22.12.2024

ავის მომასწავებელი დეკემბერი

ქვეყანაში ისევ „ფერადი რევოლუციის“ სურნელი ტრიალებს — მერამდენედ! თუმცა ვერც ერთ მათგანს რევოლუციას ვერ ვუწოდებთ — უფრო სახელმწიფო გადატრიალებაა.

პირველი, ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დამხობა იყო, ანუ გამსახურდიას, მისივე „მრგვალი მაგიდის“ განაწყენებული პარტიების მიერ, ვითომ ერთ მუშტად შესული უზენაეს საბჭოში და რამდენიმე თვეში შეკუმშული მუშტის ისე გაშლით, რომ გამსახურდიას უზენაეს საბჭოს არც ზარბაზნების ჭურვები კლებია, არც ნგრევა და არც ხანძარი.

„მრგვალი მაგიდის“ წევრმა, „კოსტავას საზოგადოებამ“ და მისმა აქტიურმა ლიდერმა ვაჟა ადამიამ, უაღრესად პატიოსანმა და რაც მთავარია პატრიოტმა ადამიანმა, რომელმაც ვერ აიტანა გამსახურდიას დიქტატურაში გადასული მმართველობა, ისე, როგორც მისი მეუღლის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თავნებობა, პირველმა გააკეთა საპროტესტო განცხადება, განუდგა გამსახურდიას და შეიარაღებული ბრძოლაც გამოუცხადა მას.

ადამია ცალკე უტევდა შენობას, ეროვნული გვარდიის მეთაური კიტოვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი სიგუა სხვა მხარიდან — რუსთაველის პროსპექტიდან. ორივენი „მრგვალი მაგიდის“ წევრები იყვნენ, რომლებმაც აქტიური მუშაობა გააჩაღეს კომუნისტური მმართველობის წინააღმდეგ, 9 აპრილის მოვლენების დროს.

ადამიამ, ისიც მოახერხა, ვერტმფრენით ასაფეთქებელი ამონალის კასრის ჩამოეგდო პარლამენტის შენობის თავზე და დაენგრია უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზის სახურავი. მაგრამ მიზანი დარბაზი იყო?

მიზანი — დარბაზის ქვემოთ არსებული გამსახურდიას კაბინეტი გახლდათ, თუმცა გამსახურდია იქ აღარ იყო. მან დროებით თავშესაფრად მიწისქვეშა სასადილო დარბაზი აირჩია, რომელსაც ბუნკერი შეარქვეს მოწინააღმდეგეებმა.

გამსახურდია, ოპოზიციასთან შეთანხმებით, 1992 წლის 6 იანვარს შენობიდან გავიდა მომხრეებთან ერთად და სომხეთისკენ გაემგზავრა, რომელმაც არ შეიფარა. ის იძულებული გახდა ჯოხარ დუდაევის ჩეჩნეთისკენ წასულიყო.

თბილისში მუშაობა დაიწყო სიგუა-იოსელიან-კიტოვანის დროებითმა ხელისუფლებამ. იყო ქაოსი, განუკითხაობა, ყოფილი „მრგვალი მაგიდის“ წევრი პარტიების დაპირისპირება ზვიადისტებთან — ძალისმიერი, ტყვისმიერი, სასტიკი. იყვნენ დახოცილები, როგორც პირდაპირი შეტაკების დროს — გამოყენებული სასროლი იარაღით, ისე შემთხვევით ნასროლი ტყვიით.

ერთ-ერთმა ასეთმა უზენაესი საბჭოს სასადილოში ცხვირწინ ჩამიქროლა და კედელს მოხვდა. გადავრჩი! მაშინ უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული სამდივნოს უფროსი გახლდით. ამ თანამდებობას დღეს ადმინისტრაციის უფროსი ჰქვია და ძალაუფლებით, როგორც მაშინ, ისე დღეს გაცილებით მაღლა დგას, მინისტრის თანამდებობაზე.

