23.06.2025

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელების მუდმივი თათბირების შემხედვარეს უნებლიედ დაებადება კითხვა — თათბირი, თათბირად, მაგრამ როდისღა მუშაობენ?

თუ იმასაც მივაქცევთ ყურადღებას, რომ აღნიშნული თათბირები, კონფერენციები, მოლაპარაკებები ყოველდღიურად ტარდება ევროპის ამა თუ იმ ქალაქში და ამ ღონისძიებებს ერთიდაიგივე შემადგენლობა ესწრება, უდავოდ ამოგხდებათ შემდეგი — ბარაქალა ამათ ჯანმრთელობას — რა გამძლეები ყოფილანო.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის დროის მცირე მონაკვეთში ტერიტორიების სწრაფი ცვლა, ერთი ადგილიდან, მეორეში გადაადგილება?

არანაკლებ გასაკვირია, ახალ თავშეყრის ადგილას შეკრებილ იგივე შემადგენლობის წევრთა ერთმანეთთან ხვევნა-კოცნა, ჩახუტება თან ისეთი გაღიმებული სახეებით, თითქოს ერთმანეთი მრავალი წელია არ უნახავთ.

დილით, პარიზში გამართული კონფერენციის დასაწყისში ერთმანეთის ხვევნა-კოცნის რიტუალი, 2-3 საათის შემდეგ — ბერლინში გრძელდება, ხოლო მომდევნო დილით — ბრიუსელში — ხვევნა-კოცნის, მტლაშამტლუშის ფონზე.

აი, ამას ჰქვია ადამიანთა შორის სიყვარულისა და მეგობრობის გამოვლენა, გულითადობის, გულწრფელობის, პატივისცემის, სიკეთის, ყოველივე დადებითის, რაც კაცობრიობას შეუქმნია ადამისა და ევასაგან დაწყებული, დღემდე.

ამის შემხედვარეს ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება — კახელი ბორდელში. დაბალი სოციალური შეგნების — ასე მოიხსენიებდნენ საბჭოთა კავშირში მეძავს, ბოზს, ქალმა, პრეისკურანტის მიხედვით, ამ საქმეში გაუთვითცნობიერებელ კახელს ფეხის თითებიდან დაუწყო კოცნა და როდესაც კოცნა-ლოკვით ზევით აიწია, კახელმა ჟინმორეულმა, თავი ვეღარ შეიკავა და თქვა — გო, თუ ასე გიყვარდი, ფულს რას მახდევინებდიო!

თქვენი არ ვიცი, პატივცემულო მკითხველო, უცხოური ტელესიუჟეტების მაყურებელო, მაგრამ ჩემი აღქმით ევროკავშირელთა ერთმანეთთან ხვევნა-კოცნა ზემომოყვანილ ანეკდოტს მაგონებს — ფარისევლურს, ტყუილს, ბინძურს, რომლის უკან ფულია, ბინძური გარიგებაა, სიძულვილია — გაღიმებული სახით.

ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა — „სეი ჩიიზ“ (say cheese), ქართულად — „თქვი ყველი“. რატომ „ჩიიზ“, იმიტომ, რომ ამ სიტყვის გამოთქმის დროს, ტუჩები ყურების მიმართულებით იწელება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იღიმებით.

გრძელი შესავალი გამომივიდა მთავართან მისასვლელად, მაგრამ რა გეწყობა ამ შემთხვევაში „გრძელი სიტყვა, მოკლედ ითქმის“ არ გამოდგებოდა იმ ცინიზმის აღსაწერად, რაც ზემოთ გითხარით და ქვემოთ გავაგრძელებ.

გახსოვთ ალბათ ა.წ. 2 მაისს ქ. სტამბოლში გაიმართა რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, რაც თანამედროვეობის სენსაციად მოინათლა — უპირველესად, აშშ-ს ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ, რაც სიმართლეა და იმსახურებს ქებას, ვინაიდან მხარეთა შორის ასეთს, 2022 წლის შემდეგ, ადგილი არ ჰქონია. და ვერც ექნებოდა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.

ბაიდენი და მისი დემოკრატიული ადმინისტრაცია— დემოკრატიული პარტიიდან გამომდინარე, მოლაპარაკების მომხრე ვერ იქნებოდა. მას, საწინააღმდეგო რამ აინტერესებდა — მოლაპარაკების საწინააღმდეგო, ომია. ბაიდენმა აფრინა დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჯონსონი კიევს, ბრძანებით — არავითარი ზავი რუსეთთან, ომი უნდა გაგრძელდესო!

და კიევმაც, ანუ ზელენსკის ნეოფაშისტურმა ხელისუფლებამ სტამბოლში პარაფირებული შეთანხმება გვერდზე გადადო, რამაც დააქცია უკრაინა — პირდაპირი მნიშვნელობით.

2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებას წინ უსწრებდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ არა ომი — დიდი მსხვერპლით, ნგრევით, მიგრაციით, სოციალური პირობების გაუარესებით. მაშინდელი სტამბოლი, მინსკის მოლაპარაკებების გაგრძელება იყო. უკრაინის დელეგაციის პოზიციაც გაცილებით პოზიტიურად გამოიყურებოდა, ვიდრე დღევანდელი, რის შესახებაც სატელევიზიო ეთერში განაცხადა მაშინაც და დღესაც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა მედინსკიმ. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ სტამბოლის ხელშეკრულების პარაფირება. პარაფირებულ ტექსტს კი წინ აღარაფერი ედგა პრეზიდენტების ხელმოწერისთვის.

ხელმოწერა ბორის ჯონსონმა დაბლოკა — აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის მითითებით. უნდა იომოთო — უთხრა კიევში ჩასულმა ჯონსონმა ზელენსკის და ისიც ომობს.

ომმა დიდი შემოსავალი მოუტანა ზელენსკის, მის ნეოფაშისტურ გუნდს — ევროპა-ამერიკაში შეძენილი უძრავი ქონება-სასახლეების სახით; ქვეყანას — ნგრევა, დასავლეთის დაკრულზე ცეკვა, ფრონტიდან თავის დაღწევის მიზნით, უკრაინიდან დასავლეთში გადახვეწა —  ქრთამის მიცემის შემდეგ —  20000 დოლარის.

2022 წლის სტამბოლის ხელშეკრულებით, დონბასი უკრაინას რჩებოდა — ავტონომიის სახით. ხერსონსა და ზაპოროჟიეზე არვინ ლაპარაკობდა.

2025 წლის სტამბოლის მოლაპარაკებას უკრაინული მხარე დაზარალებული შეხვდა. რუსეთი დონბასსაც იჩემებს — ზაპოროჟიეს და ხერსონსაც. და თუ უკრაინა ზავს არ დათანხმდა, სხვა რეგიონებსაც მიიერთებს.

რუსეთის არმიის წინსვლა ევროატლანტიკურ სივრცეში ისეთ სჯა-ბაასს იწვევს, როგორიცაა უკრაინის დაშლა — აღმოსავლეთი, რუსეთს; დასავლეთი, უნგრეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისტორიული პრეტენზიები გააჩნიათ უკრაინის მიმართ.

ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, იკარგება უკრაინელი. დასავლური წყაროების მიხედვით, 3 წლის განმავლობაში უკრაინამ მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა — დახოცილის სახით.

სტამბოლის 2 მაისის მოლაპარაკებამ მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვიტა. მთავარი — მემორანდუმის მიხედვით, მოლაპარაკების გამართვა წინაა.

რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მოლაპარაკება იქნება რთული, ხანგრძლივი, რამეთუ უკრაინის უკან მდგომი ევროკავშირი, განსაკუთრებით საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი ომის გაგრძელებას მოითხოვენ უკრაინისგან და არა დაზავებას.

ომს, მათთვის მოაქვს მატერიალური შეღავათები. დასავლეთის ხმამაღალი განცხადება — ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, დაზავების კი არა, ომის წარმოების სურვილია —  უკრაინის სამხედრო ძალების დასვენება-გადაჯგუფებით და დასვენებულზე საომარი მოქმედების გაგრძელებით.

რუსეთი წინააღმდეგია ასეთი ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების გაგრძელებას მოითხოვს.

დასავლეთს მხოლოდ სიტყვით ადარდებს ადამიანთა ხოცვა-ჟლეტვა. მაგალითად, ტრამპს, რომელიც სისტემატურად მოუწოდებს მხარეებს ომის შეწყვეტისკენ, ჯარისკაცების ხოცვისგან თავის შეკავებისკენ.

ევროკავშირს, აქცენტი სამხედრო მოსამსახურეთა ხოცვის შეჩერებაზე, არასდროს გაუკეთებია.

ზემოთ აღვნიშნე ევროკავშირელთა სხვადასხვა სახის შეკრებებში მონაწილეობა და ერთმანეთის მტლაშა-მტლუში, ნახვით გამოწვეული სიხარულის გამოსახატავად. აი, ამ ევროკავშირელებს, ერთმანეთი ასე უზომოდ რომ უყვართ და ჰუმანურები არიან, თან კაცობრიობის „გადარჩენის“ სურვილით აღვსილნი, არ აინტერესებთ უკრაინის საზღვარზე მიყენებულ რეფრიჟერატორებში ჩალაგებული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ბედი.

