22.12.2024

ჰამილტონის ინტერვიუდან გამომდინარე

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორის, გადამდგარი პოლკოვნიკის რობერტ ჰამილტონის ინტერვიუ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან, რომელმაც თავისი უშუალობით და პირდაპირობით შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ნატოში გაწევრების სურვილით შეპყრობილ მკითხველზე.

ჰამილტონი პირველი არ არის, ვინც საქართველოს ნატოში გაწევრებაზე მსჯელობს. მასზე მაღალი თანამდებობის და სამხედრო ჩინის მატარებელ ამერიკელებს უსაუბრიათ ამ თემაზე, მაგრამ პირდაპირობით, მიკიბ-მოკიბვისა და რევერანსების გარეშე მხოლოდ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „გაგვახარა“ — „საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი, უახლოეს მომავალში და შემდგომ“.

მაშინ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და საზოგადოებამ — ნატოში შესვლის სურვილით დამუხტულმა, ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს ნატოს ლიდერის, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ნათქვამი არასასიამოვნო განცხადება და ვითომც არაფერიო — გააგრძელეს ნაცადი გზა ტყუილი დაპირებებისა, რომ საქართველოს დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად გააწევრებენ ნატოში; რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები წარმატებით ასრულებს ყველა იმ საშინაო დავალებას, რასაც ბრიუსელი გვაძლევს; რომ სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ავღანეთში ებრძვის ტერორიზმს, წარმატებით ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ა.შ.

სულ ახლახანს მიუნხენის 56-ე კონფერენციაში მონაწილე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაგვაიმედა ნატოში შესვლასთან დაკავშირებით შემდეგი სიტყვებით: „საკითხი გადაწყვეტილია მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო წევრი ქვეყნების მხრიდან“.

მაგრამ ჰამილტონის განცხადებიდან გამომდინარე არც ასეა საქმე: „თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრებად — შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერა შემცირდეს“.

ჰამილტონს არ უსაუბრია მთავარზე, ურომლისოდაც ნატოს კარი არ გაიღება ჩვენთვის, ვინაიდან ჩათვალა, რომ ნატოს წესდება ყველამ კარგად ვიცით. ჰამილტონის მიერ ჩამოთვლილ საკითხებს შეხსენებისთვის უნდა დაემატოს მთავარი — ქვეყანას, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა და მეზობლებთან არ აქვს საზღვრები დადგენილი, ნატოში ვერ გაწევრდება, ვინაიდან ნატოს 30 წევრიდან არც ერთი საკუთარ თავს პრობლემებს არ შეუქმნის საქართველოს მოუწესრიგებელი ტერიტორიული პრობლემების გამო.

ჰამილტონი თავს უფლებას არ მისცემდა ობამას მსგავსი ხისტი განცხადების გაკეთების, თუმცა მის მიერ ჩამოთვლილი იმ საკითხების შეუსრულებლობა, რასაც ვაშინგტონი მოითხოვს, არაფრით ჩამორჩება ობამას ნათქვამს. ჰამილტონი, როგორც ყოფილი დიპლომატი (ის საქართველოში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა), დელიკატურად შეგვახსენებს მთელ რიგ საკითხებს, რომლებშიც ვაშინგტონი შეფერხებებს ხედავს. მაგალითად ავიღოთ „კარგი მმართველობა“ უფრო ზუსტად კარგი მმართველობის არქონა. ის, რომ საქართველო მოიკოჭლებს ამ მხრივ ახალი რამაა ჩვენთვის? და არა მარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოში აკრედიტებული აშშ-ს საელჩოსთვის, აქ მომუშავე სხვა ამერიკული ორგანიზაციებისთვის?

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმზე თითქმის ყოველდღე იწერება და ითქმება საქართველოს ბეჭდვით თუ ელექტრონულ მედიაში. დავუმატოთ ამას ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აშშ-ს საელჩოს სისტემატური ინფორმირება (დასმენა) ამ და სხვა საკითხებზე, და მივიღებ იმას, რასაც ამ თემებზე ჰამილტონის ყურადღების შეჩერება ჰქვია.

საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ხელისუფლებას რატომღაც მიაჩნია, რომ ქართულ ჯარში რეფორმების ჩატარება, ჯარის ნატოს სტანდარტებამდე აყვანა, ავღანეთში ყოფნა, ნატოს სამხედრო მანევრების ჩატარება და სხვა საკმარისია ნატოში გასაწევრებლად. არამც და არამც, ეს ყველაფერი აუცილებელია და მასთან ერთად დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დაცვა, გამართული საარჩევნო სისტემა, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და სხვა მრავალი.

„პოსტსაბჭოთა სივრცეში არჩევნების გზით მოდიან მთავრობები და დროთა განმავლობაში სახელმწიფო რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ისინი ასევე უფრო და უფრო მიუღებელი ხდებიან ლეგიტიმური ოპოზიციის მიმართ. ამის მაგალითები ვნახეთ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც.“ — აცხადებს ჰამილტონი.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკას, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ვერ ვიტყვით, რომ საქართველო ნატოს თუნდაც „ჩამორჩენილ“ ქვეყანას უტოლდებოდეს. თვალი გადავავლოთ ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით ანდა მინიმალური, ხელფასების თვალსაზრისით შემდეგ მონაცემებს. ა.წ. იანვარში ყველაზე მინიმალური ხელფასი ევროკავშირში და ნატოში ბულგარეთში დაფიქსირდა — 312 ევრო. ლატვიაში იყო 430 ევრო, რუმინეთში — 466, უნგრეთში — 487, ესტონეთში – 584, ლიტვაში — 607, პოლონეთში — 611, პორტუგალიაში — 741, საბერძნეთში — 758, მალტაზე — 777, სლოვენიაში — 941, ესპანეთში — 1050, საფრანგეთში — 1539, გერმანიაში — 1584, ნიდერლანდებში — 1636, ირლანდიაში — 1636, ბელგიაში  1594, ლუქსემბურგში — 2142. ცნობისთვის, აშშ-ი — 1119.

ნატოსთვის, ისე, როგორც ევროკავშირისთვის ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსურ-სოციალური მდგომარეობა რომ მნიშვნელოვანი რამ არის, ფაქტია. სამწუხაროდ საქართველო ამ თვალსაზრისით რომ ჩამორჩება და თანაც საგრძნობლად ამ ორგანიზაციების წევრებს, ესეც ფაქტია. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს ჰამილტონი.

დავუშვათ, ბრიუსელმა და ვაშინგტონმა თვალი დახუჭეს აღნიშნულზე და საქართველო გააწევრეს ნატოში, გადაიხდის ქვეყანა ბიუჯეტის 2% — ნატოს წევრობაში? იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ სხვა წევრი სახელმწიფოები, მაგალითად აშშ-ი, გადაგვიხდის ნატოს საწევროს?

რაღაც არ მახსოვს მსგავსი ხელგაშლილობა ვაშინგტონის მხრიდან, როდესაც საქართველომ, საწევროს გადაუხდელობის გამო ხმის უფლება დაკარგა გაეროში.

საქართველოს პოლიტიკა ზედაპირულად ეკიდება ნატოს იმ მოთხოვნებს, რომელიც ეკონომიკასთან, ქვეყნის სწორ მართვასთან, საფინანსო პოლიტიკასთან, დემოკრატიის დახვეწასთან, არჩევნების გამართულ ჩატარებასთან არის დაკავშირებული. ის თვლის, რომ ჯარის მიერ ნატოს სტანდარტების დაცვაა მთავარი. არადა, ყველა ზემოჩამოთვლილი და ჯარი, ერთად აღებული, არის ნატოში გაწევრების უმთავრესი პირობა. ვიდრე ყოველივე აღნიშნული არ იქნება ჰარმონიზირებული, მანამდე გვეტყვიან მადლობას ავღანეთის მისიისთვის — მხარზე ხელის მოთათუნებით და მეტი არაფერი.

საქართველო ჯერ-ჯერობით არ დგას ისეთ დონეზე, როგორიც ფინეთია, რომელსაც ნატო ყელგამოწვდილი ეხვეწება ნატოში შესვლას, ის კი უარს აცხადებს — რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე. ფინეთი ეკონომიკურად, სოციალურად, ფინანსურად ისეთი წარმატებული სახელმწიფოა, ევროკავშირის და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას, თანაც ერთად აღებულს, რომ ჯიბეში ჩაისვამს.

საქართველოსთვის უმთავრესი ნატოში და ევროკავშირში გაწევრებაზე ლაპარაკი და ძალისხმევა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ისეთი პროდუქციის წარმოება, მსოფლიო ბაზარზე რომ კონკურენციას გაუძლებდა. ასეთს აღარ დაჭირდებოდა ხვეწნა ნატოში მიმიღეთო, პირიქით, როგორც ფინეთს, ისე დაგვიწყებდნენ ხვეწნას, შემოდითო.

ჰამილტონის ინტერვიუში ბევრი სხვაც არის საყურადღებო, მაგალითად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩავუშოღლუს განცხადება — ნატომ საქართველო თავის რიგებში უნდა მიიწვიოსო. მინისტრის განცხადება იმდენად საქართველოს ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ იყო ნათქვამი, რამდენადაც საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რომ თურქეთი, მოარული ხმების მიუხედავად, ნატოს დატოვებას არ აპირებს, რჩება ამ ორგანიზაციაში და უფრო მეტიც, მიესალმება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას — საქართველოს ნატოში შეყვანით.

თურქეთი, ნატოს ჯიუტი წევრია — ისეთი, რომელიც ნატოს სტანდარტების შეუფერებელ C-400 ანტისარაკეტო რუსულ იარაღს ყიდულობს, რითაც ნერვებს უშლის არა მარტო ბრიუსელს, არამედ ვაშინგტონსაც. გარდა ამისა, თურქეთის, როგორც ნატოს წევრის, საქართველოს ჯარზე გავლენა გაათმაგდება, თუკი საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ყურში მომხვდა ჰამილტონის შემდეგი ნათქვამიც: „პატარა ქვეყნებმა, რომლებსაც დიდი მეზობლები ჰყავს, ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება ვინმემ სავაჭრო თემად გამოიყენოს“. ჟურნალისტ ია შეურმიშვილის შეკითხვაზე — რამდენად დაცვადია საქართველო სამხედრო თვალსაზრისით და დახმარების აღმოჩენის სურვილის შემთხვევაში, რამდენად სწრაფად შეუძლია ალიანსს საქართველოს სამხედრო დახმარება — ჰამილტონის პასუხი არცთუ დამაიმედებელია: „ნატოს არც ერთი მოკავშირე, გარდა აშშ-სა, რუსეთისგან სრულიად დაცული არ არის. მნიშვნელოვანია იმის გამეორება, რომ ნატოს არც ერთ წევრს არ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ თავი დამოუკიდებლად დაიცვას. თუ საქართველო ნატოს წევრი გახდა, კონფლიქტის შემთხვევაში, ნატო მოულოდნელ იერიშს ვერ მოიგერიებს, მაგრამ ძალების მობილიზაციის შემდეგ გადავა კონტრშეტევაზე და რუსულ ჯარს უკან დაახევინებს“.

ჰამილტონის რჩევით, საქართველოსთვის აუცილებელია რუსული თავდასხმის წინააღმდეგ გამძლეობის შემუშავება, რაც არა მარტო სამხედრო გამძლეობაა, არამედ საინფორმაციო, ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი რესურსების მობილიზაციაც.

ინტერვიუ ისეა აწყობილი, რომ რუსეთთან ომის გარდა სხვა გზა არ მოიაზრება. არადა მხოლოდ ომზე, აგრესიაზე და მუდმივ სტრესულ სიტუაციაზე ფიქრი ქვეყანას წელში გაწყვეტს. მარტო სამხედრო საქმეში დახარჯული მილიონები რად ღირს?!

სამწუხაროდ, აშშ-ს პოლიტიკოსებსა და ექსპერტობაში ჭარბობენ ისინი, ვინც საქართველო-რუსეთს შორის მუდმივი დაძაბულობის მომხრეა, ცხადია შეფარულად, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც რახანია გვეუბნებიან, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დავიწყოთ, თუმცა მათ საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება იგნორირებდა და იზიარებდა ე.წ. „ქორების“ აზრს.

ჰამილტონის მიერ ნახსენები „გამძლეობა“ — ე.ი. რუსეთთან ომის შემთხვევაში საქართველოს ჯარმა უნდა გაუძლოს რუსეთის შემოტევას მანამ, ვიდრე ნატო გამოჩნდება, სიტყვის მასალაა და მეტი არაფერი. ვეჭვობ, რომ თბილისიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებული რუსული ჯარი კუს ნაბიჯით ივლის თბილისის ასაღებად ან რუსეთის სარაკეტო შეტევა საათებში გაიწელება.

საქართველოს პოლიტიკამ უნდა შეიგნოს, რომ ანტირუსული გამოხდომები, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე შეყენება არა მარტო წამგებიანია ხარჯების თვალსაზრისით, არამედ თრგუნავს ერს და მუდმივი შიშით დაავადებულს ხდის. ავადმყოფი მოსახლეობა კი აღმშენებლობით არ გამოირჩევა.

ჰამილტონმა ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტიც გაიხსენა, როდესაც აშშ-ი მხარს უჭერდა სამოქმედო გეგმის მიღებას, მაგრამ ვერ დაიყოლია ნატოს სხვა წევრები, რომლებიც რუსეთის გამო, სკეპტიკურად უყურებდნენ საქართველოს ნატოში შესვლას.

მას შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, საქართველოს ნაცური ხელისუფლების ნეგატიური მოქმედება, როგორც შინ, ისე გარეთ, ციხის კადრები და სხვა მრავალი, რამაც სერიუზულად შეუყენა წყალი საქართველოს ნატოში გაწევრების იდეას, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება — დღევანდელი ოპოზიცია, დაბეჯითებით ქადაგებს, რომ ივანიშვილმა და „ოცნებამ“ ლამის 180 გრადუსით შეაბრუნა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და რუსეთისკენ აიღო გეზი.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები მოსვენებას არ აძლევენ დასავლელ პალიტიკოსებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული „ანტიდასავლური, პრორუსული“ პოლიტიკის გამო. შედეგიც სახეზეა — ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფალთა მისამართით გამოგზავნილი ნეგატიური წერილები, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე, თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ შეცვლის დამოკიდებულებას არჩევნების და ოპოზიციის მიმართ.

ოპოზიციამ იმდენს მიაღწია, რომ სასწორზე შემოდო ვაშინგტონის მხარდაჭერა „არადემოკრატი“ საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ძალისხმევით ნატო სულ უფრო შორდება საქართველოს და თუ წინათ დასავლეთს უჭირდა საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან ინტენსიურ მიმართვაზე — რატომ არ აწევრებენ საქართველოს ნატოში, პასუხის გაცემა, დღეს კომფორტულად გრძნობს თავს და თითის ქნევით გვახსენებს იმ მოთხოვნების შეუსრულებლობას, რაზეც ჰამილტონი საუბრობს თავის ინტერვიუში.

ოპოზიციამ მოახერხა დღევანდელი ხელისუფლების ჩაშვება, მაგრამ ამასთანავე მან საქართველოც ჩაუშვა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი