„დიპ სტეიტი“ მარტო ამერიკაშია?!

არის ასეთი ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი, რომელმაც სახელი გაითქვა რადიკალური განცხადებებით, რუსოფობიით, უკრაინის დღევანდელი ნეოფაშისტური ხელისუფლების განუზომელი მხარდაჭერით.
არის კიდევ ერთი დელიკატური დეტალი, რომელიც თანამედროვე აშშ-ევროპაში სასახელო რამ არის. ამერიკელი ჟურნალისტების მიხედვით, გრემი, საშუალო ასაკის პოლიტიკოსი, დაუოჯახებელია, მას არასდროს ჰყოლია ცოლი, არ ჰქონია ოჯახი, მაგრამ ჰქონდა და აქვს ახალგაზრდა მამაკაცებთან ურთიერთობა, რაც წახალისებული იყო ბაიდენის დემოკრატიული პარტიის მმართველობის პერიოდში, თუმცა როგორც ჩანს არც ტრამპის ადმინისტრაციის ჟამს თვლის თავს შევიწროვებულად, ისე, როგორც სამხედრო მოსამსახურეები, უსაფრთხოების სამსახურების მუშაკები, განათლების სისტემის წარმომადგენლები, რომლებსაც ტრამპმა თავისი ბრძანებულებით — მხოლოდ ორ სქესთან დაკავშირებით, ისეთი დარტყმა მიაყენა, დღესაც გონს რომ ვერ მოსულან.
ყველა ისინი, დათხოვნილი სამსახურებიდან და უმუშევართა არმიას მიერთებულნი, ანტიტრამპული მოძრაობის ავანგარდში არიან და ძალას არ იშურებენ ლგბტ-ს მოძულე პრეზიდენტის გასაშავებლად.
გრემი ჯერ არ ჩამდგარა მათ რიგებში, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით, შემოვლითი გზით ყველაფერს აკეთებს პრეზიდენტის პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის.
ლინდსი გრემმა რუსეთის დასასჯელად ახალი კანონპროექტი შეიმუშავა — ახალი სანქციების შემოღების თვალსაზრისით — დღემდე არგაგონილი, არნახული. რუსეთს, რომელსაც 20000-ზე მეტი სანქცია აქვს დაწესებული ამერიკა-ევროპის მხრიდან, ახლით ვერ გააკვირვებს ვერვინ, მაგრამ გაუკვირდათ, რამეთუ იმდენად უკიდეგანოა, სრულ ჭკუაზე მყოფი რომ ვერ იფიქრებს, თუმცა ვინ შეაფასა გრემის ჭკუა?
არც არვინ. მაგრამ, გარდა ბენონისა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მისი მრჩეველი იყო. ბენონმა თქვა — გრემი კინწისკვრით უნდა იქნას პოლიტიკიდან გაგდებული, როგორც ავანტიურისტი, პოლიტიკისთვის მიუღებელი ადამიანი, რომელმაც მძიმე დღეში შეიძლება ჩააყენოს აშშ, დააპირისპიროს ის რუსეთ-ჩინეთთან — ბირთვულ სახელმწიფოებთან.
დავუშვათ, გრემს მართლაც გამოელია ჭკუა, მაგრამ 80 სენატორს, რომლებმაც ხელი მოაწერეს კანონპროექტს?
გრემის განმარტებით, სენატი უახლოეს დღეებში დაიწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელმაც ყველა ის ქვეყანა უნდა დასაჯოს, ვინც რუსეთიდან ყიდულობს ნავთობს, გაზს, ურანს. სასჯელი?
500%-იანი სანქცია.
თუ ამ კანონპროექტს მხარი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირეს, ჯერი ტრამპზე მიდგება, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ პროექტი, კანონად იქცევა.
რუსეთის დასჯის სურვილი ამოძრავებს გრემს და მასთან ერთად 80 ამერიკელ სენატორს, რომლებიც ხელს აწერენ კანონპროექტს, მაგრამ რუსეთთან ერთად იმპორტიორი ქვეყნებიც რომ ისჯებიან — ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირი, სხვები, მათ შორის საქართველოც?
ეს, მათ არ ანაღვლებთ. სხვათა შორის, დაისჯება აშშ-ც, რომელიც რუსეთიდან ყიდულობს ურანს.
როგორც ჩანს, გრემზე, გერმანული სინდრომი მოქმედებს — „ჩრდილოეთის გაზსადენის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით. ყოფილმა და დღევანდელმა კანცლერებმა, შოლცმა და მერცმა სიამაყით რომ განაცხადეს — არ აღვადგენთ რუსულ პოლიტიკურ გაზსადენსო.
არცერთი არ ფიქრობს მოსახლეობაზე, რომელსაც რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტამ 4-ჯერ გაუძვირა ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასახადი.
გერმანიის ხელისუფლებას არ უწუწუნია ძვირი ელექტროენერგიის გამო. ვინც წუწუნებს — ხალხია, რომელიც ეკონომიის მიზნით, ზამთარში არც შუქს ანთებს ბინაში, არც გაზს იყენებს ჩაის ასადუღებლად. ბინის გათბობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი?!
უკვე მერამდენე ზამთარია გერმანიის საშუალო და დაბალ ფენას, პენსიონერებს ტანსაცმლიანი ძილი უწევთ.
გრემის მოსაზრებას იზიარებს წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის, ანუ რესპუბლიკელების ლიდერი ჯონსონიც — რუსეთი უნდა დაისაჯოს, იმიტომ, რომ არ სურს უკრაინასთან დაზავება; არ სურს ცეცხლის ერთი თვით შეწყვეტა და ა.შ.
ლინდსი გრემმა, რომელმაც ქ. ოდესის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებამდე 2 დღით ადრე განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ დაეთანხმება უკრაინის წინადადებას, რუსეთის დასასჯელად 500%-იან სანქციებს აამოქმედებს.
სტამბოლის მეორე შეხვედრამ განიხილა ჰუმანიტარული საკითხები, ისეთი, როგორებიცაა ტყვეების გაცვლა, დაღუპულთა ცხედრების გატანა ფრონტიდან, რუსეთის მიერ გაყინული 6000 უკრაინელი „ბოევიკის“ გადაცემა უკრაინისთვის. გარდა ამისა, მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს მემორანდუმი სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართად. ასე რომ, სტამბოლის შეხვედრა არ ყოფილა ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოსაგვარებელი არენა. ასეთს ადგილი ექნება თვის ბოლოს, ისევ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს — იმ მემორანდუმის გათვალისწინებით, რომელიც მხარეებმა გადასცეს ერთმანეთს.
გრემი ჩქარობს — რუსეთის დასჯის წყურვილით აღვსილი და გაჰყვირის — რუსეთს არ სურს უკრაინასთან მოლაპარაკება, დრო გაჰყავს, გვატყუებს, რისთვისაც უნდა დაისაჯოს სანქციებითო.
ამერიკელი პოლიტიკოსები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ზედაპირულობით. გამონაკლისი არც ტრამპია, რომელიც ითხოვს რუსეთ-უკრაინის სწრაფ დაზავებას, რისთვისაც საჭიროა აშშ, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ წინასწარ შეხვედრას აზრი არ აქვს, ვინაიდან მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა, საკითხებზე არ უმსჯელიათ, არ შეთანხმებულან.
დიპლომატიაში მიღებული წესების მიხედვით, მხარეთა მოლაპარაკების და დასრულების შემდეგ იმართება ქვეყნების მეთაურთა შეხვედრა . და თუ საკამათო თემები ამოწურულია, მათს მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერა.
დიპლომატიისთვის ისიც მიღებულია, როდესაც მოსალაპარაკებელი თემების 90% შეთანხმებულია მხარეთა შორის და დარჩენილ თემებს ქვეყნების მეთაურთა გადაწყვეტილება სჭირდება.
ტრამპს სურს მაღალ დონეზე შეხვედრის გამართვა PR-ისთვის, საზოგადოებისთვის იმის სათქმელად, რომ ის არის მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტები აიძულა მოლაპარაკებები დაეწყოთ.
პუტინისთვის ზელენსკისთან შეხვედრა არაფრის მომტანი არ იქნება, დელეგაციების ერთმანეთთან მოლაპარაკებების შედეგად საკამათო საკითხების მოგვარების გარეშე.
ჯერ პრეზიდენტების მოლაპარაკება და შემდეგ დელეგაციების, ანუ მომლაპარაკებლების მიერ საკითხების განხილვა პუტინის აზრით მიუღებელია.
აღნიშნულ ნეგატიურ განწყობას დაემატა უკრაინელთა მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ხიდების აფეთქება, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, ისე, როგორც ნგრევა.
პუტინმა თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, რომლის მიზანი იყო სტამბოლის მოლაპარაკების ჩაშლა. ტერორისტული აქტი 31 მაისს განხორციელდა. პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში უკრაინას სახელმწიფო კი არა, ტერორისტული ორგანიზაცია შეარქვა, რომელთანაც მოლაპარაკება საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ მშვიდობის დასამყარებლად რუსეთი გააგრძელებს მოლაპარაკებას, თუმცა გამორიცხავს ზელენსკისთან შეხვედრას.
4 ივნისს პუტინ-ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში სწრაფად არ დამთავრდება, ვინაიდან მხარეები, ჯერ-ჯერობით მზად არ არიან ამისთვის. ტრამპმა მოუწოდა სენატს ჯერ არ დაიწყოს ლინდსი გრემის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა, ვინაიდან ხელს შეუშლის რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესს.
აპირებს თუ არა ტრამპი რუსეთ-უკრაინას შორის შემრიგებლის პოზიციაზე უარის თქმას, ძნელი სავარაუდოა — აშშ-ს ადმინისტრაციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან გამომდინარე, ძნელი დასადგენია. რაც შეეხება პრაქტიკულ ქმედებას — სახეზეა. მაგალითად, გერმანიის „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში, რომელიც წლებია უკრაინის იარაღით უზრუნველყოფას იხილავს, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი არ დასწრებია. არადა ეს ფორმატი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო შემუშავებული.
აშშ-ა მეორე ნაბიჯიც გადადგეს უკრაინის საწინააღმდეგოდ — რუსული დრონების გასანადგურებელი ამერიკული რაკეტები, ნაცვლად უკრაინისა, ახლო აღმოსავლეთში გააგზავნეს.
თეთრმა სახლმა ზელენსკი „ცუდ ბიჭად“ მოიხსენია, რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების აეროდრომებზე მიტანილი თავდასხმის გამო. პუტინთან საუბრის დროს, ტრამპმა ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინელთა თავდასხმის შესახებ აშშ-ა არაფერი იცოდა. თავდასხმა დაგმო კიტ კელოგმაც, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა უკრაინაში.
ტრამპმა გაგებით მოისმინა პუტინისგან საპასუხო დარტყმის თაობაზე. მან პუტინის ნათქვამის მიმართ პროტესტი არ გამოთქვა, არ ურჩია თავის შეკავება, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ ზელენსკი და უკრაინა მისი და მისი ადმინისტრაციის მიერ ნეგატიურად აღიქმებიან.
სტამბოლის მოლაპარაკების დაწყებამდე, უკრაინელთა მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა ბევრი გაახარა უკრაინასა და დასავლეთში, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციაში ზელენსკის მიმართ უარყოფითობა ერთიორად გაზარდა, რუსეთს გაუხსნა გზა უკრაინის მასშტაბურ შეტევაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაში.
სამი წელია ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არგადასული მასშტაბურ ომში, მიმდინარეობს უკრაინაში. რუსეთში არ იგრძნობა ომის პულსი უკრაინასთან საზღვრისპირა რეგიონებს გარდა, რუსეთი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.
ე.წ. ცენტრალურ ტელევიზიებშიც ომი ისე, არ იგრძნობა, როგორც საჭიროა. თითქოს ეს ომი აფრიკის კონტინენტის სამხრეთში იყოს და არა რუსეთის მეზობლად.
რუსული ტელევიზიები სავსეა პოლიტიკური თოქ-შოუებით, სიმღერის კონკურსებით, მაგრამ არა იმით, რითიც, ჩემის აზრით, უნდა იყვნენ დაკავებულნი. ნაკლები ლაქლაქი, მეტი საქმე. არა ცალი ხელით ომი, არამედ ორით.
პუტინის პოლიტიკა — ხანგრძლივი ომი უკრაინისა და დასავლეთის გამოფიტვით, შედეგს არ იძლევა. შედეგს არ იძლევა ფართო საზოგადოებისთვის აეროდრომებზე უკრაინელთა შეტევის დამალვა. მხოლოდ 3 დღის შემდეგ გახდა ცნობილი ამ თავდასხმის შესახებ რუსეთისთვის. არადა უკრაინელებმა მაშინვე თქვეს, მაგრამ მათი მხრიდან მრავალ ტყუილს შეჩვეულმა რუსეთმა, ესეც ტყუილად ჩათვალა.
რუსეთის მხრიდან გაჭიანურებულმა ომმა ვერც უკრაინა დაასუსტა და ვერც ევროატლანტიკური სივრცე, მაგრამ უარყოფითი წარმოდგენა შექმნა რუსეთის ძლევამოსილ არმიაზე. ერთის მხრივ, გაჭიანურებული ომი იძლევა ახალი იარაღის გამოცდის შანსს, მაგრამ მარტო ახალი იარაღის გამოცდა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ვერ დაითანხმებს უკრაინას ისეთ ზავზე, რუსეთს რომ წაადგება.
გაჭიანურებულმა ომმა სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის იმიჯს დსთ-ს წევრ ქვეყნებში, მეზობლებში.
მათი ანტირუსული პოლიტიკა ჯერ-ჯერობით ცხოვრების ზედაპირზე არ ამოსულა, მაგრამ ზედაპირს ქვევით მიმდინარე პროცესები გვკარნახობს, რომ ასეთს ადგილი ექნება.
უკრაინის ომზე კრემლის ყურადღების გადატანამ, დსთ-ს ანტირუსული მადა გაუღვივა — ჩვენთან დაპირისპირების შემთხვევაში, ის, რომელიც უკრაინას ვერაფერს უშვება, ჩვენც ვერაფერს გვიზამს.
დსთ-ს წევრი სახელმწიფოები, რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლად, ამყარებენ ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, რომელთა პოლიტიკა რახანია რუსეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
ანტირუსული აქტიურობით გამოირჩევიან აზერბაიჯანი და სომხეთი. პირველს, მჭიდრო კავშირები აქვს თურქეთთან, ისრაელთან, უკრაინასთან, ევროკავშირთან. მეორეს, საფრანგეთთან, აშშ-თან.
პირველი მხარს უჭერს თურქეთის პოლიტიკას, „დიდი თურანის“ შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც თავისი გავლენის სფეროდ არა მარტო კავკასიასა და ცენტრალურ აზიას მოიაზრებს, არამედ მუსლიმთა მიერ დასახლებულ ტერიტორიებს რუსეთში.
აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული უკრაინასთან. ილხამ ალიევი ოფიციალური ვიზიტითაც იყო უკრაინაში.
მას არც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩამორჩება. ისიც იყო უკრაინაში. სომხეთს, ევროპის იმედი აქვს აზერბაიჯანთან საკამათო საკითხების მოგვარებაში. აშშ-ს, სომხური დიასპორა დაბეჯითებით მოითხოვს ფაშინიანის კრემლისგან დისტანცირებას.
აქვე შეგახსენებთ, რომ თვით ფაშინიანი და მისი გუნდი სოროსელები არიან და უპირველესად ასრულებენ მათ დავალებას, მკვეთრად განსხვავებულს რუსეთის პოლიტიკისგან.
ცალკე განხილვის საგანია თურქეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ. პრეზიდენტი ერდოღანი, მიუხედავად იმისა, რომ მადლობელი იყოს რუსეთის პრეზიდენტის მისდამი ლოიალური დამოკიდებულის, არაფრად აგდებს კრემლის პოზიციას, თუკი ის არ შეესატყვისება ანკარისას.
თურქეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ზელენსკისთან. აწვდის რა მას იარაღს, განსაკუთრებით უპილოტო საფრენ აპარატებს — „ბაირახტარს“. მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით ყირიმთან მიმართებაში, სადაც ყირიმელი თათრები ცხოვრობდნენ.
თურქეთის პირდაპირი ჩარევით დამხობილ იქნა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელიც ჩაანაცვლა ტერორისტმა ალ შარაამ, მეტსახელად „ჯულანიმ“.
სირიის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
თურქეთი, თურქული ენის გამოყენებით ცდილობს პოზიციების განმტკიცებას ცენტრალურ აზიაში, სადაც თურქული ენა უცხო არ არის. „დიდი თურანის“ აღორძინების სურვილი არა მარტო თურქეთს აქვს, არამედ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებსაც, ვინაიდან თურქეთს იყენებენ თვით რუსეთში მცხოვრებ მუსლიმანებში ანტირუსული განწყობის შესაქმნელად, რუსეთის სახელმწიფოს დასასუსტებლად, დასაშლელად.
თურქულენოვანი სახელმწიფოები არა მარტო ჰუმანიტარულ-ეკონომიკური კავშირების გაფართოებით არიან დაკავებულნი, არამედ სამხედროთიც, რაც კასპიის ზღვაში ნატოს გაჩენის მომასწავებელი იქნება დროთა ვითარებაში, მიუხედავად კასპიის ზღვის ქვეყნების შეთანხმებისა, რომ სხვა ქვეყანა, გარდა ზღვისპირა სახელმწიფოებისა არ აღმოჩნდნენ კასპიის ზღვაში.
აღნიშნულის მიმართ მწვავე რეაქცია აქვს ირანს. მისი პოზიცია ემთხვევა რუსეთისას. რაც შეეხება აზერბაიჯანს — მჭიდრო თანამშრომლობა ისრაელთან და უფრო მჭიდრო თურქეთთან, აშორებს მას 2 მძლავრ მეზობელთან — რუსეთთან და ირანთან, თუმცა, როგორც ჩანს ამ ეტაპზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეს ნაკლებად ადარდებს.
დიდი ბრიტანეთის „M-6“ სპეცსამსახურის გავლენა თურქეთზე, აზერბაიჯანზე, უკრაინაზე, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე — მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ინგლისური პოლიტიკა ისეთივეა ამ შემთხვევაში, როგორიც საუკუნეთა განმავლობაში იყო.
მოდით დავსვათ კითხვა — ასეთ ვითარებაში შეძლებს საქართველო ნორმალურ ცხოვრებას?
საქართველოს პოლიტიკური კურსი ევროკავშირში და ნატოში გაწევრებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ ახლახანს, დაბეჯითებით გაგვიმარტა, რომ 2030 წლისთვის საქართველო აპირებს ევროკავშირში შესვლას, არა იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არის და რომელიც ჰგმობს „ოცნების“ პოლიტიკას, არამედ ახალში, რომელიც კობახიძის აზრით, დემოკრატიის ნაკრძალი იქნება.
თანამედროვე ევროკავშირი ისეთია, რომ კობახიძის ოცნებას ასრულება არ უწერია. ევროკავშირი უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ერთადერთი რაც მოხდება ამ ორგანიზაციასთან მიმართებაში — დაშლაა. ორივე შემთხვევაში აქცენტი ევროკავშირზე არასწორია, ვინაიდან რეფორმების გარეშე დარჩენილი ევროკავშირი, საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს. დასაშლელად გამზადებულ კავშირში შესვლას აზრი არ აქვს/
რაც შეეხება ნატოს — წინა სტატიაში მოგახსენეთ აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის უკრაინაში კელოგის დამოკიდებულების შესახებ ნატოში უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს გაწევრების თაობაზე. კელოგმა გააჟღერა აშშ-ს პრეზიდენტის მოსაზრება — არც ერთი ჩამოთვლილი ნატოში მიღებული არ იქნება.
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ აშშ-ს ადმინისტრაციის ნათქვამი ვერ გაიგო. არ გვიღებენ პატივცემულებო! რა არის ამაში გაუგებარი?
მართალია, 4 ივნისის რამშტაინის შეხვედრა უკრაინასთან მიმართებაში ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება, მაგრამ ნატოს ყველა წევრისა და სხვა ქვეყნების თავყრილობის გამომხატველთა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად.
ამ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პატიაშვილიც ესწრებოდა. რატომ?
უკრაინის ხელისუფლება ნეოფაშისტურია, ტერორისტულია, საქართველოს მაგინებელია. უკრაინის პრეზიდენტი ეთერში ამბობს, რომ ბირთვული იარაღი უნდა დავამზადო — რუსეთზე დასარტყმელადო.
ზელენსკი ნარკომანია და კოკაინით გაბრუებულმა სრულიად თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ატომური ბომბი, რომელიც მსოფლიოს კატასტროფას მოუტანს.
პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა, რომ ზელენსკის მსოფლიო მესამე ომისკენ, ბირთვულისკენ მიჰყავს. აი, ამ ფონზე საქართველოს რა უნდა რამშტაინში?
ზემოთ აღვნიშნე — თურქეთს უმადურობა დასჩემდა რუსეთის მიმართ. უმადურობაა ის, რომ არ აფასებ რუსეთის მილიარდებით აშენებულ ატომურ ელექტროსადგურს, რუსეთისგან მიღებულ გაზს, რომელსაც არა რუსეთის, არამედ შენი სახელით ჰყიდი ევროპაში.
