18.07.2024

დანიელსონის „მეორედ მოსვლა“ (29.03.2021)

ევროპელი დიპლომატის დანიელსონის „მეორედ მოსვლაზე“ დიდ იმედს ამყარებენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და არა ხალხი, რომლის საკეთილდღეოდაც ხდება ყოველივე, ვითომ. ამ უკანასკნელს, მართლაც რომ უკანასკნელს, პოლიტიკოსთა უზნეო, მომხვეჭელური, გაუმაძღარი, მოღალატური, ყველა სხვა უარყოფითი თვისებებით აღსავსე ქცევის გამო  არც დანიელსონი, არც შარლ მიშელი, არც ჟოზეფ ბორელი, არც ფონ დერლაიენი ,არც ბრიუსელში შეყრილი ევროკავშირელები აინტერესებს და მითუმეტეს მათი დამოკიდებულება საქართველოს პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

რაც მას აინტერესებს ზემოჩამოთვლილ არც აქაურობას და არც იქაურობას არ აინტერესებს და რატომ. უპირველესად იმიტომ, რომ პოლიტიკოსობისგან გამომდინარე, შორს არიან პრობლემებისგან. მხედველობაში მყავს ქართული პოლიტიკის ელიტა და არა უამრავი პარტიები, რომელთა ელიტად გადაქცევის შანსი მინიმალურია.

ხელისუფლებაში მყოფი  „ოცნება“, როგორც ხშირად გვესმის მისი დახასიათების დროს — ცალ-ცალი კალოშით მოსული, ცხრა წელიწადია ისე დაშორდა ხალხს, როგორც მტრად ქცეული ცოლ-ქმარი. ცხრა წელიწადია ის იზოლაციაში ცხოვრობს, უცხოურ იზოლაციაში და რომ არა „კოვიდ-19“-ს პანდემია, მუდამ იქ იქნებოდა. მსოფლიოში შემოღებულმა კარანტინმა ჩაკეტა ის სახლში, არადა რა სირბილი ჰქონდათ გამართული ნებისმიერი თანამდებობის მქონე „ოცნებელებს“ უცხოეთში?

საბაბი — უამრავი, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი, რუსეთის აგრესია-ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა, თითქოს ჯერ-ჯერობით არაოკუპირებულ დანარჩენ საქართველოში ამ მხრივ იდეალური პირობები იყოს. რომ იტყვიან „ოცნების“, მანამდე „ნაცების“ საბედნიეროდ გაისროლეს ქვემეხებმა — გამარჯვების ზალპები.

წამით წარმოვიდგინოთ შიდა ომების გარეშე დარჩენილი საქართველო. თბილისს-სოხუმს, ცხინვალს შორის შეხმატკბილებული ცხოვრება, ერთმანეთისადმი პატივისცემა, არც ერთი ხმამაღალი სიტყვა, მეგობრობა, მჭიდრო თანამშრომლობა, საერთო საქვეყნო საქმის კეთება. რა ეშველებოდა ხელისუფლება-ოპოზიციას? რა საბაბით ივლიდა უცხოეთში? ხომ მოიწყენდა ჟენევა უქართველებოდ?

არ იქნებოდა ომები და არ იქნებოდა რუსეთი აგრესორის და ოკუპანტის ტიტულების მატარებელი. მეგობარი ქვეყანა იქნებოდა, ისეთი, როგორიც მანამდე. არ იქნებოდა პრაღის შეხვედრები აბაშიძე-კარასინს შორის და პრაღაც მოიწყენდა უჩვენოდ.

ხედავთ, მეგობრებო, რამდენი რამ არ იქნებოდა, თავს რომ ყოველდღიურად გვატკივებს და ნორმალური განვითარების საშუალებას არ გვაძლევს?!

მაგრამ ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, თავისტკივილი ყველას აწუხებს თუ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს — პოლიტიკაში არ ჩართულს? პოლიტიკაში ჩართულს რომ ქვეყნის თავისტკივილი აწუხებდეს, უდავოდ თვალშისაცემი იქნებოდა, ვინაიდან დაავადებული ადამიანის გარეგნობა სუსტი ჯანმრთელობის აშკარა დამადასტურებელია, რასაც პოლიტიკოსებზე ვერ ვიტყვით. ან როგორი ბოროტები უნდა ვიყოთ ლოყებგადატკეცილი თალაკვაძის, ბოკერიას, სააკაშვილის, თმახუჭუჭა კობახიძის, სხვების და სხვების ავადმყოფობაზე რომ ვილაპარაკოთ?

