15.07.2025

ყურადსაღები მსოფლიო მოვლენები

„დიდი შვიდეულის“ კანადის შეხვედრა, ისრაელ-ირანის ომი, ომი უკრაინაში ის მთავარი საერთაშორისო მოვლენებია, რომლებმაც საინფორმაციო წყაროების ყურადღება მიიპყრო და მათი წყალობით ჩვენიც. დავუმატოთ ამ სამეულს აშშ-ი განვითარებული მოვლენები, პრეზიდენტ ტრამპის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ დაწყებული ომიდან გამომდინარე და მივიღებთ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, რომლის მირთმევა ფაღარათის მსგავსი შედეგის მომტანი იქნება მსოფლიოსთვის.

არეულ სამყაროში წინასწარმეტყველება არც ისეთი იოლია, ბევრს რომ ჰგონია — აწმყო-მომავლის თავისეული შეფასებიდან გამომდინარე.

ქართული მედია განსხვავებულია, ისე, როგორც საზოგადოება. ორივეს არ ადარდებს ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება, ღობის იქით არ იხედებიან. ღობის შიგნით არსებულით არიან დაკავებულნი, მაგალითად მორიგი „პრობლემით“ — ადგილობრივი არჩევნებით და მასში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით.

დღევანდელ, ახალგამომცხვარ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება მათი გამოგონილია.

იყო ასეთი იუმორისტული საბჭოთა საქართველოს 70-იანი წლების ისტორიაში — ქართლის კასრაძე, რომელიც სცენაზე, ახალგაზრდა კაცთან კამათისას ამბობდა — შენ, რომ მოდიოდი, მე მივდიოდიო.

ჰოდა, ნაკლებად პატივცემულო ყვინჩილა პოლიტიკოსებო — ბოიკოტი თქვენი გამოგონილი არ არის, მსოფლიო პოლიტიკის ნაყოფია, მანკიერად გადმოღებული თქვენი მშობლების მიერ და საქართველოს პოლიტიკურ ნიადაგში ჩარგული.

და მერე რა? რა მოუტანა ბოიკოტმა ქვეყანას 34 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში?

არც არაფერი! ადგილობრივი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაც არაფერს მოიტანს. პირიქით, თქვენს მოწინააღმდეგე „ოცნებას“ გაახარებს, ისე, როგორც არაფორმალურ ლიდერს საქართველოს ბიძინა ივანიშვილს.

თქვენი ბოიკოტი დააწყებინებს ბიძინას ტანს ციებ-ცხელებას?!

პოლიტიკოსობა „ლობიოობა არ არის“ — ბრძანა ერთხელ ჯაბა იოსელიანმა — ლობიოს ჭამას გულისხმობდა გაპოლიტიკოსებული და პოლიტიკური თამაშით იმედგაცრუებული.

პოლიტიკოსი თუ მუდამ საქმეში, ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ჩართული, დაიჟანგება და თან ისე, ვერც ერთი ქიმიური სითხე ვერ მოაშორებს ჟანგს. დაჟანგული პოლიტიკოსი კი ისეთია, როგორც ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ მინდორზე დაბრუნებული ფეხბურთელი — მოკლე გარბენზე გული რომ ამოვარდნაზე აქვს.

დავუშვათ, ოპოზიციამ გადაწყვიტა ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობა. რას გააკეთებს ის, რით შეავსებს დროს, რომელიც საკრებულოში, პარლამენტში მუშაობას უნდა დათმობოდა?

უსაქმურობას მიჩვეულ ე.წ. პოლიტიკოსისთვის საკუთარი დროის დიდი ნაწილის ლაზღანდარობისთვის დათმობა, დიდი ვერაფერი შეღავათია, როგორც მისთვის, ისე პოლიტიკისთვის. ახალგაზრდა ასაკს ერთი ცუდი თვისება აქვს — მალე გადის. საბოიკოტე ვადა, რომ ერთი ამ ორი თვით განისაზღვრებოდეს, მაშინაც კი მიუღებელი იქნებოდა ხელოვნური პაუზა.

რამდენ ასეთ მოპაუზეს შევხვედრივართ  დამოუკიდებლად ცხოვრების პერიოდში? ერთი რამ, რაც მათ ახასიათებთ, საკუთარი უნიათობის ომახიანად წარმოჩინებაა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩაეყარა საფუძველი პარლამენტის შენობის წინ მიტინგების გამართვას. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ იღებდა მასში მონაწილეობას — ცრუ პატრიოტიზმით აღვსილი. აი, ისინი, ვინც მაშინ ახალგაზრდები იყვნენ, დღეს, დაოჯახებულები, წვერულვაშშეღრილნი   შვილებთან ერთად დადიან მიტინგებზე, პროტესტის გამოსახატავად და როდესაც თავისსავე აზროვნების ადამიანებს ვერ იყენებენ გვერდში, თითო-ოროლა, რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვით ცდილობს ხალხში პროტესტის გაღვივებას.

საპროტესტო თემა ისეთია, ხალხს რომ არ აინტერესებს. შეგახსენებთ, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტისა და მთავრობის არაკანონიერად გამოცხადება, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მიღებული კანონების გაუქმება, ევროპასთან ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირში, ისე, როგორც ნატოში შესვლისთვის ინტენსიური მუშაობა.

მშიერი კაცის, აღნიშნული საკითხებისთვის ხელისუფლებასთან შებმა რა სახარბიელოა?

არათუ არასახარბიელო, სახიფათოც არის, ვინაიდან ტვინგადაბრუნებულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ძალაუფლებას ართმევენ, შეიძლება ისე გაგკრას კბილი, როგორც ძვლის მღრღნელმა ძაღლმა.

წამითაც ნუ იფიქრებთ, რომ კონფორმისტობამ შემიპყრო და ოპოზიციას ვაპროპაგანდებ — ხელისუფლებას ნუ ებრძვითქო. სხვა ბრძოლაა საჭირო, არა პრიმიტიული, ბოიკოტური, არამედ გააზრებული, სიღრმისეული. არის კი ოპოზიცია ისეთი, გააზრებულ-სიღრმისეული ბრძოლა რომ გააჩაღოს?

არ არის და ვერც იქნება — სათანადო განათლების არმქონე!

წინა სტატიაში ვთქვი და გავიმეორებ — პოლიტიკა პროფესიაა, რომელსაც სწავლობენ, შემდეგ ნასწავლს, თეორიულს, პრაქტიკული ცოდნით ავსებენ. და ეს პროცესი ხანგრძლივი, მუდმივი, დამღლელია, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში დაფასებული.

არაპატივცემულო ოპოზიციავ! ევროპა, ევროპას რომ გაიძახით და იქ ყოფნის სურვილი გაქვთ, მარტო გეი-პარადები უნდა გხიბლავდეთ და ბანჯგვლიანი მამაკაცების ნარნარი კუნტრუში, „ტაკუნების“ რხევით?

ერთხელ მაინც ჩაიხედეთ მათი პოლიტიკოსების ისტორიაში — როგორ გახდნენ ისინი ხელისუფალნი. რამდენი წლის ოპოზიციონერობა დასჭირდა საფრანგეთის პრეზიდენტ მიტერანს, პრეზიდენტი რომ გამხდარიყო?

რაღა შორს წავიდეთ, რამდენი ოფლი ღვარა ლე პენმა, რათა პრეზიდენტი გამხდარიყო, თუმცა ვერ შეძლო, იმ ქვეყანაში გადაინაცვლა, მანამდე ესტაფეტა ქალიშვილს მარინს გადასცა. და ისიც იბრძვის, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, მოქმედი ხელისუფლება რომ უქმნის.

პოლიტიკოსობა — კარდაკარ სიარულია, ხალხთან შეხვედრაა, მათი გულისტკივილის გაცნობა-გაზიარებაა და შემდეგ ბრძოლაა საკრებულოში, პარლამენტში.

მშიერ ხალხს არ აინტერესებს ევროკავშირი, მითუმეტეს ნატო. მას პური აინტერესებს, ფასების მატების საწინააღმდეგო მოქმედება, პენსიების და ხელფასების მატება, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება, ვინაიდან რუსეთში ხედავს ხსნას და არა რუსეთის ლანძღვა-გინებაში, რაშიც ერთმანეთს ტოლს არ უდებს ხელისუფლება-ოპოზიცია.

ხალხი გაღიზიანებულია ხელისუფალთა მიერ საკუთარი თავის უზომო პატივისცემით, დაუფიქრებელი, თავხედური გადაწყვეტილებით — ხელფასის 15-20 ათასამდე გაზრდით, პენსიონერთათვის 35 ლარით.

ხალხი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება არა მათი შეურაცხმყოფელია, არამედ დასაგმობია და დასაგმობია უპირველესად ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიცია კი „აგენტების კანონზე“ ლაპარაკობს, გადმოქართულებულ ამერიკულ კანონზე, რატომღაც რუსულად მონათლულზე.

ოპოზიციას ჰგონია, თუ ამერიკულ კანონს რუსულს დაარქმევენ, ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს. ხალხს კი, ერთზე კი არა, ორივე ფეხზე ჰკიდია ეს კანონი — ამერიკულია თუ რუსული.

ოპოზიცია ბოიკოტობს და ამით დასავლეთს ეკეკლუცება — შეხედეთ რა მაგრები ვართ რუსულ ხელისუფლებას ვებრძვითო და თუ გსურთ, რომ პრორუსული „ოცნება“ დავამხოთ — ფული მოგვეცითო.

წინათ, იმ „საშინელ“ ეპოქაში, საბჭოთა კავშირი რომ ერქვა, ფულის თხოვნას, მათხოვრობა ერქვა და საზოგადოებისთვის მიუღებელი, ამაზრზენი იყო. მიუღებელი არა მარტო შეძლებულთა მხრიდან, არამედ უბრალო მათხოვრობა ქუჩაში.

მათხოვრობამ, მაღალ-დაბალ დონეზე ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ გადაფარა სირცხვილის გრძნობა და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. აღარავის უკვირს გზაჯვარედინზე „მომუშავე“ პროფესიონალი მათხოვრების ინტენსიური მატება — გულზე ჩამოკიდებული დაფებით — „შვილი მყავს ავად და დამეხმარეთ“ ან „დასალევი ფული მომეცითო“. ზოგმა მათხოვარმა მუსიკის თანხლებით მიიქცია ყურადღება და როგორც ამბობენ ფულსაც შოულობს ისეთს, სხვა სამუშაოზე რომ ვერ იშოვნიდა.

ქუჩის მათხოვრების მოხერხებულობას და ნოვატორობას არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩამორჩებიან. აღნიშნულის დასტურია, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გულგახსნილობა ფრანკერებთან — ვოვანთან და ლექსუსთან საუბარში, როდესაც მისი გამამასხარავებლები რუს ოპოზიციონერ გარი კასპაროვად ჩათვალა და ფული თხოვა „ოცნების“ რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის.

პოლიტიკური პარტიებისთვის მათხოვრობა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც საქართველო მრავალპარტიულ ნაკრძალად გადაიქცა. შევარდნაძის წინააღმდეგ ამხედრებულმა ოპოზიციამ აატალახა რუსი პოლიტიკოსების კარი ისე, როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველი ე.წ. ბიზნესმენების, მათ შორის პეტერბურგელი ებრალიძის. ზოგმა რომანიც მიუძღვნა მას, ზოგმა ლექსი და ა.შ.

საკმარისი იყო ებრალიძის ერთი დაძახება და დაოთხილი ქართული ოპოზიცია პეტერბურგს გარბოდა, ცხადია დამძახებელის ხარჯზე — დიდი ფულის მოლოდინში. ბევრი, რუს პოლიტიკოსს, აწ გარდაცვლილ ჟირინოვსკის უვარდებოდა მუხლებში, ზოგი ზიუგანოვს, ზოგიც ვის, სხვათა შორის არცთუ წარუმატებლად. თუ ხელისუფლების შესაცვლელი ამბოხის ფულს ვერ შოულობდა, ჯიბის ფულს — უდავოდ.

ნაცნობმა რუსმა პოლიტიკოსმა მითხრა — ერთმა ქართველმა, პარტიის ლიდერმა, 5 მილიონი დოლარი მომთხოვა საქართველოში რევოლუციის მოსაწყობადო. მაშინ 5 მილიონი დიდი ფული იყო.

დღეს, ყველა ისინი და მათი შვილები ლანძღვა-გინებით იკლებენ რუსებს — ჩვენი მტრები არიან, ჩვენი მიწების მიმტაცებლებიო.

რუსეთში კარდაკარ სიარული დღესაც ძალაშია, ვინაიდან ძველი თაობიდან, ფულის ძველი მთხოვნელებიდან ესტაფეტა ახალმა მოთხოვნელებმა ჩაიბარა და ისეთი ენთუზიაზმით დაადგნენ ამ გზას, თითქოს ყინულმჭრელები იყვნენ.

იცვლებიან პოლიტიკური მათხოვრები, მაგრამ უცვლელია მოსკოველი ოქროსკბილებიანი ხომერიკი, რომელიც მეისრე ეგონათ ძველ მათხოვრებს და ახალსაც ასე მიაჩნიათ. ერთ დროს მოსკოვის ქართულ დიასპორაში შემძვრალი, ბათუმელი ხომერიკი, რომელსაც, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მიხედვით, ქართველობის პულსიც არ ესინჯება, ის, ისე ოსტატურად წარუდგენდა ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავის თავი, რომ რუსეთისა და რუსი პოლიტიკოსების ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებელ ქართველს, ხომერიკი ყოვლისშემძლე ეგონა.

ასე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში, ასეა დღესაც, ვინაიდან ძველი თაობის მთხოვნელების გზას ადგანან ახალი თაობის წარმომადგენლებიც „აფერისტი“ ხომერიკის მიერ მოხიბლულნი.

გრძელი, შემოვლითი გზით დადის ოპოზიცია დასავლეთისკენ, შემდეგ დასავლეთიდან საქართველოსკენ. რას არ ჰპირდებიან ისინი, მათსავით უჭკუო ევროპარლამენტარებს და ისინიც დახმარებას არ იშურებენ „ოცნების“ ხელისუფლების დასამხობად — ცხადია ვერბალურად, თორემ  USAID-ს გაუქმების შემდეგ ვინ გაიღებს „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის თანხებს?

განსაკუთრებული აქტიურობით ბალტიისპირა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გამოირჩევიან — უხალხოდ დარჩენილი ქვეყნები, უეკონომიკოდ, ევროკავშირის ნასუფრალზე მოარსებენი.

ქართულ ოპოზიციას ხიბლავს მათი ბედი. რატომაც არა, ფეხს-ფეხზე გადაიდებ და ბრიუსელის მიერ გამოყოფილ დოტაციაზე იცხოვრებ. ტრიო, დღევანდელით კმაყოფილია, ხვალინდელზე არ ფიქრობს. ვინც ფიქრობდა, რახანია ევროკავშირს მიაშურა და იქ დასახლდა, და უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობს. გაერთიანებული სამეულის მოსახლეობა 3 მილიონს ძლივს აღწევს.

ისე ვლაპარაკობ, თითქოს აქ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. აქაც იგივე სურათია, რაც იქ. დემოგრაფია ნულზე, მიგრაცია ზენიტში, ეკონომიკა — ლილოს ბაზრობაზე იყიდე, ელიავაზე გაყიდე, უცხოეთიდან საუტილიზაციოდ გამზადებული საქონლის აქ ჩამოტანა და მამასისხლად გაყიდვა.

ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალურ პრობლემებს იზიარებდეს და შემდეგ ხელისუფლებას აიძულებდეს ვითარების გამოსწორებას, ევროკავშირში შესვლა-არშესვლის თემით იქცევს თავს, ვინაიდან სერიოზული საკითხების წინ წამოწევა არ შეუძლია — უვიცობის, სიზარმაცის გამო.

ოპოზიცია, სერიოზულად რომ დაიწყებს ლაპარაკს არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებაზე, ნიშნავს იმას, რომ მას ბრძოლა არ უნდა. მას ხელისუფლების უბრძოლველად ხელში ჩაგდება უნდა. ქართული გამოთქმისა არ იყოს — „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“ ისეა შეხამებული ხელისუფლების პოლიტიკა, ოპოზიციის პოლიტიკასთან, რომ გამადიდებელი შუშაც არ დაგჭირდებათ იმის გამოსაცნობად „ვინ, ვინ არის“. ოღონდ ერთია — ხელისუფალთა მოქმედება ხალხს აწვება და მძიმე სოციალურ პირობებში აყენებს.

ყოველ დღე ხელისუფალთა ისეთი „გამოგონების“ თვითმხილველნი ვხდებით, ძნელად თუ ვინმე მოიფიქრებს. გახსოვთ ალბათ, სააკაშვილის ჯამბაზობა — ერთი და იგივე ობიექტის ორჯერ გახსნა, ხან 3-ჯერ. სააკაშვილის „ნოვაციას“ გაუსწრო „ოცნების“ ხელისუფლებამ — ივნისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და მილანში გენერალური საკონსულოს გახსნით — 2 წლის დაგვიანებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გენერალური საკონსულო 2 წლის წინათ გაიხსნა, ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე, ისე, როგორც პროტოკოლიდან გამომდინარე ასეთ ღონისძიებას შეეფერება და არა ისეთს, რაც ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის, საგარეო და კულტურის მინისტრების, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თბილისის მერის დასწრებით.

საქართველო, რომ იტალიაში გადაეტანათ, მაშინაც კი ქვეყნის ხელისუფალთა ესოდენ უხვი დასწრება მიუღებელი იქნებოდა, არათუ საკონსულოს გახსნა. ასეთ ღონისძიებას მასპინძელ ქვეყანაში არსებული წარმდგენი ქვეყნის ელჩი ესწრება. ამ შემთხვევაში, იტალიაში საქართველოს ელჩი, მაგრამ როდესაც კოლექტიური სამთავრობო დროსტარება გწყურია, არათუ ერთხელ, რამდენიმეჯერ გახსნი შენს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამა თუ იმ ქვეყანაში.

ამ ახალი გამოგონებით მთავრობას უსაზღვრო შანსი ეძლევა საზღვარგარეთ უკვე გახსნილი საელჩოების ხელახალი გახსნის და ცერემონიალის მოწყობის თვალსაზრისით.

საქართველო ისაა, რომელსაც გაეროს წევრ 194 ქვეყანაში აქვს გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც ჩემის აზრით ფუჭი ფულის ხარჯვაა, მითუმეტეს ისეთი ღარიბი და პატარა ქვეყნის მიერ, ჩვენი რომ არის.

გახსნის ცერემონიალი მილანის უძვირფასეს რესტორანში გაიმართა, სადაც რესტორნის ზღურბლის გადაბიჯება, არათუ საზეიმო მიღება, ათასები ღირს. „სარწმუნო“ წყაროები გვეუბნებიან, წვეულების ფული კომახიძემ თავისი ჯიბიდან გადაიხადაო. ხუმრობ, ბატონო ჰამლეტ! — იტყვის მკითხველი. მწარედ ვხუმრობ — მეტი რა დაგვრჩენია. თქვენი, ჩემი ჯიბიდან ამოღებულმა ფულმა აზეიმა ხელისუფლება მილანში — გენსაკონსულოს გახსნით.

დიპლომატიური წარმომადგენლობების თაობაზე ცალკე სალაპარაკოა და ამ სტატიაში ვერ ჩაეტევა, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ ერთიციცქნა საქართველოს არ სჭირდება საზღვარგარეთის უმრავლეს ქვეყანაში დიპლომატიური მისია.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თემამ გამიტაცა და ლამის მთავარი დამავიწყა, რის შესახებაც მსურდა ლაპარაკი. ქართული პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანა ისეთ ვაკუუმში ცხოვრობს, თითქოს არც მეზობლები გვყავდეს და არც მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გვაღელვებდეს.

არადა, როგორც ვამბობთ ხოლმე ჩვენს ყურის ძირში გაქანებული ომია ისრაელ-ირანს შორის — ნგრევით, ხოცვით, ისე, როგორც ომს შეეფერება, ჩვენ კი 24-საათიან რეჟიმში ადგილობრივ არჩევნებზე ვლაყბობთ და იმაზე, გამოუცხადებს თუ არა ოპოზიცია მას ბოიკოტს.

მთელი მსოფლიო ფეხზე დგას ირან-ისრაელზე მიჩერებული, ჩვენს გარდა. თუ რაღაც დასამშვიდებელი ვიცით ქართველებმა, ნუ დავამადლით ჩვენს საყვარელ დასავლეთს და ვუთხრათ ამის შესახებ.

დასავლეთში კი დასამშვიდებელი მართლაც საჭიროა — უკრაინის შემხედვარე. ევროპა ჯერაც ვერ ითავისებს, რაოდენ განუზომელ პრობლემას შეეყარა — უკრაინის სახით. ანტირუსული უკრაინა მაშინ იყო ხელსაყრელი, როდესაც ბაიდენი იყო თეთრ სახლში, თუნდაც მძინარე. მაშინ, ტრადიციულად ხელმომჭირნე ევროპელებისთვის აშშ-ს პირდაღებული ჯიბე — ბიუჯეტის სახით, უკრაინის მადამოსული ნეოფაშისტური ე.წ. ხელისუფლების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა — ძირითადად. მაგრამ ტრამპის გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან, ბაიდენისეული ხელგაშლილობის პროცესს წერტილი დაესვა და საფინანსო ტვირთი ევროკავშირს დააწვა, ისე, როგორც უკრაინის შეიარაღება.

ევროკავშირი, ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც, გარკვეულ საფინანსო დახმარებას უწევდა უკრაინას, მაგრამ ის ზღვაში წვეთია უბაიდენო ვითარებაში.

ტრამპი, ინაუგურაციიდან დაწყებული, იმას გაიძახის, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა; აშშ-ი 350 მილიარდ დოლარს არ ჩადებდა უკრაინის ომში.

უკრაინის დახმარების თემა უნდა განხილულიყო კანადის, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, მაგრამ ტრამპის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ საკითხს წერტილი დაუსვა.

ცოტა რამ ისტორიიდან. „დიდი შვიდეულის“ სამიტის არსებობას დასაბამი 1975 წელს მიეცა. წელს, საიუბილეო შეხვედრა უნდა ყოფილიყო — 50-ე, მაგრამ ტრამპის მოულოდნელმა საქციელმა საიუბილეო ღონისძიება ლამის საპანაშვიდოდ აქცია. ტრამპი „შვიდეულის“ შეკრების  პირველ დღეს დაესწრო და ისეთი საყვედურები აჯახა სამიტის 6 მონაწილეს, უარესს რომ ვერც ერთი ვერ იფიქრებდა.

ტრამპმა დაადანაშაულა კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დასვა წინადადება „დიდი რვიანიდან“ რუსეთის განდევნის თაობაზე. „დიდი შვიდეული“, „დიდ რვიანად“ გადაკეთდა პრეზიდენტ კლინტონის მოთხოვნით, რომელიც დაპირდა რუსეთის პრეზიდენტ ელცინს იმ მაგიდასთან ყოფნას, სადაც მსოფლიოს ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები უსხდნენ.

რუსეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით, გავერანებული იყო, ისე, როგორც პოლიტიკური. მაშ რა კრიტერიუმებით დასვეს მაგიდასთან ელცინი?

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების წაყრუებისთვის, რუსეთის ეკონომიკის დანგრევისთვის, რუსეთის, აშშ-ს ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის.

ელცინს დაუფასეს გიგანტი საბჭოთა მძიმე მრეწველობის საწარმოების უცხოელებზე, კერძოდ ამერიკელებზე კაპიკებში მიყიდვა. თვით რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, კრემლში ამერიკელი „ექსპერტების“, სინამდვილეში ჯაშუშების თავისუფალი შეშვება, უფრო მეტიც — მათ მიერ კონსტიტუციის, კანონების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

ჩვენთვის ცნობილი ეკონომისტი, ჯეფრი საქსი იხსენებს საუბრებს ელცინთან, საკანონმდებლო დოკუმენტებზე მუშაობას.

ელცინის პერიოდი აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის რუსეთის ოქროს ხანა იყო, რუსეთის მოქალაქეებისთვის — სიდუხჭირის, საშინელების, უმუშევრობის.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, სისტემატურად მიხდებოდა საკონსულო საკითხების მოსაგვარებლად მოსკოვში ყოფნა. რაც კარგად მახსოვს, ის იყო, რომ რუსეთში საქართველოს კონსულის ალექსი პაპუაშვილის ავტომანქანით გორკის პროსპექტზე, დღევანდელ  ტვერსკაიაზე გადაადგილების დროს, 15 წლის ასაკიდან დაწყებული ქალები გავლას გვიშლიდა, იაფად, ძალიან იაფად გვთხოვდა წაგვეყვანა სექს-კონტაქტისთვის.

შიმშილმა, ულუკმაპურობამ აიძულა რუსი ქალი, ცენტრალურ პროსპექტზე გამოსულიყო ორგანიზმის გასაყიდად.

მოსკოვამდე, ანალოგიური სცენა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის იმ უბანში მქონდა ნანახი, სადაც სექს-ინდუსტრია ყვაოდა. საბჭოთა საელჩოს დიპლომატმა, თავისი ავტომანქანით წამიყვანა იმ ზონაში. მანქანის მინის ჩაწევა და გარეთ მყოფი გოგოს თუ ბიჭის (გოგოთ გადაკეთებულის) ხელი წელს ქვევით ებღაუჭებოდა იმას, რაც თქვენ იცით, თან ძახილით — ამას ნუ წაიყვანთ, მე წამიყვანეთ — მე გოგო ვარ, ნამდვილი, ეს კი ბიჭია, გოგოდ გადაკეთებულიო.

გორბაჩოვ-ელცინის მოღალატურმა პოლიტიკამ, საბჭოთა კავშირის დაშლამ — 70 წლის განმავლობაში ნაშენები სახალხო კეთილდღეობა, მათხოვრობით ჩაანაცვლა — რუსეთად, რომელიც დასავლეთისთვის მისაღები იყო, მარტივი მიზეზის გამო — მუქთი ნედლეული, იაფი მუშახელი, დამონებული ყოფილი კონკურენტი ქვეყანა, ამიტომაც გააწევრეს ელცინის რუსეთი მერვე წევრად „დიდ შვიდეულში“. გააწევრეს და როდესაც მისი ქმედება, ცხადია პოლიტიკური, აღარ მოეწონათ, რუსეთს ჭიტლაყი ამოარტყეს, გამოაგდეს „ძალიან დიდთა“ საკრებულოდან.

და კიდევ კარგი რომ გამოაგდეს. გამოგდებულმა, დასავლეთზე განრისხებულმა, გადაწყვიტა, დასავლეთის დახმარების გარეშე, აღედგინა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა, სამხედრო მშენებლობა, ხალხის სოციალური კეთილდღეობა.

სწორია ტრამპი, რომელმაც კოლეგებს საყვედურით უთხრა — რუსეთი, რომ „დიდ შვიდეულში“ მერვე წევრად ყოფილიყო, უკრაინაში ომს ადგილი არ ექნებოდაო. ტრამპმა ისიც თქვა, რომ „დიდი შვიდეულის“ პოზიციების გამყარებას მაშინ ექნება ადგილი, როდესაც რუსეთს დააბრუნებენ მერვე წევრად და უფრო მეტიც — ჩინეთს გახდიან მეცხრედო.

ტრამპის ნათქვამი, თუნდაც ვირტუალური, არ მოეწონა კოლეგა მეთაურებს. არ მოეწონათ ისიც, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პროექტი — რუსულ ნავთობზე ფასების 45 დოლარამდე დაწევა, ტრამპმა დაიწუნა და თქვა, რომ ასეთ ნაბიჯს ახლავს მძიმე შედეგი ჩვენთვისო.

და მართლაც, აშშ-ევროკავშირის მიერ დაწესებულმა 29000 ანტირუსულმა სანქციამ, დამწესებელს, ანუ აშშ-ს 300 მილიარდი დოლარი ზარალი აგემა.

„შვიდეულიდან“, ექვსზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ტრამპის მიდგომამ უკრაინისადმი. „ექვსეულმა“ ტრამპის განცხადებიდან დაასკვნეს, რომ ამერიკამ უკრაინა მათ გადაულოცა. ყველაზე დამწუხრებული ზელენსკი აღმოჩნდა, ვინაიდან ტრამპთან შეხვედრა ვერ მოახერხა, კალგარიში ჩასვლამდე, ტრამპი ვაშინგტონს გაფრინდა. უთხრა რა თავის კოლეგებს — დიდი საქმეები მელოდება ვაშინგტონში, თქვენთან ფუჭი ლაპარაკისთვის არ მცალიაო და „დიდი შვიდეული“, „დიდ ექვსეულად“ აქცია.

ტრამპი მართალია. „დიდი შვიდეული“ ეკონომიკური პარამეტრებით ისეა დაჩიავებული, რომ დიდის და გრანდიოზულის მას არაფერი სცხია. „დიდ შვიდეულთან“ მიმართებაში პუტინმა რახანია საჯაროს განაცხადა — ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჰქვია „დიდ შვიდეულს“ „დიდიო“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კვლევის შედეგები მოიყვანა მაგალითად. ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით „ბრიკსმა“ გაუსწრო „დიდ შვიდეულს“ — 4,9%, „შვიდეულის“ 4,1% შედარებით, ხოლო თვით „შვიდეულის“ მონაცემები ცალ-ცალკე სავალალოა და გაცილებით ჩამოუვარდება რუსეთისას — 4,1%.

რუსეთი, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით მოწინავეა მსოფლიოში, ეჭვს აღარ იწვევს. რომელ ეჭვზეა ლაპარაკი, როდესაც მსოფლიოს წინ უდევს პეტერბურგის მორიგი ეკონომიკური 4-დღიანი ფორუმის მონაცემები. მასში 140 ქვეყნის 20000 ეკონომისტი, ფინანსისტი, მეცნიერი, პროგრამისტი, პოლიტიკოსი იღებს მონაწილეობას.

ვიძახოთ ახლა ქართველებმა დამყაყებული, დამპალი რუსეთი, დესპოტური, ადამიანის უფლებების დამრღვევიო. აი, ასეთ რუსეთში 120 ქვეყანა არ ჩავა, არც ამ ქვეყნების 20000-ზე მეტი წარმომადგენელი. სხვათა შორის იმასაც გეტყვით, რომ ფორუმში მონაწილეობის მიღება სოლიდური თანხა უჯდება მსურველს.

წელს 20000 კაცმა, უმეტესობა უცხოელმა შეიძინა პეტერბურგის ფორუმის დასწრების ბილეთი, ისე, როგორც კინოს ან თეატრის. კინო-თეატრი ადამიანს კულტურულ-სულიერ საზრდოს აძლევს, ეკონომიკური ფორუმი — ეკონომიკურს, სახელმწიფოს განვითარებისა და ინოვაციების მიღების საზრდოს.

ქართველს რად უნდა ასეთი? — ისედაც „პროდვინუტები“ ვართ. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ საქართველოს წარმომადგენელი რომ დასწრებოდა პეტერბურგის ფორუმს, გაიგებდა რამეს?

მან ხომ შესაბამისი ტერმინოლოგია უნდა იცოდეს. მსოფლიო მეცნიერებაში,  ნოვაციებში ჩახედული უნდა იყოს!

რაც ჩვენ ვიცით, ისაა, რომ მოსახლეობას ზარ-ზეიმით ვამცნოთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქართული რესტორანი გავხსენითო. რესტორანს, ჭამა-ყლაპვას ვერ გავცდით, მაგრამ ამაშიც რომ სერიოზული ჩავარდნები გვაქვს.

ქართული სამზარეულო უხაჭაპუროდ წარმოუდგენელია, მაგრამ ხაჭაპური უყველოდ — ტრადიციად არის ქცეული. ხაჭაპურის მოყვარულს, ხაჭაპური შეაზიზღეს, ვინაიდან ყველი რომ გულდაგულ ეძებოთ, ვერ ნახავთ. იმ უცხოელს, რომელზეც მზე და მთვარე ამოგვდის ამ ვითომ („fake“) ხაჭაპურს უნდა ვთავაზობდეთ?

ტრამპმა, პარტნიორებზე უდავოდ გულაყრილმა მიატოვა „დიდი შვიდეულის“ სამიტი და ვაშინგტონს გაფრინდა, რითაც თავიდან აირიდა მისთვის ისეთი არასასიამოვნო პირებთან შეხვედრა, როგორებიც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმია.

უკრაინაზე უკვე გითხარით,. რაც შეეხება მექსიკის პრეზიდენტს, ტრამპის აზრით ეს ქალბატონი კრიჭაში უდგას მას, ისე, როგორც მექსიკელი მიგრანტები, რომლებიც ტრამპის დეპორტაციის გეგმას მასობრივი დემონსტრაციებით პასუხობენ, განსაკუთრებით სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში, თუმცა სხვა დიდ ქალაქებშიც ანტიტრამპული პროტესტები გრძელდება.

აშშ-ი ორად არის გაყოფილი — ტრამპისტებად, რომლებიც ტრადიციულ ოჯახს აღმერთებენ და ანტიტრამპისტებად, რომლებიც ლგბტ-ს უჭერენ მხარს. ამ უკანასკნელებს დიდი დახმარება აქვთ დემოკრატიული პარტიის მხრიდან. ისინი მოითხოვენ ტრამპის იმპიჩმენტს და აშშ-ი იმ ვითარების დაბრუნებას, რასაც ტრამპამდე ჰქონდა ადგილი.

საქმეში ჩახედულ ამერიკელ ექსპერტთა მიხედვით, „დიპ სტეიტი“ აქტიურობს ტრამპის დასამხობად.

„დიპ სტეიტი“ მოუწოდებს ტრამპს ომი დაიწყოს ირანთან. ამ საკითხში თვით რესპუბლიკელები ორად არიან გაყოფილი. მაგალითად, ცნობილი სენატორები ტედ კრუზი და ლინდსი გრემი დაბეჯითებით ჩასჩურჩულებენ ტრამპს ირანთან ომის დაწყებას. „გადავაქციოთ ამერიკა დიადად“ წევრი რესპუბლიკელები წინააღმდეგნი არიან ომისა.

ამერიკელი პოლიტიკოსების განსწავლულობაზე ყოველთვის მქონდა ჩემი წარმოდგენა, გამომდინარე მათთან მრავალწლიანი კონტაქტიდან. მათდა სამწუხაროდ, ვიტყვი, რომ ისინი გაუნათლებელნი და იმავდროულად სულელებიც იყვნენ და არიან, ცხადია ზოგიერთი, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

იკითხავთ — რის ბრალია ეს?

უპირველესად, დაბალი განათლების, დაბალი საგანმანათლებლო სისტემისა და იმის, აშშ-ს სხვაზე მეტი იარაღი რომ აქვს.

აშშ-ი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში საკუთარი პოლიტიკის გატარებისთვის ჭკუა-გონება მეორეხარისხოვანია, პირველხარისხოვანი კი — სამხედრო ძალაა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში გახსნილი 800 სამხედრო ბაზა.

ტრამპი  ძალის მომხრე პრეზიდენტია, ისეთივე, როგორიც წინამორბედები. ირანთან მიმართებაშიც იგივე შეხედულებისაა, როგორც ისინი იყვნენ — ძალის გამოყენება ნებისმიერ დროს. და ეს ნებისმიერი დროც დადგა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე აყოლილი ტრამპი ირანის დაჩოქებაზე ალაპარაკდა. თუ ირანი კაპიტულაციაზე არ დამთანხმდება — დავბომბავო.

მერედა იცის ტრამპმა, რას წარმოადგენს დღევანდელი ირანი?

როგორც ჩანს, ისე იცის, როგორც სენატორმა ტედ კრუზმა, რომელმაც ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის კითხვას — რამდენია იმ ქვეყნის მოსახლეობა, თქვენ რომ დაბომბვას უპირებთ? არ ვიციო — უპასუხა. როგორ არ იცით ირანის მოსახლეობა, რომელსაც ომს უცხადებთო  — არ მაინტერესებს ირანის მოსახლეობა 92 მილიონია თუ არა, ის უნდა განადგურდესო.

რატომ უნდა განადგურდეს ირანი ვიღაც კრუზის, ტრამპის, სხვათა „ხოშის“ გამო?

ისინი დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან, ირანი კი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი სახელმწიფო, უდიდესი კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით, ცხოვრების წესით მუდამ იყო და იქნება.

მშვიდომისმყოფელი ტრამპი — ამ ლოზუნგით გახდა ის პრეზიდენტი, ვერ ხვდება, რომ ომის წამქეზებლები არა მარტო რესპუბლიკელების ნაწილია, არამედ „დიპ სტეიტი“, რომელიც სწორედ რესპუბლიკელთა ხელით უყენებს ტრამპს წყალს. ირანის დაბომბვას უდავოდ მოჰყვება პასუხი, აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმით, შესაბამისი მსხვერპლით და როდესაც პირველი ცინკის კუბო გამოჩნდება ამერიკაში, იგივე „დიპ სტეიტი“ ხალხს გამოიყვანს ქუჩებში, ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით.

ახლო აღმოსავლეთის ომი, ირანის მონაწილეობით სახუმარო საქმე არ არის. ერთ მუშტად შეკრული 92 მილიონი ძალაა, რომლის გამოცდას საკუთარ თავზე არავის ვურჩევ.

ირანთან ომმა სრული შესაძლებელია მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თან ბირთვული.

 ასე იცის არასერიოზულმა დასავლურმა პოლიტიკამ, მის მიერ ორი გადაქანებული ებრაელისთვის გუნდრუკის კმევამ. ორივე, ზელენსკიც და ნეთანიაჰუც საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან და არა ქვეყნისთვის. მშვიდობის შემთხვევაში ორივეს  სიცოცხლის ბოლომდე ციხე ელოდება — ჩადენილი დანაშაულებისთვის, მაგრამ მსოფლიომ რა დააშავა?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

21/06/2025