21.12.2024

„ბრიკსს“ ისე მიეძალა ქვეყნები, როგორც სკას ფუტკარი, რამაც „ბრიკსი“ აიძულა გადაედგა ნაბიჯი გაფართოებისკენ

წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ აგვისტო — დასვენების თვედ მიჩნეული მთელს მსოფლიოში, ასეთი არ იქნებოდა. საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენებმა განაპირობეს აგვისტოსთვის დამახასიათებელი და საყოველთაოდ აღიარებული სტატუსის შეცვლა.

არანაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა მიმდინარე თვე ქვეყნების საშინაო ცხოვრებაშიც. პოლიტიკისთვის აგვისტოს თვე, ნახევარი მაინც, ჩვეულებრივ სამუშაო თვედ რომ ითვლება, გასაკვირი აღარ არის, რაც განპირობებულია ქვეყნების საშინაო და საგარეო ვითარებით.

ასე რომ აგვისტოც ისეთივე სამუშაო თვედ გადაიქცა, როგორც დანარჩენი თვეები, მაგრამ წლევანდელი აგვისტო, თავისი აქტიურობით, არა მარტო დანარჩენ, განვლილ თვეებს აჭარბებს, არამედ გასული წლების თვეებსაც.

წლევანდელი აგვისტო, უდავოდ დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის თვის — მსოფლიოს ახალ ისტორიაში.

ჩვენ ხშირად გვიყვარს თქმა სიტყვების „ისტორიული მნიშვნელობის“, როდესაც პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ არენაზე მომხდარი მოლაპარაკებების შედეგებს ვაფასებთ ან პოლიტიკოსის, სახელმწიფო მეთაურის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და იმდენად ხშირად ვუსადაგებთ ამ სიტყვებს „საშუალო“ ან „უღიმღამო“ მოვლენას, რომ ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ, როგორ ვაკნინებთ ამ გამოთქმის მნიშვნელობას, დედაარსს.

სტატიისთვის ამ შესავლის წამძღვარება იმიტომ დამჭირდა, რომ გამოთქმას — „ისტორიული მნიშვნელობის“ დავუბრუნო ის მთავარი, რაც ხშირმა და უადგილო გამოყენებამ დააკარგვინა მას.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქ.იოჰანესბურგში გამართული „ბრიკსის“ (BRICS) შეხვედრა (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მართლაც იმსახურებს „ისტორიული მნიშვნელობის“ სახელს და იმსახურებს არა იმიტომ, რომ იქ გაიმართა შეხვედრა, არამედ იმიტომ, რომ ამ შეხვედრის დროს ხუთმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება უდავოდ „ისტორიული მნიშვნელობის“.

იოჰანესბურგი მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების ადგილი. წესრიგის — რომელიც ეწინააღმდეგება მანამდე არსებულ ნეოკოლონიალისტურს, ერთი ქვეყნის ბატონობას დანარჩენ მსოფლიოზე, ამ ქვეყნის მიერ დაკრულ მუსიკაზე დანარჩენი ქვეყნების ცეკვას, მიუხედავად იმისა სურთ თუ არა მათ ამის გაკეთება.

იოჰანესბურგმა თქვა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობას წერტილი დაესმება და მის ნაცვლად მრავალპოლუსიანობა იქნება.

მრავალპოლუსიანობით ერთპოლუსიანობის ჩანაცვლებაზე მოსაზრებებს მსოფლიო კარგა ხანია ისმენს. ისმენს ისიც, ვისაც ეს ეხება; ისმენენ ისინიც, ვინც ერთპოლუსიანი მსოფლიოს მწვერვალზე წამომჯდარის ირგვლივ არიან შემორკალულნი და ნიშნის მოგებით აცხადებენ — ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ, ჩვენს პოლიტიკას არ შევცლით, გვაწყობს ის, რაც არის და ასე გავაგრძელებთ სამარადისოდ.

იოჰანესბურგმა თქვა, რომ ერთპოლუსიანობა აღარ იქნება და არა მარტო თქვა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა. აი, სწოედ ეს პრაქტიკული ნაბიჯი იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოვიყენოთ გამოთქმა „ისტორიული მნიშვნელობის“.

„ხუთეულის“ ერთად ყოფნის ისტორია განაპირობა თანამედროვე ნეოკოლონიალიზმისგან თავის დაღწევის სურვილმა. თითოეული მათგანი, საკუთარი გამოცდილებით, განვლილი ცხოვრებით, თანამედროვეობის ახლებური აღქმით, ერთპოლუსიანობისადმი გამაღიზიანებელი დამოკიდებულებით მივიდა დასკვნამდე, რომ მისთვის არსებული, მიუღებელია. და რაოდენ გასახარი იყო თითოეული მათგანისთვის მსგავსი აზროვნების სხვაში აღმოჩენა.

იდენტურმა აზროვნებამ გაუკაფა გზა ზემომოყვანილ ხუთ ქვეყანას ნამდვილი  სუვერენიტეტისკენ, ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, მიუხედავათ მათი განსხვავებული წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, რელიგიური აღმსარებლობის, ისტორიის და ა.შ.

ყველა მათგანს ჰქონდა და აქვს თვითმყოფადი ეკონომიკა, მიუხედავად გლობალიზაციის მკაცრი მოთხოვნებისა. დიახ! ისინი არიან ჩართული საერთო ეკონომიკურ ფერხულში ე.წ. კოლექტიურ დასავლეთთან ერთად, დოლარისა და ევროს გავლენის საფინანსო-ეკონომიკურ პროცესში, მაგრამ ამასთანავე საკუთარი ქვეყნის მოთხოვნებისა და ინტერესების დაცვით.

ამ „ხუთეულიდან“ ერთ-ერთმა, რუსეთმა, პრეზიდენტ პუტინის სახით, მიუნხენის კონფერენციაზე მტკიცედ გამოხატა ანტიამერიკული, ანტიდასავლური განწყობა, არა მარტო რუსეთისა და მისი პოლიტიკისა, არამედ ყველა იმათი, ვინც იზიარებდა პუტინის მოსაზრებას — ანტიჰეგემონისტურს, ერთმმართველობის წინააღმდეგ მიმართულს, ნეოკოლონიალიზმის ბაცილით დაავადებულს.

დღევანდელი „ხუთეულიდან“ ყველას აწუხებდა ის, რაც პუტინმა თქვა, მაგრამ ხმამაღლა, მითუმეტეს კონფერენციაზე თქმა, არვის სურდა, ვერვინ გაბედა. და არა მარტო მიუნხენის იმ კონფერენციაზე, არამედ მანამდე და მის შემდეგ არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, მათ შორის გაეროს სესიაზე.

პუტინი არა მარტო ამაში იყო პირველი, არამედ სხვაშიც. მაგალითად, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებაში, რომელმაც ერთმანეთის წინაშე დააყენა კოლექტიური დასავლეთი და რუსეთი.

2022 წლის 24 თებერვალი — უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღი, ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო. ცხოვრების, რომელშიც რუსეთისთვის, დასავლეთი დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ურთიერთის პატივისცემის წყარო აღარ იქნებოდა და იქნებოდა ის, რაც შორს არის აღნიშნული სიტყვების მნიშვნელობისგან.

2022 წლის 24 თებერვალმა გაჰყო მსოფლიო, ამჯერად კონკრეტულად.

2023 წლის აგვისტომ, იოჰანესბურგის კვინტეტის შეხვედრით დაადასტურა დასავლეთ—დანარჩენ მსოფლიოს გათიშულობა.

მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოში გაჩნდა ძალა, დღევანდლამდე არსებული ცხოვრების საწინააღმდეგო. ძალა, რომელიც ამბობს და პრაქტიკულად აჩვენებს სხვებს, რომ ერთპოლუსიან მმართველობას, გადაზრდილს ერთის ბატონობაში, სჯობს მრავალპოლუსიანობა, ყოველგვარი ერთი მმართველის გარეშე. ანუ ერთის დიქტატის ქვეშ ცხოვრების შეცვლა, დიქტატურის გარეშე ცხოვრებით; ცხოვრებით, დაფუძნებულით თანაფარდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, შეთანხმებაზე და არა ბრძანებაზე.

„ბრიკსის“ იდეებმა, პრაქტიკულმა საქმეებმა მიიზიდა ყველა ის, ვისაც თავისუფალი ცხოვრება უნდოდა; ვისაც მობეზრდა ვაშინგტონის ცრუ მოსაზრებებით არსებობა; ვისაც მობეზრდა ვაშინგტონური კვერთხი და თაფლაკვერა; ვისაც მობეზრდა გრანტები — ქურდობაში და ძარცვაში გადასული; ვისაც მობეზრდა სიცრუე, ე.წ. დემოკრატია და ვითომ სიტყვის თავისუფლება; ვისაც მობეზრდა ამერიკული „ოცნების“, „ბედნიერებისა“ და „სიკეთის“ ყოველწამიერი, ყოველწუთიერი, ყოველსაათიანი და ყოველდღიანი მოსმენა; ვისაც გაუჩნდა სურვილი სიყალბის ნაცვლად, სიმართლის მოსმენის არა ამერიკულის, არა ევროპულის, არამედ ჭეშმარიტის, ხალასის — იმ ქვეყნებიდან წამოსულის, რომელთაც აქვთ ასეთის გაჟღერების უფლება.

იოჰანესბურგის სამიტს 60 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათგან 23-ს ოფიციალური განცხადება ჰქონდა გაგზავნილი მასპინძელი ქვეყნისთვის „ბრიკსში“ გაწევრების მოთხოვნით. დანარჩენებს ზეპირი განცხადება აქვთ გაკეთებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ანტიდასავლურად მოაზროვნე ქვეყნების რაოდენობა, დასავლეთისთვის სახიფათოდ, კატასტროფულად იზრდება.

„ბრიკსს“ ისე მიეძალა ხალხი, ანუ ქვეყნები, როგორც სკას ფუტკარი, რამაც „ბრიკსი“ აიძულა გადაედგა ნაბიჯი გაფართოებისკენ.

ექვსი ახალი ქვეყანა დაემატა „ბრიკსს“. აი ისინიც: არგენტინა, ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, ეთიოპია, არაბული საამიროები.

„ბრიკსის“ შეხვედრის მასპინძელმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა,  რამაფოსამ (Matamela Cyril Ramaphosa) ისიც თქვა, რომ გაფართოების პროცესი გაგრძელდება 2024 წლის ოქტომბრის შეხვედრაზე, რომელიც, როტაციის მიხედვით, რუსეთში, კერძოდ ქ.ყაზანში გაიმართება, მანამდე „ბრიკსი“ ახალ წევრებთან ერთად ახალ ცხოვრებას 2024 წლის იანვრიდან შეუდგება.

რუსეთის პრეზიდენტის, პუტიის განცხადებით, რომელიც მან იოჰანესბურგის შეხვედრის დროს, ვიდეოჩართვით გააკეთა, იანვრიდან-ოქტომბრის ჩათვლით რუსეთში „ბრიკსის“ წევრი სახელმწიფოების ექსპერტების, ეკონომისტების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების 200-ზე მეტი შეხვედრა-მოლაპარაკება გაიმართება.

იოჰანესბურგის სამიტზე „ბრიკსი“, ანუ „ხუთეული“ შესანიშნავი ეკონომიკური წარმატებებით მივიდა. მარტო ის რად ღირს, რომ „კვინტეტმა“ გაუსწრო „დიდ შვიდეულს“ ეკონომიკური ზრდის ტემპით, ეროვნული პროდუქტის წარმოებით. მსოფლიო ბანკის 2022 წლის მონაცემებით, ათასჯერ სანქცირებულმა რუსეთმა ეროვნული პროდუქტის წარმოებით და ეკონომიკური ზრდით უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ლოკომოტივად წოდებული გერმანია და მსოფლიოს ათეულში მეხუთე ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი წილად ხვდა ჩინეთს, მეორე — აშშ-ს, მესამე — ინდოეთს, მეოთხე — იაპონიას, მეხუთე — რუსეთს. აი, ამ ხუთეულიდან სამი — ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი „ბრიკსის“ წევრები არიან, რაც მაგნიტია იმათთვის, ვინც საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს და ვისაც დასავლური ნეოკოლონიალიზმი სახიფათოდ მიაჩნია.

ათეულში ვერ მოხდა დიდი ბრიტანეთი, მაგრამ მოხვდა საფრანგეთი, ოღონდ მე-10 ადგილზე, გერმანიამ მე-6 ადგილი დაიკავა. მე-7-ზე ინდონეზიაა — ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება და რომლის მოსახლეობა 220 მილიონს აჭარბებს. ინდონეზია ითხოვს „ბრიკსში“ გაწევრებას.

ენერგორესურსების სფეროში „ბრიკსი“ ლიდერობს მსოფლიოში, წიაღისეული სხვა სიმდიდრეებით მოწინავეა, ისე, როგორც ადამიანური რესურსებით. ეს, ის გაერთიანებაა, რომელსაც სხვისგან, ამ შემთხვევაში კოლექტიური დასავლეთისგან, წიაღისეულის თვალსაზრისით, არაფერი აქვს საყიდელი. პირიქით, დასავლეთია ჩამოკიდებული ამ თვალსაზრისით „ბრიკსსა“ და სხვა ქვეყნებზე.

თანამედროვე ტექნოლოგია, ელექტრონული სისტემები — ციფრული და სხვა „ბრიკსში“ მაღალ დონეზეა. იოჰანესბურგის სამიტის დროს ინდოეთმა შეძლო საკვლევი აპარატის მთვარეზე დაშვება, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა ინდოეთის მეცნიერების.

სამიტის დროს რუსეთის მიერ გაშვებული უპილოტო კოსმოსური ხომალდი „Luna-25“ უნდა დაშვებულიყო მთვარის იმ ზედაპირზე, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ-ჯერობით გამოუცნობია, მაგრამ დაშვებისას სიჩქარე ვერ შეანელა და  აპარატი დაენარცხა მთვარის ზედაპირს.

„ბრიკსის“ 2 წევრი-სახელმწიფო ერთდროულად რომ აღწევს ასეთი ნაბიჯის გადადგმას, განა ამ ქვეყნების მეცნიერების წარმატებაზე არ მეტყველებს?!

აღარაფერს ვამბობ ჩინეთის მიერ წარმატებით განხორციელებულ კოსმოსურ კვლევებზე.

„ბრიკსი“ — ახალი ცხოვრების დასაწყისია, განსხვავებულის თუნდაც გუშინდელისგან. „ბრიკსი“ ახალი სიტყვაა პოლიტიკაში, საერთაშორისო ცხოვრებაში, რომელიც თავისთავად ითხოვს ყურადღებას და მოიპოვებს მას, თუმცა არა ყველას მხრიდან, მაგალითად დასავლეთის.

რას უნდა მივაწეროთ ვითომ უყურადღებობა?

შურს, ეგოიზმს, შიშს. მოჩვენებითი უყურადღებობა, ანუ ვითომ უყურადღებობა სინამდვილეში ჭარბი ყურადღებიანობაა. ვაშინგტონი გამადიდებელი შუშით ადევნებდა თვალს „ბრიკსის“ მუშაობას. მას შიშს გვრიდა ამ გაერთიანების ზრდის პერსპექტივა, ისე, როგორც „ბრიკსის“ საერთო ვალუტის დაფუძნების იდეაც.

აშშ-ის ჰეგემონიის ძირითადი საყრდენი დოლარია — მთელს მსოფლიოში გაბატონებული ვალუტა, რომელსაც წყალი „ბრიკსმა“ შეუყენა ერთმანეთთან ეროვნული ვალუტით ვაჭრობით.

„ბრიკსში“ მუშავდება გეგმა ერთიანი ვალუტის შესაქმნელად, რაც კონკურენციას გაუწევს დოლარს, ევროს, სხვა ქვეყნების ვალუტებს. ახალი ვალუტა, ახალი თავის ტკივილია აშშ-ს და მისი მოკავშირეებისთვის, არცთუ იოლად განსაკურნავი.

ეკონომიკური დაღმასვლა, დოლარის როლის დაქვეითება, უკრაინაში მიმდინარე ომში მოსალოდნელი დამარცხება — აშშ-ს და მისი მოკავშირეების ნაკლებად წარმატებული მომავლის აშკარა მანიშნებელია, რასაც ითავისებენ საღად მოაზროვნე ქვეყნები და შესაბამის ნაბიჯს დგამენ. მათ შორის არ ვჩანვართ ჩვენ, ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ახალი აზროვნება, ახლებული აღქმა თანამედროვე ცხოვრებისა და არა ძველზე, დამყაყებულზე ჩამოკიდება — ევროპა, ევროპას ძახილი.

უნებლიედ იბადება კითხვა — რა თავში ვიხლით 12 პუნქტის შესრულებას, როდესაც ევროკავშირში არვინ შეგვიშვებს?!

რა თავში ვიხლით ევროკავშირში გაწევრებას, როდესაც თვით ამ კავშირს უამრავი პრობლემა აქვს — ლამის დაშლამდე მისული?

რა თავში ვიხლით აშშ-ნ ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორობას, როდესაც „სტრატეგიული პარტნიორი“ აღარაფერ თავშია; როდესაც პრეზიდენტი და მისი ოჯახი კისრამდე კორუფციაში არიან ჩაფლულნი; როდესაც დემოკრატიის „სავანეში“ არავითარ დემოკრატიულ არჩევნებს არ აქვს ადგილი; როდესაც არჩევნებში საუკუნის წინათ გარდაცვლილთ აღებინებენ მონაწილეობას; როდესაც პრეზიდენტობის რეალური კანდიდატები — ბაიდენი და ტრამპი კრიმინალები არიან — აშშ-ს პოლიტელიტის დახასიათებით?!

როდესაც „სტრატეგიულ პარტნიორს“ ლუგარის საეჭვო ბიოლოგიური ლაბორატორიის გარდა არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არა სხვაზე, თუნდაც რეალურ პარტნიორ ქვეყნებზე.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც ავიწროებს თავის პარტნიორ ევროპას, სხვას — საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს, ის ქვეყანაა, რომელიც მიჩვეულია სხვათა მიმართ ბრძანებების გაცემას და ვერ იტანს სიტყვის შებრუნებას. სწორედ ასეთმა ურთიერთობამ დააკნინა და მონად აქცია ერთ დროს წარმატებული ევროპა, უპირველესად მისი ასევე ერთ დროს აღიარებული ლოკომოტივი, გერმანია.

სულ ახლახანს პოპულარულმა ჟურნალისტმა, ანალიტიკოსმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ აშშ-ი აწარმოებს ომს თავის მოკავშირეებთან და მაგალითად გერმანია მოიყვანა, რომლის ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება და გერმანული მრეწველობა გამოსავალს აშშ-ს ტერიტორიაზე საწარმოების გადატანაში ხედავს.

საქართველოს მოსახლეობა, საერთაშორისო ცხოვრებიდან მოწყვეტილი და ამერიკული ფულით წელგამართული — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროპაგანდით დაპურებული, ცხადია საღ დასკვნებს ვერ გააკეთებს, მაგრამ შექმნილი საშინაო ცხოვრებიდან გამომდინარე მას ის მაინც შეუძლია ცუდი, კარგისგან განასხვაოს, სიკეთე, ბოროტებისგან.

„ნიჭიერი ერი ვართო“ — გავიძახით, სად არის ჩვენი ნიჭიერება? ნიჭიერება მარტო იმაშია, ავტობუსის ხელა „ჯიპებზე“ წამოვსკუპდეთ და ვიძახოთ — რუსეთი ოკუპანტია?!

ნიჭიერება იმაშია, საკუთარი შეცდომა, დანაშაული ვაღიაროთ და გამეორების მინიმალური მცდელობაც კი ამოვიღოთ თავიდან. ნიჭიერება იმაშია, სხვის მიერ, ჩვენს მიმართ გამოჩენილი ამაგი ჯეროვნად შევაფასოთ და პატივი ვცეთ იმას, ვინც ასეთი გაიღო.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე არ მახსენდება შორეული თუ ახლობელი ქვეყანა, რომელსაც პოზიტიური განწყობა ჰქონოდა ჩვენს მიმართ. ერთადერთი ქვეყანა მახსენდება ასეთი და მას რუსეთი ჰქვია — ჩვენსავით მართლმადიდებელი, ჩვენთან საუკუნეთა განმავლობაში მჭიდრო, ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ისტორიაში წვლილი ქართველთა გამორჩეულია, საამაყოა.

ეს, ის ქვეყანაა, რომელმაც ფიზიკური განადგურებისგან გვიხსნა, შემდეგ თავზე ხელი გადაგვისვა, გვაჭამა, გვასვა, გვასწავლა — მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, ხელოვნების საფუძვლები; ქართველ მწერალთა მიერ შექმნილი, მთელს მსოფლიოს გააცნო, ისე, როგორც ქართველ კინორეჟისორთა ნახელავი; დემოგრაფიულად წელში გაგვმართა. ჩვენ კი რით ვპასუხობთ?

რუსეთი ჩვენი მტერიაო — ასეთს მოვკარი ყური ერთ-ერთ რუსეთისადმი ვითომ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანიის გადაცემიდან. რუსეთი კი არ არის საქართველოს მტერი, საქართველოა რუსეთის მტერი — ამერიკელთა წყალობით, რაც ნიჭიერმა ხალხმა იოლად უნდა გამოიცნოს. მაგრამ ჩვენი ნიჭიერება, სხვას რომ არ შეუფასებია?

არბიტრი, შემფასებელი ჩვენი ნიჭიერებისა ვინ არის? და საერთოდ შეიძლება თუ არა ერის ნიჭიერების შეფასება? ან რა კრიტერიუმებით შეფასდება ნიჭი?

ჩვენი ნიჭიერება ჩვენ თვითონ შევაფასეთ; ჩვენ თვითონ გამოვუტანეთ ჩვენს თავს საუკეთესო განაჩენი. როგორ არ ჰგავს ეს განაჩენი თანამედროვე ჩინეთის რეფორმების მამის დენ სიაოპინის განცხადებას — არ არის აუცილებელი, როდესაც მახინჯი ხარ, იყვირო ლამაზი ვარო. ეს,  მან 1978 წელს თქვა — ჩინეთში დიდი რეფორმების წამოწყების წინ. მიზანი მისი ჩინელთა დამცირება არ ყოფილა, პირიქით ჩინელთა გამოფხიზლება იყო — წარმატებული ცხოვრებისთვის საბრძოლველად. ჩინელმა შეგონება გაიგო და სასწაულებს მიაღწია.

საქართველოს ე.წ. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში დენ სიაოპინის მსგავსი შემძახებელი არ გამოუჩნდა. ვინც გამოუჩნდა, იმათგან პირველი და მესამე — საღი გონებისანი არ იყვნენ. არც მეოთხეს ჰქონდა ამქვეყნიურის შესაფერისი და საჭირო შემართება, რამაც განაპირობა ქვეყნის დღევანდელი გაუმართაობა, ხვალინდელის უპერსპექტივობა. ასეთი „ბრიკსისკენ“ არ გაიხედავს. არსებულით დაკმაყოფილდება, ისე, როგორც დიდი ილიას „კაცია — ადამიანი?!“-ის გმირი ლუარსაბი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

27/08/2023