21.01.2025

ქვეყნისთვის საზიანო შეცდომები

2025 წელი დიდი დღესასწაულის, ფაშიზმზე გამარჯვების წელია. 80 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წითელი არმიის მეომრებმა — ეგოროვმა და ქანთარიამ დამარცხებული ფაშისტური გერმანიის ბუნდესტაგზე წითელი საბჭოური დროშა აღმართეს.

განვლილმა 80 წელმა კაცობრიობას ბევრი რამ მოუტანა  — პროგრესი, წარმატებები, კოსმოსის ათვისება, სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლას ფურცლები არ ეყოფა, ამასთანავე მოულოდნელი დაპირისპირება ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში.

ვერვინ იფიქრებდა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ქიშპი სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის, რომელიც თანამშრომლობამ ჩაანაცვლა ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევ აღორძინდებოდა. და აღორძინდებოდა გაცილებით მძლავრად, თავდავიწყებით, ვიდრე ადრე.

ისევ გაიყო მსოფლიო — დასავლეთად და აღმოსავლეთად. იალტა-პოტსდამის „სამეულის“ — სსრკ-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის ლიდერთა მიერ გაყოფილმა მსოფლიომ ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი სინამდვილით — ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად აღიარებით — დასავლეთისთვის ერთობ მიუღებლით.

დიდმა სამამულო ომმა, დასავლეთისთვის მეორე მსოფლიო ომმა, საბჭოთა კავშირის გავლენა მთელს მსოფლიოზე წარმოუდგენლად გაზარდა. აღმოსავლეთ ევროპა, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოები, შემდგომში ლათინური ამერიკა იმედით შეჰყურებდნენ ფაშიზმის გამანადგურებელ სოციალისტურ ქვეყანას, რაც მძიმე გამოწვევა იყო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სხვა ქვეყნებისთვის.

სოციალიზმის იდეების გავრცელების საფრთხის წინაშე მდგარმა დასავლეთმა „რკინის ფარდა“ ჩამოაფარა აღმოსავლეთ ევროპას, საბჭოთა კავშირს და დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის გაიშვიათებულ ურთიერთობას „ცივი ომის“ პერიოდი შეარქვა, რომელიც 1991 წლის დეკემბერში დასრულდა — საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად.

დასავლეთი, საბჭოეთის დაშლას ენით აუწერელი სიხარულით შეხვდა — თვითდარწმუნებული, რომ მან დაანგრია საბჭოთა კავშირი.

დასავლეთის დასანანად უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი თვით საბჭოთა კავშირმა დაანგრია და არა დასავლეთმა. დასავლეთს არც საბჭოეთის დაშლის ძალა გააჩნდა და არც მექანიზმი დაშლისა.

ცრუ დასავლური პროპაგანდა საბჭოურ რკინაბეტონის შენობას ვერაფერს დააკლებდა. ისტორიაში მიღებულია ასეთი გამოთქმა — „ციხე შიგნიდან ტყდებაო“, სწორედ ამას ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირში, ქვეყნის მმართველ ძალაში, კომუნისტურ პარტიაში.

კომპარტიის ახალი ლიდერების გამოუცდელობამ, პროვინციულობამ, საკუთარი თავის სახელმწიფოზე მაღლა დაყენებამ, მომხმარებლურმა სულისკვეთებამ განაპირობა საბჭოთა კავშირის დაშლა და არა დასავლეთის მიერ განხორციელებულმა შეტევამ, ომის მსგავსმა.

ფაშიზმზე გამარჯვებამ კაცობრიობას თავიდან ააშორა მე-2 მსოფლიო ომის მსგავსი ომი, ისეთივე მასშტაბური, მილიონობით მსხვერპლის მომტანი, როგორიც მე-2 მსოფლიო ომი, თუმცა ვერ იხსნა მცირე ომებისგან, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ — 80 წლის განმავლობაში.

1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ დაარღვია მსოფლიოში არსებული თანაფარდობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის — ორპოლუსიანი მსოფლიო, ერთპოლუსიანად აქცია.

აშშ-ს, მსოფლიოს სათავეში დარჩენილს, ერთს და განუმეორებელს, ასე თვლის ის, ჰეგემონობის სული შთაბერა და ისე გაბერა, როგორც ფეხბურთის ბურთი, დაარწმუნა იმაში, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება, სხვისთვის — არა. მისი ბრძანება ყველამ უნდა შეასრულოს — დაუყოვნებლივ, უყოყმანოდ.

