არის თუ არა საქართველოს სუვერენიტეტი სრულყოფილი?

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გრანდიოზული დღესასწაული გაიმართ – 155 წლის წინათ, მექსიკელი ხალხის, საფრანგეთის ჯარზე გამარჯვების აღსანიშნავად. საბოლოო ჯამში საფრანგეთის არმიამ მოახერხა დედაქალაქი მეხიკოს აღება – გარკვეული პაუზის შემდეგ, მაგრამ მექსიკელები იმ პირველ ბრძოლაში გამარჯვებას ზეიმობენ – იმჟამინდელი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს არმიაზე.

ზეიმის ამსახველი ვიდეო-კადრები „ევრონიუსმა“, სხვა ცნობილმა ტელეკომპანიებმა გადასცეს. არც ერთ მათგანს არაფერი უთქვამს მექსიკაში, საფრანგეთის ელჩის, მექსიკის ხელისუფლებისადმი მოთხოვნაზე – „ნუ იზეიმებთ, ვინაიდან გამარჯვებული მაინც საფრანგეთი იყო“. გარდა ამისა – ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებს ომში დამარცხებაო.

საფრანგეთ-მექსიკის ისტორია უმალ გვახსენებს თურქეთ-საქართველოს ძველ და ახალ ისტორიას, განსაკუთრებით ახალს, საქართველოში თურქეთის ელჩის აშკარა არადიპლომატიური განცხადებით, დიდგორის ზეიმთან დაკავშირებით. ელჩს არ მოეწონა ქართველთა „თავხედობა“ – რას მიქვია, თურქეთის დამარცხების საზეიმო აღვნიშვნაო!

„ჩვენმა ხელისუფლებამაც“, მორჩილ მონასავით, თავიც დახარა და ხმაც ჩაიკმინდა, რაც უდავოდ მიგვანიშნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე. როდესაც მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელი, ყოველგვარი დიპლომატიური ეთიკის გარეშე, ჯიქურ მოგაწვება და ხელს აგაღებინებს მართლაცდა დიდი ზეიმის აღნიშვნისგან, ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო ქვეყნის სუვერენიტეტს, ხელისუფლების ლეგიტიმურობას, არამედ ხალხის შემართებას, მის დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი.

25-წლიანმა გაჭირვებამ, უმუშევრობამ, დაუსაქმებლობამ, სტრესულმა მდგომარეობამ, ხელისუფალთა აღვირახსნილობამ დააჩაჩანაკა ხალხი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ დიდი ნემსით ტვინი გამოგვიღო და დავდივართ ასე ტვინგaმოცლილი, ორი ინსტიქტური მოთხოვნილების – ჭამისა და მოსაქმების დასაკმაყოფილებლად.

ზემოთ – „ჩვენი ხელისუფლება“ კითხვის ნიშნის ქვეშ მოვაქციე, სრულიად შეგნებულად, ვინაიდან ის სინამდვილეში არც „ჩვენია“ და მითუმეტეს არც „ხელისუფლებაა“, უფრო სწორად სახელმწიფო სალაფავს მისული მტაცებელი გადამთიელები არიან – საკუთარ კუჭსა და ბედნიერებაზე მომართულნი.

სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც გაიგებ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის პირველი იანვრიდან, 30 აპრილის ჩათვლით, პრემია-დანამატის სახით 4 852 698 ლარი მიიღო. და ეს მაშინ, როდესაც უკვე რახანია მედიით განუწყვეტლივ ისმის საძრახისი სიტყვები ხელისუფალთა პრემია-დანამატებთან დაკავშირებით. უკვე რახანია, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ეს მავნე ტრადიცია ისტორიას ჩაბარდაო. რა გამოდის – გვატყუებს?!

სწორედაც რომ ასეა საქმე. ხელისუფლება გვატყუებს – თავხედურად, როგორც მას სჩვევია. ხალხიც თავს იტყუებს, უფრო სწორად, იძულებულია მოიტყუოს, ვინაიდან თუ არ მოიტყუებს – სხვა ნაბიჯი უნდა გადადგას – დემონსტრაციის, ქუჩის აქციის სახით, თუნდაც ისეთი იქ, იმ ევროპაში რომ იმართება.

ხელისუფლება ხვდება, რომ ხალხი დაჩმორებულია, სიტყვის ამოღების თავი არ აქვს. ვინც ხმა უნდა ამოიღოს – ინტელიგენციამ, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, მისივე კერპის ივანიშვილის წყალობით. ინტელიგენციისთვის დანიშნულმა „სტიპენდიებმა“ იცის სამარადისო ხმის ჩაგდება და სასაფლაოს მსგავსი სიჩუმე. თითქოს ის, რაც აქ ხდება მას, „ინტელიგენციას” არ ეხება.

პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჯერაც ძველი მენტალიტეტი არსებობს, ინტელიგენციის როლი ხალხის გამოღვიძება-დარაზმვაში უმნიშვნელოვანესია, თორემ იქ, სადაც საზოგადოებრივი აზრი და პასუხისმგებლობა არსებობს, ინტელიგენციის შეძახილი არვის სჭირდება. იმ უამრავ დემონსტრაციებში, რომლებიც სისტემატურად იმართება ევროპის ქვეყნებში, სხვაგან, წინამძღოლად, დამრაზმველად ვერც მწერალს, მხატვარს, მსახიობს და ა.შ. ვერ იხილავთ. იქ ხალხია შემოქმედი, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ საქართველოს ხელისუფალთა გაფრთხილების მსგავსი რამ რომ თურქეთის ელჩს რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ გაეკეთებინა, რა მოჰყვებოდა ამას იმ ხელისუფლების ან ხალხის მხრიდან?! – სახელმწიფოს პროტესტი, ხალხის მიერ საპროტესტო მიტინგი საელჩოსთან, ელჩის გაწვევა.

გავიხსენოთ აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის, ბრაისას ისტორია. როდესაც მან ყოველგვარ დიპლომატიურ ნორმებს გადააბიჯა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კატეგორიულად მოსთხოვა აშშ-ს ადმინისტრაციას გაეწვიათ ბრაისა. ეს, ის ბრაისაა, რომელმაც „ნაცთა“ პარპაშის დროს ბევრი რამ ავნო საქართველოს.

არ არის საქართველოს ხელისუფლება ამის გამკეთებელი! არც თურქეთის ელჩის გაწვევას მოითხოვს და არც იმ აღვირახსნილობის აღკვეთისკენ მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ აშშ-ს, სხვა ქვეყნების ელჩებს, რასაც ისინი სჩადიან საქართველოს მიმართ.

ხალხი? – ხალხი ყველაფერს ყლაპავს – იმასაც, რასაც ხელისუფალთა ხელფასები, ხელფასებზე დანამატები, პრემიები, პერსონალური ავტომანქანების მუდმივი განახლება, უზომო რაოდენობის ბენზინის ხარჯვა და სხვა საძაგლობები ჰქვია.

ხალხი არაფერს ამბობს პარლამენტის სპიკერის განცხადებაზე: „ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება. ქუთაისში საგანმანათებლო ცენტრის შექმნა იგეგმება და ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი“.

რა გამოდის – პარლამენტი თბილისში არ დაბრუნდება? როგორც ჩანს, არა! უკეთეს შემთხვევაში იქაც და აქაც გაგრძელდება „მუშაობა“ – ისეთი, როგორიც დღესაა. გაგრძელდება აქეთ-იქით ხეტიალი და ამ საქმეში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა. რა ენაღვლებათ, ხელისუფლების ფული ხომ არ იხარჯება?

იხარჯება ხალხის ფული, ხალხისგან ამოღებული. იმ უამრავი საწვავის ხარჯებს ხომ ნებისმიერი ჩვენგანის ჯიბე ეწირება – ჩვენთვის ბენზინის ფასების მატებით და აქედან გამომდინარე კვების პროდუქტების, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების საგნების, მომსახურების ხარჯების გაზრდით.

სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყოლია და ჰყავს „ჩვენი ხელისუფლება“. ის, სხვისი ხელისუფლებაა – მეზობელი თურქეთის, აზერბაიჯანის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ს, ყველას და არა საქართველოს. საქართველო მისთვის ის მეწველი ძროხაა, რომელმაც უნდა მოიწველოს, თანაც თივის დაყრის გარეშე.

უკუღმართი ცხოვრებით გონდაცლილი ხალხი იმასაც ვერ გრძნობს, რომ მისი მოთხოვნა, თანაც ისეთი, ქუთაისელები რომ აყენებენ, თავის დროებითი მოტყუებაა და არა ამ ქალაქის პრობლემების კარდინალური განხილვა-გადაწყვეტა. მათ, ვინც პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ითხოვს, არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, თუნდაც იმასთან – საბიუჯეტო თანხების უაზრო განიავება რომ ჰქვია. ნუთუ მათთვის უცნობია თემა, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთმანეთისგან ხელოვნური დაშორება ჰქვია?

