21.01.2025

გონებრივი დეგრადაცია

საბჭოთა კავშირის დაშლის და საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, ახალ სუვერენულ ქვეყნებში დამოუკიდებლობის მიღებამდე არსებული მოსაზრება, რომ საქართველოს, ისე, როგორც სხვა რესპუბლიკებს, წარმატებით შეეძლოთ საკუთარი ეკონომიკის მშენებლობა, სხვა დარგებთან ერთად, ისეთი ომახიანი და ოპტიმისტური აღარ იყო, როგორც მანამდე. ყველა მათგანი მძიმე პრობლემის წინაშე დადგა და ამ პრობლემას საკუთარი ქვეყნის მართვა ჰქვიოდა — მოსკოვის გარეშე.

ყველა ჩვენგანი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მყავს მხედველობაში, ისეთ ადამიანებს დავემსგავსეთ, შუა ზღვაში რომ ჩაგვრეკეს — ცურვის უცოდინარნი.

სხვა რესპუბლიკებთან შედარებით საქართველო უფრო „გამოცდილი“ იყო, ვინაიდან ერთი წლით ადრე ჩატარებულმა მრავალპარტიულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელსაც მაშინ უზენაესი საბჭოს არჩევნები ერქვა, დამოუკიდებლად არსებობის ანბანი გვასწავლა, რამდენად გამართულად — სხვა საკითხია.

გამსახურდიას ხელისუფლება მოსკოვის დაუკითხავად ცდილობდა მთელი რიგი საკითხების მოგვარებას, უპირველესად ეკონომიკის, ფინანსურის და ეს მაშინ, როდესაც საქართველო თავიდან ბოლომდე მჭოდრო კავშირში იყო საბჭოთა კავშირის ეკონომიკასთან. ფულის ერთეულიც რუბლი იყო.

დარგობრივი კავშირები, თვით დარგების ხელმძღვანელების პირადი კავშირები, განსაკუთრებით შევარდნაძის მმართველობის დროს იმდენად საგრძნობი და საგნობრივი იყო, რომ მოსკოვს არაერთხელ მოუწია ოფიციალურად იმის შეხსენება, რომ დამოუკიდებლები ვართ და საკითხები, რომლებითაც მოსკოვს მივმართავთ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთო.

აქვე აღვნიშნავ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა, მიუხედავად იმისა ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა ამას, მაინც მოულოდნელი, სპონტანური, მოუფიქრებელი რამ იყო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა, როგორც რუსეთს და უპირველეს ყოვლისა მას, ისე, ყველა საბჭოთა (ყოფილ) რესპუბლიკას.

უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ინტელიგენციაში იმდენად ფართოდ იყო გაშლილი დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, ცხადია ქარაფშუტული, პროვინციული, რომ გახსენებაც არ ღირს. მაგრამ გავიხსენებ, ვინაიდან 30 წლის წინანდელი უცოდინრობა, ზედაპირულობა დღესაც ხარობს და წალეკვით ემუქრება ქვეყანას — იმ დარჩენილს, რაც გვაქვს.

მახსოვს, ყველასთვის ცნობილ კინორეჟისორ და საზოგადო მოღვაწე რეზო ჩხეიძესთან კამათი. ის მიმტკიცებდა, რომ საქართველოს, თავისი კურორტებით თავისუფლად შეეძლო თავის რჩენა. მან ბრძანა, რომ რუსები, რომლებიც საქართველოს კურორტებზე ისვენებენ, საგზურის საფასურს რუსეთში იხდიან და არა საქართველოში. მან არ იცოდა, რომ საგზურის საფასურის ნახევარზე მეტს პროფკავშირები ანაზღაურებდა, მცირედ დანამატს კი — ფიზიკური პირი.

ჩხეიძის აზრით, სანატორიუმის საგზურის საფასურის საქართველოში გადახდით, ქვეყნის ბიუჯეტი ისე „გამდიდრდებოდა“, რომ თავისუფლად შეგვეძლებოდა თავის რჩენა, მას დაემატებოდა „ბორჯომის“ გაყიდვით შემოსული ფული, ისე, როგორც ალკოჰოლური სასმელების და ვიცხოვრებდით საამურად.

ჩხეიძისეულ „საამურ“ ცხოვრებას, ცხადია რუსეთისგან დამოუკიდებელს, ხელოვნების სხვა წარმომადგენლებიც იზიარებდნენ და არა მარტო, რიგითი ადამიანებიც.

მოგვიანებით, შევარდნაძის მმართველობის ჟამს, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაოთხილი დარბოდნენ რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში „დამოუკიდებელი“ საქართველოს მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ე.წ. ეკონომისტებიც კი თვლიდნენ, რომ რუსეთთან მილიონი უხილავი თუ ხილული ძაფით დაკავშირებული კავშირები არათუ უნდა გაწყდეს, არამედ უნდა დავივიწყოთ კიდევაც, როგორც საბჭოური მახინჯური გადმონაშთი და ჩვენეული უნდა შევქმნათ — დამოუკიდებელი.

ეკონომისტი და მეცნიერი ლადო პაპავაც იგივე აზრისა იყო, რასაც ის საჯაროდ გვეუბნებოდა ელექტრონული მედიის საშუალებით. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, ძველი, საბჭოური ეკონომიკური კავშირები მიუღებელია. საბჭოურში ბატონი ლადო გულისხმობდა რუსეთს, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. მისთვის და ყველა სხვისთვის ეკონომიკური კავშირები მხოლოდ ევროპა-ამერიკასთან უნდა გვქონოდა.

ასე ფიქრობდნენ „ნიჭიერი“ და „მაგარი“ ქართველები — ევროპის გზაზე დამდგარნი. აი, სწორედ იმ „ნიჭიერ“ და „მაგარ“ ქართველებზე მაგარი, ბელორუსის „კოლხოზნიკი“ (როგორც ქართველები ვეძახდით) პრეზიდენტი ლუკაშენკო გამოდგა, რომელმაც  ძალ-ღონე არ დაიშურა ბელორუს-რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებისთვის.

რა კავშირები მაქვს მხედველობაში?

უპირველესად სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი, წიაღისეულის მოპოვება-დამუშავება, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა. ბელორუსის პრეზიდენტის ძალისხმევის შედეგს რახანია იმკის ბელორუსია — ქვეყანა განვითარებული ეკონომიკით, სოლიდური სოციალური ვითარებით, სამეცნიერო-ტექნიკური კადრებით.

სააკაშვილის მმართველობის დროს სისტემატურად გვასმენინებდნენ ვიღაც უვიცი გოგონა გაბიანის ლექციებს ტელევიზიით, რომ საქართველოს არ სჭირდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვინაიდან საქართველო სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას უცხოეთში შეიძენს.

არვის დაუსვამს კითხვა — რით შეიძენს? შეძენა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შენს მიერ ნაწარმ პროდუქციას გაჰყიდი და შემოსული თანხით განახორციელებთ საჭირო საქონლის იმპორტს.

არის ასეთი პრაქტიკაც, როდესაც შენს ნაწარმს ცვლი სხვის ნაწარმზე. თუ წარმოება არ გვაქვს, ნაწარმიც არ გექნება და ვერც ვერაფერს იყიდი ან გაცვლი. ეს მარტივი რამაა, მაგრამ ქართველთა პრიმიტიული აზროვნებისთვის ჯერაც ამოუხსნელი.

საქართველო, დღიდან დამოუკიდებლობის მიღებისა არაფერს აწარმოებს ან თუ აწარმოებს იმდენად მდარედ და უხარისხოდ, როგორც ტუალეტის ქაღალდს. საქართველოს აღარც მრეწველობა აქვს და აღარც სოფლის მეურნეობა, შესაბამისად აღარც განსწავლული სამეცნიერო-ტექნიკური კადრები ჰყავს არა მარტო ამ დარგებისთვის შესაფერისი, არამედ მრავალი სხვა დარგისთვის.

თუ დარგი აღარ არსებობს, რაღა საჭიროა კადრი? და თუ კადრი აღარ არის საჭირო, უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ტექნიკური დარგის სპეციალისტებს უშვებდნენ, რას აკეთებენ?

სხვა კადრებს ამზადებენ, მაგალითად პოლიტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტებს; სასოფლო — „ოფიციანტებს“, მომსახურების დარგის მუშაკებს და ა.შ. სოფლის მეურნეობა, ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, სადღა არის! მაგრამ სოფელი ხომ არის?!

არის, მაგრამ ბაზარს პროდუქტებით კი არ ამარაგებს, პირიქით — სოფელში, ქალაქიდან ჩატანილი პროდუქტებით იკვებება, ანუ სოფელიც მომხმარებლად, მჭამელად არის გადაქცეული და არა კვების პროდუქტების მწარმოებლად.

 რა მივიღეთ დამოუკიდებლად ცხოვრების წლებში — დაუსაქმებელი, გაპარტახებული, სოფლელებისგან დაცლილი სოფლები და არ არსებული მრეწველობა, ერთ დროს მოგუგუნე ქარხნებით, სამაგალითო საწარმოებით — იმ სოფლებსა და სოფლის მეურნეობაში, ისე, როგორც მრეწველობაში მომუშავე განსწავლული კადრებით.

ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობაა. ქვეყანა, რომელსაც ეს დარგები არ აქვს, ქვეყანა არ არის; ქვეყანა, რომელსაც ამ დარგებში მომუშავე შესაბამისი კადრები არ ჰყავს, არ ჩაითვლება განათლებული ადამიანების ქვეყნად.

შემედავებით — ახალმა ცხოვრებამ, ახალი დარგები განავითარაო, მაგალითად საბანკო სისტემაო, ვაჭრობაო, დისტრიბუციაო და სხვა.

თუ ვაჭრობად, თქვენი გაგებით ერთი ბაზრობიდან, მეორე ბაზრობაზე გადატანილი საქონლის ყიდვა-გაყიდვა ითვლება, დიდი ვერაფერი საამაყოა. წინათ, კომუნისტების დროს ამას სპეკულანტობა ჰქვიოდა და დანაშაულადაც ითვლებოდა. დღეს, ბიზნესს ვუწოდებთ.

თუ ოდნავ მაინც ობიექტურობა და მასთან ერთად განათლება შემოგვრჩა, შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას, საზოგადოების ცოდნის დონეს და ვთქვათ — არის დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონე ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო?

ცხადია, შედარებას ის ადამიანები შეძლებენ, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდა და მუშაობდა, და არა ისინი, ვინც საბჭოეთს არ მოსწრებია. აი, ის, ვინც თქვენს მიერ ავად სახსენებელ საბჭოთა კავშირს მოესწრო, იცის შრომის ფასიც და შრომით შექმნილი ეკონომიკისაც; იცის ქარხნის, საწარმოს ფასიც და სოფლის მეურნეობისაც; იცის იმ განსწავლული სპეციალისტების ფასიც, ვინც ამ დარგებში მუშაობდნენ. ისინი არც იფიქრებენ და არც იტყვიან იმ სისულელეს, უფრო ზუსტად საბოტაჟს, რასაც დღევანდელები ამბობენ — მოვუწოდოთ ბიზნესს, სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებს, წვრილ და მსხვილ ვაჭრებს საპროტესტო გაფიცვის მოწყობა და მუშაობის შეწყვეტა, რათა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ  დაჭერილი პროტესტანტები გამოუშვას ციხიდან და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოსო.

ვერ გეტყვით, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში, იმასაც ვერ გეტყვით რა ზარალი მიიღო ქვეყანამ, მაგრამ გეტყვით, რომ უგონო გადაწყვეტილება იყო, მიმართული საკუთარი თავის წინააღმდეგ. არა ქვეყნის და ხელისუფლების, არამედ საკუთარი თავის და ყველა რიგითი ადამიანის, ვინც ამ სიბრიყვეში არ მონაწილეობდა. იმ ბრიყვთა გასაგონად ვიტყვი — შემოსავალშემცირებული ხელისუფლება თავის ჯიბიდან ვერ და არ აანაზღაურებს დანაკლისს, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის ჯიბიდან.

რას შეიძლება მივაწეროთ უკუღმართობით აღსავსე აქცია?

გაუნათლებლობას, უცოდინრობას უპირველეს ყოვლისა და ბოროტებას — საკუთარი კეთილდღეობის მიღწევისთვის ჩადენილ ბოროტებას.

ახალ წელს, თავისი ომახიანი სიტყვა თქვა „ოცნებამ“, როგორც შინ, ისე გარეთ — ბათუმსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ორივე მუშტიკრივთან იყო დაკავშირებული — ადამიანის მოჭარბებული ემოციების გამომხატველთან. ორივე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ინტერიერში განხორციელდა, როგორც ინტერიერის ატრიბუტის მტვრევით, ისე „ოცნების“ მოწინააღმდეგე პოლიტიკოსთა ფიზიონომიის მსხვრევით. აშშ-ს ჩასაფრებულმა სახელმწიფო დეპარტამენტმა უმალ დაგმო ბათუმის მუშტიკრივი, რომელსაც ოპოზიციონერი გახარიას ცხვირ-პირი შეეწირა, განსაკუთრებით ცხვირი და გააჟღერა უკვე ტრადიციად ქცეული „ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის ივანიშვილის ლანძღვა.

ისტორიას ჩაბარდა „ოცნების“ და ივანიშვილის მიმართ აშშ-ს პოლიტიკოსთა მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება. დემოკრატიული ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი, ბაიდენი 4 წლის განმავლობაში ცდილობდნენ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, ჩვენთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო, რომლებიც „ოცნებელთათვის“ მიუღებელი გამოდგა. მიუღებელი, ვინაიდან მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ, პირადად მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი. „ოცნებამ“ უარი თქვა ამ დავალების შესრულებაზე, პირადი უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნიდან გამომდინარე, ვიმეორებ — პირადი, შემდეგ იყო ქვეყანა.

აოხრებული, გაპარტახებული საქართველო, რასაც უდავოდ ექნებოდა ადგილი რუსეთთან ომის გაჩაღების შედეგად, არ იქნებოდა ხელისუფლებისთვის კომფორტული საცხოვრებელი.

„ოცნებამ“ რუსეთს არ დაუწესა სანქციები, ისე, როგორც სხვა ქვეყნებმა. ანდა როგორ უნდა დაეწესებინა, როდესაც საქართველოს ეკონომიკა 78%-ით რუსეთზეა ჩამოკიდებული?

„ოცნებამ“ კიდევ ერთი ანტიამერიკული ნაბიჯი გადადგა, როდესაც ამერიკული კანონის მსგავსი, და არა რუსულის მიიღო უცხო აგენტებთან დაკავშირებით, რითაც ამერიკელთა ჯიბესაც შეეხო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი რიგი ინსტიტუტები, რომლებიც დაფინანსებას აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან იღებენ, და რომლის ნაწილი დამფინანსებელს უბრუნდება, აღიზიანებს დამფინანსებელს, ვინაიდან პროცედურა გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს, რაც ცხადია „ატკატების“ დიდოსტატ აშშ-ს არ აწყობს.

ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებული კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ-ობას და მისგან გამომდინარე სიმახინჯეებს, ამერიკელი დემოკრატებისთვის ისეთივე გადასარევი აღმოჩნდა, როგორც ხარისთვის წითელი ნაჭერი. და ყოველივე ამის შემდეგ როგორღა ექნებოდა დემოკრატიულ ადმინისტრაციას „ოცნებისადმი“ ლოიალური დამოკიდებულება?

20 იანვარს დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ სული განუტევა, მინიმუმ 4 წლით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რაც „ოცნებას“ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. მაგრამ მისცემს?

როგორც ვატყობ, რესპუბლიკელებშიც არიან „ოცნების“ და ივანიშვილის მოწინააღმდეგეები და რა?

რა დააშავა საქართველომ, მისმა მოსახლეობამ — ხელისუფლება-ოპოზიციის ჭიდაობის შემყურემ?

და დააშავა არა 12 წლის წინათ, როდესაც „ოცნება“ აირჩია, არამედ 1990 წელს, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების დროს, როდესაც მხარი დაუჭირა ქვეყნის მართვაში გამოუცდელ „მრგვალ მაგიდას“ და გამსახურდიას, რომელსაც არათუ ქვეყნის მართვა, ორკაციანი დაწესებულების მართვის გამოცდილებაც არ ჰქონდა.

ცუდად დაიწყო საქართველომ ნაბოძები დამოუკიდებლობის გზაზე სვლა, ვინაიდან არ იცოდა როგორ ევლო. სხვა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც არ იცოდნენ დამოუკიდებელი მოძრაობა, მაგრამ იცოდნენ, რომ დამოუკიდებლობის მბოძებელს სამკვდრო-სასიცოცხლოდ არ გადაკიდებოდნენ.

საქართველომ, ჩრდილოეთის მიმართულებიდან უმალ გადაუხვია დასავლეთისკენ, კერძოდ აშშ-კენ, ვინაიდან ძველი, მე ვიტყოდი მოძველებული შეხედულებებიდან გამომდინარე, აშშ-ი იყო ის სამოთხე, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა მას.

