22.12.2024

სახიფათო პოლიტიკა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

უკრაინის თემა, 2014 წლის მაიდნის რევოლუციიდან დაწყებული, მუდამ აქტუალურია, თუმცა მოვლენები, რომლებიც სულ ახლახანს განვითარდა, თავისი მნიშვნელობით, ცხადია პროვოკაციულობის თვალსაზრისით, გაცილებით აღემატება წინანდელს.

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ უკრაინის 6 მოქალაქის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებას. მათ და საქართველოს ერთ მოქალაქეს – დონბასში მებრძოლს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ვინაიდან სასტუმროს ნომრებში, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ, იარაღი აღმოაჩინეს.

საზოგადოებასა და მედიაში გავრცელებული ჭორ-მართალის მიხედვით, სააკაშვილის ე.წ. ხალხს, პარლამენტის შენობის წინა მოედანზე, ოპოზიციური ძალების მიერ მოწყობილ მიტინგზე, პროვოკაციული აქტი უნდა განეხორციელებინათ, რასაც სახელმწიფო დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვია – ქართული მაიდანი?!

დაკავებულ იქნა უკრაინის რადის წევრი, ბოევიკი სემენჩენკო, რომელიც დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ეს პიროვნება გამოირჩევა აგრესიულობით, არამარტო რადას სხდომებზე, არამედ წინათ, დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. ოფიციალური ვერსიით, სემენჩენკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დამკვირვებლად იყო მოვლინებული. რაღა მაინცდამაინც ბოევიკი სემენჩენკო, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სააკაშვილთან?!

გამოძიება მიმდინარეობს და უნდა ვიმედოვნოთ, რომ გაირკვევა უკრაინელთა ბურუსით მოსილი ვიზიტის მიზნები.

უკრაინის მოქალაქეების „სამიტინგო“ ვიზიტი თავისთავად ბადებს ეჭვებს რუსეთის სამხრეთში „ცხელი“ წერტილის გაჩენის თაობაზე. აღნიშნული ვიზიტიდან რამდენიმე დღით ადრე რუსეთის საზღვაო წყლებში სხვა „ვიზიტი“ განხორციელდა, რომელსაც მოჰყვა რუსეთის საზღვაო საზღვრის დამცველთა მყისიერი რეაგირება – საზღვრის დამრღვევი სამი გემის და ეკიპაჟების დაკავება. სასამართლომ დამრღვევებს პატიმრობა შეუფარდა.

პირველ შემთხვევას თუ უცხოური აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, მეორეს მოჰყვა და თანაც როგორი! ინციდენტის მკაცრ შეფასებას ჰქონდა ადგილი ვაშინგტონში და აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად, არგენტინაში მიმავალმა, გააუქმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კარგა ხნის წინათ დაგეგმილი შეხვედრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ამერიკელი, ისე მსოფლიოს ექსპერტების მიერ. ბევრი ტრამპის გადაწყვეტილებას არასერიოზულად მიიჩნევს და თვლის, რომ თემები, რომლებიც დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო, მათ შორის საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების გაუქმების ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე, გაცილებით სერიოზულია, ვიდრე უკრაინა-რუსეთის საზღვაო კონფლიქტი. ამდენად შეხვედრა უნდა გამართულიყო.

მეორენი, მათ შორის აშშ-ის გარკვეული წრეები თვლიან, რომ რუსეთი დამნაშავეა და მან პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს უნდა გაანთავისუფლოს საზღვრის დამრღვევი უკრაინელი მეზღვაურები, დაპატიმრებული გემები უმალ უნდა დაუბრუნოს უკრაინას.

ვაშინგტონში არსებული ორი მოსაზრება ერთმანეთს შეასკდა, რამაც ტრამპს არ მისცა საშუალება ობიექტური ნაბიჯი გადაედგა და დაგეგმილი შეხვედრა არ ჩაეშალა. მაგრამ რა გაეწყობა, მან არ ინება პუტინთან საუბარი, გარდა ხანმოკლე, ფეხზემდგომი გამოლაპარაკებისა სამიტის მსვლელობის დროს.

პუტინის საჯარო განცხადებით ამ დალაპარაკების დროს ტრამპმა ინციდენტში ბრალი რუსეთს დასდო, თუმცა სამომავლო დიალოგის გამართვის სურვილი გამოთქვა. როგორც პუტინმა არაერთხელ აღნიშნა – დიალოგის ჩაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ აშშ-ა რახანია გადაწყვიტეს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ახალი თაობის დამზადება, რაც აშშ-ს მომავალი წლის ბიუჯეტშიც დაფიქსირდა, შესაბამისი თანხების გამოყოფით.

გარდა ამისა, მოსკოვში, უშიშროების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის ბოლტონის ვიზიტის დროს აშკარად გამოიკვეთა ვაშინგტონის პოზიცია ამერიკა-სსრკ-ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

ცნობისთვი აღვნიშნავ, რომ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტები, რომლებმაც ბირთვული იარაღი შეიძლება მიიტანოს მიზნამდე, სახიფათო იარაღია უპირველესად ევროპის ქვეყნებისთვის. ხელშეკრულებამ გააუქმა ამ სახის რაკეტები, რითაც დაცულ იქნა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება. ვაშინგტონი თვლის, რომ მას ესაჭიროება ამ სახის მოდერნიზებული რაკეტები, ვინაიდან რუსეთმა უკვე დაამზადა ასეთი, რითაც დაარღვია ხელშეკრულება.

მტყუან-მართლის დადგენა დისტანციურად შეუძლებელია. ამდენად იყო საჭირო ბუენოს-აირესის ორთა შეხვედრა, რომელიც ტრამპის ინიციატივით ჩაიშალა, რის საბაბად რუსეთ-უკრაინის საზღვაო ინციდენტი იყო მოყვანილი.

როდესაც უკვე გადაწყვეტილი გაქვს ახალი რაკეტების დამზადება, ბიუჯეტში თანხებიც მოთხოვნილი გაქვს, პუტინთან ამ თემაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, მაგრამ დღის წესრიგი ბუენოს-აირესის დიალოგთან დაკავშირებით რომ წინ გიდევს – რა უნდა გააკეთო? – უნდა სასწრაფოდ გამოძებნო ისეთი არგუმენტი, რომელიც ვითომ გაგანაწყენებს და დიალოგზე უარს გათქმევინებს. ასეთიც გამიძებნა – უკრაინის გემების ქერჩის სრუტეში გაგზავნით.

უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს გადაწყვეტილება სამი გემის ქერჩისაკენ დაძვრის შესახებ ვითომ მარტო პოროშენკოს ინიციატივა იყო?

მხოლოდ ბრიყვს და საერთაშორისო საკითხებში, განსაკუთრებით უკრაინულში ჩაუხედავს შეუძლია ამ აზრის გამოთქმა, მაგრამ საქმეში ჩახედულები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ ბრძანება, პოროშენკომ ვაშინგტონიდან მიიღო.

მართალია, ამ ბრძანებით თვით პოროშენკოსაც ხელი უნდოდა მოეთბო და მოითბო კიდევაც – მთელ რიგ რეგიონებში – საგანგებო მდგომარეობის შემოღებით. ეს ის რეგიონებია, სადაც პოროშენკოს ძალიან ცოტა თუ უჭერს მხარს. არადა, წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, რომლის ჩატარება ხელს არ აძლევს მეორე საპრეზიდენტო ვადის მსურველ პოროშენკოს, ვინაიდან გამოკითხვის მიხედვით მას მხარს მხოლოდ 8%-ი უჭერს. პირველ ადგილზე 14%-ით იულია ტიმოშენკოა.

ესოდენ მოკრძალებული რეიტინგის მქონე პოროშენკოს ხსნა არჩევნების გადადებაშია – მომავალი წლის მარტიდან, სხვა დროს, იმის იმედით, რომ მისი რეიტინგი აიწევა.

ვაშინგტონ-კიევის მოსაზრება დაემთხვა, რამაც როგორც ტრამპს, ისე პოროშენკოს გამარჯვება მოუტანა. პირველმა – გზა გაუხსნა პუტინთან შეხვედრის გაუქმებას, მეორემ – პოროშენკოს შესაძლებლობა მისცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გადადების.

ბუენოს-აირესის ორთა შეხვედრის გაუქმების საბაბს რომ უფრო მყარი საფუძველი ჰქონოდა, ვაშინგტონმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს დაეგმოთ რუსეთის საქციელი და მოეთხოვათ ახალი სანქციების დაწესება „აგრესორი“ რუსეთისთვის.

ვაშინგტონელი დირიჟორის ხელის აქნევისთანავე აყაყანდა ევროპა – ეს რა ჩაიდინა რუსეთმაო. ამერიკელმა სენატორებმა უმალ მოითხოვეს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების რუსეთის ხომალდებისთვის ჩაკეტვა.

1936 მონტროს ხელშეკრულების მიხედვით, სხვა ქვეყნის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლისთვის და იქ 21 დღით ყოფნისთვის ესაჭიროება თურქეთის თანხმობა. სხვა ქვეყნის ერთი სამხედრო გემი თუ უკვე იმყოფება შავ ზღვაში თურქეთის თანხმობით, მეორე ვეღარ შევა, ვიდრე პირველი არ დატოვებს შავ ზღვას.

შავი ზღვის ქვეყნებისთვის სხვა რეჟიმია, ცხადია არა ისეთი მკაცრი, როგორიც სხვებისთვის.

ამერიკელი პოლიტიკოსები მოითხოვენ სხვა ქვეყნების პორტების დახურვას რუსეთის ხომალდებისთვის. რამდენად შესაძლებელია ამ აბსურდული მოთხოვნის შესრულება – სხვა საკითხია, მაგრამ პოროშენკოს პროვოკაციამ რომ ახალი სული შთაბერა ანტირუსულ პროპაგანდას და ქმედებას, ფაქტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ქმედებას სერიოზული კონფლიქტი შეიძლება გამოეწვია, რომელიც რეგიონულიდან გლობალურში შეიძლება გადაზრდილიყო. და ეს ყველაფერი ბუენოს-აირესის დაგეგმილი მოლაპარაკების გაუქმების და პოროშენკოს პრეზიდენტობის ამბიციების დაკმაყოფილებისთვის.

ქერჩის ამბავმა უმალ ლაფანყური გამახსენა. მაშინ, სააკაშვილს სურდა ჩეჩენი ტერორისტების დახმარებით რუსეთთან კონფლიქტის აგორება და ამ საბაბით საპარლამენტო არჩევნების გადადება. არ გამოუვიდა. არც პოროშენკოს გამოუვა, თუმცა არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი. და ვინ იცის, რას მოიმოქმედებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც უკრაინა გათავხედებული ბიჭუნას როლშია შეჭრილი; რომელსაც მთელი დასავლეთი თავზე ხელს უსვამს და ყურში ჩასჩურჩულებს – იმ დიდ ბიძიას, რუსეთი რომ ჰქვია, მიეპარე და წიხლი ამოარტყიო.

გაყავისფერებული უკრაინაც ყველაფერს კადრულობს შეკვეთის შესასრულებლად. ქერჩის ამბავიც ერთ-ერთია იმ უამრავი ანტირუსული გამოხდომებიდან, პოროშენკო და მისი ხელისუფლება რომ სჩადის. დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა ყველა ხერხი და ძალა გამოიყენა, რათა ერთი სისხლი და ხორცი ერთმანეთთან დაეპირისპირებინა.

რუსეთის წელში გადამტვრევა – ვაშინგტონის გეგმაშია. გეგმა უკრაინაზე გადის, მეტნაკლებად ჩვენზეც.

როდესაც უკრაინის სამხედრო ხომალდების პროვოკაციულ გამოხდომას იხილავ, ძალიან ბრიყვი უნდა იყო, სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი გაამართლო, ხოლო დამცველი დაადანაშაულო. რუსეთის მესაზღვრეების თავშეკავებას და პროფესიონალიზმს უნდა უმადლოდეს უკრაინა, თორემ საზღვრის დამრღვევი, რომელიც დამცველის გაფრთხილებას არ ემორჩილება, ჩაძირვას ვერ ასცდებოდა. საზღვრის დამცველი, ქვეყნის კანონით და თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით მოქმედებს, რომლის შეუსრულებლობა სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემას ნიშნავს.

აშშ-ი, ევროპის ქვეყნები აშავებენ რუსეთს, ათეთრებენ უკრაინას და ეს ქმედება ორმაგი სტანდარტების საუკეთესო მაგალითია. როდესაც დამნაშავეს თავზე ხელს უსვამ – ის თამამდება და დანაშაულის არეალს აფართოებს.

აი მაგალითიც. სულ ახლახანს, უკრაინის რადამ ყოფილი ესესელები, გერმანელ ფაშისტებთან კოლაბორაციაში მყოფი დამნაშავეები, სამამულო ომის ვეტერანებს გაუთანაბრა. კანონზე სხვებთან ერთად ფაშისტი შუხევიჩის შვილი, რადას წევრი მუშაობდა.

ფაშისტი უკრაინელების სახელები ერქმევა უკრაინის ქალაქების ქუჩებს. უკრაინის აღორძინებული ფაშიზმი, სვასტიკებით „დამშვენებული“ მარშირებენ კიევის, სხვა ქალაქების ქუჩებში. ამერიკა-ევროპა კი დუმს. უფრო მეტიც – აქეზებენ მათ და სამიზნესაც მიანიშნებენ რუსეთის სახით.

ასე იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ინგლისმა, საფრანგეთმა, სხვებმა თავზე ხელი გადაუსვეს ჰიტლერს. რით დასრულდა – ყველამ კარგად იცის. როგორც ჩანს გულმავიწყობა შეეპარათ ევროპელებს, რაც სახიფათო რამ არის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი