„დემოკრატიული“ ამერიკა
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები გავარვარებულ ფაზაშია და არვინ იცის დუღილის უმაღლეს წერტილს ნოემბრის არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ მიაღწევს.
აშშ-ი, ე.წ. მსოფლიოს ჰეგემონი, ყოველთვის ახალ-ახალი სიურპრიზების მომტანი იყო და არის, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გასაკვირია არა მარტო სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების, არამედ რიგითი ამერიკელებისთვის.
ის-ის იყო ამერიკელები შეეგუვნენ დემენციანი პრეზიდენტის „მმართველობას“ და იმას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ისევ მასთან ექნებოდათ საქმე, ახალი თავსატეხი გაუჩნდათ — ბაიდენის უეცარი, მოულოდნელი გადაწყვეტილების სახით — ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზაო.
მივყვეთ მოვლენებს. აშშ-ს პოლიტიკურ არენაზე იშვიათად მოიძებნება პოლიტიკოსი ისეთი, როგორიც ბაიდენია. მისი პოლიტიკური ცხოვრება სისხლსავსეა აშშ-ს კონგრესში თითქმის 30-წლიანი მოღვაწეობით, ვიცე-პრეზიდენტობით, პრეზიდენტობით.
ჩემს ახალგაზრდობაში უხუცეს მოხელეზე, რომლის წარსულ კარიერას აფასებდნენ, ასეთს ამბობდნენ — ლენინი ჰყავს ნანახიო, ცხადია არა მავზოლეუმში. ჰოდა, ჯო ბაიდენი, ის სენატორი იყო, რომელსაც ნანახი ჰყავდა სსრკ კპ ცკ-ს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და არა მარტო ნანახი.
აშშ-ს მაღალი რანგის დელეგაციის საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტის დროს ბაიდენს საუბარი ჰქონდა ბრეჟნევთან.
აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს საუბარი ჰქონდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან. ეს, ის პერიოდია, როდესაც პუტინმა დაამთავრა საპრეზიდენტო ვადა და ახალმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ის პრემიერ-მინისტრად გაამწესა.
ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს მოლაპარაკება ჰქონდა პრეზიდენტ მედვედევთან. სხვა საკითხებთან ერთად ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის საპრეზიდენტო არჩვნებზე და მედვედევს აღუთქვა მხარდაჭერა მეორე ვადით გაპრეზიდენტებაზე.
ბაიდენმა არა მარტო თავისი, არამედ აშშ-ს ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სურვილს გაუსვა ხაზი, ვინაიდან მათთვის პრეზიდენტი მედვედევი გაცილებით ლიბერალურად გამოიყურებოდა, ვიდრე პრემიერი პუტინი.
ეს, უკანასკნელი აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც ნეგატიურად აღიქმებოდა ვაშინგტონში და რაც ბაიდენმა მოურიდებლად გააჟღერა პუტინთან ლაპარაკის დროს.
პუტინმა, ბაიდენი მოსკოვთან მდებარე სამთავრობო აგარაკზე მიიღო.
ბაიდენის, ისე, როგორც ობამას ოცნება არ ასრულდა. პუტინმა არჩევნებში მონაწილეობაც მიიღო და პრეზიდენტიც გახდა. ასე რომ, ბაიდენ-პუტინის ურთიერთობები ხანგრძლივ პერიოდს მოითვლის, თუმცა არცთუ სასიამოვნოს ორივესთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეკითხვაზე — ვისთან ისურვებდა ის ურთიერთობის ქონას, ბაიდენთან თუ ტრამპთან, პუტინმა უპასუხა ბაიდენთან, თან დაუმატა, რომ ბაიდენი გამოცდილი, საქმის მცოდნე პოლიტიკოსიაო.
პუტინის პასუხში იყო რაღაც დაცინვის მსგავსიც, თითქოს, მაგრამ ნაკლებად, პასუხის სიღრმისეულად აღქმის შემდეგ. მართალია, ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ გონებრივად დასუსტებული. სუსტი ჯამრთელობის, მითუმეტეს გონებრივის მატარებელი პრეზიდენტი იოლი მოპაექრეა, უფრო სწორად ნადავლი, მოწინააღმდეგე მხარისთვის, რაც აშკარად თვალშისაცემი გახდა, თუნდაც საპრეზიდენტო დებატების დროს ბაიდენსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის.
ბაიდენმა დებატები წააგო სუსტი ჯანმრთელობის, გონებრივის გამო. რომ არა დემენცია, ის არ გაითიშებოდა, არ აურევდა წინადადებებს, სიტყვებს ერთმანეთში. ბაიდენის სუსტმა გამოსვლამ დაარწმუნა დემოკრატიული პარტიის ლიდერები, რომ ცვლა იყო საჭირო — ბაიდენის, სხვა პრეზიდენტობის კანდიდატით ჩანაცვლება, მაგრამ როგორ?
დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებშია დაგეგმილი, თუ როდის? ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო ბაიდენის დაყოლება, რომ თვით ეთქვა უარი პრეზიდენტობის კანდიდატობაზე.
„ავადმყოფობამდე“ ერთი დღით ადრე, ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, ბაიდენმა მტკიცედ განაცხადა, რომ გააგრძელებს საპრეზიდენტო მარათონს.
მეორე დღეს, აშშ-ს მოსახლეობას, ისე, როგორც მთელს მსოფლიოს უჩვენეს „დასუსტებული“ ბაიდენის გამგზავრება, კომენტარით — პრეზიდენტს კოვიდი შეეყარა და მკურნალობას საჭიროებსო. ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტის ჯანმრთელობის თაობაზე უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა. თეთრი სახლი კი დუმდა. 5 დღის შემდეგ გამოქვეყნდა ბაიდენის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის თაობაზე.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, იმ ხუთი დღის განმავლობაში, ბაიდენი რომ კოვიდს „ებრძოდა“, ბაიდენს ებრძოდნენ დემოკრატიული პარტიის ბობოლები, ე.წ. „დიპ სტეიტის“ „სიღრმისეული ქვეყნის“ წარმომადგენლები, რათა მას უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და როდესაც ძალისმიერად დაითანხმეს, ვითომ მის მიერ დაწერილი ტექსტიც გამოაქვეყნეს.
„დიპ სტეიტი“ სწორედ ისაა, ვინც კულისებიდან მართავს აშშ-ს — მილიონერები, მილიარდერები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები, რომელთა გავლენა აშშ-ს ნებისმიერ ადმინისტრაციაზე უმნიშვნელოვანესი იყო და არის. სწორედ მათ წრეში წყდება პრეზიდენტების „არჩევაც“ და ადმინისტრაციის წევრების დანიშვნაც.
საქართველოს მოსახლეობისთვის ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითი მიუღებელია, ვინაიდან მისთვის აშშ-ი ისაა, როგორც თვით ამერიკა უწოდებს თავის თავს — დემოკრატიული, სიტყვის თავისუფლების დამცველი, წარმატებული, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, სადაც განუხრელად არის დაცული ადამიანის უფლებები და ა.შ.
საქართველოს საზოგადოებას, ვინც არ უნდა უთხრას, თუნდაც ამერიკელმა, რომ ეს, ასე არ არის, არ დაიჯერებს. საქართველოს საზოგადოებამ არ იცის თანამედროვე ამერიკა, არ იცის თუ რამდენად შორს არის ეს ქვეყანა დემოკრატიისგან; რამდენად პოლიციური სახელმწიფოა, რომელსაც თვალი უჭირავს სხვისი ტერიტორიებისკენ, სხვისი წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდებისკენ, სხვისი დამორჩილება-დამონებისკენ.
და ყოველივე აღნიშნულის განსახორციელებლად იყოლიებს უდიდეს არმიას. აშშ-ს მთელს მსოფლიოში 800-ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს, რომლის შენახვა რიგით ამერიკელს ძვირი უჯდება. აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 900 მილიარდი დოლარია — გაცილებით მეტი, ვიდრე ჩინეთის, რუსეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, სხვების.
აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონობას არა მარტო სამხედრო გავლენა ამტკიცებს, არამედ დოლარის გავლენაც, არანაკლებ პროპაგანდა. პროპაგანდის თვალსაზრისით, თანაც ყალბის, აშშ-ს ბადალი არ ჰყავს მთელს მსოფლიოში. ფალსიფიცირებული პროპაგანდით ის აბრმავებს, როგორც საკუთარ ხალხს, ისე მსოფლიო ხალხებს, რომ იძულებულია შეიარაღებაში დახარჯოს დიდი ფული, რათა გაუმკლავდეს კარზე მომდგარ აგრესიას. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი, ასეთია საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილო კორეა, ირანი, …
აშშ-ს დემოკრატიული ადმინისტრაცია საკუთარ ხალხს და მსოფლიოს უმტკიცებს, რომ თუ რუსეთმა დაამარცხა უკრაინა, ის აუცილებლად გააგრძელებს სამხედრო ექსპანსიას ბალტიისპირა ქვეყნების წინააღმდეგ, ისე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების; რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სამყაროს, აშშ-ს და მის მოკავშირეებს. აშშ-ი ეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში — ქვეყანას, დემოკრატიულს, დასავლურ სამყაროსთან შეერთების მსურველს.
მოკლედ და კონკრეტულად აშშ-ს ავტოპორტრეტი უმანკო კრავის გამოსახულებაა. და მიუხედავად აღნიშნულისა, თვით ბევრ ამერიკელს არ სჯერა ამის. ურწმუნო თომათა შორის ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც არიან, ისე, როგორც მედიის. ცხადია, უმეტესობა მათგანის ოპოზიციურობა, პარტიული კუთვნილებით არის განაპირობებული, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც თვალი გაახილეს და ნეგატიურად აღიქვეს დემოკრატთა მმართველობა, მკაცრად შეაფასეს მათი „მოღვაწეობა“ ცარიელ მაცივართან მიმართებაში, საწვავზე ფასების ზრდაში, კვების პროდუქტების გაძვირებაში, სოციალური პირობების გაუარესებაში.
აშშ-ი, ერთ დროს ჰეგემონი ქვეყანა, ლამის სამოქალაქო ომის წინაშე დგას, იმაზე უარესი ვითარების, რაც ზანგთა ამბოხს ახლდა თან, თეთრთა დაჩოქებით, ზანგთათვის, საჯაროდ, ფეხის დაბანვით და სხვა.
დემოკრატიული პარტიის ახალმა, ლგბტ-ეს იდეოლოგიამ, პროპაგანდამ, ძალისმიერად სხვაზე თავსმოხვევის პოლიტიკამ, მათ შორის აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებზე, ორად გაჰყო არა მარტო ამერიკა, არამედ მსოფლიო.
გსურს აშშ-ს შენთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა, აღიარე ლგბტ-ე, მიიღე ნებისმიერი დირექტივა ვაშინგტონიდან წამოსული, როგორც სახელმძღვანელო, აუცილებლად შესასრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ რისხვას.
ბაიდენმა თავის თერთმეტწუთიან სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ღირსი იყო პრეზიდენტობის ვადის გაგრძელების, მაგრამ გაიზიარა დემოკრატების რჩევები და გზა დაუთმო ახალგაზრდა კადრს.
მისი გამოსვლიდან ჩანდა, რომ ამ გადაწყეტილებით კმაყოფილი არ იყო. რა გაეწყობა, ასეთია ამერიკა, სადაც ე.წ. ოცნებები, ანუ ამერიკული, ხშირად სალ კლდეზე შეტაკებისას იმსხვრევა. ბაიდენის ოცნებაც დაიმსხვრა ჩვენთვის უხილავ „დიპ სტეიტთან“ შეჯახებისას.
ბაიდენმა, ხანმოკლე გამოსვლაში აღნიშნა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მიღწეული წარმატებები. განსაკუთრებული ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს ისტორიაში ის პირველი პრეზიდენტია, ვისაც ომი არ დაუწყია, ვინც შეძლო ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება, ინფლაციის კლება, პუტინის შეჩერება, ნატოს წევრი ქვეყნების ერთ მუშტად შეკვრა და სხვა. რასაც ამერიკელები, მითუმეტეს რესპუბლიკელები არ ეთანხმებიან.
ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი უცხოელ მიგრანტებს, რომელთა რაოდენობამ ბოლო 3 წლის განმავლობაში 13 მილიონს გადააჭარბა; ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომელმაც ზენიტში აიყვანა ლგბტ-ობა, ტრანსვესტიტობა, დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, აიძულა მოკავშირე ქვეყნები გაეკეთებინათ იგივე.
ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომელმაც გასცა განკარგულება გაზსადენის აფეთქების, რითაც დააკნინა გერმანიის ეკონომიკა, ისე, როგორც სხვა ქვეყნების. სწორედ რუსულ გაზზე იყო დაფუძნებული გერმანიის მრეწველობა, იაფ რუსულ გაზზე, რომლის სანაცვლოდ, ევროპას, ამერიკული გაზი შესთავაზა — 4-ჯერ ძვირად.
ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომელმაც კუდამოძუებულმა მიატოვა ავღანეთი, „თალიბების“ შეტევის შემდეგ და ამერიკა-ნატოს 20-წლიანი, სამარცხვინო ეპოპეის დასასრულებლად, სამარცხვინოდ დატოვა ქვეყანა, სადაც მილიარდობით დოლარი ჩაყარა.
ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაახარჯა უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ომში. ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომელმაც, ვიცე-პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული, საერთო ფულური ენა გამონახა ჯერ პოროშენკოს ხელისუფლებასთან, შემდეგ ზელენსკის.
ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომლის დროს ისრაელმა დაარბია ღაზის სექტორი და 40 ათასი მშვიდობიანი მოსახლეობა გაწყვიტა, „ჰამასის“ დაჯგუფების განადგურების სურვილით.
ომი ახლო აღმოსავლეთში დღესაც გრძელდება. შიგადაშიგ მსოფლიო ისმენს ბაიდენის მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც ცხადია სიტყვიერია, რომელთა უკან საქმე არ დგას. არადა, ომი უმალ შეწყდებოდა, აშშ-ს იარაღი რომ არ მიეწოდებინა ისრაელისთვის. ანალოგიური რამ იქნებოდა უკრაინის ფრონტზეც.
უკრაინაში მიმდინარე ომი არა მარტო დემოკრატებისა და მათი ადმინისტრაციის, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არამედ „დიპ სტეიტის“. მიზანი მარტივია — რუსეთის გამოფიტვა, დაშლა და მისი წიაღისეული სიმდიდრეების დათრევა.
რამდენი რამ მოუსწრია გონებრივად სუსტ ბაიდენსო, — იკითხავს მკითხველი. მოასწრო, უფრო სწორად მოასწრებინეს და არა მარტო მას, არამედ მოკავშირე ქვეყნებსაც. სულ ახლახანს მოვისმინე ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის განცხადება, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული შემოსავლიდან, სამხედრო ხარჯების 2%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით — ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ხელს უწყობს აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს იარაღის დამზადებაში უკრაინისთვისო.
თითქოს არაფერი მომხდარა და ხდება; თითქოს აშშ-ი დამზადებული იარაღი, უკრაინის ჯარისთვის, იმ ჯარსვე არ კლავს; თითქოს ამერიკული იარაღის საწინააღმდეგოდ ამოქმედებული რუსული იარაღი უკრაინელს არ ხოცავს. თითქოს დახოცილ უკრაინელთა რაოდენობა ნახევარ მილიონს არ აჭარბებს.
პრეზიდენტი ბაიდენი, ასაკოვანი მოხუცი, ძლივს მოლაპარაკე, არ ტოვებს აგრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს დღეს!
პოლიტიკაში ჩახედულებმა კარგად იციან მისი აგრესიული გამოხდომების თაობაზე კონგრესში მუშაობის დროს. სწორედ ბაიდენი მოითხოვდა იუგოსლავიის სამაგალითო დასჯას და ძალისმიერი გზით მის „მორჯულებას“.
კონგრესის მხრიდან გამოხატულმა აგრესიამ ხელი ჰკრა აშშ-ს ადმინისტრაციას იერიში მიეტანა ბელგრადზე. აშშ-ის ადმინისტრაცია ისედაც გეგმავდა თავდასხმას, მაგრამ თავს იკავებდა. ბაიდენისა და სხვა სენატორების მოწოდებამ წაახალისა თეთრი სახლი და ნატოს ქვეყნებთან ერთად, 78 დღის განმავლობაში ტონობით ბომბები დააყარა იუგოსლავიას, ვითომდა კოსოვოს გადასარჩენად.
78-დღიანი თავდასხმის შემდეგ, აშშ-ა და ნატომ შეწყვიტეს სამხედრო მოქმედება, ვინაიდან შეწყდა იუგოსლავიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს არსებობა.
ბაიდენი, სენატორი, ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი, ბაიდენი, პრეზიდენტი — აგრესიული, რეაქციონერი პოლიტიკოსი და ასეთად დარჩება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ მომავალი წლის იანვრამდე.
2025 წლის იანვარს გაიმართება აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. დემოკრატებმა პირველ პლანზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წამოსწიეს, ერთობ გაუწონასწორებელი ფიგურა, როგორც თვით ამერიკელები ახასიათებენ მას.
ჰარისი „თავისუფალი“ ცხოვრების მხარდამჭერია, ისე, როგორც დემოკრატიული პარტია, რომლის იდეოლოგია ლგბტ-ობაზე დგას, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ მიკვირს ქართველი პოლიტიკოსების, ე.წ. ექსპერტების, რომლებიც მხარს კამალას უჭერენ და აგინებენ ტრამპს.
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს აშშ-ს არჩევნები, საქართველოს არჩევნებია, არადა ჩვენ, ჩვენი პრობლემა გვაქვს გადასაგორებელი, საპარლამენტო არჩევნების სახით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
29/07/2024