16.10.2024

ან დასავლეთთან, ან …

იყო ასეთი პოლიტიკოსი, გვარად ბაროზუ — ევროკავშირის ხელმძღანელი, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს დაუწუნა მრავალწახნაგოვანი საგარეო პოლიტიკა და ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევით შუბლში მიახალა — ან ჩვენთან, ან რუსეთთანო.

იანუკოვიჩი ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის წინაშე იდგა და ვერ გადაეწყვიტა საით წასულიყო — დასავლეთით თუ აღმოსავლეთით.

დასავლეთით წასვლა უკრაინას უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენებდა, აღმოსავლეთით კი — რუსეთთან არსებული კავშირების გამყარებას მოუტანდა, მაგრამ აღმოსავლეთი, უკვე გაევროპელებული (სიტყვით) უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელი იყო, აი ასეთი — ბნელი, ჩამორჩენილი რუსეთი.

იდგა 2013 წლის შემოდგომა, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ჟამი.

ევროკავშირი, ამ სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირის შესასვლელთან დაბმას, როგორც შინაური პირუტყვის, დიდ წარმატებად მიიჩნევდა, განსაკუთრებით უკრაინის — საბჭოთა პერიოდის ყველაზე მოწინავე რესპუბლიკის, რომელიც ეკონომიკურ-სოციალური პარამეტრებით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ევროპის.

ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა აღარ უნდა ყოფილიყო სამრეწველო გიგანტი, მხოლოდ სოფლის მეურნეობით უნდა დაკმაყოფილებულიყო.

იანუკოვიჩის თავშეკავებამ და ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერის პროცედურის 2014 წლისთვის გადაწევამ გამოიწვია გაევროპელებული (სიტყვით) პოლიტელიტის აზვირთება, იანუკოვიჩის დამხობა და 2014 წლის მაიდნის რევოლუცია, რომელმაც ენით აუწერელი უბედურება მოუტანა უკრაინას — დაპირისპირება რუსეთთან, უკრაინაში ფაშიზმის აღორძინება, ტერიტორიების დაკარგვა, სოფლებისა და ქალაქების ნგრევა, ქვეყნის მოსახლეობის კატასტროფული შემცირება — 52 მილიონიდან, 19 მილიონამდე, უკრაინელის, იგივე რუსის, რუსთან დატაკება და ანტირუსული ზიზღის ისე გავრცელება უკრაინის მაცხოვრებლებში, როგორც ერისთვის სანატრელი სიკეთის.

ზემოთ ბაროზუ ვახსენე — იანუკოვიჩისთვის კატეგორიული „რჩევის“ მიმცემი, მაგრამ მარტო ბაროზუ აძლევდა ამ „რჩევას“ უკრაინის პრეზიდენტს?

არა, პატივცემულო მკითხველო. ბაროზუ, ის ევროკავშირელი იყო, ვისაც ათქმევინეს. მთავარი მრჩეველი, მაპატიეთ მბრძანებელი აშშ-ის ადმინისტრაცია, პოლიტიკა იყო, რომელმაც 2014 წლის მაიდნის რევოლუციის დროს დაგვანახა თავისი თავი — დაუნდობელი, გარეგნულად „ჩაფუნთუშებული“, შინაგანად — რუსეთის, როგორც მეტოქის წინააღმდეგ შემართული.

უკრაინაში ომია — სპეციალურ სამხედრო ოპერაციად წოდებული, მსხვერპლით, ნგრევით. დასავლური წყაროების მიხედვით, უკრაინამ ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა და როგორც ჩანს, უფრო მეტს დაკარგავს, ვინაიდან ომს დასასრული არ უჩანს. და არ უჩანს იმიტომ, რომ კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს მეთაურობით, წინააღმდეგია ომის დამთავრების.

ომის დამთავრების მსურველს არ უნდა ჰქონდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოთხოვნა. თუმცა ძნელია ასეთის (მოთხოვნის) უგულებელყოფა, როდესაც უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის მიწოდებისთვის აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აშშ-ს პრეზიდენტისა და კონგრესის ძალისხმევით მსუყე შეკვეთებს იღებს.

კონვეიერი მუშაობს და მისი შეჩერება არა მარტო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობაზე იმოქმედებს უარყოფითად, არამედ ხელისუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებზეც, რომლებიც მნიშვნელოვან თანხებს იღებენ ომის ლობირებისთვის.

ასე რომ, მათი განცხადებები — „უკრაინა იმარჯვებს“ ან „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“ გასაკვირია საქმეში ჩახედულთათვის, მაგრამ საქმეში ჩაუხედავთათვის საკენკია, რომელსაც ისინი კენკავენ ქათმებივით.

ამერიკულ საკენკს ისე დაეჩვია ევროკავშირის მოსახლეობა და ბევრი სხვაც, მაგალითად საქართველოც, რომ წამითაც არ ფიქრობს საკენკი პესტიციდებით, ქიმიკატებით არის გაჟღენთილი და ვნებს ფრინველის ჯანმრთელობას.

ფრინველის ჯანმრთელობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობას რომ ვნებს ვაშინგტონის პოლიტიკური საკენკი, სადავო აღარ არის!

მაგრამ არა!!!

30-წლიანმა ამერიკულმა დიქტატმა ბედკრულ საქართველოზე უმძიმესი შედეგი მოგვიტანა — ხალხის გადაგვარება!

არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს სტატიებში, სატელევიზიო გამოსვლებში იმ დეგრადაციაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა — მრეწველობის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, მთლიანობაში ეკონომიკის დარგში, მაგრამ განათლებაში, მეცნიერებაში არსებული დეგრადაცია გაცილებით მტკივნეულია.

აშშ-ი, საბჭოთა კავშირი არ არის, რომელსაც განსწავლული, პროფესიონალური კადრები ესაჭიროებოდა, ამიტომ აშენებდა სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, დარგობრივ ინსტიტუტებს, მეცნიერებათა აკადემიას.

აშშ-ს მცოდნე „პარტნიორი“ არ სჭირდება. მას მონა-მორჩილი ქვეყანა ხიბლავს, ოღონდ რუსეთის მტერი, რუსეთისთვის აგრესიული გამოხდომების მომწყობი.

რა იოლი დავალებააო, — თქვეს გონგამოცლილმა ქართველებმა, უპირველესად პოლიტიკოსებმა. ამის შესრულებას რა უნდაო — და ქოქოლა დააყარეს რუსეთს. დააყარეს?

არათუ დააყარეს, დღესაც აყრიან თან რა გაშმაგებით.

რადიო „პალიტრაზე“ ყოფილი პარლამენტარის მელაშვილის ნათქვამს მოვკარი ყური — მოსკოვს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, მეფის რუსეთის დროინდელი ტერიტორიების დაბრუნებაო და ივანიშვილს გადაჰკრა ოსებისთვის ბოდიშის მოხდის წინადადების გასაჯაროებისთვის.

მელაშვილის „სიბრძნეს“ არ ჩავუღრმავდები — სუნი დადგება ჩეჩმის, ივანიშვილის განცხადებაზე შევჩერდები, რამეთუ ისე მოხვდა ქართულ პოლიტიკას მისი ნათქვამი, როგორც შველს ისარი, უმანკო არსებას. არადა, თანამედროვე საქართველო არც უმანკო შველი და კრავია, ის უფრო ირემია, ასაკოვანი, ამერიკელთა მიერ შუბლზე დადგმული რქებით, ხშირად აგრესიული, მეზობელი რუსეთის მიმართ.

ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო, 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებისთვისო. მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ ჰქონია ადგილი აგრესორი, ომის გამჩაღებელი ქვეყნის მიერ მონანიებას, ბოდიშის მოხდას და დაზარალებულთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების დაწყებას, როგორც თანამედროვე მსოფლიოს დიპლომატიურ არენაზე ამბობენ — ახალი, სუფთა ფურცლიდან.

აღნიშნულ მოვლენას რომ ჩაწვდე, ისტორია უნდა იცოდე — საკუთარიც და სხვისიც. საკუთარის არცოდნა, სხვისის არცოდნის საწინდარია. ცოდნა კი დიდი დეფიციტია თანამედროვე საქართველოსთვის. წერა-კითხვის ცოდნა, ცოდნას, განათლებას არ ნიშნავს.

მცოდნე საქართველო, 32 წლის წინათ უკან ჩამოვტოვეთ ლანძღვა-გინებით, თუმცა ახალი ვერ შევქმენით.

საბჭოთა საქართველო არა მარტო მოწინავე საბჭოთა რესპუბლიკა იყო, არამედ სამაგალითო მსოფლიოში — განათლების თვალსაზრისით. 5,5-მილიონიან ქვეყანას, სხვადასხვა დარგის იმდენი მეცნიერი, პროფესორი, აკადემიკოსი ჰყავდა, ბევრი, ჩვენზე დიდი ქვეყანაც რომ ვერ დაიკვეხნიდა.

ეს იყო და რომ იყო, არა მარტო უცხოეთმა არ იცის, არამედ საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა თაობამ. ვისი ბრალია? — იკითხავთ — კოლექტიური დასავლეთის, უპირველესად აშშ-ს, რომელმაც ხალხის განათლების დეგრადირებისთვის ბევრი გააკეთა და მისთვის სასარგებლო შედეგიც მიიღო — წერა-კითხვის მცოდნე, მაგრამ გაუნათლებელი, არამოაზროვნე ქართველი.

ძნელია სხვა ქვეყანას მოსთხოვო, სხვა ქვეყნის ხალხის სიყვარული, როდესაც საკუთარს აგდებულად ექცევა. ასეთია აშშ, ქვეყანა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკა „სტრატეგიულ პარტნიორს“ უწოდებს და მისი სიყვარულით ზეზეულად დნება. ისე, კაცმა რომ თქვას — რაში უნდა აინტერესებდეს აშშ-ს ქართველი, ამერიკიდან ათეულ ათასობით კილომეტრით დაშორებული, უსუსური, მდიდარი წიაღისეულის არმქონე?

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის არმცოდნე ქართველს, და ასეთია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა, ცხოვრებისეული წესი, ტრადიციები ის მანიტი ჰგონია, რომელიც მოიზიდავს ამერიკელს, ევროპელს და ჩაგვახუტებს მათთან.

ერთმა ბრიყვმა ქართველმა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია — ბრიყვთა დაავადება, ბრძანა — ჩვენ, ჩვენი კულტურით, ტრადიციებით შევალთ ევროკავშირში და გავამდიდრებთ მასო. კახურად იტყვიან — რა კულტურა, რი კულტურა?! ადამიანი, რომ თავს უფლებას მისცემს —„ჩვენ, ჩვენი კულტურით, სხვას გავამდიდრებთო“ — უკულტურობაა. შენს კულტურაზე სხვამ უნდა ილაპარაკოს და არა შენ, ანუ ჩვენ.

დიდი კულტურისა და ისტორიის მატარებელმა, „ნიჭიერმა“ ერმა საკუთარი ქვეყანა ვერ მოვაწყვეთ, ვერ ავაშენეთ! ისე დავიმცირეთ თავი, ამერიკელის ხელში რუსის დუმებში შესარჭობ სადგისად ვიქეცით.

დიდი კულტურის, ჰუმანიზმის მატარებელი ერის წარმომადგენელმა, 116-ე საშუალო სკოლის მასწავლებელმა ქალმა პუშკინის წიგნი დაწვა კოლეგებთან ერთად და ეს ამაზრზენი სანახაობა ინტერნეტით გვაცნობა გამარჯვებულმა. მასწავლებელს, ჰიტლერის „მაინ კამფის“ („Mein Kampf“, „ჩემი ბრძოლა“) დაწვა თავშიც არ მოსვლია — გადმოქართულებულის.

რა რეაქცია აქვს უზომოდ „განათლებულ“ განათლების სამინისტროს — საზოგადოებამ არ იცის. ის ქალბატონი, ისევ აგრძელებს მოსწავლეთა „განათლებას“ და რა გასაკვირია, რომ მის ხელში ისეთი გაიზარდოს, რომელმაც ამა წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ავტომანქანა დაწვა და პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩალეწა.

დავუბრუნდეთ ივანიშვილის განცხადებას — ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, რამაც არა თუ მოთმინებიდან გამოიყვანა საქართველოს საზოგადოება, არამედ გააცოფა კიდევაც. გაცოფებულ ქართველებს არ მოეწონათ, მაგრამ უცხოელებსაც რომ არ მოეწონათ — გასაკვირი არ არის. მაინც რა არ მოეწონათ უცხოელებს?

„დარწმუნებული ვარ, რომ ძმათამკვლელი დაპირისპირება, რომელიც საქართველოს მტრებმა გააჩაღეს ჩვენს შორის, დასრულდება ურთიერთშენდობით და გულწრფელი შერიგებით“.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით შეხედულება საქართველოს საზოგადოებაში რომ არაცალსახაა, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ მოთხოვნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებაში რიტუალური სახის მატარებელია, და ისე, როგორც ნებისმიერი რიტუალი — რეგულარული, პოლიტიკური ტრადიციების ნაწილი, რასაც შიგადაშიგ მიმართავენ ეკზალტირებული პიროვნებები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც უბადრუკ სცენებს აწყობენ საქართველო—სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სადაც მიჰყავთ მაღალ-დაბალი რანგის უცხოეთის დელეგაციები, რუსი ოკუპანტების სანახავად.

წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა პარტია „გირჩის“ კოლექტიურმა შარვლის ჩახდამ და გათუნთულებული ტრაკების მესაზღვრეებისთვის მიშვერამ. კიდევ კარგი, რომ საზღვრის მეორე მხარეს მყოფთა შორის თანამედროვე დასავლური კულტურა-ფასეულობების მიმდევრები არ აღმოჩნდნენ, თორემ ხომ შევრცხვებოდით? ეს სირცხვილი ხომ ომში დამარცხების სირცხვილზე მეტი იქნებოდა?

თუმცა, გაევროპელებული ქართველისთვის ასეთი მარცხი საამური იქნებოდა.

ივანიშვილის განცხადებამდე, აგვისტოს ომს არვინ იხსენებდა და თუ იხსენებდა — ფორმალურად. საზოგადოება მიეჩვია დაკარგულის დაუბრუნებლობას. რა გაეწყობა, როცა ძალა არ გაქვს, რეალობასთან შეგუების გარდა არაფერი გრჩება. მოლაპარაკებით კი არაფერი გამოვა, ვინაიდან თვით შუამავალნი, აშშ-ევროპის სახით, მოწადინებულნი არ არიან საკითხის თბილისის სასარგებლოდ გადაწყვეტისთვის. არავითარი ბერკეტი მათ ამისთვის არ გააჩნიათ.

ეს იცის ქართულმა პოლიტიკამ, მაგრამ საზოგადოებას ატყუებს — დასავლელი პარტნიორების დახმარებით მოვაგვარებთ საკითხსო. მოგვარების პროცესი გაჭიანურდა, თანაც ისე, რომ მოგვარება აქაურს აბსტრაქტული ჰგონია და იმედდაკარგულს, ტერიტორიული გამთლიანება ზღაპრად მიაჩნია.

გასაკვირი არაფერია, ვინაიდან თანამედროვე ცხოვრების მიერ წამოჭრილმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა, მე-3, მე-4 საფეხურზე გადასწიეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. საზოგადოებას აღარც დამნაშავე სააკაშვილის დასჯა აინტერესებს და აღარც 2008 წლის ქართველი „გმირი“ ოფიცრების, რომლებმაც ჯარისკაცები მიატოვეს და თბილისისკენ მოცოცხეს.

ივანიშვილის აგვისტოს ომის გახსენებას და აგრესორი ხელისუფლების დასჯის თემის წინა პლანზე წამოწევას, თან იმის განცხადებას, რომ ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნებში გამარჯვებისთვის.

„ოცნება“, ყოველგვარი ზედმეტი ჭინთვის გარეშე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოიგებდა არჩევნებს. ივანიშვილმა თავისდა უნებურად ოპოზიციას მისცა კოზირები საკუთარი თავისა და პარტიის წინააღმდეგ, რომლებსაც ისედაც უწოდებდნენ კრემლის მარიონეტებს, მაგრამ განცხადების შემდეგ ამ „ტიტულს“ სხვაც დაემატა.

რუსული მედია სააკაშვილის გამო ბოდიშის მოხდას არ თვლის სამართლიანობის აღდგენად, ვინაიდან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია 1991 წლიდან დაიწყო, ვერბალური კი — 1989 წლიდან. 1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლებამ გააუქმა ავტონომიური ოლქის სტატუსი და გამოაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა იურიდიულ არსებობას ადგილი არ აქვს. არსებობს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ სახელით. თბილისში, დღესაც არსებობენ ემიგრანტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებები.

ივანიშვილის განცხადებას არ ახლავს იურიდიული გადაწყვეტილებებიო — აცხადებენ რუსი ჟურნალისტები.

რაც მართალია. ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული მხარე მუდმივად მოითხოვს მხარეთა შორის ნორმალური ურთიერთობების დაწყებისთვის საქართველოს მიერ ძალის გამოყენებაზე უარის თქმის იურიდიულ დოკუმენტზე ხელის მოწერას, რაზეც თბილისი თავს იკავებს.

ივანიშვილის განცხადებას უმალ გამოეხმაურა აფხაზეთი. მოუწოდა რა თბილისს „ოკუპირებული ტერიტორიების“ კანონის გაუქმება. ამ კანონის გაუქმებით, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მიეცემათ მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების წარმოების შესაძლებლობა, თუნდაც საქართველოსთან კავშირების განვითარების, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, ისე, როგორც სოხუმის აეროპორტის ამოქმედების.

ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც თითქმის იდენტურია პარტიის დამფუძნებლის განცხადებისა, ოღონდ უფრო გამოკვეთილი: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს შეასრულა ქვეყნის გარე ძალების დავალება“.

რა ძალების? — იკითხავთ. იმ ძალების, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოსაწვევი ბარათი აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის მიერ მოწყობილ წვეულებაზე დასასწრები, უკან წაიღო.

გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესიის მონაწილე ქვეყნების მეთაურებისა და დელეგაციის წევრებისთვის, მასპინძელი ქვეყნის მეთაური მართავს წვეულებას. აი, ამ წვეულებაზე დამსწრეთა სიაში კობახიძეც იყო, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა ის ამოიღეს მოწვეულთა სიიდან.

რას ნიშნავს ეს?

უპირველესად, ამერიკელთა უსუსურ დიპლომატიას, დაწვრილმანებულ აზროვნებას. მეორეს მხრივ იმას,  რომ აშშ-ი ზომაზე მეტადაა ნაწყენი საქართველოს ხელისუფლებაზე და ყველაფერს იღონებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკანონიერად გამოცხადებისთვის, თუკი მასში „ოცნებამ“ გაიმარჯვა.

არც ის არის გამორიცხული, რომ მან თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში, საკუთარი ხმების დასაცავად. აშშ-ს ადმინისტრაციისა და კონგრესის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ხმარობენ სიტყვა „ხალხს“ — „ქართველ ხალხს სურს დასავლური დემოკრატია, ცივილიზაცია, რასაც ხელს უშლის მმართველი პარტია, „ოცნება“.

ამერიკელთა მიერ „განათლებულ“ ხალხს, საბედნიეროდ არა ყველას, მართლაც ჰგონია, რომ ამერიკა ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს. ამ ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც საკუთარ ხალხზე არ ფიქრობს, უცნობი საქართველოს, უცნობ ხალხზე იფიქრებს? იქნებ, დროა სერიოზულად აღვიქვათ არსებული რეალობა — ყოველგვარი ვირტუალური მოსაზრების გარეშე, რომლის მიხედვით, საქართველოს ირგვლივ ტრიალებს მთელი მსოფლიო.

გაუნათლებლობას ნიშნავს ყოველივე ეს!!! გაუნათლებლობის დამფუძნებელი საქართველოში, აშშ-ა, საქართველოს ყველა ხელისუფლებასთან ერთად, 32 წლის განმავლობაში რომ მართავდა და მართავს ქვეყანას.

სექტემბრის დასაწყისში მეზობელი რუსეთის პრეზიდენტმა სწავლის დაწყება მიულოცა ტივის რესპუბლიკის საშუალო სკოლის მოსწავლეებს და ხანგრძლივი საუბარი გამართა მათთან. შემშურდა! მოსწავლეების ცოდნის დონემ გამაოცა, მათ მიერ დასმულმა კითხვებმა. ასევე შემშურდა რუსი ჟურნალისტების ეკონომიკურ-ფინანსური საკითხების ღრმა ცოდნის, რაც მათ გამოავლინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან ელვირა ნაბიულინასთან კითხვა-პასუხის დროს.

და ამ ქვეყანაზე ამბობს ქართული პოლიტიკა, განსაკუთრებით ოპოზიცია, ბნელი და ჩამორჩენილია?!

ბნელი და ჩამორჩენილი ვერ მოახერხებს საერთო ეროვნული პროდუქტის ისეთ მაღალ დონეზე წარმოებას, რომ ეკონომიკური განვითარების ტემპით მე-4 ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოში აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის შემდგ. და ეს მაშინ, როდესაც 20 ათასზე მეტი ეკონომიკური სანქცია დაუწესა მას კოლექტიურმა დასავლეთმა.

და ისევ ივანიშვილი და მისი განცხადება. ჩემი პირადი მოსაზრებით, 16 წლით დაგვიანებული განცხადება, თუკი გვიან, მაგრამ მაინც არ გამოიწვევს ხელისუფლების რეაგირებას დამნაშავე სააკაშვილისა და მისი ნაცბანდის დასასჯელად, ჰაერში ნატყორცნ ლოზუნგს დაემსგავსება. გარდა ამისა, ხელისუფლებამ შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს გარე ძალებთან მიმართებაში, ვინც სააკაშვილს ომი დააწყებინა.

რას ნიშნავს ეს დასავლეთისთვის, უპირველესად აშშ-ს, რომელიც იყო 2008 წლის აგვისტოს ომის ინიციატორი?

2008 წლის ომის შედეგად შემუშავებული რეაქციული პოლიტიკის დაშლას — რუსეთის წინააღმდეგ მომართულს.

ივანიშვილი და კობახიძე აცხადებენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო დასავლეთის წაქეზებით.

ომი, რომ სააკაშვილმა დაიწყო აქაც ვიცით და იქაც იციან. ევროკავშირის სპეცკომისიამ, გაერომ შეისწავლა და შეაფასა 2008 წლის ომის პერიპეტიები და დაასკვნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ მათ არ უთქვამთ, რომ ომი საქართველომ აშშ-ს წაქეზებით დაიწყო; რომ წაქეზების მიზანი რუსეთის გამოწვევა იყო, ვითომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით.

ომის წამქეზებელი „გარე ძალები“ ივანიშვილ-კობახიძემ განაცხადეს, რაც თავისთავად ჩამოაცილებს რუსეთს „აგრესორის“ სახელს და არა მარტო, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე რუსეთს გამოაჩენს არააგრესორად, არამედ საკუთარი სამშვიდობო ძალების დამცველად.

არის ასეთი ქართული გამოთქმა — „სიმართლის მთქმელს, ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“. გაუძლებენ სენსაციური განცხადების ავტორები შიდა და გარე შემოტევას?!

და ბოლოს, ისევ ბაროზუს ნათქვამის გამეორება, ოღონდ ამჯერად საქართველოსთვის — აშშ-ს, ის ქვეყანა მოსწონს, რომელიც მხოლოდ მასთანაა და არა სხვასთან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

28/09/2024