 შეიქმნა რეალობა და შთაბეჭდილება, რომ აშშ-ი, ღმერთი-სახელმწიფო, ღრუბლებს ზემოთ არის, დანარჩენები, ღრუბლებს ქვემოთ, შორს მისგან. 2007 წლის მიუნხენის კონფერენციამ შეარყია მისი ერთპოლუსიანობის საფუძველი. ავტორი და ინიციატორი შეტევისა, ცხადია სიტყვიერისა, გახლდათ საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაჩოქილი, შემდეგ ფეხზე წამომდგარი, მისი ლიდერის პუტინის სახით.

მეორე დარტყმა დასავლეთმა არა სიტყვიერი, არამედ სამხედრო, 2022 წლის თებერვალში იგემა — უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით, რომელიც დღესაც გრძელდება.

კრემლის გადაწყვეტილება სამხედრო შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით იყო ნაბიჯი, გადადგმული ერთპოლუსიანობის დასრულებისკენ; იყო სერიუზული გამოწვევა დასავლეთისა, რომელიც რუსეთის საზღვრებთან თანამედროვე იარაღის განლაგებით ემუქრებოდა რუსეთის, როგორც ერთიანი, სუვერენული სახელმწიფოს არსებობას.

გასულ წელს, „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის სხდომაზე პუტინმა თქვა, რომ „არ სურს 2022 წლამდე არსებულ ვითარებაში დაბრუნება. დასავლეთს სურდა ღიმილით, მხარზე ხელის თათუნით მოექცია რუსეთი თავისი გავლენის ქვეშ, ჩამოერთვა მისთვის სუვერენიტეტი, გაეხადა ისეთივე მომხმარებელი, როგორიც ევროპაა. რა იდგა და დგას ყბადაღებული დემოკრატიის, თავისუფლების უკან?

მარტივი რამ — სიმდიდრეების დაპატრონება; დასავლეთი დაგადანაშაულებს არადემოკრატიულობაში, ანკარა წყაროსავით დემოკრატ ქვეყანას არა იმისთვის, რომ მართლაც არადემოკრატიული ხარ, არამედ იმისთვის, რომ დემოკრატიული ლოზუნგით დაგაბრალოთ არადემოკრატიულობა თქვენი, ჩვენი მასზე დამოკიდებულ ქვეყნად გადასაქცევად“.

ერთ-ერთი პრეს-კონფერენციის დროს პუტინმა თქვა, რომ სპეციალური სამხედრო სპეცოპერაცია გაცილებით ადრე უნდა დაეწყო. დიდი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, მითუმეტეს ბირთვული იარაღის მფლობელის, გასაკვირი არ არის, ვინაიდან ქვეყნის წარსული ისტორია ავალდებულებს პრეზიდენტს ნებისმიერი გზით დაიცვას ის.

უკრაინის რუსეთთან დაპირისპირება აშშ-ს პოლიტიკოსთა ოცნება იყო, რომლის სინამდვილედ გადასაქცევად თეთრმა სახლმა მილიარდობით დოლარი დახარჯა. თვით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით — 5 მილიარდი დოლარი მაიდნის რევოლუციის განხორციელებაში, რასაც მოჰყვა ნეონაცისტების უკრაინის ხელისუფლებაში მისვლა, ომი დაუმორჩილებელ დონბასში.

უკრაინის მოვლენებმა დაგვანახა ფაშიზმის აღორძინება — ჩირაღდნებიანი მარში, ფაშისტური სვასტიკებიანი სამკლაურები; სისასტიკე გამოვლენილი საკუთარი ხალხის, მტრად შერაცხული მეზობელი რუსეთის მიმართ. 80 წლის შემდეგ ფაშიზმის აღორძინება ევროპაში, ამჯერად მის აღმოსავლეთში, არავითარ ანტიფაშისტურ რეაქციას არ იწვევს „დემოკრატიულ“ დასავლეთში, ვინაიდან ის რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

ევროპელმა, რომელმაც არაფერი იცის თანამედროვე უკრაინის და იქ მიმდინარე ომის შესახებ, დასავლური პროპაგანდის წყალობით იცის რუსეთის აგრესიულობა,  კრავად ქცეული მეზობელი უკრაინის მიმართ. ევროპელმა არ იცის სინამდვილე, რაც ხდებოდა და ხდება რუსეთ-უკრაინის ირგვლივ. და არ იცის იმიტომ, რომ დასავლელმა ხელისუფალმა აუკრძალა ალტერნატიული ინფორმაციის მიღება. აუკრძალა რუსული საინფორმაციო ტელე-რადიო გადაცემების მიღება. აუკრძალა რუს ტურისტებთან კონტაქტი, ისე, როგორც ხელოვნების, კულტურის მუშაკებთან.

რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა მინიმუმადე დაიყვანა რუსი ვიზიტიორების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა დასავლელთა საბიუჯეტო შემოსავლები. დასავლეთი ტაშს უკრავს უკრაინელ ფიურერ ზელენსკის, ისე, როგორც ტაშს უკრავდა ჰიტლერს — გასული სასუკუნის 30-იან წლებში. სამწუხაროდ, ტაშის დამკრელთა შორის საქართველოს პოლიტიკაცაა, ხელისუფლებაცაა და საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილიცაა. არადა საქართველოს ხელისუფლებას მყარი საფუძველი აქვს სხვაგვარი მოქცევის, თვით უკრაინის მმართველთა ანტიქართული პოლიტიკიდან გამომდინარე.

მმართველი „ოცნება“ თავს იკავებს ქვეყნის საზიანოდ. როგორც ჩანს „ოცნებამ“ არ იცის, რა იყო ფაშიზმი, რა არის ნეოფაშიზმი — უკრაინელთა შესრულებით, რა შეიძლება მოიტანოს მან. „ოცნებამ“ და მასთან ერთად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, ისტორიაში გაუთვითცნობიერებელმა, დასავლეთის ფანატიკოსმა არ იცის, რომ დასავლეთმა, მისმა ლიდერმა, აშშ-ა ნაცთა ლიდერის, სააკაშვილის წაქეზებით ომი დააწყებინა საქართველოს რუსეთთან, რასაც არა მარტო მსხვერპლი მოჰყვა, არამედ ტერიტორიების დაკარგვა. ამ დანაკლისს საქართველო ვერ აღიდგენს, ვინაიდან არც სამხედრო ძალები გააჩნია და არც წარმატებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა დაკარგული ავტონომიების მოსახიბლად.

 ლიტონი სიტყვებია ხელისუფალთა ხმამაღლა ნათქვამი — საქართველოს გამთლიანების თაობაზე. ასეთს, სარეკლამო დატვირთვაც აღარ აქვს, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ სიტყვების უკან სიცარიელეა, უკუნეთი სიბნელეა.

რაოდენ ბრმა უნდა იყოს ხელისუფლება, ოპოზიცია, ვერ დაინახოს ის უკუღმართობა, მისმა ბრძანებელმა აშშ-ა რომ დაატრიალა საქართველოს თავს; როგორ შეცვალა საქართველოს მოსახლეობის აზროვნება უარესობისკენ; როგორ დააქვეითა მისი განათლება, ხელოვნება, კულტურა; როგორ გადააქცია ერთ დროს ამაყი ქართველი ჭამის მონად, მომხმარებელ-მომნელებლად.

საქართველოში სუფრის კულტი და თამადობა ზენიტშია აყვანილი. ხშირად გაიგებთ ქართული თამადობის ინსტიტუტის უნიკალურობაზე. იმასაც ვეღირსეთ, რომ არჩეულ პრეზიდენტს საინაუგურაციო სიტყვაში ხაზგასმით ეთქვა ქართუი სუფრის, ქართული ტრადიციების შესახებ.

სუფრაზე თქვა, მაგრამ არაფერი უთქვამს ფაშიზმზე გამარჯვების 80-წლისთავზე. როგორც ჩანს, თანამედროვე „პოლიტიკოსებისთვის“ სუფრა და თამადა აღემატება ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმს. როგორც ჩანს, დიდ სამამულო ომზე და მასში ქართველთა მიერ შეტანილ წვლილზე მხოლოდ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გულბაათ რცხილაძემ უნდა ილაპარაკოს გამუდმებით, საინტერესო ფაქტებით, ვაკის პარკში — ვეტერანებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინების მიტანით.

ნაკლებად პატივცემულო ხელისუფლებავ და მასზე ნაკლებად პატივცემულო ოპოზიციავ — ერის ისტორიის დავიწყება, ერის გადაგვარებაა; თქვენი გადაგვარებაა, თითოეული თქვენგანის. გადაგვარებული, ანუ დეგრადირებული ქვეყანას ააშენებს?

სხვა ქვეყნის, ქვეყნების მლოკავი, საკუთარ ქვეყანას ააშენებს? სხვა ქვეყნის მსგავსი, აქ აშენებული, იქნება საქართველო?

ერთხელ შევარდნაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მოსკოვიდან ახალდაბრუნებულმა, ხალხის სიმპათიების მოსაპოვებლად ბრძანა — მალე საქართველო ბელგიას დაემსგავსებაო. მას არ უთქვამს — ჩემი მმართველობის დროსო, მაგრამ მსმენელს ასე უნდა გაეგო.

ჟურნალისტმა მკითხა — რას იტყვით შევარდნაძის ნათქვამზეო და მეც გულწრფელად მივუგე — სიმართლე ბრძანა ბატონმა ედუარდმა, მაგრამ არის პატარა ნიუანსი — საქართველო მაშინ დაემსგავსება ბელგიას, თუ ქართველებს ბელგიაში გადავასახლებთქო. მეორე დღეს გამოსულმა გაზეთებმა, პირველ გვერდზე დაბეჭდეს, თანაც დიდი ასოებით ჩემი კომენტარი, რამაც დიდი უსიამოვნება მარგუნა პრეზიდენტის აპარატის მუშაკების მხრიდან.

შევარდნაძეც ისე მიექანებოდა დასავლეთისკენ, როგორც დღევანდელები, მაგრამ იმ განსხვავებით, მას არც თავმოყვარეობა დაუკარგავს და არც ორ სკამზე ჯდომის ხელოვნება.

შევარდნაძემ კარგად იცოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება, კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანდა, უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა მასაც და ქვეყანასაც.

თანამედროვე ე.წ. პოლიტიკოსებმა არ იციან ის, რაც შევარდნაძემ იცოდა. და რახან არ იციან, თავს უფლებას აძლევენ მოიქცნენ საქართველოს საზიანოდ. საზიანოა ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლების წარმომადგენელმა გაეროში მიიღო კენჭისყრის დროს.

გასული წლის, 17 დეკემბერს გაეროში გაიმართა მორიგი კენჭისყრა რეზოლუციისა, რომელიც გმობს ნაციზმის განდიდებას. რეზოლუციის ინიციატორი რუსეთია. მას ყოველწლიურად შეაქვს რეზოლუცია გაეროს განსახილველად და კენჭის საყრელად. რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ ზომები ისტორიის გაყალბების საწინააღმდეგოდ; დაგმონ ნაციზმის, ნეონაციზმის და სხვა პრაქტიკის განდიდება; ეთნიკური, რელიგიური დევნა-შევიწროება; ფაშიზმის დროინდელი მარშებისა და  დემონსტრაციების აღორძინება; რასობრივი დისკრიმინაციის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების გამოვლინება-ესკალაცია.

აი, ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 53 ქვეყანამ, 119 მხარი დაუჭირა. ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია იქნა მიღებული. ჩვენდა სამწუხაროდ, 53 ქვეყანას შორის საქართველოც იყო. დსთ-ს წევრი არც ერთი სახელმწიფო, მაგრამ დსთ-ს არაწევრი საქართველო, რომელმაც დიდ სამამულო ომში 700 ათასი კაცი გაგზავნა, მათგან 300 ათასი ბრძოლის ველზე დაეცა. უნებლიედ იბადება კითხვა — თუ სახელმწიფო რეზოლუციის წინააღმდეგ გამოდის, მხარს უჭერს ნაციზმის და რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას?

ვაგლახ, ასეა! გასული წლის 17 დეკემბერს საქართველოს განახლებული მთავრობა ჰყავდა!

გაეროში საქართელოს წარმომადგენლობის სავალალო გადაწყვეტილება რუსეთის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

არ დარჩენილა მალტაზე, ეუთოს კონფერენციის დროს, საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის საქციელიც, რომელმაც დარბაზი დატოვა და როგორც ფინია ძაღლი უკან გამოუდგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიბეგას — რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის მოხსენების დაწყებისთანავე.

რუსულმა საინფორმაციო ტელეარხებმა არაერთხელ გაიმეორეს საქართველოს ეს საზიანო ვიდეო-კადრები.

53 ქვეყანა, ვინც რეზოლუციის წინააღმდეგ უყარა კენჭი, აშშ-ს სერიოზული ზეწოლის შედეგი იყო. ანალოგიური რამ მოხდა ეუთო-ს კონფერენციაზეც. მაგრამ არის ეს თავისმართლების საბაბი?

ქართულ „დიპლომატიას“, თუ საერთოდ არსებობს ასეთი, ის მაინც უნდა მოეხერხებინა, თავის შეკავება რომ ჰქვია!

წინა სტატიაში აღვნიშნე საქართველოს ხელისუფლების სულმოუთქმელი მოლოდინი ტრამპის ინაუგურაციის მიმართ. მას ჰგონია, რომ ტრამპი მოვა და გადაარჩენს „ოცნებას“. რომ არ გადაარჩინოს, რა მოხდება?

ოპოზიციის გაათმაგებული შეტევა ხელისუფლებაზე — მის დასამხობად. კრიტიკულ ვითარებაში მყოფ მთავრობას მოუწევს ძველი და ნაცადი გზისკენ გახედვა — ჩრდილოეთისკენ. საკითხავია, ის გამოიხედავს ჩვენსკენ?

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

06/01/2025