01.09.2024

სხვისი მოიმედეობა ვერ იხსნის თქვენისა და ქვეყნის პრობლემებს

გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, ჩვენი თაობის ახალგაზრდობის ჟამს, აშშ-ით გატაცებულებს, გვაოცებდა ამა თუ იმ ქვეყანაში, საპროტესტო მიტინგებისა და გამოსვლების დროს აშშ-ს სახელმწიფო დროშის დაწვა, ისე, როგორც ფეხით გათელვა.

აშშ-ი სხვაგვარად იყო წარმოდგენილი ჩვენს გონებაში, მიუხედავად ანტიამერიკული, ანტიკაპიტალისტური საბჭოური პროპაგანდისა, რომელიც სისტემატურად გადაიცემოდა ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხზე და სახელმწიფო რადიოს პროგრამებით, იბეჭდებოდა როგორც საკავშირო ჟურნალ-გაზეთებში, ისე საქართველოს პრესაში.

ჩვენი დამოკიდებულება ამ დიდი ქვეყნისადმი თაყვანისცემის ამსახველი იყო. ჩვენი თაობა, ვისაც რაღაც შეხება ჰქონდა ინგლისურ ენასთან და წარმოდგენა დასავლურ კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკაზე, მწერლობაზე, ანუ ყველაფერ იმაზე, რასაც დღევანდელები დასავლურ, ევროპულ ფასეულობებად მოიხსენიებენ, დიდი ინტერესით უყურებდა იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ, ამერიკულ, სხვა ქვეყნის მხატვრულ კინოფილმებს და პარალელს ავლებდა საბჭოურთან, ქართულთან, დასავლურისთვის უპირატესობის მიცემით.

60-იანი წლების მიწურულს სისტემატური სახე მიეცა დასავლელი შემსრულებლების გამოსვლებს, როგორც საესტრადო ჟანრის, ისე კლასიკურის, მოსკოვის, ლენინგრადის, თბილისის, კიევის, სხვა ქალაქების სცენებზე.

მდიდარი იყო თეატრალური ანუ თეატრის დასების გასტროლებიც.

ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ღამეებს ათენებდა ლეგენდარული ამერიკელი ხელოვანის ლუის კონოვერის (Willis Conover) მუსიკალური გადაცემის „ჯეზ აუარის“ (The Jazz Hour) მოსასმენად „ამერიკის ხმაზე“. კონოვერის ხავერდოვანი ბასი დღესაც ჩამესმის ყურში და პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს. დღეს, ეს  გადაცემა ან მსგავსი აღარ არის, აღარც კონოვერია და აღარც კერპთაყვანისმცემლობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც პოზიტიურად აღიქმებოდა ჩვენს ახალგაზრდობაში.

ინგლისური ენით გატაცება იმჟამინდელთათვის ჩვეულებად იქცა. ინგლისურთან დამეგობრებამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი გეგმები და ინგლისურენოვან სასწავლებელთან ერთად, საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტის“ თბილისის განყოფილებაში მიმიყვანა გიდ-თარჯიმნად.

ეს ორგანიზაცია დიდად პოპულარული გახლდათ გასული საუკუნის 60-იან წლებში. ეს, ის პერიოდი იყო, როდესაც სსრკ-სა და აშშ-ს შორის „ცივი ომის“ შედეგად გამოწვეულმა გამყინვარებამ ლღვობა დაიწყო, რასაც მოჰყვა ამერიკელი ტურისტების მოზღვავება საბჭოთა კავშირში, საქართველოში.

კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე გვიწევდა მუშაობა ამერიკულ ჯგუფებთან — დილიდან, ღამემდე. მათთან სისტემატური კონტაქტი გვაიძულებდა საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სხვადასხვა დარგების ღრმა ცოდნას, ისე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ვითარების, სტუმრის, ამ შემთხვევაში აშშ-ს ხელოვნების, ლიტერატურის ცოდნას.

იმჟამად საბჭოთა კავშირში გამოიცა ამერიკელი მწერლების შემოქმედების ამსახველი წიგნი ინგლისურ ენაზე — „მოდერნ ამერიკან შორტ სტორის“ (“Modern American Short Story”) — ისეთი სახელგანთქმული შემოქმედებისა, როგორებიც იყვნენ ფოლკნერი, სტეინბეკი, საროიანი, ჰემინგუეი, სხვები.

კლასიკურ ლიტერატურასთან შედარებით, ეს, ახალი სიტყვა იყო არა მარტო ამერიკულ მწერლობაში, რამაც ჩემზე და ჩემს თაობაზე, ვისაც წიგნთან ჰქონდა შეხება და ასეთნი მრავლად იყვნენ, დიდი გავლენა იქონია.

 წიგნი, მუსიკა თეორიული ცოდნა შორეულისა შეერწყა პრაქტიკულ ცოდნას ამერკელ ტურისტებთან ურთიერთობის დროს.

ის ამერიკელები სხვები იყვნენ, განათლებულები, ზრდილობიანები, მოკრძალებულები, არა ქედმაღლები. მათ იცოდნენ, რომ იმყოფებოდნენ საბჭოთა კავშირში, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი, გაუშვა დედამიწის პირველი თანამგზავრი, პირველი კოსმონავტი; ქვეყანაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სტალინი; ქვეყანაში, რომელსაც ჰყავდა პუშკინი, ტოლსტოი, დოსტოევსკი, … სამწუხაროდ, მათ არ იცოდნენ ქართველი მწერლების შესახებ. არ იცოდნენ რუსთაველი, მაგრამ დიდი ყურადღებით ისმენდნენ საქართველოს პოეზიაზე, ლიტერატურაზე. ინტერესით ათვალიერებდნენ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის იმ ნაწილს, სადაც უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები იყო გამოფენილი.

 ჩვენი დამოკიდებულება მათდამი იყო ხალასი, ხბოს, ბოჩოლას მსგავსი აღტაცება და ამ დროს ამერიკული დროშების დაწვა, რაც გაღიზიანებას იწვევდა ამერიკელთა უმადური ბრბოს მიმართ.

პირველი გასვლა ამერიკაში საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში მოგვიხდა მე და მწერალ გურამ ფანჯიკიძეს. ნიუ-იორკის დათვალიერების დროს მან მკითხა — დაკვირვებით ვუყურებ ნიუ-იორკის ნავსადგურს, ვეძებ სკულპტურას ბიძია სემის, რომელიც საწყალი ზანგის კისერშია კბილებით ჩაფრენილი და სისხლს წოვს, ვერ აღმოვაჩინე და თუ დაინახავ, მითხარიო. იუმორით ნათქვამი, ანარეკლი იყო საბჭოური პროპაგანდის, არაერთხელ გაშვებულის ტელევიზიით.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა და არათუ წყალმა, მდინარემ — ამაზონზე დიდმა და წყალუხვმა. დრო შეიცვალა, მასთან ერთად დროში მცხოვრებნიც. თანამედროვენი, პრაქტიკული აზროვნებისანი გახდნენ. შორს რომანტიზმისგან, შორს დრაიზერისგან, ლონდონისგან, ჰემინგუეისგან, …

შორს გოეთესგან, შილერისგან, თუნდაც მოპასანისგან, მანისგან, რემარკისგან, კუნდერასგან, … ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ყველა იმათგან, ვისაც ე.წ. ქართული ინტელიგენცია (პირობით, თორემ ასეთი ხომ აღარ არის), ევროპულ თანამედროვე ფასეულობად აღიქვამს.

ისინი, დიდი ხანია სამარადისო სასუფეველში არიან, ისე, როგორც მათი შემოქმედება. მათ მემკვიდრეებს არც წინაპრები აინტერესებთ და არც მათი შემოქმედება. ძნელია მოსთხოვო საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის მაცხოვრებლებს, ამ და სხვა ქვეყნებში ჩასახლებულ აფრიკელებს, ახლო აღმოსავლელებს, ავღანელებს, სხვებს გიგანტ ევრიპელ შემოქმედთა თუნდაც სახელების ცოდნა.

მიგრანტთა ნაკადმა გადააკეთა ევროპა, ისე, როგორც ამერიკულმა პრაგმატიზმმა. თითქმის ნახევარი საუკუნეა მესმის ევროპელთა გოდება — ჰოლივუდმა წაშალა ჩვენი კულტურაო. და მერე რა?

არც არაფერი.

მოწუწუნე ევროპელმაც ალღო აუღო თანამედროვეობას და გაამერიკელდა. ამერიკულმა მომხმარებლურმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა ევროპული რომანტიზმი.

ანალოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე საქართველოში — მომხმარებლობა და არა შემოქმედება. მარტივად რომ ვთქვათ — ჭამა და მონელება. 30 წელია ვცხოვრობთ ამერიკულ გარემოში, ჩვენ რომ ქართული გვგონია; ვისმენთ ამერიკულ ინგლისურს, ანუ ვითომ ქართულს — ქართული სიტყვებით, ამერიკულს; მაღაზიებზე ვკითხულობთ ამერიკულ სახელებს, ქართული ასოებით — „პეტს ფუდ“, „გრეიპ ვაინ“ და წამითაც არ გვახსენდება ენა, მამული, სარწმუნოება.

უსმენ, უყურებ ქართულ ტელეგადაცემებს — გამომსვლელთა მეტიჩრობით აღსავსეს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან უცხოური, განსაკუთრებით ამერიკული ინგლისურისთვის დამახასიათებელი სიტყვების ჟღარუნში, ძნელად აღსაქმელში მსმენელისთვის, თუმცა მათი მიზანი ეს არ არის, მათი მიზანი უცხო სიტყვების „ცოდნის“ დემონსტრირებაა.

ზემომოყვანილი მაგალითები შეიძლება წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით და გაიხსენეთ ქართული გამოთქმა — „პატარძალი, ბწკენა, ბწკენაში დაორსულდა“.

თანამედროვე საქართველოც დაორსულებულია ამერიკანიზმით. პირდაპირ დაორსულებამდე აღარაფერი აკლია და ისიც ამერიკელთა წყალობით, რომლებიც კატეგორიულად გაურბიან ქალის და მამაკაცის ურთიერთობას, კაცისა და კაცის ან ქალისა და ქალის — ნაყოფს არ იძლევა. ეს, ის პროცესია, ერთხელ პარლამეტის სხდომაზე აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა რომ თქვა — ონანიზმი სასიამოვნოა, მაგრამ შედეგს არ იძლევაო.

ქართველებიც ავყევით ამერიკელთა მოწოდებას თავისუფალი ცხოვრებისთვის ხელის შეწყობის თაობაზე და ცოტა გვაკავებს ლგბტ-ე „ღირებულებების“ გაზიარებისგან. ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, „გავბედნიერდებოდით“, გავდემოკრატდებოდით, შევასრულებდით აშშ-ს კონგრესმენების სურვილს ლგბტ-ეს აღიარებით ქართველი ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში.

აქ გასაკვირი არაფერია — „ჭურს, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს“ — კიდევ ერთი ქართული გამოთქმა. ჰოდა, ოპოზიციამ ჩასძახა ამერიკელ კონგრესმენებს — ქართველ ხალხს დიდი სურვილი აქვს ლგბტ-ობასთან შეხების, მაგრამ პრორუსული ხელისუფლება ეწინააღმდეგება ამ საქმესო. და ადრესატმაც დაიჯერა. და არა მარტო ეს დაიჯერა, არამედ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ლამის 80%, დიდი სურვილი აქვს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების.

ძნელია არ დაიჯერო, როდესაც ამერიკული ორგანიზაციების IRI-ის და NDI-ის გამოკითხვის შედეგებიც ამას გკარნახობს — გამოკითხვიდან, გამოკითხვამდე პროცენტების მატებით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას — გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა მალე 100-ს მიაღწევს, რაც აშკარა დემონსტრაცია იქნება ქართველთა გადემოკრატიულობის.

ზემოთ აღვნიშნე ამერიკული დროშების დაწვა — უცხო სახელმწიფოებში, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობაში გვაოცებდა. მაშინ, რომ გვეხილა აშშ-ს დროშის დაწვა თვით ამერიკაში თან დემოკრატიული პარტიის ყრილობის მსვლელობისას, ჩიკაგოს უდიდესი დარბაზის წინ, თვით ამერიკელ მომიტინგეთა მიერ, თვალებს და ყურებს არ დავუჯერებდით, საბჭოურ პროპაგანდას დავაბრალებდით, მაგრამ არა!

დღევანდელ ამერიკაში დროშასაც წვავენ და ერთ დროს რეპრესირებულ ზანგებს, ფეხებსაც ბანენ. არ იკითხავთ, ვინ?

თეთრკანიანი კონგრესმენები. 3 წლის წინათ ჰქონდა ამ „შესაშურ“ პროცედურას ადგილი აშშ-ს დედაქალაქის ქუჩებში.

არანაკლები სენსაცია იყო დემოკრატიული პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად შავკანიანი ბარაკ ობამას დასახელება და პრეზიდენტად არჩევა. შავკანიანი პრეზიდენტის დანახვაზე თუ ვინმემ შეიმცხადია, ევროპელი ლიდერები იყვნენ, რომელთა გაოცება იტალიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბერლუსკონის ხუმრობით ნათქვამმა სიტყვებმა დაამშვიდეს — „რა მოხდა მერე, ზღვაზე გარუჯულად ჩავთვალოთო“.

ეს, 2008 წელს იყო, 16 წლის წინ. დღეს, ფერადკანიანი პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის კანის ფერი აღარავის აწუხებს. არც ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ძალისმიერი მოშორების შემდეგ, კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით, ფაქტიურად ერთსულოვანით, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.

კამალა და დემოკრატები აცხადებენ, რომ კანდიდატი შავკანიანია და არა ფერადკანიანი, ზანგების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. არადა, ჰარისი ინდოელია, როგორც ამბობენ ტამილელი დედით და იამაიკელი მამით.

კამალა ინტელიგენტთა ოჯახიდანაა. მამა უნივერსიტეტის პროფეორი, დედაც განათლების სფეროს წარმომადგენელი, თუმცა ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ოჯახი კანადაში ცხოვრობდა, სადაც კამალა პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, ხოლო ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ასევე პრესტიჟულ ჰოვარდის უნივერსიტეტში, რომელიც ფერადკანიანთათვის ისეთივეა, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტი.

შემდეგ იყო კალიფორნიის პროკურატურა. კამალას კარიერულ აღმასვლაში დიდი წვლილი შეიტანა სან-ფანცისკოს მერმა, რომელთანაც კამალას ინტიმური ურთიერთობები აკავშირებდა. შტატის გენერალური პროკურორობის, შემდეგ სენატორობის დროს გამოვლინდა ჰარისის, როგორც მკაცრი, მომთხოვნი მაღალჩინოსანი მოხელის თვისებები.

ვიდრე პენსილვანიელი მსროლელი არ მოარტყამდა ტყვიას რესპუბლიკელთა კანდიდატს, ექსპრეზიდენტ ტრამპს, არავინ თვლიდა კამალა ჰარისს თეთრი სახლისთვის მებრძოლ პრეტენდენტად. არაპოპულარული, კონფლიქტური, გაუგებარი, უადგილო ადგილას მოხითხითე ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკურ სისტემას სჭირდებოდა, როგორც პრეზიდენტ ბაიდენის მეხამრიდი ოპონენტებთან კამათში — თუ მე წავალ, მოვა ეს — კამალაზე მინიშნებით, რაც ყველას მხრიდან საშინელებად აღიქმებოდა.

პენსილვანიის გასროლა იყო ბოლო წვეთი, რამაც ბაიდენი მიაყენა კედელთან და აიძულა უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. მისთვის არ იყო აუცილებელი კამალას სასარგებლოდ გადამდგარიყო, მაგრამ საკითხი კანდიდატისა გადაწყვიტა სამმა ფაქტორმა — ვიცე-პრეზიდენტობამ, ქალობამ, ფერადმა კანმა.

დემოკრატიულ პარტიაში ძლიერი გავლენა აქვთ ფემინისტებს, ეროვნულ უმცირესობებს, ასე რომ ჰარისის „დისკრიმინაცია“ სკანდალს გამოიწვევდა, რაც არ აწყობდა ბაიდენს, რომელსაც სურდა საკუთარი ხანგრძლივი კარიერის მადლობის გამომხატველი აპლოდისმენტების ფონზე დასრულება.

არა მარტო აშშ-ი, არამედ მის თანამგზავრ ქვეყნებში იყო ლაპარაკი სხვა კანდიდატზე, მაგალითად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამაზე, სენატორებზე, მაგრამ პარტიამ ჩათვალა, რომ მესამე კანდიდატის „გაპიარება“ ძვირი დაუჯდებოდა. ბაიდენ-ჰარისის დუეტმა მილიონობით შემოწირულობა მოუტანა დემოკრატებს, რომელსაც ბაიდენი და ჰარისი განკარგავენ და არავინ სხვა, რაც განმტკიცებულია აშშ-ს კანონმდებლობით.

კამალა ჰარისი დემოკრატებმა კანდიდატად აკურთხეს. დემოკრატებმა შეძლეს ჰარისის, მომავალი პრეზიდენტის ისე წარმოჩინება, რომ აღარავინ აქცევს ყურადღებას მის უადგილო ხითხითს, ჩახუჭუჭებულ, გაუგებარ სიტყვათა ტყორცნას. რასაც აქცევენ ყურადღებას, დადებითად უშვილობაა. ჰარისი 50 წლის ასაკში გათხოვდა და არ ჰყავს შვილი.

ჰარისი, ოპონენტ ტრამპთან შედარებით, 20 წლით ახალგაზრდაა. ის 60-ის გახდება. ჰარისი თავისუფალი ცხოვრების პროპაგანდისტია, ლგბტ-ობის, ტრანსვესტიტობის, აბორტების გაკეთების სრული დამცველი.

 ჩიკაგოში, ყრილობაზე გამოსვლის დროს ჰარისმა ერთობ მოკლე განცხადება გააკეთა და დასრულებას არც დაელოდა, ისე გაფრინდა სხვა შტატში.

ყრილობის მონაწილეებს დაურიგდათ ჰარისის ეკონომიკური პროგრამა, სადაც აღნიშნულია სპეციალური დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც გააკონტროლებს და დაარეგულირებს სამომხმარებლო ფასებს კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე; ხელმოკლე ოჯახებს დაურიგდებათ 25 ათასი დოლარი — იაფი ბინების შესაძენად და სხვა.

ჰარისის პროგრამამ ეკონომისტებში და პოლიტიკოსებში გაკვირვება გამოიწვია. რესპუბლიკელებში მწვავე კრიტიკა — საბაზრო ეკონომიკაში ფასების კონტროლი მიუღებელია და ქვეყნის ახალი პრობლემების წინაშე დაყენების მომასწავებელიაო — აცხადებენ ისინი. მაგალითად საბჭოთა კავშირი მოჰყავთ — კონტროლირებადი ეკონომიკით, რომელმაც დაშალა ის. რესპუბლიკელები ჰარისს ასე მიმართავენ — ამხანაგო ჰარის, საბჭოეთიდან გადაღებული მიმართვის მსგავსად.

დემოკრატიული პარტიის ყრილობას ერთი საყურადღებო მომენიც ახლდა — დარბაზის გვერდით სტერილიზაციის სამედიცინო და აბორტის უფასო გაკეთების მობილური პუნქტების გახსნა.

დემოკრატიული პარტიის ყრილობის მსველობამ, დელეგატთა გამოსვლებმა გვამცნეს, რომ „ვირთა“ პარტია (ემბლებიდან გამომდინარე) გააგრძელებს გზას, ისეთს, რაც აქამდე იყო, ანუ ბაიდენის პრეზიდენტობისას, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ჰარისი გაიმარჯვებს.

არადა შანსი ამისა მას უდავოდ აქვს, რაც არცთუ დასამშვიდებელი უნდა იყოს მმართველი „ოცნებისთვის“, რომელიც ტრამპის გამარჯვების მოლოდინშია და იმედოვნებს, რომ ამერიკული მკაცრი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვლება.

იმედი ნუ მოგიშალოთ „ოცნებელებო“, მაგრამ სხვისი მოიმედეობა რომ ვერ იხსნის თქვენისა და ქვეყნის პრობლემებს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

22/08/2024