12.12.2024

ფსევდოპატრიოტიზმი ძალაშია

„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, განათლებული, გულანთებული კაცები არ ჰყავს.“ — ილია ჭავჭავაძე.

ბრძენ ილიას დღევანდელი საქართველოსთვის რომ შეეხედა, თვალზე ხელს აიფარებდა, ყურს დაიხშობდა და არასდროს დაგვმოძღვრავდა, ვინაიდან გამგები მისი სიბრძნისა — ესოდენ მარტივად გადმოცემულის, არვინ იქნებოდა.

თანამედროვე საქართველო თავისი კლიმატით, ტერიტორიით, ფლორითა და ფაუნით, უდავოდ მიმზიდველი, გამორჩეული, საინტერესო ქვეყანაა, წიაღისეულითაც მდიდარი თუ არა, საშუალო დონისაა. მასზე ძნელია ითქვას, რომ ღარიბი ქვეყანაა. სიღარიბე სხვაში შეიმჩნევა, ამ ქვეყანაში დასახლებულ ხალხში და ამ ხალხის დაბალ აზროვნებაში, განსაკუთრებით პოლიტიკოსების, ე.წ. საზოგადო მოღვაწეების.

საქართველოში მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობა, თავს ქართველს რომ უწოდებს, ყოყოჩობითაც გამოირჩევა, ამასთანავე უმადურობით, დაბალი განათლებით, შურით. ქართველთა ნიჭიერებაზე, თვით ქართველები ლაპარაკობენ — სულმოუთქმელად, თავდავიწყებით. სხვები რატომღაც თავს იკავებენ, მარტივი მიზეზის გამო — დღევანდელ მსოფლიოში ერთი ერის მიერ მეორის ნიჭიერად მოხსენიება მიღებული არ არის.

მაშ რა არის მიღებული? — იკითხავთ თქვენ.

მიღებულია მწერლობის, მხატვრობის, მუსიკის, მთლიანობაში ხელოვნების, მეცნიერების, ეკონომიკური მოღვაწეობის, საზოგადოების სოციალური მდგომარეობის შეფასება.

თავს იქებს ის, ვისაც სხვა არ აქებს. ძნელად შეხვდებით სხვაგან, ქართველთა მიერ საკუთარ თავზე ნათქვამი გამოთქმის მსგავსს — „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“; „ღმერთის წილხვედრი ქვეყანა“; „რითი ვართ სხვაზე ნაკლები“. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუ შეხვდებით ისეთ ზედაპირულ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია.

თანამედროვე ქართველი დიდ ერებს ეჯიბრება, მას ეპაექრება სიტყვიერად. პატარას, თავს არ უყადრებს — საზღვარგარეთ არსებული ქვეყნები და ხალხები მყავს მხედველობაში, თორემ საქართველოში მცხოვრები რა მოსატანია, ოსები, აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები და თითო-ოროლა სხვა ერის წარმომადგენელი ვინ არიან ჩვენთან შედარებით?!

არც არავინ. ისინი ჩამოსულები არიან. აფსუები, ოსები — ორივენი ჩრდილო კავკასიიდან; სომხები და აზერბაიჯანელები — მეზობელი ქვეყნებიდან.

ჩამოსულები! რამდენჯერ გვსმენია ეს სიტყვა, საუკუნეთა განმავლობაში რომ ცხოვრობენ აქ. შევძელით მათთან ერთად ცხოვრება? რა გავაკეთეთ ან ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთად გვეცხოვრა?

ბევრი რამ გაკეთდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს. მაშინ არვინ იშვერდა თითს — ეს ოსი ან აფხაზი, სომეხი ან აზერბაიჯანელია — არა ქართველი, არა პრიორიტეტული ერის წარმომადგენელი.

მაშინ ფეხბურთის მატჩის დროს თუ გაიხსენებდა ვინმე სომხობას, აზერბაიჯანლობას, რუსობას — 90 წუთით, რის შემდეგ ისევ ისეთები ვიყავით, როგორებიც მატჩამდე.

დამოუკიდებლობამ გააღვივა ნაციონალიზმი, სამწუხაროდ ზოგან ნაციზმი. უმალ დაიკარგა ინტერნაციონალიზმი. რა იყო ესოდენ სწრაფი ფერიცვალების მიზეზი — ჯერაც დაუდგენელია, შეუსწავლელია. ერთ-ერთი მიზეზი — საკუთარი უსუსურობის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

მოულოდნელად თავსდატეხილმა დამოუკიდებლობამ მძიმე განსაცდელის წინაშე დააყენა არა მარტო საქართველოს საზოგადოება, განსაკუთრებით პოლიტიკოსობა, ისინი, ვინც თავს დებდნენ პოლიტოკოსობაზე, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა. ვინც ამ პერიოდს შეესწრო, მას კარგად ემახსოვრება დაბნეული საზოგადოების ხელის ცეცება ბნელ ოთახში, გამოსავლის საძებად. თქვენი მონამორჩილი იმ გაურკვეველ, დაბნეულ, პერსპექტივადაკარგულ ცხოვრებას უზენაეს საბჭოში შეხვდა. ერთ დროს საბჭოთა საქართველოს, უცბათ გადასულს საქართველოს რესპუბლიკაში — დამოუკიდებელ ქვეყანაში, სუვერენულში, თუმცა სრულიად უცხოში საქართველოს საზოგადოებისთვის.

საზოგადოებას სმენოდა სიტყვები „დამოუკიდებლობა“, „სუვერენიტეტი“, მაგრამ მათი მნიშვნელობა არ იცოდა. არ იცოდა როდის და რა ვითარებაში გამოეყენებინა ისინი. გულწრფელად გეტყვით, რომ დღესაც არ ვიცით — 32 წლის დამოუკიდებლად ცხოვრების შემდეგ. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს სიტყვები სრულად ვერ გამოხატავენ მათ შინაარსს საქართველოში.

ქართველმა დღესაც არ იცის მათი მნიშვნელობა და არა მარტო მან, არამედ ამ სიტყვების სისტემატურად გამომყენებელმა აშშ-ა — დემოკრატიის აკვნად წოდებულმა.

ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა მთავრობამ, რომელმაც არათუ ქვეყნის მართვა, სახელმწიფო ატრიბუტი, კაბინეტიც არ იცოდა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო კაბინეტში, რა გადაწყვეტილება მიეღო. რაც იცოდა, მიტინგი იყო — მისი სულის, პატრიოტული შემართების გამომხატველი.

ქვეყნის მთავარ კაბინეტში შესვლიდან, ორი თვის თავზე, კაბინეტურ მუშაობას შეუჩვეველი და მიტინგებს მონატრებული ქვეყნის ლიდერი ნოსტალგიით იტყვის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე — რამდენი ხანია მიტინგი არ გაგვიმართავსო, რასაც „მრგვალი მაგიდის“ წევრებმა უმალ შეაგებეს — გავმართოთო და დაიწყო „ეროვნული“ ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის ახალი მეთოდი — უზენაესი საბჭოს სხდომა, მიტინგი პარლამენტის შენობის წინ. მიტინგი, შემდეგ სხდომა.

მიტინგს მიჩვეულმა ხელისუფლებამ ვერ შეიგუა კაბინეტური მუშაობა. ის ვერ მიხვდა, რომ მიტინგების ეპოქა დამთავრდა, დადგა ქვეყნის მართვის ეპოქა — ის რეალობა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, მაგრამ როგორ — ამ საქმეში გამოუცდელმა?!

ეროვნულ ხელისუფლებას, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობა გაეგრძელებინა, ასერიგად არ გაუჭირდებოდა, მაგრამ წინა სულ სხვა იყო — კომუნისტური.

გამსახურდიას ხელისუფლებას ისეთი პრობლემა დაატყდა თავს, როგორიც პოლიტიკური სისტემის ცვლა იყო — სოციალიზმიდან, კაპიტალიზმზე გადასვლა. ასეთი, უცხო იყო არა მარტო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნებისთვის, მეცნიერებისთვის.

ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლას განსწავლული კადრები სჭირდებოდა, განსაკუთრებით ეკონომიკაში, ფინანსებში, სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში, იურისპრუდენციაში, … ქვეყნის სათავეში მყოფი რიგითი ლიტერატორისთვის, თუნდაც პატრიოტისთვის მსგავსი ტვირთის ზიდვა შეუძლებელი იყო, რაც უმალ გამოვლინდა კიდევაც.

