აბსტრაქტული პროექტი

ა.წ. 28 მაისს ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია მსოფლიოს დაყოფის თაობაზე. სსრკ-ს პერიოდში გაზეთ „პრავდის“ პირველ გვერდზე დაბეჭდილი სტატია, რომელსაც ხელს არვინ აწერდა, მოწინავედ ითვლებოდა და მკითხველს აუწყებდა, რომ სტატია ხელისუფლების პოლიტიკის ამსახველი იყო, ანუ პარტიისა და მთავრობის კურსის გამომხატველი.
„ნიუ-იორკ ტაიმსი“ სერიოზული გამოცემაა და სისტემატურად აქვეყნებს აშშ-ს ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ამათუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
მკითხველს, გაზეთის მოსაზრება შეიძლება აბსტრაქციად მოეჩვენოს — განუხორციელებელ ოცნებად, მაგრამ ეს, ის გაზეთი არ არის, რომელიც ყვითელი პრესის მსგავსად ბულვარულ სენსაციებს ბეჭდავდეს — სერიოზული გამოცემაა. და რახან ასეა, ამერიკულმა მედიამ, არა მარტო ბეჭდურმა, ელექტრონულმაც, და არა მარტო ამერიკულმა, არამედ მსოფლიო პრესამაც ყურადღება მიაქციეს „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ე.წ. სარედაქციო მასალას.
რას გვაუწყებს სტატია — იკითხავთ. იმას, რასაც აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან არ მოველოდით — მსოფლიოს გაყოფას სამს შორის — აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს. თითოეულ ზონაზე კონტროლს ამ სამიდან ერთისა, ზონის მიხედვით.
აღნიშნულის გათვალისწინებით იხილავს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის საკითხს. მას, უკრაინის გაყოფა მიზანშეწონილად მიაჩნია მშვიდობის დამყარების საქმისთვის. მშვიდობის, რომელიც მარტო უკრაინას არ ეხება. რუსეთ-უკრაინის დაზავება ევროპის კონტინენტზე სიმშვიდის დასადგურებას ნიშნავს, რაც უკრაინის პრობლემის მოწესრიგების შემთხვევაში, „დიდი სამეულის“ ყურადღებას მსოფლიოს სხვა რეგიონების პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანს.
ტრამპის სურვილია, აშშ-ს გავლენის გაფართოება, ლამის ამერიკასთან შეერთებით — კანადაზე, გრენლანდიაზე, პანამაზე. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი, ინაუგურაციის დღიდან, აცხადებს — კანადის 51 შტატად შეერთებაზე, ხუმრობა აღარ არის. ყველას რომ ასე ეგონა, არამედ აკვიატებული იდეაა, რომელსაც, ტრამპის აზრით, ასრულება უწერია.
სულ ახლახანს, ტრამპმა გამოაცხადა აშშ-ს დასაცავად ე.წ. ოქროს გუმბათის შექმნა. რას ნიშნავს ეს — იკითხავთ. ეს ნიშნავს, აშშ-ს თავზე ანტისარაკეტო ქოლგის გაშლას, რომელიც მას მტრის რაკეტებისგან დაიცავს.
პოლიტიკაში ჩახედულთ ემახსოვრებათ პრეზიდენტ რეიგანის ანალოგიური ქოლგა, რომელსაც „ვარსკვლავთა ომი“ შეარქვეს. ჰოლივუდმა არაერთი ფილმი მიუძღვნა ამ თემას. პროექტი, ძვირადღირებულია დღესაც, არათუ მაშინ. და როდესაც რეიგანი, ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა ჩაანაცვლა, ანტისარაკეტო ქოლგის პროექტიც მივიწყებას მიეცა.
3,5 წლის შემდეგ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ვინ იცის, რა ბედი ეწევა „ოქროს გუმბათს“?
ტრამპმა, მაღალი ტრიბუნიდან უთხრა კანადას — თუ ამერიკის 51 შტატი გახდებით, „ოქროს გუმბათი“ თქვენც დაგიცავსო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთის გაკეთება 60 მილიარდი დოლარი დაგიჯდებათო, აშშ-ს შტატად გახდომის შემთხვევაში — ხარჯი 0 იქნებაო.
ტრამპის პროგრამა „ოქროს გუმბათი“ გავიხსენე იმისთვის, რომ თქვენთვის მეთქვა ტრამპის აკვიატებული იდეის პერმანენტულობის თაობაზე, ვინაიდან კანადა, პანამა, გრენლანდია უპირველესი ტერიტორიული მადის აღმძვრელია ტრამპისთვის, ისე, როგორც მომავალში აშშ-ს გავლენის სფეროში შემავალი დანარჩენი ქვეყნები.
რას ნიშნავს ეს გარიგება რუსეთისთვის?
განხორციელების შემთხვევაში ნიშნავს — აშშ-ს მხრიდან ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობის შეწყვეტას და სამპოლუსიანობაზე გადასვლას. აქედან გამომდინარე, რუსეთის შემადგენლობაში დონბასისა და ყირიმის შეყვანა სანქციების დაწესების საბაბი აღარ უნდა იყოს. შეყვანა გეოპოლიტიკური ფაქტი გახდება. გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, მთელი კოლექტიური დასავლეთი, ნატოსთან ერთად უნდა გავიდეს პოსტსაბჭოთა ტერიტორიიდან.
გარდა ამისა, რუსეთი სხვა დივიდენდებსაც მიიღებს: ევრაზიაზე კონტროლს — დსთ, კავკასია, ცენტრალური აზია. ბალკანეთზე პოზიციების განმტკიცებას — სერბეთზე, მართლმადიდებლურ ქვეყნებზე. გავლენას უნგრეთზე, სლოვენიაზე, საფრანგეთზე.
მართლაც აბსტრაქტული გარიგებაა, რუსეთისთვის ხელსაყრელი, მაგრამ რამდენად რეალური — ამაზე მსჯელობენ, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ექსპერტები, პლუს რუსი. ერთის მხრივ გარიგება დღეს ფანტასტიკურ-აბსტრაქტული, ხვალ რეალური შეიძლება გახდეს, რამეთუ ტრამპი წარმოაჩენს თავს პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს გადაუწყვეტელ კითხვებს — დაკავშირებულს ჩრდილოეთ კორეასთან; ახლო აღმოსავლეთის ხანგრძლივ დაპირისპირებასთან; უკრაინის ომსაც შეაჩერებს და ა.შ. მაგრამ ეყოფა მას 3,5 წელიწადი დარჩენილი პრეზიდენტობისა და დაუჭერენ მხარს თუნდაც მისივე პარტიის, რესპუბლიკურის წევრები კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში?
რესპუბლიკელები 3 ჯგუფად არიან დაყოფილნი, ერთნი — რუსეთის მიმართ მეტნაკლებად პოზიტიურად განწყობილნი; მეორენი ანტირუსულად, მათ შორის გამოირჩევა სენატორი ლინდსი გრემი, კიევის სისტემატური სტუმარი, რომელიც ოქროს გორებს ჰპირდება ზელენსკის ომის გაგრძელებისთვის. სენატორი მხარს უჭერს კიევის წინადადებას — ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ის აცხადებდა, რომ თუ 2 ივნისის სტამბოლის მოლაპარაკება რუსეთ-უკრაინას შორის უკრაინული გეგმის მიხედვით არ წარიმართება, მწვანე შუქს აუნთებს კანონპროექტს 500%-იანი სანქციების დაწესებით იმათ მიმართ, ვინც ვაჭრობს რუსეთთან.
მესამენი არიან ნეოიზოლაციონისტები, რომლებიც თვლიან, რომ საზღვარგარეთ აშშ-ს სამხედრო ბაზები უნდა დაიხუროს, ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის შიდა პრობლემებზე.
ტრამპი ცდილობს სამივესთან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობის ქონას, წინააღმდეგ შემთხვევაში „საუკუნის გარიგებას“, ისე, როგორც საკუთარ პრეზიდენტობას წყალს შეუყენებს.
ეს, რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მაგრამ კონგრესში მათ გარდა დემოკრატებიც არიან. მართალია, მათ წააგეს არჩევნები, თუმცა ნელ-ნელა გამოდიან მარცხით გამოწვეული ნიჰილიზმისგან და აქტიურად ერთვებიან ანტიტრამპულ პროპაგანდაში, ძველი თემით — ტრამპი, პუტინის აგენტია. აშშ-ს , სადაც დემოკრატიულ პარტიას მძლავრი პროპაგანდისტული ინსტიტუტები აქვს ჩამოყალიბებული, ისე, როგორც მედია, მარტო ტელეკომპანია „CNN“-ი რად ღირს, იოლად მოახერხებს ანტიტრამპული პროპაგანდის აგორებას.
რიგითმა ამერიკელმა არაფერი იცის რუსეთის შესახებ. უკრაინის ომზე გაუგია, მაგრამ უკრაინას რუკაზე ვერცერთი ამერიკელი ვერ მიაგნებს.
დემოკრატები ემზადებიან რევანშისთვის, ანუ მომავალი წლის კონგრესის არჩევნებში გამარჯვებისთვის, რაც მოულოდნელი არ იქნება, ვინაიდან ტრამპის მიერ განხორციელებულმა სწრაფმა რეფორმებმა, ახალი ტარიფების დაწესებამ საზღვარგარეთის ქვეყნების პროდუქციაზე, მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულებების გაუქმებამ და შტატების შემცირებამ, რასაც უმუშევრობა მოჰყვა, ტრამპის რეიტინგი იმ დონემდე დასწია, წინამორბედებს რომ არასდროს ჰქონიათ — პრეზიდენტობიდან 100 დღის გავლის შემდეგ.
დაძაბული ურთიერთობაა ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროკავშირს შორის. ტრამპი თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ევროკავშირის მიმართ პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც გამოთქვამდა. მას არ მოსწონს ბრიუსელის ბიუროკრატია; ბრიუსელის მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე განუსაზღვრელი გავლენის ქონა, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა წევრი ქვეყნების ერთმანეთში გარიგებით; ევროკავშირის, უფრო სწორად ევროსაბჭოს თავმჯდომარედ ურსულა ფონ დერ ლაიენის დანიშვნით.
ცნობისთვის. ყველა ბრიუსელელი მაღალჩინოსანი წევრი სახელმწიფოების გარიგების ნაყოფია და არა არჩევნების.
ტრამპი თვლის, რომ აშშ-ს გაცილებით იოლია ევროპის ქვეყნებთან პირდაპირი ურთიერთობა, ვიდრე ბრიუსელის გავლით.
ევროკავშირი, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად სავალალოდ გამოიყურება. ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკამ დააპირისპირა ერთმანეთს „ძველი“ ევროპისა და „ახლის“ ქვეყნები, ისეთები, როგორებიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი. როგორც ჩანს, მათ პოლონეთიც შეუერთდება — ახლახან დამთავრებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ვინაიდან გამარჯვებული, კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის. ის, უკრაინას თვლის ბანდერას მემკვიდრედ და მოითხოვს უკრაინის ხელისუფლებამ დაგმოს ბანდერიზაცია; აღიაროს პოლონელთა გენოციდი — მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩადენილი.
გამარჯვებულს ასეთი პოზიცია ჰქონდა საპრეზიდენტო მარათონის დროს, რამაც მას გამარჯვება მოუტანა და ძნელი სავარაუდოა, რომ მან უკრაინოფობია, უკრაინოფილიით შეცვალოს.
ბრიუსელისთვის, ისე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის, გერმანიის კანცლერ მერცის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერისთვის უკრაინის თემა მთავარია. უკრაინაზე ამოსდით მათ მზე და მთვარე; უკრაინას მიიჩნევენ მთავარ ძალად რუსეთის დასამარცხებლად. ნეოფაშისტური უკრაინა მათგან იღებს შეიარაღებას, მორალურ და ფინანსურ დახმარებას, და ცხადია აშშ-ნ იღებდა — ბაიდენის ადმინისტრაციისგან. რა იქნება ტრამპის მმართველობის 3,5 წლის განმავლობაში — იოლი გამოსაცნობი არ არის, აშშ-ს პრეზიდენტის ზიგზაგური პოლიტიკიდან გამომდინარე. თუმცა აღვნიშნავ, რომ ტრამპის, ზელენსკისადმი დამოკიდებულება უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური.
ტრამპის ეს პოზიცია არ ახარებს ევროკავშირს, მაგრამ მას არ შეუძლია კარდინალური ზეგავლენის მოხდენა ტრამპზე. ევროკავშირის იარაღი იმ რაოდენობისა არ არის, უკრაინის მოთხოვნა რომ სწრაფად დააკმაყოფილოს. სრული დაკმაყოფილება მხოლოდ აშშ-ს შეუძლია. ევროკავშირს არც საკუთარი შეარაღებული ძალები ჰყავს. სულ ახლახანს, მან დაიწყო სრულ გადაიარაღებაზე ლაპარაკი და ამისთვის თანხაც დაასახელა — 800 მილიარდი ევრო.
შეძლებს ევროკავშირი ამ თანხის შეგროვებას?
ექსპერტების მიხედვით, გაუჭირდება. ასე, რომ იარაღის შესაძენად მან ისევ აშშ-ს უნდა მიმართოს, რამეთუ გერმანიის, საფრანგეთის, სხვა ქვეყნების სამხედრო შეკვეთების შესრულებას ესაჭიროება ქარხნების სამხედრო წარმოებაზე გადაყვანა.
„მსოფლიო დანაწილებაში“ ტრამპი ევროპას საერთოდ არაფრად მიიჩნევს. ევროპაც, ტრამპს ნეგატიურად აფასებს. მას ბაიდენი ან მისი მსგავსი მოეწონებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ერთმანეთის, ლამის სიძულვილამდე მისული დამოკიდებულების ფონზე აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები, უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკური, მილიარდობით დოლარს მოითვლის.
ერთი ხელის დაკვრით ამ კავშირების მოშლა მსოფლიოს ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისს გამოიწვევს. ევროპამ იცის, რომ აშშ-ს უმცროსი პარტნიორია და მისი ამერიკაზე დამოკიდებულება გაცილებით დიდია, ვიდრე პირიქით. ევროპას არ სურს შემოსავლების დაკარგვა აშშ-ნ ურთიერთობის გაუარესებით.
ბრიუსელს, ვაშინგტონის მიმართ დიქტატი არ გაუვა. შებრუნებითს სისტემატურად აქვს ადგილი, თუმცა ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს არ აჰყვეს ტრამპის პოლიტიკას, შეეწინააღმდეგოს მას, რაც ნათლად გამოჩნდა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც აშშ-ს სამართლიანი მოწოდება არ გაიზიარეს ევროკავშირში და გაყალბებით ხელისუფლების სათავეში მიიყვანეს ევროკავშირისთვის მისაღები კანდიდატი.
ევროკავშირს, აშშ-ზე განსხვავებული პოზიცია უკავია უკრაინასთან მიმართებაში; მაშინ, როდესაც ტრამპი დაზავებას მოითხოვს რუსეთ-უკრაინისგან, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი პირიქით, მოუწოდებენ უკრაინას ომის გაგრძელებისკენ.
ერთი კვირის წინ, ოდესაში ჩატარებულ შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილე დიდი ბრიტანეთის ყოფილმა სამხედრო ჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაამზადოს ბირთვული ბომბი, რათა თავი დაიცვას რუსეთისგან. საყურადღებოა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სტარმერის განცხადებაც, სადაც მან ილაპარაკა რუსეთის საფრთხეზე და დიდი ბრიტანეთის შეიარაღების სამხედრო რელსებზე გადაყვანის თაობაზე.
თვით ინგლისელი ექსპერტების მიხედვით, სტარმერის აგრესიული განცხადება მიმანიშნებელია ქვეყნის მილიტარიზაციაზე.
ევროკავშირის პოზიცია ასეთია — გაუძლოს ტრამპის მმართველობის 3,5 წელს იმედით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ. ევროკავშირს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკელ დემოკრატებთან და ორივენი დროს არ კარგავენ ანტიტრამპული პოლიტიკის წარმოებისთვის.
ტრამპს, მიუხედავად გულადი საჯარო განცხადებებისა, მკაცრი ზომების გატარება ევროკავშირის მიმართ არ შეუძლია, განსაკუთრებით უკრაინის საკითხში. არ შეუძლია თუ არ სურს?
ალბათ, ერთიც და მეორეც. როგორც ჩანს მას სურს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მხოლოდ შემრიგებლის პოზიცია დაიკავოს და არა მხარის. ტრამპი, სულ მუდამ იმას გაიძახის — მე, რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ დაიწყებოდაო და ამ ომს წინამორბედ ბაიდენს აბრალებს.
მეეჭვება, რომ ის გულწრფელი იყოს პუტინის მიმართ და არ სურდეს რუსეთის დამარცხება, მაგრამ არა ამერიკის ხელით, არამედ ევროპის. ამდენად მისი კატეგორიული გაფრთხილება ევროპის მიმართ არ ჩანს. ასეთის შემთხვევაში შეწყდებოდა იარაღის მოწოდება უკრაინისთვის. უიარაღო კი უმალ დათანმხდებოდა რუსეთის წინადადებებს და ომსაც წერტილი დაესმებოდა.
ხმამაღალი განცხადება — მშვიდობა მინდაო, განცხადებად დარჩება, თუკი მას შესაბამისი პრაქტიკული საქმე არ მოჰყვება. ასეთს კი ადგილი არ აქვს.
სტამბოლის მოლაპარაკებამ გვაჩვენა, რომ ჰუმანიტარული საკითხების გარდა — ომის შეწყვეტისა და სამშვიდობო პროცესზე გადასვლას უახლოეს მომავალში ადგილი არ ექნება. ზელენსკი თვლის, რომ მას მყარი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირისგან, მაკრონის, მერცის, სტარმაერისგან, ტრამპის წაყრუების ფონზე. და რახან ასეა, ომიც გაგრძელდება, შესაძლოა მოლაპარაკებებიც.
პოლიტოლოგებმა კარგად იციან ვიეტნამის ომი და ჩრდილო ვიეტნამ-აშშ-ს მრავალწლიანი მოლაპარაკება, რომელიც ჩრდილო ვიეტნამის, სამხრეთ ვიეტნამზე მასშტაბური სამხედრო შეტევით დასრულდა.
საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ უკრაინის ომი მალე დასრულდება და აშშ-ი გადმოხედავს საქართველოს — კობახიძის ვარაუდით, კეთილი თვალით.
კოლექტიურმა დასავლეთმა ისეთი ნაღმი ჩადო უკრაინაში, რომ მას სწრაფი დამთავრება არ უწერია. დასავლეთმა, უკრაინა ანტირუსულ ქვეყნად გადააქცია. ომის დამთავრების შემთხვევაში, ომი გაგრძელდება — ტერორისტული აქტების სახით. დამარცხებული უკრაინა, არასდროს შეეგუება მარცხს და ისევ, ევროპელთა დახმარებით, რევანშისთვის მოემზადება.
რუსეთს მხოლოდ გამარჯვება და კაპიტულაცია უნდა აწყობდეს, დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციით, ნაცისტური ხელისუფლების სასამართლოში მიცემით და უკრაინის სათავეში კრემლისთვის ლოიალური ხელისუფლების მისვლით. ასეთი პერსპექტივა არ ჩანს.
უკრაინელთა მიერ შედგენილი მემორანდუმი არც ყირიმის, დონბასის, ხერსონ-ზაპოროჟიეს რუსეთის კუთვნილად არ მიიჩნევს და არც ნეიტრალიტეტის სტატუსი აწყობს, არც ნატო-ევროკავშირზე უარის თქმა სურს. პირიქით, როგორც ომში გამარჯვებული, რუსეთისგან რეპარაციებს მოითხოვს და ყოველივე ამას მხარს ევროკავშირი უჭერს.
აი, ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ტრამპის გეგმა მსოფლიოს განაწევრების თაობაზე აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ერთადერთ ხსნად შეიძლება ჩაითვალოს, უპირველესად არა „სამეულისთვის“, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის. ამ „სამეულისგან“ თითოეული ვალდებული იქნება თავის გავლენის სფეროში მშვიდობის განმტკიცებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სხვა ურთიერთობების განვითარებაზე.
ტრამპის გეგმა არახალია, ძველის გამეორებაა. ძველი კი ორპოლუსიანი მსოფლიო იყო, სოციალისტურად და კაპიტალისტურად გაყოფილი. მართალია, მას ჩერჩილმა „ცივი ომი“ შეარქვა, მაგრამ ამ „სიცივეს“ ბირთვული სახელმწიფოების მასშტაბური დაპირისპირება არ გამოუწვია. დღეს კი, ასეთის წინაშე ვართ — ევროპა-უკრაინის გადამკიდე.
ზემოთ, რომ ინგლისელი ვახსენე — უკრაინამ ბირთვული ბომბი უნდა დაამზადოსო, არახალია, თვით ზელენსკიმ თქვა გაცილებით ადრე ამის თაობაზე. ასე რომ, ამ აბურდულ ვითარებაში არაფერია გამორიცხული.
„ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატია, რამდენად აბსტრაქტულად არ უნდა გვეჩვენებოდეს, საყურადღებოა. და საყურადღებოა ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩემის აზრით, საყურადღებოა უკრაინის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის გენერალ კიტ კელოგის განცხადებაც, რომ აშშ-ი წინააღმდეგია უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ნატოში გაწევრების.
კელოგის მიხედვით, რუსეთს სრული საფუძველი აქვს იყოს შეწუხებული ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით. კელოგი, რუსოფილი კა არა, რუსოფობია.
ნატოში არ მიგვიღებენ, ევროკავშირში?
ტრამპის გეგმის მიხედვით, ევროკავშირი აღარ იქნება. თვით ევროპაც, სამიდან, ორის — აშშ-რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცევა. მაშ ჩვენ საით გაგვიწევია?
ტრამპის გეგმაც, რომ არ იყოს, ევროკავშირს კარგი არაფერი მოელის —ბრიუსელ-წევრ ქვეყნებს შორის მწვავე დაპირისპირების გამო. სრულიად შესაძლებელია ამ კავშირის დაშლა ან ისეთად გადაკეთება, თვით იქაურთათვისაც, ვითარება ნაკლებად სახარბიელო იყოს. რატომ ვიბრძვით ევროკავშირში გასაწევრებლად?
34-წლიანმა დამოუკიდებლობამ თუ რა მოუტანა ქვეყანას — დასავლეთისადმი უგუნური თაყვანისცემაა, სიყვარულია, პატივისცემაა, მაშინ, როდესაც იმ დასავლეთის მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ ადგილი არ აქვს და არც ექნება მარტივი მიზეზის გამო — ის, კოლონიზატორია, უფრო სწორად ყოფილი, მრავალი საუკუნის განმავლობაში და ეს გრძელდება. ჩვევა სისხლში აქვს გამჯდარი. ის, თვლის და მომავალშიც ჩათვლის, რომ ჩვენ, მდაბიონი ვართ, როგორც ყოფილმა ევროკავშირელმა მაღალჩინოსანმა ჟოზეპ ბორელმა თქვა — ჯუნგლებში მორბენალნი, რომელთაც ედემის ბაღში, ანუ ევროკავშირში შესვლა უნდათ.
მდაბიოს სტატუსით ყოფნა ევროკავშირში ისეთია, როგორიც ბულგარეთის, რუმინეთის, აღმოსვლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, რომლებიც უკმაყოფილნი არიან თავიანთი სუვერენიტეტის შელახვით, „ძველი“ ევროპის მათზე დიქტატით, ისე, როგორც ბრიუსელელი ბიუროკრატების. როდესაც უვიცი, გაუნათლებელი, მეტიჩარა ესტონელი ქალბატონი კაია კალასი, ესტონური პოლიტიკური წუმპიდან, ევროპულ-ამერიკული შავი ძალების მიერ ამოთრეული და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების კომისრად დანიშნული, თითის ქნევას დაუწყებს ევროკავშირის წევრ უნგრეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ჩვენ რას გვიზამს?
ისეთი სულისკვეთებაა „ფასეულობებით“ გაჯერებულ ევროპაში, რომ კაია კალასები მომავალშიც იქნებიან. საქართველოს ხელისუფლებას თუ სურვილი არ აქვს მრავალ ქარტეხილგამოვლილ ქართველ ხალხს ევროკავშირის ყულფში თავი არ გააყოფინოს, უპირველესად რაც უნდა გააკეთოს მისდამი ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებში დაიწყოს გადაცემათა სერია ევროკავშირთან დაკავშირებით — ობიექტური, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაყრდნობილი. ხალხისთვის იქაური სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ახსნით და იმის თქმით, რომ გაპრიალებულ-გაჩირაღდნებული ფეშენებელური მაღაზიების ვიტრინების უკან ისეთი ცხოვრებაა, სრულიად განსხვავებული ფასადისგან, რომ ინტერიერი არათუ თვალის მომჭრელია, არამედ დამაბრმავებელი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
04/06/2025