„ჩვენ ალაჰის კუთვნილება ვართ და მას ვუბრუნდებით“
„ჩვენ ალაჰის კუთვნილება ვართ და მას ვუბრუნდებით“ — ეს სიტყვები თქვა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურიმ, მძიმე, ნერვიული ღამის შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის სამთავრობო ვერტმფრენმა ხისტი, იძულებითი დაშვება განახორციელა აზერბაიჯანის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებოთ.
ირანული მედია, ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდა პრეზიდენტის ვერტმფრენის დაშვებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სწორედ ისეთი იყო, ზემოთ რომ დავწერე. სინამდვილეში არავითარ დაშვებას ადგილი არ ჰქონია. რეალობიდან გამომდინარე იყო ავარია, რომლის დროს დაიმსხვრა ვერტმფრენი და მიწაზე დანარცხების დროს გაუჩნდა ხანძარი.
ოფიციალური ირანის ვერსიით, ცუდმა ამინდმა, ნისლმა, ვერტმფრენის არცთუ სახარბიელო ტექნიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია კატასტროფა, თუმცა ირანელთა უდიდეს უმრავლესობას ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია. ისინი თვლიან, რომ ადგილი ჰქონდა ტერორისტულ აქტს — ჩადენილს ისრაელ-აშშ-ს მიერ.
ისლამური რევოლუციის დაცვის გუშაგებმა გამოაცხადეს, რომ შესაბამისი ორგანოები შეუდგნენ საჰაერო კატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესწავლას. აქვე აღვნიშნავ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
რუსეთი იყო ქვეყანა, რომელმაც, პრეზიდენტის სახით, სასწრაფოდ მიიწვია კრემლში, ირანის ელჩი რუსეთში და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაავალა საგანგებო ვითარების სამსახურის უფროსს კურენკოვს, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის აღმოსაჩენი საძიებო სამუშაოების წარმოება.
მაშინ უცნობი იყო ვერტმფრენის კატასტროფა. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი, უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი შოიგუ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. მაშველები სასწრაფოდ გაფრინდნენ ირანს, თუმცა ფრენის განმავლობაში ირანიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, უკან დაბრუნდნენ.
ინფორმაცია კი იყო ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ — გავრცელებული ვიცე-პრეზიდენტის მიერ: „ალაჰის შვილები ვართ და მას ვუბრუნდებით“.
მსგავსი განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც ავის მომასწავებელ ინფორმაციას, ანუ სიკვდილს აქვს ადგილი.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის და მისი თანმხლები პირების დაღუპვის ამბავი უმალ გავრცელდა მთელს მსოფლიოში. არ დარჩენილა ქვეყანა, რომელსაც სამძიმარი არ გამოეთქვა ირანელი ხალხისთვის მათი პრეზიდენტის, სხვა ოფიციალური პირების დაღუპვის გამო. თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც და დარწმუნებული ვარ, თქვენც მიხვდებით ვინ არიან ისინი, მაგრამ მაინც ვიტყვი: აშშ-ი, ისრაელი, უკრაინა, ლიტვა. ამ უკანასკნელის განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის ლანდსბერგისის პირით გაკეთებული, „დისკომფორტულობასთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პოზიცია იყო და არა სამძიმარი: ირანი აწვდის დრონებს რუსეთს, რომელიც იყენებს ამ ტექნიკას უკრაინის ფრონტზე, რაც მას (ლანდსბერგისს) არაკომფორტულ განწყობას უქმნის სამძიმრის გამოსახატავად.
რაც შეეხება უკრაინელ „პოლიტიკოსებს“, ისეთი საზეიმო ტაში შემოჰკრეს, კარგახანს რომ გველის ნაკბენივით ემახსოვრებათ ირანელ პოლიტიკოსებს, ხალხს.
უადგილოდ მიმაჩნია, უადგილოდ ირანელთა გლოვის ჟამს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, ვთქვა ის, რაც არაერთხელ მითქვამს — უკრაინა-ბალტიისპირა ქვეყნებთან საქართველოს მეგობრობა, უკრაინული დროშების ფრიალი, ბალტიისპირა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობა, რასაც სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი, კარგს არაფერს უქადის საქართველოს.
გვიან, მაგრამ მაინც გამოფხიზლებაა საჭირო. გამოფხიზლება ევროპული სიზმრიდან, ცივსისხლიანთა მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული ანტირუსული ფილოსოფიიდან, ე.წ. გლობალიზაციიდან.
ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა ირანში და არა მარტო იქ, არამედ ერთდღიანი თურქეთში, ინდოეთში, პაკისტანში, ერაყში, სირიაში, სხვაგან.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამ წუთიერი დუმილით, ფეხზე ადგომით გამოხატა თავისი პოზიცია დაღუპული ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, ირანის მეთაურის აიათოლა ჰამენეის წარმომადგენლის მოჰამედ ალი, ალე-ჰაშიმის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორის მალიკ რახმატის მიმართ.
ფეხზე წამოდგა უშიშროების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელიც — გამოუვალი ვითარების გამო, თუმცა მიკიბ-მოკიბული ფრაზებით შეეცადა თავის მართლებას, რომ ეს არ იყო მისამძიმრება.
ვინ იყო ებრაჰიმ რაისი?
ებრაჰიმ რაისი, დაიბადა 1960 წელს, ღვთისმსახურის ოჯახში, სიდიდით ირანის მეორე ქალაქ მეშხედში, რომელიც შედის ჰორასან-რეზავის პროვინციაში. როდესაც ის 5 წლის იყო, გარდაეცვალა მამა. 15 წლისამ დაიწყო სწავლა ქალაქ ყუმის სასულიერო სემინარიაში.
ქ.ყუმი ღვთისმსახურთა სემინარიებით, უმაღლესი სასწავლებლებით არის ცნობილი — მუსლიმანი შიიტებისთვის წმინდა ადგილად აღიარებული.
შემდეგ რაისი სწავლობდა თეირანის უნივერსიტეტში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1979 წლის ისლამურ რევოლუციაში.
რაისიმ, თავისი კარიერა 1980 წელს დაიწყო პროკურორობით და 2014 წელს გახდა ირანის გენერალური პროკურორი.
2017 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა ჰასან როუჰანისთან შერკინებაში, თუმცა 2021 წლის არჩევნებში მან გაიმარჯვა და გახდა პრეზიდენტი კონსერვატიული ძალების მხარდაჭერით, ხმათა 62%-ით.
ებრაჰიმ რაისი 2019 წელს იყო სანქცირებული აშშ-ს მიერ: „არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯისთვის, წამებისთვის, პატიმართა სასტიკი მოპყრობისთვის და ა.შ.“
საქმე ისაა, რომ 1988 წელს რაისი შეიყვანეს სპეცკომიტეტში, რომელიც სწავლობდა პოლიტპატიმართა საქმეებს, უმთავრესად მემარცხენე რადიკალების, რომლებიც გამოდიოდნენ აიათოლების მმართველობის წინააღმდეგ.
ებრაჰიმ რაისის სიკვდილი უდიდესი დანაკლისია ირანის ისლამური რესპუბლიკის და მისი ხალხისთვის, თუმცა სახელისუფლებო კრიზისს არ გამოიწვევს, ვინაიდან პრეზიდენტი, ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში ქვეყნის პირველი პირი არ არის. პრეზიდენტი, მეორეა, სულიერი ლიდერის, ირანის მეთაურის, რაჰბარის, 85 წლის აიათოლა ალი ჰამენეის შემდეგ.
საყოველთავო არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი, ირანის მეთაურისგან იღებს თანხმობას, მანამ, ვიდრე პარლამენტს, მეჯლისს წარუდგება დასამტკიცებლად. უმაღლეს ლიდერს, რახბარს შეუძლია არჩეული პრეზიდენტი გაანთავისუფლოს მოვალეობისგან, თუკი პარლამენტი გამოუცხადებს მას იმპიჩმენტს ან უმაღლესი სასამართლო მიიჩნევს მას დამნაშავედ — კონსტიტუციის დარღვევისთვის. სხვა ქვეყნებთან შედარებით, პრეზიდენტის ძალაუფლება, კონტროლი სრულად არ ვრცელდება მთავრობაზე.
პრეზიდენტი ასრულებს ბრძანებულებების აღმსრულებლის ფუნქციებს, ისე, როგორც უზენაესი მმართველის სურვილებს, მათ შორის უცხო ქვეყნებთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის, ეროვნული დაგეგმარების, პროექტების, ბიუჯეტის, სახელმწიფო სხვა საკითხების შესრულებაში.
პრეზიდენტი, პარლამენტთან და უზენაეს მმართველთან შეთანხმებით ნიშნავს მინისტრებს, თუმცა უზენაეს მმართველს შეუძლია გაათავისუფლოს მინისტრი ან აღადგინოს თანამდებობაზე, ისე, როგორც ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ის ნიშნავს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, დაზვერვის, შინაგან საქმეთა, მეცნიერების მინისტრებს.
ირანის დღევანდელი პირველი პირი, აიათოლა ალი ჰამენეი, რომელიც ირანს მართავს აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გამოსცემს ბრძანებულებებს, იღებს გადაწყვეტილებებს ეკონომიკის, განათლების, ეკოლოგიის, საგარეო პოლიტიკის, ეროვნული დაგეგმარების და სხვა საკითხებში.
ირანის კანონი განსაზღვრავს რას აკეთებს ქვეყანა, თუ პრეზიდენტს, მიზეზთა გამო არ შეუძლია დაკისრებული მოვალეობის შესრულების გაგრძელება, მაგალითად ავადმყოფობის — ორ თვეზე მეტის, გარდაცვალების, კონსტიტუციის დარღვევის. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტობა გადადის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ხელში 50 დღით.
ამ ვადაში მან უნდა ჩაატაროს არჩევნები, პარლამენტთან შეთანხმებით.
ებრაჰიმ რაისის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს 68 წლის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბარი. ის არის დოქტორი საერთაშორისო სამართლისა და მენეჯმენტის საკითხებში, თეირანის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი; 2009 წლიდან ირანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; ირან-ერაყის ომის დროს მსახურობდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა სამედიცინო კორპუსში. როგორც ამბობენ, იბრაჰიმ მოჰბარი ირანის მმართველთან დაახლოებული პირია. მოჰბარი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტობა ებრაჰიმ რაისიმ მოიგო.
ავარიის შესახებ პირველი ცნობა გაჩნდა 19 მაისის 16 საათზე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დატოვეს მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გაიმართა ჰიდროკვანძ ხოდაათარინის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალი.
კატასტროფა მოხდა გაფრენიდან 30 წუთის შემდეგ, ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ირანის პრეზიდენტის კორტეჟში შემავალი 2 ვერტმფრენი, ირანის ორი მინისტრით მშვიდობით დაბრუნდნენ თეირანში.
პრეზიდენტ რაისის აზერბაიჯანში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პრეზიდენტ ალიევთან ერთად კიზ-კალასის ჯებირის გახსნა, რომელიც აშენდა ხოდაათარინის წყალსაცავზე. ჯებირის სიგანე 834 მეტრია და წყლის დონიდან 37 მეტრით დაშორებული, აქვეა ელექტროსადგურის 2 ბლოკი, 40 მეგავატის სიმძლავრის — საშუალო წლიური გამომუშავებით 27 მილიარდი კილოვატი.
ირანის ჩრდილო-დასავლეთი სისტემატურად განიცდის გვალვას, მაგრამ აღნიშნული ჰიდროკვანძის ამუშავება მოხსნის ამ პრობლემას. კიზ-კალისის ჯებირი 220 კილომეტრითაა დაშორებული ქ.თებრიზიდან, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. ჰიდროკვანძის მუშაობას ორივე სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
სპეციალისტთა განცხადებით, აღნიშნული ჰიდროკვანძი აზერბაიჯანის ჰიდროკვანძთან იქნება ინტეგრირებული. მიზანი არის ასეთი — 74 ათასი ჰექტარის მორწყვა, 40000 ადამიანის დასაქმება. მას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს — ბოლო წლებში ირან-აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის განეიტრალება.
ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის საყოველთავო გლოვა სამწუხაროდ უცხო არ არის, ვინაიდან 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ, ქვეყნის სათავეში რევოლუციის სულისჩამდგმელის აიათოლა რუხოლა ხომეინის მისვლამ, ქვეყნის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მრწამსის კარდინალურმა ცვლამ, დასავლეთთან, კერძოდ აშშ-თან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებამ გამოიწვია ირანის ისლამური რევოლუციისა და მისი ორგანიზატორების, ირანელი ხალხის მიმართ უაღრესად მტრული დამოკიდებულება, რასაც თან ახლდა სახელმწიფო ტერორიზმი — ამერიკა-ისრაელის მიერ მომზადებულ-განხორციელებული, ეკონომიკური სანქციები, ფაქტიურად ბლოკადა, თითქმის 10-წლიანი ომი სადამ ჰუსეინის ერაყთან, უამრავი წვრილმან-მსხვილმანი ბოროტებანი, ჩადენილი აშშ-ს, მისი თანამგზავრი ქვეყნების ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ.
ძნელად მოიპოვება ქვეყანა, რომელიც შეძლებდა უდიდესი დასავლური პრესისთვის გაძლებას. ირანმა შეძლო და შეძლო საკუთარ ძალებზე დაყრდნობით. დღევანდელი ირანი, რეგიონისა და მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა, განსწავლული მოსახლეობით, ძლიერი მეცნიერებით, მედიცინით, სამრეწველო-სასოფლო-სამეურნეო წარმოებით, მეტალურგიით, მანქანათმშენებლობით, ბირთვული კვლევითი ინსტიტუტებით, თანამედროვე შეიარაღებით, ბალისტიკური რაკეტებით სამაგალითოა არა მარტო რეგიონში.
ირანის სიძლიერის დამადასტურებელია თუნდაც ისეთ ორგანიზაციებში გაწევრება, როგორებიცაა „შოსი“, „ბრიკსი“. აღნიშნულ ორგანიზაციებში შესვლის საკითხის განხილვა მრავალი წლის მოლაპარაკებების თემა გახლდათ და პრეზიდენტ რაისის ძალისხმევით, 3 წლის განმავლობაში ნაყოფიერად დასრულდა.
ირანი, ის ქვეყანაა, საქართველოს მოსახლეობაში ნეგატიურ ისტორიულ არასასიამოვნო განცდას რომ იწვევს, ირანის შაჰის, აბასის მმართველობის პერიოდს, რომელმაც ქართლ-კახეთიდან ათეულ-ათასობით ქართველის ირანში გადასახლება მოიტანა.
მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ირანის ფერეიდანში ქართველთა გადასახლება დღესაც აქტუალურია ქართველთა იმ წრეებში, რომლებსაც კავშირი აქვთ ისტორიასთან.
ისტორია, ისტორიად. ისტორია არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არც თანამედროვეობაა დასავიწყებული, გვერდზე მოსასროლი, უგულებელსაყოფელი, რამეთუ თანამედროვე ირანი ისაა, ვინც გასული საუკუნის გაუსაძლის 90-იანებში გულწრფელად გვეხმარებოდა კვების პროდუქტებით, ცივი ზამთრის გასაძლები ნავთქურებით, მედიკამენტებით, პირველადი მოთხოვნის საგნებით.
თბილისის მაღაზიების დახლები სავსე იყო ირანული წარმოების მწნილით, ჯემით, ჩაით, სასკოლო ინვენტარიც ირანული იყო. აღარაფერს ვამბობ გზების მოასფალტებისთვის საჭირო ბიტუმზე და ა.შ.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ირანი აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ირანი ის ქვეყანაა, რომელთანაც პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები საქართველოსთვის არათუ სარგებლის მომტანია, არამედ აუციელებელი.
სამწუხაროდ, დასავლეთისკენ გადახრილმა ქართულმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით „ოცნებისამ“, უხეში შეცდომები დაუშვა იუსტიციის მინისტრის წულუკიანის პირით, რასაც საქართველოში ირანის ელჩის გაღიზიანებული პასუხი მოჰყვა. ვერბალური დუელი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ნეგატიური კვალი დატოვა ირანულ მხარეში.
ვიმეორებ, ირანი ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები, ისე, როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ვიდრე დღეს. ბოლოსდაბოლოს საქართველომ უნდა დაიკავოს ცარიელი სკამი 3X3 ფორმატში — ამიერკავკასიის სამ ქვეყანასთან, რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან ერთად.
საქართველომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს აშშ-ს, ევროკავშირის, ისრაელის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ ფორმატის მიმართ, ვინაიდან მასში რუსეთ-ირანია და ერთხელ მაინც, ბოლო 30 წლის განმავლობაში გადადგას ნაბიჯი არა დასავლელთა სასიკეთოდ, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი ხალხის.
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ალაჰმა ჩაიბარა. მასთან გამოსამშვიდობებლად 4 მილიონზე მეტი თეირანელი გამოვიდა ქუჩებში. უფრო მეტი გამოვიდოდა, მაგრამ დასადგომი ადგილი არ იყო. ყველას სურდა რაისის კუბოსთვის ხელის შეხება.
5-დღიანი გლოვა დასრულდა, მაგრამ ირანელი, მგლოვიარე, საგონებელში არ ჩავარდნილა. მან გლოვაც იცის და შენებაც, სიხარულიც და ახალი ცხოვრებისთვის იმედის ფრთების შესხმაც, რისი ნათელი მოწმენი ვიყავით ჩვენ. ამ სტრიქონების ავტორი და ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე — 2008 წლის ივლის-აგვისტოში ირანს მყოფნი, ირანული მხარის მიწვევით და შესანიშნავი მასპინძლობით, რომელიც წილად გვხვდა.
ირანის შესახებ მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ.
ახლა კი მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო. მისი სახელი სამარადისოდ ჩაიწერება 1979 წლის ისლამის რევოლუციის გმირთა შორის, ვინც დიდება მოუტანა უნიკალური ისტორიისა და კულტურის ქვეყანას, მის ხალხს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
24/05/2024