27.12.2024

ადგილის დამკვიდრება ახლო აღმოსავლეთში?

უკვე მერამდენე დღეა რუსეთის ავიაცია ბომბავს სირიის ტერიტორიაზე გამაგრებულ ტერორისტთა ბანაკებს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც განლაგებულია საბრძოლო ტექნიკა და ტყვია-წამალი. შეტევა ხორციელდება როგორც დღე, ისე ღამე, შესაბამისი წარმატებებით, რის შესახებაც მსოფლიოს საზოგადოებას ამცნობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი. რუსული სამხედრო-საჰაერო შეტევით უზომოდ კმაყოფილია სირიის ხელისუფლება და პრეზიდენტი ბაშარ ასადი – სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმწვევი.

კმაყოფილებას გამოთქვამს ერაყის ხელისუფლებაც, რომელიც წინააღმდეგი არ არის რუსეთის საჰაერო ძალების ისეთივე მოქმედების, როგორსაც ადგილი აქვს მეზობელ სირიაში. რუსეთის სამხედრო მოქმედებას მხარს უჭერს ირანი და იორდანიაში მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია „ჰესბოლა“, რამდენიმე სახელმწიფო და პოლიტიკური ორგანიზაცია.

რუსეთის მოქმედებას ეწინააღმდეგება აშშ-ი და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია, რომლის რიგებში ათეულობით სახელმწიფოა გაერთიანებული – აშშ-ს მეთაურობით.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მებრძოლი“ კოალიცია ერთი წლის წინათ შეიქმნა, მაგრამ რაიმე საგრძნობ შედეგს ვერ მიაღწია. ფაქტი ჯიუტია – კოალიციის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიების დაბომბვამ, არათუ შეაჩერა ამ სახელმწიფოს სამხედრო წინსვლა, არამედ პირიქით გააფართოვა.

ტერორისტები ტერიტორიას-ტერიტორიაზე იპყრობენ, როგორც სირიაში, ისე ერაყში. ბრძოლები სირიის დედაქალაქ დამასკოს შემოგარენში მიმდინარეობს. შეტევაა ერაყის დედაქალაქ ბაღდადზეც.

„ისლამური სახელმწიფოს“ ამბიციური გეგმები შორსმიმავალია, ამასთანავე რეალური და არა აბსტრაქტული. მიზანი ამ „სახელმწიფოსი“ არის მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობა, შემდეგ მეზობლის-მეზობლებზე საკუთარი გავლენის გაფართოება და დამორჩილება.

„ისლამური სახელმწიფოს“ ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის გამოყენებულია უსასტიკესი ზომები ანუ „დამნაშავეთა“ თავების მოკვეთა; ქალთა მასობრივი გაუპატიურება; კაცობრიობის მიერ შექმნილი უნიკალური ისტორიული ძეგლების ნგრევა და ნანგრევებით ვაჭრობა; მრავალი არაჰუმანური მეთოდის გამოყენება, რაც მიუღებელია.

ყოველივე აღნიშნულს „ისლამური სახელმწიფო“ ვიდეო-ფირზე იღებს, ამონტაჟებს და უშვებს ეთერში. მიზანი – ყველას დაშინება და ისეთი ვითარების შექმნაა, რომ ქვეყანაში შეჭრის წინ მოსახლეობას შიშის კანკალი ჰქონდეს და ნაცვლად წინააღმდეგობის გაწევისა, უბრძოლველად დანებდეს.

„ისლამური სახელმწიფო“, ხშირ შემთხვევაში პირდაპირი აგრესიის გამოყენების ნაცვლად, „ციხე შიგნიდან ტყდება“-ს პრაქტიკას იყენებს ანუ ნიშანამოღებულ ქვეყანაში იატაკქვეშ არსებული ტერორისტული ორგანიზაციის ამოქმედებას, „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ძალებში ნაბრძოლი ტერორისტების სამშობლოში კატაპულტირებას და სასურველ დროს მათი ქვეყნისშიდა პროცესებში ჩართვას.

„ისლამური სახელმწიფო“ ემუქრება არა მარტო სირია-ერაყის მეზობელ ქვეყნებს, არამედ არაპირდაპირ მეზობლებსაც, მათ შორის რუსეთსა და კავკასიას. რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 2500-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იბრძვის, მათ გარდა იქ ცენტრალური აზიისა და კავკასიის “ბოევიკებიც“ არიან. თვით „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებით, ამ „ქვეყნის არმიაში“ 50000-ზე მეტი ევროპელი, აზიელი, აფრიკელი, სხვა კონტინენტის „ჯიჰადისტებიც“ არიან.

არც საქართველო ჩამორჩება „ჯიჰადისტთა“ ხორუმს. თავისი 200-მდე მოქალაქის წყალობით, მან საკმაო „პოპულარობა“ მოიპოვა „ისლამურ სახელმწიფოში“, რაც მთლად დასამშვიდებელი არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის.

საქართველოს „პოპულარობა“ მარტო იქ მებრძოლთა მამაცობას არ ეყრდნობა. მას სხვა საფუძველი აქვს – უფრო ღრმა და დასაფიქრებელი. ტერორიზმთან „თამაში“ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო. რუსეთის აგრესიული ქმედებების საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლება ჩეჩენ „მოჯახედებს“ და მათთან ერთად არაბ ტერორისტებს ჩაეხუტა. მთავრობის სურვილი იყო, პრიმიტიული – რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი „ბოევიკებისთვის“ (დუდაევის მეთაურობით) მხარის დაჭერა. როგორც ჩანს, მაშინდელ ხელისუფალთ სჯეროდათ დუდაევის გამარჯვების და რუსეთის დაშლის, აქედან გამომდინარე, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების.

ჩეჩნებთან ურთიერთობებს კოორდინაციას უწევდა უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი საჯაია, რომელიც არაერთხელ იმყოფებოდა გროზნოში. საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც რუსეთის, ჩეჩნებთან ომის დროს, ფართოდ გაუღო კარი ჩეჩენ ლტოლვილებს – ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, მაგრამ მარტო მათ? ამ კატეგორიას მოჰყვა „ბოევიკებიც“, რომლებიც პანკისში დასვენება-რეაბილიტაციის შემდეგ, ისევ უბრუნდებოდნენ ჩეჩნეთის ომის „თეატრს“.

მკითხველისთვის ცნობილია გელაევის გვარიც, რომელიც პანკისში იყო დაბანაკებული თავისი „ბოევიკებით“. ერთ მშვენიერ დღეს, შევარდნაძემ გადაწყვიტა მათი სოხუმის ფრონტზე გამოყენება და სამთავრობო ესკორტის დახმარებით მოახერხა პანკისიდან კოდორში გადაყვანა. დღესაც, ჩამესმის ქართველ ჟურნალისტთა „პატრიოტული“ ხმები, ეთერში გაჟღერებული, თუ როგორ იღებენ გელაევის „ბოევიკები“ სოხუმს (ცხადია, ჩვენთვის). ვერ აიღეს. უფრო მეტიც, გელაევი მძიმედ დაჭრეს, ხოლო მისი „ბოევიკები“ გაანადგურეს. გელაევი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას. პანკისი გადაიქცა ახლო აღმოსავლეთელი და არა მარტო მათი თავშეყრის ადგილად, საიდანაც ხდებოდა მათი ჩრდილო კავკასიაში გადასვლა.

წინა ხელისუფლების „წარმატებული“ საქმიანობა გააგრძელა სააკაშვილის მთავრობამ, თუმცა აქვე დავძენ, რომ საქართველოს პარლამენტში მოკალათებული „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთა, არათუ ინფორმირებული იყო საქართველოს მთავრობის „საგმირო“ საქმეების, არამედ აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.

და ეს ყველაფერი ხდებოდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს სმენისა და მზერის არეალში. როგორც ჩანს, მას აწყობდა ანტირუსული პლაცდარმი საქართველოში, მაგრამ როდესაც აღარ მოაწყო, აშშ-ს იმჟამინდელმა ელჩმა მაილსმა მკვახე სიტყვაც თქვა, რასაც მოჰყვა პანკისის ხეობის „წმენდა“.

დიდ პოლიტიკაში მოვლენები სწრაფად იცვლება. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ, წმენდის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების შესაშური დაინტერესება ჩეჩენი „ბოევიკებით“ და არა მარტო მათით, არამედ სხვებით. ამერიკელი მკვლევარი და ექსპერტი ჯატრასი თავის წიგნში ყოველგვარი რევერანსის გარეშე წერს ამ „ინტერესზე“, იმაზეც, თუ რამდენი ფარული შეკრება გაიმართა თბილისში, რომელშიც ჩეჩნებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვა ტერორისტული ორგანიზაციის, მათ შორის „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლები.

ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ღონისძიებები აშშ-ს საელჩოს გვერდის ავლით ტარდებოდა? ჯატრასი გვარებსაც ასახელებს, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდნენ ღონისძიებებს, მათ შორის მაშინდელი შსს მაღალჩინოსნის ლორთქიფანიძის გვარიც ფიგურირებს. ასე, რომ საქართველოს გარკვეული „დამსახურება“ მიუძღვის სირიაში მებრძოლი ტერორისტების წინაშე, მაგრამ უშველის თუ არა ეს მას სადღეისოდ ან სახვალიოდ, ძნელი სათქმელია.

რუსეთი ბომბავს „ისლამურ სახელმწიფოს“ იმის შიშით, რომ იქ მეომარი მისი მოქალაქეები უკან არ დაბრუნდნენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მედვედევის განცხადებით – სჯობს მათთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბრძოლა, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ამით მედვედევი იმეორებს აშშ-ს პოზიციას, რომელიც რახანია უმტკიცებს მსოფლიოს, რომ იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, შორს, საკუთარი საზღვრებიდან, რათა შინ ბრძოლა არ მოუწიოს.

სხვათაშორის, მსგავს განცხადებას აკეთებდა და აკეთებს საქართველოს ხელისუფლება – ავღანეთში ყოფნით საქართველოს წვლილი შეაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში.

ასე, რომ სირიაში საჰაერო თავდასხმების განხორციელება ზუსტად იმდაგვარი ლოგიკითაა განმტკიცებული, როგორითაც აშშ-ს აგრესია ერაყ-ავღანეთში და იმავე სირიაში. მაშ, რა იწვევს აშშ-ს და მისი მოკავშირეების გულისწყრომას რუსეთის სირიაში მოქმედების დროს?

ღია და დახურული პოლიტიკა. ღიას მიეკუთვნება აშშ-სა და მის მიერ შექმნილი კოალიციის საჰაერო იერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. დახურულს – „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ყასიდ საჰაერო თავდასხმას, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იატაკქვეშა კავშირებს, ამ „სახელმწიფოსთვის“ სრულ მხარდაჭერას ბაშარ ასადის დასამხობად. აშშ-ი ფარულად ეხმარება „ისლამურ სახელმწიფოს“, ხოლო ღიად – ე.წ. ზომიერ ისლამურ ძალებს, რომლებსაც აშშ-ს სპეცსამსახურები წვრთნიან თურქეთის ტერიტორიაზე, აიარაღებენ და ბაშარ ასადის საწინააღმდეგო საბრძოლო ოპერაციებში რთავენ.

აშშ-ს ორმაგი სტანდარტები თავისთავად გამოამზეურა რუსეთის კატეგორიულმა ნაბიჯმა, გადადგმულმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ერთის შეხედვით აშშ-ს, ნატოს და სხვებს უნდა აწყობდეთ რუსეთის სამხედრო ჩარევა და „ისლამური სახელმწიფოს“ დაბომბვა, ვინაიდან ხელს შეუწყობს ურთულესი პრობლემის მოგვარებას. მაგრამ არა!

რუსეთის მიერ ტერორისტების ბომბვა, ნიშნავს ბაშარ ასადის გადარჩენას, თვით რუსეთის პოზიციების განმტკიცებას ახლო აღმოსავლეთში. ეს არის სწორედ ის, რაც აიძულებს აშშ-ს და ნატოს წევრ სახელმწიფოებს დაგმონ რუსეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბომბვა, ვითომდა მას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ზომიერი ისლამისტი მებრძოლების მსხვერპლი ახლავს თან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო გმობს რუსეთის საჰაერო თავდასხმებს, ვინაიდან ის იწვევს ვითარების გაუარესებას და ა.შ.

ნეგატიური გამოსვლები აქვს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსაც, რომელიც გმობს რუსეთის საჰაერო თავდასხმებს და რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო საზღვრის 2-ჯერ დარღვევას.

მკვახე განცხადება გააკეთა საუდის არაბეთის წარმომადგენელმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, რომელმაც ლამის უბრძანა რუსეთს, შეწყვიტოს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიების დაბომბვა.

გავხსნათ ფრჩხილები და ვთქვათ თურქეთის, საუდის არაბეთის, ყატარის, აშშ-ს, ნატოს გულისნადების შესახებ. თურქეთი, რომელიც ვითომ იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, სინამდვილეში თანამშრომლობს მასთან, ყიდულობს რა მისგან 20 აშშ-ს დოლარად (ერთ ბარელში) ნავთობს. თურქეთის სურვილია, ბაშარ ასადის დამხობა და რეგიონში პოზიციების განმტკიცება. 

ანალოგიური პოზიცია აქვს საუდის არაბეთსაც, რომელიც პირველობისთვის იბრძვის. საუდის არაბეთი, ყატართან ერთად ისაა, ვინც მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს „ისლამურ სახელმწიფოს“. გარდა ამისა, ბაშარ ასადის დამხობით, მას სურს რეგიონიდან ფეხი მოაკვეთინოს ირანს – ბაშარ ასადის მოკავშირესა და თანამებრძოლს, ისევე, როგორც „ჰესბოლას“.

აშშ-ს სურვილია, ახლო აღმოსავლეთში მუდმივი ქაოსის შექმნა და მღვრიე წყალში თევზის ჭერა. ამ პოლიტიკას მისდევს ის 60 წლის განმავლობაში. აშშ-ს ადმინისტრაცია, რომელიც ოცნებობს ბაშარ ასადის დამხობაზე, სულაც არ ფიქრობს, რა იქნება შემდეგ. თვით ამერიკელი ექსპერტების აზრით, ბაშარ ასადის ჩამოგდებით ისეთივე არეულობა შეიქმნება სირიაში, როგორსაც ადგილი აქვს ლიბიაში.

რაც შეეხება რუსეთს, რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს სირიის ტარტუსში, იბრძვის ასადის შესანარჩუნებლად, ვინაიდან მასთან ლაპარაკი გაცილებით იოლია, ვიდრე ასადის მოწინააღმდეგე ბანაკის (ბანაკების) წარმომადგენლებთან. სირიაში პოზიციების დაკარგვა ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში პოზიციების დაკარგვას.

რუსეთის მოქმედებამ სირიაში ისეთი ძალა გააჩინა, რომელმაც გვერდზე გასწია არა მარტო აშშ-ი, ნატო და ე.წ. კოალიცია, არამედ საუდის არაბეთი, თურქეთი, ისრაელი, არაბული საამიროები. მან დაანახა მსოფლიოს, თუ ვინ არის ანგარიშგასაწევი ძალა ახლო აღმოსავლეთში.

„ისლამური სახელმწიფოს“ დაბომბვამ, რუსეთი, მეორეხარისხოვანი პოზიციებიდან, მოწინავე პოზიციებზე გადაიყვანა, რასაც ირანის, ერაყის, თვით სირიის ხელისუფლებისა და ჩინეთის გარდა ტაშის კვრითა და ოვაციებით არვინ ხვდება. გაუძლებს თუ არა რუსეთი დასავლურ ზეწოლას, მალე გამოჩნდება.

აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი ფარიდ ზაქარია გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“: „ვლადიმერ პუტინი ასე მიზანმიმართულად იმიტომ კი არ იქცევა, რომ ის ობამაზე გულადია, არამედ იმიტომ, რომ მას უფრო მკაფიო პოზიცია აქვს. პუტინს ჰყავს მოკავშირე – ასადის ხელისუფლება. მას ჰყავს მტრები, ამ ხელისუფლების ოპონენტები. ის მხარს უჭერს თავის მოკავშირეს და იბრძვის მტრების წინააღმდეგ. ამ ფონზე ვაშინგტონი და დასავლეთი დაიბნა – ვის წინააღმდეგ გამოდის აშშ-ი ამ ბრძოლაში?“

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.