განსაცდელის წინაშე მდგარი მსოფლიო (25.03.2021)
„საქართველო, რაც მთავარია შეგნებულად, ხდება ტოქსიკური მთელი რეგიონისთვის“ — ეს სიტყვები ეკუთვნის დიმიტრი მედოევს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. აი, ასე მოიხსენიება საქართველოს სსრ-ს ყოფილი ავტონომიური ოლქი დღეს და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მაშინდელ ხელისუფლებას, მთლიანად საზოგადოებას, რომელმაც არაფერი გააკეთა 2008 წლის აგვისტოს აგრესიის საწინააღმდეგოდ. და თუ გააკეთა, პირიქით, გუნდრუკი უკმია დამარცხებულ მთავარსარდალს, უმღერა და უცეკვა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სახელდახელო სცენაზე, შემდეგ ცოცხალი ჯაჭვით „დაამშვენა“ ქვეყნის ქალაქები, გზები და ქუჩები, ნაცვლად ომის გამჩაღებელი ხელისუფლების სამართალში მიცემისა.
მედოევის განცხადება თავისთავად არ გაჩენილა, იყო გამომწვევი მიზეზებიც — აი ასეთი: „ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ადამიანი რუსეთში, რომელსაც შეუძლია პოზიტიურად ან ნეგატიურად იქონიოს გავლენა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ეს ნამდვილად არის ვლადიმერ პუტინი. მიუხედავად სირთულეებისა, რუსეთთან ლაპარაკი საჭიროა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობა იყო „რუსეთის ფედერაციის უდიდესი შეცდომა. ვიდრე ეს საკითხი იქნება საქართველო-რუსეთს შორის, ჩვენ ყოველთვის გვექნება სირთულეები“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
საქართველოს ტოქსიკურობასთან დაკავშირებით მედოევი ამბობს, რომ სწორედ საქართველოდან ექნება ადგილი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ აგორებულ მუდმივ საფრთხეს. მედოევის აზრით, საქართველოს არც მმართველი ელიტა და არც ოპოზიცია არასდროს იტყვიან უარს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, რაც თავისთავად არის რეგიონში მუდმივი დაძაბულობის წყარო.
მედოევის განცხადებაში ახალი არაფერია. ის ამბობს არა მარტო სამხრეთ ოსეთის, არამედ რუსეთის დამოკიდებულებაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, პუტინს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე ნეგატიური არაფერი უთქვამს. რაც შეეხება ნატოში შესვლას, ის ამბობდა, ამბობს და მომავალშიც იტყვის, რომ წინააღმდეგია საქართველოს ნატოში შესვლაზე.
პუტინის ესოდენ ხისტი პოზიცია გასაკვირი არ არის, ვინაიდან არათუ პუტინი, არამედ არც ერთი საღად მოაზროვნე ქვეყნის პრეზიდენტი — ნატოს სამხედრო ორგანიზაციისადმი ნეგატიურად განწყობილი, არ იქნება საკუთარი ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან, ვთქვათ საქართველოში ნატოს სამხედრო ბლოკის გამოჩენისადმი ტოლერანტულად განწყობილი.
ნატოსადმი პუტინის უარყოფით დამოკიდებულებას აღვივებს თვით ნატოს აშკარად გამომწვევი, მე ვიტყოდი აგრესიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რაც დადასტურდა კიდევაც ნატოს ბოლო სამიტზე.
რაში გამოიხატება აგრესია? — იკითხავს მკითხველი. უპირველესად იმაში, აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს საზღვრების გადატანა რომ ჰქვია.
სსრკ—აშშ-ს მაღალი დონის მოლაპარაკებების დროს აშშ-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა აღუთქვეს გორბაჩოვს, სხვა საბჭოთა ხელმძღვანელებს, რომ ბერლინის კედლის დანგრევის და გერმანიის გაერთიანების შემდეგ არც გერმანიის და არც აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ნატოში გაწევრებას ადგილი არ ექნებოდა.
მაშინ ვერვინ ივარაუდებდა საბჭოთა კავშირის მოულოდნელ და სწრაფ დაშლას, თორემ იმასაც იტყოდა დასავლეთი (კრემლის დასამშვიდებლად), რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ნატოში არ შეუშვებდა.
კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით მისი ლიდერის აშშ-ს, მხოლოდ ზეპირი დაპირებები იყო და არა წერილობითი, თუმცა ზეპირი დაპირებები, რომელსაც დიპლომატიაში საკმაო ძალა გააჩნია, შემონახულია აშშ-ს არქივებში — მაღალ დონეზე საუბრებისა და მოლაპარაკებების დროს გაკეთებულ ჩანაწერებში.
გასულ წელს აშშ-ა საიდუმლო გრიფი მოხსნა იმჟამინდელ დოკუმენტებს და ფარდა ახადა პრეზიდენტ კლინტონის ტყუილს, რომელიც ურცხვად არწმუნებდა მსოფლიოს, რომ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების საწინააღმდეგო ზეპირი დაპირება ვაშინგტონს კრემლისთვის არასდროს მიუცია.
დავუშვათ, საბჭოთა კავშირის მაშინდელ ხელმძღვანელობას ხელშეკრულება რომ გაეფორმებინა აშშ-ნ, საკმარისი იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში არ შეყვანისთვის?
ეჭვი მეპარება — აშშ-ს მუდამ მატყუარა პოლიტიკის გამო. ის, ყოველთვის გამოძებნიდა შესაბამის სარჩულს აღნიშნულის განხორციელებისთვის.
დამთავრდა „ცივი ომი“ და მასთან ერთად ორი სისტემის ერთმანეთთან დაპირისპირება, მაგრამ დაპირისპირება არათუ გრძელდება, არამედ სულ უფრო მწვავე ელფერს იძენს. პოლიტიკურ სისტემათა ომი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ სახელმწიფოთა ომი გრძელდება და ამ ომში მოქმედი პირებიც ისევ ისინი არიან, როგორც ძველად, ოღონდ ოდნავ სახეშეცვლილი — რუსეთი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე მყავს მხედველობაში.
აშშ-ი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიოს ერთპიროვნულ ლიდერად წარმოჩენილი და ამ ლიდერობისთვის თავგადაკლული მებრძოლი, ხმალამოღებული ებრძვის მეტოქეებს — რუსეთსა და ჩინეთს, განსაკუთრებით რუსეთს, რომლის დაჩოქების შემდეგ, იოლად გააგრძელებს გზას ჩინეთის მოსათოკად.
ორივეს მიმართ ვაშინგტონი „ხელგაშლილია“ ეკონომიკური სანქციების დაწესების თვალსაზრისით. ორივეს მიმართ „ხელგაშლილია“ სამხედრო თვალსაზრისით პრიორიტეტული პოზიციის დასაკავებლად. სწორედ ამით არის რუსეთისთვის სახიფათო საქართველოს, ისე, როგორც მოლდოვისა და უკრაინის გაწევრება ნატოში. უფრო ზუსტად რუსეთის საზღვრებთან ნატოს მოახლოება ნიშნავს ამ ქვეყნებში ნატოს ბაზების გახსნას და იქ რაკეტების განლაგებას, რომელთა ფრენის დრო რუსეთის სტრატეგიული ობიექტების განადგურებისთვის ერთიორად მცირდება, თან ისე, რუსულ ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემებს სწრაფი რეაგირებისთვის დრო აღარ რჩებათ.
დავუბრუნდეთ ბურჯანაძის განცხადებას, რომელმაც მედოევში მოსალოდნელი რეაქცია გამოიწვია — რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დიდ შეცდომად მიჩნევა.
ბურჯანაძე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც გააკრიტიკა სააკაშვილი მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან იმ პუნქტის ამოღებისთვის, რომლის მიხედვით საქართველოს უნდა დაეწყო მოლაპარაკება, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების სტატუსის განსასაზღვრად.
სააკაშვილმა არათუ ამოშალა ეს პუნქტი, არამედ საჯარო განცხადებებიც მიაყოლა, ერთობ აგრესიული და სახიფათო, რომ ის ძალისმიერი გზით დაიბრუნებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
და როდესაც რუსეთი დარწმუნდა, რომ ოფიციალური თბილისის აგრესიულ ქმედებას მომავალშიც შეიძლება ჰქონოდა ადგილი, ცნო საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა და მფარველობაც აღუთქვა მათ.
ბურჯანაძის მიხედვით, სწორედ ეს იყო რუსეთის შეცდომა, მაგრამ წამით წარმოიდგინოს მან თავი კრემლში, რუსეთის მეთაურად, რომელსაც საკუთარი ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან დიდი პრობლემა უჩნდება პერმანენტულად მოგიზგიზე „ცხელი წერტილის“ სახით (ისეთი, როგორიც დღევანდელ დონბასშია) და რომელსაც მხარდაჭერას აღუთქვამს აშშ-ი და ნატო. ვეჭვობ, რომ ბურჯანაძეს სხვა გადაწყვეტილება მიეღო ანუ არა ისეთი, როგორიც რუსეთმა.
მოდით, წამით დავძაბოთ ჩვენი გონება და გავიხსენოთ წითელსოფელთან ჩამოგდებული ბომბი, რომელიც რუსეთს დაბრალდა, აფხაზეთის საზღვართან დამწვარი ავტობუსი და სააკაშვილის გაწევ-გამოწევა რუს სამხედროებთან, აშშ-ს საელჩოსთან რუსი „ჯაშუშის“ მიერ დადებული ბომბი და სხვა მრავალი ანტირუსული პროვოკაცია, რომელიც ერთობ სახიფათო ვითარებას უქმნიდა რუსეთს. ისიც გავიხსენოთ, რა მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა ნაცურ ხელისუფლებას რუსეთისთვის სახიფათო ჩეჩნურ თუ სხვა ქვეყნების ტერორისტულ ორგანიზაციებთან.
სხვაც ბევრია გასახსენებელი, მაგრამ ესეც საკმარისია ნაცური ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკის საილუსტრაციოდ, რაც სრულ წარმოდგენას გვიქმნის რუსეთის მიერ დაშვებულ „შეცდომაზე“, რომელმაც ფაქტიურად გადაგვარჩინა მუდმივი „ცხელი წერტილობისგან“, ისეთისგან, როგორიც დღევანდელ დონბასშია — აშშ-სა და ნატოს ძალისხმევით შექმნილში, რომელსაც ყოველდღიურად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ნგრევა ახლავს.
საქართველოს პოლიტიკოსთა შორის თუ ვინმეა სტაჟიანი, ქალბატონი ნინოა, რომელიც ხშირად არის სხვა ოპოზიციურად მოაზროვნე პოლიტიკოსთა კრიტიკის სამიზნე, რაც უპირველესად რუსეთის მიმართ მისი „რბილი“ დამოკიდებულებით არის განპირობებული. და რომ ის დღევანდელი ოპოზიციისთვის მთლად მიუღებელი არ იყოს, აკეთებს განცხადებებს, ისეთს, მასაც რომ არ სჯერა.
რა გაეწყობა, ასეთია პოლიტიკა, დრეკადობაა საჭირო — იტყვიან მავანნი. მაგრამ არა! ასეთ დრეკადობას, პოლიტიკურ ლავირებას, სჯობს პირდაპირობა, თუნდაც ის წამგებიანი იყოს ამ ეტაპზე, მაგრამ ხვალ ხომ მომგებიანი იქნება?
ბურჯანაძეს, რომ თავიდანვე გამოეხატა ხაზგასმული რუსოფილობა და პროდასავლური ორიენტაცია არ ჩაეთვალა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად, გაცილებით მეტ მხარდამჭერებს შეაგროვებდა და ჩამოყალიბდებოდა იმ ძალად, რომელსაც ხალხი გაჰყვებოდა. აქეთ-იქით თამაში ე.წ. პოლიტიკური ლავირება, ხშირად არ ამართლებს, რისი მომსწრენიც ვართ ქალბატონ ნინოს შემთხვევაში.
