22.12.2024

ტურიზმი და ქვეყანა

არასრული, მაგრამ მაინც საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს მკითხველს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის დროს დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. ქართულმა „მიუკერძოებელმა“ მედიამ უმალ აიტაცა ვითომ სენსაციური ცნობა – ილაპარაკა და დაბეჭდა მკითხველისთვის უდავოდ გასაიდუმლოებული ამბავი. წაკითხვისთანავე გებადება კითხვა – რატომ მარტო პრეზიდენტის და არა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ან პარლამენტარების უცხოეთში ვიზიტების ხარჯები?

როგორც ჩანს, ქართული მედია თვლის, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყანას არაფერში არგია, უბრალოდ, მისი უფუნქციობის გამო და ნებისმიერი უცხოური ვოიაჟი მხოლოდ პრეზიდენტის, მისი მეუღლის და თანმხლები პირების ორგანიზმის გალაღებას ემსახურება. არის ამ მოსაზრებაში სინამდვილის მარცვალი.

დიახ! პრეზიდენტისა და მისი ამალის უცხოური ვოიაჟები ძვირი ჯდება, თან შედეგი ქვეყნისთვის ნულის ტოლია და არა მარტო პრეზიდენტის, პრემიერისაც კი. არც ის აკლებს ხელს. საკმარისია, რომელიმე ქვეყანაში, რიგით ღონისძიებაზე დანა-ჩანგლის გაჩხარუნება –  რომ უმალ იქ გაჩნდება. სამწუხაროდ, მისი ვოიაჟების (თუნდაც ერთის) საფასური ჯერ-ჯერობით მედიას არ გამოუქვეყნებია. გამოაქვეყნეს პრეზიდენტის, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერად აღიქვამს.

პრეზიდენტი ისაა, ვისაც „ოცნების“ მამა ივანიშვილი სისტემატურად ლანძღავს, რითაც მწვანე შუქს უნთებს „მისიანებს“ პრეზიდენტის აუგად მოხსენიებისთვის. ესაა თავიდათავი პრეზიდენტის ვოიაჟის შედეგად დახარჯული თანხის გამოქვეყნებისა და არა ხელისუფალთა ყაირათიანი დამოკიდებულებისკენ მოწოდება, საბიუჯეტო თანხების ხელმომჭირნედ ხარჯვასთან დაკავშირებით.

ერთი სიტყვით – ის, რაც შეიძლება პრემიერისთვის, მინისტრებისა და პარლამენტარებისთვის, არ შეიძლება პრეზიდენტისთვის. კეთილი, მაგრამ თუ სახელმწიფოებრივად მივუდგებით უცხოეთში ხელისუფალთა ვიზიტებს, არც ერთმა მათგანმა არ უნდა იკადროს ის, რასაც კადრულობენ და რასაც სახელმწიფოსთვის აუცილებლობის საბურველში ახვევენ.

უცხოეთში ხელისუფალთა „უპრაგონო“ მოგზაურობას საფუძველი „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულმა ფრთამ ჩაუყარა, ხოლო სააკაშვილის მმართველობამ ზენიტში აიყვანა. ეს ტენდენცია „ოცნების“ დროსაც გაგრძელდა და როგორც ვატყობ „ოცნების“ მეორე გამარჯვების შემდეგაც ფართოდ გაშლის ფრთებს. ხელისუფლების წარმომადგენლები დაოთხილი ირბენენ უცხოეთში და თავის გასამართლებლად ისეთ ზღაპრებს მოგვითხრობენ – იქ გაწეული მუშაობის შესახებ, რომ „სიხარულით“ ცრემლი გადმოგვიგორდება თვალიდან.

სწორედ მსგავსს ჰქონდა ადგილი გასული წლის ბოლოს, როდესაც პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ახალმა მთავრობამ, პერემიერის მეთაურობით, მეორე დღესვე, ლამის მთელი მინისტრთა კაბინეტით, ბრიუსელს გაინავარდა. და ეს მაშინ, ხალხს რომ ფასების მომატებაზე აუწყეს და ლარმა უმალ კისერი მოიტეხა. იქიდან მოყოლებული ფასებმაც კატასტროფულად იმატა თითქმის ყველა პროდუქტზე და პირველადი მოხმარების საგნებზე, რასაც მოჰყვა მომსახურების ხარჯების ზრდა, მედიკამენტების გაძვირება და ა.შ. ამ დროს მთავრობა ბრიუსელის მშვიდობიანი ზეცის ქვეშ ორგანიზმს ილაღებდა და შიგადაშიგ გვაუწყებდა იქ, ქვეყნისთვის,  ვითომ გაწეული ფასდაუდებელი შრომის შესახებ.

კარგა ხანი მოანდომა ამ „შრომას“ სამთავრობო დელეგაციამ და სამშობლოში ფასების ზრდით გამოწვეული პირველი ლანძღვა-გინების ქარიშხლის გადასვლის შემდეგ დაბრუნდა. მედიას გაახსენდა მაშინდელ მოგზაურობაში დახარჯული თანხები?

არ გახსენებია, ვინაიდან რომც გახსენებოდა, „ოცნების“ შიშით ვერ გამოაქვეყნებდა. მსგავსი მომავალშიც გამეორდება. არც მაშინ მიაქცევს მას მედია ყურადღებას. ხელისუფლება იტყვის – უცხოეთში გამგზავრება აუცილებელია, ვინაიდან ქვეყანას ესაჭიროებაო. მომავალშიც ჩემგვარ კრიტიკოსს არვინ მიაქცევს ყურადღბას და ვიცხოვრებთ ასე „წარმატებულად“, ვითომ საქვეყნო საქმის კეთებით მონუსხულნი.

განა საქვეყნო საქმე არ არის ესპანეთში, მადრიდში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე პრემიერ-მინისტრის და მისი ამალის დასწრება?

ქართული მედია გვაუწყებდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI და დედოფალ ლეტიციას მიერ საქართველოს საგამოფენო სივრცის გაცნობას. მაღალ სტუმრებს მოუსმენიათ ქართული პოლიფონიური მუსიკა, რამაც დააინტერესა თურმე მეფე და საქართველოში სტუმრობის სურვილიც გამოუთქვამს, ხოლო მასპინძელ კვირიკაშვილს უმალ მოუწვევია საქართველოში, ქვეყნის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100-წლისთავისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე.

მეფე ისე მოხიბლულა ქართული საგამოფენო სივრცით, უდავოდ ეწვევა საქართველოს. ეს ინფორმაცია, ფოტოსურათით დამშვენებული და გაზეთებში გამოქვეყნებული უდავოდ აღაფრთოვანებდა მკითხველს – წარსულში, მაგრამ დღეს ქვეყანას, დამშეულსა და პრობლემებიანს, არც ესპანეთის მეფე-დედოფალი აინტერესებს და არც ტურიზმის განვითარება – დიდ იმედებს რომ უსახავს ხალხს.

შეიცვალა ვითარება, შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება ისეთი საქმეებისადმი, როგორიცაა უცხოელის ჩვენი ქვეყნის მთაბარითა და ისტორიული ძეგლებით, პოლიფონიური სიმღერებით მოხიბლვა; ქართულ ცეკვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მითუმეტეს ქართულ ღვინოზე, ხაჭაპურზე, ხინკალზე, ჩურჩხელასა და გოზინაყზე, საცივზე, მწვადზე და … რომელიმე კერძი ხომ არ გამომრჩა?

მძიმე სოციალურმა ყოფამ დაღი დაასვა ყოველივე იმას, რასაც სტუმარმასპინძლობა ჰქვია. მძიმე სოციაურმა ყოფამ კარის მეზობლები, ნათესავები, ახლობლები დააშორა ერთმანეთს, რაც არ იცის განცხრომაში მყოფმა ხელისუფლებამ. მას ისეთივე მენტალიტეტი შემორჩა, კომუნისტების დროს რომ იყო და გაზეთი „კომუნისტი“ მეოთხე გვერდზე, დიდი ასოებით ბეჭდავდა მავანი უცხოელი სტუმრის დადებით გამონათქვამს სათაურით –  „ამას შენზე ამბობენ ჩემო სამშობლოვ“.

რაღა დაგიმალოთ და მეც, „ინტურისტის“ თანამშრომელს (გასული საუკუნის სამოციან წლებში) უზომოდ მახარებდა ამერიკელი ტურისტების მიერ გამოხატული აღფრთოვანება თუნდაც ორსართულიანი ბარათაშვილის ხიდით. მაშინ ამერიკელთა ნათქვამი ჭეშმარიტებად მიმაჩნდა, თუმცა ყოველივე ეს ხუხულასავით დაინგრა საზღვარგარეთ პირველივე მოგზაურობისთანავე. მაშინ მივხდი, რომ თბილისის ღირშესანიშნაობით „აღფრთოვანებული“ ამერიკელი, განსაკუთრებით 2-სართულიანი ბარათაშვილის ხიდით, ფარისევლობა და მასპინძლის გულის გაკეთება იყო.

უცხოეთში ერთმა გასვლამ დამარწმუნა ამაში. ეს ხელისუფლება კი, წამდაუწუმ უცხოეთში მოხეტიალე, ვერადავერ დარწმუნდა, რომ უცხოელის აღფრთოვანება ხშირ შემთხვევაში მასპინძლის წახალისებაა და მეტი არაფერი. იმასაც ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მეფის მასპინძლობას ისეთივე შედეგი ექნებოდა, როგორიც გამოფენაში მონაწილე ტურისტული ფირმების.

ესპანეთის მეფეს ხომ მარტო საქართველოს პავილიონი არ დაუთვალიერებია? მან გამოფენაზე წარდგენილი ყველა პავილიონი მოინახულა. წარმატებული (ასე მოგვაწოდა ჩვენმა მედიამ) მასპინძლობის შემდეგ კვირიკაშვილმა და მისმა ამალამ გეზი დავოსისკენ აიღო – მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმისკენ.

მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეისწავლონ რა დაჯდა თუნდაც ეს ორი ვიზიტი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ და რამდენად აუცილებელი იყო სოლიდური ამალით აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა?

ახლა, რაც შეეხება ტურიზმს. ტურიზმი არა მარტო ქართული პოლიფონიური სიმღერები, ხაჭაპური და ღვინოა, ტურიზმი სისუფთავეცაა, დალაგებულ-დავარცხნილი ქალაქები და სოფლები. ამ თვალსაზრისით ერთობ სავალალოდ გამოვიყურებით. 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ყველასთვის ცნობილი ნუგზარ ფოფხაძე გულისტკივილით წერს შემდეგს:

„რუსთაველზე გავიარე, რა გითხრათ, რით გაგახაროთ … ჭუჭყით და ნაგვით სავსე, სახლის ფასადების დაბლა ნაწილები ტურტლიანი, განსაკუთრებით ე.წ. კავშირგაბმულობის სახლისა. გარდა ჭუჭყისა, რაც კი ოდესმე ქაღალდი გაუკრავთ, ყველა სახეზეა, ამას ემატება თვითშემოქმედება, წარწერების სახით. პატარა ქანდაკებები, ზოგი მონგრეული, ზოგი გამქრალი… ოპერის პირდაპირ მუყაოს ყუთებისგან ნაშენებ ხუხულაში ჟურნალ-გაზეთებსა და სუვენირებს ყიდიან. მიწისქვეშა გადასასვლელი ყარს. რესპუბლიკის მოედნის ქვეშ ხომ არ ჩაისვლება… ტუალეტები არ არის“.

ასე ახასიათებს ქვეყნის დედაქალაქს ბატონი ნუგზარი. საინტერესოა, რას იტყოდა ის „ჩელუსკინელებზე“ მიწისქვეშა გადასასვლელი რომ ენახა, შემდეგ ბაზრის გალერეა რომ გაევლო – ჯორკოებზე მსხდომი, კომბოსტოს ფურცლების მსგავსად, ათას ტანსაცმელში გახვეული საცოდავი ქალებით, რომლებიც ანტისანიტარიაში, გაუსაძლის პირობებში ყიდიან ყველს, ხილს, ბოსტნეულს, საცვლებს, წინდებს, …

ან ერთხელ მაინც ემგზავრა გაზინტლილსავარძლებიანი და ამორტიზებული ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით, ან უკრაინული, ყვითელი ავტობუსებით – ეს-ესაა რომ დაიშლება.

ამ ქუჩებზე, გადასასვლელებში „აქაური“ უცხოელებიც დადიან და ტურისტებიც. ამ მორყეული ტრანსპორტით უცხოელებიც სარგებლობენ და ყველა მათგანს თვალს ვერ აუხვევ.

საქართველოს ხელისუფალთ თბილისი და საქართველო ის ჰგონიათ, რუსთაველზე ფეშენებელურ სასტუმრებში რომ სუფევს. რა აზრი აქვს მადრიდის ან სხვა ქალაქის ტურიზმის გამოფენაში მონაწიელეობას, როდესაც სახლი დაულაგებელი, ჭუჭყიანი გაქვს?

ტურიზმი მარტო ხაჭაპური არ არის, არც ქართული ცეკვა და სიმღერაა. ტურიზმი ინფრასტრუქტურაა, სისუფთავე და წესრიგია და რაც მთავარია ხალხის გამართული სოციალური ყოფა. და ვიდრე ეს არ იქნება – არ იქნება წარმატებული ტურიზმი ისეთი, ესპანეთს რომ აქვს – 68 მილიონი წლის განმავლობაში.

ტურიზმი დასუფთავებული და გამართული გზები და ქალაქებია, ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტებით, მაღალი კლასის მომსახურებით, ხალხის კეთილგანწყობით, აწყობილი ცხოვრების რითმით და სხვა მრავალით, რაც სამწუხაროდ აქ არ არის და კარგა ხანს არ იქნება. ვიდრე არ იქნება გულწრფელი, კეთილი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი, ყაირათიანი მიდგომა საბიუჯეტო თანხებისადმი – ტურიზმი არ იქნება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.