23.12.2024

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების ხელმძღვანელების განცხადებით, მასობრივი გამოსვლები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ირანის ქალაქებში, ჩაცხრა.

ცხრა წელია რაც ირანს მსგავსი გამოსვლები არ ახსოვს. 9 წლის წინანდელი გამოსვლები სხვა შეფერილობის იყო – გამოწვეული კონსერვატორი მაჰმუდ ახმადინეჟადის გამარჯვებით საპრეზიდენტო არჩევნებში.

ლიბერალურად განწყობილი სტუდენტობა და მოსახლეობის გარკვეული ფენები არ იზიარებდნენ კონსერვატიული ძალების გამარჯვებას და მასობრივი სახალხო გამოსვლებით ცდილობდნენ ვითარების შეცვლას, თუმცა ამაოდ.

არჩეულმა პრეზიდენტმა ახმადინეჟადმა და ირანის ხელისუფლებამ მოახერხეს გამომსვლელთა დარწმუნება, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა გაითვალისწინებს მოთხოვნებს და შესაძლებლობის ფარგლებში შეეცდება მათ დაკმაყოფილებას.

მაშინ, შიდაპოლიტიკური დუღილის ჩაქრობას საკმაო დრო დასჭირდა – დაახლოებით ნახევარი წელი. ვითარება მხოლოდ 2010 წლის დასაწყისში დასტაბილურდა. დღევანდელ სახალხო გამოსვლებს სხვა სარჩული აქვს – ეკონომიკური – საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონელზე, კვების პროდუქტებზე ფასების მატება, უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

მტკივნეულია ბენზინზე ფასების მატება 25 ცენტიდან 42 ცენტამდე (ლიტრი ბენზინი). გარდა ამისა, გადასახადის გაზრდა ქვეყნიდან გასვლის დროს. თუ ირანელი საზღვარგარეთ პირველი გამგზავრებისას 21 დოლარს იხდიდა, ამჯერად 43,5 დოლარს იხდის, მეორე მოგზაურობისას – 71,5 დოლარს, ხოლო მესამე – 99,5 დოლარს.

ტყუილია არ უთქვამს ირანის პრეზიდენტს ჰასან როუჰანის: „აქ ყველა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ყურს უგდებს უცხოელებს და მათ დავალებას ასრულებს, ზოგიერთი მათგანი კი აპროტესტებს პრობლემების გამო“.

პრობლემები ნამდვილად არის, რასაც არც ხელისუფლება მალავს. მასობრივი გამოსვლები, რომლებიც ირანის მეორე ქალაქ მეშხეთიდან დაიწყო და მინდორზე გაჩენილი ხანძარივით უმალ მოედო 1000-ზე მეტ ქალაქს, უდავოდ გახდება ირანის ხელისუფალთა სიღრმისეული განხილვის საგანი, რასაც კარდინალური ნაბიჯებიც მოჰყვება, ცხადია უკმაყოფილო მოსახლეობის სასარგებლოდ.

ზოგი საწინააღმდეგოს ამბობს – ხელისუფლება სიკვდილით დასჯის ამბოხების მოთავეებსო, რაც საეჭვოა, ვინაიდან უკიდურეს სიმკაცრეს მასობრივი გამოსვლები მოჰყვება, გაცილებით მეტი მსხვერპლით, ადმინისტრაციული შენობების დარბევით, ავტომანქანების დაწვით და სხვა ისეთი ბარბაროსული აქტებით, რასაც ახლა ჰქონდა ადგილი.

ირანის ხელისუფლება აქცენტს აკეთებს შიდაპოლიტიკურ, მეტადრე ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ ამასთანავე ხაზს უსვამს გარე ფაქტორებსაც ანუ წაქეზებას, ორგანიზებას, რადიკალების მხარში დგომას.

ირანის მოსახლეობის ნახევარი 25 წლამდე ახალგაზრდაა – უმაღლესი განათლებით, უცხო ენების ცოდნით, მეტადრე ინგლისურის, სოციალურ ქსელებში ღრმად ჩახედული და მომხმარებელი, ბევრი მათგანი აშშ-იც არის ნამყოფი, იქ განათლებამიღებული.

ამერიკაში ისე, როგორც სხვა ქვეყნებში მილიონობით ირანელი ცხოვრობს. ისინი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ წავიდნენ, შაჰის, რეზა ფეჰლევის დამხობის შემდეგ. ყველა მათგანი ირანის ხელისუფლების და სახელმწიფო წყობის დაუძინებელი მტერია. ისინი ირანს „მოლების დიქტატურას“ ეძახიან და ძალღონეს არ იშურებენ ირანში პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად. ესოდენ ნოყიერ ლუკმას ხელიდან არ გაუშვებდა და არც უშვებს აშშ-ს სპეცსამსახურები, რომლებთანაც აქტიურად თანამშრომლობს ამერიკაში მცხოვრები ირანული დიასპორა.

აშშ-ს ყველა პრეზიდენტი – კარტერიდან დაწყებული, იბრძოდა და იბრძვის „მოლების რეჟიმის“ წინააღმდეგ. კარტერი, რომელიც მეგობრულ ურთიერთობაში იყო ირანის შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევისთან, ბოლო პრეზიდენტი იყო, ვინც თეირანს სტუმრობდა. ვიზიტმა მაღალ დონეზე ჩაიარა და რას იფიქრებდა კარტერი და მისი გუნდი, რომ სულ მალე, რეგიონში აშშ-ს მარჯვენა ხელი მუჰამედ რეზა ფეჰლევი იძულებული იქნებოდა თეირანი დაეტოვებინა, ხოლო, მის მიერ ირანიდან გასახლებული აიათოლა რუჰოლა ჰომეინი ირანის სულიერი ლიდერი და მეთაური გახდებოდა.

საფრანგეთიდან დაბრუნებულ აიათოლას მილიონზე მეტი ადამიანი დახვდა თეირანის აეროპორტსა და ქუჩებში. ირანელი რევოლუციონერები ირანისა და ირანელი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულში არა მარტო შაჰს ადანაშაულებდნენ, არამედ აშშ-ს და დასავლეთს. აიათოლა რუჰოლა ჰომეინიმ, აშშ-ს „უდიდესი სატანა“ უწოდა. თეირანში არსებული აშშ-ს საელჩო ხანგრძლივ ალყაში მოექცა. მოგვიანებით ამერიკელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.

იმ დღიდან ირანის ისლამური რესპუბლიკა აშშ-ს ნომერ პირველ მტრად გამოცხადდა, ისე, როგორც ამერიკა ირანისთვის. იქიდან მოყოლებული დღემდე, ოფიციალური ვაშინგტონი ძალას არ იშურებს ირანში ძირგამომთხრელი მოქმედების დასაფინანსებლად, წასახალისებლად, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

ირანისა და საერთაშორისო საკითხებში ჩახედულთ ემახსოვრებათ აშშ-ს პრეზიდენტის კარტერის მიერ ირანში აშშ-ს სპეცრაზმის ვერტმფრენებით გადასხმა – ამერიკელი დიპლომატების ალყიდან დასახსნელად. ისიც ემახსოვრებათ, როგორი სამარცხვინო მარცხი განიცადა სპეცოპერაციამ.

თეირანის შემოგარენში ვრცელი ტერიტორია უკავია დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებში დაღუპული ირანელი რევოლუციონერების სამარადისო სასუფეველს. აქ არიან დაკრძალული რიგითი მეომრები და ირანის პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმას შეეწირნენ.

ბევრი რამ აქვს გასახსენებელი ირანის ხელისუფალთ, ცხადია ნეგატიური აშშ-თან, კოლექტიურ დასავლეთთან მიმართებაში, მათ შორის ერაყ-ირანის 9-წლიანი ომი, რომელიც ამერიკელთა უშუალო წაქეზებით დაიწყო ერაყის მაშინდელმა დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა – აშშ-ს მარჯვენა ხელმა ახლო აღმოსავლეთში, მოგვიანებით მტრად ქცეულმა და ამერიკელთა კარნახით ჩამოხრჩობილმა.

ირანის შაჰსაც დაახლოებით იგივე ბედი ეწია. ამერიკაში ჩასულს, ყოველგვარი მორიდების გარეშე უთხრეს, რომ დიდხანს ვერ დარჩებოდა, ვინაიდან მსოფლიო საზოგადოება გაღიზიანდებოდა შაჰის იქ ყოფნით. ერთ დროს მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, პატივისცემის ნაცვლად, კინწისკვრით გამოაგდეს აშშ-დან. გაუბედურებულს ეგვიპტის პრეზიდენტმა გაუღო კარი. ამ ჟესტით თეთრმა სახლმა აგრძნობინა აიათოლა ჰომეინის, რომ მზად იყო მასთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ აიათოლას გული ვერადავერ მოიგო.

ირანის ხელისუფალთა პოზიცია აშშ-ს მიმართ შეუვალია – ისეთი, როგორიც ისლამური რევოლუციის დღეებში. შეუვალია ვაშინგტონის პოზიციაც, რომელიც ყოველმხრივ ცდილობს ირანი გააშავოს და ისეთი სანქციები დაუწესოს, სუნთქვის საშუალებაც რომ მოუსპოს 80-მილიონიან ქვეყანას.

ხან რა დააბრალეს და ხან რა ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამა მოწინავე ადგილს იკავებდა. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, გერმანიის და თვით ირანის ძალისხმევით ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, რომლითაც ირანმა ითავა ურანის გამდიდრების პროცესის 7%-ში ჩატევა, რაც არ იძლევა ბირთვული ბომბის დამზადების შესაძლებლობას, მაგრამ გამოსადეგია მეცნიერების და სამედიცინო კვლევების განვითარებისთვის. საპასუხოდ, ექვსი ქვეყანა და გაერო ირანს მოუხსნიდა დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

ხელშეკრულება პრეზიდენტ ობამას მმართველობის დროს გაფორმდა, მაგრამ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ვაშინგტონს არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ტრამპი ახალი სანქციებით იმუქრება და არა მარტო, მან ლამის ომი წამოიწყოს ირანის წინააღმდეგ.

ამერიკას მხარში უდგას ისრაელი, რომელსაც ისე, როგორც ტრამპს სურს ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება იმ მოტივით, თითქოს ირანი მალულად აკეთებს ბირთვულ ბომბს. როგორც ვაშინგტონს, ისე თელ-ავივს არაფრად მიაჩნიათ საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს პერმანენტული დაკვირვება ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რომლის მიხედვით, ირანი პირნათლად ასრულებს ხელშეკრულების მოთხოვნებს.

იბადება კითხვა – მაშ რა იწვევს ვაშინგტონისა და თელ-ავივის გაღიზიანებას?

პასუხი მარტივია – ირანის როლის ზრდა ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში, სადაც წარმატებით მოქმედებდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგები. სწორედ ირანთან ერთად შეძლო რუსეთმა იქ წარმატების მოპოვება. ირანი ეხმარება პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასს“ და ლიბანში მოქმედ „ჰესბოლას“. ეს ორგანიზაციები და თვით ირანი აქტიურად იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ.

აშშ-ს ისე, როგორც ისრაელს, სერიოზულად აფიქრებს მშვიდობიანობის ჟამს შიიტური ირანის პოზიციების განმტკიცება შიიტურ ერაყში და სირიის ალავიტურ ხელისუფლებაში. ირანის როლის გაფართოებით ახლო აღმოსავლეთში, ფუნდამენტი ერყევა არა მარტო ამერიკა-ისრაელის პოზიციებს, არამედ საუდის არაბეთის, ასევე ირანის დაუძინებელი მტრის.

ირანის გამოსვლების დროს ის მოწოდებები ისმოდა, რასაც ვაშინგტონი გაიძახის – სირიიდან გამოსვლა, „ჰამასისა“ და „ჰესბოლასთვის“ დახმარების შეწყვეტა, სამხედრო ხარჯების შემცირება, ირანის პოლიტიკური წყობის შეცვლა და ა.შ.

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ განაცხადა – „აშშ-ი, ისრაელი, საუდის არაბეთი და დიდი ბრიტანეთი ის ქვეყნებია, რომლებიც მხარში უდგანან ამბოხებულებს. მოწოდებების 27%, რომლებიც ირანის წინააღმდეგ არის მომართული, შემუშავებულია საუდის არაბეთში“.

ტრამპმა კი პირდაპირ თქვა: „ირანელი ხალხისთვის დადგა ძირეული ცვლების პერიოდი, რომლთა შედეგად ირანის რეაქციული, კორუმპირებული, ტერორიზმის დამხმარე ხელისუფლება უნდა დაემხოს. მრავალი წლის განმავლობაში ჰყავს ამ ხელისუფლებას რეპრესირებული საკუთარი ხალხი, რომელსაც შია და თავისუფლება სწყურია“.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი მოურიდებლად თქვა: “დღევანდელი ადმინისტრაცია არ გაიმეორებს წინა შეცდომებს, გვერდზე არ გადგება და იგნორირებას არ გაუკეთებს ირანელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას, რომელიც ებრძვის უსასტიკეს რეჟიმს“.

გარდა აღნიშნული განცხადებებისა, სხვაც ბევრი იყო გამოთქმული, რაც უდავოდ მიმანიშნებელია იმაზე, რასაც ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამენეი და პრეზიდენტი როუჰანი ამბობენ – ირანის ჯანყის უკან აშშ-ი, ისრაელი და საუდის არაბეთია.

ირანში წამოწყებული ანტისახელისუფლებო გამოსვლები რომ მართული პროცესია, საეჭვო არაფერია. თუ ირანის ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების განმუხტვა, ეს არ იქნება სამუდამოდ, ვინაიდან ირანი, ნამდვილად დამოუკიდებელი და სუვერენული, ცუდად ეჩხირება თვალში აშშ-ს. და რახან ასეა, ირანს მოსვენება არ ექნება, ისე, როგორც არ ჰქონდა 1979 წლიდან – ირანის ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადების დღიდან.

ირანელი ხალხი, ირანის ხელისუფლება ზედმიწევნით კარგად ფლობს სიტუაციას და მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს, თუნდაც ისეთს, რასაც ადგილი ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს 5 იანვრის სპეციალურ სხდომაზე – მოწვეულს აშშ-ს ინიციატივით. აშშ-ს წარმომადგენელმა ქალბატონმა ნიკი ჰეილიმ მკაცრად გააკრიტიკა ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების დაშლის გამო და განაცხადა, რომ აშშ-ი მხარს დაუჭერს ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს, ვინაიდან ხალხი მზადაა შეცვალოს ირანში მოქმედი პოლიტიკური სისტემა.

უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს ვაშინგტონის ინიციატივა და ჰეილის შეახსენეს, რომ ირანში მიმდინარე პროცესი შიდასახელმწიფოებრივია და არაფრით ემუქრება საერთაშორისო მშვიდობას. მას ისიც შეახსენეს, რომ ამ ლოგიკით მსოფლიო უნდა ჩარეულიყო პროცესში, რასაც  აშშ-ი ჰქონდა ადგილი – „ოკუპაი უოლ-სტრიტის“ გამოსვლების დარბევის სახით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი