მსოფლიო ახლო აღმოსავლეთის ახალი ომის მოლოდინში
გონგამოცლილი, უვიცი ჟურნალისტი გოგო-ბიჭები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ირანიდან დაბრუნებულს, ჩამჭრელ შეკითხვებს უსვამდნენ — უხერხულად არ გრძნობდით თავს, როდესაც შეკრებილი საზოგადოება გაიძახოდა „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“?
მეორე ჩამჭრელი შეკითხვა — რატომ იდექით ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ წარმომადგენლების გვერდით — უფრო განაჩენს ჰგავდა, ვიდრე შეკითხვას, რომლის გაგრძელება იყო ასეთი — კობახიძემ და ივანიშვილმა აირჩიეს აღმოსავლური დიქტატორობის, დესპოტიზმის და რუსეთის გზაო.
ირაკლი კობახიძე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდა ირანში. პირველად, პრეზიდენტ ჰასან როუხანის გარდაცვალების აღსანიშნავ სამგლოვიარო ღონისძიებაზე, მეორედ — ახალი პრეზიდენტის, მასუდლ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე.
ორივე ვიზიტი ნეგატიურად შეფასდა საქართველოს ოპოზიციის და მედიის მიერ — დასავლელი ჭკუის დამრიგებლების კარნახით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ — მედიისა და ოპოზიციის, ისე, როგორც ზოგიერთი ვაიექსპერტის დაუფიქრებელი, ანტიირანული განცხადებები შესაბამისად იქნებოდა განხილულ-გაანალიზებული საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატების მიერ და სათანადო დასკვნები იქნებოდა გამოტანილი, არა მარტო საელჩოს, არამედ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, რაც უდავოდ იჩენს თავს ამ ქვეყნის ჩვენთან ურთიერთობაში, თან ისე, ვერც კი მივხვდებით როდის, რატომ, რისთვის.
ქვეყნებს შორის ურთიერთობები ფაქიზი თემაა, მითუმეტეს დიპლომატიური, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა ჩვენგანმა, მითუმეტეს პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჟურნალისტმა. დაუფიქრებელი, აგრესიული განცხადებები არც პოლიტიკოსს ამშვენებს, არც ჟურნალისტს და არც ქვეყანას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.
პირადად მე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჟურნალისტების უვიცობაში, ისე, როგორც პოლიტიკოსების და ექსპერტების, რაც მათთვის არაფერს ნიშნავს. აი, მე, რომ ამერიკელი ვყოფილიყავი და საყვედური გამომეთქვა მათ მიმართ, უდავოდ შეშფოთდებოდნენ, მაგრამ რიგითი ქართველი ვარ და ჩემი საყვედური მათ არ დაადარდებთ.
და კიდევ ერთი რამ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანტიირანული განცხადებები რა გასაკვირია განათლებასთან მწყრალად მყოფების მხრიდან, მაგრამ ჟურნალისტებისგან?
ჟურნალისტმა ხომ რაღაც უნდა იცოდეს? რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს წაკითხული მეზობელი ქვეყნის შესახებ, რომელიც არაერთი საუკუნის განმავლობაში მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული საქართველოსთან?
ირანის ისლამური რესპუბლიკა შორეული აფრიკის კონტინენტზე რომ მდებარეობდეს, მაშინაც კი ჟურნალისტისთვის ნაცნობი უნდა იყოს. თუმცა რა მიკვირს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციების ჩამტარებელს?!
20-25 წლის წინათ, შესაძლოა მეტის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მთხოვა ლექციები ჩამეტარებინა ჟურნალისტებისთვის. ლექციას, გაერთიანებულს, 100 სტუდენტი უნდა დასწრებოდა. პირველ ლექციას 60 დაესწრო, მეორეს — ცოტა მეტი. ისინი, ვინც პირველს არ ესწრებოდა, ჩემის მხრიდან ლექციის გამეორებას მოითხოვდა.
სტუდენტები თვალებში მიყურებდნენ, მაგრამ სხვაგან იყვნენ, არა ჩემთან და არა აუდიტორიაში. უნებლიედ შევწყვიტე ლექცია და აუდიტორიას ვკითხე — რომელი გაზეთი, ჟურნალი წაიკითხეს ან რომელმა სატელევიზიო გადაცემამ მიიპყრო მათი ყურადღება.
აუდიტორიაში სამარისეული სიჩუმე ჩამოვარდა. მიზეზი?
