აშშ-ს სენატის რეკომენდაციის გამო
„ამერიკამ უსაფრთხო ქვეყნების პირველ კატეგორიაში შეგვიყვანა“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა, საკუთარი მოქალაქეებისთვის აშშ-ს სენატის რეკომენდაცია, ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა.
ეიფორია არა მარტო სათაურში გამოიხატა, არამედ პირველ გვერდზე დაბეჭდვაშიც, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ა, პატარა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში რომ მოიხსენიებს, განა ჩვენს წინსვლასა და წარმატებებზე არ მეტყველებს?
მეტყველებს და მერე როგორ, თან სენატის გადაწყვეტილებას ქართველთა თვალში უდიდეს წონას ანიჭებს, ვინაიდან ის ჩვენს „მტერ“ რუსეთს მესამე კატეგორიის ქვეყნებში მოიხსენიებს, ხოლო „ძმადნაფიც“ უკრაინას, რუსეთზე წინ, მეორე კატეგორიის, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, … ერთად.
გაზეთს ნაკლები სიხარული ექნებოდა მსგავსი რეკომენდაცია ზიმბაბვეს მოქალაქეებისთვის რომ მიეცა იმ ქვეყნის საგარეო უწყებას, ვგონებ არც კი გამოექვეყნებინა, მაგრამ ამერიკა სხვაა – მსოფლიოს ლიდერი, პირველი ქვეყანა, ვის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამერიკელებისთვის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც.
სენატი ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისას თავი შეიკავონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლიდან – არასტაბილურობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ნაღმების საფრთხის გამო.
მესამე კატეგორიის ქვეყნებში სენატი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს მოგზაურობისგან თავის შეკავებას, რადგან არსებობს აშშ-ს მოქალაქეთა შევიწროების, დაკავების რისკები, არასტაბილური გარემო, საპროტესტო აქციების სახით. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება რუსეთი. სენატი აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, თუ ვინცობაა ფეხი ჩაუცდათ რუსეთში, არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდნენ ჩეჩნეთში, ოკუპირებულ ყირიმში, თორემ ან რამზან კადიროვი შეჭამს ცოცხლად, ან ყირიმში „ანტირუსული“ მასობრივი გამოსვლები მოუღებს ბოლოს.
აშშ-ს სენატის მხრიდან „მშობლიური“ დარიგება-რეკომენდაცია რომ მარტო თავისიანებზე იყოს გამიზნული, არაფერს იტყოდა კაცი, მაგრამ ის უპირველესად სხვაზეა გამიზნული. არადა რა დაუდგება წინ პირველი ქვეყნის „მამობრივ“ დარიგებას – არ ჩავიდნენ ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სადაც ამერიკის მოქალაქეებსაც კი ავიწროვებენ და რას უზამენ სხვას?
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს სენატის „მზრუნველობით“ აღსავსე რეკომენდაციაში მთავარი რუსეთის გაშავების პოლიტიკაა – აშშ-ს პოლიტიკური ელიტისთვის მტრად ქცეული ქვეყნისა.
სენატის მიერ კატეგორიებად დაყოფილი მსოფლიო სასაცილოდ თუ არა, საეჭვოდ რომ გამოიყურება, ნაკლებად აღელვებს რეკომენდაციის ავტორს, ვინაიდან ამ „სიმართლით“ აღსავსე დოკუმენტს – სიმართლის მებაირახტრე ამერიკული მედია უწევს ტირაჟირებას და ისეთ შედეგს აღწევს – მტრისას.
სულ ახლახანს, რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ამხილა საიდუმლო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მოუწოდებს ოფიციალური ლონდონი ბრიტანულ ჟურნალისტიკას – რაც შეიძლება მეტი „შავი“ მასალა დაიდოს რუსეთთან მიმართებაში; რომ რუსეთის ქალაქების ქუჩებში სიარული საშიშია ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით უცხოელისთვის; რომ ხშირია უცხოელებზე თავდასხმები, ფიზიკური შეურაცხყოფა; რომ ქუჩებში დათვებიც დადიან და ა.შ. განსაკუთრებით საშიშია ფეხბურთის რუსი ფანატები, ამიტომ ჟურნალისტებმა უნდა მოუწოდონ რიგით ინგლისელებს თავი შეიკავონ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებისგან.
როგორც ჩანს ინგლისის პოლიტელიტამ ვერადავერ გადახარშა „ფიფა“-ს გადაწყვეტილება რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე. ხან რა მოიგონეს რუსეთის საწინააღმდეგოდ და ხან რა. ისიც კი ითქვა, თითქოს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ „იყიდა“.
აშშ-ს სენატის რეკომენდაციასა და ინგლისის პოლიტიკის საიდუმლო მოწოდებას შორის ბევრი რამ არის საერთო, უფრო სწორად ერთ თარგზე შეკერილი სამოსია, რომელიც ვაშინგტონ-ლონდონის აზრით ყველა „დემოკრატიულმა“ ქვეყანამ უნდა მოირგოს და ისე იმოქმედოს, როგორც „რჩევაშია“ ასახული, ანუ არ ჩავიდეს რუსეთში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს და არა მარტო, სხვა დროსაც, ვინაიდან ტურიზმი – შემოსავალს ნიშნავს. გარდა ამისა უცხოელთათვის თვალის ახელვასაც.
თვალახელილი დასავლელი, მითუმეტეს ამერიკელ-ინგლისელი ფეხბურთის მოყვარული ან თუნდაც ტურისტი სულაც არ სჭირდება დემოკრატიულ დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს, რომელიც ახალ-ახალ ანტირუსულ ზღაპრებს თხზავს და ცხელ-ცხელი „პერაშკებივით“ სთავაზობს მსოფლიოს.
აი ერთ-ერთიც – აშშ-ს სენატის მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის ერთი თავი საქართველოს ეთმობა. დოკუმენტში საუბარია 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ სამხედრო თავდასხმაზე ანუ იმაზე, თუ როგორ დაესხა თავს „კრავ“ საქართველოს „მგელი“ რუსეთი, ყოველგვარი საბაბის გარეშე. რუსეთის პრეზიდენტმა, შფოთიანი სიზმრის შემდეგ, გაიღვიძა და ჯარს უბრძანა საქართველოში შევარდნა.
აშშ-ი შეგნებულად არ აცხადებს, რომ მძინარე ცხინვალში ვაშინგტონის მონა და მოკავშირე სააკაშვილის განკარგულებით შეიჭრა ქართული „არმია“, რასაც რუსული პასუხი მოჰყვა. არ აცხადებს, იმიტომ რომ თვით აშშ-ს გარკვეული წრეების კარნახით გადადგა სააკაშვილმა ასეთი ნაბიჯი, თორემ ის არც ისეთი უგონოა, რომ ბირთვულ სახელმწიფოსთან ომი დაეწყო.
„საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის გარდა, რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს სხვადასხვა პროკრემლისტურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროპაგანდის ძალისხმევას. ამის მაგალითია ტელევიზია „ობიექტივი“ – მედია-გამოცემა, რომელიც ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერაში რუსულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. … „ – წერს სენატი.
მსგავსი სისულელე არაერთხელ გვსმენია, რაც სერიოზულად გვაფიქრებინებს ამერიკელი კანონმდებლების და არა მარტო, „ლაითი“ ცოდნის თაობაზე საქართველოს შესახებ. ის, რომ საქართველოში ჯერაც ვერ მოიძებნა რუსული ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ასეთის არსებობა თუ ჩვენ, საქართველოში მცხოვრებლებმა ვერ შევიგრძნეთ – ამერიკის სენატმა როგორღა შეიგრძნო?
დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ ეს ფალსიფიცირებული ინფორმაცია, სენატს, საქართველოში აშშ-ს საელჩომ მიაწოდა, მას კი „საიდუმლოება“ ქვეყნის „კეთილისმსურველმა“ „ნაცებმა“ და სხვა მისმა მონათესავე პარტიებმა ჩაუკაკლეს. გარდა ამისა, რას წარმოადგენს „ობიექტივი“ ისეთს, მითუმეტეს პრორუსულს, რომ ერთობ „პატივსაცემმა“ ამერიკულმა სენატმა ოფიციალური დოკუმენტი მიუძღვნას?!
ამ ზღაპარში მთავარი ისევ რუსეთია, ანუ აშშ-ს ნომერ პირველი მტერი, რომლის „რბილ“ გავლენას საქართველოზე ათასობით კილომეტრზე დაშორებული ამერიკელი სენატორები უფრო „გრძნობენ“, ვიდრე ჩვენ, საქართველოში მცხოვრებნი. ან რა აქვს საპროპაგანდო ამ დაბეჩავებულ ქვეყანას და მის მოსახლეობას, რომელმაც ისედაც კარგად იცის, რომ ხელისუფლება ნაბიჯსაც არ დგამს დიღომში არსებული აშშ-ს საელჩოსთან შეთანხმების გარეშე?
დარწმუნებული ვარ აშშ-ს სენატი, რომელმაც არათუ საქართველო, არამედ კავკასიის ადგილმდებარეობაც არ იცის (ამის თქმის უფლებას მაძლევს პრეზიდენტ ტრამპის გულწრფელი განცხადება – როდესაც პრეზიდენტი გავხდი და უცხოეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა მომილოცეს, მაშინ გავიგე რამდენი ქვეყანა ყოფილა მსოფლიოში), ისე მსჯელობს „ობიექტივისა“ და პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, თითქოს ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც უსმენდეს მათ.
ან რაში გამოიხატება „ობიექტივის“ პრორუსულობა? – იმაში ხომ არა, მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი რომ სისტემატურად ლანძღავს და ამათრახებს რუსეთს და მის ხელისუფლებას?
ან რომელი გადაცემა აქვს „ობიექტივს“ ისეთი, რუსეთის ქება-დიდებით რომ იყოს გამორჩეული? – არც ერთი. ყველა გადაცემა დასავლეთის და აშშ-სთვის გუნდრუკის კმევაა და მეტი არაფერი. არის ერთადერთი გადაცემა ცნობილი ჟურნალისტის და პოლიტიკოსის ვალერი კვარაცხელიას, სადაც ობიექტურად არის განხილული რუსეთი და მისი ხელისუფლება – სურვილით, რომ საქართველოს ჰქონდეს მასთან (რუსეთთან) ისეთი ურთიერთობა, როგორიც შეეფერება მეზობლობას, ისტორიულ კავშირებს, საუკუნეების განმავლობაში რომ ჰქონდა, აქვს და ექნება ორ ქვეყანას, მიუხედავად დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს უკმაყოფილებისა.
და კიდევ ერთი რამ, ერთობ გასაკვირი – დავუშვათ, მართლაც არსებობს თითო-ოროლა გაზეთი და არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის „რუპორი“ საქართველოში; დავუშვათ, „ობიექტივის“ ყველა გადაცემა პრორუსულია – ამან შეაშინა აშშ-ი?
საქართველოში არსებული მედიის უდიდესი უმრავლესობა – ელექტრონულ-ბეჭდური ხომ მთლიანად და თავდაჯერებით ულოკავს საჯდომს აშშ-ს, კოლექტიურ დასავლეთს? და ამ „საშურ“ პროცესში თუ წამიერად გაიელვა თავისუფალმა სიტყვამ, საშინელებად უნდა მოეჩვენოს სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის „დამფუძნებელ“ აშშ-ს?!
ან რა დემოკრატიაზე და სინამდვილეზეა ლაპარაკი, როდესაც შეკვეთილი მკვლელობების, ფაშისტური აღლუმების, ადამიანის უფლებების უკიდურესი რღვევის და ტელეკომპანიებზე ხულიგნური თავდასხმების, კორუმპირებულობის „ნაკრძალი“ უკრაინა მეორე კატეგორიის ქვეყნებიის რიგშია, მხოლოდ იმ ნიშნით, რომ უკრაინა აშშ-ს მონაა.
დარწმუნებული ვარ, პატიოსანი უკრაინელები და ასეთებიც მეგულებიან, სირცხვილით გაწითლდებიან, როდესაც სენატის დოკუმენტში საკუთარ ქვეყანას მეორე კატეგორიაში იხილავენ.
რუსეთ-ჩინეთის ლანძღვაში, რაც არახალია, არის მთავარი, ჰეგემონის მიერ 25-წლიან მსოფლიო ბატონობაში ნგრევის დაწყება. ტრილიონობით დოლარი დაახარჯა აშშ-ა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლას, ანტისაბჭოურ პროპაგანდას და როდესაც 1991 წლის დეკემბერს გულისწადილი აისრულა, ისე გაინავარდა, უმეტოქეოდ დარჩენილმა, როგორც ირემმა იალაღებზე. ამ ნავარდში სულაც გადაავიწყდა, რომ მოპოვებულ პირველობას შენარჩუნება უნდა – პატიოსანი შრომით, ნამდვილი დემოკრატიულობით, და არა ცილისწამებით, ტყუილით, ფალსიფიკაციით, ხალხთა შორის ურთიერთობაში მიღებული და არა მიუღებელი წესებით.
როდესაც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვი, მაგრამ სინამდვილეში ხელს უწყობ მათი სირიიდან მშვიდობიან გასვლას – დანაშაულია, ჩადენილი არა მარტო რუსეთის, არამედ კაცობრიობის წინაშე; როდესაც ურცხვად აცხადებ – სირიაში ჩვენ (აშშ-ა) დავამარცხეთ ტერორიზმიო – ტყუილი და მსოფლიოს თვალში ნაცრის შეყრაა; როდესაც ირანს ტერორიზმის სპონსორობას სწამებ – დიდი უსამართლობაა; როდესაც სახელმწიფოს სამოქმედო პროგრამაში ბირთვული იარაღის ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენების შესაძლებლობას აცხადებ – არა მარტო რუსეთის, მთელი მსოფლიოს შანტაჟია; როდესაც შენის გაგებით თავში „წამოსარტყამ“ ქვეყნებს „მძღნერიანებს“ უწოდებ – არა მარტო იმ ქვეყნების, მთელი მსოფლიოს შეურაცხყოფაა; როდესაც … . რამდენი ჩამოვთვალო?
ყოველივე აღნიშნული გვაძლევს აშშ-სთვის ნაკლებდასამშვიდებელი დასკვნების გამოტანის საბაბს – ასე იცის სიკვდილის წინ მყოფმა, განუკურნებელი სენით დაავადებულმა ადამიანმა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი