23.11.2024

„ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი“

„ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი“ — ჭრელო პეპელას ბედკრული „ისტორია“ შეგახსენეთ მკითხველო, უფრო სწორად სიმღერის და ვიდრე ჩვენ ამ საყვარელ სიმღერას პოლიტიკურადაც ვმღერით, აფხაზეთი დამოუკიდებლობას ზეიმობს — 30 სექტემბერს. რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი წერილობით ულოცავს დღესასწაულს აფხაზთა პრეზიდენტს, ბჟანიას და ბედნიერებას უსურვებს მას, აფხაზ ხალხთან ერთად. „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი, ივანიშვილის ბოდიშის მიხედვით წახალისებული, გვითვლის — ქართველებო, თუ რამე დაგჭირდათ თქვენს მეზობელ აფხაზებთან, მზად ვართ დახმარება აღმოგიჩინოთ შერიგების პროცესის დასაწყებად.

თუ ჩვენი შუამავლობა დაგჭირდათო და არა კატეგორიული განცხადება. არაკატეგორიულობა ქართულმა საზოგადოებამ, როგორც ყოველთვის თავისებურად გადმოთარგმნა, ანუ სავალდებულოდ, ბრძანებად, კატეგორიულად და პასუხიც აჯახა ნეგატიური ეჭვებით გაჟღენთილი — რუსეთს თავის შემადგენლობაში უნდა რომ შეგვიყვანოს ჯერ აფხაზეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადებით, შემდეგ დსთ-ში შეთრევითო.

ნახეთ რა მზაკვრობას გვიმზადებს კრემლი, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს გვაკარგვევინებს, ისე, როგორც დასავლურ ორიენტაციასო — მოთქვამდა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „მოკლე ჩართვის“ ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც რატომღაც ლავროვის, მე ვიტყოდი ყასიდად ნათქვამს, კრემლის გადაწყვეტილებად გვასაღებდა.

მთელი გადაცემის მსვლელობისას ყველა ის, ვინც ტელეფონით უკავშირდებოდა წამყვან ნატროშვილს სიძულვილის ენით მოიხსენიებდა, როგორც რუსეთს, ისე აფხაზებს, ქართულად „აფსუებს“.

სხვათაშორის, „მოკლე ჩართვას“ თავისი სტაჟიანი რესპონდენტები ჰყავს — ერთი და იგივენი, ერთი და იგივე თანმიმდევრობით შესული ეთერში, ერთი და იგივე „პატრიოტული“ შემართებისანი, უცოდინრობის, პრიმიტიულობის გამომხატველები.

ლავროვის განცხადება ქალაქის მერმა და პარტია „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კალაძემაც შეაფასა — დადებითად, თუმცა იქვე დაუმატა, ცხადია ოპოზიციის შიშით, ლაპარაკის გარდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აჯობებდა ვითარების გამოსასწორებლადო, თან ისიც დაუმატა, რომ რუსეთმა უპირველესად ჯარი უნდა გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანო.

„ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი“. კალაძე რუსეთს მოუწოდებს ნაბიჯების გადადგმას. როგორც ჩანს, მას, ბაიდენივით დემენცია აქვს, თორემ ლავროვს კი არა, საკუთარ თავს და საკუთარ მმართველ პარტიას უნდა მოუწოდოს ნაბიჯების გადადგმისკენ, ვინაიდან ჩვენ ვართ, უფრო ზუსტად ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესბული ჯერ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით, შემდეგ რუსეთისადმი თხოვნით — ჩაერთოს ჩვენსა და ყოფილ ავტონომიებს შორის ახალი კავშირების ჩამოყალიბებაში. ახალი კავშირების და არა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, ვინაიდან ასეთი ,ზღაპარი მგონია და არა მარტო მე, არამედ ყველა საღად მოაზროვნეს.

კალაძეს ისიც დაავიწყდა, რომ ლავროვმა დახმარების თაობაზე უკვე მერამდენედ განაცხადა, უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა 3-ჯერ გამოთქვა მზაობა საქართველოს პირველ პირთან შეხვედრის, რაც ხელისუფლებამ წაიყრუა.

ასეთს ჰქონდა ადგილი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც მან, თითქმის ათდღიანი პაუზის შემდეგ, პუტინს ასე უპასუხა — ჯერ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა მოველაპარაკოთ, ხოლო შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებასო.

პუტინი, მდინარე მოსკოვის ნაპირთან მჯდარი, დღესაც ელოდება პასუხს.

კალაძის ნათქვამი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით მარტო ოპოზიციის შიშით არ არის გამოწვეული — ბოლოს და ბოლოს „საოცნებო“ ხელისუფლება კიდევ ერთხელ, ალბათ მეათასედ, მემილიონედ აიტანს ოპოზიციის მიერ მისთვის მიწებებულ სტატუსს — „კრემლის მონის“. როგორც ჩანს, თვით მმართველ „ოცნებაშიც“ არვინ იცის რა გზას დაადგნენ.

დასავლეთმა, აშშ-ს პოლიტიკურმა ელიტამ ივანიშვილის ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ტლინკები ჰყარა, ისე, როგორც დემოკრატიული პარტიის გაცოცხლებულმა ემბლემამ — „ვირმა“ და რაც რამ ქართული ტვირთი ჰქოდა გადაკიდებული ზურგზე, მაწვნის ქილებივით, გადმოყარა.

„ბუტე-ბუტე გაგებუტეო“ — თქვეს საიქიოდან „პერერივზე“ გამოსულმა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოჩვენებასავით შესულმა ბაიდენმა, არანაკლებ ასაკოვანმა კონგრესმენებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა სახეგადარეცხილმა მილერმა.

ყველა მათგანი გაამწარა იანიშვილის ნათქვამმა ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით და 2008 წლის ომის დაწყების მთავარი შემოქმედის, სააკაშვილის გვარის დასახელებისთვის.

სააკაშვილი მთავარი შემოქმედია, მაგრამ არა ინიციატორი. ივანიშვილ-კობახიძის მიხედვით, ინიციატორი დასავლეთია. აი, ამ დასავლეთში, უპირველესად აშშ-ი იგულისხმება.

ივანიშვილ-კობახიძეები ისეთი უმეცრები არ არიან, დასავლეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეგულისხმათ, მათ ევროკავშირის ქვეყნების მბრძანებელი აშშ-ი იგულისხმეს — ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ისეთ მონურ ურთიერთობაში არიან აშშ-თან, რომ მის გარეშე ტუალეტშიც ვერ  შედიან. ასეთთაგან ცხინვალის ომის დაწყების ინიციაივაც რომ წამოსულიყო, სააკაშვილი არაფრად ჩააგდებდა.

წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ ოსთა წინაშე ბოდიშის მოხდა, ისე, როგორც აფხაზთა, სულაც არ არის მსოფლიო ისტორიისთვის უცხო. რაღა შორს წავიდეთ, გერმანია დღემდე ბოდიშს იხდის ფაშიზმის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. ბოლო ბოდიში სექტემბრის დასასრულს, იტალიაში პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტის დროს მოახდინა.

კიდევ ერთხელ — ბოდიშის მოხდა მიღებულია ნორმალურ საზოგადოებაში — გულწრფელი ბოდიშის და არა პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეულით. მაგრამ საქართველოს დღევანდელი საზოგადოებისთვის ნორმალურობის დაწამება ჭირს.

რამ გამოიწვია არანორმალურობა? — იკითხავს ჩემზე დაბოღმილი „პატრიოტი“ ქართველი. რამ, ბატონებო, და ანტირუსულმა 32-წლიანმა პროპაგანდამ, რის შესახებაც წერს ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე თავის სტატიაში „„ბოდიში“ და ქართულ-რუსული ურთიერთობები“, გამოქვეყნებული ჩემს საიტზე (isari.ge).

„ყველაზე დიდი და მდიდარი „გადმოქოცებული“ ტელევიზიები დღე და ღამე ტვინს ურეცხავენდნენ ჩვენს საზოგადოებას — „რუსულ აგრესიასა“ და „რუსულ ოკუპაციაზე“. ეს ტერმინები ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ქართველობას. არაფერი არ გაკეთებულა სიმართლის პროპაგანდისთვის. ისე, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ცალსახად უნდა თქმულიყო ჯერ კიდევ 2012 წელს. ახლა, შესაძლოა გვიანი იყოს. გვიანია, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებულმა თითოეულმა ქართველმა იცის სიმართლე — ომი, დიახაც რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწო. ამას არც ჰაიდი ტალიავინის დასკვნა სჭირდება, არც სხვა გადამთიელის. ყველამ ყველაფერი ნახა 2008 წლის 7-8 აგვისტოს, მაგრამ საჯაროდ, კოლექტიურ დონეზე, სიამაყისა თუ ამპარტავნების გამო, მაგრამ ძირითადად, პროპაგანდის შედეგად, ქართველი ამას არ აღიარებს. იგი მიჩვეულია, რომ საჯაროდ მან რუსეთი უნდა ლანძღოს, რუსეთს უნდა დააბრალოს თავისი გასაჭირი და ქვეყნის გასაჭირიც“.

2012 წელს, „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ და ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაჯდომისთანავე მან განაცხადა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს კოლექტიურმა დასავლეთმა აიძულეს ის თავი შეეკავებინა მსგავსი განცხადებისგან, რასაც მოჰყვა, სრულიად უკბილო ახსნა-განმარტება, რომ რუსეთმა, თავისი აგრესიული ჩანაფიქრის განხორციელებისთვის იმდენი პროვოკაცია მოუწყო კრავ საქართველოს, რომ ეს უმანკო არსება, აგრესიულ ლომად იქცა, საკუთარი ქვეყნის დასაცავად — მოკლედ დ კონკრეტულად საქართველო ჩაითრიეს ომში.

ბატონ გულბაათთან ერთად 2008 წლის 7-8 აგვისტოს აგრესიას თეირანში შევხვდით, სადაც ტელევიზიით გადასცემდნენ ქართული ტანკების ჯირითს ცხინვალის ქუჩებში, შემდეგ იყო რუსეთის არმიის პასუხი. იმავე დღეს, მასპინძლებთან გამართული მოლაპარაკების დროს, შეკითხვას მათი მხრიდან ასე ვუპასუხე — პირადად მე, ჩემი ფიზიკური და სპორტული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ გავბედავდი ამერიკელ მოკრივე კასიუს კლეისთან რინგზე დაპირისპირებას. ასეა საქართველოც, ის ვერ გაუძლებს ძლიერ რუსეთთან დაჭიდებას.

საქართველომ 5 დღეში წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები და იქიდან დაწყებული მოთქვამს — რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვაო; აღიარა რა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებადო.

კეთილი, მაგრამ იმას არვინ იხსენებს, რომ მედვედევ-სარკოზის ხელშკრულებაში ჩაწერილი პუნქტი — საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი, სააკაშვილმა გულმოდგინედ გადახაზა და გააგრძელა საჯარო მუქარა, რომ ძალით მაინც დაიბრუნებს დაკარგულ ავტონომიებს.

აი, ამ მუქარის მიუხედავად, კრემლი დაბეჯითებით მოითხოვდა თბილისისგან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ ამაოდ. და აგვისტოს ბოლოს იძულებული შეიქმნა ყოფილი ჩვენი ავტონომიები ეღიარებინა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, რათა ამით შეეკავებინა სააკაშვილის მხრიდან სავარაუდო აგრესიის გამეორება.

 ომი დავიწყეთ ჩვენ, უფრო სწორად ომი დაგვაწყებინეს აშშ-ს იმჟამინდელმა ადმინისტრაციის წევრებმა. ჩვენივე, უფრო სწორად ჩვენს მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა, რომელმაც ამერიკელთა წაქეზებით გააჩაღა ომი, ვოლუნტარისტულად, საზოგადოებასთან, ხალხთან შეუთანხმებლად უკუაგდო რუსეთის წინადადება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიების სტატუსის განსასაზღვრელად. დაბეჯითებით ვაგინებთ სხვას, ამ შემთხვევაში რუსეთს, პუტინს, ნაცვლად დაფიქრებისა და ვითარების შესაბამისი დასკვნების გაკეთებისთვის.

ის, რომ ჩვენ ასეთები ვართ და „ჭრელო პეპელას“ სიმღერას ვატრიალებთ — ნურც გავფრინდები, ნურც მოფრინდები, 32  წლის განმავლობაში ისევ ჩვენ ვართ დამნაშავე, რომლებმაც თავის გამართლების მიზნით ცრუ, ტყუილი პროპაგანდის მეტი ვერაფერი მოვიფიქრეთ და ბატონი გულბაათისა არ იყოს, ტყუილებით, ბოლომდე ვბერავთ ჩვენსავე თავს.

დავკონკრეტდები — საზოგადოებრივ რადიოს აქვს გადაცემა „ჩაი ორისთვის“, რომელიც შაბათ-კვირას გადის ეთერში. გადაცემა მიჰყავს შავლეგ გეგეჭკორს, რომელიც შორსაა პოლიტიკისგან, მაგრამ ისე, როგორც თითქმის ყველა ქართველი, იჭრება პოლიტიკაში და ანტირუსულად ანწყობს მსმენელს.

„აგრესორი რუსეთის სიმღერას არ გავუშვებ, უკრაინულს  შემოგთავაზებთ, ვინაიდან უკრაინის გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა“.

ნაკლებად პატივცემულმა შავლეგმა არ იცის, რომ დღევანდელი უკრაინა ნეოფაშიზმის ბუდეა; ჰიტლერთან მოთანამშრომლე ფაშისტების ბანდერასა და შუხევიჩის ძეგლები „ამშვენებს“ უკრაინას; რომ ბავშვებს სკოლის პირველი კლასიდან ასწავლიან რუსის სიძულვილს; ჰიტლერის, გერინგის, გებელსის, სხვა ფაშისტი ფიურერების სიყვარულს; რომ უკრაინის რადამ აკრძალა მართლმადიდებლური რელიგია, რაც დაგმო რომის პაპმა; უკრაინის ფაშიზმზე ლაპარაკობს პოპულარული ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი; უკრაინის აღვირახსნილ კორუფციაზე ლაპარაკობს დონალდ ტრამპი, რომელიც ზელენსკის ვაჭარს უწოდებს. შავლეგმა არ იცის უკრაინელი „ისტორიკოსების“ შემოქმედება, რომლის მიხედვით, უკრაინელი იყო ქრისტე; უკრაინელი არის გერმანელის, ფრანგის, სხვა ერების ფუძე. ასეთი უკრაინა და უკრაინელი საშიშია და არა მისაბაძი, მითუმეტეს შესაცოდებელი.

რადიო „მაესტროს“ ჟურნალისტი ჭითანავა, ტანსაცმლიანად ანტირუსი, ყოველი კვირის ბოლოს ეთერში ესაუბრება პოდოლიაკს — უკრაინის ხელისუფლების „რუპორს“, რომელიც გულმოდგინედ ლანძღავს რუსეთს, რითაც გვაძულებს მას. ჭითანავა თავს უყრის ყველა ანტირუსს, მათ შორის ჩეჩენ ტერორისტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმალებიან. ერთ-ერთი მათგანი ახმად ზაკაევია — ინგლისში თავშეფარებული.

ჭითანავამ „გაგვახარა“ თავის გადაცემაში ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მიწვევით ა.წ. პირველ ოქტომბერს. ზაქარეიშვილი „შერიგების“ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, არაფერი გაუკეთები ამ მიმართულებით. და ვერც გააკეთებდა — ისეთი მსოფმხედველობის მატარებელი, როგორიც ბატონი პაატაა.

მინისტრობამდე, არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომლის ამოცანა კონფლიქტების მოგვარება იყო. სწორედ ამ სტატუსით, მასთან კავშირები დაამყარეს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ ჩაბმულიყვნენ საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

საერთო გადაწყვეტილებით დაიგეგმა ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების შეხვედრები ავსტრიასა და გერმანიაში. პირველი შეხვედრა ავსტრიაში გაიმართა, დედაქალაქ ვენიდან საკმაოდ დაშორებულ დაბა შლაინინგში, რომლის სახელიდან გამომდინარე პროცესს „შლაინინგი“ დაერქვა.

შეხვედრები იმართებოდა მორიგეობით ავსტრია-გერმანიაში — წლის განმავლობაში 2-ჯერ და მასში მონაწილეობდნენ მხარეთა შვიდ-შვიდი წარმომადგენელი, როტაციის წესით.

„შლაინინგის“ პროცესი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გრძელდებოდა და ალბათ 2004 წელსაც გაგრძელდებოდა, რომ არა „ვარდების რევოლუცია“ და სააკაშვილის ნეგატიური განწყობა ავტონომიური ფორმირებების მიმართ.

2003 წლის ზაფხულის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევაჯერეთ პოზიციები გეგმისა, რომელიც წინა შეხვედრებზე ჩამოვაყალიბეთ. გეგმის მიხედვით, მხარეებს უნდა დაეწყოთ ერთმანეთთან ყველა სახის ურთიერთობა და ასე უნდა გაგრძელებულიყო 10 წლის განმავლობაში. 10 წლის განმავლობაში სიტყვაც არ უნდა დაგვეძრა ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით. 10 წლის თავზე, მიღებული შედეგიდან გამომდინარე, თუკი ის იქნებოდა პოზიტიური, უნდა დაგვეწყო პოლიტიკური საკითხების მოგვარება, ანუ სტატუსის. წინააღმდეგობის გაჩენის შემთხვევაში ჩვენ უნდა დავშორებოდით ერთმანეთს.

ათწლიანი პროექტის ზედამხედველობა უნდა გაეწია ქართულ-აფხაზურ კომისიას, რომელშიც უნდა ყოფილიყვნენ ორივე მხარის პარლამენტარები, საზოგადო მოღვაწეები, მედიის წარმომადგენლები.

ბერლინში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, შლაინინგის პროცესის ორგანიზატორებმა ინგლისელმა და გერმანელმა მთხოვეს გვიან ღამით ბარში შეხვედრა და გეგმის დეტალების მათთან ერთად განხილვა.

შეხვდით. მათ მოისმინეს ჩემი წინადადებები, გეგმის პროექტი და კმაყოფილება გამოხატეს, ვინაიდან გეგმა, როგორც მათ თქვეს, გაცილებით უკეთესი იყო შრი-ლანკის მხარეთა დაპირისპირების შერიგების გეგმასთან შედარებით, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი.

ჩვენი გეგმა უნდა დაწყებულიყო შევარდნაძის საჯარო გამოსვლით, ბოდიშის მოხდით და ახალი ცხოვრების დაწყების მოწოდებით. ჩვენი „სამეულის“ საუბარს შემოესწრო ბარში შემოსული ზაქარეიშვილი. ასე რომ, მან კარგად იცოდა „ბოდიშის“ თაობაზე, მაგრამ ჭითანავას კითხვას ასე უპასუხა — აფხაზებს არ მოუთხოვიათ შევარდნაძის მიერ ბოდიშის მოხდაო.

მეორე, რაც მან განაცხადა რადიოეთერში იყო ის, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იწყებს ომს. თუ აგრესორის გამოვლინებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აძალებდა ევროკავშირის სპეცკომისიას და მის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინს 2008 წლის ცხინვალის ომის გამომწვევი მიზეზებისა და თვით ომის შესახებ გამოძიების მასალის დასაწყისშივე დაესახელებინა ომის დამწყების, ანუ აგრესორის ვინაობა?!

აგრესორის დასახელება ჩვეულებრივი რამ არის კაცობრიობის ისტორიაში და არა მარტო ისტორიაში, არამედ თანამედროვეობაში. შორს რომ არ წავიდეთ, შევხედოთ ახლო აღმოსავლეთს და ისრაელ-არაბთა ახალ ომს, რომელიც ერთი წლის წინათ, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელი აცხადებს, რომ ომი „ჰამასმა“ დაიწყო — ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრით, ებრაელთა ხოცვით და ტყვეების აყვანით.

ისრაელმა უპასუხა „ჰამასს“, რაც პალესტინელთა გენოციდს ჰგავს, მაგრამ ისრაელი თავს იმართლებს — ომი „ჰამასმა“ დაიწყოო.

ბოდიშის მოხდის თემაც აქტუალურია და ზემოთ ვახსენე გერმანიის პრეზიდენტის „ბოდიში“ ფაშიზმის დანაშაულობების გამო, იტალიაში ვიზიტის დროს ა.წ. სექტემბრის ბოლოს.

ზაქარეიშვილი იყო მინისტრი, თუმცა, როგორც ჩანს ძალიან შორს მინისტრის სახელისგან.

დავუბრუნდეთ გულბაათ რცხილაძის სტატიას, სადაც ის წერს, რომ ბოდიშის მოხდის განცხადებამდე საჭირო იყო საზოგადოების შემზადება. ვეთანხმები. 32-წლიანმა ანტირუსულმა, ანტიქართულმა და პროდასავლურმა პროპაგანდამ გადააგვარა ხალხი, დააკარგვინა მას ტყუილ-მართლის შეგრძნება.

32-წლიანი პროპაგანდის შეცვლას, იმდენივე თუ არა, არც ნაკლები დასჭირდება. ხელისუფლებამ წერტილი უნდა დაუსვას მედიის აღვირახსნილობას, ცრუ პროპაგანდას, ანტირუსულ გამოსვლებს და მრავალ სხვას, რაც ხელს გვიშლის რეალობის საღ აღქმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ წრეზე ვიტრიალებთ, ისე, როგორც ვტრიალებთ „ჭრელო პეპელას“ სიმღერაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/10/2024