ზემოთ ჩამოთვლილი, ისევ ცრუ პატრიოტიზმისკენ გადახრით ჩანაცვლდა. ტერმინიც მოიძებნა — „საქართველო, ქართველებისთვის!“ — ნაცისტური ლოზუნგი, მძიმე შედეგის მომტანი საქართველოსთვის — აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონების ბუნტით, ოსებთან და აფხაზებთან დატაკებით, აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით, რუსეთთან დაპირისპირებით და ა.შ.

გამსახურდიას და მისი გუნდის ნეგატიური დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთთან არჩევნებში გამარჯვებამდე, კომუნისტური მმართველობის ბოლო წლებში დაფიქსირდა, როდესაც სამხრეთ ოსეთის საკანონმდებლო ორგანომ მთელი რიგი კანონები მიიღო საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

ოპოზიციამ, ოსთა მოსარჯულებლად „პატრიოტი“ ქართველები შეჰყარა და 100 ავტობუსით ცხინვალს მიაყენა, მიუხედავად ოსთა გაფრთხილებისა, რომ აქციას შეხლა-შემოხლა მოჰყვებოდა.

მოჰყვა კიდევაც. დაიღვარა სისხლი. უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის, რომელიც გაგრძელდა გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ეროვნული ხელისუფლება, პირწმინდა გამგრძელებელი გამოდგა მენშევიკური ხელისუფლებისა, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების მსგავსად, თავს ეროვნულს უწოდებდა. ახალმა „ეროვნულმა“, ძველი „ეროვნულისგან“ ბევრი რამ გადმოიღო — დამოუკიდებლობის აქტი, ეროვნული დროშა, იმჟამინდელი „პატრიოტული“ სულისკვეთება, რაც საქართველოში მცხოვრებ სხვა ხალხთან დამოკიდებულებაში გამოვლინდა, განსაკუთრებით ოსებთან და აფხაზებთან მიმართებაში.

ქართველთა და ოსთა დაძაბულმა ურთიერთობამ, ამ ურთიერთობის ფუძის ძიებამ, განსაკუთრებით შედეგების, გამსახურდიას აფიქრებინა ფართო საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ მისი ხელისუფლების პოლიტიკა ეფუძნება ისტორიულ ფაქტებს; რომ ოსები მოსული ხალხია, ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მე-18, მე-19 საუკუნეებში; რომ ისინი აბორიგენნი არ არიან და რახან ასეა, ისინი, როგორც სტუმრები უნდა იქცეოდნენ და არა როგორც მასპინძლები.

მასპინძელი საქართველოში ერთია — ქართველი. აი, ეს იდეა ედო საფუძვლად გამსახურდიას დავალებას, მიცემულს ქართველი ისტორიკოსებისთვის — დროის მცირე მონაკვეთში დაეწერათ სახელმძღვანელო ოსთა საქართველოში გადმოსახლება-ცხოვრებისა და მასპინძლებთან ურთიერთობათა შესახებ.

ქართველ ისტორიკოსებთან გამსახურდიას შეხვედრას მეც ვესწრებოდი — უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, კაბინეტში გამართული საუბრის შემდეგ, გამსახურდიამ თავისი გულის ნადები უზენაესი საბჭოს სესიის სხდომას გააცნო, რომელმაც მოიწონა და მხარი დაუჭირა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადებას.

ასე და ამრიგად, სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსის შემსწავლელმა კომისიამ მოამზადა  დასკვნა — ბროშურის სახით, რომელიც დასტამბა ილია ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოება „ცოდნამ“ და დაურიგა უზენაესი საბჭოს წევრებს სხდომაზე. „ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორია“ ჰქვია ამ ნაშრომს, ერთობ საინტერესოს და საყურადღებოს.

