05.12.2024

მარტო სიმართლე ვერ დააპურებს ხალხს

უკვე მერამდენე წელიწადია მწვავე სოციალური გამოსვლები არ წყდება დაპურებულ ევროპა-ამერიკაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პროტესტით, საზოგადოება ვერაფრით ახერხებს ხელისუფალთა ყურადღების მიპყრობას, თუმცა ეს მხოლოდ ერთის შეხედვით.

სინამდვილეში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა და აქედან გამომდინარე სოციალური ცხოვრების გაუარესებამ, ევროპის ქვეყნების არაერთი მთავრობა გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც შეეხება აშშ-ს დემოკრატიულ ადმინისტრაციას და პრეზიდენტს – სასწაულად გადაურჩნენ დამარცხებას.

იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის და ეკონომიკური მრავალწლიანი ჩავარდნის პირობებში ხალხს, მეორე ვადით, აერჩიოს პრეზიდენტი. რომ არა პრეზიდენტობისათვის მებრძოლი რესპუბლიკელი რომნის  წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებული უხეში შეცდომები, ძნელი არ იქნებოდა, მომდევნო ოთხი წლით, თეთრი სახლის ბინადრის გამოცნობა.

მსოფლიო რეცესიამ და ეკონომიკურმა სტაგნაციამ სერიოზულად შეარყია კაპიტალიზმის საფუძვლები, მაგრამ უკეთესის არ არსებობის პირობებში – მხოლოდ შეარყია. თუ ვინმე დაზარალდა – საზოგადოების საშუალო და დაბალი ფენებია. განსაკუთრებით მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ ახალგაზრდები და საშუალო ასაკს გადაშორებული ადამიანები, პენსიონერები, ვინაიდან ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ, თუ არა ერთადერთ პირობად იქცა სოციალურ სფეროში მკაცრი ეკონომია, სამუშაო ადგილების, ხელფასებისა და პენსიების შემცირება, სხვა არაპოპულარული ღონისძიებების გატარება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ ჩანს შუქი გვირაბის ბოლოს.

გაუჭირდათ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ევროპის ლოკომოტივად აღიარებული გერმანია, საფრანგეთი, რომ არაფერი ვთქვათ ესპანეთზე, იტალიაზე, საბერძნეთზე.

სოციალურმა პრობლემებმა თავისთავად გამოაღვიძა ჩათვლემილი ნაციონალურ-სეპარატისტული სულისკვეთება, რასაც სერიოზული რყევები შეიძლება მოჰყვეს ევროპის ქვეყნებში. სულ ახლახანს ესპანეთის სამეფოს ავტონომია – კატალონიაში არჩევნები გაიმართა. სეპარატისტებმა მოიგეს არჩევნები, მაგრამ არა იმ უმრავლესობით, როგორსაც ელოდნენ.

კატალონიელები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ – „ჩვენ სხვები ვართ, ჩვენ არ ვართ ესპანელები. კატალონია ესპანთი არ არის და არც ესპანეთია კატალონია“. მაგრამ მათი განცხადებები ძირითადად შემოიფარგლებოდა ესპანეთის შემადგენლობაში მეტი უფლებების მოპოვებით.

დღეს სხვა ვითარებაა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მტკივნეულად იმოქმედა ესპანეთზე. მკაცრი ეკონომიის პირობებში, რომელიც შემოიღო ესპანეთის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ, ერთობ მძიმედ იგრძნო თავი წარმატებულმა კატალონიის ავტონომიამ. მისმა ვალმა ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში 44 მილიარდი ევრო შეადგინა.

აღნიშნულს კატალონია მიაწერს მადრიდის მიერ ფინანსების არასამართლიანად განაწილებას. კატალონიელთა აზრით, ავტონომია, სხვა 16 ავტონომიასთან შედარებით, ყველაზე მეტს აძლევს ესპანეთის ბიუჯეტს, მაგრამ უბრუნდება ცოტა, ვინაიდან ფული ნაკლებად განვითარებულ ავტონომიებს ხმარდება. კატალონიელები დარწმუნებული არიან, რომ ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში ისინი გაცილებით უკეთ იცხოვრებენ.

ექსპერტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკური ტემპის შენელებას და სოციალური პირობების გაუარესებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორიც, როგორიცაა მოსახლეობის დაბერება. გაეროს კვლევის მიხედვით – სათაურით: „სიბერე 21-ე საუკუნეში, ტრიუმფი და გამოწვევა“ – საზოგადოების დაბერება მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ავტორთა მიხედვით – ტრიუმფი გამოიხატება იმაში, რომ ცხოვრების საერთო გაუმჯობესებისა და მედიცინის განვითარების პირობებში გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუმცა ამან გამოიწვია ხანდაზმული ასაკის ადამიანთა რაოდენობის გაზრდა, რამაც შექმნა ეკონომიკისა და სოციალური დარგის პრობლემები.

კაცობრიობა კატასტროფული სისწრაფით ბერდება. ერთ წამში დედამიწის ორი ადამიანი აღნიშნავს მესამოცე წლისთავს. ერთი წლის განმავლობაში 60-წლიანთა არმიას 58 მილიონი ადამიანი ემატება. 21-ე საუკუნის 12 წლის განმავლობაში 178 მილიონი ხანდაზმული შეემატა მსოფლიოს ანუ იმდენი, რამდენიც ცხოვრობს პაკისტანში.

მონაცემების მიხედვით, დედამიწის ხანდაზმულთა რაოდენობა 810 მილიონს შეადგენს ანუ 11.5%. ექსპერტთა აზრით, 2020 წლისთვის მათი რაოდენობა მილიარდს მიაღწევს. სტატისტიკის მიხედვით, 60 წლის ადამიანთაგან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები მუშაობს. ვინც არ მუშაობს საზოგადოებამ უნდა არჩინოს ანუ მისცეს პენსია. გარდა ამისა საჭიროა მათი სამედიცინო უზრუნველყოფა.

ხანდაზმულ ადამიანთა 47%-ი ინვალიდია. სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, განსაკუთრებით კრიზისის დროს ერთი-ორად მცირდება, ეს კი პირდაპირ მოქმედებს პენსიონერებზე.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ იზრდება ცხოვრების ხანგრძლივობაც. განვითარებულ ქვეყნებში ის 78 წელს შეადგენს, განვითარებადში – 68-ს. გაეროს მიხედვით, 2050 წლისათვის შესაბამისად გაიზრდება აღნიშნული მონაცემები – 83 და 74. ხანდაზმულ ადამიანთა რაოდენობამ იაპონიაში საერთო მოსახლეობის 30%-ი შეადგინა. საუკუნის შუაწელზე იაპონიის მსგავსი მონაცემები ექნება მსოფლიოს 64 ქვეყანას. რაც შეეხება 100-წლიან ადამიანებს – დღევანდელი 316 ათასისა, 2050 წლისათვის 3.2 მილიონი იქნება.

წლების მატებასთან ერთად, სამწუხაროდ იზრდება დაბალი მატერიალური უზრუნველყოფა, სუსტი სოციალური დაცულობა, შეზღუდული შესაძლებლობა მაღალხარისხიან მედიკამენტებზე. იმისთვის, რომ მოხუცები ტვირთად არ დააწვნენ ახალგაზრდებს – ქვეყნები სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. მაგალითად, ბრაზილიამ 2003 წელს მიიღო კანონი – მოხუცთა უფლებების დაცვის თაობაზე, რომელიც მათ ახალგაზრდა ასაკთან შედარებით პრივილეგირებულად მიიჩნევს სამსახურში მიღების დროს, უარყოფს 60 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის აუცილებლობას, იძლევა შესაძლებლობას ნახევარ ფასებში კინოს, თეატრის, კონცერტის ბილეთების შეძენაში, აგრეთვე საზოგადო ტრანსპორტში უფასო მგზავრობაში.

გაეროს გათვლით, თუ მოსახლეობის დაბერების ტემპმა არ იკლო 2020 წლისათვის, სახელმწიფოები უდავოდ აღმოჩნდებიან სახელმწიფო ვალის წინაშე (საერთო ეროვნული შემოსავლის 50%-ი). საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს ქვეყნებს, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, გაზარდონ პენსიაზე გასვლის ასაკი, წაახალისონ ისინი, ვისაც პენსიაზე გასვლის სურვილი არ აქვთ. „თუ არ გაიზარდა საპენსიო ასაკი, სახელმწიფოები ვერ გაართმევენ თავს იმ დატვირთვას, რასაც ეკონომიკაზე ექნება ადგილი“, – განაცხადა სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა.

ზემოთმოყვანილი მაგალითები ნათლად მეტყველებენ კაცობრიობის წინაშე არსებულ პრობლემებზე და აქედან გამომდინარე მათი დაძლევის გზებზე. სამწუხაროდ, საქართველოს წინა ორი ხელისუფლების წყალობით ქვეყანა ვერა და ვერ გაერია საკაცობრიო ცხოვრებაში. ისე მოხდა, თითქოს საქართველო დედამიწაზე კი არა, სხვა გალქტიკაში, სხვა პლანეტაზე მდებარეობდეს.

ზოგადსაკაცობრიო პრობლემებისგან განდგომა განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობის დროს აღინიშნა. არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონია ადგილი იმას, რომ 40 წელს გადაშორებული ადამიანი სამსახურიდან დაეთხოვოთ შემდეგი საბაბით – „40 წლის ხეც არ გვინდა, არათუ ადამიანი“.

მსოფლიოში არნახულმა ამ ანტიჰუმანურმა გამოგონებამ ხერხემალში გადატეხა ისედაც, შევარდნაძის მმართველობით დასუსტებული ქვეყანა. თუნდაც მიზერულ შემოსავალს მოკლებული ადამიანები ქრონიკულ სადარდებელში მოაქცია, რაც ბევრი მათგანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. უსახსროდ დარჩენილი, „ნაადრევად გაპენსიონერებული“ თაობის ნაწილი საიქიოს აღმოჩნდა, ნაწილი – ბაზრობებზე. დაიკარგა პროფესიონალთა არმია, რომელთა აღზრდა სახელმწიფოს ათასობით მანეთი დაუჯდა.

ძველი კადრები, თინეიჯერი გოგო-ბიჭებით ჩანაცვლდა – გამოუცდელებით, უცოდინარებით, მაგრამ თავხედებით გამორჩეულებით. ყოველივე ამან გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის ნგრევა, მთელი რიგი დარგების გაუქმება, არაპროფესიონალიზმის ზეობა, სხვა ისეთი ნეგატიური შედეგები, რომლის გამოსწორება უაღრესად მძიმე საქმე იქნება. მას ათეული წელი დასჭირდება.

ხანდაზმული საზოგადოების (სწორედ ასეთია საქართველო) ხელოვნური გაახალგაზრდავება მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნის შედეგი იყო, რასაც სტრატეგიული პარტნიორიც უწყობდა ხელს. მავანი შემედავება – რა შუაშია ამერიკაო. შუაში კი არა თავშია. სწორედ მას სურდა საქართველოში იმ ასაკის  ახალგაზრდების აღზევება, ვისაც წარმოდგენა არ ჰქონდა წინა ცხოვრებაზე და ვინც „ამერიკული ოცნების“ პერიოდში გაიზარდა.

არ ეკადრება დიდ ამერიკას პატარა ერისთვის ესოდენ რეაქციული ექსპერიმენტის თავსმოხვევა.

და გაჩნდა ამერიკაში „ნასწავლი“ თინეიჯერი მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები, კანონმდებლები. ახალ პარლამენტში 21 წლის სტუდენტი გოგონაცაა.

ბავშვებს წაართვეს ბავსვობა. ისინი ნაადრევად დააბერეს. ხელოვნურად გააახალგაზრდავეს კორუპციაც. თვალი გადაავლეთ დღევანდელ დაჭერილ ახალგაზრდა მაღალჩინოსანთა სიას და უმალ დარწმუნდებით ეკონომიკური დანაშაულის გათინეიჯერებაში.

25-30 წლის ყმაწვილი გოგო-ბიჭები ისე ეთამაშებიან მილიონებს, თითქოს არაფერიაო. ივანიშვილი ყველას ვერ დაიჭერს, არადა მილიონებნაჭამი თინეიჯერი სამარადისო წურბელად იქცევა უბედური ქვეყნისთვის.

შემაძრწუნებელია ასეულ-ათასობით დოლარ-ევროთი ჯიბესავსე თინეიჯერთა ლას-ვეგასსა და სხვა ეკზოტიკურ ქალაქში სალაღობო ხუნტრუცი – თითქმის მილიონამდე მიზერული პენსიის მქონე მოქალაქეთა ფონზე. მაგრამ რა გაეწყობა – რეალობაა.

(ცნობისათვის გაუწყებთ მინიმალური პენსიის ოდენობას: საფრანგეთში 1424 დოლარი, გერმანიაში – 1154, აშშ-ში – 820, დიდ ბრიტანეთში – 704, რუსეთში – 275. შესაბამისად საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა: 81, 79, 78, 79, 66 წელი და საპენსიო ასაკი: 60/60, 65/65, 67/67, 65/60, 60/55.)

სწორედ ამ რეალობის დანგრევისთვის და შეურაცხმყოფელი არსებობის საწინააღმდეგოდ ამოიღო ხალხმა ხმა პირველ ოქტომბერს. მან ძველის საწინააღმდეგოდ, მხარი, ახალს დაუჭირა. მოლოდინი დიდია, იმაზე მეტი, რასაც გამარჯვებული „ოცნება“ ფიქრობს. ამდენად მის მიერ გადადგმულ ნახევარნაბიჯსაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

როგორც ჩანს, ხალხმა დაკარგა მოთმინება და საკუთარი წარმატების ნაყოფის ნაადრევი დამწიფების სურვილი აქვს, რაც გამოკვეთილად გაისმის ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში, სხვაგან. ცხადია, ხალხი იმითაც კმაყოფილია, რაც ივანიშვილმა გულწრფელად თქვა – „ამ ეტაპზე ენერგომატარებლებზე გადასახადის განახევრება შეუძლებელიაო“. მაგრამ ერთია გულწრფელობა და მეორეა დაპირება – ლეიტმოტივად რომ გასდევდა საარჩევნო მარათონს.

საქართველოს უნიკალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა, ამჯერად ახალი ხელისუფლების მიერ „ვერ გავაკეთებო“ თქვა მან უმალ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. უმრავლესობა სახელისუფლებო განცხადებას ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ თვეში აკეთებს.

გადასახადებისა არ იყოს, ერთობ ჩახლართული საპენსიო პროგრამაც მოვისმინეთ, რამაც მთლად „გადააჩიჩინა“ ხალხი. რა გაეწყობა სააკაშვილის ტყუილს, ივანიშვილის სიმართლე სჯობს, მაგრამ მარტო სიმართლე ვერ დააპურებს ხელგამოწვდილ ხალხს. კარზე მომდგარი ზამთრის გადატანა მარტო სიმართლით გაჭირდება. როგორც ჩანს ყბადაღებული „პროფესიონალიზმის“ პრობლემა „ოცნების“ ბანაკშიც ჩვეულებრივი რამ არის, თუმცა გასაკვირი არაფერია – მათი დიდი ნაწილი, ხომ სააკაშვილთან „მოღვაწეობდა“, მანამდე „სახელგანთქმულ“ თავისუფლების ინსტიტუტში.

„თუ პენსიებს ვერ ზრდის და ენერგომატარებლებზე გადასახადებსაც ვერ ამცირებს, ის მაინც გააკეთოს მინისტრებს, პარლამენტარებს, სხვა მაღალჩინოსნებს ხელფასები შეუმციროს და გამოთავისუფლებული ფული ხალხის კეთილდღეობას მოახმაროსო“, – ამბობს ხალხი.

საზოგადოებას ხიბლავს საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან კაბინეტში შესვლის პირველსავე დღეს 30%-ით მოიკლო ხელფასი. ასე მოიქცა ყველა მისი მინისტრი.

ის რაც სააკაშვილისთვის მისაღები იყო – გაძვალტყავებული ქვეყნის ფონზე, სახელმწიფო მოხელეთა უზომო ხელფასები და ასეთივე უზომო, ყოველთვიური პრემიები, ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი უნდა იყოს. სოციალური სამართლიანობა უმთავრეს მოთხოვნად უნდა გადაიქცეს ივანიშვილის გუნდისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ 1 ოქტომბერს გამოვლენილი ნდობა გაფერმკრთალდება. მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი სოციალურ სამართლიანობაზე ლაპარაკი მილიარდერთან?

ერთხელ, საბჭოთა კავშირის დროს, დარბაზიდან, პირდაპირ ტრიბუნაზე ასულმა მავანმა, დარბაზს, ხუმრობით უთხრა – „აქედან რა გამოთაყვანებულები ჩანხართო“.

9 წლის განმავლობაში მაღალ სახელმწიფო ტრიბუნაზე მოხვედრილმა სააკაშვილმა გამოთაყვანებულად ჩათვალა ერი, რითაც თავსაც ავნო და ქვეყანასაც. შეძლებს ახალი მმართველი ძველი მანკიერების აღმოფხვრას – მხოლოდ მის მიერ გაკეთებული საქმენი საგმირონი დაგვანახებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.