16.10.2024

მოყვარეს პირში უძახე, მტერს პირს უკანაო

8-9 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგი სხდომა, რომელსაც ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი რესპუბლიკების მეთაურები დაესწრნენ, გარდა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა.

დსთ არსებობს, მიუხედავად დიაგნოზისა, რომელიც მას, დღიდან შექმნისა დაუსვეს და დღესაც უსვამენ ამ კავშირის არსებობის მოწინააღმდეგეები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

დსთ-მ დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და არათუ დაამტკიცა,  „შვილებიც“ დაბადა — ევრაზიის კავშირის, „ოდკბ“-ს, „შოსი“-ს, „ბრიკსი“-ის სახით.

„შოსი“ და „ბრიკსი“ საერთაშორისო ორგანიზაციებია — დსთ-ს პოლიტიკურ-იდეოლოგიური სულისკვეთების გამზიარებელ-გამგრძელებლები — დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობაზე, ნამდვილ დამოუკიდებლობაზე და მეგობრობაზე დაფუძნებული, რაც მეტნაკლებად, მეტადრე მეტად, წარსული საბჭოური თანაცხოვრების ანარეკლია, თავდავიწყებით რომ ვლანძღავთ და ვაგინებთ საქართველოში და არა მარტო აქ, არამედ მეზობელ სომხეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვაში.

ნეოფაშისტურ უკრაინაში, უკიდურესად უარყოფითად რომ იხსენებენ საბჭოთა კავშირს, გასაკვირი არ არის, მაგრამ მეზობელ სომხეთში?

წინა სტატიებში აღვნიშნე თანამედროვე სომხეთის გატაცება ფაშიზმით, ფაშისტი „გმირებისთვის“ ძეგლების დადგმა, ქუჩებისთვის ფაშისტი ნჟდეს, სხვა სომეხი ფაშისტების სახელების მიკუთვნება, და სომეხი ხელისუფლების თავისმართლება — ნჟდე და მისთანები ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდნენ, თითქოს ბოლშევიკები, საბჭოელები ფაშისტები ყოფილიყვნენ და არა გერმანულ-ევროპული ფაშიზმის გამანადგურებლები.

თუმცა სომხეთისა რა გვიკვირს, ევროკავშირმა არ გაუთანაბრა ერთმანეთს ჰიტლერი და სტალინი — მეორე მსოფლიო ომი ამათ გააჩაღესო! მაგრამ სომხეთის მაინც გვიკვირს, დიდ სამამულო ომში სომხეთის დიდი წვლილის და საბჭოთა კავშირის გმირი სომეხი მხედარმთავრების, მეომრების შემხედვარეს.

უმადურობა, როგორც ჩვენში, ისე სომხებში ძვალრბილშია გამჯდარი, ამასთანავე ჩვენი უსუსურობის, წარუმატებლობების სხვაზე გადაბრალების, ამ შემთხვევაში რუსეთზე, მცდელობაც. რანი ვიქნებოდით და ვიქნებოდით თუ არა რუსეთის მხარში დგომისა და დახმარების გარეშე — ვინ იცის?

ჩვენ მუდამ ვემდურებით ერეკლე მეორეს, რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებისთვის; სერგო ორჯონიკიძეს, სტალინს — საქართველოს გასაბჭოებისთვის.

სომხებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები, მაგრამ უსუსური და რომ არა რუსეთი — მეფისა თუ საბჭოეთის ორივეს ფიზიკური არსებობა ჰაერში გამოეკიდებოდა.

 ეს, ყველაფერი, შედარებით ძველი ისტორიიდან, უახლესშიც უკმაყოფილოები ვართ — ჩვენ 9 აპრილის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომების შედეგის, ისინი — ყარაბაღის ომში დამარცხების. ორივემ დავკარგეთ ტერიტორიები, რომელთა დაბრუნება ზღაპარია.

საქართველომ ტერიტორიები რომ დაკარგა, დაახლოებით 20000 კვ.კმ-ის, იმდენია, დღევანდელ სომხეთს რომ უკავია  — 28000 კვ.კმ, ანდა ისრაელს, ისიც სომხეთის ტერიტორიის სიდიდის. ყველაფერი შედარებითია, რუსეთის 13 მილიონი კვ.კმ-ის სიდიდის ტერიტორიასთან, საქართველოს, სომხეთის, ისრაელის ტერიტორიები რა მოსატანია. მაგრამ ჩვენთვის?

20000 კვ.კმ-ის ტერიტორიების დამკარგავ ქართველს აქვს უფლება თქვას — რამხელა ყოფილა საქართველო.

ცნობისთვის. 2008 წლის ცხინვალის ომამდე 70000 კვ.კმ.

სომხებისგან განსხვავებით, ჩვენ, ომში დამარცხების შემდეგ, გავიძახით ტერიტორიების აღდგენას, ანუ დაკარგულის დაბრუნებას და ამ საქმეში რუსეთს ვუყენებთ ულტიმატუმს — დაგვიბრუნეთ, თორემ არ დაგელაპარაკებითო.

სომხეთის ხელისუფალი, ფაშინიანი კი ამბობს — ყარაბაღი აზერბაიჯანის იყო, ასე რომ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და არა ისტორული ფანტაზიებიდანო. რას ნიშნავს ეს?

ეს, ნიშნავს ყარაბაღის დაკარგვასთან შეგუებას, რაც ფაშინიანისთვის მისაღებია, მაგრამ არა სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის.

თუ ფაშინიანი შეეგუა ყარაბაღის დაკარგვას, მაშ რატომ ადანაშაულებს რუსეთს — არ დამეხმარა და ამიტომ წავაგე ომიო. როგორც ჩანს, ფაშინიანს ყარაბაღის ჩაბარება ომამდე ჰქონდა გადაწყვეტილი და ამდენად მის დაკარგვას არ განიცდის. განიცდის სომეხი ხალხი და რომ განიცდის, ფაშინიანი რუსეთს ადანაშაულებს — არ დაგვეხმარაო, თავის მართლების მიზნით.

რუსეთის დადანაშაულებით, ფაშინიანი კოლექტიური დასავლეთის დაკვეთას ასრულებს. როგორც სოროსელს, სურს სომხეთის დასავლურ რელსებზე დაყენება, რაც არცთუ იოლი საქმეა, ვინაიდან რუსეთის მიმართ მეგობრულ კავშირებში მყოფი სომეხი ხალხისთვის გადასავლეთება მიუღებელია.

ასე მეგონა მე და სხვას, ჩემისთანას, მაჰრამ შევცდით.

დასავლურმა 30-წლიანმა პროპაგანდამ გონება აუმღვრია სომხებს და კავკასიაში ყველაზე მეტად ჩახუტებულს რუსეთთან, კარდინალურად შეაცვლევინა აზრი. დღევანდელ სომხეთში რუსეთის მიმართ ლანძღვა-გინება სულაც არ არის უცხო. ამ თვალსაზრისით, დასავლეთის გზაზე შემდგარი სომხეთი, ლამის საქართველოს მსგავსი გახდა. მიუხედავად გადასავლეთებისა და ფაშინიანის გამუდმებული მუქარისა — „ოდკბ“-დან გასვლის თაობაზე, ის მაინც ესწრება დსთ-ს.

რით შეიძლება აიხსნას სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკა?

როგორც პოლიტიკაში ამბობენ — ორ სკამზე ჯდომით თუ რაღაც სხვა მოსაზრებით, მაგალითად ასეთით — სომხეთი ჯერ-ჯერობით მზად არ არის რუსეთთან გაყრის — ბუტე-ბუტე, გაგებუტე მთქმელი, „ოდკბ“-ს დამტოვებელი და დსთ-ს, ვინაიდან დასავლეთი არ არის მზად გულში ჩაიხუტოს სომხეთი ეკონომიკურად, უსაფრთოხოების თვალსაზრისით.

დასავლეთმა გააკეთა თავისი საქმე. ააბუნტა სომეხი რუსეთის წინააღმდეგ; დაპირება მისცა მას ნატოსა და ევროკავშირში შეყვანის; აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარებაც აღუთქვა და ა.შ.

მაგრამ კონკრეტული რამ, მიწიერი და არა სამომავლო, ვირტუალური, დასავლეთს ჯერ-ჯერობით არა გაუკეთებია რა.

მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ, სომეხი დადგა დიდი დილემის წინაშე — დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი?

დსთ-ს სხდომაზე დასწრება სულაც არ ნიშნავს ფაშინიანის მიერ დასავლური კურსისთვის წერტილის დასმას და 180 გრადუსით რუსეთისკენ შებრუნებას, მაგრამ რაღაცას ნიშნავს. და ეს რაღაცა პრაგმატული აზროვნებაა, რაც ყოველთვის განასხვავებდა სომეხს ქართველისგან. ფაშინიანმა, რომელმაც აზერბაიჯანთან დამარცხებაში რუსეთი დაადანაშაულა, არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან; არ გამოვიდა დსთ-დან და „ოდკბ“-დან. დსთ-ს სხდომებს ესწრება,  რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აგრძელებს მოლაპარაკებას და ა.შ.

ნაკლებად პრაგმატულმა ქართველებმა, აშშ-ის მიერ წაქეზებულებმა ომის დაწყებაში, ევროკავშირისა და ნატოს მომავალმა წევრებმა, გაცხარებულებმა ომის მარცხით, უმალ ტლინკები ვყარეთ — დსთ-დანაც გამოვვარდით და რუსეთთანაც გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა. არადა, ჩვენი მაშინდელი მეთაური თუ სრული ინდოევროპული წარმოშობისა არ იყო, ნახევარი ხომ იყო?

შეგახსენებთ —  ინდოევროპელობას სომხები იჩემებენ. მაგრამ, როგორც ჩანს ნახევარი ვერ შველის საქმეს,  მთლიანია საჭირო პრაგმატული აზროვნებისთვის.

რას ნიშნავს პრაგმატული აზროვნება?

სრულად ამის განმარტებას ბევრი დრო და ფურცელი დასჭირდება და რაც მთავარია მკითხველის დროის დაკარგვა. სომხეთ-რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულობა იდეოლოგიაზე სულაც არ გადის — ეკონომიკას ეფუძნება. და თუ ეკონომიკური, სავაჭრო კავშირები მტკიცე და მრავალმხრივია, მასზე თავისუფლად შეიძლება იდეოლოგიის დაშენება.

პუტინ-ფაშინიანის მოლაპარაკების დროს, რომელიც დსთ-ს მორიგი სხდომის ფარგლებში გაიმართა, პუტინმა დაასახელა ციფრი 8 მილიარდი დოლარი, როგორც ტვირთბრუნვა დიდ რუსეთსა და პატარა სომხეთს შორის — ტენდენციით, მატება, 12 მილიარდამდე ა.წ. ბოლომდე. სომხეთში, რუსეთის ინვესტიციის მოცულობა 4,5 მილიარდი დოლარია.

საქართველოსთვის, ისე, როგორც აზერბაიჯანისთვის საშური ციფრებია. აზერბაიჯან-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების ტემპიც მაღალია. ციფრებში — 4,5 მილიარდი დოლარის, იმავე რაოდენობის რუსული ინვესტიციების მოცულობით, მაგრამ პერსპექტივა ზრდისა თვალშისაცემია დასახული ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გაფართოებიდან გამომდინარე.

კითხვა — მისცემდა თუ არა სომხეთს ევროკავშირში გაწევრება ან გაწევრებამდე, ეკონომიკური თანამშრომლობა იმ ეკონომიკურ რეალობას, რაც მას რუსეთთან აქვს, აღარაფერს ვამბობ დსთ-ს ან ევრაზიულ კავშირზე, რომლის წევრია სომხეთი?

პასუხი მარტივი და ცალსახაა — ვერ მისცემდა. და ვერ მისცემდა იმიტომ, რომ სომხეთი ევროკავშირის ასოცირებული წევრიც არ არის, მაგრამ წევრიც რომ ყოფილიყო, ვერც ვერაფერს მიიღებდა! საქართველომ რა მიიღო?!

საქართველოს საექსპორტო საქონელი, რომელიც მინერალურ წყალს, ღვინოს და მცირე რაოდენობის სხვა ნაწარმს მოიცავს — დიდის არაფრის მომტანია ბიუჯეტისთვის, ვინაიდან ლიმიტირებულია ევროკავშირის მხრიდან.

რუსეთის ბაზარს ასეთი ლიმიტი არ აქვს. ის უკიდეგანოა ნებისმიერი ქართული პროდუქციისთვის — ბოსტნეულით, ხილით დაწყებული, მინერალური წყლებით, ღვინით, სხვა ალკოჰოლური სასმელებით დამთავრებული.

საქართველოს ეკონომიკა 73%-ით არის რუსეთზე ჩამოკიდებული. და მიუხედავად ამისა, მებადება კითხვა — რა რაოდენობის პროდუქციას ამზადებს სომხეთი — მწირე მიწით, წიაღისეულით და საქართველოზე გაცილებით ნაკლები ტერიტორიით, რომ სოლიდური ეკონომიკური ციფრების მატარებელია?

იქნებ მუყაითი შრომით, ნაკლები ლაქლაქით და სხვისი მოიმედეობის არ ქონით?!

ერთ ძველ ამბავს გავიხსენებ — საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორობიდან. გასული საუკუნის 90-იან წლებში საკონსულო-სავიზო სამსახურები გავხსენით საქართველოს საზღვრებზე, მათ შორის ახალციხეში, სადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელობა დავავალეთ იქაური უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ახალციხიდან საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მიმავალთ თვალწარმტაც პეიზაჟთან ერთად დავარცხნილმა, დამუშავებულმა მიწებმაც მიიპყრო და თანამგზავრს ვკითხე — მიწები ვისი იყო? დამუშავებული — სომეხი გლეხებისა, დაუმუშავებელი — ქართველებისო — მიპასუხა მან.

მოგეხსენებათ, იმ რეგიონში მრავლად ცხოვრობენ სომხები.

თანამედროვე საქართველო 32 წლის განმავლობაში ისეთ ანტისაბჭოურ, ანტირუსულ ზეწოლას განიცდის, ქვებს რომ არ ვისვრით „დამპყრობლების“ მიმართულებით, როგორც ფსიქიატრიული ავადმყოფები ,გასაკვირი არ არის. ქვებს არა, მაგრამ ერთხელ ტყვიაც ვისროლეთ. ყოველდღე კი ტყვიაზე მეტად გამგმირავ სიტყვებს ვისვრით. მიკვირს ამის შემყურე და მომსმენი რუსეთი რომ არ იზღუდავს თავს ჩვენგან ურთიერთობისგან.

არათუ იზღუდავს, პირიქით. დასტური ამისა არის რუსეთის პრეზიდენტის პუტინის 2024 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებულება N873, რომელიც აიოლებს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში შესვლას, მუშაობას, სწავლას.

აღნიშნულის პარალელურად ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების და მასთან ერთად მოსახლეობის დასჯას, თუ ის არ გაათავისუფლებს დამნაშავე სააკაშვილს პატიმრობიდან; არ გააუქმებს „აგენტების“ კანონს, ისე, როგორც ლგბტ-ს წინააღმდეგ მიმართულს; არ დაუწესებს რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს და ა.შ. შეუსრულებლობის შემთხვევაში დასჯიან ხელისუფლებას, ხალხს — ეკონომიკური სანქციებით, იფიქრებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე.

ევროკავშირი ხომ მარტო არ არის, ის აშშ-ნ ტანდემში მოქმედებს. რას მოითხოვენ ისინი საქართველოსგან?

მონურ მორჩილებას, ვაშინგტონ-ბრიუსელიდან წამოსული ნებისმიერი ინსტრუქციის უყოყმანო შესრულებას. და ამას არქმევენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, სიტყვის თავისუფლებას?

მსგავს ადგილი არ ჰქონია საბჭოთა კავშირის დროს და არც ექნებოდა, ვინაიდან მამათმავლობა კანონით იყო აკრძალული, მითუმეტეს მამათმავლობის, ყველა სახის გარყვნილების პროპაგანდა.

დღეს, საქართველოს მოსახლეობა ისე მიაჩვიეს უშვერი სიტყვებით გინებას, ბილწსიტყვაობას, სასქესო ორგანოების სახელების ერთმანეთისთვის მიკერებას, თითქოს არაფერიო. ტელეეკრანზე იგინება — ქალი, კაცი, მოზარდი, მამათმავალი, დედათმავალი და ამით ყველას თავი მოაქვს — ნახეთ რა მაგარი ვარო.

გუშინდელი „კლასიკოსი“ მწერალი დეისაძეც კი, საკუთარ დედაზე სექსუალურად ანთებული, დღევანდელებთან შედარებით უმანკო კრავია.

32 წელია დასავლურად ვცხოვრობთ, ვატარებთ არჩევნებს, ვირჩევთ ხელისუფლებას. არჩეული გვაქვს გზა ევროპა-ნატოსკენ და არათუ არჩეული, კონსტიტუციაშიც ჩაწერილი, მაგრამ არ გვაქვს ქვეყანა. ის, რაც გვაქვს, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც მორალური თვალსაზრისით არ არის ქვეყანა.

დასავლეთი გვეუბნება, რომ დემოკრატიით საქართველო პირველი იყო რეგიონში, მაგრამ ბოლო დროს გაგვიცრუეს იმედიო. მაპატიეთ და, მამაკაცებმა კოლექტიურად უკანალი სხვა მამაკაცებს რომ არ მიართვეს — ეს არის იმედგაცრუება?

სექსი სურვილზეა დაფუძნებული, ჩემი თუ არ გჯერათ, მიაკითხეთ ფროიდს. ის აგიხსნით თავისი შრომებით. არაო! ბრძანებენ ისინი, რასაც გეტყვით, ის უნდა შეასრულოთო.

ამის შემხედვარე, ხელისუფლება რომ ხალხს ეტყვის შევალთ ევროპაშიო, მთლად გადარეული უნდა იყოს. გეუბნებიან — არ გვინდიხართ და ჩვენსკენ არ გამოიხედოთო. ხელისუფლება არათუ იხედება, საარჩევნო ბანერებიდანაც მოგვიწოდებს იქით მოვდივართო, თქვენ რომ გინდათ და მხარი დაგვიჭირეთო.

საიდან იცის ხელისუფლებამ, რომ ქართველ ხალხს იქ უნდა?

მიპასუხებენ — 2008 წლის რეფერენდუმიდანო! ბოდიში, მაგრამ პრეზიდენტის არჩევნებზე მიწეპებული კითხვა იყო რეფერენდუმი?

დავუშვათ, რომ ასე იყო. 2008 წლის იანვარში, დღეს 2024 წლის ოქტომბერია. რა დრო გასულა?!

დროც ბევრი გასულა და ხალხიც შეიცვალა. ისინი, ვინც პრეზიდენტის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, აქ აღარ არიან. ბევრი უცხოეთში გადაიხვეწა, ბევრიც „ოცნების“ მიერ მოტყუებულ-გულგატეხილი მარადისობაშია გადასული, რაც თავისთავად გვკარნახობს ახალი გამოკითხვის ან რეფერენდუმის ჩატარებას — არა NDI-ით და IRI-ით, არამედ ჩვენი ძალებით.

საქართველო, რაც არ უნდა გავიჭაჭოთ ცრუ პატრიოტიზმით და ბაქიბუქოთ, პატარა ქვეყანაა. დიდ პოლიტიკაში მიკროსკოპიული. დიდებთან გვერდით დგომა, თანაც მათთან თანაბრად, არათუ თავის მოტყუებაა, არამედ სისულელეც.

ასეთი გავხდით გონგამოცლილი სააკაშვილის დროს, რომლისთვის საქართველო პატარა იყო. მის ამბიციებს აყოლილი ქვეყნის მოსახლეობა დღესაც იქ არის, სააკაშვილთან, მასთან არის. მასავით დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. არადა, ერთი გაუნათლებელი, უგონო ხალხი ვართ, ცხადია არა ყველა, მაგრამ არცთუ მცირე რაოდენობა.

გაუნათლებლები რომ ვართ, იმიტომაც ვართ ამპარტავნები — ჩვენ რა გვინდა დსთ-ში, მდაბიოთა კავშირში; ჩვენ ევროკავშირში უნდა ვიყოთო. დსთ მონობაა, კრემლის ფეხთქვეშ ფიანდაზად გაგებაა, დამოუკიდებლობის დაკარგვაა, სუვერენიტეტის დავიწყებაა და სხვა არაფერიო.

დსთ-ს ბოლო სამიტის მონაწილეებს რაღაც ვერ შევატყვე, რომ პუტინის ფეხთქვეშ იყვნენ გარითხმულნი, შიშით სიტყვას ვერ ძრავდნენ, ვერ იღიმებოდნენ. ყველა სიამაყით, საქმიანად ყვებოდა დსთ-ს წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

დამოუკიდებელი ქვეყნების ნამდვილი დამოუკიდებლობა ვიხილეთ, არა ისეთი, ევროკავშირში რომ სუფევს და ურსულა ფონ დერ ლაიენის დიქტატის ქვეშ იშვიათად თუ ვინმე წამოიკნავლებს და წამომკნავებელს, როგორც აფთრები, სისხლმოწყურებულებივით რომ ეცემიან ყელში.

მსხვერპლის როლში არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი და სლოვაკეთის პრემიერი ფიცო, რომელიც სიკვდილისთვისაც კი გაიმეტეს მოჭარბებულად დემოკრატმა ევროპამ.

საქართველო ჯერ-ჯერობით მათ ფერხულშია ჩართული. მათ დავალებას ასრულებს, არა ყველას, მაგრამ უმრავლესობას. გონიერ მოსახლეობას, ასეთებიც არიან, სურთ, რომ არც არაფერი შეასრულოს ქვეყანამ — წამოსული ევროპიდან.

ამერიკა-ევროპის მიზანი ისაა, რომ რუსეთის საზღვრებთან მდებარე ქვეყნები რუსთა სიძულვილით იყვნენ აღვსილნი. სიძულვილიდან, დატაკებამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. და როდესაც ყველა ისინი, როგორც წურბელები შეესევიან რუსეთს, რუსეთს სული ამოხდება. როდესაც რუსეთს სული ამოხდება ამერიკა-ევროპაც, როგორც აფთრები მძორზე, უმალ მიირბენენ, წურბელებს გაყრიან და ნადავლს თვით დაითრევენ.

დიდი და ძლიერი იმარჯვებს ნადავლის ბრძოლაში. ასეთია ბუნების კანონი, რომელიც განგებამ გვიანდერძა და რომელსაც ბრიყვი ქართველი აინუნშიც არ აგდებს, პირიქით იმას გაიზახის — ეს მშვენიერი მთა-ბარი ღმერთმა მოგვცა, თავისი სეიფიდან, ცხადია საკუთარი თავისთვის გადანახული. ამ ბრიყვს, ღმერთიც ისეთი ჰგონია —მომხვეჭელი და მექრთამე, როგორიც თვით არის.

მაგრამ დათმობს თავის მიწას რუსი?

რომ არ დათმობს, ერთხელ პუტინმა ბრძანა — დათვთან შედარებისას — დათვი არ დათმობს თავის ბუნაგსო. იცის ამის შესახებ ქართულმა პოლიტიკამ?

არჩევნები რა მოსაწონია, თანაც ისეთი, როგორიც აქ, მაგრამ მომწონს იმისთვის, რომ შესაძლებლობას მაძლევს გავეცნო არჩევნებში მონაწილე პარტიათა წევრების გამოსვლებს.

აუარება სისულელის, უმეცრების, გაუნათლებლობის მომსმენს ერთი მტკიცე კითხვა მებადება — ესენი ააშენებენ ქვეყანას?!

არა, ბატონებო! არც ერთი მათგანი ქვეყნის შენებაზე არ არის მომართული. ყველა მათგანი საკუთარი კუჭის მშენებლობაზე ფიქრობს. რაღა მომავალი — აბსტრაქტიული, ზღაპრული. განვლილს შევხედოთ, უკვე წასულს — ნათელ მაგალითს უვიცრობა-ღორმუცელობისას.

არჩევნებიც ჩაივლის — ა.წ. 26 ოქტომბრისა და სხვა მომავალი არჩევნებიც. თუ გადავრჩით, ისეთები ვიქნებით, როგორებიც დღეს, ისეთივე აზროვნებით, ისეთივე „პატრიოტული“ სულით, როგორიც დღეს გვაქვს. დიდი ილიასი არ იყოს, 100 წლის წინ ქართველისთვის მიცემული, მისეული დახასიათება იოტისოდენადაც არ შეცვლილა. გარემო შეიცვალა, ქართველის ირგვლივ არსებული გარემო, მაგრამ მან ვერაფერი გავლენა ვერ იქონია სალ, პიტალო კლდის მსგავს ქართველზე.

„სხვამ რაც არ უნდა სთქვას, მე ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემსა თავსა: მოყვარეს პირში უძახე, მტერს პირს უკანაო“ — ილია ჭავჭავაძე („კაცია-ადამიანი?!“)

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

13/10/2024