24.11.2024

საკუთარი თოკით ევროპისკენ?

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ორი მთავარი კანდიდატის სატელევიზიო პაექრობა ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს. ასე იყო ახლაც, 27 ივნისს, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი.

დებატებს, რომელიც ლინკოლნის დროიდან მოდის, არასდროს ჰქონია ისეთი სახე, როგორიც მან 27 ივნისს შეიძინა. რა მაქვს მხედველობაში?

მარტივი რამ — ლინკოლნიდან დაწყებული, დღემდე, ერთმანეთის პირისპირ არასდროს დამდგარან ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტემი. პრეზიდენტობისთვის იბრძვის მესამე კანდიდატი, ისიც დემოკრატია — კენედი, კენედების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი, 70 წლის სენატორი, თუმცა მის კანდიდატურას სერიოზულად არვინ იხილავს.

დემოკრატი ბაიდენი, ანუ „ვირი“ — პარტიის ემბლემის მიხედვით და რესპუბლიკელი ტრამპი, ანუ „სპილო“, იმავე ნიშნით, გადამწიფებული ასაკისანი არიან. პირველი 82 წლის, მეორე — 78-ს. როგორც ტრამპმა დებატების შემდეგ განაცხადა — ასაკი არაფერ შუაშია, ფიზიკური და მენტალური მდგომარეობაა მთავარიო. ტრამპს ამ შემთხვევაში საკუთარი ასაკი ჰქონდა მხედველობაში, უპირველეს ყოვლისა, მაგრამ არანაკლებ მოწინააღმდეგის.

ტრამპის ფიზიკური მდგომარეობა, ისე, როგორც მენტალური, დამაკმაყოფილებელია, რასაც ვერ ვიტყვით ბაიდენზე. არც ფიზიკურად და არც მენტალურად ის არ შეეფერება იმ ქვეყნის პრეზიდენტობას, რომელიც თავს მსოფლიო ჰეგემონად მიიჩნევს, თუმცა ესოდენ სუსტი ჯანმრთელობის ადამიანი არც არაჰეგემონ, სუსტ ქვეყანასაც არ შეეფერება.

აშშ-ს მმართველი დემოკრატიული ადმინისტრაცია წესად მიღებული დებატების წინააღმდეგ ვერ წავიდა, მაგრამ დაიყოლია რესპუბლიკელები მთელ რიგ დათმობებზე — დებატების დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარებაზე, დებატების გაშუქების, უფრო სწორად პირდაპირი გადაცემის ტელეკომპანია CNN-ისთვის მინდობაზე, წამყვანი 2 ჟურნალისტის სახით. ტელეკომპანია CNN დემოკრატიული პარტიის სულისკვეთების გამომხატველია.

რესპუბლიკელი ტრამპი, 3 დემოკრატი მოწინააღმდეგის წინაშე იდგა — პრეაზიდენტის და 2 ტელეჟურნალისტის.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთი კვირის განმავლობაში ამზადებდა ბაიდენს დებატებისთვის კემპ-დევიდში, პრეზიდენტთა დასასვენებელ, ანუ „საუიკენდო“ ქალაქგარეთა აგარაკზე. დებატების მსგავსი დარბაზიც მოუწყვეს ბაიდენს — 2 კათედრით, შეკითხვებსაც უსვამდნენ ისეთს, როგორსაც დებატების დროს ექნებოდა ადგილი. როგორც მედია იუწყება, CNN-ის 2 ჟურნალისტის მიერ დასასმელი შეკითხვები წინასწარ იყო ცნობილი ბაიდენისა და მისი მწვრთნელებისთვის.

მწვრთნელთა შორის იყვნენ ექიმებიც, რომლებიც ყველა წვრილმანს ითვალისწინებდნენ ბაიდენის ფიზიკურ-მენტალური მდგომარეობისა. გუნდის მთავარი ამოცანა იყო ბაიდენისთვის ისეთი სტიმულიატორების მიცემა, რაც შეაძლებინებდა მას საათნახევრის განმავლობაში კათედრასთან დგომას — ჩაუძინებლად. შეძლო თუ არა გუნდმა ჩანაფიქრის განხორცილება?

ჩემის აზრით, შეძლო.  ის არ წაქცეულა და არც ჩასძინებია, თუმცა ერთი-ორჯერ ჰქონდა მცდელობა, მაგრამ მოჭარბებული ყურადღების მქონე ტელეჟურნალისტმა, თავის ჩამოკიდებისთანავე, შეკითხვა დაუსვა და ჩაძინებისპირას მისული ბაიდენი ამქვეყნიურობას დაუბრუნა.

ამ დებატების შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა. ამდენად აღარ გავაგრძელებ მასზე ლაპარაკს. გეტყვით ჩემს მოსაზრებას ბაიდენის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ბაიდენი ყოჩაღად მომეჩვენა, უკეთესად, ვიდრე ადრე, სხვა საჯარო ღონისძიებების დროს. არც მენტალური მდგომარეობა მომეჩვენა კატასტროფულად, მაგრამ ერთიც და მეორეც — ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა იმ შემთხვევაში, როდესაც 82 წლის ასაკის ადამიანზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა პრეზიდენტზე, რომელიც მართავს მსოფლიოს პირველ ქვეყანას და რომელსაც აქვს მინდობილი ბირთვული ომის დაწყების ან არ დაწყების ღილაკზე თითის დაჭერის შესაძლებლობა.

კათედრასთან მდგომი კაცი, გვარად ბაიდენი, შემეცოდა, როგორც ადამიანი, რომელსაც აჰკიდეს ისეთი მძიმე ტვირთი, როგორიც ვერბალური პაექრობაა.

დებატების შემდეგ გამოთქმული უამრავი მოსაზრება, მათ შორის დემოკრატების, ემთხვევა ჩემსას. არ გამართლდა მათი მოლოდინი, რომ ბაიდენი დაამარცხებდა ტრამპს ლაქლაქში. ფიზიკურმა გაძლებამ, მენტალური გაუსაძლისობა ვერ გადალახა.

შედეგი?

როგორც CNN-მა გვამცნო, დებატები ტრამპმა მოიგო 67-ით, 33-ზე. არადა, 40-30-ზე რომ ყოფილიყო, ტრამპის სასარგებლოს, CNN-ი ბაიდენს გამარჯვებულად მონათლავდა. არ გამოვიდა, სხვაობა დიდი იყო, თუმცა ამისდამიუხედავად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა საჯაროდ მიულოცა ბაიდენს გამარჯვება, ისე, როგორც მეუღლე ჯილმა, რომელმაც დებატების დამთავრებისთანავე მიირბინა ბაიდენთან სიტყვებით — ყოჩაღ ჯო, დაამარცხე მოწინააღმდეგეო და ამ სიტყვებით ხელი მოჰკიდა ჯოს, დაეხმარა კიბეებზე ჩამოსვლაში.

CNN-ა ეს კადრებიც აჩვენა, ბაიდენის და დემოკრატების სავალალოდ.

დებატებმა გააძლიერეს კითხვა — რამდენად შეძლებს ასეთი ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიის მოგებას და თუ შეძლებს, შეძლებს ის 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვას?

გაჩნდა სხვა მოსაზრებაც — ბაიდენის დაყოლიებისა, რომ უარი თქვას კამპანიის გაგრძელებაზე და მის ნაცვლად ყრილობაზე სხვა კანდიდატის დასახელების, მაგრამ დაიყოლიებენ ბაიდენს?

თუ მან თვითონ არ თქვა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარი, ყრილობა ვერაფერს გახდება. ყრილობას არ აქვს უფლება კანდიდატთან შეუთანხმებლად შეცვალოს ის.

დებატები იყო ისეთი, როგორსაც ყველა თუ არა უმრავლესობა მოელოდა — ერთმანეთის ლანძღვა, ბაიდენის მხრიდან ტყუილი შვილის ერაყში დაღუპვასთან დაკავშირებით. არადა, უფროსი შვილი ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად, აშშ-ს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. იყო ტყუილი მიგრანტებთან დაკავშირებით, რომელთა რაოდენობამ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს 13 მილიონს გადააჭარბა.

მიგრანტების თემა, დებატების მთავარ თემად იქცა და ტრამპს ქულები შესძინა. იყო აბორტების თემაც — ესოდენ მტკივნეული აშშ-თვის; იყო პუტინის ლანძღვა, ბაიდენის მხრიდან და იყო უკრაინაც — მისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობა — ბაიდენის მხრიდან და არა ტრამპის, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინის ფინანსური დახმარების.

ტრამპი, ბაიდენს ადანაშაულებს უკრაინის ომისთვის და საგარეო პოლიტიკის უსუსურად წარმართვისთვის. მას მიაჩნია, რომ ბაიდენის ცუდმა პრეზიდენტობამ ავტორიტეტი დააკარგვინა აშშ-ს საერთაშორისო არენაზე.

დებატებმა დაანახა აშშ-ს დღევანდელი, ნამდვილი სახე, რომელიც სულაც არ არის მისაბაძი, გასაზიარებელი, სათაყვანებელი, უფრო მეტიც, საოცნებო სტრატეგიული პარტნიორობისთვის. როდესაც 2 მთავარი პარტია, საპრეზიდენტო კანდიდატებად ლამის პატიმრობაში მისაცემებს დაასახელებს, წინ დაგიდგებათ ქვეყანა უამრავი პრობლემებით.

ქვეყანა, როგორც წყალწაღებული, ისე ეკიდება ხავსს პირველობისთვის და ყველაფერს კადრულობს ჰეგომონობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით დოლარს და სამხედრო ძალას; ქვეყანა, რომელიც ვერ იტანს კონკურენციას; ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო ვალი ლამის 40 ტრილიონი დოლარი აქვს; ქვეყანა, რომელსაც უმძიმესი სოციალური პრობლემები აქვს შექმნილი არა მარტო ტეხასის შტატიდან მიგრანტთა შედინებით, რომლებიც დიდი ქალაქების ფაქტიური მბრძანებლები არიან; ქვეყანა, რომლის ცენტრალურ ხელისუფლებას, შტატების ნახევარზე მეტი არ ემორჩილება;

ქვეყანა, სადაც თეთრკანიანთა ბატონობა შავკანიანებზე, შავკანიანთა, თეთრკანიანებზე ბატონობით ჩანაცვლდა; ქვეყანა, სადაც ლგბტ ბატონობა დაკანონდა, თან ისეთი გაუკუღმართებული გზით, როგორებიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მათ მიერ შვილის აყვანის დაკანონება, სქესის გადაკეთება და ყოველივე აღნიშნულის სხვა ქვეყნისთვის თავზე მოხვევა; ქვეყანა მაღალი ინფლაციით, ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი ვარდნით;

ქვეყანა, რომელსაც ჯერაც ხელეწიფება სხვა ქვეყნებში „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების მოწყობა, სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების ტერორიზმის გზით პოლიტიკიდან, ხშირად სიცოცხლიდან ჩამოშორება; ქვეყანა, რომელიც საკუთარი ბინძური მიზნების მიღწევისთვის მზადაა შექმნას ტერორისტული ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა „ალ-ქაიდა“, „ისლამური სახელმწიფო“, …; ქვეყანა, რომელიც ავტორია იუგოსლავიის ომის, ერაყის, სირიის, ლიბანის, ავღანეთის, სხვა დიდი თუ მცირე სახელმწიფო კონფლიქტების;

ქვეყანა, რომელმაც ომი წამოიწყო უკრაინაში და ამაში რუსეთი დაადანაშაულა;

ქვეყანა, რომელმაც არაფრად ჩააგდო საკუთარი დაპირება საბჭოეთის მიმართ ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით და აიძულა რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო უკრაინაში, რათა წინ აღდგომოდა უკრაინის ნატოში შეყვანას, უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგებას.

სულ მალე, ვაშინგტონში ნატოს სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. სამიტზე მეზობელი სომხები და აზერბაიჯანლებიც იქნებიან, ისე, როგორც უკრაინელები — განსხვავებული, უფრო მაღალი სტატუსით, ისეთით, საქართველო რომ ინატრებდა.

უკრაინა, სწორედ ის ქვეყანაა, სადაც აშშ-ა შეძლო ამ ქვეყანაში მცხოვრები რუსების ისე გადაჯიშება და ანტირუსად გადაქცევა, უარესს რომ ვერვინ იფიქრებდა.

უკრაინაში მცხოვრებ რუსებს, უკრაინელები დაარქვეს, ამასთანავე უთხრეს, რომ ისინი ცივილიზებულები არიან, გაცილებით მაღლა მდგომნი, ვიდრე რუსები; რომ უკრაინელი ხალხის ისტორია საუკუნეებს ითვლის და ა.შ.

ამერიკელთა ძალისხმევამ გაჭრა. უკრაინამ დაიჯერა საკუთარი უნიკალურობა და სკოლის სახელმძღვანელოებშიც ჩაბეჭდა. სკოლის მოწაფეები, რომელბიც ამ სახელმძღვანელოებმა აღზარდა, 30  წლისანი არიან, საკუთარი სისხლისა და ხორცის, რუსის მიმართ უაღრესად მტრულად განწყობილნი.

ამერიკელებმა „მადლს“ მარილიც მოაყარეს, ნეოფაშისტური, რითაც საფუძველი ჩაუყარეს ფაშიზმის აღორძინებას. და ყველაფერი ეს რუსეთის გასანადგურებლად, მის დასაქუცმაცებლად, ვინაიდან მცირე ნაწილებად დაყოფილი რუსეთის მართვა და მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება გაიოლდება.

აშშ-ს, ნატოს სამხედრო ბლოკის შემქმნელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დაწყებული, მუდამ აწუხებდა აკვიატებული იდეა, რუსეთის დამონებისა. ამ იდეას ემსახურება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება — რუსეთის მტრული სამხედრო ბლოკით შემორკალვა.

რა თვალით უყურებს ყოველივე აღნიშნულს კრემლი?

გაღიზიანებული, უარყოფითი თვალით, განწყობით, რაც არაერთხელ დააფიქსირა საჯაროდ. კრემლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ნატოში შეყვანასთან დაკავშირებით, არანატოური გადაწყვეტილების მიღება თუ არა, თავის შეკავება უნდა გამოეწვია აღნიშნულ „სამეულში“, მაგრამ არა.

აშშ-ს მოიმედეებმა გააგრძელეს ნატოსკენ სვლა. შედეგი?

სავალალო — ტერიტორიებდაკარგული საქართველო, ომში მყოფი უკრაინა — დაქცეული ქვეყანა, რომელიც ომის შეწყვეტის შემდეგ იმ საზღვრებში აღარ იქნება, როგორშიც 1991 წელს იყო.

უკრაინას ეგონა, რომ 2024 წლის ნატოს სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება, ნატოში მიიღებდნენ. სამიტი წინ არის, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ უკრაინას ამჯერად ნატოში არ მიიღებენ. რა იქნება ხვალ, ვინ იცის?! მაგრამ დაპირებაში, რომ ნატოს კარი ღია იქნება, ეჭვის შეტანა ძნელია.

დაპირება მაშინ იქცევა რეალობად, როდესაც აშშ-ს გარკვეული წრეები ჩათვლიან, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა უკვე ისეთებად გადაკეთდნენ, როგორც ამერიკელები — ლგბტ-ს, ტრანსვესტიტობის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების, სქესის გადაკეთების მომხრეები. და არა მარტო, საკუთარი ისტორიის მაგინებლები, საკუთარი წარსული ცხოვრების გამო დამორცხვებული.

მათი სურვილია, რომ ჩვენ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს. ფესვებსმოწყვეტილი ადამიანი, რობოტია. ასეთისთვის სამშობლო იქაა, სადაც გაძღება. ასეთია საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემა „ჩაი ორისთვის“ წამყვანი შავლეგ გეგეჭკორი, რომელიც ყველა გადაცემაში იმდენ ანტისაბჭოურს, ანტირუსულს და პროუკრაინულ ფაშისტურს აფრქვევს, ვეღარ გრძნობს, რომ გადმონთხეული შხამი ანტიქართულიცაა.

ფეხბურთთან დაკავშირებით მან ბრძანა, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ დიდი სიხარული მოუტანა ერსო, ისეთი, როგორიც მას არ ჰქონია საბჭოთა კავშირის დროსო და არც ექნებოდაო საბჭოთა ნაკრების გამარჯვების შემთხვევაშიო. რატომ არ ექნებოდა, შავლეგო?

იმ საბჭოთა ნაკრებში ხომ ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ?!

ჩამოგითვალო?

აი, ისინიც: სლავა მეტრეველი, მიხეილ, მესხი, სერგო კოტრიკაძე, ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, რამაზ ურუშაძე, სხვები და სხვები. ხურცილავა ნაკრების კაპიტანი იყო. საბჭოთა კავშირი ჩვენი სამშობლო იყო. მართალია, თქვენ სასირცხვოდ მიგაჩნიათ ამის თქმა, მაგრამ რა გაეწყობა — ეს ჩვენი 70-წლიანი ისტორიაა, რომელმაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ისეთი წინსვლა აგემა ქვეყანას, როგორიც მას არასდროს ჰქონია. პატარა ქვეყანას არა მარტო წარმატებული ფეხბურთი ჰქონდა, არამედ კალათბურტთ, წყალბურთი, ხელბურთი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ჭადრაკი, ყველა სახის ჭიდაობა, ჩოქბურთი, ცხენოსნობა და სხვა მრავალი.

ახლა ვნახოთ კულტურა, ხელოვნება, კინემატოგრაფია, მუსიკა, საოპერო და საბალეტო, თეატრალური ხელოვნება. განათლებაზე და სამეცნიერო კადრებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ვინაიდან უხვად გვყავდა საკავშირო აკადემიკოსებიც. მათი მეცადინეობით და გარჯით გვქონდა სამაგალითო მეტალურგიული და ქიმიური კომინატები, ჩარხთმშენებელი და ელმავალმშენებელი, საავიაციო, ავტომშენებელი ქარხნები, კვების მრეწველობის ფაბრიკები, საწარმოები, განვითარებული სოფლის მეურნეობა და ეს ყველაფერი 5-მილიონიან რესპუბლიკაში!

საბჭოური წარსულის მქონეს, როგორ უნდა გაგიჩნდეს სურვილი მისი აუგად გახსენების?

მხოლოდ დასავლეთის „აგენტს“ — კანონიდან გამომდინარე, გაუჩნდება ასეთი, ვინაიდან ასე უნდა ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორს.

პირადად მე, უცხოეთში ყოფნის დროს, ყოველთვის ვგრძნობდი პატივისცემას მასპინძელთა მხრიდან, ვინაიდან საბჭოთა კავშირს წარმოვადგენდი. ასე იყო 1985 წელს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, საბჭოთა დელეგაციის რიგებში. ლონდონში, ედინბურგში, სხვა ქალაქებში გამართული შეხვედრების, ალაფურშეტების დროს უშუალო ლაპარაკისას მასპინძელთა მხრიდან მოსმენილი ქება-დიდება მძლავრი საბჭოეთის შესახებ მხოლოდ პოზიტიურ რეაქციას, სიამაყეს იწვევდა ჩემში, ერთობ განსხვავებულს დამოუკიდებლობის წლებში განცდილისგან, როდესაც ისე გვიღებენ, როგორც მათხოვარს, პატარა, უსუსური ქვეყნიდან.

გუშინდელი დასავლელი, ერთობ მოკრძალებული საბჭოთა კავშირის მოქალაქის წინაშე, დღეს ზემოდან გვიყურებს. სულ ახლახანს, ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის გადაცემას ვუყურე, რომლის დროს მან მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ს საარჩევნო სისტემა და გაღიზიანებულმა თქვა — „აყროლებულ“ საფრანგეთშიც კი ამომრჩეველს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვენ, ჩვენთან არაო.

აშშ-ს საარჩევნო სისტემა რომ დრომოჭმულია და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ყველასთვის ნათელია და არ გამკვირვებია, მაგრამ გამიკვირდა კარლსონის მიერ საფრანგეთის დასახასიათებლად გამოყენებული სიტყვა „აყროლებული“, რამეთუ კარლსონი იმ ჟურნალისტთა რიგებს მიეკუთვნება, ვინც ობიექტურობით, თავშეკავებულობით გამოირჩევიან სხვა ქვეყნის მიმართ, მიუხედავად ამისა, სიტყვა „აყროლებული“.

კარლსონშიც კი ჩაბუდებულია ამერიკული აღზრდა ამ ქვეყნის პრიორიტეტულობით, რომ ამერიკელი გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას სხვებთან შედარებით. ამერიკელი, ფრანგს ზემოდან დაჰყურებს და „აყროლებულად“ მიიჩნევს, საქართველოს, ქართველს, როგორღა შეხედავს?!

გავიხსენებ კიდევ ერთ მაგალითს ვიქტორია ნულანდისას, მაშინ ის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე იყო. კოლეგა დიპლომატთან ლაპარაკში გერმანიის კანცლერ მერკელთან დაკავშირებით მან ბრძანა — „ფაკ მერკელ“, „ფაკ ჯერმანი“. მე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვარ და ჩემი დირექტივა მერკელმა უნდა შეასრულოსო.

სხვა მაგალითებიც უხვად მაქვს, მაგრამ ვგონებ ესეც კმარა ამერიკელთა „განსაკუთრებულობის“ აღსანიშნავად. გაითვალისწინეთ, პატივცემულო თანამოქალაქეებო, ნათქვამი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკაზე, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე ლაპარაკობთ. არავითარ სტრატეგიულ პარტნიორობაზე არ შეიძლება ლაპარაკი ქვეყანასთან, რომელსაც თავისი თავი მსოფლიო მბრძანებლად მიაჩნია.

ბაიდენ-ტრამპის დებატების გარდა სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი მსოფლიო პოლიტკაში. გამოვყოფ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების ერთმანეთში განაწილებას. ევროკავშირის მმართველ ორგანოს თავისი კომისიებით და ხელემძღვანელობით ბრიუსელის შტაბ-ბინაში აქვს განკუთვნილი ადგილი. ამ ორგანოს ხელმძღვანელობას არვინ ირჩევს. შეიკრიბება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები და ერთმანეთში გაინაწილებენ ადგილებს, ისე, თითქოს საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა, თითქოს მემარცხენე ლიბერალური ძალებისთვის დარტყმა არ მიუყენებია მემარჯვენეებს.

მთავარ ხელმძღვანელად, მეორე ვადით კვლავ განამწესეს გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ქალბატონი ურსულა, რომელმაც დააორსულა ევროკავშირი იმ დონეზე, რომ მახინჯი შთამომავლობა გააჩენინა. ევროკავშირი კარგახანია დაშორებულია რეალური პოლიტიკისგან და ამ კავშირში შემავალი ქვეყნების მოთხოვნების შესრულებისგან. ურსულას ხელმძღვანელობის პერიოდში კავშირი ლამის მილიტარისტულ ორგანიზაციად იქცა, პროუკრაინულად, ანტირუსულად.

გაწყდა თითქმის ყველა დონის კავშირი რუსეთთან. აიკრძალა არა მარტო რუსული ენერგომატარებლები, არამედ ეკონომიკური კავშირები, კულტურული ურთიერთობები, რუსულ ენაზე გამოცემული წიგნები. რუს ტურისტებს აღარ მიესალმებიან კავშირის წევრი ქვეყნები. რუსეთი ევროპისთვის გახდა საფრთხობელა, რომელიც ევროპის დაპყრობას გეგმავს, უკრაინას მოითავებს და შემდეგ პოლონეთს, ბალტიისპირა ქვეყნებს მიადგება. სხვათაშორის იგივე მოსაზრება გამოთქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, ტრამპთან გამართული დებატების დროს.

ურსულას პერიოდში ევროკავშირი აშშ-ს პირწმინდა თოჯინად იქცა, მონად, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციის დავალებებს ასრულებს. სწორედ ამან განაპირობა ურსულას მეორე ვადით დანიშვნა. აშშ-ს გავლენა ბრიუსელზე უკიდეგანოა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ვაშინგტონის ჯილაა, პირადად ბაიდენის და რაც არ უნდა იძახონ ურსულას მოწინააღმდეგეებმა, რომ ის კორუპირებული და არაკომპეტენტურია, არაფერი გამოვა.

მეორე დანიშვნამ მთლად გადარია ევროპელები, მაგრამ მათ ვინ კითხავს?

==მთავარი აქაც აშშ-ა, რომელსაც თვალში მოუვიდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, პირწავარდნილი ანტირუსი, რომელიც რუსეთის გინებაში ათენებს და აღამებს და გადაწყვიტა ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა, მაგრამ არ გამოუვიდა — აშკარა ექსტრემისტის, რუსოფობის გამდივნება.

ამ პოსტზე ისევ მამაკაცი შეარჩიეს, პოლიტიკაში გამოცდილი — ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რიუტე. ცხადია, ისიც რუსოფობია, თუმცა დღევანდელ ევროპულ პოლიტიკაში ვინ არ არის ასეთი? მაგრამ კალასთან შედარებით, ის ქვებს არ ისვრის. რიუტეს 4-ჯერადი პრემიერობის სტაჟი აქვს. მას ცოლ-შვილი არ ჰყავს და ამხრივადაც შესაფერისი კანდიდატურაა.

კაია კალასი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ჩაიბარებს, შეცვლის რა პირწმინდა რუსოფობ ბორელს — პიროვნებას, რომელმაც ევროკავშირს ედემის ბაღი უწოდა, რომელიც ჯუნგლებით არის გარშემორტყმული, ჯუნგლების მკვიდრებს, რომ დიდი სურვილი აქვთ ედემის ბაღში შეღწევის. როგორც ჩანს ჟოზეპ ბორელი მის მიერ შექმნილ ედემის ბაღში დაისვენებს.

დაგვემშვიდობა შარლ მიშელიც, ქართველებმა რომ „სამში გრძელი“ შეარქვეს — დიდი „სიყვარულით“. გრძელი პოლიტიკოსი შეეწირა ურსულასთან ჭიდაობას. მან ეს ორთაბრძოლა წააგო. შარლ მიშელს პორტუგალიის ექს-პრემიერი კოშტა ჩაანაცვლებს. სხვა კომისიების დანიშვნების საკითხიც მალე გადაწყდება და ივლისის შუა რიცხვებში ევროპარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

მიუხედავად მემარჯვენეთა რიგების გაფართოების, ევროკავშირის მმართველ ორგანოში მათ სასარგებლო ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია. ყოფილი ექსტრემისტების ნაწილი ურსულას სახით თანამდებობებზე დარჩნენ. ძველი ექსტრემისტი ბორელი, ახალმა ექსტრემისტმა კალასმა ჩაანაცვლა.

მარტო ამ ორი რუსოფობის დანიშვნამ დაგვანახა, რომ ანტირუსული პოლიტიკა გაგრძელდება. ასე რომ საქართველოს ხელისუფალთ დასამშვიდებელი ნაკლებად აქვთ და რატომ? ანტირუსობა, ანტიოცნებობას ნიშნავს, ვინაიდან „ოცნების“ ხელისუფლებას დასავლეთი პრორუსულად აღიქვამს. „ოცნების“ მიერ პოლიტიკური ვექტორის შეცვლას, თუ ვინმე გაიძახოდა ხმამაღლა, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი იყვნენ. ესტონეთმა, სხვებთან ერთად საკითხიც დააყენა საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატობის სტატუსის გაყინვისთვის, ვიდრე „ოცნება“ არ გააუქმებს „აგენტების“ კანონს.

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია პრემიერ-მინისტრ კობახიძის საანგარიშო მოხსენებაში ხალხისთვის დაპირება, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრდება 2030 წელს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. როგორც ჩანს, „ოცნება“ ისევ ტყუილების გზას ადგას. ქართული ანდაზისა არ იყოს — „მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, მიჩვეულს ნუ გადააჩვევ“-თან გვაქვს საქმე.

2012 წლიდან დაწყებული „ოცნება“ ბევრ რამეს გვპირდებოდა და გვპირდება, მათ შორის ტერიტორიულ გამთლიანებას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. კობახიძეც რას კარგავს — შეგვპირდა, სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ 2030 წლამდე მისი პრემიერობა ვერ გაძლებს. „ოცნების“ დამფუძნებლის ივანიშვილის მიერ შექმნილი ტრადიცია პრემიერ-მინისტრების სისტემატურ ცვლასთან დაკავშირებით მაფიქრებინებს, რომ ბიძინა არც ამჟამად უღალატებს ტრადიციას.

2030 წლამდე დიდი დროა და არვინ იცის შექმნილი პოლიტიკური ვითარება რა გავლენას იქონიებს ივანიშვილზე. თავის გადარჩევის მიზნით მან შეიძლება კობახიძის შეცვლის საკითხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეული არეულობის აცილებისთვის დააყენოს. არეულობა კი უდავოდ იქნება. ასეთს, ოპოზიცია გვპირდება და მასთან ერთად დასავლეთი, ოღონდ ფარულად. როდესაც ის იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაატარებს არჩევნებს, შებრუნებით უნდა გავიგოთ. პატარა დარღვევასაც კი თითზე დაიხვევს და იმ სილებისთვის, რომელიც ხელისუფლებამ დასავლეთს უთავაზა, მკვრივ მუშტებს ამოგვდებს ყბაში, ხანგრძლივ ნოკაუტში ჩასაგდებად. ნოკაუტს კი ისევ ქართველ ახალგაზრდებს გააკეთებინებს, ვინც მუდმივ აქციებს აწყობდა პარლამენტის შენობასთან „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგოდ, იმათ, ვინც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდა გერმანიაში. მათგან რამდენიმემ მიკროფონში ჩაიძახა — ჩვენი ადგილი აქ არისო, ანუ ევროპაში.

მისი და მისთანების გაგებით, საქართველოს ევროკავშირში შესვლას „ოცნება“ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ის რუსეთის დავალებას ასრულებს და რაც არ უნდა იძახოს „ოცნებამ“, რომ 2030 წელს ის საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ ვერ დააჯერებს.

წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად „ოცნებამ“ კარდინალური ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიტიკური ვექტორის შეცვლისთვის.

შექმნილ ვითარებას რომ თავი დავანებოთ, რა სანატრელია დასავლეთთან ყოფნა, როდესაც ის დასავლეთი ემუქრება შენს ეროვნულობას, ისტორიას, კულტურას. როდესაც მას არ აწყობს ეროვნულ ფესვებზე მდგარი ხალხი; როდესაც მას სურს ეროვნულობის ნაცვლად ხალხის მასა, ისტორიისა და ისტორიული ფესვების გარეშე; როდესაც მას სურს „ოქროს მილიარდის“ იდეის განხორციელება, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 8 მილიარდიდან, ერთ მილიარდამდე დაყვანა და ამისთვის იგონებს ლგბტ-ს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, რომელიც გამრავლებას არ იძლევა; როდესაც ლგბტ იდეის ცხოვრებაში გატარებისთვის გიწუნებს კანონპროექტს — ვენეციის კომისიის ენით და ა.შ.

ასეთ ვითარებაში სრულიად გაურკვეველია ლტოლვა ევროკავშირისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ. იმ ანეკდოტისა არ იყოს — ჩვენი ჩამოსახრჩობი თოკიც, ჩვენ მიგვაქვს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

01/07/2024