ანალოგიური ძალაუფლება აქვს ამ თანამდებობას უცხოეთში, მაგალითად აშშ-ს. არჩეულმა პრეზიდენტმა, ტრამპმა პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ გამოაცხადა თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაციის უფროსი — ამჯერად ქალბატონი. რაღა შორს წავიდეთ, ავიღოთ უკრაინა, სადაც ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობს ერმაკი, რომელიც ყოველთვის ზელენსკის გვერდით არის, როგორც შინ, ისე უცხოეთში მოგზაურობების. ზელენსკის დავალებით, მას სისტემატურად უწევს უცხოეთში, განსაკუთრებით აშშ-ი გამგზავრება — იქაურ მაღალ სახელმწიფო მოხელეებთან საიდუმლო მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ეს მაგალითები იმიტომ მოგიყვანეთ, რომ რეალური წარმოდგენა შეგქმნოდათ თანამდებობაზე, რომელიც მე მეკავა, თანამდებობაზე და არა პიროვნებაზე. მაშინდელმა ოპოზიციამ კარგად იცოდა, რომ ვასრულებდი საქმეს და არ ვერეოდი მათ პოლიტიკურ საქმიანობაში. სწორედ ამან განაპირობა მმართველი „ტრიუმვირატის“ ჩემს მიმართ პოზიტიური განწყობა.

აღარ იყო პრეზიდენტი, აღარ იყო უზენაესი საბჭო, იყო მხოლოდ არალეგიტიმური მინისტრთა საბჭო და თავმჯდომარე სიგუა, რომლის  ბრძანებულებით დავინიშნე პრეზიდენტის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ, მოგვიანებით, უზენაესი საბჭოს.

უზენაესი საბჭოს შენობა — დარბეული, დამწვარი, ფასადზე კოლონებჩამოშლილი, უფანჯრო, უკარო საზარელი სანახაობა იყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — უსახურავო.

იდგა საკმაოდ ცივი, ნალექიანი იანვარ-თებერვალი  და მასთან ერთად ძლიერი ცრუპატრიოტული მოწოდება უზენაესი საბჭოს შენობის დანგრევის, ვინაიდან ის იყო ეკლესიის ადგილას აშენებული და რაც მთავარია „სატანა“ გამსახურდიას საბრძანებელი.

შენობის დანგრევის მოთხოვნით გამოდიოდა ოპოზიციონერი გენერალი ყარყარაშვილი, სხვები. მოსაზრებას, ერთობ ბარბაროსულს, იზიარებდნენ იმჟამინდელი საზოგადოების წარმომადგენლების საგრძნობი ნაწილი. მათი მოსაზრება იბეჭდებოდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

დანგრეულ უზენაეს საბჭოში შეყუჟულ აპარატის მუშაკებს, სიგუას გადაწყვეტილებით, 6-მდე შემცირებულს, ჩემის ხელმძღვანელობით ყინვაში, უპურობაში, უფანჯრო, უკარო, მოროდიორობისგან დაუცველ უზარმაზარ შენობაში არა მარტო შენობის ფიზიკური განადგურების წინააღმდეგ გვიწევდა მუშაობა, არამედ დაუპატიჟებელ „პატრიოტ“ ქართველებთან, რომლებიც ცდილობდნენ შენობაში არსებული ავეჯის, ნივთების გატანას, იატაკზე დაცემენტებული გრანიტის ფილების ამოგლეჯას, ცხადია წაღების მიზნით.

აუტანელმა ვითარებამ მაიძულა სიგუასთან მისვლა და ხვეწნა-მუდარა შენობის გადასარჩენად. ჩემი თხოვნით, 3 დღის შემდეგ სიგუამ მოიწვია მინისტრთა საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისის დანგრეული ცენტრის აღდგენითი სამუშაოების დაწყების გეგმა, ამასთანავე უზენაეს საბჭოს შენობის არსებობის საკითხიც.

მე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ სხდომაზე დაისმებოდა საკითხი შენობის არა დანგრევის, არამედ ბიზნეს-ცენტრად გადაკეთების. მითხრეს ისიც, რომ აღნიშნულის მიმართ სხდომისთვის გამეცნო ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მოსაზრება. თანამოაზრე „ქალაქპროექტის“ ხელმძღვანელის გოგი ანდრონიკაშვილის და არქიტექტორ ვახტანგ ცუხიშვილის გარდა, არვინ აღმოჩნდა.

ვთხოვე ნოდარ ჯანბერიძეს, ხელოვნებათმცოდნეს, რომელსაც საკანდიდატო დისერტაცია ჰქონდა დაცული მთავრობის სახლზე. უარი მითხრა „ჭეშმარიტმა მამულიშვილმა“ იმ შენობის დაცვაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალში მე-13 ადგილს იკავებდა.

მთავრობის სახლის, შემდეგ უზენაესი საბჭოს და ბოლოს პარლამენტის სახელის მატარებელი შენობა დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ აშენდა — მოსკოვში მცხოვრებ ქართველი არქიტექტორის ლეჟავას ხელმძღვანელობით. მასთან ეერთად მუშაობდნენ რუსი და ქართელი არქიტექტორები, ინჟინერ-ტექნიკოსები და გერმანელი ტყვეები.

შენობა არის უნიკალური არა მარტო ფასადით, ექსტერიერით, არამედ ინტერიერით, ქართული ჩუქურთმებით, ფართო ფოიეებით; მე-4 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზით, რომელსაც მინის სახურავი აქვს.

შენობის უკანა ნაწილი დიდ სამამულო ომამდე აშენდა და იქ იყო განთავსებული უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი — უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის მოქმედი ორგანო — მუდმივმოქმედი აპარატით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში არსებობდა უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, განათლების, მეცნიერების, სხვა დარგების განვითარების საკანონმდებლო აქტებზე მუშაობდნენ და დასამტკიცებლად შეჰქონდათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე. ასე რომ, დეპუტატები არა მარტო სესიის დღეებში მუშაობდენ, არამედ სისტემატურად, ყოველ თვიურად.

შენობის ფასადური ნაწილი, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე გადის, უზენაესი საბჭოს 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შემდეგაც დაკავებული იყო ფასადიდან მარჯვენა მხარეს  — უზენაესი საბჭოს, ხოლო მარცხენა — საქართველოს მინისტრთა საბჭოს მიერ.

უზენაესი საბჭოს მუშაობა ყოველდღიურობით შეიცვალა, თუმცა სამუშაო პირობები ნაკლებ შესაძლებლობას იძლეოდა. ჩემს მიერ დადგა საკითხი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, გამსახურდიას წინაშე, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სიგუასთვის მოეთხოვა შენობის იმ ნაწილის გათავისუფლება, რომელიც მინისტრთა საბჭოს ეკავა და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის შენობაში გადასვლა.

შეთანხმება შედგა გამსახურდიას კაბინეტში, ჩემი მონაწილეობით. სიგუა დაგვეთანხმა და მინისტრთა საბჭო გადავიდა პარტიის შენობაში, რომელშიც ის აღარ ფუნქციონირებდა. შენობის უკანა ნაწილიდან სამინისტროების გაყვანა გამსახურდიამ სიგუას დაავალა. სამინისტროები ოპერატიულად გაიყვანეს შენობიდან და მთლიანად ეს შენობა გახდა უზენაესი საბჭო.

სასწრაფოდ დავიწყეთ შნობის რემონტი და ფაქტიურად დავამთავრეთ 1991 წლის სექტემბრისთვის. თუმცა, მაშინ უკვე დაწყებული იყო განხეთქილება „მრგვალ მაგიდაში“ და გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს დასაცავად გულშემატკივარი სამხედრო ფორმირება შემოიყვანა შენობაში, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ახალგარემონტებული შენობის ინტერიერს, ხოლო თბილისის ომმა, რომლის ეპიცენტრიც უზენაესი საბჭო და მისი შენობა იყო, გადაწვა და დაანგრია.

აი, სწორედ ამ ნახევრად დამწვარ-განადგურებული შენობის მომავალზე გაიმართა სიგუას მთავრობის სხდომა. ქალაქის დროებითმა მერმა, ოთარ ლითანიშვილმა განაცხადა, რომ შენობას აღარ დაანგრევდნენ, მაგრამ პროფილს აუცილებლად შეუცვლიდნენ და ნაცვლად უზენაესი საბჭოსი, იქ იქნებოდა ბიზნეს-ცენტრი, მაღაზიებით.

ლითანიშვილი ამტკიცებდა, რომ რუსთაველის პროსპექტზე არც ერთი სამთავრობო შენობა, მითუმეტეს უზენაესი საბჭო არ უნდა ყოფილიყო, რათა მომავალში ადგილი არ ჰქონოდა ისეთს, რასაც ომის დროს ჰქონდა ადგილი. მისი განმარტებით, რუსთაველის პროსპექტი სალაღობო უნდა გამხდარიყო.

ჩემს შეკითხვას — აპირებდა თუ არა „ტრიუმვირატი“ ახალი არჩევნების დანიშვნას, სიგუამ მიპასუხა, რომ გადაწყვეტილი აქვთ მაისში. თუმცა, ეს თარიღი, შევარდნაძის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა და საშემოდგომოდ გადაიწია.

ჩემს მეორე შეკითხვას — არჩევნების შემდეგ სად იმუშავებდა უზენაესი საბჭო, ლითანიშვილმა მიპასუხა — „იმელის“ შენობაში, დროებით, ვიდრე თბილისის ზღვაზე არ აშენდება უზენაესი საბჭოს შენობა.

ჩემი კატეგორიული თხოვნა იყო შემდეგი — შენობის ბედის გადაწყვეტა მიგვენდო ახალარჩეული დეპუტატებისთვის, ხოლო მანამდე დანგრეული უზენაესი საბჭოს შენობის აღდგენითი სამუშაოები დაგვეწყო. ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს გოგი ანდრონიკაშვილმა, ვახტანგ ცუხიშვილმა, რომელიც იმავე სხდომაზე დაინიშნა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მთავარ არქიტექტორად. სიგუამ დაავალა ერთ-ერთ სამშენებლო სამმართველოს აღდგენითი სამუშაოების დაწყება, ხოლო მე მშენებლობის კოორდინაცია.

იმ დღიდან დაწყებული, ჩემს კაბინეტში დილის 8 საათზე ვიკრიბებოდით და დღის განმავლობაში გასაკეთებელ საქმეს ოპერატიულად ვწყვეტდით. უპირველესად გაიწმინდა შენობა სილის ტომრებისგან, დამტვრეული ავეჯისგან, მტვერისა და ჭუჭყისგან. მილიციას დაევალა შენობის დაცვა. უზენაესი საბჭოს შენობის გვერდზე დანგრეული ისტორიული პირველი სკოლის აშენება ითავა მოსკოვის მერმა, ლუჟკოვმა, ცხადია საქართველოს მინისტრთა საბჭოს თხოვნით.

დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ მაშინდელ სურათს, ჩემს თავს ვეკითხები, როგორ მოვახერხეთ თებერვლიდან, 1992 წლის ბოლომდე შენობის სრული აღდგენა, მაშინ როდესაც ლურსმნიდან დაწყებული, ყველა სამშენებლო მასალა დეფიციტი იყო.

აღდგა ფასადიც, გაწყვეტილ-გამონგრეული კოლონები, ამოივსო ნატყვიარები და ა.შ. ვიხსენებ ამას და ვუყურებ თითქმის იგივე სურათს — გამუდმებულ თავდასხმას შენობაზე, ფანჯრების მტვრევას, სამუშაო ოთახებში „მოლოტოვის კოქტელების“ შეყრას — ხანძრის გაჩენის, შენობის დაწვის მიზნით. არადა, ფანჯრების ჩამსხვრევა არცთუ იოლი საქმეა, ვინაიდან აღდგენითი სამუშაოების დროს 8-მილიმეტრიანი, სქელი მინები ჩავსვით პირველი სართულის ფანჯრებში, ხოლო დანარჩენში — 6 მილიმეტრიანი, დიდის გაჭირვებით შემოტანილი რუსეთიდან.

ვუყურებ დღევანდელ ვითარებას და ვფიქრობ, დაძაბულობა უდავოდ გადაიზრდება საყოველთავო დაუმორჩილებლობაში, მასობრივ გამოსვლებში, სისტემატურ დაპირისპირებაში, რასაც უდავოდ მოჰყვება პროტესტანტი ოპოზიციონერის მკვლელობა, ცხადია ისევ ოპოზიციონერთა მიერ და დაბრალდება ხელისუფლებას.

შედეგი?

თბილისის ამხედრება ხელისუფლების წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დაპყრობით, სამთავრობო შენობების დაკავებით. ხომ დაიკავეს საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობა? ხომ გადადგნენ მთელი რიგი სამინისტროების მუშაკები, მათ შორის საგარეო უწყების; ხომ გადადგნენ საქართველოს ელჩები საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულები; ხომ აკეთებენ ისინი ანტისამთავრობო, „ანტიოცნებურ“ განცხადებებს; ხომ დაიწყო არეულობა ფოთში, ბათუმში, სხვა ქალაქებში; ხომ გამოვიდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ქუჩებში; ხომ, ხომ …

და რა მოჰყვება ამას — ძველმა თაობამ თუ იცის, ახალმა არაფერი, არ უსწავლია, არ განუცდია, გუშინდელი მას არ აინტერესებს. მას ევროპა უნდა, მას აშინებენ რუსეთით და აშინებენ ვინ? — ჩვენი ე.წ. სტრატეგუილი პარტნიორები აშშ-დან, ევროკავშირიდან. მათთვის საქართველო ისეთივე საექსპერიმენტო პოლიგონია, როგორიც უკრაინა, მოლდოვა.

შევარდნაძიდან დაწყებული, სააკაშვილ-ივანიშვილით დამთავრებული დასავლეთს ვეტრფით. მათი დავალებით რუსეთს ვაგინებთ, გავწყვიტეთ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა და ყოველდღიურ ტალახს ვესვრით ქვეყანას, რომლის ეკონომიკაზე ვართ მიბმული — საქსტატის მონაცემებით 73%-ით.

 სულ ახლახანს მოვისმინე, ევროკავშირში 28 მილიონი დოლარის ღვონო გაგვიყიდია, რაც არაფერია რუსეთის ბაზარზე შეტანილი ღვინის ფასთან შედარებით. ქართული ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების მოცულობა რუსეთში 80%-ს აჭარბებს, ანუ 10-ჯერ მეტს, ვიდრე ერთად აღებულ სხვა ქვეყნებში განხორციელებულ ექსპორტთან შედარებით.

რუსეთიდან შემოტანილი ფქვილით ვჭამთ; რუსეთიდან შემოტანილი საქონლით ვცხოვრობთ; რუსული მოკრძალებული ინვესტიციით. იმ სიკეთეების ჩამოთვლას, რასაც რუსეთთან იატაკქვეშა ურთიერთობები გვაძლევს, ბევრი დრო და ფურცელი დასჭირდება. მაგრამ იცის ამის შესახებ ახალმა თაობამ, რომელიც იმეორებს მათი მშობლების მიერ ჩადენილ დანაშაულს?

არ იცის, არ აინტერესებს. მისი დამაინტერესებელი არ ჩანს, ვინც უნდა დააინტერესოს, ბინძური წარსულით შეშინებული ხმას არ იღებს, რითაც დათვურ სამსახურს უწევს თავისსავე შვილებს, ქვეყანას.

ქართველი რომ ზედაპირული მოვლენაა, განა უცხოა ჩვენთვის?

ზედაპირულობა, ფასადურობა, სიყოყოჩე სისხლში გვაქვს გამჯდარი ყველა საკითხში. ჩვენს მიერ საკუთარი ოჯახისა და სამშობლოს წინაშე ჩადენილ დანაშაულსაც ვამართლებთ და სხვისკენ ვიშვერთ ხელს — ის არის დამნაშავეო. მან დაგვაწყებინა ომიო, მან გვაიძულა დაგვეხოცა სამხრეთ ოსეთში ჩამდგარი რუსი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებდით, რუსი რომ არ გვითხრიდეს ძირსო. რუსეთის სპეცსამსახურები, საქართველოში უხვად მყოფნი, აქეზებენ ხელისუფლებას ამერიკა-ევროპის წინააღმდეგო, რაც მიუღებელია საქართველოსთვისო, ვინაიდან ქართველები ევროპელები ვართ და ვაპირებთ ჩვენს ოჯახში, ანუ ევროპაში დაბრუნებასო. ჩვენ არაფერი გვესაქმება რუსეთთან — წუმპესთან, ბოროტებასთან, ჭაობთან, საშინელებასთანო და ა.შ.

აი, ასეთ ანტირუსულ პროპაგანდას ასმენინებს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას, უფრო მეტიც ამერიკელთა ბრძანებით უთიშავს რუსეთის ტელეკომპანიების მთავარ არხებს, სადაც უხვადაა საინფორმაციო მასალა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებით; უცხოელი ჟურნალისტების, ანალიტიკოსების მიერ პოლიტიკური თოქ-შოუები, რომლებშიც რუს ანალიტიკოსებთან ერთად ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, არაბი, თურქი, მრავალი სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას წაართვა პოლიტიკური საკვები და მის ნაცვლად ფალსიფიცირებული უკრაინული ტელეკომპანიები შეთხარა და მასთან ერთად უამრავი ადგილობრივი ტელეკომპანია.

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, მითუმეტეს ასეთ პატარას, არ აქვს ტელე-რადიომაუწყებლობის უკიდეგანო ქსელი. მთელი ქვეყანა ლაქლაქად არის გადაქცეული — ანტისახელისუფლებო ლაქლაქად, დასავლეთის მოტრფიალედ, რუსეთის მაგინებლად. და არა მარტო რუსეთის, არამედ მეზობელი ქვეყნების.

ანტირუსული, ანტისახელისუფლებო ისმის ყველა ტელეკომპანიის ნებისმიერი გადაცემიდან, მათ შორის საზოგადოებრივი არხიდან. ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას მის საწინააღმდეგო გადაცემებს. ეს, არ არის დემოკრატია. რაც ამ არხებიდან ბოღმა და ლანძღვა-გინება მოედინება, კრიტიკა არ არის, ბოროტებით სავსე რევანშის მომასწავებელი ვითარებაა. აღნიშნულს ვითომც არაფერი, ისე შესცქერის მარეგულირებელი კომისია.

ხელისუფლებას ჯერაც ვერ გაუგია რა ძალა აქვს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გავლენას მოსახლეობაზე. ხელისუფლებას ვერ გაუგია, რომ რადიო „მაესტროს“ ჟურნალისტის ჭითანავას გადაცემები მიმართულია, როგორც რუსეთის, ისე, მისი მტკიცებით, აქაური რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჭითანავა ყოველ კვირას პატიჟებს უკრაინის ბანდერული ხელისუფლების ვადაგასული პრეზიდენტის მრჩეველს პოდოლიაკს, რომელიც ქართველებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მოგვიწოდებს.

ჭითანავას გადაცემაში ვის არ შეხვდებით — ჩეჩენი ტერორისტი ზაკაევიდან დაწყებული, საქართველოს ე.წ. ანალიტიკური ცენტრის, რონდელის ფონდის ანტიქართველებით დამთავრებული, რომლებიც მოსახლეობას აჯერებენ რა კარგია ევროპა და რა ცუდია რუსეთი.

„რადიო თავისუფლება“ ისეა გასული თავს, არავის და არაფერს არ ინდობს, გარდა ამერიკულისა. რაც რადიოები არსებობს, ყველა, როგორც ერთად შეკრული ორგანიზმი, ლანძღავს რუსეთს და მოითხოვს მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას.

ვინც საქართველოს რადიოარხის გადაცემებს უსმენს, დამერწმუნება, რომ ეთერში იშვიათად გაჟღერებული ქართულისა, გაუთავებელი ამერიკული მუსიკა ისმის; ისტორიები ამერიკელ ჰოლივუდელებზე, ბიზნესმენებზე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებზე. არც ერთი სიტყვა სხვა ქვეყნის ანალოგიურ პერსონაჟებზე. ჟურნალისტები, რადიო-ტელეწამყვანები გველაპარაკებიან ვითომ ქართულად, რომელსაც ვერ იგებ. რეკლამა, რომ გვეუბნება „ჩვენი ქლინერები სახლს კარგად დაგილაგებენო“, რას ნიშნავს?

„ქლინერი“ — დამლაგებელია, მაგრამ მეტიჩარა ჟურნალისტს სიტყვა „ქლინერი“ ხიბლავს — ინგლისურია და იმიტომ.

სატელევიზიო და რადიო ეთერში უცხოური, განსაკუთრებით ინგლისური სიტყვების გახშირებული ჟღარუნი შემთხვევითობაა, თუ მიზანმიმართული ბოროტება ერის გადაგვარებისთვის გამიზნული?

ხელისუფლება დუმს, ისე, როგორც თბილისის, სხვა ქალაქების მაღაზიებზე ქართული ასოებით დაწერილ რეკლამებზე, მაგალითად „პეტს ფუდი“ (ძაღლის საკვები) და ა.შ.

25 წელზე მეტია მიმდინარეობს ქართველთა გადაჯიშება ყველა სფეროში, ყველა დარგში. შედეგიც სახეზეა — ვითომ გაევროპელებული, ახალი თაობა დაჟინებით ითხოვს ევროკავშირში შესვლას, თითქოს ეს პროცესი ხელისუფლებაზე იყოს დამოკიდებული.

12 წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ოცნების“ დამფუძნებელმა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენაა; საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვინაიდან კაცობრიობას ამ კავშირზე უკეთესი არაფერი შეუქმნია. დღეს, რა გვაქვს, ბატონო ბიძინა?

ევროკავშირისადმი სიძულვილი, ვინაიდან მან დაგაძალათ გაგეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც არც თქვენს ოჯახს და არც ქვეყანას, სადაც ცხოვრობთ არ წაადგება — ლგბტ-ობა, არასამთავრობო ჯირითი, რუსეთთან ომის დაწყება და სხვა მრავალი.

ულტიმატიური იყო და არის ევროკავშირის მომართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი. და არის იმიტომ, რომ 12 წლის წინ თქვენმა გასაპნულმა ენა-გონებამ დაარწმუნა ბრიუსელ-ვაშინგტონი საქართველოს უპრინციპო მონობაში. ბრიუსელმა, ცხადია ვაშინგტონის ბრძანებით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაგაწერინათ, საკონსტიტუციო ნორმებისთვის მიუღებელი — საქართველოს მიზანი ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრებაა. აი, ამ ჩანაწერს გვიტრიალებენ ცხვირწინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მილერი, გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, სხვები — საკუთარ კონსტიტუციას გადაუხვიეთო.

ასე იცის უთავობამ, პოლიტიკურმა სიბეცემ, პოლიტიკური გუნდის გაუნათლებლობამ, თავხედონამ, უაზრო თავდაჯერებამ. მოსახლეობას ჭკუის სასწავლად ქალაქის მერს, კალაძეს რომ დაუყენებ, რომლის დანახვაც ძმარავს ხალხს, რევოლუციას არ უნდა ელოდეთ?

როდესაც პარლამენტარებს, აღმასრულებელი ორგანოების მუშაკებს, სხვებს ხელფასებს 8000 უზრდით, ხოლო პენსიონერს 20/35 ლარით, რაზე მეტყველებს?