ნუთუ უცნობია ყველასთვის ცნობილი სინამდვილე, რომ აღმასრულებელ-საკანონმდებლო ხელისუფლებათა დაშორებით, ინგრევა ქვეყნის სტაბილურობა?! იქნებ აღმასრულებელი ხელისუფლებაც ქუთაისში გადაგვეტანა?!

ერთხელ უკვე დავწერე და გავიმეორებ – ივანიშვილის იდეა ქუთაისის სტუდენტურ ქალაქად გარდაქმნის თაობაზე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული. 60 000 სტუდენტზე უნდა იყოსო გათვლილი სტუდენტური ქალაქი.

დღევანდელ საქართველოში, საერთო ჯამში, 40 000 სტუდენტია, რომელთა თითქმის 100%, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაო ადგილს ვერ პოულობს და უცხოეთში გარბის. ქუთაისის სტუდენტთა ქალაქად გადაქცევის შემდეგ რა უნდა ქნას თბილისის უმაღლესმა სასწავლებლებმა ან სად უნდა დასაქმდეს ყოველწლიურად 100 000 უმაღლესდამთავრებული?

ვინ უნდა ასწავლოს ქუთაისის „სტუდქალაქში“, როდესაც თბილისის უმაღლესი სასწავლებლებიც განიცდიან პროფესორ-მასწავლებლების დეფიციტს? უცხოელი სტუდენტები და ლექტორები შეავსებენ ქუთაისის „სტუდქალაქსო“ – ასე „გვაბოლებენ“ და ჩვენც ვართ დაბოლებულ-დარეტიანებულები იმიტომ, რომ იდეა ივანიშვილისაა, ივანიშვილი კი ლამის ხალხმა, განსაკუთრებით „ინტელიგენციამ“, წმინდანად შერაცხა – სააკაშვილის განდევნისთვის.

სააკაშვილი განდევნა, მაგრამ სააკაშვილები ააყვავა ე.წ. ოპოზიციად აქცია. სააკაშვილის იდეები და განხორციელებული ავადმყოფური საქმეები – ხელუხლებლად დატოვა. მათ შორის პარლამენტის ქუთაისში გადატანა და სხვა მრავალი მანკიერება.

ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში აღზევებული „ოცნება“, ზომა-წონის გაუთვალისწინებლად, სხვათა იმედით, რქებით აწვება ყოველივე იმას, რასაც ქართულ-რუსული ურთიერთობა ჰქვია; მჭიდრო კავშირებს ამყარებს რუსეთის მტერ უკრაინის ხელისუფლებასთან, რითაც უდავოდ ანტისახელმწიფოებრივ თამაშს თამაშობს, ისეთს, რომელსაც მომავალი არ აქვს.

ხელისუფლებას ვერ გაუგია, რომ უკრაინის „ყავისფერი“, ბანდერული ხელისუფლება, სხვაა და ხალხი სხვა. ის, ვინც უკრაინის ბანდერულ ხელისუფლებას, ხელისუფლებად მიიჩნევს, ვერასდროს მოიგებს რიგითი უკრაინელის გულს.

საქართველოს ხელისუფალთ ჰგონიათ, რომ პოროშენკოს და მემარჯვენე სექტორის აღვირახსნილობა სამარადისოდ გაგრძელდება. სცდებიან. ქვეყანა, რომელიც სააკაშვილის ხათრით, მუდამ ამცირებდა „საოცნებო“ ხელისუფლებას, მეგობრად არ უნდა გაიხადო. ამ მარტივ ჭეშმარიტებას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. პოროშენკოს ხელისუფლებამ არაერთხელ ჩააგდო საქართველო „უხერხულ“ მდგომარეობაში.

თურქეთის ელჩმა კი პირდაპირ მიგვითითა – რისი გაკეთების უფლება გვაქვს და რისი არა. აზერბაიჯანმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა დავით გარეჯთან მიმართებაში, რითაც საკამათოდ ქცეული თემა ლამის დაპირისპირების საკითხად აქცია, მაგრამ საქართველოს „საოცნებო“ ხელისუფლება ხომ დოყლაპია არ არის, რომ საკითხი სხვაგვარად არ მოაგვაროს, მაგალითად ისე, როგორც ამასწინათ თურქეთთან სასაზღვრო ზოლში, მდინარის მიერ კალაპოტის შეცვლის შედეგად 6 ჰექტარი მიწა რომ დაუთმო თურქეთს?!

ქვეყანა ყოველდღიურად, ე.წ. მცოცავი ანექსიის გზით, მტკაველ-მტკაველ მიწას კარგავს უკვე მეზობლად ქცეულ „ქვეყანასთან“, ალანია რომ ჰქვია, ხოლო ძმად შერაცხულ მეზობელ თურქეთს ფიანდაზად ეგება ბათუმისა და აჭარის გასათურქებლად, თბილისზე და სხვა ქალაქებზე გავლენის გასაფართოებლად.

ხელისუფლების ყმაწვილებს დიდ წარმატებად მიაჩნიათ ამერიკელ კონგრესმენთა გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც სხვას ვერ ახერხებ – ქაღალდითაც შეიძლება თავის დამშვიდება.

ვერც აშშ-ი, ვერც ევროკავშირი და ვერც სხვა რომელიმე კავშირი, რუსეთს ფეხს ვერ მოაცვლევინებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ვერც ანტირუსული ეკონომიკური სანქციების დაწესება უშველის ამ საქმეს. მას სხვა გზის გამოძებნა სჭირდება – ეს დიალოგია რუსეთთან, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს, ქვეყნისთვის უდავოდ არასახარბიელო მოტივით, ოკეანისგადაღმელთა რჩევის შედეგად.

ამერიკა-რუსეთის პაექრობა კავკასიაში და რეგიონში – ახლო აღმოსავლეთი რომ ჰქვია, ახალ ფაზაში შედის და არვინ იცის, როდის და რით დამთავრდება. ორივეს, რეგიონის ქვეყნებიდან მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც თავის მხრივ მზად არიან ყველაფერი იღონონ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად. საქართველო მათთვის არც ისეთი ბუმბერაზი და უძლეველი ქვეყანაა, როგორც ჩვენ გვგონია. 2008 წლის მარცხს თვალი უნდა აეხილა ჩვენთვის, თუმცა მსგავსს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ისევ დასავლეთის მოიმედეებად დავრჩით და თავს ვირწმუნებთ, რომ რაღაც დოკუმენტებით, ვიღაცის, სადღაც, რომელიღაც ფორუმზე ნათქვამი სიტყვებით ქვა გასკდება და საქართველოს ხელისუფლების გასაკეთებელი საქმე გაკეთდება.

სრული პოლიტიკური სიბეცეა. ქართული პოლიტიკა უნდა მიხვდეს, რომ დაპირისპირებით, კინკლავით, ავანტიურისტული გამოხდომებით, საერთაშორისო არენაზე რუსეთის ლანძღვით საქმეს არ ეშველება. პირიქით, გართულება მოჰყვება. ვერც ამერიკელი, ვერც ევროკავშირელი ვერ ჩაუღრმავდება იმ რელიგიურ, ეთნიკურ, ეროვნულ, ენობრივ პრობლემებს, რომლებიც კავკასიაშია.

ამერიკას, ისე, როგორც ეს შეეფერება დიდ სახელმწიფოს, პატარა ქვეყნებისთვის, ერთი პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელიც აფრიკელებზეც ვრცელდება და კავკასიელებზეც.

რუსეთმა, საუკუნეები მოანდომა ამ პრობლემების შესწავლას, რამაც მას დიდი უპირატესობა მიანიჭა, რეგიონიდან ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებულ ამერიკაზე. ვინ იცის, თუ არა რუსეთმა, საქართველოში თითქმის მიძინებული, მაგრამ მაინც თავსატეხი თემა, აზერბაიჯან-სომხეთის მოსახლეობიდან გამომდინარე? ან თუნდაც თურქულ-ქართულ ურთიერთობების თაობაზე – აჭარის საკითხს რომ ეხება? აღარაფერს ვამბობ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ პრობლემებზე.

რუსეთი ის ძალაა, რომელსაც შუამავლობაც შეუძლია, დაყვავებაც და კბილების გამოჩენაც, გააჩნია ჩვენ როგორ მოვექცევით მას.

სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემის აზრით, ეს ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია „რბილი ძალით“, წინ აღუდგეს თურქეთის გავლენის ყოველდღიურ გაფართოებას აჭარასა და სხვა რეგიონებში, ვინაიდან თურქმა იცის, რომ „რბილი ძალის“ უკან, „მაგარი ძალა“ დგას. გარდა ამისა, მიუხედავად 25-წლიანი არასახარბიელო პაუზისა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, რუსეთი მაინც პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ, რაც უდავოდ საყურადღებო რამ უნდა იყოს ქართული პოლიტიკისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.