უმადურობაა, როდესაც 3 მილიონი რუსი ტურისტის ყოფნას თურქეთში არ აფასებ, ისე, როგორც შენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რუსეთის ბაზარზე შეტანას.
თურქეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც სიხარულით გაუხსნა კარი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებას იმიტომ, რომ ამ მოლაპარაკებამ ზენიტში აიყვანა თურქეთის სახელი საერთაშორისო არენაზე. დაარწმუნა მსოფლიო, რომ თურქეთი საერთაშორისო მოლაპარაკებების გასამართავად შესაფერისი ქვეყანაა.
დავუბრუნდეთ ლინდსი გრემსა და მის 500%-იან სანქციებს, რომელსაც 80 სენატორი აწერს ხელს. მართალია, ტრამპის თხოვნით განხილვის დაწყება გადაიდო, მაგრამ თუ გაიმართა და სენატმა დაამტკიცა, მერე რა?
მერე ის, რომ პრეზიდენტს წარედგინება ხელმოსაწერად. კონგრესის წარმომადგენელთა პალატა თანახმაა. ტრამპის ხელმოწერის შემთხვევაში, კანონპროექტი, კანონად გადაიქცევა, რაც ავნებს არა მარტო რუსეთს და მასთან მოვაჭრე სახელმწიფოებს, არამედ აშშ-ს პრეზიდენტსაც.
თვით ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, ეს კანონპროექტი მსოფლიოს ეკონომიკას ისეთ ჩიხში შეიყვანს, რომ მრავალი წელი დასჭირდება კრიზისის დაძლევას და რაც მთავარია დაზარალებულ ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს ტრამპის წინააღმდეგ დარაზმავს — იმპიჩმენტის მოთხოვნით.
გონებაგახსნილი ექსპერტები თვლიან, რომ ეს იდეა ე.წ. დიპ სტეიტმა შეიმუშავა და სარეალიზაციოდ გადასცა მასთან დაახლოებულ რესპუბლიკელ სენატორს ლინდსი გრემს, რომელმაც იმავე „დიპ სტეიტის“ დახმარებით აიყოლია 80 სენატორი. მიზანი — ტრამპის გაშავება, გაშავებულის იმპიჩმენტით ჩამოშორება. ასე რომ, აშშ-ს პრეზიდენტს — „დიპ სტეიტთან“ მებრძოლს, თვით ამ „დიპ სტეიტმა“ შეიძლება დაუგოს მახე.
საქართველოს ხელისუფლებაში ხშირად ატრიალებენ სიტყვა „დიპ სტეიტს“, თუმცა, როგორც ჩანს არ იციან „სიღრმისეული სახელმწიფოს“ მნიშვნელობა. „ოცნების“ საყვირმა კალაძემ ისიც თქვა — ტრამპმა ვერ დაამარცხაო „დიპ სტეიტი“, სხვათა შორის იგივე ბრძანა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემაც.
მოდით დავსვათ კითხვა — შეიძლება მთვარის, მზის, მარსის, იუპიტერის დამარცხება?
ვირტუალურად მხოლოდ, რეალურად არა! „დიპ სტეიტი“ იყო, არის და იქნება, ვიდრე იარსებებს პლანეტა, რომელსაც დედამიწა ჰქვია. ვიდრე დედამიწაზე იცხოვრებენ მდიდრები და ღარიბები, ვიდრე იარსებებს სოციალური ფენა და ა.შ.
ვიდრე ადამიანებს, მეორეთა მიმართ ექნებათ სურვილი მათზე ზემოქმედების მოხდენის. ვიდრე ზემოქმედების სურვილით აღვსილნი თვით შეეცდებიან თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებას ან დაიქირავებენ სხვას, სხვებს ამ საქმის შესასრულებლად — თვითონ ჩრდილში დარჩენილნი და ამ ჩრდილიდან, დაქირავებულების მეშვეობით მთელი რიგი საკითხების გადაჭრას, მათ შორის საქვეყნოს.
საქართველოს პირობებში „დიპ სტეიტის“ აშკარა წარმომადგენელია მილიარდერი ივანიშვილი, რომელიც კულისებიდან მართავს მისსავე დანიშნულ ხელისუფლებას და ქვეყანას. თვით კალაძე —აშშ-ს „დიპ სტეიტზე“ რომ ლაპარაკობს, ქართულ რეალობაში „დიპ სტეიტი“ არ არის?
ქართული „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლებია ჩხარტიშვილი, რუხაძე, რამიშვილი (მეტსახელად ზარალა), ჯოხთაბერიძე და ა.შ. მდიდრები, რომლებიც ხელს არა მარტო ბიზნესში აფათურებენ, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში.
შეიძლება მათი დამარცხება?
ცალ-ცალკე თავის მოკვეთა ისე, როგორც ცხრათავიანი გველეშაპისთვის შეიძლება, მაგრამ ზღაპრის მიხედვით, მოკვეთილი თავის ნაცვლად იმ გველეშაპს ხომ ახალი თავი ეზრდება?
არ იქნება ივანიშვილი, იქნება სხვა გვარით, იგივე ივანიშვილი.
სოციალური დაპირისპირების, უთანასწორობის გამოსწორების სურვილმა გამოიწვია პროლეტარული რევოლუცია ლენინისა და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით. ხალხთა თანაფარდობაზე დაფუძნებულმა საბჭოთა სისტემამ 70 წელი იარსება და გიგანტურ წარმატებებსაც მიაღწია ისტორიის ერთობ მოკლე პერიოდში.
მან სამოქალაქო ომიც გადაიტანა, ჰიტლერული გერმანიაც დაამარცხა, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მეორე ქვეყნად გადააქცია, რომელიც დიდ კონკურენციას უწევდა კაპიტალიზმის ფლაგმანს აშშ-ს. მაგრამ ვერ გაუძლო პარტიაში გაჩენილ ღალატს, მერკანტილიზმს, მომხმარებლური სულისკვეთების მიერ სულიერის დაჩრდილვას და მსოფლიო ისტორიაში არსებულ უნიკალურ სისტემას წყალი შეუყენა — ნგრევით.
რახან საბჭოეთი ვახსენე, მინდა კობახიძის მიერ ჟურნალისტებთან ნათქვამს შევეხო, ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანტი-„ოცნებური“ დოკუმენტი, საბჭოური უზენაესი საბჭოს მიერ არაფრისმაქნის დოკუმენტებს შეადარა, თან ისიც დაამატა — მახსოვს, გასული საუკუნის 80-იანი წლების უზენაესი საბჭოს უნიათო დოკუმენტები, რომლებსაც ძალა არ ჰქონდაო.
კობახიძეს, ასაკიდან გამომდინარე, ვერ გაახსენდება საბჭოთა საქართველოს 80-იანი წლები, მითუმეტეს უზენაესი საბჭოს დადგენილებები, მარტივი მიზეზის გამო — ასაკის და სიტყვა „უზენაესი“, ანუ უზენაესი საბჭოს არ არსებობის გამო.
საბჭოთა პერიოდში იყო უმაღლესი საბჭო, რომელიც წლის განმავლობაში 2-ჯერ იკრიბებოდა — საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. უმაღლესი საბჭოს 440 დეპუტატი კი მუდმივად მუშაობდნენ დარგობრივ კომიტეტებში, მათი ძირითადი სამუშაოს პარალელურად. სესიებს შორის საქმიანობას წარმართავდა უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავისი აპარატით. უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. მას ჰყავდა მოადგილე. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანიც ჰყავდა.
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები იყვნენ საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი, საქართველოს კომკავშირის პირველი მდივანი, ავტონომიური ფორმირებების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, საზოგადოების გამორჩეული პირები, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოწინავე მუშაკები.
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომები, როგორც წესი თვეში ერთხელ იმართებოდა და იხილავდა კომიტეტების მიერ შემუშავებულ დადგენილებათა პროექტებს, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში, თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით აქვეყნებდა პრესაში, აგზავნიდა საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში შესასრულებლად.
რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბებოდა სესიებზე — გაზაფხულისა და შემოდგომის, ამტკიცებდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებულ დოკუმენტებს, სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად.
1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს სახელი და შინაარსიც გადაკეთდა უზენაეს საბჭოზე, რომელიც თავის საქმიანობას ყოველდღიური სხდომებით წარმართავდა.
უზენაესმა საბჭომ შეინარჩუნა ოპერატიული ორგანო — უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელსაც უძღვებოდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.
პრეზიდიუმის შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარის მოადგილეებისა, შედიოდნენ დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც საბჭოთა პერიოდის, ისე ე.წ. ეროვნული ხელისუფლების უმაღლეს და უზენაეს საბჭოების პრეზიდიუმების სხდომებს, როგორც მოწვეული, ესწრებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, შს მინისტრი.
ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები მოითხოვდა შესრულებას და 100%-ით თუ არა, 90%-ით სრულდებოდა. აი, სწორედ იმ გადაწყვეტილებებმა, დადგენილებებმა, კანონებმა ააშენეს საქართველო.
ქუჩებზე, რომლებზეც კობახიძე დაქრის დაჯავშნული ავტომანქანით — კომუნისტების დროს გაკეთდა. სახლებში, რომლებშიც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობს, კომუნისტებმა ააშენეს, და არა მარტო ააშენეს, უსასყიდლოდ საცხოვრებლად გადასცეს, შემდეგ აჩუქეს მოსახლეობას.
კომუნისტებმა შემოიღეს საყოველთაო სწავლება, საშუალო და უმაღლესი განათლება — ყოველგვარი საფასურის გარეშე, ისე, როგორც სამედიცინო მომსახურეობა. კომუნისტებმა შემოიღეს და ფართოდ გაშალეს მოსახლეობის დასვენების საკურორტო ქსელი — კომპლექსური სამედიცინო მომსახურეობით; ბავშვთათვის — პიონერთა ბანაკები.
კომუნისტების დროს გაიყვანეს ახალი გზები და გვირაბები, რკინიგზის ხაზები, თბილისის მეტრო, სანიმუშო საწარმოები — მძიმე და მსუბუქი, კვების მრეწველობის. კომუნისტებმა ააშენეს მეტალურგიული ქარხანა, ხოლო მის ირგვლივ ქალაქი. კომუნისტებმა ააშენეს თბილისის ელმავალმშენებელი და ჩარხმშენებელი გიგანტური ქარხნები, საავიაციო 31-ე ქარხანა. თბილისის ზღვაც კომუნისტებმა შექმნეს.
კომუნისტების დროს შეიქმნა კინოსტუდია, თეატრები — დრამატული, მუსიკალური კომედიის, ბავშვთა. ზენიტში ავიდა საოპერო და საბალეტო ხელოვნება. კომუნისტებმა შექმნეს საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლი, ანსამბლი „რუსთავი“, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. კომუნისტების დროს გაიფურჩქნა კონსერვატორია, საბალეტო სტუდია, სამხატვრო აკადემია, მეცნიერებათა აკადემია, …
კომუნისტების დროს გახდა სპორტი საყოველთაო, განსაკუთრებით ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ჭიდაობა, … კომუნისტების დროს გახდა ქართული კალათბურთი ევროპის ჩემპიონი, ისე, როგორც ფეხბურთი.
კომუნისტების დროს აყვავდა ქართული ხელოვნება, მწერლობა, მხატვრობა, მეცნიერება, … რომელი ერთი ჩამოვთვალო.
საქართველოში, არა მარტო სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა, არამედ სახელმწიფოსადმი სიყვარული, პატივისცემა, პატრიოტიზმი, განსწავლული ინჟინერ-ტექნიკური საზოგადოება. ძნელად მოიძებნება დარგი, რომელიც საბჭოთა საქართველოში განვითარებული არ ყოფილიყო.
ეს და სხვა მრავალი კომუნისტების დროს იყო ბატონო ირაკლი. და ნაცვლად იმისა, რომ შეგენარჩუნებინათ — დააქციეთ, გაანადგურეთ, თეთრებად გაყიდეთ უცხოეთში; მოსახლეობა — დამშეული, უყურადღებოდ მიტოვებული, ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთის გზას გაუყენეთ.
თქვენ, რომ თქვენსავით მსუბუქად მოაზროვნე ჟურნალისტებს უთხარით — უზენაესი საბჭოს არაპროფესიონალი დადგენილების მსგავსიაო ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, ევროპარლამენტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ უზენაესი საბჭოს „არაფრისმქმნელმა“ გადაწყვეტილებებმა შექმნეს ყოველივე, ისე, რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ, თუმცა ვფიქრობ ტყუილად, ვინაიდან ვერც თქვენ და ვერც თქვენი გუნდელები ვერ გაიგებთ, ვინაიდან გაგებას ცოდნა სჭირდება, რაც დიდი დეფიციტია ქართულ პოლიტიკაში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
08/06/2025