ჰამბურგის G20-ს სამიტი

ჰამბურგში გამართულმა „დიდი ოცეულის“ შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან თვით სამიტში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობა, აგრეთვე მოწვეული ქვეყნებისა, მსოფლიო მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შეადგენს. ეკონომიკური თვალსაზრისითაც „დიდი ოცეულის“ წევრი სახელმწიფოები, მსოფლიო პროდუქციის წარმოებით, გაცილებით აჭარბებენ დანარჩენ მსოფლიოს.

თავის დროზე შექმნილი ეკონომიკური სამიტი, ნელ-ნელა ეკონომიკურ-პოლიტიკურ სამიტად იქცა, რაც ასევე არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან ძნელია დღეს გაარკვიო სად იწყება ეკონომიკა და რა გავლენას ახდენს ის პოლიტიკაზე ან პირიქით. G20-ს შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება და მსჯელობს მსოფლიოში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შესრულება უნდა წაადგეს მსოფლიოს.

ჰამბურგის სამიტი, წინა სამიტებისგან, ბევრი რამით იყო განსხვავებული, რაც გამოწვეული იყო აშშ-ს ახალი პრეზიდენტის მთელ რიგ საკითხებისადმი სხვაგვარი მიდგომით. აშშ-ს განსხვავებული პოზიცია ჰამბურგის სამიტამდე გაცილებით ადრე დაფიქსირდა „დიდი შვიდეულის“ და ნატოს სამიტებზე. მაშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა გაიმეორა ის, რასაც პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ თქვა – ნატოსადმი სხვაგვარი დამოკიდებულება, ასევე ევროკავშირისადმი, პარიზის კლიმატის შეთანხმებისადმი ნეგატიური განწყობა, ლტოლვილების მიღების მიმართ მკაცრი ზომების გატარება და სხვა.

სამიტის მასპინძელი ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს კარგად მოეხსენებოდა აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ ტრამპი შეცვლიდა თავის მიდგომას პარიზის კლიმატის ხელშეკრულებისადმი. სასწაული არ მოხდა – ტრამპმა პოზიცია არ შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ G20-დან G19-ს მიერ იქნა მიღებული ჰამბურგის დოკუმენტი.

ჰამბურგი სხვა რამითაც დარჩება ამგვარი სამიტების ისტორიაში. მაინც რა ჰქონდა ჰამბურგს დასამახსოვრებელი?

უპირველეს ყოვლისა ის, რომ სამიტში მონაწილე ქვეყნები ძირითადად ერთმანეთთან მოლაპარაკებას (ორმხრივი, სამმხრივი) ამჯობინებდნენ, ვიდრე სამიტის პროგრამით გათვალისწინებულ საერთო სხდომებზე დასწრებას. ორმხრივი შეხვედრების გრაფიკი კი ისე მჭიდროდ იყო შედგენილი, რომ მოლაპარაკების დრო არასაკმარისად ჩანდა, რაც ძალაუნებურად იწვევდა დიალოგის გაგრძელებას და აქედან გამომდინარე მომდევნო შეხვედრაზე ან საერთო სხდომაზე დაგვიანებას.

გადაუჭარბებულად შეიძლება ითქვას, რომ ორმხრივმა მოლაპარაკებებმა დაჩრდილეს პლენარული სხდომები – სამიტის მთავარი მიზანი და დანიშნულება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან 20 ქვეყნის და მიწვეული სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრა-საუბრებისთვის ნოყიერი ნიადაგია შექმნილი ამგვარი სამიტების დროს. ერთმანეთთან დალაპარაკების სურვილი იმდენად დიდია, რომ მისი სამიტის ჩარჩოებში მოქცევა ფაქტიურად შეუძლებელია.

დიდ პოლიტიკაში მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რაც ხშირად არ იძლევა ორი ქვეყნის მეთაურის ერთმანეთთან პირისპირ დალაპარაკების შანსს ანუ დალაპარაკების მიზნით ოფიციალური ვიზიტის განხორციელებას. ასეთს შესაბამისი პროტოკოლური და რაც მთავარია პოლიტიკური სარჩული ესაჭიროება. ავიღოთ მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის, რუს კოლეგა პუტინთან შეხვედრა. ტრამპის წინააღმდეგ აგორებული ისტორიის გამო პუტინთან შეხვედრა რუსეთში, აშშ-ი ან ნეიტრალურ ქვეყანაში ფაქტიურად შეუძლებელი გახდა.

ანტირუსული კამპანიის გამო ვერც პუტინი იქნებოდა სასურველი სტუმარი ტრამპისთვის და ვერც ტრამპი გადადგამდა ნაბიჯს მოსკოვისკენ, ვინაიდან უმალ, ახალი ძალით აყაყანდებოდა ტრამპის მოწინააღმდეგე ბანაკი – ხედავთ, თავისი ბოსის სანახავად ტრამპი მოსკოვში ჩადისო. მოსკოვს ხომ იმაში ადანაშაულებენ, რომ ფარული მონაწილეობა მიიღო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და დიდი ზეგავლება იქონია ტრამპის გამარჯვებაზე.

ასეთ დროს ისეთი სამიტით სარგებლობა, როგორიც G20-ა, დიდი შეღავათია. აქედან გამომდინარე, სამიტის მსვლელობის დროს, ორმხრივი შეხვედრები ჩვეულებრივი რამ არის. მასპინძელი მხარე მუდამ ითვალისწინებს მოსალოდნელ ორმხრივ შეხვედრებს და საორგანიზაციო თვალსაზრისით შესაბამის სამუშაოებს ატარებს (მოსალაპარაკებელი ოთახის გამოყოფა, ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნა და სხვა ტექნიკური თუ არატექნიკური საკითხების მოგვარება).

ჰამბურგის სამიტი უდავოდ შევა მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში როგორც რუსეთ-ამერიკის პრეზიდენტების პირველი შეხვედრის ადგილი და G20 ქვეყნების წინააღმდეგ ევროპელთა და არა მარტო, უმმწვავესი გამოსვლების, დემონსტრაციების, პოლიციასთან ბრძოლის ადგილი.

„დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ სამიტების მასპინძელი ქვეყანა შეხვედრის ადგილად ქალაქების ცენტრიდან მოშორებით მდებარე ნაკლებადდასახლებულ ტერიტორიას ირჩევს, ამით თავიდან იცილებს (ნაწილობრივ) მოსალოდნელ დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებს. ასეთებს კი ყოველი სამიტის დროს აქვს ადგილი. ქალაქიდან მოშორებით ჩატარებული ღონისძიება გაცილებით ადვილი დასაცველია. პოლიცია შედარებით ადვილად ართმევს თავს დემონსტრანტთა შეტევებს და პროცესს, ანარქიაში გადასვლის საშუალებას არ აძლევს.

G20-ს ბოლო შეხვედრის ადგილად მასპინძელმა მხარემ ჰამბურგი აირჩია, თანაც ამ საპორტო ქალაქის ცენტრი. პროტესტანტებმა იქ სამიტის დაწყებამდე მოიყარეს თავი. ისინი მატარებლებით, ავტობუსებით, ავტომანქანებით ჩავიდნენ ჰამბურგში არა მარტო გერმანიიდან, არამედ ევროპის ქვეყნებიდან. და ისეთი ბრძოლა გამართეს პოლიციასთან, მსგავსს რომ ადგილი არ ჰქონია სამიტების ისტორიაში. დაანგრიეს და გაძარცვეს მაღაზიები, დაწვეს ავტომანქანები, მათ შორის „პორშეს“ ავტოსალონი, აყარეს ქვით მოკირწყლული ქუჩები, სერიოზული ზიანი მიაყენეს 200-ზე მეტ პოლიციელს.

საპროტესტო, რადიკალური გამოსვლები ევროპის ქალაქებისთვის ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ჰამბურგისამ ყველას გადააჭარბა. რით არის ყოველივე გამოწვეული? – უპირველეს ყოვლისა გამალებული გლობალიზაციით. გლობალიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, სოციალური უთანაბრობით, სოციალური პრობლემების რაოდენობის სიმრავლით, ეკოლოგიური საკითხებით, ლტოლვილების შემოსევით და სხვა.

დემონსტრანტთა თავდასხმის სამიზნეები იყვნენ G20-ს წევრი ქვეყნების ლიდერები, განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპი. საპროტესტო გამოსვლებმა მძიმე ზარალი მიაყენეს ჰამბურგს, ისე, როგორც გერმანიის იმიჯს, რის შესახებაც განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა.

ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები, ომი ავღანეთსა და სისხლიანი დაპირისპირება უკრაინაში, ტერორისტული აქტები და სხვა მრავალი არის ის დეტონატორი, რომელიც იწვევს მსგავს ხალხმრავალ მანიფესტაციებს, რაც ხშირად გადადის ანარქიაში.

ჰამბურგის საპროტესტო გამოსვლა, მარტო გერმანიისა არ იყო. ის მთელ ევროპას ეკუთვნოდა, რაც თავისთავად მეტყველებს ერთზე – ხალხი უკმაყოფილოა მის მიერ არჩეული ხელისუფლების. გერმანიის ხელისუფლება, ისე, როგორც სხვა ქვეყნების, შესაბამის დასკვნებს გააკეთებს ჰამბურგის პროტესტის გამო და ადეკვატურ ნაბიჯებსაც გადადგამს. თუ რამდენად სასარგებლო იქნება – მომავალი გვიჩვენებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰამბურგის სამიტი ორმხრივი შეხვედრებით იქნება გამორჩეული და მათში – ტრამპ-პუტინის დიალოგით. სამიტამდე მთელი დასავლური მედია, მათ შორის ამერიკული, აცხადებდა, რომ შეხვედრა ზედაპირული იქნებოდა, შესაძლოა ფეხზე დგომით და არა უმეტეს 30 წუთისა.

ზოგი რას წერდა და ზოგიც რას ორთა სალაპარაკო თემებთან დაკავშირებით. აქცენტს აკეთებდნენ სირიასა და უკრაინაზე. ორი ქვეყნის ლიდერი G20-ს სამიტამდე მძიმე ტვირთით მივიდნენ – ტრამპი, როგორც პუტინის მიერ დასმული და პუტინის „კაცის“ ტვირთით დამძიმებული; პუტინი, როგორც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხელის მოფათურე, მსოფლიოს ცივილიზაციის წინააღმდეგ მებრძოლი, ყირიმის მიმთვისებელი, ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო საფრთხის გამომწვევი, ნეგატიური პიროვნება.

პირისპირ შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც თავისთავად მეტყველებს მხარეთა შორის კავშირების დამყარების სურვილზე. ტრამპს ეს სურვილი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობიდან გამოჰყვა. ის, ხომ მუდამ აცხადებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

და ალბათ ასეც იქნებოდა პრეზიდენტად გახდომის პირველსავე დღეებიდან დაწყებული, მაგრამ აშშ-ს პოლიტიკოსთა და მედიის გარკვეული და მნიშვნელოვანი წრის მოქმედებით, ვერაფრით მოხერხდა პრეზიდენტ ტრამპის დასახული მიზნის განხორციელება. პირიქით, ტრამპის მხრიდან აშკარა ანტირუსული განცხადებებიც გაისმა. რა იყო ეს, მოჩვენებითი რუსოფობობა თუ იძულებითი პოლიტიკური „ტრიუკი“, გათვლილი საშინაო ბაზრისთვის?

უფრო მეტიც, ჰამბურგში ჩასვლამდე, ტრამპმა ვარშავაში შეიარა და ისეთი ანტირუსული ცეცხლი დაანთო, პოლონეთის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს გულებს მალამოსავით რომ დაედო.

და ერთი დღის შემდეგ ჰამბურგის 2-საათიანი მოლაპარაკება, ორივე პრეზიდენტის განცხადება, რომ შეხვედრით კმაყოფილები არიან.

და დაღვრემილი ამერიკული პოლიტიკური ელიტა და ასევე დაღვრემილი პოლონელები, ბალტიისპირელი ყოფილი საბჭოელები, განსაკუთრებით უკრაინელები და ქართველები. ისინი ესოდენ ხანგრძლივ დიალოგს, მითუმეტეს მის დადებით შეფასებას დიალოგში მონაწილეთა მხრიდან, არ ელოდნენ.

და დაიწყო ამერიკული მედიის მიერ მოლაპარაკების თანმხვედრი „ბოდი პროტოკოლის“ ანუ ტანის მოძრაობის, გამომეტყველების, მიმიკის ღრმა შესწავლა-განხილვა. დასკვნა – ტრამპმა წააგო პუტინთან; პუტინი გამოცდილი პოლიტიკოსია, მან უკვე აშშ-ს 3 პრეზიდენტი გამოიცვალა; პუტინი ცბიერია და ტრამპი მას წამითაც არ უნდა ენდოს; რუსეთთან ლაპარაკი მხოლოდ ძალის პოზიციიდან არის შესაძლებელი, სხვა მხრივ ის ყოველთვის მოუგებს პაექრობას აშშ-ს.

აშშ-ს პოლიტიკა, უფრო სწორად მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სამარადისო კონფრონტაციას ითხოვს რუსეთთან და წამითაც არ ფიქრობს, რომ მცირედმა გაუგებრობამ შეიძლება 2 ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთს შეახეთქოს. არც იმას ფიქრობს, რომ ასეთი „შეხეთქებით“ გადარჩება თუ არა მსოფლიო.

ჰამბურგის სამიტი 2 პრეზიდენტის დიალოგის დაწყების მაუწყებელი იყო. მისი გაგრძელება არა მარტო ამერიკის პოლიტიკის საქმეა, არამედ ზემომოყვანილი ქვეყნებისა და მათ შორის საქართველოს. ჩვენზე თითქოს არაფერია დამოკიდებული, ამერიკა-რუსეთის დაახლოების საკითხში. თითქოს. სინამდვილეში – ბევრი რამ. მაინც რა?

საქართველო უნდა შეეცადოს თავი აარიდოს ანტირუსულ გამოხდომებს, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ე.წ. ბორდერიზაციის პედალირებას, პროვოკაციული აქციების მოწყობას და ა.შ.

„ბორდერიზაციის“ თემა უდავოდ გამწვავდა G20-ს სამიტის წინ და სამიტის მსვლელობის დროს. გამწვავებული ვითარება სუფევდა დონბასშიც. უკრაინის მხარის მიერ გახსნილ პროვოკაციულ სროლებს სიკვდილიც მოჰყვა და ნგრევაც. დაძმობილებული უკრაინელების და ქართველების გააქტიურება სამიტს უკავშირდებოდა. მიზანი?

ყურადღების მიპყრობა, რაც თავისთავად ავანტიურიზმია – ცეცხლთან თამაში. ამგვარი პოლიტიკით ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ფონს ვერ გავლენ. რუსეთი სახელმწიფოა არა მარტო სამხედრო პოტენციალთ, არამედ ეკონომიკურით, ენერგეტიკით და ა.შ.

ვურჩევდი ორივეს, ხელი აეღოთ წვრილმანი „ხულიგნობისგან“, მოეკრიფათ ძალღონე და დაეწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან.

უკრაინის რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკა რომ სცოდავს, ფაქტია. ამერიკა შორს არის და მასზე დიდი იმედის დამყარება, პოლიტიკური სიბეცეა. რუსეთი დიდი, ძლიერი სახელმწიფოა. მას მთელ მსოფლიოში უწევენ ანგარიშს, რაც დამტკიცდა G20-ს სამიტის დროს. ჩვენ კი ნაცვლად პოლიტიკური პრაგმატიზმისა, პოლიტიკურ დაპირისპირებას ვირჩევთ, რაც დამღუპველია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ქართული საზოგადოების ნაწილი ისე, როგორც პოლიტიკა, შიშობს რუსეთთან დალაპარაკებას და აცხადებს, რომ თუ უკიდურეს შემთხვევაში ამას ექნება ადგილი, საქართველო რუსეთის წინაშე მარტო არ უნდა დარჩეს. მას გვერდს უნდა უმაგრებდეს აშშ-ი, სხვა ქვეყნების პოლიტიკოსები და დიპლომატები. მარტო ამ მოსაზრების გამომზეურება ფარდას ხდის მტკივნეულ საკითხს – სუვერენიტეტის არ არსებობას.

25 წლის დამოუკიდებლობის თავზე თუ რომელიმე ქვეყანასთან გვეშინია მოლაპარაკების გამართვა თანმხლები პირების გარეშე, დაღუპულა ქვეყნის საქმე. ამ მოსაზრების საჯაროდ განმცხადებლებს დამოუკიდებელი ქვეყანა ძუძუმწოვარა ბავშვი ჰგონიათ, რომელსაც დედის ან ძიძის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ის, რომ ქართული პოლიტიკა და საზოგადოების ნაწილი დაჩაჩანაკებულია, თვალნათლად ჩანს, მაგრამ ამ დონით?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.