ამერიკაში კვირიკაშვილის მიღებით გულმოკლული საქართველო
საქართველოს პოლიტიკამ და მასზე მიტმასნილმა საზოგადოების ნაწილმა ძალზედ გაიხარეს ამერიკის საბიუჯეტო კანონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც იკრძალება ნებისმიერი ფინანსური დახმარების გაწევა ან სახელმწიფო ინვესტიცია იმ ქვეყნებისთვის, ვინც აღიარა ან აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
უდავოდ დიდი პოლიტიკური ნაბიჯია აშშ-ს მხრიდან, მისი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დახმარების თვალსაზრისით. ეცნობი ამ გადაწყვეტილებას და უმალ ფიქრობ, ნუთუ ამდენი დროის გასვლა იყო საჭირო მსგავსი დოკუმენტის მისაღებად?!
2008 წლის აგვისტოს ომისა და აქედან გამომდინარე შედეგების – რუსეთის მიერ ორი ყოფილი ავტონომიის დამოუკიდებლობის აღიარება, შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ვითარებაც შეიცვალა, ცხადია გამდგარი ყოფილი ავტონომიების სასარგებლოდ. მაგრამ რომ იტყვიან – „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ – ფილოსოფიიდან გამომდინარე დოკუმენტი საქართველოს სასარგებლოდ იმუშავებს, თუმცა დადებითთან ერთად მან უარყოფითიც შეიძლება გვარგუნოს, რამეთუ ეს კანონი წითელი ნაჭერივით (ისე, როგორც არენაზე გამოსულ ხარს) ააფორიაქებს რუსეთს.
ვიდრე ამ საკითხს შევეხებოდე, აღვნიშნავ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების გულმოკლულ განცხადებებსაც – საქართველოს პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის მიღებას რომ ეხება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. ფოტო მაქვს მხედველობაში – პრეზიდენტი ტრამპი ზის, ხოლო პრემიერი კვირიკაშვილი მის გვერდით, მაგიდაზე დაყრდნობილი დგას.
დამაფიქრებელი პოზაა იმათთვის, ვისაც რახანია ეჭვი შეაქვს აშშ-ს-საქართველოს თანაბარი ურთიერთობის საკითხებში. არაფერს ვამბობ ჩვენს მიერ ამოჩემებულ „სტრატეგიულ“ პარტნიორობაზე. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – ყოვლად გაუმართლებელია ეს ტერმინი და რატომ? უბრალო ჭეშმარიტების გამო. აშშ-ი, მსოფლიოს პირველი სახელმწიფო, პირველი ეკონომიკა (ჯერ-ჯერობით), პირველი ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ვერაფრით იქნება შეუმდგარი, ყველა პარამეტრით სუსტი ქვეყნის „სტრატეგიული“ პარტნიორი. პარტნიორი – კი ბატონო, „სტრატეგიული“ – არაფერ შუაშია. აქედან გამომდინარე უნდა გავაანალიზოთ ოვალურ კაბინეტში გადაღებული ფოტო.
ქართველობას ეწყინა, საქართველოს პრემიერის მიმართ ესოდენ ქედმაღლური დამოკიდებულება თეთრი სახლის მთავარი ბინადრის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩემი ნათქვამის ჭეშმარიტებას – „პარტნიორი“ და არა „სტრატეგიული პარტნიორი“, თუმცა არც პარტნიორთან მიმართებაში უნდა ყოფილიყო ესოდენი ქედმაღლური დამოკიდებულება.
ზოგიერთი ჩვენი ექსპერტი თვლის, რომ საერთაშორისო და საკუთარი პროტოკოლის უზუსტესი მიმდევარი და დამცველი აშშ-ი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი, სწორედ ისე მოიქცა, როგორც პრეზიდენტს შეეფერებოდა ანუ არ ადგა პრემიერ კვირიკაშვილის მიღებისას, ვინაიდან კვირიკაშვილი თურმე საყოველთაოდ არჩეული ქვეყნის მმართველი არ არის, ის კი (ტრამპი) არჩეულია.
იკითხავთ – სხვა შემთხვევაში როგორ იქცევა აშშ-ს პრეზიდენტი?
სხვა შემთხვევაში, კაბინეტში კი არა, შენობის შესასვლელში ხვდება იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, სხვა ქვეყნების პრემიერებს, ვინაიდან ის ქვეყნები, ქვეყნებია – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არა ისეთი ბუტაფორია, როგორიც საქართველო.
თუ როგორია დღევანდელი საქართველო – ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ორიოდ სიტყვით ამერიკელთა მიერ პროტოკოლის მოთხოვნების უზუსტეს დაცვაზე. საკუთარი გამოცდილებიდან (ქვეყნის პროტოკოლის სამსახურის უფროსად მუშაობა) გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ამ ქვეყნის, როგორც დიპლომატიური, ისე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები შეგნებულად არღვევდნენ მასპინძელი ქვეყნის პროტოკოლს – იგვიანებდნენ დაგეგმილ და მათთან წინასწარ შეთანხმებულ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე, ცვლიდნენ მათთან შეთანხმებულ პროგრამას, რითაც არაფრად აგდებდნენ მიმღები მხარის მიერ გაწეულ შრომას და ა.შ.
ერთ ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი ედვარდ კენედი, თანმხლებ პირებთან ერთად. წინასწარ შეთანხმებული პროგრამის მიხედვით მას უნდა დაეთვალიერებინა „სვეტი-ცხოველი“, რის შემდეგაც დაგეგმილი იყო, იქვე რესტორან „მარანში“ – სადილი. მცხეთისკენ მიმავალმა, მან განაცხადა, რომ სვეტი-ცხოვლის მონახულების ნაცვლად ისურვებდა სადილს. ავტომანქანების კორტეჟი, პროგრამისდა მიხედვით სვეტი-ცხოველთან გაჩერდა. კენედიმ, მანქანიდან გადმოსვლისთანავე იკითხა – ეს, რესტორანიაო? და როცა გაიგო, რომ საყდარია, შებრუნდა და ავტომანქანაში ჩაჯდა – სასადილოდ წამიყვანეთო – თქვა.
სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ სტატია ვერ დაიტევს. უდავოდ დაგებადებათ კითხვა, რით არის ყოველივე გამოწვეული? იმით, რასაც ქვეყნის, ქვეყნობა ჰქვია. კენედის დროს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო. ტრამპის დროს – დამოუკიდებელია, მაგრამ ვინ-ვინ და აშშ-ს პრეზიდენტმა იცის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი.
განა მიღებული კანონი ხაზგასმით არ აღნიშნავს, რა დამოუკიდებლებიც ვართ?
საქართველომ მიაღწია იმ დამოუკიდებლობას, რასაც უფრო მონური მორჩილება ჰქვია არა მარტო ამერიკისადმი, არამედ ევროკავშირისადმი. როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა საკუთარ მოსახლეობას ცხვირწინ უფრიალებს ევროკავშირის დროშას, რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი?
საბჭოთა კავშირის დროს ვაფრიალებდით საბჭოთა დროშას, საქართველოს დროშასთან ერთად, მაგრამ იმ დროს საქართველოს წვლილი საბჭოთა კავშირის მართვაში საგრძნობი იყო, ისე, როგორც დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკებისა. საკავშირო უმაღლეს საბჭოში საქართველო საკუთარი დეპუტაციით იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე იყო და წლის განმავლობაში ერთხელ, ერთი თვის მანძილზე მოსკოვში, კრემლში უწევდა მუშაობა. ის, სსრკ-ს წარმომადგენლობით ფუნქციასაც ასრულებდა, ხელმძღვანელობდა რა საკავშირო უმაღლეს საბჭოს დელეგაციას საზღვარგარეთის ქვეყნებში.
იმჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურაში ჩვეულებრივი რამ იყო რესპუბლიკების პარტიული და სამეურნეო მუშაკების საკავშირო პარტიულ და სამეურნეო დარგებში, მაღალ თანამდებობებზე გადაყვანა. აღარაფერს ვიტყვი სამეურნეო და კულტურული მჭიდრო ურთიერთობების შესახებ, რომელსაც უდავოდ შეეფერება სიტყვა – „სტრატეგიული“.
დღევანდელ „სტრატეგიულ“ მოკავშირესთან მსგავსი სიზმარშიც არ მოხდება. ჩვენდა გულის დასამშვიდებლად სხვებიც მეტნაკლებად ანალოგიურ ვითარებაში არიან. გაიხსენეთ ტრამპ-მერკელის ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა. ტრამპმა, გერმანიის კანცლერს ხელიც არ ჩამოართვა. ნეტავ, რომელი პროტოკოლით არის მსგავსი რამ მიღებული? არც ერთით, მაგრამ, რაც შეეხება პოლიტიკას – იქ სხვა „პროტოკოლია“ – ისეთი, დამონებულს რომ შეეფერება.
გერმანია, აშშ-ს მიერ დათრგუნული ქვეყანაა უამრავი ამერიკული სამხედრო ბაზებით, აშშ-ს სპეცსამსახურების კონტროლს ქვეშ მყოფი. მერე რა, რომ გერმანია საკუთარი ეკონომიკით ევროკავშირის ლოკომოტივია? აშშ-სთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ისე, როგორც ევროკავშირის არსებობას.
ტრამპმა თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ გამოხატა თავისი ნეგატიური განწყობა ევროკავშირის მიმართ. ანდა ავიღოთ მეორე მაგალითი – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიღება ოვალურ კაბინეტში. კლიმკინიც ისეთ პოზაში ვიხილეთ, როგორც კვირიკაშვილი. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ოფიციანტმა, ბოსს ყავა მიუტანა. თუ ამას დავუმატებთ „მიღების“ ხანგრძლივობას – 6 წუთი, ღირდა კი ამ წუთებისთვის ტრამპის ფეხზე ადგომა? გარდა ამისა, თუ წარმატებული გერმანიის კანცლერს ხელს არ ართმევენ – გაჩანაგებული და ფაშისტურად ქცეული უკრაინის მინისტრი რომ საერთოდ შეუშვეს ოვალურ კაბინეტში – ესეც დიდი მიღწევაა.
საქართველოს „პოლიტიკოსებსა“ და საზოგადოებას ხშირად ახასიათებთ რუსეთის პოლიტიკოსების, განსაკუთრებით პრეზიდენტის ლანძღვა. არადა, ნაცვლად ამისა, ხანდახან ყური რომ დაეგდოთ მისი განცხადებებისთვის, რაღაც აზრს გამოიტანდნენ ნათქვამიდან. პუტინი, აშშ-ს წინა ადმინისტრაციას და პრეზიდენტს აშკარად არ ეთანხმებოდა ამერიკისა და ამერიკელების გამორჩეულობასთან დაკავშირებით; ამერიკის ზენიტში აყვანას და დანარჩენი მსოფლიოსთვის მოწოდებას – ყოფილიყვნენ ამერიკის მსგავსნი.
ობამა, აშშ-ს გამორჩეულობაზე ისე ლაპარაკობდა, როგორც თავის დროზე ჰიტლერი გერმანიაზე. ამერიკელებს სკოლიდან უნერგავენ, რომ ისინი არიან მთელი მსოფლიოს მანათობელი ვარსკვლავები; რომ აშშ-ი მწვერვალზეა, ხოლო დანარჩენი მსოფლიო სადღაც ქვევით.
მხოლოდ ასეთი აზროვნების ქვეყანა მიიღებს კანონს, რომელზეც ზემოთ ვთქვით. ისე, კაცმა რომ თქვას, რა უფლება აქვს ქვეყანას, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ის – სხვა ქვეყანას აუკრძალოს, რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება?
ამერიკა კი თავს უფლებას აძლევს მიიღოს ასეთი კანონი. გარდა ამისა, თუ დასჭირდება ოვალურ კაბინეტის კუთხეშიც დაგაყენოს, ხელიც არ ჩამოგართვას, საერთოდ არც შეგხედოს. ასეთთან „სტრატეგიული“ პარტნიორობა ძნელი რამ არის. საერთოდ ძნელია, როდესაც უაზროდ, სადღაც მიექანები და არაფერი იცი იმ „სადღაცის“ შესახებ. ჩვენც მივექანებით ევროკავშირისკენ, აშშ-სკენ და არაფერი ვიცით იქაური წესების შესახებ.
ასე იყო უნგრეთიც, რომელსაც დღეს ევროკავშირი სანქციების დაწესებით ემუქრება იმიტომ, რომ უნგრეთის პრემიერი ორბანი ჯიუტობს და არ იღებს ევროპაში შეჭრილ ლტოლვილებს. „რას მიქვიაო“, – ამბობს ბრიუსელი, – „უნგრეთი ევროკავშირის წევრია და იმდენი ლტოლვილი უნდა მიიღოს, რამდენსაც ჩვენ ვეტყვითო“.
ესეც თქვენი დამოუკიდებლობა. ორბანს მთელი უნგრეთი აუმხედრეს სოროსის უნივერსიტეტის დახურვის მცდელობისთვის. არადა, უნგრეთი ძირძველი ევროპაა, არა ისეთი, ჩვენ რომ „ვბრუნდებით“.
სრულიად განსხვავებული პროტოკოლი იყო ტრამპის მიერ ლავროვის მიღების დროს – ლავროვს თან, ამერიკაში რუსეთის ელჩი კისლიაკი და ფოტოგრაფი ახლდა. ამერიკელი ჟურნალისტები ოვალურ კაბინეტში არ მიიწვიეს.
კისლიაკი ის პიროვნებაა – ასე წერს მასზე ამერიკული მედია, რომელმაც გადაიბირა ტრამპის გუნდის წევრები საარჩევნო კამპანიის დროს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მედიის ცენტრშია მოქცეული ტრამპის, ლავროვისა და კისლიაკის ფოტო, გაღიმებული სახეებით. თუ ამას დავუმატებთ ტრამპის განცხადებას, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან ლაპარაკი მეტად ნაყოფიერი იყო, ყველაფერი ნათელი იქნება.
რაც არ უნდა აგინოს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა რუსეთი და მისი პრეზიდენტი – რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, ანგარიშგასაწევი ძალაა, მისი უგულებელყოფა კარგს არაფერს მოუტანს აშშ-ს. რუსეთი არც გერმანია, არც საფრანგეთი ან ერთად აღებული ევროკავშირია. უდიდესი ტერიტორიით, შეიარაღებით, უმდიდრესი წიაღისეულით და ინტელექტუალური პოტენციალით ძლიერი სახელმწიფოა – დიდი მომავლით.
ამერიკის მიერ მიღებული კანონი ყოფილ ავტონომიებთან, ამჯერად დამოუკიდებელ ქვეყნებთან დაკავშირებით – ერთის შეხედვით კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ვშიშობ მან არ გამოიწვიოს ისეთი ეიფორია, როგორსაც 2008 წლის ომამდე ჰქონდა ადგილი. მაშინაც დიდი მხარდაჭერა იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკელი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით პრეზიდენტობის კანდიდატის მაკკეინის მხრიდან. მის მოწინააღმდეგე ობამას არვინ იცნობდა, თანაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფერადკანიან ობამას პრეზიდენტად არ აირჩევდნენ.
მაკკეინს, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე მიიჩნევდნენ მომავალ პრეზიდენტად. სწორედ ამ ვითარებამ და ბუშის ადმინისტრაციის ძალზე კარგმა განწყობამ რეგიონის დემოკრატიის „შუქურის“, სააკაშვილის მიმართ, გადააწყვეტინა მას ე.წ. გამოცდის მოწყობა რუსეთის ხელისუფლებისთვის ანუ პროვოკაციული გამოხდომით იმის დადგენა, რა პასუხი იქნებოდა რუსეთის მხრიდან, საქართველოს აგრესიის შემთხვევაში.
საქართველო გამოიყენეს როგორც პროვოკატორი, რომელმაც დაიწყო ომი და ნაცვლად ამერიკელთა დახმარებისა და მოსალოდნელი გამარჯვებისა, მან მწარე დამარცხება იგემა. დამარცხებული სააკაშვილი, ამერიკელთა დახმარებით, შესანიშნავად გრძნობს თავს, რაც არ ითქმის საქართველოზე.
„საოცნებო“ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება არ გადადგას სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტული ნაბიჯი, მაგრამ სხვა მხრივ მისი ქცევა ნაკლებად ჩამოუვარდება წინამორბედი „ნაცების“ მოქმედებას. დღე ისე არ ჩაივლის, რაღაც ახალი ანტირუსული გამოხდომით არ „გაგვახაროს“ დღევანდელმა ხელისუფლებამ. ავიღოთ თუნდაც ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტიდან გამომდინარე განცხადებები, რამაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური რეაგირება გამოიწვია: „როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს…“.
ვგონებ, სულაც არ იყო საჭირო „ოცნების“ მხრიდან „ნაცებზე“ აყოლა და ლუჟკოვის „შავ სიაში“ შეყვანა, რასაც მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. დასავლეთზე აყოლილმა საქართველოს პოლიტიკამ ანგარიში უნდა გაუწიოს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, მის როლს რეგიონში, სხვა ფაქტორებს და არ უნდა გადაიქცეს რომელიმე ქვეყნის, თუნდაც აშშ-ს, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯის ბრმა შემსრულებელი. ამის აშკარა საფრთხე არსებობს იმ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ამერიკაში აქვს ადგილი.
დღეს უკვე კონგრესის დონეზე ჟღერს პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე. დამარცხებული დემოკრატები ყველაფერს კადრულობენ ბუზიდან სპილოს გადასაქცევად. ტრამპს ადანაშაულებენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნისთვის არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არამედ ოვალურ კაბინეტში ლავროვის მიღების დროს. თითქოს ამ მიღებაზე ტრამპმა აშშ-ს საიდუმლოება გააცნო ლავროვს. არადა, მიღებას აშშ-ს ადმინისტრაციის მინიმუმ 4 წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც დაბეჯითებით აცხადებენ, რომ არავითარი საიდუმლოება ტრამპს არ გაუცია.
არის სხვა „დანაშაულიც“, რუსეთის მხრიდან აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევა, ტრამპის სასარგებლოდ. თითქოს ტრამპმა უთხრა FBI-ს ხელმძღვანელს ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრის წინააღმდეგ გამოძიებაზე ხელი აეღო, რაც სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის მოპოვების მცდელობას ნიშნავს.
მოუწყობენ თუ არა ტრამპს იმპიჩმენტს და როდის ექნება ამას ადგილი – ამერიკელი ანტიტრამპისტი პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. მათ სურთ ტრამპის მორჩილ ფინიად გადაქცევა, კუთხეში მიყენება. ასეთ დროს მან შეიძლება ისეთივე გადაწყვეტილება გამოიტანოს, რასაც ადგილი ჰქონდა სირიის დაბომბვის დროს. ხომ შეიძლება ტრამპმა საკუთარი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად დაბომბოს ჩრდილოეთ კორეა ან წააქეზოს საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული პროვოკაციისთვის?
ერთხელ უკვე ვიწვინეთ არასასიამოვნო წაქეზების ნაყოფი „სტრატეგიული პარტნიორის“ მხრიდან. რა გარანტიაა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაიმეოროს 2008 წლის მსგავსი სისულელე?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.