26.12.2024

ხალხის ხარჯზე გამდიდრებული „ბიზნესმენები“

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 11 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ, სათაურით „მდიდრებმა ღარიბები აშკარად დაჯაბნეს“ – მიიქცია ჩემი ყურადღება. სტატიის ავტორი, უდავოდ პატივსაცემი ჟურნალისტი ოთარ ხუციშვილი, მისთვის ჩვეული პირდაპირობით წერს საქართველოში შექმნილ სოციალურ დისბალანსზე, რომელიც არასასიამოვნო მუსიკასავით გასდევს ჩვენ დაბეჩავებულ ცხოვრებას.

„ისინი (მდიდრები), მართალია ცოტანი არიან, მთელი საზოგადოების სულ რაღაც 5-7 პროცენტი, მაგრამ მაინც ხომ არიან? ნუ ვიქნებით უმადურები, მათ ის ჩაგვრა და უუფლებობაც ეყოფათ, რაც სოციალისტური წყობილების პირობებში გადაიტანეს. არაფერს ვაჭარბებ, კომუნისტებმა მდიდრებს სოციალური თავმოყვარება შეულახეს. მათ არ შეეძლოთ არათუ ეტრაბახათ თავიანთი ქონებით, არამედ საერთოდ გამოეჩინათ იგი, ამიტომ სულ მალავდნენ და ჩქმალავდნენ…“, – წერს ბატონი ოთარი.

სხვას, მაგალითად, იმ ჟამს არ მომსწრე ყვინჩილა ჟურნალისტს რომ დაეწერა მსგავსი, ვიფიქრებდი, წარსულის მწირ ცოდნაზე, მაგრამ ავტორის შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ სწორედ იმჟამინდელია?! გაივლის წლები, ვიღაც შემთხვევით ან შეგნებულად გაშლის გაზეთს და დისერტაციის ან იმდროინდელი ცხოვრების ამსახველი სიუჟეტის მოსამზადებლად გამოიყენებს საგაზეთო სტატიას, რომელიც გმობს კომუნისტთა საქციელს „მათი (მდიდრების) ჩაგვრისთვის“.

რა გაეწყობა, გუშინდელნიც და დღევანდელნიც ერთად შეკრულნი, უხილავი რაღაც ძალის და რაც მთავარია დღევანდელი პოლიტიკური ელიტის, მათ შორის ხელისუფლების გასახარად, ვლანძღავთ და ვაგინებთ არცთუ შორეულ წარსულს, რომელსაც გაცილებით წმინდა სულიერება ახლდა, ვიდრე დღევანდელ „თავისუფალ“ და „დემოკრატიულ“ ცხოვრებას.

მომავალმა „შემთხვევითმა“ ან „მიზანმიმართულმა“ მკითხველმა, რომ კარგად გაიგოს, რატომ სჯიდა კომუნისტური საზოგადოება ე.წ. მდიდრებს, რომლებიც ოქრო-ვერცხლს მიწაში ფლავდნენ, აუცილებელია განვმარტოთ თვით კომუნისტური საზოგადოების არსი. მარტივად რომ ვთქვათ, იმ საზოგადოებაში მდიდრები ვერ იქნებოდნენ (თანამედროვე გაგებით), ვინაიდან კერძო საკუთრების, კერძო ბიზნესის და ა.შ. ცნება ნულს უტოლდებოდა. „მდიდარ“ კაცად სწორედ ის ითვლებოდა, ვინც თავისი შრომით, მარჯვენით ქმნიდა სახელმწიფოს დოვლათს. ამ კატეგორიაში შედიოდნენ მეცნიერები, სოფლის მეურნეობის მუყაითი მუშაკები, მოწინავე მაღაროელები, მშენებლები, მეტალურგები, მწერლები, სპორტსმენები და ა.შ. მათი „სიმდიდრე“ ცხადია აჭარბებდა ჩვეულებრივი მუშა-მოსამსახურის და კოლმეურნის შემოსავალს, მაგრამ არც ისე რომ უაღრესად განსხვავებული, სოციალური უთანაბრობა შეექმნა.

 ნაკლებშემოსავლიანს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა „მდიდარი“ მტრად გაეხადა, პირიქით „მდიდარი“ მეცნიერი, მაღაროელი და ა.შ. მიბაძვის საგანი იყო, რასაც ვერ ვიტყვით „არტელშიკებზე“, „დელეცებზე“, რომლებიც სახელმწიფოს ყვლეფის ხარჯზე, თაღლითობით, ქურდობით გახდნენ მილიონერები. ბატონ ოთარს ემახსოვრება ე.წ. „ლიქიორის საქმე“, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ისეთი კორუფციული ბადე მოქსოვა, უარესს რომ ვერ ინატრებდა იმჟამინდელი კაცი. ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის გაყიდვით შემოსული თანხა იმდენი იყო, რომ მისი ხარჯვა შეუძლებელი გახდა.  და რა გააკეთეს ე.წ. ბიზნესმენებმა – ფული დაწვეს – არა ერთხელ, არამედ სისტემატურად. რა უნდა ექნა ხელისუფლებას? მათთვის თავზე ხელი გადაესვა და ეთქვა – ყოჩაღი ბიჭები ხართო? ქურდული, თაღლითური გზით მოპოვებული სიმდიდრის პატრონი არ უნდა „დაეჩაგრა“?

იატაკქვეშა, „შავმა“ წარმოებამ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ისე გაიდგა ფესვი, რომ მანამდე საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის მიუღებელი იატაკქვეშა მდიდარი უკვე სანატრელ პერსონაჟად გადაიქცა. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელი, თუნდაც პარტიული მუშაკი (მალულად) დიდ ბედნიერებად თვლიდა „ძელეცთან“ ურთიერთობას.

სწორედ, იმ მდიდრებმა მოუღეს ბოლო საბჭოთა სისტემას. სწორედ, მათი ძალისხმევის შედეგად მოხდა მანამდე არსებული სულიერი სიწმინდის წაბილწვა, მოქრთამვა, პატიოსანი შრომის ფეხქვეშ გათელვა. იმ მდიდრებმა გამოწვრთნეს მაშინდელი პარტიული აპარატი აღებ-მიცემობაში. იმჟამინდელი პარტიული, უკვე კორუმპირებული მუშაკების, „დელეცების“ შვილები და შვილიშვილებია დღევანდელი გაუსაძლისი ცხოვრების შემოქმედნი.

მოტყუებით, ავაზაკობით, თაღლითობით მოპოვებულმა ფულმა გზა გაუხსნა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უსწავლელი, თავხედი, საკუთარ თავში დაჯერებულ ახალგაზრდათა თარეშს – მეტადრე შვილებისა და შვილიშვილების, ახლო ნათესავების სახით. ასე, რომ, ბატონო ოთარ, თქვენ რომ გულისტკივილით აღნიშნავთ, დღევანდელ მდიდართა ქცევაზე, ისინი იმათი ნაშიერნი არიან, ვისაც ის სისტემა „ჩაგრავდა“ და როგორც ჩანს ვერ დაჩაგრა.

საქართველოს დღევანდელი მაგალითი უნიკალური არ არის, მაგრამ ყოფილ საბჭოთა სივრცეში რომ გამორჩეულია, მტკიცება არ სჭირდება, რის შესახებაც წერს ბატონი ოთარი: „დეპუტატი თუ ჩინოვნიკი, მინისტრი თუ პრეზიდენტის ნათესავი შეიძლება ჩადგეს უკანონო ბიზნესში, უოფლოდ და უშრომელად დააგროვოს ცხოვრება-ქონება, „მილიონები, მილიარდები, ააშენოს ოფისები და სასახლეები…“ და დაემუქროს ყველას, ვისაც ფული არ აქვს; ვისაც არ შეუძლია თაღლითობა, სხვისი გატანჯვით, სიცოცხლის ხელყოფით, საკუთარი ბედნიერების მოწყობა.

სოციალური უთანაბრობა რომ აშკარად თვალშისაცემია, თბილისის ქუჩაში ხანმოკლე ყოფნითაც დასტურდება. ისედაც ვიწრო ქუჩები ვებერთელა „ჯიპებითაა“ გადატვირთული. ამ, არცთუ დიდ ქალაქში ძვირადღირებული „ჯიპების“ გამოფენაა. როგორც ჩანს თანამედროვე ქართველობა არავითარ სხვა ავტომანქანას არ ცნობს, გარდა უზომო „ჯიპისა“. შეძლებულები არა ერთს, არამედ რამდენიმეს ყიდულობენ. ნაკლებად შეძლებულები – მიბაძვით და ყიდვის შემდეგ ძრავის გაზზე გადაკეთებით.

დღეს, „ჯიპი“ სოციალურ სტატუსის გამომხატველია და ქართული მეტიჩრობიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნაკლებფულიანმა ურიის ვალი დაიდოს და ისეთ „ჯიპში“ გამოიჭიმოს, როგორც ფულიანი.

გასული საუკუნის სამოციან წლებში თბილისში „ბოლონია“ ლაბადები გამოჩნდა და უცბად გახდა არათუ მოდური, არამედ სატრაბახო ჩასაცმელიც, თანაც ისეთი, შოვნისთანავე რომ აღუძრავდა პატრონს სურვილს, მიუხედავად ამინდისა, თავმოწონებით ჩაეცვა. და იყო ცხელ სექტემბერში „ბოლონია“ „პლაშებით“ თავმომწონეთა „გამოფენა“ რუსთაველის პროსპექტზე.

დღეს, „პლაშები“ „ჯიპებმა“ ჩაანაცვლეს – უმეტესად ავაზაკური გზით ნაშოვნმა. დავუმატოთ მას „ბლატნოი“ ნომრები ანუ სახელი „ჯიპის“ პატრონისა და მივიღებთ გამორჩეულ სოციალურ ფენას, რომელსაც სახელმწიფო არ „ჩაგრავს“ ან ვერ „ჩაგრავს“, თუნდაც მაშინაც კი, როდესაც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მიქრის. დიდი, დიდი პატრულმა თვალი გააყოლოს. ამის შემხედვარე ახალგაზრდა რას იზამს? უპირველესად შეეცდება ნებისმიერი გზით „ჯიპის“ ყიდვას და მასთან ერთად „ბლატნოი“ ნომრის. რით არის ის ნაკლები პარლამენტარ ეკა ბესელიაზე, რომლის „ჯიპს“ პატრონის სახელი ამშვენებს?!

მე და ჩემი მეგობარი ქ.ანკარაში, მთავარ ქუჩაზე მავალ ტრანსპორტში „ჯიპებს“ ვითვლიდით. ერთი საათის განმავლობაში სულ ექვსი დავთვალეთ. და ეს თითქმის 80-მილიონიანი თურქეთის დედაქალაქში. აფსუს, თბილისი, მილიონნახევრიანი ქალაქი, სადაც წუთში 10 „ჯიპს“ და მეტს დათვლი.

ახალმა ცხოვრებამ იოლი გზით ნაშოვნი ფულის შესაძლებლობა გააჩინა, რამაც თავისთავად ხელი შეუწყო საზოგადოებაში არსებული მეტიჩრობის, „პაკაზუხობის“ წინა პლანზე წამოწევას. და დავდივართ ასე „ჯიპებით“ და მზად ვართ უმოწყალოდ გადავუაროთ სადღაც, ჩვენს საბურავებთან მოგორავე სედანს. ასეთმა, საბურავიც რომ „დაგაბიჯოს“, სიგნალსაც ვერ შებედავ. თუ შებედე, ისეთი გაბმულით გიპასუხებს, სულ დედა-შვილიანად გაგიხსენებს.

სიგნალებით გინება ხომ ისეთივე უნიკალურია, როგორც ჩვენი ცხოვრება. ჩაგიქროლებს ავტომანქანა, არ მოგეწონება და სიგნალს მიაყოლებ. ისიც ვალში არ დაგრჩება და ისეთი სიგნალით გიპასუხებს, შენი მოწონებული. განსაკუთრებული „თავაზიანობით“ ქალები გამოირჩევიან, თანაც ისეთით, ვერც ერთ სხვა ქვეყანაში რომ ვერ შეხვდებით. აქ, მარტო სიგნალს არ ჯერდებიან. მას ხმამაღალი „დედის ტრ..იც“ ახლავს თან. უნახავმა რა ნახაო – ისეა ჩვენი საქმე.

