არის ჩვენი გზა ევროპა?!
დეკემბერი გამორჩეული, ღირსშესანიშნავი თვეა — ისტორიული მომენტებით დახუნძლული. ჩვენთვის, ყოფილი საბჭოელებისთვის ღირსშესანიშნავი, განსაკუთრებით 1991 წლის 8 დეკემბერი. სწორედ ამ დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ელცინმა, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებმა კრავჩუკმა და შუშკევიჩმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელსაც, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბელოვეჟის ხელშეკრულება დაერქვა.
ბელოვეჟის ტევრი, ბელორუსიის ტერიტორიაზე არსებული, შესანიშნავი ნაკრძალია, საბჭოთა პოლიტიკური ლიდერების დასასვენებლი ადგილი. ხელშეკრულების გაფორმებამ ბელოვეჟეს არცთუ სასიამოვნო სახელი მოუტანა — უფრო ნეგატიური, ვიდრე პოზიტიური, რამეთუ ამ ხელშეკრულებას მოჰყვა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი და მძლავრი სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის ნგრევა.
ზემოთ სიტყვა „ღირსშესანიშნავი“ გამოვიყენე, ძირითადად შენებასთან და არა ნგრევასთან, სიკეთესთან და არა უბედურებასთან ასოცირებული, მაგრამ საქართველოსთვის, ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის 8 დეკემბერი ღირსშესანიშნავი თარიღია, ვიწრო ეროვნული ფილოსოფიიდან გამომდინარე, მაგრამ არა ზოგად საკაცობრიოდან.
1991 წლის 8 დეკემბერს ხელშეკრულების ხელმომწერნი არ ფიქრობდნენ და ალბათ ვერც იფიქრებდნენ, რომ ხელმოწერა გამოიწვევდა უზარმაზარი ქვეყნის ისეთ ნგრევას, რომლის ნანგრევები დაემუქრებოდა ამ სამი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დაყენებას. და არა მარტო. ბელოვეჟმა დაარღვია მსოფლიო ბალანსი, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე დაფუძნებული და ნაცვლად ორი თანაბარი სისტემის თანაცხოვრებისა, მსოფლიოს მოუტანა მხოლოდ ერთის პრიორიტეტულობა — ერთპოლუსიანობაში გადაზრდილი.
1991 წლის 8 დეკემბერმა მსოფლიოს აუწყა აშშ-ს დიქტატურა და მისი საპირისპირო ძალის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი პიედესტალიდან ძირს დაშვება. ორპოლუსიანობა, ერთპოლუსიანობით შეცვალა და ამ ტრანსფორმაციის ნეგატიურ შედეგებს იმკის მსოფლიო.
საბჭოთა კავშირი იყო ძალა, რომელიც ამუხრუჭებდა აშშ-ს მოძალებულ ნეოკოლონიალისტურ მადას. მან იცოდა, რომ სხვა ქვეყანაზე ხარბი თვალის დადგმა არ ესიამოვნებოდა საბჭოეთს, ისე, როგორც საბჭოეთის, აშშ-ს.
მსოფლიოში იყო პარიტეტი, ორის გავლენის სფეროს არსებობა, იყო მშვიდობა, არ იყო ომი. ბირთვული იარაღის წყალობით, ვისაც ასეთი გააჩნდა, თავს უფლებას არ აძლევდა ერთმანეთის მიმართ მწვავე, პროვოკაციული გამოხდომების განხორციელებას.
კუბის კრიზისი, ისე, როგორც ბერლინის, იშვიათი გამონაკლისი იყო.
ორი დიდი, თვალს ხუჭავდა რეგიონულ ომებზე, მიუხედავად მათში ჩართულობისა. ორივემ იცოდა, რომ მსგავსი ჩართულობა არ გამოიწვევდა ერთმანეთთან ბირთვულ დაპირისპირებას. ორივე ცდილობდა, ცხადია ერთმანეთისგან მალულად, ბირთვული და ჩვეულებრივი იარაღის ისეთი დახვეწა-განვითარებას, რომ პრიორიტეტული პოზიცია დაეკავებინა, რაც მოწინავეს შეუქმნიდა ილუზიას მეორის დაჩაგვრის, დაჩოქების, ბირთვული იარაღის გამოუყენებლად ნამდვილი პირველობის მოპოვების.
ბელოვეჟმა აშშ-ს, მისთვის მოულოდნელად და დიდი შრომა-გარჯის ხარჯვის გარეშე, ხელში ჩაუდო მსოფლიო პირველობა.
ბელოვეჟი შემთხვევით ან მოულოდნელად არ გაჩენილა. მას მრავალწლიანი გაურკვეველი საბჭოური მმართველობა უსწრებდა. მმართველობა ძველი საბჭოური პარტიული ელიტის ხანდაზმულობით, ფიზიკურ-გონებრივი გამოფიტვით, რამაც საბჭოურ სისტემას წყალი შეუყენა. ბევრი ისტორიკოსი, პოლიტტექნოლოგი, პოლიტიკოსი თვლის, რომ საბჭოთა კავშირმა რღვევა სტალინის სიკვდილისთანავე დაიწყო, ქვეყნის მართვისთვის შესაფერისი ლიდერის ვერ გამოძებნის გამო, რაც ახლოა რეალობასთან.
იმჟამინდელი, ანუ 1953 წლის საბჭოთა კავშირი არა მარტო უდიდეს ტერიტორიას ფლობდა, არამედ უამრავ სატელიტ ქვეყანას. დასავლეთიდან მას ერტყმოდა სოციალიზმის ბანაკის ქვეყნები, აღმოსავლეთიდან — ჩინეთი, ვიეტნამი, ჩრდილო კორეა. საბჭოურ იდეოლოგიას იზიარებდნენ იტალიის, საფრანგეთის, სხვა კაპიტალისტური ქვეყნების კომუნისტური პარტიები, ერთობ პოპულარულნი მე-2 მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შემდეგ; აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნები.
ამ ძალის და მასშტაბის სახელმწიფოს რიგითი აზროვნების პოლიტიკოსი ვერ გაუძღვებოდა და ვერც გაუძღვა. საბჭოეთის განვითარებას წერტილი დაუსვა დაბალი განათლების, კულტურის მატარებელმა ხრუშჩოვმა, რომელმაც თავისი უგუნურებით ლამის 2 ბირთვული სახელმწიფო დაატაკა ერთმანეთს. მაშინ სასწაულმა გადაარჩინა მსოფლიო.
არც ხრუშჩოვის გადაყენებას მოჰყვა ნიჭიერი პარტიული მუშაკების გამოვლინება. რიგითმა პარტიელებმა ჩაიგდეს ხელში პარტიისა და სახელმწიფოს მართვის სადავეები. ღრმა ასაკში შესულებმა ვერ შეამჩნიეს პარტიაში ახალი სისხლის გაჩენის პროცესის ანტისახელმწიფოებრივი სულისკვეთება და პარტიის გენერალური მდივნობა, მასთან ერთად სახელმწიფო მმართველობა ჩააბარეს მათზე შედარებით ახალგაზრდა გორბაჩოვს.
1985 წლიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის „პერესტროიკის“, „გლასნოსტის“ პროცესი — გორბაჩოვის ლაქ-ლაქის, რომელსაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის ნგრევა — ეკონომიკურად, პოლიტიკურად, იდეოლოგიურად.
ასე რომ, ბელოვეჟის ხელშეკრულება პარტიისა და სახელმწიფოს ნგრევის ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენდა.
დღეს, სერიოზულად ისმება კითხვა — იყო თუ არა გორბაჩოვი მოღალატე?
საბჭოთა კავშირის დაშლის მოწინააღმდეგეები, და ასეთები მრავლად არიან, გორბაჩოვს მოღალატედ მიიჩნევენ, ისე, როგორც მის თანამებრძოლებს იაკოვლევს და შევარდნაძეს. გორბაჩოვმა, რომელმაც გულუბრყვილოდ ჩათვალა, რომ გადემოკრატებული საბჭოთა კავშირისთვის ევროატლანტიკურ ელიტაში მყარ ადგილს მიაკუთვნებდნენ, შეცდა. მაგრამ შეცდომის აღქმამდე ბევრი დრო და გზა იყო გასავლელი არა იავარდფენილი, ტყუილი დაპირებებით აღსავსე.
გორბაჩოვმა, დასავლელი ლიდერებით მოხიბლულმა, სოციალისტური ქვეყნებიც მიატოვა, ბერლინის კედელიც დაანგრია, საბჭოთა ჯარებიც გამოიყვანა ევროპიდან და ავღანეთიდან; საბჭოთა მმართველობითი სისტემაც გაანადგურა, უპირველეს ყოვლისა კომპარტია, რომლის გენერალური მდივანიც თვით იყო.
გენერალური მდივნობა პრეზიდენტობით შეცვალა. აი, სწორედ ამ ტიტულით — სსრკ-ს პრეზიდენტი, 1991 წლის დეკემბერს, ბელოვეჟის ხელშეკრულების შემდეგ ისტორიას ჩაბარდა.
გორბაჩოვს, დასავლეთის მიერ მოტყუებულს, იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ი მხარს დაუჭერდა მის პრეზიდენტობას, მაგრამ რომელი ქვეყნის?
ბელოვეჟმა დაშალა საბჭოთა კავშირი, რუსეთის პრეზიდენტის და მისი უკრაინელ-ბელორუსი კოლეგების ხელით. გორბაჩოვი რუსეთის პრეზიდენტობას ვერ ეღირსებოდა, ვინაიდან ეს თანამდებობა ელცინს ეკავა.
ასე და ამრიგად დაშლილ საბჭოთა კავშირს მოჰყვა საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა; ევროპის სოციალისტური ქვეყნების დასავლეთთან ჩახუტება, მათი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება და ყოფილი ბოსის, ანუ საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ აღქმა.
საქართველო, ისე, როგორც დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკები, დამოუკიდებლობას გორბაჩოვს უნდა უმადლოდეს. სიტყვა „ღირსშესანიშნავი“, სტატიის დასაწყისში რომ გამოვიყენე, საქართველოს, ისე, როგორც დანარჩენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მიესადაგება.
საქართველომ, ყველა ყოფილ საბჭოელებთან ერთად უბრძოლველად, სისხლის ღვრის გარეშე მიიღო ლანგარზე დადებული დამოუკიდებლობა, რამაც მაშინდელი პოლიტელიტა, საზოგადოება დაარწმუნა საწინააღმდეგოში, ანუ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობაში.
არგუმენტად უმალ მოიყვანენ 9 აპრილის მოვლენებს. არადა, 9 აპრილი, ცხადია არა ასეთი ფინალით და რაც მთავარია 1990 წლის მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნებით, კრემლში დადგმული სპექტაკლი იყო, ამასთანავე მაღალჩინოსანი სამხედროების წინააღმდეგ აგორებული აქცია, რომელიც გორბაჩოვმა მოიგო.
გამარჯვებულმა, 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაითხოვა სამსახურიდან — სამხედროები, რომლებიც არ იზიარებდნენ არც „პერესტროიკას“, არც „გლასნოსტს“ და არც საბჭოთა კავშირის დაშლის იდეას.
გორბაჩოვი, ისე, როგორც მისი თანამებრძოლები დასავლეთზე იყვნენ მომართულნი. მათ უნდოდათ, რომ აშშ-ს, მათი აზრით „ცივილიზებულ“ ევროპას ეღიარებინათ გორბაჩოვისეული დემოკრატია. აღიარეს?
გორბაჩოვი ნობელის პრემიითაც დააჯილდოეს — მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის, სინამდვილეში საბჭოთა კავშირის დაშლისთვის.
იკითხავთ — გორბაჩოვს უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა?
არც ერთ საღად მოაზროვნე ხელისუფალს არ სურს იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზის. ასე რომ, არც გორბაჩოვს სურდა, მაგრამ მისმა გამოუცდელობამ, დასავლეთისადმი თაყვანისცემამ, ქარაფშუტულმა გადაწყვეტილებებმა, მოჭარბებულმა ლიბერალიზმმა სწორედ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ჩიორებივით ისხდნენ გორბაჩოვი, იანუკოვიჩი, შევარდნაძე, სხვები. მოჭრილი ტოტიდან მიწაზე დახეთქება მტკივნეული გამოდგა მათთვის, მაგრამ გაცილებით მტკივნეული უზარმაზარი საბჭოთა კავშირისთვის.
პენსიაზე გასულმა გორბაჩოვმა, წერილით მიმართა აშშ-ს პრეზიდენტ ბუშს (უფროსს), სადაც გულწრფელად დაწერა, რომ მისი ცხოვრების ოცნება იყო სსრკ კომპარტიის დაშლა; მისთვის სახელმწიფო მართვის სადავეების წართმევა, რაც მან მოახერხა — სსრკ კონსტიტუციის მე-6 პუნქტის გაუქმებით.
ულიდეროდ, იდეოლოგიის გარეშე დარჩენილმა საბჭოთა კავშირმა ელვის სისწრაფით დაიწყო დაშლა. სხვაგვარად წარმოდგენა შეუძლებელი იყო. გორბაჩოვმა, წებო, რომელიც კრავდა საბჭოთა კავშირს, დაადნო და მასთან ერთად საბჭოთა კავშირიც. ასე რომ, ბელოვეჟის ხელშეკრულება ნოყიერ ანტისაბჭოურ ნიადაგზე აღმოცენდა, რომლის „განოყიერებას“ ხელი შეუწყო რუსეთის პრეზიდენტმა, ელცინმა — საბჭოთა კპ მტერმა, გაუწონასწორებელმა პოლიტიკოსმა, რომლის მმართველობას მოჰყვა დიდი ქაოსი რუსეთში და არა მარტო, არამედ დამოუკიდებელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში — ეკონომიკურ-ფინანსურად რუსეთთან მიბმულებში.
დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, რუსეთის ფედერაცია ეკონომიკურად, იდეოლოგიურად დასუსტებული, სუპერსახელმწიფოს სავარძლიდან სამფეხა ხის ჯორკოს დონემდე დაეშვა და აშშ-ს ნასუფრალის შემყურედ გადაიქცა. მას აღარავინ უწევდა ანგარიშს; მას აღარავინ თვლიდა მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ ფლობდა იმდენივე ბირთვულ იარაღს, რამდენსაც აშშ.
საბჭოთა კავშირის დაშლამ დიდი ცვლილება გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკაში. პარიტეტულ საფუძვლებზე არსებული დასავლეთი და აღმოსავლეთი წარსულს ჩაბარდა. ორმმართველობა, ერთმმართველობამ შეცვალა. ერთ მმართველმა აშშ-ა, უკონტროლოდ დარჩენილმა, ჩათვალა, რომ მსოფლიო კანონი, დემოკრატია, თავისუფლება ისაა. მას და მხოლოდ მას ხელეწიფება სხვა ქვეყნების ბედის გადაწყვეტა. ურჩებისთვის, მათრახის გადაჭერა — სამხედროს, ეკონომიკურის, ფინანსურის.
აშშ-ს და მისი თანამგზავრი ქვეყნების დამოკიდებულება დანარჩენ მსოფლიოზე გახდა ბატონ-ყმობის მსგავსი. ევროპული კოლონიალისტური პოლიტიკა ჩაანაცვლა აშშ-ს ნეოკოლონიალიზმმა. თუ ევროპული სახის კოლონიალიზმი, კოლონიზირებულ ქვეყნებში მივლენილი გენერალ-გუბერნატორების ხელით აგვარებდა საკუთარ საქმეს, ანუ ადგილობრივი სიმდიდრეების ჭამას, ამერიკულმა ნეოკოლონიალიზმმა, კოლონიზირებულებს მიანდო საკუთარი ქვეყნის მართვაც და ჭამაც, მაგრამ ეს კოლონიზირებულები, აშშ-ი გამოზრდილნი, უფრო მეტი ამერიკელები იყვნენ და არიან, ვიდრე ნამდვილი ამერიკელები, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ნეოკოლონიზატორების ნდობის მოსაპოვებლად კოლონიზირებულებს საკუთარი მოსახლეობის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ-ეკონომიკური ზეწოლის მექანიზმი ჰქონდათ და აქვთ დაოსტატებული.
ნეოკოლონიალიზმი სამხედრო ძალასაც იყენებს, ისე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის აბუნტების მეთოდს, ე.წ. ფერად რევოლუციას ჯიუტ ქვეყნებში. ნეოკოლონიალიზმის ინტერესი გამორჩეულია — რუსეთის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ახლო აღმოსავლეთის, მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართ. ლამის მთელი მსოფლიო არის მიჩნეული აშშ-ს ეროვნული ინტერესების სფეროდ.
„ინტერესებს“, 800 სამხედრო ბაზა იცავს და მასთან ერთად ამერიკული ავიამზიდები, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური ბირთვული რაკეტები, 18 სადაზვერვო სამსახური, რომელთა შორისაა ჩვენთვის კარგად ცნობილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, მთელ მსოფლიოში ფესვგადგმული საინფორმაციო-პროპაგანდისტული სამსახური. ყველა ესენი და სხვები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, იცავენ აშშ-ს ჰეგემონიზმს, ერთპოლუსიან მსოფლიოს — აშშ-ს მეთაურობით. ნეოკოლონიალიზმს, ვითომ ჰუმანურს კოლონიალიზმთან შედარებით, იცავენ ახალ იდეოლოგია — ლგბტ-ობას, ტოლერანტობას, დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, სინამდვილეში მოქმედებენ საწინააღმდეგოდ.
როდესაც დემოკრატიულ, სიტყვის თავისუფლების „თავდავიწყებულ“ მებრძოლ დასავლეთს სხვა ქვეყნის საინფორმაციო სამსახური, ცხადია ალტერნატიული, მტრად მიაჩნია და ხურავს, სიტყვის თავისუფლება მხოლოდ სიტყვის ფუჭი მასალაა და სხვა არაფერი.
ერთია, როდესაც სიტყვის თავისუფლების მიმდევარი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს სხვა ქვეყნის ინფორმაციას და არა პროპაგანდას; და მეორეა, როდესაც ის, სხვა ქვეყანას უკრძალავს მისი იდეოლოგიური მოწინააღმდეგის საინფორმაციო წყაროს მიღებას.
მაგალითი საქართველოა, სადაც აკრძალულია მეზობელი რუსეთის მთავარი სატელევიზიო არხების გადაცემები. აშშ-ა აგვიკრძალა რუსული ინფორმაციის მიღება, ისე, როგორც რუსეთთან კავშირები. უფრო მეტიც, ყოველდღიურად ჩაგვჩიჩინებს რუსეთის აგრესიის თაობაზე უკრაინაში, რუსეთის არაადამიანურ ქმედებაზე „საცოდავი“ უკრაინის ფრონტზე.
აშშ-ს მეცადინეობით, საქართველოს მოსახლეობამ შეიძულა რუსეთი, შეიყვარა უკრაინა — ნეოფაშისტური სახელმწიფო, ბანდერას იდეოლოგიის მიმდევარი.
უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრა — ბელოვეჟის შედეგია.
ახლო აღმოსავლეთის სისხლისღვრაც — ბელოვეჟის შედეგია.
ევროკავშირის ეკონომიკური დაღმასვლაც — ბელოვეჟის შედეგია.
დაძაბულობა მთელს მსოფლიოში — ბელოვეჟის შედეგია.
თვით აშშ-ი შექმნილი არცთუ სასიამოვნო პოლიტიკური დაპირისპირება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბელოვეჟის გამოძახილია.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დაძაბულობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოკიდებულება რესპუბლიკა ტაივანისადმი ბელოვეჟის შედეგია, უფრო მეტიც ბირთვული ომის ალბათობაზე გაუთავებელი ლაპარაკი — ბელოვეჟის შედეგია.
სირიაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება, განხორციელებული აშშ-ს, თურქეთის და ისრაელის წაქეზებით და ტერორისტული ორგანიზაციების ხელით, ბელოვეჟის შედეგია.
ტერორიზმის გავრცელებაც ბელოვეჟის შედეგია.
საბჭოთა კავშირის დროს ვინ გაუბედავდა მოკავშირე სირიას ტერორისტულ გადატრიალებას?
საბჭოთა კავშირის დაშლამ დაარღვია მსოფლიო ბალანსი. მწვავედ დააპირისპირა დასავლეთი რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან.
ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმომწერნი, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური აზროვნების მონა-მორჩილნი, არათუ შორეულ პოლიტიკურ ვითარებას, უახლოესსაც ვერ გათვლიდნენ. ვერ გათვლიდნენ აშშ-ს სიხარბით გამოწვეულ სამხედრო ავანტიურიზმს — 20-წლიან ომს ავღანეთში; იუგოსლავიის დაბომბვას და ამ ქვეყნის პატარ-პატარა სახელმწიფოებად დაქუცმაცებას. ვერ გათვლიდნენ ერაყის, ლიბიის ომებს და ამ ქვეყნების მეთაურების სასტიკ დასჯას. ვერ გათვლიდნენ „ფერად რევოლუციებს“ ახლო აღმოსავლეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ვერ გათვლიდნენ უკრაინელთა ამხედრებას რუსეთის წინააღმდეგ. ვერ იფიქრებდნენ, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებოდნენ. არადა, თუ პოლიტიკოსი ხარ, უნდა იწინასწარმეტყველო.
წინასწარმეტყველება სერიოზული გათვლის საფუძველია, თუმცა, როდესაც საკუთარი ამბიციებიდან და არა მაღალი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ანგრევ ქვეყანას, თვით ეს ქვეყანა ფეხებზე გკიდია, მას საკუთარ ინტერესებზე დაბლა აყენებ, ვერ იწინასწარმეტყველებ.
გორბაჩოვი, იაკოვლევი, შევარდნაძე, ელცინი იყვნენ დაბალი პოლიტიკური განათლების მატარებლები, პროვინციალები, დახარბებულები იქაური ცხოვრებით, იქაური ყოფით, მომხმარებლური ფსიქოლოგიის მქონენი. მათთვის სამშობლო კუჭიდან იწყებოდა და კუჭშივე თავდებოდა. ასეთთაგან არათუ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლა იყო არაფრის მთქმელი, არამედ უნიკალური საბჭოთა კავშირის — სოციალიზმსა და ხალხთა თანაფარდობაზე დაფუძნებულის.
პრიმიტიულად მოაზროვნეთათვის, და ისინი ასეთები იყვნენ, საბჭოთა კავშირს არაფრად მიიჩნევდნენ. არადა საბჭოთა კავშირმა, მისმა იდეოლოგიამ, მისმა დამოკიდებულებამ მსოფლიოსადმი კარდინალურად შეცვალა ცხოვრება დედამიწაზე. აიძულა კაპიტალიზმი გამხდარიყო ნაკლებად ექსპლუატატორული ექსპლუატირებულთა მიმართ.
მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საბჭოთა კავშირის იდეოლოგია, პოლიტიკური სისტემა მოითხოვდა ტრანსფორმაციას და არა ნგრევას. მაგალითი ამისა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა — კომუნისტური, ეკონომიკაში, კაპიტალისტური ელემენტებით. შედეგი?
წარმოუდგენელი. ეკონომიკური განვითარების ტემპით ეს ქვეყანა უსწრებს ყველას, მათ შორის აშშ-ს.
ის, რომ საბჭოთა კავშირს ბევრი მისტირის არა მარტო რუსეთში, არამედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მიუხედავად დასავლელთა მიერ ფართოდ გაშლილი ანტისაბჭოური პროპაგანდისა, გასაკვირი არ არის. საზოგადოების წევრთა თანაფარდობაზე აწყობილი საბჭოური თაობის ადამიანები ვერ ეგუებიან თითო-ოროლათა მიერ სახელმწიფო ქონების დაპატრონებას, ზეადამიანური ცხოვრების წესს, მათი მხრიდან დამცინავად ზემოდან ყურებას, ფულით ყველა საკითხის მოგვარებას, თუნდაც ნებისმიერი დონის არჩევნების მოგებას. ამ „სიკეთეებს“ საქართველო კარგად იცნობს, მაგრამ არ იცნობს ამ „სიკეთეებით“ მოტანილ სამრეწველო განვითარებას, ისე, როგორც სოფლის მეურნეობის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, პატრიოტიზმის.
ის, რაც გვაქვს, სახელმწიფოა?
ხშირად ვხმარობთ სიტყვას „სუვერენიტეტს“, „დამოუკიდებლობას“ — ასეთია ჩვენი ქვეყანაო. კეთილი, მაგრამ მართლაც დამოუკიდებელი და სუვერენულია საქართველო?
მეეჭვება! დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას ვერვინ გაუბედავს თითის ქნევას. ჩვენ თითს გვიქნევენ არა მარტო აშშ-დან, არამედ ბალტიისპირა ქვეყნებიდანაც — თავიდან ფეხებამდე არასუვერენულიდან, სხვაზე ჩამოკიდებულებიდან. მათი და სხვა ევროკავშირელთა ძალისხმევით მიმდინარეობს საქართველოს ქაოტიზაციის პროცესი. ცოდაც და ერთმანეთთან სიტყვიერი დაპირისპირება, სისხლიანში გადაიზრდება, რაც არ იქნება ახალი — ძველის გამეორება იქნება, ე.წ. დამოუკიდებლობის მიერ მოტანილის.
საქართველო, ტერიტორიით და მოსახლეობით პატარა ქვეყანაა, ეკონომიკური განვითარებით — განუვითარებელი, სუსტი. შიდა დაპირისპირება მის არსებობას წერტილს დაუსვამს. ასეთს უმალ დაეძგერებიან სხვები, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს სირიაში.
შეძლებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი თავისა და ქვეყნის გადარჩენას, რომელსაც მტრად უდგას დასავლეთი?
ვერ შეძლებს! დასავლეთთან „ოცნების“ ხელისუფლებას არ მიესვლება. დასავლეთს სხვა ხელისუფლება უნდა — დამჯერი, მონა-მორჩილი, მისი ბრძანებების შემსრულებელი. ასეთად მას ოპოზიცია მიაჩნია.
ხელისუფლებას, რომელსაც დასავლეთთან აღარ მიესვლება, ერთადერთი გზა რჩება — ძველი, გამოცდილი, უკეთესი, ვიდრე დასავლური. ხელისუფლება ყოყმანობს, უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ნაცვლად სხვა გზის არჩევისა, ჯიუტად იმეორებს — ჩვენი გზა ევროპააო.
ცდებით, პატივცემულებო?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
18/12/2024