ხორცშესხმულ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას რომ ამ მხრივ პრობლემები არ აქვთ, ცხადია! კუჭიც ზომაზე მეტად სავსე აქვთ და ცხოვრებაც. მაგრამ ავადმყოფობა მაინც აქვთ — უხილავი, მას მენტალური ჰქვია. მენტალურად დაავადებული ადამიანის გამოცნობა ჭირს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკაში მყოფი — განსაკუთრებით ხელისუფლებაში, უდიდესი უმრავლესობა ასეთია.

გონებრივად დაავადებული უმალ მიხვდება, რომ მისი პოლიტიკური „მოღვაწეობა“ უპირველესად ქვეყნისთვის ნეგატიურს უკავშირდება. პოზიტურის შემთხვევაში მას პოლიტიკური „მოღვაწეობის“ შანსი ერთმევა ხელიდან. ანუ რომ არ ყოფილიყო სამოქალაქო ომები, არ იქნებოდა მათი შედეგებით გამოწვეული საერთაშორისო ჟივილ-ხივილი, უცხოეთში მისვლა-მოსვლა, საერთაშორისო კონფერენციებისა და შეკრებების გამართვა და ა.შ.

ქვეყნისთვის საშინელების მომტანმა ომებმა პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალი საქმე გაუჩინა — შემოსავლიანი, მუდმივი. ამის შემხედვარე მავანს უეჭველად დაებადება კითხვა — ცხინვალზე თავდასხმა რომ არ ყოფილიყო, ხომ არ იქნებოდა სხვა ცხინვალი?

გიპასუხებთ. იქნებოდა!

ქვეყნის ერთიანობის მსურველი პოლიტიკა, უფრო ზუსტად ცენტრალიზებული მართვის მიმდევარი, სხვას რომ სეპარატისტს ეძახის, თავისდაუნებურად, თვით არის სეპარატისტი. ასეთი ვერ ხვდება, რომ ძალისმიერი ერთიანობა დათვის ჩახუტებას ჰგავს და მის კლანჭებში მოქცეული ყველაფერს იღონებს თავის დასახსნელად.

ასეა თუ ისე, ქვეყნის დაქცევის შედეგად ხელმოთბობილი პოლიტიკა ხარობს და არა მარტო ის, არამედ საზღვარგარეთულიც, ჩვენ რომ პარტნიორებად მოვიხსენიებთ. საქართველოს შიდა ომებზე არა მარტო აქაურებმა მოითბეს ხელი, არამედ იქაურებმაც. უფრო მეტიც, ის ომები, სწორედ იქაურების წაქეზებით იყო გამოწვეული — აქაურთა ხელით განხორციელებული. სცენარი იმ „დალოცვილ“ ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწერა, ისე, როგორც „ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების“ სცენარი, თორემ ვის მოუვიდოდა თავში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ჟამს პოლიციელებისთვის ვარდის მირთმევა?

გახსოვთ ალბათ, მაია ნადირაძის და ელენე თევდორაძის მიერ, პარლამენტის შენობის დასაცავად გამოყვანილი პოლიციელებისთვის, ვარდების ჩუქების სცენა — მანამდე არნახულისა და უცნობის პოსტსაბჭოთა სივრცისთვის.

ომის შედეგად სამუშაო ადგილები გაჩნდა, როგორც აქ, ისე იქ. განსაკუთრებული ელფერი შეიძინა ჰიბრიდულმა, პროპაგანდისტულმა ომებმა — ატეხილმა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის რუსეთის მიმართ.

გაიხარა აშშ-ს პოლიტიკამ, მითუმეტეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი რუსეთი უდავოდ ევროპასაც დაიპყრობსო და ამ „შიშით“ კონგრესი ლამის ტრილიონ დოლარს ყოფს პენტაგონისთვის, ხოლო ანტირუსული პროპაგანდის საწარმოებლად — 700000 დოლარს.