არც ერთ სტუდენტს, არც გაზეთი ჰქონდა წაკითხული და არც ტელევიზიის გადაცემა ნანახი — და ეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს.
ის ლექცია ბოლო გამოდგა ჩემთვის, ვინაიდან სტუდენტთა სიბრიყვით გაოგნებულს რაღა გამაჩერებდა?!
ვინ იცის, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა ხელისუფლების ეშელონებში მუშაობს, მაღალ თანამდებობებზე?!
კობახიძის მიმართ, პირადად, ამ ვიზიტებთან დაკავშირებით სასაყვედურო არაფერი მაქვს! პირიქით, მაგრამ ვუსაყვედურებ „ოცნებას“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში 12-წლიანი ყოფნით, არ მიხედა საქართველოს მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, დახვეწილი სატელევიზიო გადაცემების სახით.
როდესაც შენი არ გაქვს, ხალხს უნდა მისცე სხვისი, ამ შემთხვევაში მეზობელი რუსეთის იმ ტელეარხების ყურების საშუალება, სადაც საინფორმაციო გადაცემებია, ისე, როგორც პოლიტიკური თოქ-შოუები, არა მარტო რუსი ექსპერტების, ჟურნალისტების, არამედ ამერიკელი, ევროპელი, თუნდაც უკრაინელი, ებრაელი და ა.შ. სპეციალისტების მონაწილეობით.
აშშ-ს ბრძანებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს წაართვა ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შანსი. მკითხველო, ჰქვია თუ არა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების „განუხრელი“ დამცველის, აშშ-ს და მზარდი ქართული დემოკრატიის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, დემოკრატიული?
აშშ-ა არა მარტო საქართველოს მოსახლეობას წაართვა რუსული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, არამედ ამერიკელებს, ევროპელებს, სხვებს, ვინც აშშ-ს პარტნიორად თვლის.
თანამედროვე ცხოვრებაში, უპირველესად ინფორმაციულში, ინფორმაციის გაცნობის შანსს რომ ხელიდან გაცლიან, დანაშაულია. დანაშაულია ისიც, როდესაც ნაცვლად აკრძალულისა, ტყუილ ინფორმაციას გაწვდიან — აგრესიულს, ანტიჰუმანურს, ისეთს, როგორიც უკრაინის ტელეკომპანიების და აშშ-ს, BBC-ის, სხვა ე.წ. დემოკრატიული ტელეარხების ნახელავია.
„ოცნების“ ხელისუფლებას გამბედაობამ უღალატა, ვერ გადადგა აშშ-ს ბრძანების საწინააღმდეგო ნაბიჯი, რითაც გასწირა საკუთარი მოსახლეობა; წაართვა რა მას სხვა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. შედეგი?
ქართველთა სისტემატური ანტირუსული განცხადებები, „აგრესორი“ რუსეთის მიმართ გამოთქმული, „უმანკო“ უკრაინის დროშების ფრიალი, ქართველი მეომრების ომი უკრაინის ფრონტზე — ფაშისტი უკრაინელების მხარდამხარ.
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი, ხელისუფლება ნეოფაშისტურია — ფაშისტი ბანდერას და შეხევიჩის ბინძური საქმის გამგრძელებელი.
ქართველებმა არ იციან, რომ უკრაინის ხელისუფლება, 2022 წლის მარტში ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას აპირებდა „ურჩი“ დონბასის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაასწრო უკრაინელეებს და 22 თებერვალს წამოიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია — ორ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილების მიზნით. და რომ არა აგრესიული დასავლეთი, სპეცოპერაციას, ხელშეკრულების დადება მოჰყვებოდა. მოჰყვა კიდევაც — მოლაპარაკების დაწყების სახით ბელორუსსა და თურქეთში; შეთანხმებასაც მიაღწიეს — ხელშეკრულების პარაფირებით, მაგრამ დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ჯონსონისა და აშშ-ს ადმინისტრაციის ბრძანებით უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ უარი თქვა ხელშეკრულებაზე და ნაცვლად, ომი გააგრძელა. შედეგი?
დაქცეული უკრაინა — ეკონომიკურად, სოციალურად, დემოგრაფიულად, ნახევარი მილიონი მკვდარი ჯარისკაცით, 2-ჯერ მეტი დაინვალიდებულით, ხეიბარით; 52 მილიონი მოსახლეობიდან, 19 მილიონამდე დასულით.
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის მთავარი მიზეზი პუტინის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისა. მიზეზი კი სერიოზულია — უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება, უკრაინის ნატოში შეთრევა, უკრაინის ტერიტორიიდან დასავლური რაკეტების მოსკოვზე, სხვა ქალაქებზე და ობიექტებზე დამიზნება.
რა გვეშველება, „ოცნების“ ცუდი პოლიტიკით ვშორდებით დასავლელ პარტნიორებს და რუსეთთან მარტო ვრჩებითო! — ამბობს ხალხი.
ნაკლებად, პატივცემულებო! რუსეთთან, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებდა, რამაც ქვეყანა და ხალხი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა; დემოგრაფიულად გაზარდა; აზიარა რუსულ, ევროპულ კულტურას; ჩააცვა, დაახურა, წერა-კითხვა შეასწავლა საყოველთაოდ; ააშენა, დაამშვენა, გაათვითცნობიერა მრეწველობის ასპექტებში, სოფლის მეურნეობაში; შეუქმნა სამეცნიერო კადრები, მეცნიერებათა აკადემია; საერთაშორისო არენაზე გაიტანა უკვდავი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ — ჯერ რუსულად, შემდეგ სხვა ენებზე თარგმნით, ქართველი მწერლების შემოქმედება, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ასეთთან პირისპირ დარჩენის გეშინია? და არ გეშინია ქვეყნის, რომელმაც 2008 წელს ომი გაგაჩაღებინა საკუთარ ქვეყანაში, რუსეთის გამოსაწვევად; ქვეყნის, რომელმაც დაგლეჯილ ჯინსებზე და საღეჭ რეზინებზე საკუთარი ენა, თვითმყოფადობა, თავი და სამშობლო დაგვავიწყებინა? ქვეყანა, რომელიც ლგბტ-ობას გტენის და დემოგრაფიული კატასტროფისკენ გექაჩება?
მოაზროვნე ქართველობავ, თუ ასეთნი შემორჩით ამ ქვეყანას, ისეთად გადაქცევა გინდათ, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე რომ იხილეთ — ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი, ქალის სამოსში გახვეული წვერ-ულვაშიანი, დატატუირებული პედერასტების კუნტრუში?
იქნებ, ისეთი ვითარება გინდათ იხილოთ აქ, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს რომ მოუწყვეს ლგბტ-ელებმა?
კამალა ჰარისს, თავისუფალი ცხოვრების მოტრფიალეს, პრეზიდენტად გახდომის დიდი შანსი აქვს, მიუხედავად საერთო განათლების, პოლიტიკური ცოდნის დაბალი დონისა, მაგრამ აქცევს ვინმე ამას ყურადღებას?
დემოკრატიული პარტიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პიროვნების განათლებას, პოლიტიკურ სიმწიფეს, მთავარია მორჩილება პარტიისადმი და მის უკან მდგომი „დიპ სტეიტისადმი“.
კობახიძესთან მიჭრილმა ჯურნალისტებმა, რომლებმაც მათთვის სანატრელი ქება-დიდება ამერიკისა ვერ მოისმინეს პრემიერისგან, იკითხეს — თუ ასე არ მოგწონთ ამერიკაში არსებული ე.წ. ომის პარტია, რა გინდათ ამ ქვეყანასთანო? — ერთადერთი რამ, რაც მომეწონა იმ შეხვედრიდან. და მართლაც, რა გვინდა აშშ-ისგან? — სვამს ასეთ კითხვას რომელიმე „ოცნებელი“, კობახიძე ან ივანიშვილი?
ამერიკა მუდამ ისეთი იქნება, როგორიც დღეს არის. არ შეიცვლება და თუ შეიცვალა, უარესობისკენ. საქართველომ უნდა შეცვალოს პოლიტიკური ვექტორი, ვიდრე გვიან არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში წავილეკებით, პირში საღეჭრეზინა გაჩრილი.
და კიდევ ერთი რამ — ყველას გასაგონად და ტვინის გამოსაფხიზლებლად. რუსეთი ოკუპანტიაო — რომ გავიძახით, რატომ არ ვსვამთ კითხვას — რატომ არის ის ასეთი ან ვინ და რამ მიიყვანა ოკუპანტობამდე?
გაიხსენეთ 2008 წლის ცხინვალის ომი — სააკაშვილის მიერ დაწყებული, რუსი სამშვიდობოების ხოცვით, მძინარე ცხინვალისთვის ჭურვების დაყრით და მერე დააბრალეთ რუსეთს ოკუპანტობა. გაიხსენეთ ომის შემდგომი მუქარა სააკაშვილისა — დაკარგულის ძალით დაბრუნების თაობაზე და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები.
გაიხსენეთ ისიც, როგორი უარი სტკიცა სააკაშვილმა სარკოზის და შეთანხმებიდან გულმოდგინედ ამოაშლევინა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულების აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ყოფნასთან დაკავშირებით, მათი სტატუსის განმსაზღვრელი პუნქტი.
რუსეთს არავითარი შანსი არ დაუტოვა სააკაშვილმა ომის არ გაგრძელების, რითაც აიძულა, ჯარი დაეტოვებინა სააკაშვილის რისხვას გადარჩენილ ავტონომიების ტერიტორიებზე. ცხინვალის ომი სააკაშვილმა წააგო. ცხინვალის ომი წააგო აშშ-ს მაშინდელმა ადმინისტრაციამ, მაგრამ ყველაზე დიდი წაგებული საქართველოა, რომელმაც ტერიტორიების 20% დაკარგა.
მოდით, ის ვითარება, ფეხბურთის მატჩს შევადაროთ. საქართველოს გუნდის მწვრთნელმა აშშ-ა, ლამის დოპინგგაკეთებული ფეხბურთელები გამოიყვანა მოედანზე, მაგრამ დამარცხდა, ისე, როგორც ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებთან — 3:1. რატომ არ ვთხოვთ ჩემპიონატის ორგანიზატორებს წაგება, მოგებად ჩაგვითვალოს?
იმიტომ, პატივცემულებო, რომ ვიცით ასეთს ადგილი არ ექნება.
ანალოგიურია იარაღით თამაში, ანუ ომი. „მე, შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადო“ — მახსენბს ქართულ შაირს რუსი და ამასთანევე დაკარგული ტერიტორიების ლეგიტიმურობას.
შენ რას აკეთებ ამ დროს?
მასთან კონტაქტში შესვლისა და დიალოგის დაწყების ნაცვლად, შორიდან ლანძღავ და აგინებ, თან საკუთარ მოსახლეობას ჰპირდები ტერიტორიების დაბრუნებას სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით და ამას ჰპირდები ბოლო 12 წლის განმავლობაში.
რას აკეთებს შენი მწვრთნელი აშშ-ი?
გეუბნება, რომ მოლაპარაკებით ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებ. ერთადერთი გზა — ომით დაბრუნებააო. და ისევ ომისკენ გკრავს ხელს. ის, არ გეუბნება შენ დაიწყე და მე მოგეშველებიო. ის გეუბნება — შენ უნდა იომოო, ისე, როგორც უკრაინამო, დიდი-დიდი იარაღს მოგცემო, თუმცა როდის, ვერ გეტყვიო.
აშშ-ს პოლიტიკურმა ხედვამ მიიყვანა ეს ქვეყანა კრიზისამდე და მასთან ერთად მსოფლიო. უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება, ომი ღაზას სექტორში და 40 ათასი პალესტინელის განადგურება, 200 ათასი სახლის დანგრევა, ომი „ჰესბოლასთან“, „ჰამასთან“— თქვენი გაგებით, საქმეში ჩაუხედავო ჟურნალისტებო, ტერორისტულ ორგანიზაციებთან.
ამ ორგანიზაციების შექმნა, „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ ტერაქტში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორიაში, პალესტინის ტერიტორიაზე 1947 წელს ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინის სახელმწიფოს შექმნაში.
კოლექტიურმა დასავლეთმა, უფრო სწორად აშშ-ა და დიდმა ბრიტანეთმა, ნაცვლად დანაპირები 2 სახელმწიფოს შექმნისა, მხოლოდ ერთი — ისრაელი შექმნეს.
იმ დღიდან მოყოლებული იბრძვის პალესტინელი ხალხი საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად. ვინ ეწინააღმდეგება პალესტინელთა ოცნების ასრულებას?
აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ისრაელი, რომელიც მცოცავი ანექსიის, ანუ პალესტინელთა ტერიტორიების მიტაცებით აფართოვებს საკუთარ ტერიტორიას, აშენებს რა ანექსირებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელ სახლებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ისრაელში საცხოვრებლად გადასულ ებრაელთათვის.
ისრაელ-აშშ-ს ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია თქვენთვის, პატივცემულო ჟურნალისტებო, ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ შექმნა, არაბული, ისლამური სახელმწიფოსთვის ისრაელის უღლისგან განმანთავისუფლებელი ორგანიზაციების ჩამოყალიბება.
თქვენ, რომ ტერორისტად თვლით ისმაილ ჰანიას, „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრს, ისრაელის მიერ თეირანში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიწვეულის მოკვლას, ორიათასიანი წლების დასაწყისში, პალესტინაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, პრემიერ-მინისტრად იყო დანიშნული.
ის არჩევნები და ჰანიას გაპრემიერება — აშშ-ს მიერ კანონიერად იყო აღიარებული.
მოდით დავსვათ კითხვა — ისრაელის მიერ ჰანიას მოკვლა, თანაც ქვეყანაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ატარებდა — ჰუმანიტარული აქტია თუ ტერორისტული?!
ისრაელმა ეს ტერორისტული აქტი თვით ჩაატარა თუ აშშ-ს თანხმობით და მხარდაჭერით?!
ვგონებ, პასუხიც არ არის საჭირო, ვინაიდან ყველაფერი ნათელია. ახლა რაც შეეხება ირანს, ქვეყანას, აშშ-ს მიერ არაერთი ტერორისტული თავდასხმის სამიზნეს.
ირანისტობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაღაც წარმოდგენა მაქვს, როგორც შაჰის ირანზე, ისე ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. პირადად ვიცნობდი ირანის შაჰის ძმას აბდო რეზა ფეჰლევის, დებს შამსს და აშრაფს. ისინი სტუმრობდნე საქართველოს და მე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, ვადგენდი საქართველოში მათი ვიზიტის პროგრამას, თან ვახლდი და მასპინძლობას ვუწევდი საქართველოში ყოფნის დროს, ცნიბილ აღმოსავლეთმცოდნე, ირანის, სპარსეთის უზადო ოსტატთან, ჯემშიდ გიუნაშვილთან ერთად — დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ელჩთან ირანის ისლამურ სახელმწიფოში.
ირანის შაჰის რეზა ფაჰლევის საქართველოში ვიზიტის პროგრამის ავტორიც მე გახლავართ. ირანიდან, საქართველოში, ფერეიდნელი ქართველების ჩამოსახლების ღონისძიებაში აქტიურად ვმონაწილეობდი. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ საქართველო-ირანს შორის სავიზო ხელშეკრულების შეთანხმებაც მიღწეულ იქნა ჩემი და ირანელი კოლეგების ინტენსიური მუშაობის შედეგად.
არაერთხელ მომიხდა ირანში ყოფნა მივლინებით. ვესწრებოდი „შოსის“ კონფერენციას ირანის მხარის მიწვევით და მოხსენებითაც გამოვედი. ირანის მხარის მიწვევით, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან ერთად, ირანის ქალაქ ყუმში, ისლამის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავიარე კურსები რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებით. გახლდით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაძმობილებულ გილანის პროვინციაში, ისე, როგორც ირანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში და ა.შ.
ირანმა, ახლო აღმოსავლეთის უძლიერესმა ქვეყანამ, რომელიც შაჰის დამხობის შემდეგ, სისტემატურად განიცდიდა და განიცდის აშშ-ს მხრიდან მუდმივ ზეწოლას — პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ტერორისტულს. „სიკვდილი ამერიკას და ისრაელს“ რომ იძახოს, გასაკვირია?!
90-მილიონიანი ირანისთვის სხვა ქვეყნის მიერ სტუმრის მოკვლა შეურაცხყოფაა, რაც ირანის მხრიდან უდავოდ გამოიწვევს პასუხს ისრაელის მიმართ და როგორც ჩანს პასუხი მკაცრი იქნება, ვინაიდან ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰამენეიმ გასცა განკარგულება ასეთი.
სიტყვებს მოჰყვა ყუმის თავზე წითელი დროშის აღმართვა — სიგნალი შურისძიებისა. ისრელ-აშშ-ს მზაკვრულმა ტერორისტულმა აქტმა ახალი ომის დაწყების შანსი გააჩინა ახლო აღმოსავლეთში, საქართველოდან არცთუ შორს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
04/08/2024