2 მაისის სტამბოლის შეხვედრაზე რუსეთის მხარემ უკრაინას შესთავაზა კურსკის ოლქში დაღუპული უკრაინელი „ბოევიკების“, 6000-ის უკრაინისთვის გადაცემა. უკრაინა დათანხმდა. რუსეთმა მთელი რიგი პროცედურები განახორციელა გვამების მოსაწესრიგებლად და რეფრიჟერატორებით პირველი პარტია — 1000 გვამი მიიტანა უკრაინის საზღვართან. მიიტანა და მერე რა?

უკრაინული მხარე, მიუხედავად შეთანხმებისა, ადგილზე არ აღმოჩნდა.

მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა, თუმცა ოფიციალური კიევისგან, გარდა სასაცილო განცხადებებისა — გვამები უკრაინელთა კი არა, რუსი სამხედროებისაა — არაფერი ისმის.

დასავლელმა ჟურნალისტებმა მოინახულეს ეს რეფრიჟერატორები, რუსულ მხარეს გაახსნევინეს კიდევაც. პირდაპირი რეპორტაჟებიც გამართეს ადგილიდან, მაგრამ უკრაინის ხელისუფალთა ან ევროკავშირელთა ყურადღება ამ საკითხისადმი ვერ გამოიწვიეს.

თითქოს არაფერიო, ჰუმანიზმით გაჯერებული ევროპა თვალს ხუჭავს ენით აუწერელ ბარბაროსობაზე. რატომ — იკითხავთ?

ფულის გამო! იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ჩაიბარებს საკუთარ ცხედრებს, ფულის, ანუ კომპენსაციის გადახდა მოუწევს დაღუპულთა ოჯახებისთვის — თითო ცხედარში 270 ათასი დოლარი — თვით უკრაინული კანონმდებლობით. საერთო ჯამში უკრაინამ უნდა გაიღოს 2,5 მილიარდი დოლარი.

ზელენსკი აცხადებს, რომ ამის ფული არ აქვს. ევროკავშირიც მზად არ არის ფულის გადახდისთვის, მაგრამ მზად არის იარაღის შესაძენად, უკრაინის დასაფინანსებლად. მკვდრები კი იცდიან — ცელოფნის პარკებში და დამარხვის მოლოდინში არიან.

ქართველო მეტიჩრებო, მედასავლეთელებო, ევროპის „ფასეულობებზე“ შეყვარებულებო — აი, ასეთი „ფასეულობის“ დანერგვა გსურთ საქართველოში?!

მკვდრების თაობაზე არც აშშ-ს პრეზიდენტს და ადმინისტრაციას უთქვამს. არადა, ჯიუტი და ბარბაროსი ზელენსკისთან ერთი სატელეფონო ზარი გადაწყვეტდა ამ საკითხს. ტრამპი ამბობს — ომი უნდა შეწყდეს, რათა ათეულ-ათასობით ადამიანი გადაურჩეს სიკვდილსო. ჰუმანური, პაციფისტური მოწოდებაა და მეტი არაფერი. ფაქტი სახეზეა, რა მნიშვნელობა აქვს ბაიდენმა დააწყებინა ომი ზელენსკის, თუ ვინმე სხვამ?

აი, ამ ომმა მოიტანა მსხვერპლი, რომლის უმცირესი ნაწილი უკრაინის საზღვართანაა — მშობლიურ მიწაში დასაკრძალად, მაგრამ …

უკრაინის ომთან მიმართებაში დასავლეთში ისეთი განცხადებები კეთდება, ომს კი არ შეაჩერებს, პირიქით ჯოჯოხეთიდან ჰიტლერელებს წამოაყენებს საომრად.

გასული კვირის სენსაციური ორი განცხადება მოვისმინე. ერთი, ბრაზილიის პრეზიდენტის, მეორე — რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის.

ლულა დე სილვამ, ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუს დროს გაიხსენა შეხვედრა ბაიდენთან, რომელმაც მას უთხრა, რომ აშშ-ი მზადაა რუსეთი გაანადგუროს — როგორც სახელმწიფო, არა რუსეთის ხელისუფლება, არამედ ქვეყანა. რას ნიშნავს ეს?

რუსეთის დამარცხებას, დაშლას, ხალხის სხვაგან გადასახლებას, დარჩენილის შავ სამუშაოებზე გამოყენებას. გეგმა — ბარბაროსულია, მაგრამ ამერიკელთაგან არცთუ უცხო.

იალტის კონფერენციაზე „სამეულმა“ აშშ, სსრკ და დიდმა ბრიტანეთმა,  გარდა სხვა საკითხებისა ფრონტთან დაკავშირებულისა, იმსჯელეს მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნებისა და ხალხების მომავალზე, განსაკუთრებით ომისშემდგომ გერმანიაზე.

აშშ-ს პრეზიდენტის რუზველტის აზრით, მას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა დაუჭირა მხარი — გერმანიის სახელმწიფოს აღარ უნდა ეარსებინა. გერმანია, როგორც ტორტის ნაჭრები, ისე უნდა დაყოფილიყო მეზობელ ქვეყნებს შორის; გერმანელი მამაკაცები უნდა დაეკოდათ, რომ აღარ გაჩენილიყო ადამიანი — გერმანელის სახელით.

სტალინი წავიდა ამ პროექტის წინააღმდეგ, რამაც გადაარჩინა გერმანია. ნაცვლად განადგურებისა, ის საოკუპაციო ზონებად დაიყო.

რა გვაქვს დღეს, იალტიდან 80 წლის შემდეგ?

რა გვაქვს და, ტრამპის განცხადება ღაზის სექტორიდან პალესტინელთა მეზობელ ქვეყნებში განდევნის პროექტი. ღაზის სექტორის აღორძინება ამერიკული კაპიტალით. იქ საკურორტო ზონის შექმნა — ფეშენებელური სასტუმროებით, რესტორნებით, კაზინოებით. პალესტინელები?

„დიდსულოვანი“ ტრამპი ნებას რთავს პალესტინელთა ნაწილს დარჩეს ღაზის სექტორში — მომსახურე პერსონალად.

აშშ-ის უკანალში მძრომო ქართულო პოლიტიკავ, ხელისუფლება-ოპოზიციავ, ტრამპმა რომ თვალი საქართველოს დაადგას, რას იზამთ მაშინ?

არც არაფერს! დიდი სიხარულით მიიღებთ შემოთავაზებას.

„დიდი პოლიტიკოსი“ ნათელაშვილი არ ითხოვდა საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნას? რაღა ნათელაშვილი, „ოცნების“ ხელისუფლება არ აცხადებს ნატოში შესვლაზე? თითქოს არ გაეგოს ტრამპის მრჩევლის კელოგის განცხადება — არც უკრაინა, არც მოლდოვა და არც საქართველო ნატოში მიღებული არ იქნებიან!

ტრამპმა, როგორც ჩანს წერტილი დაუსვა წინამორბედთა გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენ ოპტიმისტები ვართ და ტრტამპის შემდეგ პროცესების განვითარებას დაველოდებით.

თვის ბოლოს გაიმართება ნატოს სამიტი. შეხვედრის დასკვნითი დოკუმენტის პროექტიც მზად არის, რომელიც „ბლუმბერგს“ ხელში ჩაუვარდა. და მანაც არ დააყოვნა — გამოაქვეყნა. ვიცი საიდუმლო დოკუმენტის მედიის მიერ მოპოვების ისტორია, რომელიც ისეთივე თვალთმაქცურია, როგორც ნატო.

თვით ეს ორგანიზაცია აძლევს დოკუმენტს მედიას გამოსაქვეყნებლად — საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გაგების მიზნით. ჰოდა, ტექსტში არსად არის ნახსენები უკრაინა. არ არის ნახსენები მისი ნატოში გაწევრებაზე. ცხადია, თუ უკრაინაზე არაფერია, მოლდოვა-საქართველოზე როგორღა იქნება?

გადავრჩით!

მეორე განცხადება, ლავროვისა იყო. მან გაიხსენა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთ-ერთი მოლაპარაკება, რომლის დროს ის უმტკიცებდა ლავროვს, რომ მცირე და საშუალო მანძილზე მფრენი რაკეტები რუსეთს არაფერს ავნებს და უნდა დათანხმდეს მათი უკრაინაში განლაგებაზე.

ლავროვის თქმით, ეს არ იყო თხოვნა, ეს იყო ბრძანება, უფრო სწორად ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლებოდა.

ბლინკენის ნათქვამი წინ უსწრებდა პუტინის გადაწყვეტილებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე. ბლინკენის განცხადება იყო პასუხი პუტინის წინადადებებზე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას წარედგინა — თვით ბაიდენის თხოვნით 2021 წლის დეკემბერში.

ჩამონათვალში მთავარი ყურადღება გადატანილი იყო აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოების შეჩერებაზე.

პოლიტიკაში ჩახედულთ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ 2022 წლის იანვარში გაიმართა რუსეთ-აშშ-ს დელეგაციების მოლაპარაკებები — პუტინის წინადადებებიდან გამომდინარე, თუმცა უშედეგოდ.

პუტინს აღარაფერი რჩებოდა გარდა სამხედრო ოპერაციის დაწყებისა. და მანაც 2022 წლის 24 თებერვალს გადადგა ასეთი ნაბიჯი.

პუტინი აიძულეს! ვინც აიძულა, ის, ისინი პუტინს აგრესორად მოიხსენიებენ. არადა, თვით არიან ასეთნი, ომის გამჩაღებლები — უკრაინელთა ხელით!

P.S. სტატია დამთავრებული არ მქონდა, როდესაც მედიით შევიტყვე, რომ უკრაინამ დაიწყო ცხედრების მიღება — ერთი კვირის დაგვიანებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

12/06/2025