არადა, თვით აშშ-ი დაწყებული იყო ის მენტალური რევოლუცია, რომელმაც დაანგრია ტრადიციული, კონსერვატიული ქვეყანა. წინა პლანზე წამოსწია სექსუალური თავისუფლება, ზანგი მოსახლეობის უფლებების დაცვა, მოგვიანებით არატრადიციული ურთიერთობების გაფეტიშება. გეი-პარადების მოწყობა და ბოლოს ლგბტ-იდეოლოგიის ზენიტში აყვანა.

1977 წელს გამოცხადა, რომ მამათმავლობა არც დანაშაულია და არც ავადმყოფობა — ჩვეულებრივი რამ არის ერთმანეთთან ურთიერთობის დროს.

2000 წლიდან მოყოლებული, „თავისუფალმა ამერიკამ“, „ჩემი ტანი, ჩემი საკუთრებაა“  — ლოზუნგებმა და „ჩაილდ ფრი“ აზროვნებისთვის ხელის შეწყობამ ამერიკული საზოგადოება მიიყვანა სქესის მასობრივ შეცვლამდე.

დღეს, 12-13 წლის ბავშვებს, მშობლების დაუკითხავად შეუძლიათ რთული ოპერაციის გზით სქესის გადაიკეთება.

სექსუალურ რევოლუციას სათავეში დემოკრატიული პარტია ჰყავდა. სწორედ მისი მმართველობის დროს აშშ-ს არმია გეი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სავანედ იქცა, ისე, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების. აშშ-ს ბრძანებით, ლგბტ-მ ფეხი მოკავშირე სახელმწიფოებშიც გაიდგა, განსაკუთრებით ევროპის, სადაც უკვე აღარავის უკვირს მამათმავალი პრეზიდენტი ან პრემიერი, ლესბოსელი პარლამენტარი და ა.შ. სულ ახლახანს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ ახალგაზრდა კაცი, უფრო სწორად „ქალი“, გვარად ატალი, მისი მეუღლე სეჟურნე — საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამჯერად ის ევროპარლამენტარია.

პუტინის მიმართ დასავლეთის სიძულვილის ერთ-ერთი საბაბი სწორედ ისაა, რომ პუტინი წინააღმდეგია დასავლური „თავისუფლების“ და შესაბამისი კანონიც მიიღო საზოგადოების დასაცავად, განსაკუთრებით ბავშვების.

ამერიკული აღვირახსნილობის პერიოდი იცვლება და იცვლება ახალი რევოლუციით, რომლის ინიციატორი აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია. რამდენად შეძლებს ის ამერიკის საზოგადოების მძიმე დაავადებისგან განკურნებას, ძნელი სავარაუდოა. მაგრამ, როგორც ამბობენ, სკოლებში უკვე დაიწყეს ლგბტ-ე პროპაგანდის აკრძალვა.

ტრამპს, ბაიდენი არა მარტო სექსუალური თავისუფლებით გამოწვეულ პრობლემებს უტოვებს, არამედ ამერიკული საზოგადოების სულიერ დეგრადაციას, რასაც ემატება ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემებიც, 36 ტრილიონი ქვეყნის ვალიც, სავალალო მდგომარეობაში არსებული ინფრასტრუქტურა, არალეგალური მიგრანტები, რომელთა რაოდენობამ ბაიდენის მმართველობის დროს 20 მილიონს გადააჭარბა.

მოკლედ რომ ვთქვათ, საითაც ტრამპი გაიხედავს, ყველაგან პრობლემები დახვდება, მათ შორისაა კალიფორნიის ხანძარი, რომლის მიერ მოტანილმა ზარალმა დღეს-დღეობით 200 მილიარდს გადააჭარბა. მომავალში ციფრი გაიზრდება.

ტრამპი 4 წლის განმავლობაში შეძლებს ამ და სხვა პრობლემების დაძლევას? საშინაოს, საგარეოც ხომ ემატება?

თანამედროვე ამერიკა ჯერ-ჯერობით, სხვასთან  შედარებით, უკეთესად გამოიყურება, მაგრამ ისე, როგორც საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფი, რომელმაც ახლობლების გასახარად ხელი გაანძრია, რაც საწოლიდან წამოდგომას სულაც არ ნიშნავს. დასნეულებულ ამერიკას თავზე ადგანან აღმავლობის სულით შთაბერილი ქვეყნები. მათთან ჭიდილს ის ვეღარ შეძლებს, ამდენად რეალობას უნდა შეეგუოს. დათმოს ჰეგემონის პოზიციები და რიგითი ქვეყნების გრძელ ჯაჭვს შეუერთდეს — გაეროს მონაცემებით 193 ქვეყანას.

იკითხავთ — მარტო აშშ-ია ასეთ მდგომარეობაში?

არა, პატივცემულებო, მისი ევროპელი მოკავშირეები მასზე ცუდ დღეში არიან. ისინი ორმაგი პრესის ქვეშ იმყოფებიან. ერთის მხრივ — აშშ-ს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს მსოფლიო ჰეგემონის ტიტულის შესანარჩუნებლად და აქედან გამომდინარე მოკავშირეებზე აძლიერებს ზეწოლას იმის შიშით, რომ ისინი სხვისკენ არ წავიდნენ, არ უღალატონ.

მეორეს მხრივ — ენერგეტიკული კრიზისი, დეინდუსტრიალიზაცია, ახლო აღმოსავლელი, ჩრდილო აფრიკელი, ავღანელი და ა.შ. მიგრანტების თავხედობა, ეკონომიკური სტაგნაცია.

როდესაც ამას ვწერ, დარწმუნებული ვარ ანტიდასავლურ პროპაგანდად ჩამითვლით, რაც შორს არის სინამდვილისგან. ვისაც ეჭვი ეპარება ჩემს ნათქვამში, ვთხოვ გადაამოწმოს, გაეცნოს დასავლურ ინფორმაციას, მედიას, სადაც უფრო ნეგატიურ ამბებს ამოკრებს, ისეთს, ჩემი ნათქვამი რომ „ლაითად“ მოეჩვენება.

და მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია დაბეჯითებით, ჯიუტად გვეუბნება — ევროპაში უნდა შეგიყვანოთო. ზოგიერთი, ვინც იქაურობა იცის, აცხადებს — გმადლობთ, აქ დავრჩებით, ევროპაში თქვენ შედითო, მაგრამ ვინ უგდებს ყურს?!

არვინ პოლიტიკოსებიდან, ვინაიდან ისინი საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ქვეყანაზე.

წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ ევროკავშირში გაწევრებით აქაური პოლიტიკოსები, იქაურ პარლამენტშიც მოხვდებიან და ბრიუსელის „კანტორაშიც“, სხვადასხვა თანამდებობებზე. აი, მაშინ ნახეთ მათი მხრიდან დანარჩენ გოიმ საქართველოზე ზემოდან, ქედმაღლურად მზერა!

პერსპექტივა, ჩემის აზრით, აბსტრაქტული, იმდენად მომხიბლველია მათთვის — მომავალი ევროპელებისთვის, რომ ყურადღებას არ აქცევენ არც ევროპელთა სულიერ დეგრადაციას, ისე, როგორც სოციალურს, ეკონომიკურს. იკითხავთ — რაშია საქმე, რამ გააგიჟა ეს ხალხი, მარტო საკუთარი კუჭის ამოყორვის პერსპექტივამ?

არა, პატივცემულებო, მათი კუჭები რახანია ამოყორილია. ასე რომ არ იყოს, იცხოვრებდნენ ისინი ბათუმისა და არაბული საამიროების ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში?

აქ, სხავსთან, უფრო სერიოზულთან გვაქვს საქმე  გონებრივ დეგრადაციასთან.

ავიღოთ, ნებისმიერი დღევანდელი პოლიტიკოსი, თუნდაც ივანიშვილი და შევადაროთ საბჭოეთის დროინდელ სახელმწიფო მოხელეებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, კულტურის მუშაკებს, მწერლებს, მხატვრებს, სპორტსმენებს და რას მივიღებთ?

გონგამოცლილ საზოგადოებას.

პირადად მე, საბჭოეთის სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილების მქონე, პრემიერიდან დაწყებული, არც ერთ მუშაკს, მინისტრს, პარლამენტარს ინსტრუქტორადაც არ ავიყვანდი. დაბალია მათი განათლების დონე, ისე, როგორც სახელმწიფო სამსახურისთვის შეუფერებელი გამოცდილება.

გამოცდილებას შეიძენენ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დროსო. სახელმწიფო სამსახურს გამოცდილი მუშაკები სჭირდება. სახელმწიფო სამსახურამდე დაბალი დონის დაწესებულებაში მიღებული გამოცდილება.

სახელმწიფო სამსახური უმაღლესი საფეხურია და ამ საფეხურზე ასული, პროფესიონალი უნდა იყოს და არა დილეტანტი. ერთხელ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელ ნოდარ ახალკაცს ყმაწვილი მიუყვანეს — გამოსცადე, იქნებ გამოგადგესო. „დინამოში“ გამოცდილები გადმომყავს სხვა კლუბებიდან. „დინამო“ სკოლა არ არის, უმაღლესი სასწავლებელიაო — მიუგო მან.

დღევანდელი პოლიტიკოსები, უცხოეთის სასწავლებლების სერტიფიკატებით დამშვენებულები, რეალური საქმიდან დაშორებულები, წურბელებივით წოვენ სისხლს ქვეყანას. მათი მოშორება შეუძლებელია. ანდა ვინ უნდა მოიშოროს — მომშორებელსაც ხომ ისეთივე ფარატინა სერტიფიკატი აქვს?

გინახავთ, ალბათ ნებისმიერი აფთიაქის კედლები, სერტიფიკატებით „დამშვენებული“, რომელიც სიამაყით, უფრო ზუსტად თავხედურად გეუბნება — მე ასეთი ვარ და ისეთიო.

სერტიფიკატის დონეზეა დაშვებული საქართველო და ეს დაღმა სვლა სწორედ დასავლეთის, აშშ-ს შრომის ნაყოფია. მას უნდოდა და მიაღწია კიდევაც. მწარმოებელი ქართველისგან, მომხმარებლის მიღება, არა მოაზროვნის, არამედ ჩლუნგის — უცხოურ ჭინჭებზე დახარბებულის.

აშშ-ა გადაგვაკეთა მონად, რომელიც პირში შესცქერის მბრძანებელს და მის მიერ წინადადების დასრულებისთანავე მზადაა შესასრულებლად. მან გადაგვაქცია მხოხავად, რომელიც ვერ გაფრინდება (ჩემეული ინტერპრეტაცია).

სულ ახლახანს, გავეცანი ჩვენი „მეგობრის“ უკრაინის მოსახლეობის ინტელექტის შემფასებელი კომისიის დასკვნას, უფრო ზუსტად „International IQ Tes“ პორტალის ინფორმაციას, რომლის მიხედვით უკრაინამ ევროპაში ბოლო ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოში — 78-ე.

„ინტელექტის კოეფიციენტი“ შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა უილიამ შტერნმა 1912 წელს.  IQ („აიქიუ“ — intelligence quotient) არის ადამიანის ინტელექტის შეფასება — გონებრივი განვითარების კოეფიციენტი. შეფასების მიხედვით, უკრაინა სავალალოდ  გამოიყურება. და ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის განმავლობაში. არადა, უკრაინის სსრ-ა ცნობილი იყო თავისი მეცნიერებით, ინჟინრებით, კონსტრუქტორებით, კულტურის მუშაკებით. რამ გამოიწვია ესოდენ დიდი დეგრადაცია?

დასავლურმა პროპაგანდამ.

თუ მოსახლეობას სისტემატურად კვებავ ტყუილებით, ბავშვებს სკოლაში ასწავლი სოროსის სახელმძღვანელოებით, უღვივებ მათ რუსის და რუსეთისადმი სიძულვილს, წაართმევ საზოგადოებას საღი აზროვნების საშუალებას, ის დარწმუნდება, რომ კოლუმბი, ქრისტე უკრაინელი იყო; შავი ზღვა უკრაინელმა გათხარა; რომ უკრაინელი არის ფუძე ფრანგის, გერმანელის, ინგლისელის და ა.შ.

ჯერ-ჯერობით ქართველი „ერის მამებს“ არ უთქვამთ, ის, რაც უკრაინელებმა თქვეს, თუმცა ცხოვრება წინაა და ვინ იცის, რას გვეტყვიან, რას ჩაგვძახებენ ესენიც და ისინიც — ტერიტორიულად შორეულნი, გამრუდებული მენტალიტეტით ჩვენეულნი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

20/01/2025