრიდან, როგორც ომის არენას საერთაშორისო დიპლომატია ნათლავს, 24-საათიან რეჟიმში მიჩერებული იყო ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაზე, რომ პატარა ნიუანსიც არ გამორჩენოდათ ისრაელ-ირანის დაპირისპირებიდან, უფრო სწორად ომიდან და აქედან გამომდინარე რეაქცია მესამისა — მრავალი ათასი კილომეტრით დაშორებულისა ეპიცენტრიდან.
24 ივნისს შვებით ამოვისუნთქეთ. შვებით ამოისუნთქეს ირან-ისრაელის მოსახლეობამ და 12 დღის შემდეგ მოკრიალებულ ზეცას შეხედეს, დრონებისა და რაკეტებისგან თავისუფალის.
ისრაელში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ებრაელებმა, რაც უპირველესად გაკეთეს ბეტონის ბუნკერები დატოვეს და ზღვას მიაშურეს საბანაოდ.
ირანში მყოფმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს მრავალათასიანი მიტინგი თეირანის, სხვა ქალაქების ცენტრში, ხელისუფლების მხარდასაჭერი, გამარჯვების აღმნიშვნელი.
ტელევიზიით ისიც ვიხილეთ, როგორ კრძალავენ ომში დაღუპულ ადამიანებს. ირანის ოფიციალური წყაროების მიხედვით, ირანმა 600-ზე მეტი ადამიანი დაკარგა 12-დღიან ომში, დასახიჩრებულთა რაოდენობაც დიდია და ერთიორად აჭარბებს დაღუპულებს.
ისრაელს ჯერ-ჯერობით ასეთი ცნობა არ გაუსაჯაროებია. ის ტრადიციულად დამალავს სინამდვილეს.
მესამე მხარე, ანუ აშშ-ი ყოველგვარი დანაკარგის გარეშე გამოვიდა ამ კონფლიქტიდან, რომელშიც უმთავრესად მონაწილეობდნენ ამერიკელი პილოტები, რომლებმაც ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ამერიკიდან-ირანამდე შეასრულეს ბრძანება და უკან გაფრინდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა აღნიშნულის შესახებ — არც სამხედრო ტექნიკა და არც სამხედრო მოსამსახურე არ დაგვიკარგავსო. აშშ-ი მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებიდან, დღემდე, მრავალ ომში მონაწილე, ასე უმსხვერპლოდ არ გამოსულა, როგორც ისრაელ-ირანის ბოლო, 12-დღიანი ომიდან.
ტრამპს საამაყოდ აქვს საქმე, ვინაიდან შეასრულა ჩანაფიქრი — ძალის გამოყენებით, მშვიდობის დამყარება. როგორც ჩანს, ირან-ისრაელსაც აქვთ საამაყო, რასაც ვუყურებთ და ვისმენთ მათი პირველი პირების განცხადებებიდან.
ირანის სულიერმა ლიდერმა, ქვეყნის მმართველმა ჰამენეიმ და პრეზიდენტმა პეზეშკიანმა თქვეს ამ გამარჯვების თაობაზე და მიულოცეს ირანელ ხალხს, მადლობა გადაუხადეს ირანის შეიარაღებულ ძალებს, ირანის რევოლუციის დაცვის გუშაგებს სანიმუშო სამსახურისთვის.
ანალოგიური მადლობა ირანის შეიარაღებული ძალების, სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“, ებრაელი ხალხის მიმართ გამოთქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ.
პრეზიდენტმა ტრამპმა შეაქო ამერიკელი მფრინავები, რომლებმაც დაბომბეს ირანის ბირთვული ობიექტები, განსაკუთრებით ფორდოვი.
სამივე კმაყოფილია, მაგრამ მათზე მეტად რეგიონის ქვეყნების მოსახლეობა, ჩვენის გამოკლებით, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ, ისე, როგორც პოლიტიკამ ან არ იცოდა ამ ომის შესახებ, ან უაღრესად ფერმკრთალად, ვინაიდან, რატომღაც ომი ცხრა მთას იქით ეგონათ და არა 50 წუთის საფრენზე თბილისიდან.
საერთაშორისო ცხოვრებას გამოთიშული საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ ირან-ისრაელი ძალიან შორს, აფრიკის კონტინენტის სამხრეთშია და ამდენად ჩვენს ყოფაზე არ ახდენენ გავლენას.
ასე რომ, ისრაელ-ირანის დაპირისპირება ჩვენი არ არის და მშვიდად შეიძლება გავაგრძელოთ საღათას ძილი. ჩვენი, იცით რა არის?
პოლიტიკური ოპოზიციის ბრიყვული განცხადებები, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დაძახილზე ბოიკოტის გამოცხადება, გამოუცხადებლობის გამო — სასამართლოს მიერ ჯარიმის გადახდის დაწესება ან თავისუფლების აღკვეთა.
მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების უნიკალური მოვლენაა, როცა პოლიტიკოსი, თავისუფლებაში ყოფნას, ციხეს ამჯობინებს. ნეტავ რა პროგრესს მიაღწია „ოცნების“ ხელისუფლებამ საპატიმრო ადგილებში, ციხე სანატრელი რომ გახდა?
როგორც ჩანს, ვინც ციხეში ყოფნას არჩევს თავისუფლებაზე ყოფნას, თავისუფლება ციხედ მიაჩნია ან ფიქრობს ისეთ პირობებში იქნება, როგორშიც ნაპრეზიდენტალი სააკაშვილია — სამოთახიან კლინიკაში მყოფი, ციხის ნაცვლად.
„სამაიას“ ნარნარი ცეკვა კი გრძელდება და მაყურებელს არწმუნებს ამ „ტროიკიდან“ თითოეულის წარმატებაში და ჩვენც, რაღა დაგვრჩენია, დაკვირვებით შევხედოთ ე.წ. წარმატებებს ცალ-ცალკე, სამივემ ერთად რომ მოიპოვეს 12-დღიან ომში.
ისრაელ-არაბული სამყაროს დაპირისპირება 1948 წლიდან იწყება — პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პირველივე დღიდან. რატომ?
იმიტომ, რომ გაეროს მიერ გამოცხადებული 2 სახელმწიფოს შექმნის ნაცვლად, შეიქმნა ისრაელის, ხოლო პალესტინელთა სახელმწიფო არ შეიქმნა. იქიდან მოყოლებული ომი ამ ორს შორის გრძელდება.
ისრაელს მხარს დასავლეთი უჭერს, უპირველესად აშშ-ი, პალესტინელ არაბებს — არაბული სახელმწიფოები, მსოფლიო მუსლიმანობა, მათ შორის ირანის ისლამური რესპუბლიკა, შიიტური ისლამი, სუნიტებთან შედარებით — უმცირესობა. თუ სუნიტებთან ისრაელს, დასავლეთმა გამოაძებნინა საერთო ენა, შიიტებთან ვერ მოახერხა.
შიიტთა წინამძღოლი ირანის ისლამური რესპუბლიკაა — 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელმაც დაამხო შაჰის, რეზა ფეჰლევის მმართველობა.
შაჰის ირანი, აშშ-ს მარჯვენა ხელი ახლო აღმოსავლეთში, კარგად იყო ისრაელთან. აიათოლა ჰომეინის და მისი საქმის გამგრძელებლის ჰამენეის დროს ისრაელი მუსლიმთა მტრად გამოცხადდა, ირანი მოითხოვს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რაც მიუღებელია ისრაელისთვის. ირანი აფინანსებს ანტიისრაელურ ორგანიზაციას „ჰამასს“ და „ჰესბოლას“, რომლებიც არა მარტო სიტყვით, არამედ იარაღით ცდილობენ დაიცვან პალესტინელები.
თვით ირანი, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკით იყი, არის და იქნება გამოწვევა ლიბერალური ევროატლანტიკური სივრცისთვის. წინა სტატიებში აღვნიშნე, რომ 1979 წლის შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის წყალობით, გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა ირანის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ზოგს, როგორც აქ, ისე სხვა ქვეყნებში ჰგონიათ, რომ შაჰის ირანი ყველა პარამეტრით, მათ შორის სოციალური კეთილდღეობით, სამაგალითო იყო რეგიონში, რაც უარყოფითად შეიცვალა აიათოლების ხელისუფლებაში მოსვლით.
მცდარი შეხედულებაა, ვინაიდან რევოლუციაში მონაწილეობდა ირანის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელმაც ვერ აიტანა შაჰის ოჯახის, მისი ძმის, დების მოჭარბებულ ფუფუნებაში ცხოვრება, დასავლური ცხოვრების წესის დანერგვა ირანულ საზოგადოებაში, სადაც მთელი მოსახლეობა რელიგიურია, შიიზმის მიმდევარია, თუმცა იმავდროულად ტოლერანტული.
მაშინაც და დღესაც ირანში მოქმედებს კათოლიკური, მართლმადიდებლური, სომხური ეკლესიები, ისე, როგორც სინაგოგები. ისლამური ირანის რესპუბლიკა, სამიზნე დასავლეთისა, დასავლური სანქციებით შეწუხებული, იძულებული იყო თავისი შეექმნა, არა დასავლეთზე ორიენტირებული ან სხვაზე, არამედ საკუთარ თავზე. და მან შექმნა ახალი ეკონომიკა, ახალი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, მეცნიერება, ბირთვული კვლევა და სხვა მრავალი, რამაც ირანი თითით საჩვენებელი ქვეყანა გახადა და გაათანაბრა იმ დასავლეთთან, რომელმაც მას სანქციები დაუწესა, რომელიც ცდილობდა და ცდილობს მის დამცირებას.
ირანი სუვერენულია გაცილებით მეტად, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყანა — აშშ-ს პირში შემყურე და ფინია ძაღლივით — კუდის მოქიცინე პატრონის დანახვისას.
სწორედ ასეთ სურათს შევესწარით სულ ახლახანს, ნიდერლანდებში, კერძოდ ჰააგაში ნატოს სამიტზე, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელები პრანჭვა-გრეხვით, ხელოვნური ღიმილით ყურებამდე, ლამის ხელს უკოცნიდნენ ტრამპს.
ირანმა დაამტკიცა, რომ ქვეყანაა, მძლავრი, სათანადოდ შეიარაღებული, რომელსაც შეუძლია გაუძლოს დასავლურ შემოტევას, კერძოდ ბოლო 12 დღის განმავლობაში აშშ-ისრაელის.
ისრაელი, ირანთან შედარებით პატარა ქვეყანაა, როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობით. ირანის ტერიტორია 1,5მილიონი კვ. კმ-ია, 92 მილიონი მოსახლით. ისრაელის ტერიტორია, შეკვეცილი საქართველოს ტერიტორიის ტოლიც არ არის — 20000 კვ.კ,-ია, რომელზეც 10 მილიონამდე ებრაელი ცხოვრობს, მაგრამ ისრაელის უკან იდგა და დგას ებრაული ლობი აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში — დიდი ფულით და შესაძლებლობებით. თვით აშშ-ი, რომლისთვისაც ისრაელი შვილი თუ არა შვილობილია, რომელსაც შვილზე მეტად აქცევს ყურადღებას.
აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპისთვის ისრაელი სხვა რამითაც არის ახლო, ნათესაურით. ტრამპის სიძე ებრაელი კუშნერია. კუშნერის მამა ტრამპის წარმომადგენელია ისრაელში.
ტრამპი, აშშ-ს ის პრეზიდენტია, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად და აშშ-ს საელჩო გადაიტანა ქალაქში, რომელიც აღიარებულია ყველას ქალაქად, ყველა აღმსარებლობის მიმდევართა ქალაქად და არა მარტო ებრაელთა.
აშშ-ი და ისრაელი 1979 წლიდან ებრძვიან ირანს — ისლამურ ირანს, რომელიც მხარს უჭერს პალესტინელ ხალხს და მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას — პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. ირანი არ ცნობს ისრაელს და ამ უკანასკნელის აგრესიულობიდან გამომდინარე, საპასუხოდ უარს არ იტყოდა მის მორჯულებაზე.
აშშ-ს მხარდაჭერით გაგულისებული ისრაელი იყო და არის მზად ირანის გასანადგურებლად, მისი რელიგიურ-პოლიტიკური სისტემის დასანგრევად, ირანელი პოლიტიკოსების, მათ შორის სამხედროების დასახოცად. თავდაჯერება გამოწვეულია არა მარტო აშშ-ს გვერდში დგომით, არამედ ბირთვული იარაღის ქონით.
ისრაელი, ახლო აღმოსავლეთის გამორჩეული ქვეყანაა, უპირველესად იმიტომ, რომ ფლობს ატომურ იარაღს. ოფიციალურად ისრაელი არ აცხადებს ამის თაობაზე, მაგრამ არაოფიციალურად, ჭორების დონეზე, რომელიც ახლოა სინამდვილესთან, არაერთხელ გაავრცელა ხმა მაშინ, როდესაც ბირთვული ბომბი დაამზადა. და დაამზადა იმიტომ, რომ თავი დაიცვას არაბული ქვეყნებისგან.
დაამზადა და ვითომ ჭორი ისე გაავრცელა, რათა ყველას გაეგო, განსაკუთრებით მეზობლებს — იარაღი მაქვს ბირთვული, არ გაბედოთ ჩემზე თავდასხმაო.
როგორ შეხვდნენ ბირთვული იარაღის მქონე აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, პაკისტანი ისრაელის ბირთვულ ბომბს. ილაპარაკეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რახან ისრაელის ხელისუფლება არ აღიარებს ბირთვული ბომბის ქონას, ესე იგი არ აქვს.
ყველამ თვალი დახუჭა, მაგრამ ამ თამაშის შემყურე ჩრდილო კორეამა, სამხრეთ კორეის აგრესიული გამოხდომების შემყურემ, ისე, როგორც აშშ-ს, თავის დაცვის მიზნით შექმნა ბირთვული ბომბი. შექმნა და მისი პრესტიჟი მთელს მსოფლიოში ისე გაიზარდა, რომ ტრამპი, თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩრდილო კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ისე მოწიწებით ეპყრობოდა მოლაპარაკების დროს, თითქოს ის იყო კიმ ჩენ ინი, ხოლო კიმ ჩენ ინი — ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტი.
ბირთვული იარაღი ისეთი რამაა, რომელსაც დიდი დამანგრეველი ძალა აქვს, იმავდროულად დამანგრეველი ძალის შემაკავებლის. აშშ-ს მიერ იაპონიის ქალაქებში ჩამოგდებული ბომბების სიძლიერე ასჯერ ჩამოუვარდება თანამედროვე ბირთვული ბომბის დამანგრეველ ძალას, რაც, როგორც ჩანს არ იციან ევროპელმა ე.წ. პოლიტიკოსებმა, რომლებმაც საზოგადოება შეაჩვიეს ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენებას. არადა, ასეთი ნახევარ ევროპას, მჭიდროდ დასახლებულს მიწასთან გაასწორებს.
ირანმა რახანია დაიწყო ბირთვული კვლევის ცენტრის შექმნა სამშვიდობო ბირთვული ენერგიის გამოყენებისთვის, რაც საერთაშორისო ატომური ენერგიის კვლევის მაკონტროლებელი ორგანოს „მაგატეს“ მიერ დაშვებულია, მაგრამ ისრაელისთვის დაჯერება იმისა, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ ბომბს ძნელია. ამდენად მან შეტევა მიიტანა ირანის ბირთვულ ობიექტებზე — განადგურების მიზნით.
გარდა ბირთვული კვლევის ობიექტების განადგურებისა, ისრაელმა დახოცა ირანელი მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ აღნიშნულ ლაბორატორიებში.
ისრაელმა დახოცა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლები, გაანადგურა მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულებების შენობები, ქარხნები, სადაც ამზადებდნენ ბალისტიკურ რაკეტებს. მაგრამ, რაც მთავარია და რის შესახებაც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მოუწოდებდა ირანელ ხალხს, ის ვერ გააკეთა, ანუ ვერ მოახერხა ირანელთა ქუჩაში გამოყვანა აიათოლების ხელისუფლების დასამხობად.
ისრაელის აგრესიამ, პირიქით დარაზმა ირანელები საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების დასაცავად. აი, სწორედ ამას ზეიმობს ირანი. მრავალათასიანი მიტინგების მონაწილენი ტრადიციულად გაიძახიან — სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. სატელევიზიო ინტერვიუებში დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ირანი მაინც შექმნის ბირთვულ იარაღს.
ბირთვული კვლევის ობიექტები განადგურებულია — ასე აცხადებს აშშ-ს ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი, ცსს უფროსი, თუმცა გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ და ტელეკომპანია CNN საწინააღმდეგოს — დაბომბვა იყო, მაგრამ მას არ მოჰყოლია ობიექტების განადგურება.
ასე რომ, ირანს შეუძლია კვლევების გაგრძელება, ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოების დამთავრებისთანავე. ირანი სამუშაოების გაგრძელების დროს არ ასახელებს — ობიექტურ მიზეზთა გამო. ირანი არც იმას ამბობს, სად გადამალა გამდიდრებული ურანი. არადა, „მაგატე“ კატეგორიულად მოითხოვს ირანისგან ასეთი ინფორმაციის მიწოდებას. პასუხად — ირანი დროებით წყვეტს „მაგატესთან“ თანამშრომლობას.
ირანის ხელისუფლებას მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუწევს, მათ შორის ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ აგენტებთან ბრძოლა და მის მიერ მოსყიდული ირანელების დაკავება-გასამართლება. ზოგიერთი სიკვდილით დასაჯეს კიდევაც, მაგრამ, როგორც ჩანს ეს ზღვაში წვეთია, ვინაიდან მოკლულ მაღალჩინოსან სამხედროთა და ბირთვულ კვლევებში მონაწილე მეცნიერთა რაოდენობა შემაშფოთებელია. როგორც ჩანს „მოსადმა“ იცოდა მათი ადგილსამყოფელი, რამაც გააადვილა სამიზნეთა ლიკვიდაცია.
ირანის ისლამური რესპუბლიკა გამარჯვებას ზეიმობს, ანუ სახელმწიფოებრივი სისტემის შენარჩუნებას. ასე რომ, ნეთანიაჰუს მუქარა — აიათოლების მმართველობის დამხობის და სახალხო ჯანყის მოწყობის, არ გამართლდა.
ანალოგიური სურვილი ამოძრავებდა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, თუმცა მისთვის ჩვეული აზრთა სწრაფი ცვლის მიხედვით, აიათოლების მმართველობის დამხობის სურვილი შეიცვალა თანამშრომლობაზე. ტრამპი აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ არის ირანმა ივაჭროს თავისი ნავთობით. ის, არც მოლაპარაკების აღდგენის წინააღმდეგია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყატარში დაწყებული მოლაპარაკება აშშ-ირანს შორის ისევ გაგრძელდება და ხელშეკრულებაც გაფორმდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ აშშ-თან მოლაპარაკებაზე მტკიცე უარის მთქმელმა ირანმა, ყველასთვის მოულოდნელად, რატომ გადაწყვიტა ომის შეწყვეტა და აშშ-ს წინადადებაზე დათანხმება.
ომის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს არაქჩის, პუტინთან შეხვედრის დროს მინიმალური მინიშნებაც კი არ დასცდენია ცეცხლის შეწყვეტაზე, პირიქით, კატეგორიული იყო ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის მიზანი ისაა, რომ ირანი, როგორმე ჩამოაშოროს რუსეთსა და ჩინეთს. ჩინეთისთვის ირანი ყველაზე დიდი ექსპორტიორია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების.
აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის გადაწყვეტილებამ — ერთპიროვნულმა, კონგრესთან შეუთანხმებელმა, ისე, როგორც ნატოელ მოკავშირეებთან, დაგვანახა ჰეგემონის პოლიტიკა — იმპერატორისას რომ ჰგავს, რაც გონებამახვილურად დახატა ჰოლანდიურმა ჟურნალმა ნატოს სამიტის წინ — მაგიდას მიმსხდარი ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც გასუსული ელოდებიან მათ ზემოთ, იმპერატორის სავარძელში ტრამპის ჩაბრძანებას.
დემოკრატმა კონგრესმენმა ანტიტრამპული განცხადებებიც გააკეთა — კონსტიტუციის დარღვევისთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე, ვოლუნტარულად ომის დაწყების გამო. მაგრამ მარტო ტრამპია ასეთი?
ყველა მისი წინამორბედი სცოდავდა ისე, როგორც ტრამპი. პარალელურად გაისმის ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენის წინადადებაც — მშვიდობის დარგში. და მართლაც ტრამპმა წერტილი დაუსვა ომს ორთა შორის — ძალის გამოყენებით.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ტრამპის მოქმედებას „ტრამპის დოქტრინა“ უწოდა — მშვიდობა, ძალის გამოყენებით. ტრამპმა ირანი დაბომბა და უმალ გაეცალა საომარი მოქმედების თეატრს — მეომარ მხარეებთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევით.
ტრამპმა გაიმარჯვა. ირანმა გაიმარჯვა. ისრაელმა?
ისრაელმაც, ბირთვული ობიექტების განადგურებით, მაღალჩინოსანი სამხედროებისა და მეცნიერების დახოცვით, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ირანი არ გააგრძელებს ბირთვულ კვლევებს — მას არ აქვს. პირიქით, ირანს შეუძლია ბირთვული ბომბის დამზადება დაიწყოს საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, რათა არ აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, როგორშიც 12 საომარი დღის განმავლობაში იყო.
ნეთანიაჰუმ ვერ შეასრულა დაპირება — ირანის პოლიტიკური სისტემის განადგურება. ნეთანიაჰუმ ვერც ღაზის სექტორის პრობლემები მოაგვარა და ვერც „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება. მას მოუწევს „ჰამასთან“ შეწყვეტილი მოლაპარაკების აღდგენა.
ისრაელმა უმძიმესი ზარალი განიცადა — დანგრეული საცხოვრებელი სახლების და სამხედრო ობიექტების სახით; ცოცხალი ძალის დანაკარგი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ისრაელის მიერ წარმოებულ წინა ომებში.
ნაკლებად გამძლე გამოდგა ფართოდ რეკლამირებული „რკინის გუმბათი“, რომელმაც გაატარა ირანის ბალისტიკური რაკეტები, ისე, როგორც საცერმა წყალი.
აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების, და ასეთი 18-ია, მონაცემები არ მეტყველებდა პოზიტიურად ისრაელის შესაძლებლობებზე. ხანგრძლივ ომს ის ვერ გაუძლებდა, ამისთვის შესაბამისი იარაღის, ანუ რაკეტების არ ქონის გამო. მას აღარ შეეძლო ინტენსიური სარაკეტო თავდასხმის გაგრძელება. გამარჯვების სასწორი ირანისკენ გადაიხრებოდა —ისრაელის, როგორც სახელმწიფოს სრული განადგურებით. ისრაელის განადგურება კი აშშ-ს პოლიტიკის განადგურება იქნებოდა ახლო აღმოსავლეთში.
ისრაელი ომს აგებდა, რაც დაუშვებელი იყო ტრამპისთვის, რომელმაც სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღო ყატარის ხელისუფლებასთან, როგორც შუამავალთან მოლაპარაკების შემდეგ. ტრამპმა უარი თქვა ირანის აიათოლების მმართველობის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაზე, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით. იყო სხვა დათმობებიც აშშ-ს მხრიდან, რაც გამოჩნდება აშშ-ირანის მოლაპარაკებების და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ომი შეწყდა, თუმცა მშვიდობა არცთუ ისეთი მყარია, როგორიც საჭიროა — მდუღარე რეგიონისთვის. მშვიდობამ, თუნდაც კოჭლმა, ცეცხლი შეაწყვეტინა ორივე მხარეს, რაც დიდი გამარჯვებაა ყველასთვის, არა მარტო „სამაიასთვის“, არამედ რეგიონისა და მსოფლიოსთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
27/06/2025