მოვიყვან ზოგიერთ ამონარიდს ბროშურიდან: „I-II საუკუნეებში და უმეტესად შემდგომშიც იბერია-ქართლი წარმატებით იყენებს ჩრდილო კავკასიის ტომებს, მათ შორის ალანებს — თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის … ქართველ და ოს ხალხებს შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობდა დინასტიური ქორწინებანი, რაც განსაკუთრებით გახშირდა XI-XII საუკუნეებში. მაგალითად, გიორგი I-ის (1014-1027) ცოლად ჰყავდა ოსი ალდე, ბაგრატ IV (1027-1072) დაქორწინებული იყო ოსთა მეფის ასულზე. დემეტრეს და ოსეთში იყო გათხოვილი. დემეტრემ თავის ვაჟს, გიორგი III ოსი ბურდუხანი შერთო ცოლად. თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი იყო. „ოვსთა მეფე, ტომი ბაგრატიონთა. ოსებს საქართველო იზიდავდა თავისი მაღალი ეკონომიკურ-კულტურული დონით, ბიზანტიიდან და საქართველოდან ვრცელდებოდა ალან — ოსეთში ქრისტიანობა VI-X საუკუნეებში …

ქართლში ოსთა გადმოსახლებას თავისი არსებითი მიზეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ XIII-XIV საუკუნეებში მონღოლმა და თურქმანული მოდგმის დამპყრობლებმა დაარბიეს და გაანადგურეს ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები ოსები. გადარჩენილთა ერთი დიდი ნაწილი ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან რაიონს შეეხიზნა, ხოლო შემდეგ ქართლს …

უტყუარი ცნობა, გვიან შუასაუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა კომპაქტური დასახლების შესახებ განეკუთვნება მე-17 საუკუნის დამდეგს“.

ასე რომ, ოსების ყოფნას საქართველოში შეიძლება ვუწოდოთ მრავალსაუკუნოვანი სტუმრობა?!

მეფის  რუსეთის დამხობამ და იმპერიის ტერიტორიაზე წარმოშობილმა კლასობრივმა ბრძოლამ, თავისი ნეგატიური გავლენა იქონია ამიერკავკასიაზე, ჩრდილო კავკასიაზე, საქართველოზე. ბოლშევიკთა ინიციატივით სამხრეთ ოსეთში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელმაც 1918 წლის 4 იანვარს ოფიციალურად აცნობა საქართველოს ეროვნულ საბჭოს — მუშაობას შევუდექით და ამიერიდან ყველა საკითხზე, რომელიც ოს ერს ეხება, ჩვენ მოგვმართეთო. ოფიციალურ ბარათში ისიც იყო ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთის საქმეთა უმაღლეს ხელმძღვანელ ცენტრს სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო წარმოადგენდა …

საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას (ზოგი მას მენშევიკურს უწოდებს) „პატრიოტიზმით“ გაჟღენთილს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებში აბორიგენობის სტატუსის მხოლოდ ქართველთათვის მიმნიჭებელს, ხოლო დანარჩენთათვის სტუმრის, თბილისიდან მართვის და რეგიონების, ცენტრისადმი უყოყმანო მორჩილების მსურველს, თვალში არ მოუვიდა ოსთა თავნებობა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა — გადაზრდილი ოსთა აჯანყებაში, რომელიც 1918 წლის მარტს, ქართულმა სახალხო გვარდიამ ჩაახშო. თუმცა ეს არ იყო ერთი აჯანყება, მას შემდეგი აჯანყებებიც მოჰყვა — მინიმუმ სამი. „დოკუმენტებში ძირითადად სწორად არის ასახული აჯანყებულ ოსთა მძიმე ხვედრი. აჯანყებულთა რაზმებმა, მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი. მოთმინების ფიალაავსებულმა ქართულმა მხედრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სამჯერ აჯანყებული ოსების მიმართ სასტიკი ულმობლობა გამოიჩინა. სოფელ ყორნისის, როგორც აჯანყების ერთ-ერთი კერის, გადაწვის თაობაზე, სპეციალური დადგენილება იქნა მიღებული.

ყოველივე ეს ქართული წყაროებითაც მტკიცდება. 70 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ამ ტრაგედიის დროს მიყენებული ჭრილობები ჩვენს ხალხებს დღესაც მოუშუშებელი აქვს.“ — წერია კომისიის დასკვნაში.

და მერე რა?

მერე, 70 წლის გავლის შემდეგ ახალი სასტიკი ულმობლობა, ამჯერად მენშევიკური მთავრობის კურსის გამგრძელებელი გამსახურდიას ხელისუფლების მიერ — ისევ სოფლების გადაწვით, ხოცვა-ჟლეტვით. და მერე?