როდესაც საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი ხელფასს 20 ათას ლარამდე იზრდის, რას ნიშნავს?

ენით აუწერელ ინფლაციას, მომავალი წლის პირველი იანვრიდან დაწყებულს.

„ოცნებამ“ არ იცის, სად ცხოვრობს, არ იცის რეგიონის ისტორია, არ იცის, რომ მას ჰყავს მეზობლები თურქეთის, ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის სახით, რომლებსაც გულზე არც ევროკავშირი ეხატებათ და არც აშშ-ი. ევროპაში შესული საქართველო ხომ მურმანის ეკალივით იქნება ამოწვერილი ამიერკავკასიაში, რომლის წამტრევასაც მუდამ შეეცდებიან მეზობლები.

ქვეყანა მორიგი გადატრიალების წინაშეა. რაღაც არ ჩანს ხელისუფლების ომახიანი შემართება პროტესტანტთა დასაოკებლად, პირიქით. ყურში ჩამესმის ბერტოლტ ბრეხტის სიტყვები „კავკასიური ცარცის წრიდან“, აზდაკის ნასროლი, მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის განსახიერებული — „ომი დასრულდა, გეშინოდეთ ომის!“

იკითხავთ — რა ომს ვგულისხმობ?

გიპასუხებთ — ევროკავშირ-ნატო, რომ დაგაწყებინებთ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. პროტესტი, რომელიც ჯერ-ჯერობით ძირითადად რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს, დასავლეთის მიერ საქართველოში შემოგზავნილი აშშ-ს აგენტის, ე.წ. პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით, უდავოდ გადაიზრდება დაუმორჩილებაში; პოლიცია — დემონსტრანტების სისხლიან დაპირისპირებაში; ხელისუფლების დამხობაში და  საქართველოში დასავლეთის მთელი სიგრძე-სიგანით გაპარპაშებაში.

ხელისუფლება დღესაც ვერ ხვდება, რომ თბილისის პროტესტი მარტო მისი საწინააღმდეგო პროტესტი არ არის. თბილისის პროტესტი დასავლეთის მიერ ორგანიზებული პროტესტია რუსეთის წინააღმდეგ. ეს, რომ ასეა, განა ანტირუსული ლოზუნგები არ მეტყველებენ?

დასავლეთი ანტირუსულ შეტევაზეა გადასული საქართველოში, სირიაში, აფხაზეთში. საქართველო ერთ-ერთი ცხელი წერტილია — ანტირუსული! მიზანი?

რუსეთის დამარცხება. უკრაინაში რუსეთის ჯარის წინსვლისთვის წერტილის დასმა, კავკასიიდან რუსეთის განდევნა, ისე, როგორც სირიიდან; კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მუდმივი ქაოსის, არსებულზე მეტის გამოწვევა. მღვრიე წყალში ხელის ფათურით აშშ-ს ჰეგემონიზმის განმტკიცება.

აშშ-ი და მასზე მიბმული ევროპა ვერ აიტანს მრავალპოლუსიან მსოფლიოს, ვერ აიტანს მრავალპოლუსიანობის მომხრე რუსეთს, ჩინეთს, ირანს, სხვებს და რახან ვერ აიტანს, იომებს მათ წინააღმდეგ. ფრონტის ხაზი აქაც გაივლის, თუ ხელისუფლება დროზე არ გამოფხიზლდა და პოლიტიკურ ორიენტაციას არ შეცვლის.

ხელისუფლება დაბეჯითებით აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრება სურს და ეს მაშინ, როდესაც თვით აცხადებს, რომ არეულობის მოთავე ევროკავშირია. როგორც ჩანს, 30-წლიანი დასავლური „მკურნალობა“ ისეთია, დიდი ხნის რეაბილიტაციას რომ მოითხოვს, რაც პატარა და სუსტი ქვეყნისთვის შეუძლებელია.

ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას იხსნის — პოლიტიკური შოკური თერაპიაა, ცხადია ანტიდასავლური, მიმართული კავკასიელ მეზობლებზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

04/12/2024