პატივცემულო მკითხველო, შეხედეთ რა დიდი საქმეები მოჰყვა ცხინვალში დაღვრილ ქართველთა და ოსთა სისხლს?! და არა მარტო ცხინვალში, უკრაინაში, კერძოდ დონბასში. რა რაოდენობის ფული იყოფა ყოველწლიურად ომის შედეგების ვითომ აღმოსაფხვრელად?

ვის სჭირდება ომის შედეგების აღმოფხვრა და რამდენი დრო დასჭირდება ამ საქმეს?

ეს კითხვა უპასუხოდ დარჩება, ვინაიდან ის, ვინც ომის შედეგების აღმოფხვრით არის დაკავებული — პირიქით შრომობს, რათა მსგავსს არ ჰქონდეს ადგილი. სიტყვით — თითქოს ყველაფერს ღონობს ამისთვის. საქმით —  არაფერს! იქაურებიც და აქაურებიც (პოლიტიკოსები და დიპლომატები მყვანან მხედველობაში) შეხმატკბილებულად მოქმედებენ. საკითხის მოუგვარებლობა, გაჭიანურება მათი მთავარი მიზანია. მოგვარების შემთხვევაში ისინი სარფიან საქმეს კარგავენ. ვის აწყობს საქმის მოგვარება? — უპირველესად ხალხს, რომელსაც არც იქაური და არც აქაური არაფრად აგდებს. ანალოგიური ვითარებაა ამჟამად, ქართული მედია რომ პოლიტიკურ კრიზისს უწოდებს.

მეორედ ჩამოდის დანიელსონი და რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება შეარიგოს ერთმანეთს, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და კინკლაობა იქ გაგრძელდეს — პარლამენტის ჩარჩოებში.

ოპოზიცია არ შედის, ვინაიდან დარწმუნებულია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების „ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბებაში. „ოცნება“ კი ურცხვად აცხადებს, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. დასავლეთიც, „ოცნების“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს იგივეს, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია.

დასავლეთს ჰგონია, რომ თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, 2024 წლის არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარება, რაც დაუჯერებელია.

ოპოზიციის პარლამენტში შესვლით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დამტკიცდება, ქვეყანას ეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, მმართველი პარტია მიიღებს სრულ ძალაუფლებას, ოპოზიციას დარჩება პარლამენტის მიკროფონი — საჭიჭყინოდ და არა საქმისთვის.

დასავლეთის მხარდაჭერილი „ოცნება“, საშემოდგომო ადგილობრივ არჩევნებსაც მოიგებს და 2024 წლის საპარლამენტოსაც — ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების დაშინებით და სხვა მრავალი ბერკეტით, რომელიც მხოლოდ მმართველ პარტიას გააჩნია და არა ოპოზიციას.

შარლ მიშელი და დანიელსონი — ევროპული მენტალიტეტით იხილავენ ქართული პოლიტიკის კრიზისს. მათ ჰგონიათ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის სიკეთისა და განვითარებისთვის იბრძვიან და არა საკუთარი კუჭური ინტერესებისთვის. მათ არ იციან, რომ ხალხის კეთილდღეობა აქ არაფერ შუაშია. აქ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზეა აქცენტი გადატანილი. საკუთარ კეთილდღეობას კი ხელისუფლება სჭირდება. ხელისუფლება იძლევა საბიუჯეტო თანხების ჭამის შესაძლებლობას და არა სხვა რამ, თუნდაც ბიზნესი, ვინაიდან ის ბიზნესიც ხელისუფლების დანიშნულია და ისიც, ხელისუფალთა მსგავსად და მასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჭამს ქვეყნის ბიუჯეტს. ასეთი ხელისუფლება ნებაყოფლობით დათმობს რამეს?

ევროპა-ამერიკას ქართული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა რომ ნდომოდა, უმალ მოაგვარებდა, ყოველგვარი დასავლური პოლიტიკურ-ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებით, და ისედაც გაუარესებული სოციალური ვითარების კიდევ უფრო გაუარესებით, ხალხის ქუჩაში გამოყვანით და ა.შ. მაგრამ მათ ეს არ უნდათ და არა იმიტომ, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნება, არამედ მათ ქაოსისპირას მყოფი ქვეყანა აწყობთ, ვინაიდან ასეთი იოლად სამართავია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი