მამა-მარჩენალის საოცარი აზრები

ტელევიზია „იბერიაში“ „პარტიზანი მებაღის ლიდერის ნატა ფერაძის პასუხმა –  „ვტყნ…ი“ – ერთ-ერთი მონაწილის კითხვაზე – „ხეები „ნაციონალების“ დროსაც იჭრებოდა, ხმას ვერ იღებდით, 2012 წლამდე გეძინათ?“ – დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგმა დაგმო ესოდენ თავხედური პასუხი. ზოგმა ჩათვალა, რომ პასუხი ადეკვატური იყო. ზოგმა პოლემიკა გამართა და იმის მტკიცება დაიწყო – უზნეობაა კითხვის დასმა – სად იყავი, ვისთან იდექი, ვინაიდან ადამიანისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის უჩვეულო არ არის პოზიციის ცვლა – ერთი პარტიიდან, მეორეში გადასვლა, მეორედან მესამეში, გუშინდელ მოწინააღმდეგესთან ჩახუტება და ა.შ.

დასამახსოვრებელი იყო ერთი ექსპერტისა და ერთი პოლიტიკოსის მიერ გამოთქმული აზრებიც. ორივენი მიიჩნევენ, რომ ასეთი შეკითხვის დასმაც კი უმსგავსობაა. ორივე მათგანს მძიმე ტვირთად უნდა აწვეს გუშინდელი, რამეთუ მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და მის ლიდერთან. მათი ნათქვამი „ნაცებთან“ თანამშრომლობის შეფარული თავის მართლებაა. ერთ-ერთი მათგანის მიერ უცხოელი პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში გადასვლის მაგალითებიც უადგილოა, რამეთუ პარტიის ცვლა გამოწვეული იყო არა მერკანტილური, არამედ იდეოლოგიური მოსაზრებით, რასაც საქართველოს პარტიულ ცხოვრებაში არასდროს ჰქონია ადგილი.

რასაც საქართველოში ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება ადგილი – საკუთარი კეთილდღეობის შექმნისთვის ბრძოლაა და არა პარტიული იდეალებისთვის. პარტიული მიგრაცია, განსაკუთრებით თვალშისაცემია პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში. მას ისეთი აჟიოტაჟი ახლავს, როგორც ფეხბურთში, ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ევროპაში. იქ კლუბები ყიდულობენ ფეხბურთელებს. აქ თვით ე.წ. პოლიტიკოსები, პარლამენტში გამსვლელ პარტიას სთავაზობენ თავს. ორივე შემთხვევაში – ფული ტრიალებს. პირველში ბევრი, მეორეში – ნაკლები, მომავალი პარლამენტარის „პოლიტიკური წონიდან“ გამომდინარე. ვინ, სად იყო 2012 წლამდე უდავოდ უადგილო იქნებოდა, პოლიტიკურ არენაზე რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მმართველი.

9-წლიანი ბატონობის დროს „ნაციონალებმა“ უდიდესი ტკივილი მიაყენეს ქვეყანას, რითაც დაიმსახურეს ყველაზე ნეგატიური სიტყვები, რაც საერთოდ მოიპოვება ქართულ ლექსიკაში. თავიანთი აღვირახსნილობით, სისასტიკით, ჯალათური პოლიტიკით ეს პარტია იმსახურებს კანონგარეშედ გამოცხადებას და აქედან გამომდინარე მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას დამნაშავე პარტიის წინააღმდეგ. მაგრამ ამას არ ჰქონდა და არ აქვს ადგილი ფრენია „პოლიტიკოსების“, გაუმართლებლად შემნდობი ხელისუფლების და ხალხის გამო. დაუსჯელობა კი დასასჯელში სხვა შეგრძნებას იწვევს – მართალი ვიყავი და ვარო, რომ ჰქვია.

როდესაც მავანი ამბობს – რა მნიშვნელობა აქვს ვინ, სად იყოო, ის „ყოფნა“ კრიმინალს არ უნდა უკავშირდებოდეს. ასეთ „ყოფნას“ გამართლება არ აქვს. მაგრამ რა უნდა მოვთხოვოთ პარტიულ და ექსპერტულ წვრილფეხობას, როდესაც მსხვილფეხა მამა-მარჩენალიც იმავეს ამბობს.

„ორწელიწადნახევარი ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში“, – აცხადებს ივანიშვილი. ორწელიწადნახევარი საკმაო დროა ისეთის გამოსააშკარავებლად, როგორიც სააკაშვილი იყო.

„არ დავხმარებივარო“ – ამბობს ივანიშვილი, მაგრამ ცნობილი ფაქტია სააკაშვილის დედისა და მეუღლისთვის ხელის გამართვა, ცხადია მილიონებით. „წინასწარმეტყველმა“ ბიძინამ ვერ დაინახა ის საშინელებები, რასაც სააკაშვილი სჩადიოდა პირველი სამი წლის განმავლობაში. ხალხი, რომელსაც პიროვნების ამოცნობის პრეტენზია არ გააჩნია, მითუმეტეს წინასწარმეტყველების, რასაც ივანიშვილი იჩემებს, უმალ მიხვდა სააკაშვილისა და „ნაცების“ სახით ვისთან ჰქონდა საქმე.

მიხვდა, მაგრამ გვიანი იყო, თუმცა საპროტესტო გამოსვლებიც მოაწყო, მწვავე მიტინგებიც, კარვებიც დასცა, მაგრამ ისეთი გამყიდველების გამო, როგორებიც იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები, სხვები და სხვები, ვერაფერს მიაღწია.

2007 წლის ბობოქარ შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილი მხარში ედგა სააკაშვილს და ძალას არ იშურებდა, მასთან ერთად ფულს, ნაცისტური რეჟიმის გასამყარებლად. რომ არა ივანიშვილი და მისი ფულები, სააკაშვილის რეჟიმი მალე დალევდა სულს.

შეგნებულ საზოგადოებას ივანიშვილის მაშინდელი ქმედება, ერთი ანდაზის მსგავსად – „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ – სხვაგვარად ანუ ნეგატიურად აქვს აღქმული. ივანიშვილი ისეთივე გაკიცხვას იმსახურებს, როგორც „ნაცი“ სააკაშვილი.

გაიხსენეთ ნიურნბერგის პროცესი – დამნაშავე „ნაცებთან“ ერთად, საბრალდებულო სკამზე მსხდომი გერმანელი მეწარმეები. მათ „ნაცთა“ დანაშაულში ედებოდათ ბრალი ანუ „ნაცებისთვის“ ფინანსურ დახმარებაში. ივანიშვილს ვერავითარი თავის ქება ვერ გაამართლებს, ვინაიდან უდიდესი წვლილი მიუძღვის სააკაშვილისა და „ნაცების“ დახმარებაში. რაც მთავარია ხელისუფლების დათმობის შემდეგ, თუ ვინმე იყო კოჰაბიტაციის მოტრფიალე,  სწორედ ივანიშვილი იყო, რომელმაც ძალა არ დაიშურა „ნაცთა“ გადასარჩენად.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ივანიშვილის მიერ „ნაცთა“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები. მან აიძულა „ოცნების“ მარიონეტი ხელისუფლება ისე ემოქმედა – თმის ღერი არ შერხეოდა „ნაცთა“ თავებს.

ცხადია, დღეს არვის აწყობს „გუშინ ვინ სად იყოს“ გახსენება, ვინაიდან ყველა იქ იყო, სადაც თვლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ. თავის გასამართლებლად იმასაც ამბობენ – სააკაშვილის პირველი წლები წარმატებული იყოო – პრეზიდენტის, რომელიც მმართველობის პირველივე დღიდან სასტიკ რეპრესიებზე გადავიდა.

ივანიშვილი ებრძვის საკაშვილს, პირადი შეურაცხყოფის გამო, მაგრამ ნაკლებად „ნაცებს“. მან გადაარჩინა „ნაცები“ და ისეთი ვითარება შექმნა, უარესს რომ მტერიც ვერ ინატრებდა. მან ამომრჩეველი მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა ან „ოცნება“, ან „ნაცები“, დანარჩენი, მისივე სიტყვით – „გაიკრიფა“. ხალხს არ უნდა უსაქმური „ოცნების“ არჩევა, მაგრამ რა ქნას – არ აირჩევს „ოცნებას“ და „ნაციონალები“ დაბრუნდებიან. ძალაუნებურად „ოცნებას“ უნდა მისცეს ხმა – ეზიზღება, მაგრამ მაინც ის ურჩევნია ბოროტ „ნაცებს“.

ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც მძიმე უღელივით აწვება ხალხს. ამასთანავე ამ სისტემას PR-იც შეუქმნა – გამუდმებული ლაპარაკით – რა კარგი და საამურია მის მიერ შექმნილი სისტემა, რაოდენ დიდ წარმატებებს მიაღწია „ოცნებურმა“ მმართველობამ. რა კარგად ცხოვრობს ხალხი დღეს, ვიდრე 4 წლის წინათ ცხოვრობდა.

„2012 წლამდე 137-ე პოზიცია ეჭირა საქართველოს და ბოლოდან მე-6-ე ადგილზე ვიყავით მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით. დღეს, საოცარი გარდატეხა მოხდა. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა ბელგია, ირლანდია, აშშ-ი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იაპონია“, – ამბობს ივანიშვილი.

აი, რას ნიშნავს ეკონომიკურად „უზომოდ“ განვითარებული ადამიანი. ჩვენ, ეკონომიკურად განუვითარებლებმა, ჩვენსავე ზურგზე გამოვცადეთ სააკაშვილის 9-წლიანი „წინსვლა“ და „ოცნების“ 4-წლიანი „მიღწევები“.

ივანიშვილის ნათქვამი მხოლოდ ხელისუფლების კეთილდღეობას ეხება და არა ქვეყნის. სწორედ ამაში გაუსწრო საქართველომ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს. საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის უდავოდ შემაშფოთებელია იმ პირისგან ესოდენ დაუჯერებლის მოსმენა, ვისაც დღეს თუ არა, 4 წლის წინათ მხსნელად მიიჩნევდა.

პატივცემულო მკითხველო, ობიექტურად შეაფასეთ ივანიშვილის ნათქვამი და თუ ასე მოიქცევით, გაგიჩნდებათ აზრი, რომ საქართველომ, რაღაცაში მაინც გაუსწრო ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს? იქნებ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც მოწინავე ქვეყნის წარმომადგენელი, ესწრებოდა ჩინეთში გამართულ „დიდი ოცეულის“ შეხვედრას და ჩვენ ვერ დავინახეთ?

ივანიშვილის ნათქვამი ტყუილსაც აღარ ჰგავს. ეს ავადმყოფური აზრის ნაყოფია და მას მკურნალობა ესაჭიროება.

„გადით ქუჩაში, ამერიკაში ჩაგიყვანთ და გაჭირვებულებს ყველგან გაჩვენებთ. გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ 2030 წელს ასეთი ქვეყნების მსგავსი ეკონომიკა გვქონდეს“, – აცხადებს ივანიშვილი.

სად არის ლოგიკა? თუ დღეს აღნიშნულ ქვეყნებს ვუსწრებთ, რაღა შუაშია 2030 წელი?

აშშ-ი არიან ღარიბ-ღატაკები, ისეთებიც, რომლებიც ნაგავში იქექებიან, უსახლკაროებიც, ნარკომანებიც და ა.შ., მაგრამ იქაური ღარიბ-ღატაკების ცხოვრებისეული პირობები და სოციალური მდგომარეობა, იმ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ფენებთან არის შეფარდებული და არა სხვა ქვეყნების მსგავს ღარიბ-ღატაკებთან.

თუ ამ პარამეტრებით შევადარებთ აშშ-ს და სხვა ქვეყნების (არა საქართველოს) მოქალაქეებს, დავინახავთ აშშ-ს უპირატესობას. სახელმწიფოს მიერ უმუშევართა დახმარება მრავალსაფეხურიანია და თვეში 1500 დოლარს აჭარბებს, რაც გაცილებით ნაკლებია იქაური სხვა სოციალური ფენების თვიურ შემოსავალზე, მაგრამ მეტია, ვიდრე სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სადაც დღიური შემოსავალი 1.5 დოლარს არ აღემატება.

კანადაში არის ქალაქი ვანკუვერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პირველობას არვის უთმობს საამური ცხოვრების თვალსაზრისით. ვანკუვერი პირველია მსოფლიოში ცხოვრების პირობებით, სოციალური მდგომარეობით, კომფორტულობით, მოქალაქეთა მაღალი შემოსავლებით და ა.შ.

მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი ამ ქალაქს. ღამით სეირნობის დროს, თავი ამოვყავი ცენტრიდან არცთუ მოშორებით არსებულ უბანში – ჭუჭყიანში, „ბომჟებითა“ და მათხოვრებით, ნარკომანებით სავსეში. შემზარავი იყო იქაურობა, რომელმაც უმალ დამავიწყა დანარჩენი გაქათქათებული ვანკუვერი.

ამ უბნის მნახველს უმალ თავში გაჰკრავს გაოცება და სიბრაზე ქალაქის მესვეურთა მიმართ. და როდესაც ჩემი ნეგატიური შთაბეჭდილების შესახებ ვუთხარი მასპინძლებს, ამიხსნეს, რომ იმ უბანში მცხოვრებ „ლუმპენს“ სახელმწიფო უფასო ბინებიც აქვთ მიცემული, თვიური დახმარებაც – ფულის სახით, სხვა სოციალური პირობებიც აქვთ შექმნილი, მაგრამ მათ ისეთი ცხოვრება აწყობთ, როგორიც აქვთ. ხელისუფლებამ მისცა გამოსწორების საშუალება, მაგრამ ისინი ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას.

ვანკუვერის ზერელე მნახველს უდავოდ შეექმნება მთაბეჭდილება, რომ კანადაში ღარიბ-ღატაკები ბევრია, ისე, როგორც ივანიშვილს ამერიკაზე. თუმცა იქაური ღარიბ-ღატაკის თვიურ შემოსავალს საქართველოს საშუალო ფენაც (რომელიც შესაქმნელია), 2030 წლისთვისაც ვერ ეღირსება.

„ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში აქვს, არასდროს ჰქონია“, – განაცხადა ივანიშვილმა გურიის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს და დაამატა, რომ – „ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორც რეგიონში, ისე ევროპაში“.

ადამიანს, რომელსაც თავში აქვს ჩადებული მცდარი მოსაზრება, მითუმეტეს ისეთს, როგორიც ივანიშვილია, შეპასუხებაც არ ღირს, რამეთუ ვერც მას შეაგნებინებ და გუნება-განწყობილებასაც გაიფუჭებ.

ივანიშვილი ნარცისია, საკუთარ თავში შეყვარებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ასეთთან კამათს აზრი არ აქვს და ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს. მან სხვა თვალით – საღით უნდა შეხედოს არსებულ ვითარებას. იმ გაუსაძლის პირობებს, რომელიც „ნაცთა“ და „ოცნების“ „ ძალისხმევამ“ გვარგუნა, შეაფასოს ვითარება და დასვას უმარტივესი კითხვა – რა უფლება აქვს ივანიშვილს ხელი აფათუროს ქვეყნის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ცხოვრებაში ისე, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.

ივანიშვილი არ არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი. მას არავითარი თანამდებობა არ უკავია. არც პარტიის ლიდერია. მაშ ვინ არის ის, რომ ასე თავდაჯერებით  ილაპარაკოს ქვეყანაზე?

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური ცხოვრება, მითუმეტეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნა ვიღაც კერძო პირზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ აშენდება.

ივანიშვილის მიერ ნათქვამი ზღაპრები, მუდამ ზღაპრებად დარჩება და ასე დაილევა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნის ცხოვრება. ივანიშვილმა რაც იცის – საკუთარი ბიზნესის მართვაა, რაც საკმარისი არ არის თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ივანიშვილის მართველობა ფეოდალური პერიოდის გამეორებაა – მოჯამაგირედ ქცეული ხელისუფლებით და ხალხით. ასეთი საქართველო ვერც ევროკავშირში შევა და ვერც ნატოში. და რაც მთავარია, ასეთი საქართველო ვერავითარ პროგრესს ვერ ეღირსება.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.