მერე შევარდნაძის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ქართულ-რუსული სამშვიდობო ძალების ჩაყენება და მონიტორინგის ეუთოზე დაკისრება.

ფაქტიურად იმ დღიდან დაწყებული, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს კონსტიტუციური ძალაუფლება შეჩერდა და ყოფილი ავტონომიური ფორმირება, უხეშად რომ ვთქვათ, მხარედ იქცა, ანუ დამოუკიდებელ მხარედ — ახალი პოლიტიკური სტატუსის შემუშავებამდე — თბილისსა და ცხინვალს შორის.

ვერ შევიმუშავეთ? თბილისს, ცენტრალური მმართველობის მომხრეს, ოსთა ფართო ავტონომია არ აწყობდა. და მერე რა?

მერე ქართველთა ნაცადი მეთოდის გამოყენება — ძალისმიერად ოსეთის დამორჩილება, რასაც ხელი შეუწყო, წაახალისა და სული შთაბერა აშშ-ს იმჟამინდელმა (2008 წლის) ადმინისტრაციამ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა არა მარტო მძინარე ცხინვალს დააყარა ბომბები, არამედ რუსი სამშვიდობო ძალებიც ამოწყვიტა, რამაც გამოიწვია რუსეთის ჯარის სამხრეთ ოსეთში შესვლა და ქართული არმიისგან ავტონომიური ოლქის ტერიტორიის გაწმენდა.

ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ომი საქართველომ დაიწო. კონფლიქტის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, ჰაიდი ტალიავინმა, ერთი თვის წინათ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების დაცვის მიზნით, რუსეთს ჰქონდა კანონიერი უფლება სამხრეთ ოსეთში, ანუ საქართველოში შესვლის.

ზემომოყვანილი ფაქტები აშკარა დასტურია იმისა, რომ „ცისფერსისხლიანი“ ქართველები იგივე მეთოდებს მიმართავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების მიმართ, როგორც მომხდური, ქართველის მიმართ.

სამწუხაროდ, ამ არასახარბიელო ისტორიამ არაერთხელ წამოჰყო თავი სხვადასხვა საუკუნეში. იყო „შესვენების“ პერიოდიც — 70-წლიანი საბჭოეთის დროს, როდესაც დაგმობილი იყო ნაციონალიზმი და ყვავოდა ინტერნაციონალიზმი.

საბჭოთა სისტემის დაშლასთან ერთად დაიწყო ერთმანეთისადმი ქვების სროლა, არა მარტო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს შორის, არამედ რესპუბლიკებს შორის. შიდა დაპირისპირებამ ქართველთა და ოსთა, ქართველთა და აფხაზთა დატაკებამ, გამოწვეულმა ცენტრის ნეგატიური მმართველობით, ქვეყნის მართვის ანბანის არცოდნით, „ცისფერი“ სისხლის ჩქეფით ქართველთა ორგანიზმში, სიყოყოჩემ, ისტორიული წარსულის უცოდინრობამ, თავშეუკავებლობამ, მუდამ სხვათა დადანაშაულებამ გამოიწვია სისხლისღვრა გასული საუკუნის 90-იან წლებში.

„ცისფერსისხლიანმა“ თბილისურმა ელიტამ ისევ გაიხსენა მენშვიკური ლოზუნგი — „საქართველო, ქართველებისთვის!“, არა მარტო ოსთა და აფხაზთა საწინააღმდეგოდ, არამედ აჭარაში მცხოვრებ ქართველთა, რომლებსაც თბილისი აჭარელად მოიხსენიებდა, ანუ ქართველისგან განსხვავებულ სხვა ერად.

ჩემთვის, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მსგავსი რამ აღმოჩენა იყო — დიდი გაოცების გამომწვევი.

აჭარის ავტონომიის არსებობა — ყარსის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყელში ჰქონდა გაჩხერილი ზვიად გამსახურდიას „ეროვნულ“ ხელისუფლებას. „მრგვალი მაგიდის“ აჭარის განყოფილების ხელმძღვანელმა იმნაძემ არაერთხელ მოუწოდა აჭარაში მცხოვრებთ უარი ეთქვათ ავტონომიაზე, რამაც მოწინააღმდეგეთა ბუნტი გამოიწვია და რომ არა ასლან აბაშიძის გონიერება, სწრაფი რეაგირება და პროტესტანტთა დარწმუნება, რომ აჭარას შეუნარჩუნდებოდა ავტონომიის სტატუსი, ვინ იცის რა ვითარება იქნებოდა იქ.

ასლან აბაშიძემ მეორე საფრთხეც მოიგერია, როდესაც ბათუმში დაბანაკებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცების დახმარებით ჩოლოქი გადაკეტა და კიტოვან-იოსელიანის ლაშქარი აჭარაში არ შეუშვა.

ცენტრისა და ავტონომიის ძალისმიერ დაპირისპირებას უდავოდ მოჰყვებოდა მეზობელი თურქეთის მწვავე რეაქცია — ყარსის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

გამსახურდიამ მოინდომა აჭარის დამორჩილება, მისთვის ავტონომიის ჩამორთმევა და საქართველოს რაიონად გადაქცევა.

არ გამოუვიდა! გამსახურდიას ხელისუფლების დამმხობი სიგუა, კიტოვან, იოსელიან-შევარდნაძეს ანალოგიური სურვილი გაუჩნდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთანავე. ერთპიროვნული, ცენტრალიზებული, ვერტიკალური მმართველობა ხიბლავდა მათ, რამაც გამოიწვია ლაშქრობა აფხაზეთში, ომი, მარცხი და სტალინის ნამოღვაწარის წყალში გადაყრა.

რა ნამოღვაწარისო? — იკითხავენ ანტისტალინელები.

საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ — 1490 წელს, საქართველო დაემშვიდობა ცენტრალიზებულ მმართველობას და პატარ-პატარა სამთავროებად დაიშალა. ყველა მათგანმა, თბილისიდან დამოუკიდებლად, დაიწყეს ცხოვრება, მათ შორის ოსებმა, აფხაზებმა.

დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების ჟამს, აფხაზეთი გახდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს სსრ-თან სამოკავშირო ხელშეკრულებაში მყოფი. ამ სტატუსით აფხაზეთმა 10 წელი იარსება, რის შემდეგ სტალინის თხოვნით, აფხაზთა ლიდერმა ლაკობამ, აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონიმიურ რესპუბლიკამდე ჩამოაქვეითა — საქართველოს სსრ-ში შემავალ ავტონომიად.

აფხაზეთში გადასახლებულიქნა საქართველოს დასავლეთი რაიონების მცხოვრებნი, რომლებიც აღემატებოდნენ იქ მცხოვრებ აფხაზებს.

სამწუხაროდ, შევარდნაძის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად, აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, ლტოლვილების სახით მოედნენ დანარჩენ საქართველოს.

არც ოსეთთან მიმართებაში იყო მშვიდი ვითარება. მენშევიკთა სასტიკი მოპყრობის შემდეგ, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ოსებს არავითარი სურვილი არ ჰქონდათ დაბრუნებოდნენ საბჭოთა საქართველოს და აქაც სტალინ-ორჯონიკიძის ძალისხმევამ აიძულა ისინი შემოსულიყვნენ საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში — ავტონომიური ოლქის სტატუსით.

რა გამოდის?

ზოგიერთთა საყვარელმა მენშევიკურმა ხელისუფლებამ, მოგვიანებით გამსახურდიას ეროვნულმა მთავრობამ, შევარდნაძე-საააკაშვილის „სუპერ პატრიოტულმა“ ძალებმა ომი გააჩაღეს საქართველოში — ოსთა და აფხაზთა წინააღმდეგ. დაკარგეს ტერიტორიები, ხოლო კომუნისტურმა „საშინელებამ“ — სტალინ, ორჯონიკიძე, ბერიას სახით ტერიტორიები დაუბრუნეს საქართველოს, მათ შორის აჭარის, რომელიც მენშევიკებმა თურქეთს გადასცეს, ამ უკანასკნელის მიერ მენშევიკური ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებისთვის.

ცნობისთვის, იმასაც გეტყვით — მენშევიკური ხელისუფლების მიერ საფრანგეთში გატანილი განძიც, სტალინმა დააბრუნა საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლთან შეთანხმებით. და მასთან ერთად საქართველოში ჩამოიყვანა ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც ქართული ლეგენდის მიხედვით, შეინახა განძი პარიზში ნაქირავებ პატარა ბინაში.

არადა, მენშევიკებმა, რომლებმაც განძი გაიტანეს საქართველოდან, მარსელის ბანკს ჩააბარეს, ხოლო მოგვიანებით განძი გადატანილი იქნა პარიზში — ფინანსთა სამინისტროს საცავში. მენშევიკების მიერ გატანილი განძის ნახევარიც კი არ დაბრუნებია საქართველოს, ვინაიდან გაქცეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის სარჩენად ყიდეს და ყიდეს ქვეყნის სიმდიდრე.

თაყაიშვილს — მენშევიკური ხელისუფლების წევრს, ჰქონდა დავალებული განძისთვის ყურადღების მიქცევა, მაგრამ მენშევიკური ხელისუფლების უფრო მაღალი რანგის მოხელეებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. მათ, თავიანთი შეხედულებისდა მიხედვით, მარსელის ბანკიდან გამოჰქონდათ სხვადასხვა სახის არტეფაქტები გასაყიდად.

განძის ფინანსთა სამინისტროს საცავში გადატანის შემდეგ, გარდა საფრანგეთის ხელისუფლებისა, აღარავის მიუწვდებოდა ხელი განძამდე. რომ არა სტალინი — განძი, რომელიც საფრანგეთის კუთვნილებად იქცა, არასდროს დაბრუნდებოდა საქართველოში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, განძი ხელოვნების მუზეუმის პირველი სართულის რამდენიმე დარბაზში იყო გამოფენილი, ე.წ. სეიფში.

ზემომოყვანილი ისტორიის თქვენთვის შეხსენება გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულმა განცხადებამ — ოსებისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი სააკაშვილის მიერ 2008 წლის ომის გაჩაღებისთვისო.

ჩემი კითხვა — მარტო 2008 წლის ომისთვის?

ივანიშვილის განცხადებას მძაფრი კრიტიკა მოჰყვა — ჩვენს მკვლელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო?! ეს, როგორ შეიძლებაო, პუტინის კაცი ივანიშვილი, პუტინის დავალებით ბოდიშს გვახდევინებსო და ა.შ.

ივანიშვილი იმეორებს ევროკავშირის სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. დასკვნას იზიარებს გაერო. გარდა ამისა, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც — თავიანთი ხელმოწერით.

აგრესორი — სააკაშვილი და საქართველოა. აგრესია კი ისეთი რამაა, მითუმეტეს სამხედრო, მსხვერპლი, ნგრევა, უბედურება რომ მოსდევს. აი, სწორედ ამ აგრესიის მსხვერპლი ოსეთის მოსახლეობისთვის ითხოვს ივანიშვილი ბოდიშის მოხდას, მაგრამ საქართველოს საზოგადოებას, პოლიტიკას ისეთივე პოზიცია უკავიათ, როგორიც მათ წინაპრებს, ათეული წლების წინ — დამნაშავე სხვაა და არა ქართველი. ქართველი მართალია ოსთან, აფხაზთან, საქართველოში მცხოვრებ სხვა ხალხებთან, აჭარელთან, რომელსაც ტანდაუბანელს უწოდებდა (ლანა ღოღობერიძე), რუსთან.

და ისევ ამონარიდი კომისიის დასკვნიდან. გრიგოლ ვეშაპელი, მენშევიკური მთავრობის მაღალჩინოსანი: „საქართველოს ტერიტორიაზე აქა-იქ დასახლებული  ოსები მე მიმაჩნია უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებად მანამდე, სანამ არ იტყვიან — ერთად ვიყოთ თუ არა, სანამ ფედერაციული სახელმწიფოს ეს ნაწილი არ განაცხადებს, რომ იგი არ შედის რუსეთის ფედერაციაში. საქართველოში არიან მხოლოდ ოსები და არა ოსეთი. საქართველოში შეიძლება ოსებზე ლაპარაკი და არა ოსეთზე“.

საუკუნის შემდეგ ეს „პატრიოტიზმი“ ძალაშია აშკარად დაპირისპირებული რეალობასთან, რაც არ აძლევს ქვეყანას განვითარების შანსს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

19/09/2024