ახლა ვნახოთ, რა ვითარებაა თითქმის ჩვენს მეზობელ ირანში. 15-მილიონიანი ქალაქი სავსეა ავტომანქანებით. ძირითადად ადგილობრივი წარმოების. თეირანისა და სხვა ქალაქების მაღაზიების ვიტრინებში თავს იწონებენ იაპონური, ამერიკული, ევროპული ავტომანქანების უახლესი მოდელები, მაგრამ ქალაქებში ადგილობრივი წარმოების ავტომანქანების სიჭარბეა.

ფული არ აქვთო, ვერ იტყვი. როდესაც მინიმალური პენსიის რაოდენობა 450 აშშ-ს დოლარის ექვივალენტია და ის დამსახურების მიხედვით იზრდება, ზოგ შემთხვევაში, სამხედრო გენერლებთან მიმართებაში – 8000 აშშ-ს დოლარამდე. ირანის მაღაზიების ვიტრინებში თვალს მოგჭრით მსოფლიოს ცნობილი კუტურიეების მიერ ნახელავი კოსტიუმები, ფეხსაცმელები, ჰალსტუხები, „ბაბოჩკები“, პერანგები, მაგრამ ქუჩაში ამას ვერ შეხვდებით. ხალხი შემოსილია სუფთა, თავშეკავებული სამოსით, ყოველგვარი გამოწვევის გარეშე. მაშ რაშია საქმე, სად არის „პაკაზუხობა“?

ირანის საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ასეთი ავადმყოფობა არ სჭირს. ნებისმიერი ირანელი ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც საზოგადოებაა. მას არ სურს იყოს ამოვარდნილი – თეთრი ყვავივით. ყველაფერ ამას ხელისუფლება, რელიგია არეგულირებს.

ირანი ის სახელმწიფოა, სადაც რელიგია და ხელისუფლება ერთმანეთზეა გადაჭდობილი, ერთმანეთით სულდგმულობს. სულ ახლახანს, ადგილი ჰქონდა ირანელი ყმაწვილების მიერ ახალთახალი სპორტული „პორშეების“ შეძენას და ღამ-ღამობით თეირანის ფართო ქუჩებში რბოლას. ქვეყნის მეთაურის, აიათოლა ხამენეის განკარგულებით, მათ მანქანები ჩამოერთვათ – მძინარე თეირანელთა დისკომფორტის თავიდან აშორების მოტივით, მაგრამ მთავარი მეთაურის მოქმედებაში იყო ის, რომ დაცულიყო საზოგადოების თანაფარდობის პრინციპი.

ირანში მილიონერ-მილიარდერს ვინ მოთვლის. მათი რაოდენობა ცოტათი თუ ჩამოუვარდება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას. იქ, არც სიმდიდრე იკრძალება და არც ბიზნესი, მაგრამ სახელმწიფო შეგონება ისეთია, მილიარდერს რომ ჩვეულებრივი ირანელისგან ვერ გამოარჩევ. და  რახან ასეა, არც ფართო მასებს აქვთ სიძულვილი მდიდარი ადამიანების მიმართ. ირანელ მდიდართა საქველმოქმედო საქმეთა ჩამოთვლა ხომ შორს წაგვიყვანს.

დიახ! საქართველოში არ უყვართ მდიდრები. არც სხვაგან უყვართ, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით და ამის ობიექტური საფუძველიც არსებობს – ისედაც მშიერი მოსახლეობის მონური ექსპლუატაცია და ღლეტა. დაუსაქმებელი მუშახელის ქვეყანაში, ბიზნესმენი რომ კაპიკად დაგასაქმებს და არანორმირებული სამუშაო საათებით მონურ პირობებს შემოგთავაზებს, წესადაა ქცეული. არ გინდა და წადი. შენი შემცვლელი „შავი“ მუშა უცბათ მოიძებნება. ვინ არის პატივაყრილი მუშა-მოსამსახურის დამცველი? არც არავინ? პროფკავშირები? – სასაცილო დონეზეა.

სახელმწიფო? – განზეა ყოველივე აღნიშნულისგან. კანონმდებლობაც ისეთია, დამსაქმებელი, დასაქმებულს რომ ყოველმხრივ იხმარს – დაუნდობლად, გამეტებით. უდავოდ იბადება კითხვა – სადამდე შეიძლება გაგრძელდეს მდიდართა ანცობა? უსასრულოდ, ვიდრე ყველა ერთად არ დავიქცევით.

ე. წ. მდიდრებმა იოლად გაიკვალეს გზა ხელისუფლებაში მყოფი მაღალ-დაბალი მოხელეებისკენ და ისეთ საქმეებს აკვარახჭინებენ, საბჭოთა პერიოდის „არტელშიკებს“ მიუქარავთ. თვალი შეავლეთ ვარაზის ხევში აშენებულ რესტორანს, სპორტის სასახლის წინ წამოჭიმულ უამრავ ნაგებობას, თბილისის ცენტრში გაჩეხილ ხეებს და შიგ ჩადგმულ საცხოვრებელ სახლებს. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ამის შემხედვარე, გულახდილად მითხარით, რა ჰქვია ამას? სად არის ხელისუფლება ან მერია? სად არის საზოგადოება? რატომ ვდუმვართ? რატომ ვხუჭავთ თვალებს? განა დამნაშავე არ არის მთავრობის მოხელე, რომელმაც ტროტუარზე მშენებლობის ნებართვა გასცა? მაგრამ გაცილებით დიდი დამნაშავე ის ბიზნესმენია, ვინც ასეთ ადგილას შენობის ჩადგმა გადაწყვიტა.

აი, თავის დროზე კომუნისტებს რომ მართლაც მაგრად „დაეჩაგრათ“ „არტელშიკი“, მისი შთამომავალი შეურაცხყოფას აღარ მოგვაყენებდა. შეურაცხყოფა მარტო ცოცხის გარჭობა არ არის. შეურაცხყოფაა, როდესაც შენს საკუთარ სახლს თბილისს თავზე დაადგამ, ვაკის პარკში ორ საელჩოს შორის საკუთარ სახლს წამოჭიმავ, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას ოფისად გაიხდი და ა.შ.

დღევანდელი ქართული ბიზნესი ისეა დაშორებული სიწმინდისგან, როგორც დედამიწა მარსიდან. ეს ის ბიზნესია, მყიდველს, პატარა კონტეინერით, შემწვარ კარტოფილს თითქმის 2 ლარად რომ ჰყიდის (სუპერმარკეტი „გუდვილი“), სხვა კერძებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს, ის ბიზნესია, რომელიც თუ კარგად არ შეამოწმე, აობებულ ლავაშს შემოგთავაზებს. ეს, ის ბიზნესია, ვადაგასულ წამალს რომ შემოგტენის. ეს, ის ბიზნესია, ბენზინს რომ ევროპულ ფასებზე მეტ ფასად მოგყიდის. ეს, ის ბიზნესია, ივნისში ალუჩას რომ 8 ლარად გთავაზობს, ვაშლატამასაც იგივე ფასად, ერთ კონა ტარხუნას – 50 თეთრად.

ეს, ის ბიზნესია, რომელსაც წილში ჩამდგარი ხელისუფლება თავგამოდებით იცავს. იცავს თავისი პატრულით, პოლიციით. იტყვით რამეს უკმაყოფილოს და ჯან-ღონით სავსე პოლიციელი, როგორც არარაობას, ჭიაღუას ისე შემოგხედოს. არ არის ქართული ბიზნესი, ქართველი ბიზნესმენი, თუნდაც ისეთი გულისხმიერი საზოგადო საქმისთვის, როგორც რუსი მილიარდერები უსმანოვის, პოტანინის, სხვათა მსგავსი. მათი ქველმოქმედება და საკუთარი ხალხისადმი პატივისცემა ცნობილია არა რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ქართული ბიზნესი ვერაფრით გაუტოლდება რუსულს, ვერც შემოსავლებით და ვერც ქველმოქმედებით. ეს, ის ბიზნესია, რომელიც ხალხის ყვლეფით სულდგმულობს და რა გასაკვირია, რომ ის ხალხს ძულდეს.

დღევანდელი ბავშვის, ხვალინდელი ხალხის და ქვეყნის უმთავრესი ჩამორჩენილობა სწორედ უკუღმართ აღზრდაშია. აღუზრდელი, გაუნათლებელი თაობა ვერ შექმნის ისეთ ქვეყანას, სადაც ცოტა რამ მაინც იქნება სულიერი. რასაც შექმნის (შექმნა კიდეც) ფულისადმი ტრფიალია. და ამ პროცესში პატიოსნების ნაცვლად თაღლითობის და ქურდობის ზეიმი.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.