პოლიტიკოსმა, მითუმეტეს გამოცდილმა, იოლად უნდა აუღოს ალღო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ უნდა მიაქციოს ყურადღება და არა მეტიჩარა, ტუტუცი გოგო-ბიჭების, პროვინციელი საშუალო ასაკის ქალთა და მამაკაცთა ანტირუსულ ჭიჭყინს, რომელსაც უდიდესი ზიანი მოაქვს ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის. და რაც მთავარია თვალი უნდა გაუსწოროს სინამდვილეს, რაც არ უნდა ნაკლებ სასიამოვნო იყოს ის.
მიმდინარე წლის მარტი თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ დღევანდელი და ხვალინდელი მსოფლიო ისტორიის განმსაზღვრელ თვედ. 18 მარტს, რუსეთთან ყირიმის შეერთების დღეს, მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე გამართული ღონისძიების დროს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე გამოთქმული მოსაზრებები.
„რუსეთმა აჩუქა თავისი უზარმაზარი ტერიტორიები მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ ამ ახალ რეალობაში, მაგრამ არვის არ აქვს უფლება რუსეთის ეს საჩუქრები გამოიყენოს მის წინააღმდეგ. იმედი მაქვს ამას გაიგებენ“, — თქვა პუტინმა.
რა თქვა ამით პუტინმა? უპირველესად ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები უნდა შეჩერდნენ ანტირუსულ პოლიტიკაში. ვინაიდან 18 მარტის ღონისძიება ყირიმის დაბრუნებას უკავშირდებოდა, პუტინის სიტყვის აქცენტიც უკრაინაზე იყო გადატანილი, თუმცა სიტყვა არა მარტო უკრაინას ეხებოდა — ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მისამართით იყო ის ნათქვამი, მათ შორის ჩვენს მისამართითაც.
როგორც ჩანს, კრემლმა მოიცალა ყოფილი „უმცროსი ძმების“ მიმართ, როგორც მოსკოვში ამბობენ „ახლო უცხოეთისთვის“, რომლის არამეგობრულმა პოლიტიკამ რუსეთი საბოლოოდ გამოიყვანა მოთმინებიდან.
როგორც ჩანს შეურაცხყოფები, რომელსაც სისტემატურად ჰქონდა ადგილი ანტირუსულად განწყობილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მომავალში ასატანი აღარ იქნება და მათ საკადრისი პასუხი გაეცემა. ცნობილი ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შემოჭრილი ევროატლანტიკური ძალა აშშ-ს მეთაურობით არც ფულს, არც ძალას და ენერგიას არ იშურებს ამ სივრცის ანტირუსულად მოსაქცევად. განსაკუთრებული აჟიოტაჟი შეინიშნება დასავლურად განწყობილ ხელისუფალთა და მმართველ პარტიათა შორის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების გამოარჯვების შემდეგ.
„თეთრ სახლში“ დაბანაკებული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დაუძინებელი მტერი რუსეთის პრეზიდენტის პუტინის და რუსეთის, დღიდან გაპრეზიდენტებისა ემუქრება რუსეთს და მის პრეზიდენტს — მკვლელად აცხადებს, რაც აღშფოთებას იწვევს არა მარტო რუსეთში, არამედ ნორმალურად მოაზროვნე ნებისმიერ ადამიანში.
საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებამ ჟამთააღრიცხვა ორ ნაწილად გაჰყო — განცხადებამდე არსებულ პერიოდად, რომელშიც დაპირისპირება ორი ქვეყნისა იყო, მაგრამ არა სახიფათო, შემაშფოთებელი, და განცხადების შემდეგ შექმნილი ვითარება, რომელიც შემაშფოთებელს, რეალობად აქცევს, შესაბამისი მძიმე შედეგებით.
ბაიდენის განცხადება, რომ რიგითი ამერიკელის განცხადება ყოფილიყო, დიდი არაფერი საფრთხის შემცველი იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენის განცხადება — მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნისა, უდავოდ სახიფათოა, მითუმეტეს, როდესაც მიზანში ამოღებული შეურაცხყოფილი აფრიკის მივარდნილი ქვეყნის მეთაური კი არა, ბირთვული ბომბებით შეიარაღებული რუსეთის პრეზიდენტია.
როგორც უკრაინა, ისე ჩვენ ვხარობთ ბაიდენის ნათქვამით და სიამოვნებით ვიმეორებთ, თითქოს ფრანგული შამპანიური მიგვერთმიოს. უფრო მეტად გვიხარია სამომავლო დაპირებები ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში და ერთი წუთითაც არ ვუშვებთ, რომ ოქრუაშვილისეული — „ჟანგიანი“ ტანკებიდან რუსეთის არმია სრულიად მოდერნიზებული, უახლესი საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი, უძლიერესია მსოფლიოში; რომ რუსეთი ეკონომიკური პარამეტრებით, მედიცინით, მეცნიერებით, ფაბრიკა-ქარხნებით, საწარმოებით, ახალი ტექნიკით, ტექნოლოგიით, გამოგონებით ტოლს არ უდებს დასავლეთს.
იქნებ ბოლო წლებში მიღწეულმა წარმატებებმა ათქმევინა პუტინს — აშშ-ი უნდა შეეგუოს იმას, რომ ჩვენ ვარსებობთ; რომ თქვენ ვერ შეაჩერებთ ჩვენს განვითარებას; რომ თქვენ გაითვალისწინებთ ჩვენს ინტერესებს. ჩვენ სხვები ვართ, რუსები და არ გვრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებთ.
პუტინმა ისიც ახსენა, რომ თუ ვინმეს უნდა რცხვენოდეს — ევროპელებს, ვინაიდან მათ მოაწყვეს ამერიკის კოლონიზაცია — ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდით, ხოლო შემდეგ კოლონიზაციაზე დაფუძნებულმა ამერიკამ ბირთვული ბომბები დააყარა იაპონიას, რითაც ასეულ-ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს, ამ ქვეყნის ლიდერი სხვას უწოდებს მკვლელს — ლიბიის, სირიის, ერაყის, იუგოსლავიის საშინელებების მომწყობი. იქნებ ორი ქვეყნის ლიდერის სატელევიზიო, პირდაპირ დიალოგში გაერკვია მსოფლიოს მტყუან-მართალი, ნამდვილი მკვლელის დადგენის მიზნით?
პუტინის შეთავაზების მიზანიც ეს იყო, მაგრამ ასაკოვანი, დემენციაშეპყრობილი ამერიკის პრეზიდენტისთვის მსგავსი გამოცდა ამერიკის პოლიტიკური სიშიშვლის აშკარა დამადასტურებელი იქნება, ამიტომაც ვაშინგტონის პასუხი არ ჩანს. და ვიდრე არ ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი იგებს დისტანციურ პაექრობას ძველი იმპერიის ლიდერთან და არა მარტო მასთან, არამედ მის ქვეყანასთან, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურის პირადი შეურაცხყოფის გარდა, სხვა აღარაფერი შემორჩა.
პუტინის მიმართ ბაიდენის ნათქვამმა კარდინალურად შეცვალა საერთაშორისო ცხოვრება, გახადა რა ის უფრო კონფრონტაციული, რომლის იქით აღარაფერია, გარდა ზარბაზნების „ლაპარაკისა“. იმოქმედებს თუ არა ჩვენზე ორი გიგანტის დაპირისპირება? — იკითხავს გულუბყვრილო მავანი. იმოქმედებს! ვინაიდან ჩვენ, აშშ-ს ნებისმიერი ადმინისტრაციის, განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიის, მონად ქცეული ქვეყანა, აშშ-ს დირექტივების უყოყმანო შემსრულებელი, ნეგატიურად აღვიქმებით კრემლში და რაც არ უნდა ვაბრალოთ ივანიშვილს რუსი ოლიგარქობა და რუსეთის ხელისუფლებასთან ჩახუტებულობა, ქვეყანას ვერ უშველის, ვინაიდან სინამდვილეს არ შეესაბამება.
თუ რა გვიშველის — ჭკუის მოხმობაა, თუმცა 30-წლიანი უჭკუო პოლიტიკის საცალფეხო ბილიკზე მავალს, შეეძლება ამის გაგება?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი