27.12.2024

სააკაშვილის ფაქტორით დაბნეული ხელისუფლება

საქართველოს პოლიტიკა ისეა დაბნეული, რომ მტყუან-მართალს, სინამდვილესა და ჭორს, ბოროტსა და კეთილს ერთმანეთისგან ვეღარ ანასხვავებს და გაუაზრებელი ბოდიალით აყრუებს საზოგადოებას. გაუანალიზებელი მასალის საზოგადოებისთვის თავსმოხვევა არახალია. მას ლამის 25-წლიანი ისტორია აქვს – ერთობ სავალალო და ფაქტებში გარკვეული ადამიანისთვის, სასაცილოც.

ე.წ. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უსაფუძვლო განცხადებების მოსმენა, არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ რას ვიზამთ, დემოკრატიის რელსებზე შემდგარ საქართველოში არვინ კითხულობს მავანი ექსპერტის ან ე.წ. პოლიტიკოსის ნათქვამი რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. არადა, მედიასაშუალებების ხელმძღვანელების უპირველესი დანიშნულება სწორედ ის არის, საზოგადოება დაიცვას ჭორებისგან, მიკიბ-მოკიბული აზროვნებისგან, რაც თავგზას უბნევს ხალხს.

პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ აკრძალულ ხერხებს ოპონენტის გასაშავებლად და ისეთი სახით წარმოადგენენ ტალახშეყრილ ოპონენტს, თავის გასამართლებელი საშუალებაც რომ არ ჰქონდეს. განსაკუთრებული პოლიტიკური ელფერი ეძლევა ოპონენტის პიროვნების რუსოფილობაში დადანაშაულებას. რუსეთის მტრობის თემა იყო, არის და იქნება პოლიტიკოსთა მთავარი არგუმენტი „მტერთან“ ანუ ოპონენტთან საომრად.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულიდან დაწყებული და 21-ე საუკუნის პირველი დეკადით დამთავრებული ოდიოზური სააკაშვილის დასახასიათებლად, მისი ოპოზიცია სისტემატურად იყენებდა სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას სახელს – მის მუშაობას რუსეთის უშიშროების სამსახურში. ხშირად გვსმენია ისიც, რომ თვით სააკაშვილმაც იმსახურა „კგბ“-ს სასაზღვრო ჯარში, რაც მავანთა აზრით ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი იყო „კგბ“-ს თანამშრომელი და როგორც იმჟამად, ისე ამჟამად ასრულებდა და ასრულებს „ფსბ“-ს დავალებას.

ინფორმაცია, გავრცელებული ქართულ მედიაში ისახავს ერთ მიზანს – „საძულველს“ რუსეთის და სააკაშვილის ურთიერთობიდან გამომდინარე. „საძულველი“ – მართლაც არის სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, მაგრამ ვეჭვობ, რომ დიდი ნაწილისთვის რუსეთი იყოს საძულველი. არიან ისეთები, რომლებიც რუსეთს საძულველად მიიჩნევენ, მაგრამ ისეთებიც არიან და მათი რიცხვი მნიშვნელოვანია, რომლებიც რუსეთს ასეთად არ თვლიან.

სააკაშვილის რუსეთთან დაკავშირება ორი კურდღლის მოკვლაა. და არის გამუდმებით იმაზე ლაპარაკი, რუსეთისთვის სააკაშვილი რა კარგი იარაღია – საქართველოს წინააღმდეგ. სააკაშვილი „ფსბ“-ს მიერ შემოგდებული კადრია.

ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება გააჩნია და საკუთარ თავისუფლებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას იცავს, არ უნდა აწყობდეს სხვა ქვეყნის აგენტი ხელისუფლების სათავეში. მაგრამ საქართველო განსაკუთრებულია – 1991 წლის დეკემბრიდან დაწყებული, დასავლური „დემოკრატიით“ გამოლაყებული, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის საყოველთაო განუკითხაობის დარგში.

რუსეთის აგენტი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მითუმეტეს ქვეყნის სათავეში – ხშირად გვსმენია, მაგრამ სხვა ქვეყნის უნდა იყოს? მე თუ მკითხავთ, არათუ აგენტი, სხვა ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მინისტრად ან სხვა მაღალ-დაბალ თანამდებობაზე, მაგრამ ეს ოცნება არ აგვიხდება ამერიკელების შემხედვარეებს.

ისე, როგორც ფეხბურთში, აშშ-ა მოამრავლა პოლიტიკური ლეგიონერები. დაიწყო ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, სადაც ქვეყნების პრეზიდენტებად, წარმოშობით ბალტიისპირელი, მაგრამ აშშ-ში დაბადებულ-ნაცხოვრები და აშშ-ს მოქალაქეები დანიშნა. უკრაინა ხომ ამ თვალსაზრისით ნამდვილი ნაკრძალია. მართალია, საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტად არ გვყოლია, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრად და პრემიერად ხომ გვყავდა?

რა არის ამაში ცუდი – იკითხავს კოსმოპოლიტი მავანი. ერთის შეხედვით არც არაფერი. გამოცდილ, განსწავლულ უცხოურ კადრს რა სჯობს – რაღაცას გვასწავლის და საქმესაც პროფესიონალურად წარუძღვება. მაგრამ, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მაგალითებმა დაგვარწმუნეს, რომ პოლიტიკური ლეგიონები ვერ გამოდგნენ საქმის გამკეთებელ მოხელეებად. რით არის ეს გამოწვეული,  ღმერთმა იცის, თუმცა არც ისე ძნელია ამის ამოცნობა – როდესაც  ფუქსავატი, ცანცარა, PR-ისტ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად დანიშნავ, მისგან საქმის კეთების მოლოდინი არ უნდა გქონდეს.

მეგობარმა პოროშენკომ – უკრაინის პრეზიდენტმა, სააკაშვილი ჯერ მრჩევლად აიყვანა, ხოლო შემდეგ საზღვაო პორტ ოდესის გასაღები ჩაუდო ხელში. მეგობრები ერთდროულად ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ. ორივე დიდი მოტრფიალეა აშშ-ს, ამ ქვეყნის დემოკრატიის. ორივეს „ტკბილი“ ამერიკული ლუკმა აკავშირებს ერთმანეთთან და რაც მთავარია დიდი ქვეყნის სამსახურში დგომა, რუსეთის სიძულვილი და ა.შ.

სააკაშვილი, ისე, როგორც პოროშენკო, ამერიკული სპეცსამსახურების პირმშოა და სწორედ ამიტომაც განამწესეს ისინი ქართულ-უკრაინული პოლიტიკის წინამძღოლებად. ის, რომ ამ სინამდვილეს თვალი არ მოეკვეთა მოსახლეობისთვის, ყურადღება რუსეთზე გადაიტანეს. სინამდვილე კი სხვაა ანუ ის, რაც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ სკარლეტმა გაზეთ „The Guardian“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების სპეცოპერაცია იყო, რომლის მიზანი სინამდვილეში წარმოადგენდა არა ქართველი ერის „დემოკრატიის სიკეთეებთან“ ზიარება, არამედ რუსეთის დეფრაგმენტაციისკენ მიმართული სამეტაპიანი სტრატეგიული გეგმის განხორციელება“.

ესეც თქვენი „კაგებეშნიკი“ სააკაშვილი.

ახლა, რაც შეეხება პოროშენკოს. ის, წლების განმავლობაში უკრაინაში აშშ-ს საელჩოს ხშირი სტუმარი იყო. საიდუმლო სამსახურისთვის ცნობილი ტერმინის „წყაროს“ სახით ინფორმაციას აწვდიდა საელჩოს. პოროშენკო ამერიკელებისთვის „საკუთარი“ კაცია. მას, ისე, როგორც სააკაშვილს, დიდი წვლილი მიუძღვის საკუთარი ქვეყნის დანგრევაში, მოსახლეობის გამოთაყვანებაში, ბანდერიზმის აღორძინებაში და უკრაინის მოსახლეობის ანტირუსულად დარაზმვაში.

ამ ორ პიროვნებას ნეგატიური საქმის კეთებაში ვერავინ შეეცილება. ამდენად, მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება მხოლოდ ოცნებაა ნორმალურად მოაზროვნე ქართველის ან უკრაინელისთვის. ჯერ არ დამდგარა მათთან ანგარიშსწორების დრო. შეიძლება არც დადგეს, ვინაიდან აშშ-ზე ესოდენ მიბმული აგენტები ქუჩაში არ ყრია. მათ აღზრდა-წრთობაში ამერიკამ ფული დახარჯა და სანამ არ ამოიღებს, მათ არ შეელევა. ასე, რომ იმათი ოცნება, ვისაც გაკოჭილი სააკაშვილის საქართველოში ხილვის სურვილი აქვს, ოცნებად დარჩება.

სააკაშვილი-პოროშენკოს დაპირისპირებაც ამერიკული პროექტის ნაწილია და არვინ იცის, რა მიზანს ისახავს, ისე, როგორც  – რა მიზანს ემსახურება ამ უდიდესი ქვეყნის ურთიერთგამორიცხავი ქმედება.

ამერიკელთა ძალისხმევით ერთობ დაძაბული ვითარებაა შექმნილი მთელს მსოფლიოში, თვით ამერიკაშიც. თავიდათავი საუკუნეების განმავლობაში შექმნილი მარტივი ფორმულაა – ქვეყნების ერთმანეთზე წაკიდება, მღვრიე წყალში თევზის ჭერა. ეს ეხება როგორც ქვეყნებს, ისე პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ქვეყნის სათავეში მყოფთ.

დღეს რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი ძმაკაცურად მხარზე ხელს მოგითათუნებს, სულაც არ ნიშნავს სამარადისო მეგობრობას, რაც საკუთარ თავზე იწვინა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა დამანგრეველმა შევარდნაძემ. ამ უკანასკნელს, ენით აუწერელი დამსახურება ჰქონდა ამერიკის წინაშე, მაგრამ ბოლომდე არ დაუფასეს. გამოძებნეს უფრო აქტიური და სანდო სააკაშვილი და თბილისში, სპეციალურად ჩამოსული ბეიკერის (ყოფილი სახელმწიფო მდივნის) პირით უთხრეს თანამდებობიდან წასვლა. არადა, შევარდნაძე სწორედ იმ ასაკში იყო, დღეს რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ნიშნავს თანამდებობებზე.

შევარდნაძე კარგად გადარჩა, რასაც ვერ ვიტყვით ერაყის ჩამოხრჩობილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინსა და ლიბიის მეთაურ მოამარ კადაფზე. ორივე მათგანი, სწორედ მაშინ გაწირა აშშ-ა, როდესაც აშშ-თან ჩახუტება გადაწყვიტეს.

მზაკვრული პოლიტიკა, რომელიც ამერიკის გარკვეულმა წრეებმა შეიმუშავეს, უცვლელი რჩება, იცვლებიან პრეზიდენტები. ტრამპი შეეცადა ამ პოლიტიკის შეცვლას, რაც მან ინაუგურაციის დროს თქვა თავის სიტყვაში, ისე, როგორც არაერთხელ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, ლამის ნებაყოფლობით დატოვოს „თეთრი სახლი“.

ანტიტრამპული პროგრამაა დღეს – ამბოხის სახით მოდებული ამერიკაში. ის დაძაბულობაც, რასაც საერთაშორისო ცხოვრებაში აქვს ადგილი, ტრამპის შეგნებული თუ შეუგნებელი პოლიტიკის შედეგია, უფრო სწორად აშშ-ს ისტებლიშმენტის, რომელსაც თავი მსოფლიოს უცილობელ ბატონ-პატრონად მიაჩნია.

მიზანი მისი მარტივია – უკონკურენტობა მსოფლიოს მართვაში. საკუთარი სიცრუის, სიმართლედ მოჩვენება, სხვისი სიმართლის, სიცრუედ. შორს წასვლა არ დაგვჭირდება აღნიშნულის დემონსტრირებისთვის. ყველას ახსოვს სამი თვის წინ სირიის აეროდრომის დაბომბვა ამერიკული რაკეტებით, ვითომდა სირიის სამთავრობო თვითმფრინავების გასანადგურებლად, რომლებმაც მოწინააღმდეგის პოზიციები დაბომბეს. დასავლეთის ელექტრონულმა საინფორმაციო საშუალებებმა უმალ აჩვენეს ქიმიური იარაღის აფეთქებით დაჭრილ-დახოცილი, ტკივილისგან მიწაზე მხოხავი მშიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, რაც საბოლოო ჯამში დადგმული სპექტაკლი გამოდგა.

პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმალ გააკეთეს მკაცრი განცხადებები, ცხადია ანტისირიული და პრეზიდენტი დაადანაშაულეს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში. მეტიც, დაადანაშაულეს რუსეთიც, სირიის ხელისუფლების მხარდაჭერაში. ამერიკის ადმინისტრაციას უმალ აჰყვა მოკავშირე ევროპელი ქვეყნები, სხვები.

რუსეთ-სირიის გაოცებული განცხადებები, რომ სირიას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია, კოკისპირულ დასავლურ პროპაგანდაში ისე ჩაიძირა, ვითომც არაფერი. იმ დღიდან მოყოლებული ოფიციალური მოსკოვი დაბეჯითებით მოითხოვდა ამ ამბის მიუკერძოებული კომისიის მიერ გამოძიებას, მაგრამ ვინ დაუგდო ყური?

რახან ვაშინგტონმა „დანიშნა“ დამნაშავე, ის მართლაც დამნაშავეა. ასადი დაადანაშაულეს იმ იარაღის გამოყენებაში, რომელიც მას კარგა ხანია აღარ ჰქონდა. შეთანხმებისდა მიხედვით, თვით ამერიკელთა და გაეროს კონტროლით, ქიმიური იარაღი განადგურებული იქნა. ამ საქმის წარმატებით განხორციელებისთვის გაეროში შემავალმა ორგანიზაციამ ნობელის პრემიაც მიიღო.

მაშ რაშია საქმე? – უბრალო, მარტივი ამბავია, მას ტყუილი, ცილისწამება ჰქვია. ანალოგიური ტყუილით დაიწყო ამერიკამ ერაყში ომი, რომელიც დღესაც გრძელდება.

სულ ახლახანს დამასკოს იმ შემოგარენსა და ალეპოში, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებული, სირიის სპეცსამსახურებმა ქიმიური ბომბები აღმოაჩინეს – ამერიკულ-ინგლისური წარმოების, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლეთის მიერ ტერორისტების იარაღით მომარაგებაზე, თანაც ქიმიურით, რომელიც აკრძალულია.

ამ ფაქტის თაობაზე რუსეთის საგარეო უწყებამ შემდეგი სახის ცნობა გაავრცელა: „დასავლეთის ქვეყნები და რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფო ამბოხებულებს, ტერორისტებსა და ექსტრემისტებს სირიაში მომწამვლელი ნივთიერებებით ამარაგებს, რაზეც ოფიციალური მტკიცებულებები არსებობს“.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ნებენზიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა უშიშროების საბჭოს, საკითხის საფუძვლიანი შესწავლისთვის.

მერე რა? გაერო შეისწავლის ამ საკითხს? ძალიან მეეჭვება, მან ხომ ყურიც არ დაუგდო ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნას სირიის სახელმწიფო ავიაციის მიერ ვითომდა ქიმიური ბომბებით სირიის პატარა ქალაქის ხან-შეიხუნის დაბომბვის გამო. მაშინ ამერიკელებმა ტყუილს სირიის სამხედრო აეროდრომის დაბომბვა მოაყოლეს და რომ არა რუსეთის ხელისუფლების მოთმინება, ამ აქტს, სრულიად თავისუფლად, შეიძლება მოჰყოლოდა ომი ორ სუპერსახელმწიფოს შორის, რომელიც უდავოდ იქნებოდა ბირთვული.

დიდი მოთმინება მართებს რუსეთს მომავალში, ვინაიდან ყირიმის ნახევარკუნძულიდან 140 კილომეტრის დაშორებით, უკრაინის ერთ-ერთ საზღვაო პორტში, აშშ-ი სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს. არის თუ არა ეს რუსეთის გამოწვევა? – ცხადია, არის, ისე, როგორც ნატოსა და აშშ-ს ჯარების განლაგება რუსეთის საზღვრებთან.

თვალი შევავლოთ მსოფლიოს რუკას და იმ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, ასევე ნატოს, ევროპაში რომ არის განლაგებული – უმალ მიხვდებით, რომ მათი დანიშნულება, რუსეთის რკალში მოქცევაა, როგორც დასავლელები გაიძახიან ცინიკურად – რუსეთის შეკავება. დასავლეთის შემყურე, საქართველოც ხმარობს სიტყვა „შეკავებას“. ნეტავ, რისი ან ვისი შეკავების თავი აქვს ერთი ციდა ვითომ სახელმწიფოს?

საქართველოს ხელისუფლება, როდესაც სიტყვა „შეკავებას“ ხმარობს, საკუთარ თავს მხოლოდ იმაში ხედავს ნატოსა და ამერიკელებს დაუთმოს ტერიტორიები, სადაც განთავსდება მათი სამხედრო ბაზები რუსული აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ, იქნებ ვინმემ განგვიმარტოს, რა რუსულ აგრესიაზეა ლაპარაკი, ბუნებაში რომ არ არსებობს?

დარწმუნებული ვარ, უმალ მომახლიან 2008 წლის აგვისტოს ომს, ყირიმის მიერთებას, დონბასის ამბებს და ა.შ., რომელთაც ცალ-ცალკე ახსნა აქვს – არგუმენტირებული, ფაქტებით, თანაც ობიექტურით გამაგრებული, მაგრამ ვის სჭირდება ფაქტები, როდესაც აშშ-ს ძალისმიერი, ცრუ პოლიტიკის ზეობაა?

ვიდრე საკუთარი ქვეყნის მოღალატეებს – სააკაშვილსა და პოროშენკოს, აშშ-ს ხელისუფლება ხელის გულზე ატარებს და ბინძურ საქმეებს აკეთებინებს, სიმართლე და ჭეშმარიტება არ იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.