„ბოდიში“ და ქართულ-რუსული ურთიერთობები
ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, წინასაარჩევნო გამოსვლის ფარგლებში, წარმოთქმული სიტყვის მხოლოდ ერთმა წინადადებამ დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია საქართველოში:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება“ – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერობაში ვერავინ დამდებს ბრალს, არც ვაკეთებ სერიოზულ კომენტარებს წინასაარჩევნო ხმაურზე, მაგრამ საქმე გვაქვს ფრიად არაორდინალურ ვითარებასთან. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სრულიად მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
ჯერ დავაზუსტოთ, რა ითქვა და რა არ ითქვა. ივანიშვილი ცალსახად ადასტურებს იმას, რის თქმასაც თავიდან, 2008 წლის ომის შემდეგ, ვერც თავგადაკლული „ანტიმიშისტები“ ბედავდნენ და ვერც ხელისუფლების ცვლილების შემდგომი „მეოცნებეები“. ეს ტაბუდადებული სიმართლე იყო ის, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა (და არავითარმა რუსეთმა!). თანაც, როგორც ივანიშვილი აზუსტებს, „ნაცმოძრაობამ“ ომი დაიწყო არა თავისით, არამედ „დავალების შესაბამისად“ (!). ივანიშვილი არ ამბობს, რომ ბოდიში მოსახდელია ოსების დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, არამედ იმ მშვიდობიან ხალხზეა საუბარი, ვინც [საქართველოს] „მოღალატე ‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ გახვია ცეცხლის ალში“.
თუმცა ვნებათაღელვა სიტყვა „ბოდიშმა“ გამოიწვია. ოპოზიციური პარტიები, უცხოეთიდან დაფინანსებული მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს პირდაპირ ღალატში სდებენ ბრალს ამ ბოდიშის შესაძლებლობის ხსენების გამო.
პირველი კითხვა: რამდენად ჯდება ივანიშვილის ეს ფრაზა წინასაარჩევნო რიტორიკაში?
პასუხი: არანაირად.
სხვის მიმართ „ბოდიში“ არ არის ის თემა, რომელიც ემოციურ საარჩევნო კამპანიაში წაადგება იმ პარტიას და იმ ლიდერს, რომელიც აქცენტს სუვერენიტეტზე, პატრიოტიზმზე და ლამის ნაციონალიზმზე აკეთებს. რაც არ უნდა „ძმები და დები“ იყვნენ ოსები, ისინი დღეს პირობითი ბარიკადების მეორე მხარეს დგანან. გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა, როგორც კავკასიური მენტალობის შემადგენელი ნაწილი. ჭარბი სიამაყის გრძნობით განმსჭვალული ქართველობა ასე უეცრად ვერ მიიღებდა ბოდიშის თემას და არც მიიღო – ეს ჩანს ყველა ბლიც-გამოკითხვით, რომელიც ქუჩებში ჩატარდა და სატელევიზიო კამერებით დაფიქსირდა. რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს „ბოდიშის“ აუცილებლობას. აშკარაა, რომ თვით კითხვის ასეთი დასმაც კი აღიზიანებს მოქალაქეთა უმეტესობას.
ნუთუ უნდა დავიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის საარჩევნო შტაბს ეგონათ, რომ ეს თემა ამომრჩევლების მობილიზებას მოახდენდა „ქართული ოცნების“ გარშემო და უკუეფექტს არ გამოიწვევდა? თუ ასე ეგონათ, ძალიან შემცდარან. შემცდარან იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, „ნაციონალების“ ხელისუფლების დასასრულის შემდეგ, მასმედიაში ისეთივე ანტირუსული პროპაგანდა გრძელდებოდა, როგორც უწინ. მთელი ათწლეულის მანძილზე, ყველაზე დიდი და მდიდარი „გადმოქოცებული“ ტელევიზიები დღე და ღამე ტვინებს ურეცხავდნენ ჩვენს საზოგადოებას „რუსულ აგრესიასა“ და „რუსულ ოკუპაციაზე“. ეს ტერმინები ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ქართველობას. არაფერი არ გაკეთებულა სიმართლის პროპაგანდისათვის. ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ცალსახად უნდა თქმულიყო ჯერ კიდევ 2012 წელს. ახლა, შესაძლოა, გვიანი იყოს. გვიანია მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებულმა თითოეულმა ქართველმა იცის სიმართლე (თუ არ იცის, მიახლოებით მაინც ხვდება) – ომი დიახაც რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. ამას არც ჰაიდი ტალიავინის დასკვნა სჭირდება და არც სხვა გადამთიელის. ყველამ ყველაფერი ნახა 2008 წლის 7-8 აგვისტოს. მაგრამ, საჯაროდ, კოლექტიურ დონეზე, სიამაყისა თუ ამპარტავნების გამო, მაგრამ ძირითადად, პროპაგანდის შედეგად, ქართველი ამას არ აღიარებს. იგი მიჩვეულია, რომ საჯაროდ მან რუსეთი უნდა ლანძღოს, რუსეთს უნდა დააბრალოს თავისი გასაჭირი და ქვეყნის გასაჭირიც.
ასეთ პოზიციაზეა უმრავლესობა, სააკაშვილის მოძულეთა ჩათვლით. „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების გამოქომაგება ივანიშვილის ნათქვამის მიმართ კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და ხელს არ უწყობს ჯანსაღ დისკუსიას, რომელიც სწორედაც რომ საჭიროა მოცემულ თემაზე.
საინტერესოა, რომ საკითხი მოუმზადებელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ოსებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა და მათშიც ნაკლები ენთუზიაზმი გამოიწვია. სეპარატისტულმა ხელისუფლებამ არანაკლები სისულელეები აფრქვია, ვიდრე ქართულმა ლიბერალურმა ოპოზიციამ. ივანიშვილის განცხადება განცხადებად არ უნდა დარჩესო, უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაო – ამბობენ ისინი. ზოგიერთები თრუსოს ხეობის ოსეთისთვის „დაბრუნებასაც“ ითხოვენ.
კიდევ ერთხელ: საკითხი მოუმზადებელია საჯარო სივრცისთვის და შედეგიც შესაბამისად ნეგატიურია. ამიტომ ვიყავი ყოველთვის იმის მომხრე, რომ გამართულიყო საჯარო ღონისძიებები ქართულ-რუსული დიალოგის კუთხით, რაც ამოსავალი წერტილი იქნებოდა ქართულ-ოსური თუ ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყებისთვისაც. მაგრამ პირიქით, არც ყოფილა ამის მცდელობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უფრო უარესიც – ხელი გვეშლებოდა ჩვენ, არამედასავლეთე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (კონკრეტულად, ჩემს მიერ დაფუძნებულ „ევრაზიის ინსტიტუტზე“ ვიტყვი), მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად. ამგვარი ხელის შეშლის მაგალითებიდან, შეიძლება, დასახელდეს ჩვენს მიერ მოწვეული რუსი სპეციალისტების საქართველოში არშემოშვება, მოსკოვის კულუარებში ჩვენს წინააღმდეგ ხმების დაყრა, პრემიერის სპეცწარმომადგენლის მხრიდან ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავის არიდება, 2022 წლის ჩვენი ანტიბანდერული მიტინგის საპოლიციო ძალით დაბრკოლება, ხოლო ნაცვლად რეალური სახალხო დიპლომატიისა, ლიბერალური რუსული „გორჩაკოვის ფონდისთვის“ ასპარეზის დათმობა, რომელმაც ქართულ-რუსული საზოგადოებრივი დიალოგის იმიტაცია გაათამაშა (თუმცა სინამდვილეში, ეს დიალოგი ჩანასახშივე ჩაახშო).
ახლა კი ისმის მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა, ვიდრე ზემოთ დასმული პირველი კითხვა: რა მოტივით განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო გამოსვლის ფარგლებში ის, რაც განაცხადა?
პასუხი: არ ვიცი, ვარაუდების გამოთქმას კი თავს ავარიდებ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილს არ დავუკარგავ: მისი განცხადება ეწინააღმდეგება საარჩევნო კონიუნქტურას, სამაგიეროდ, სახელმწიფოებრივად გამართლებულია, სამომავლოდ კი, კარგი შედეგის მომტანიც შეიძლება გახდეს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება მისასალმებელია!
ამას ვამბობ იმისდა მიუხედავად, რომ თავად მე არ მივიჩნევ ნაადრევ ბოდიშს (თუნდაც სააკაშვილის რეჟიმის ჰიპოთეტური გასამართლების შემდეგ, მაინც ნაადრევი იქნება) საჭიროდ. ამას ქვემოთ დავასაბუთებ. თუმცა პარადოქსი და წინააღმდეგობა არ არის ჩემს ფორმულაში: ბოდიშის მოხდას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ბოდიშის მოხდის შესაძლებლობის გაჟღერებას ივანიშვილის მხრიდან, თანაც გაგანია არჩევნების დროს, ვიწონებ! ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა. ბოდიში, ივანიშვილისვე სიტყვებით, დღეს არ ხდება, იგი მომავალში უნდა მოხდეს. დღეს კი დაგვრჩა ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ კარგი „შემოლაწუნება“ მიიღო – გამოსაფხიზლებლად გამოდგება! დაე, ეს იყოს პირველი ნაბიჯი სიმართლის გზაზე! სიმართლე კი საქართველოს მუდმივ ინტერესშია – თუკი ჩვენ მართალი ხალხი ვართ, ეს ასე უნდა იყოს!
ახლა კი მომავლის თემაზე და რას მივიჩნევ სწორად.
პირველ ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ აფხაზეთისა და შიდა ქართლის (სამხრეთ ოსეთის) პრობლემები ერთმანეთისგან. ეს მეთოდოლოგიურადაც და ქართული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეც, სწორი იქნება. აქამდე საკითხი ასე არასოდეს დასმულა, ვინაიდან სააკაშვილმა თავს მოგვახვია „ოკუპაციის“ თემა და ანალიტიკური მიდგომები დათრგუნა. ეს სწორედ იმ „დავალების შესაბამისად“ მოხდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ახსენა და უთუოდ დასავლეთს გულისხმობდა.
სხვათა შორის, ერთმა რუსმა არაკეთილმოსურნე, უფრო სწორად, აფხაზებთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა დაწერა: ივანიშვილის განცხადება არაგულწრფელია, ის უფრო ჰგავს მცდელობას, „ორ მოძმე რესპუბლიკას“ შორის, ანუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, შუღლი ჩამოაგდოსო. საბედნიეროდ, ამას მეორეხარისხოვანი ჟურნალისტი წერს ასევე მეორეხარისხოვანი გამოცემისათვის, მაგრამ შეიძლება, იგი მართალიც იყოს.
მაშ ასე, აფხაზეთის და ოსეთის საკითხების განცალკევების აუცილებლობის არგუმენტაცია: აფხაზების სახით, საქმე გვაქვს დამოუკიდებლობის მსურველ, ეთნიკური კატეგორიების აზროვნების ხალხთან, რომელიც თავად აბრკოლებს საკუთარ განვითარებას და, ფაქტობრივად, წარსულშია ჩარჩენილი. აფხაზებისგან განსხვავებით, ოსები ბევრად უფრო პრაგმატული ხალხია. ეს პრაგმატიზმი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, თუკი მას მივაქცევთ ყურადღებას. აფხაზი თითქმის ყველაფერში „დამოუკიდებლობის დაკარგვას“ ხედავს, დაკომპლექსებულია თავისი უკიდურესი მცირერიცხოვნობით და უარს ამბობს თვით რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ხელსაყრელ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
ოსებში ნაკლებად შეიმჩნევა ეთნიკური იდენტობის დაკარგვისა და გადაშენების შიშები. თანაც, ისინი რუსეთის მიმართ ასი პროცენტით არიან ლოიალურნი. თუკი ცხინვალელ ოსებს ექნებათ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების ეკონომიკური და ფინანსური დაინტერესება და თან, ამავე დროს, ასეთ ურთიერთობებს მხარს დაუჭერს მოსკოვი, ისინი ამ ურთიერთობებზე წამოვლენ. სეპარატისტული ბიუროკრატია უფრო რბილი და დამთმობი გახდება როგორც რუსეთის, ისე საკუთარი, საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობებით დაინტერესებული ხალხის ზეგავლენით. აფხაზებთან ასეთი რამ უფრო ძნელად მისაღწევია ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გამო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის სისხლიანი ომი ოსებთან გვქონდა და არა აფხაზებთან, ოსები უფრო მალე შემობრუნდებიან ჩვენსკენ, ვიდრე აფხაზები.
უკვე რამდენი წელია, ლარსის საგამშვებო პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე თითქმის მთელი წლის მანძილზე უკიდურესად არის გადატვირთული. სატვირთო თუ სამგზავრო მანქანები უზარმაზარ რიგებში დგანან ორივე მიმართულებით. მალე დასრულდება ქვეშეთი-კობის შემოვლითი გზა, რომელიც დააჩქარებს მოძრაობას, მაგრამ დარიალის ხეობასა და ლარსის გამშვებ პუნქტს პრობლემას მაინც არ მოუხსნის. ყველაზე ლოგიკურია როკის გვირაბის გახსნა და სატვირთო მანქანების ცხინვალის გზით მოძრაობა. ეს განტვირთავს დარიალის ხეობას და მის ეკოლოგიას იხსნის, სამაგიეროდ, გახდება ქართულ-ოსური თანამშრომლობის საფუძველი, საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. პერსპექტივა იხსნება რკინიგზის მშენებლობისთვისაც, რომლის შედეგად რუსეთი მიუერთდება საქართველოს სარკინიგზო სისტემას და თურქეთს დაუკავშირდება ყარსის მიმართულებით. საქართველოს შეუმცირდება აზერბაიჯანზე დამოკიდებულება – დღეს რუსეთიდან სარკინიგზო ტვირთები მხოლოდ აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით შემოდის, რადგან ჯიუტი აფხაზები არც კი განიხილავენ საქართველოსთან რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას, თანაც, აფხაზური რკინიგზა, გარემონტების და განახლების შემთხვევაშიც კი, არ იქნება მაღალი გამტარუნარიანობისა.
აი ეს პრაგმატიზმი უნდა გახდეს ქართულ-ოსური თანამშრომლობისა და შემდგომი დაახლოების, ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენის საფუძველი. ამას არ დასჭირდება ბოდიშები, ამას სჭირდება რუსეთთან პატიოსანი და ღია დიალოგი – უკვე დღეს და ახლა. ბოდიშის მოხდას შემდგომშიც მოვასწრებთ და ზოგიერთები აქეთაც მოგვიხდიან ბოდიშს. მთავარია, დროულად დალაგდეს ქართულ-რუსული ურთიერთობები.
გულბაათ რცხილაძე
პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი,
ა.ი.პ. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი (2009 წლიდან)