21.12.2024

რა მოელის მსოფლიოს კორონავირუსის შემდეგ?

„ერები თავს ინახავენ რწმენით, რომ მათ ინსტიტუტებს შეუძლიათ მოახლოებული გასაჭირის გამოცნობა, მისი დამარცხება და სტაბილურობის აღდგენა. როდესაც პანდემია „კოვიდ-19“ დამთავრდება, მრავალი ქვეყნის ინსტიტუტს გამოუტანენ განაჩენს: თქვენ ჩაისვარეთ! ეს, განაჩენი რამდენად იქნება სამართლიანი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აი რაშია: მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსამდე“.

ეს, სიტყვები ცნობილ დიპლომატს, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს და მეცნიერს ჰენრი კისინჯერს ეკუთვნის. ის, მისთვის ჩვეული აკადემიზმით, საკითხისადმი ღრმა წვდომით გადმოგვცემს იმ უმძიმესი გასაჭირის თაობაზე, რამაც მსოფლიო მოიცვა.

მეცნიერები, განსაკუთრებით ისტორიკოსები, ხშირად გვახსენებენ, რომ წინანდელი დაავადებები, მსხვერპლის თვალსაზრისით, გაცილებით მძიმე გამოცდა იყო კაცობრიობისთვის, ვიდრე დღევანდელი, მაგრამ ადამიანმა გაძლო და ახალი ენერგიით შეერკინა დაავადებით მოტანილ ავბედობის შედეგებს.

„კამათი წარსულზე უსარგებლოა — ის მხოლოდ ხელს გვიშლის მომავალში ვაკეთოთ, გასაკეთებელი“, — აცხადებს კისინჯერი და განმარტავს: „ლიდერები ებრძვიან კრიზისს სახელმწიფოებრიობის საფუძველზე, მაგრამ ადამიანთა მოდგმაზე კრიზისის დამანგრეველი შედეგები არ ცნობენ საზღვრებს. საზოგადოების ჯამრთელობაზე მიყენებული ზიანი მხოლოდ დროებითი იქნება, მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსი, რომელიც ამ ვირუსმა გამოიწვია, თაობებზე შეიძლება გაიწელოს“.

2020 წლის განვლილმა 4 თვემ რომ სერიოზულად იმოქმედა ჩვენზე, ფაქტია და მას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. ყველა ჩვენგანი რაღაც ისეთს ვგრძნობთ ჩვენს თავში, უწინ რომ ადგილი არ ჰქონია. რით არის ეს გამოწვეული, თუ არა შიშით უხილავის წინაშე?

კორონავირუსით დაავადება მხოლოდ იმათ არ ეშინიათ, ვინც პრიმიტიულად აღიქვამს მოვლენებს — ცოდნის, განათლების დეფიციტის გამო. ასეთების ნაკლებობას, როგორც აქ, ისე უცხოეთში არ განიცდიან. საბედნიეროდ უმრავლესობა მაინც ისაა, ვინც მიჰყვება მედიკოსების მოწოდებებს — დავიცვათ სოციალური დისტანცია, შევასრულოთ უმარტივესი ჰიგიენური მოთხოვნები — წინათ რომ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით.

დღეს, სხვაგვარად ვიქცევით. რამ გამოიწვია ეს, თუ არა საინფორმაციო სამსახურების დაბეჯითებულმა, მუდმივმა და უწყვეტმა პროპაგანდამ ვირუსთან დაკავშირებით?!

ადამიანი არა მარტო კორონავირუსის მსხვერპლი აღმოჩნდა, არამედ მედიის, განსაკუთრებით ელექტრონულის. გავლენა მისი უკიდეგანოა. შედეგი?  შეშინებული ადამიანი, ქვეცნობიერი შიშის შედეგად ავტომატურად მოაზროვნე და მოსაქმე.

ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ, უცბათ როგორ მოხდა ჩვენში გარდაქმნა, თანაც ისეთი, რომელიც იძულების ხასიათს ატარებს. ჩვენ დავიწყეთ სისტემატური ხელის ბანა, სახლს გარეთ საგნების ხელით შეხებისგან თავის არიდება, ხელის ჩამორთმევასა და ხვევნა-კოცნაზე თავის შეკავება. სახლიდან გარეთ გამოსვლაზე უარის თქმა არა იმიტომ, რომ აკრძალულია, არამედ სხვა რამის გამო და მას შიში ჰქვია.

ეს შიში, ისეთი არ არის, როგორიც ღორის ან ქათმის გრიპის დროს იყო ანდა ხოლერის, რომელიც კარგად ახსოვს ჩვენს თაობას. ეს, სხვა შიშია — ყოვლისმომცველი, ამოუცნობი, რომელსაც არა მარტო ვირუსი და მასზე ადამიანის (რომელმაც ბავშვობიდან იცის ხელისბანის აუცილებლობის შესახებ, ისე, როგორც სხვა ჰიგიენური პროცედურების ჩატარების თაობაზე) რეაქცია ქმნის, არამედ სულ სხვა, რომელსაც აჰყავს ის გიგანტურ განზომილებამდე.

ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების ბიჰეივორიზმის ფუძემდებლის ჯონ ბროდუს უოტსონის მიხედვით, მთავარი ამოცანა ადამიანის ქცევის რეგულირებისთვის საჭირო სტიმულების შერჩევაშია, რასაც რეაქცია მოჰყვება.

ბიჰევიორიზმი ფართოდ გამოიყენება სარეკლამო ინდუსტრიაში, პოლიტიკასა და პედაგოგიკაში, ყველგან სადაც საჭიროა რეაქციის გამომუშავების აუცილებლობა — ხელოვნურად შექმნილი სტიმულით.

ტელევიზორების ეკრანებზე გამოსახული აპოკალიპსური კადრები — ცარიელი ქუჩები, თვითიზოლაციაში, ჯარიმებით და თავისუფლების აღკვეთის შიშით სახლებში შეყრილი ხალხი, ყოველდღიური, უწყვეტი ნაკადი ინფორმაციის, დაავადებულ ადამიანთა რაოდენობასთან, გარდაცვლილებთან, ეკონომიკის ჩამოშლასთან დაკავშირებით არის ის გარე სტიმული, რომელიც უოტსონის მიხედვით, აყალიბებს შიშსა და ფობიებს გაცილებით ძლიერად, ვიდრე უხილავი ვირუსი.

ის, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან დამარცხდება — ფაქტია, მაგრამ ეჭვი იმისა, რომ იზოლაციის პერიოდი გამოიწვევს ფსიქიკურ აშლილობას, საკმაოდ დიდია. მოდით ნუ ვიკამათებთ იმაზე „გარე სტიმული“ შეგნებულად თუ შეუგნებლად იქნა გამოყენებული ან უნდოდათ თუ არა შეგნებულად ჩაესახათ ხალხში შიში და ფობია, თუ შემთხვევით გამოუვიდათ ასე (უნდა ვიმედოვნოთ, რომ შემთხვევით). ფაქტი ისაა, რომ პოსტვირუსული საზოგადოება სხვაა — დაშინებული, ფობიებით დაავადებული.

უნებლიედ იბადება კითხვა — არა მარტო ჩვენი ხელისუფლების, არამედ სხვათა მიმართ — კორონავირუსის წინააღმდეგ გაშლილი ფართო ფრონტის შედეგად ხომ არ დაზიანდა ადამიანის ფსიქიკა და თუ ამას აქვს ადგილი, რას მოიმოქმედებენ ისინი ამ სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად?

ეს შეკითხვა ბევრს ვირტუალურად მოეჩვენება იმ შეკითხვების ფონზე, ეკონომიკას რომ ეხება. თვითიზოლაციამ თუ ძალის გამოყენებით და დაშინებით ხალხის სახლში შერეკვამ, საწარმოების იძულებითმა გაჩერებამ, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ვაჭრობის, სხვა სახის ურთიერთობების მოშლამ რომ მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა ყველა ქვეყნის ეკონომიკას — უდავოა.

ჩათავდება ვირუსით გამოწვეული პიკი, მაგრამ შეგვაწუხებს ეკონომიკა, თან გაცილებით მეტად, ვიდრე კორონავირუსი, რომელიც არც გარდაცვალებას აპირებს და არც ადამიანთან ბრძოლის შეწყვეტას. ის უბრალოდ „დასვენებისთვის“ პაუზას აიღებს და მეორე, მესამე შეტევისთვის მოემზადება. ჩვენ კი იმის შიშით, რომ ვაქცინა არ გვაქვს და 2021 წლამდე არ გვექნება, შიშის ქვეშ მოგვიწევს არსებობა, მუშაობა თუკი ამის შესაძლებლობა მოგვეცა, ვინაიდან მკვეთრად შემცირდება იმ „ბედნიერთა“ რიცხვი, რომელთაც ტრავმაგამოვლილი ეკონომიკის პირობებში მიეცემა მუშაობის შანსი.

მძიმე ეკონომიკური ვითარება, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოში, არ იძლევა პრობლემების ინდივიდუალურდ გადალახვის საშუალებას. მხოლოდ კოლექტიური, ერთიანი ძალისხმევით თუ შეძლებს კაცობრიობა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას  — დღეიდან დაწყებული მინიმუმ ორი-სამი, შესაძლოა უფრო მეტი წლის განმავლობაში.

სწორედ ამის შესახებ აღნიშნავს თავის წერილში კისინჯერი. მაგრამ კისინჯერი და მისნაირად მოაზროვნეები, რომ უმრავლესობაში არიან — ფაქტია. მსოფლიო პოლიტიკა, განსაკუთრებით ანგლო-საქსური საწინააღმდეგოდ აზროვნებს. სხვას ვერაფერს ვიტყვით აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ ჩინეთის დადანაშაულებაზე კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, პანდემია ჩინეთიდან დაიწყო და რახან ამ ქვეყანამ დროულად არ შემოჰკრა განგაშის ზარები, აშშ-ს და მსოფლიოსთვის მიყენებული ზარალის გამო, ფინანსური პასუხი უნდა აგოს. ჩინეთი კი თავის მხრივ აშშ-სკენ იშვერს ხელს და აცხადებს, რომ ვირუსი ჩინეთში აშშ-ს სამხედროებმა შეიტანეს გასული წლის ოქტომბერში.

საინტერესო ცნობას გვაწვდიან ამერიკელი ექსპერტები. მათი მიხედვით, კორონავირუსზე მუშაობა 2015 წელს აშშ-ი დაიწყო და მოგვიანებით ჩინეთში, უჰანის ლაბორატორიაში გაგრძელდა. ჩიკაგოელი პოლიტოლოგი სტეფან ლინდემანი უფრო შორს მიდის და აცხადებს: „ამერიკის ადმინისტრაცია არსად და არაფერში ხედავდა წინააღმდეგობას საკუთარი აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკის განხორციელებაში. თავისი ისტორიის განმავლობაში, ის იყენებდა აგრესიულ იარაღს, მათ შორის ბაქტერიოლოგიურს, ქიმიურს, რადიოლოგიურს. ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსი აშშ-ში გამოიგონეს, თუმცა ჯერაც გასარკვევია ვის ინტერესში შედიოდა და რა მიზანს ისახავდა ის. შესაძლოა ირანში ან ჩინეთში გასავრცელებლად?!

აშშ-ი მერამდენედ იყო შემჩნეული სხვა ქვეყნებზე საკუთარი გამოგონების გამოცდაში? ჩინეთი ორჯერ შეეჯახა ცხოველური წარმოშობის პნევმონიას — პირველად ეს იყო ქათმის გრიპი, შემდეგ ღორის. რას მივაწეროთ ეს, შემთხვევას? იქნებ მიზანმიმართულ ომთან გვაქვს საქმე, რომელსაც ჩინეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, რათა მთელ მსოფლიოში უარი თქვან ჩინური სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენაზე და ნაცვლად ამერიკული შეიძინონ?“

ლინდემანის მტკიცება გვერდზე გადავდოთ. ვთქვათ იმ რეალობაზე, რომელმაც უკვე იმოქმედა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ხალხთა შორის შუღლის, მტრობის ჩამოგდებაზე. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი სხვა ქვეყანას ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს და ლამის ცილს წამებს მის შექმნა-გავრცელებაში, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელმა, მეორე ამერიკელს, ოღონდ ჩინური წარმოშობის, მუშტი-კრივი გაუმართოს, შავკანიანი მოსახლეობა ფსიქიკურ რეზერვაციაში მოაქციოს.

აშშ-ი პირველია კორონავირუსით დაავადებულთა შორის. გარდაცვლილთა რაოდენობითაც მან გაუსწრო იტალიას, ესპანეთს, სხვა ქვეყნებს, რაც საბაბს აძლევს ოპოზიციას პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის დადანაშაულებაში. დემოკრატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა დროულად არ მიიღო ზომები ვირუსთან საბრძოლველად.

პრეზიდენტი, რომელიც მეორე ვადით აპირებს თეთრ სახლში დარჩენას, ხედავს რომ მისი მთავარი კოზირი — დასაქმება და უმუშევრობის შემცირება კორონავირუსს მიაქვს, იძულებულია რაღაც მოიფიქროს თავდასხმის მოსაგერიებლად და მანაც მიაგნო მტერს —ჩინეთის სახით.

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი კორონავირუსამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო და ისეთი სახე შეიძინა, უბრალო პაექრობა რომ არ ჰქვია. ამჯერად აღიძრა საქმე ჩინეთის წინააღმდეგ. ტრილიონობით დოლარს ასახელებენ, ჩინეთმა რომ უნდა გადაიხადოს კორონავირუსით მიყენებული ზარალის გამო. შეძლებს თუ არა აშშ-ი, ჩინეთის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის  მის სასარგებლოდ დასრულებას ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ ჩინეთი, აშშ-ს მიერ ნომერ პირველ მტრად გამოცხადდა, ფაქტია.

კორონავირუსი კარდინალურად ცვლის მსოფლიო პოლიტიკურ სურათს. როგორც ჩანს აშშ-ი ვერ გაუძლებს ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას იმ დონემდე, რომ პირველი ქვეყნის სტატუსი დაიბრუნოს. ჩინეთი, რომელმაც მეტნაკლებად გადალახა ვირუსული შეტევა, სწრაფად იწყებს ეკონომიკის ამუშავებას და გაცილებით ადრე შეძლებს ჩავარდნების გამოსწორებას — მსოფლიო ბაზრების ჩინური პროდუქციით გაჯერებას.

კორონავირუსის გარდა უმძიმეს პრობლემადაა ქცეული ნავთობზე ფასების ვარდნა. როდესაც ნავთობის მოხმარება კატასტროფულად არის შემცირებული და ნავთობის მარაგი გადიდებული, ეკონომიკური მანქანის ამუშავებაა ერთადერთი ხსნა, მაგრამ მას კორონავირუსით გამოწვეული შიში ეღობება.   მისი დაძლევა მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შეიძლება. ასეთს კი ადგილი არ აქვს.

მსოფლიოს ახალი ეკონომიკური ომი ელის — აშშ-ჩინეთს შორის გაჩაღებული, რომელმაც აინშტაინის ლაკონური გამონათქვამი „ადამიანები ვეღარ მოუსმენენ მოცარტს“ (მოცარტი აინშტაინის საყვარელი კომპოზიტორი იყო), ცივილიზაციის შესაძლო განადგურების მომასწავებლად აქციოს. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამას ადგილი არ ექნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი