22.12.2024

პარალელები რუმინეთსა და საქართველოს შორის

სულ ახლახანს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა და მთავრობა გადადგა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკვე ყოფილ პრემიერისა და მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართ. მათ კორუფციაში სდებენ ბრალს.

რამ გამოიწვია რუმინეთის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწის მოულოდნელი გადადგომა? ერთკვირიანმა სახალხო მიტინგმა და მომიტინგეთა კატეგორიულმა მოთხოვნამ მთავრობის გადადგომის თაობაზე. მიტინგი გრძელდება. მომიტინგეები მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

რით იყო გამოწვეული მიტინგი? – იკითხავს მკითხველი. მრავალდღიანი და მრავალათასიანი მიტინგი ბუქარესტის ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია, რამაც 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რა შუაშია ხანძარი და მთავრობის გადადგომაო, იტყვის მავანი. მომიტინგეთა აზრით – პირდაპირ კავშირშია ეს ორი მოვლენა, ვინაიდან სწორედ ხელისუფლებამ გასცა, სახანძრო უსაფრთხოების უგულებელყოფით, ღამის კლუბის გახსნის ლიცენზია.

გადადგომის განცხადების გაკეთებისას ვიქტორ პონტამ თქვა – „მე, ვიბრძოდი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს – ხალხის. რახან ხალხი ითხოვს ჩემს გადადგომას, ვემორჩილები მის მოთხოვნას“.

რუმინეთის ახალ ისტორიაში 40000-იან მიტინგს არ ჰქონია ადგილი, რამაც აფიქრებინა პონტას დანებება. ვიქტორ პონტას გადაწყვეტილება ისეთია, საქართველოში კარგა ხნის განმავლობაში რომ ფეხს ვერ მოიკიდებს. აქ, მიუხედავად ხმამაღალი „დემოკრატიისა“, დემოკრატიის ნასახიც არ არის. იქ კი, პონტას მსგავსი მოვლენები – ჩვეულებრივია.

რუმინეთი თითქმის 10 წელიწადია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია, რაც  განაპირობებს პონტას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას. რუმინეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა ანუ გეოგრაფიულად ამ კონტინენტის სრულუფლებიანი წევრი და არა მარტო გეოგრაფიულად, მენტალურადაც.

რუმინეთი ევროკავშირის უღარიბესი ქვეყანაა, შესაბამისი ეკონომიკით, ცხოვრების წესით. რუმინეთი ის ქვეყანაა, სოციალისტურ ბანაკში რომ შედიოდა და თავისი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებით თვალსაჩინო ადგილი ეკავა.

რუმინეთი ტურიზმით ცნობილი ქვეყანაც იყო, სადაც მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ისვენებდა შავი ზღვის ცნობილ კურორტებზე, ზამთრობით კი არანაკლებ პოპულარობის მქონე ზამთრის კურორტებზე.

სოციალისტური ბანაკის დაშლამ, საბჭოთა კავშირის გაქრობამ, ევროკავშირის პოლიტიკურმა ამბიციებმა აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, აიძულა რუმინეთი დაჰყოლოდა ხიბლს და შეერთებოდა კავშირს, რომელსაც ჯერ-ჯერობით შეპირებული „კარგი“ ცხოვრება არ მოუტანია.

არ ჩანს ევროკავშირული წარმატება, აღარც ძველი ცხოვრებაა. რუმინელთა დიდი ნაწილი – უმუშევრები და სამშობლოში ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებული, ევროკავშირის ძველ წევრ სახელმწიფოებს მიაწყდა – შავმუშებად, მომვლელებად, დამლაგებლებად, მეძავებად. წასულთა რაოდენობა 4 მილიონია.

ძველი ქარხნები, საწარმოები, ნგრევას მიეცა, სოფლის მეურნეობა გაჩანაგებას. იძალა კორუფციამ, მასთან ერთად რუმინელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილებამ. ბუქარესტის ღამის კლუბის ხანძარი ის ნაპერწკალი იყო, რომელმაც ხალხში დაგროვილი უკმაყოფილების ხანძარი გააჩინა და იძულებული გახადა ხელისუფლება გადამდგარიყო.

პოლიტიკოსისთვის ესოდენ კარდინალური ნაბიჯის გადადგმა არცთუ იოლი საქმეა, მაგრამ პიროვნების მხრიდან, ვინც იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა სამარადისოდ არ შეიძლება გაგრძელდეს, არცთუ ძნელია. დასავლელი პოლიტიკოსები შეჩვეულნი არიან ძალაუნებურ როტაციას და შედარებით იოლად იტანენ მაღალ თანამდებობებთან დამშვიდობებას, რაც საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის ერთობ მიუღებელია.

ჩვენში, პოლიტიკური მარადისობის კანონი უფრო პოპულარულია, ვიდრე პოლიტიკური როტაცია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან თანამდებობადაკარგული პირი ისეთია, სალამს რომ არვინ გაიმეტებს მისთვის (იშვიათ გამონაკლისთა გარდა). ყოფილისთვის აღარც შემოსავალია ისეთი მსუყე, როგორც თანამდებობაზე ყოფნის დროს და აღარც დაფასებაა ისეთი, გულს რომ ახარებს. რაც არის – სრული იგნორირება და სოციალური პირობების გაუარესებაა. ამდენად, ხელისუფლებაში მყოფი გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს საკუთარი სამომავლო ცხოვრების შენებას, ვიდრე იმ საქმის კეთებას – სახელმწიფოებრივი რომ ჰქვია.

თანამდებობაზე ყოფნის დროს ხდება სათანადო თანხების აკუმულირება საკუთარი ჯიბისთვის და ბიზნესში ფეხის შედგმა. ხელისუფლებაში მისულ მოხელეს ცოტა დრო აქვს გამოყოფილი სახელმწიფო საქმის საკეთებლად. ეს დრო გაცილებით მეტად იკვეცება, როდესაც ნახევარს თუ არა მეტს, საკუთარი თავის პატივისცემას ახმარს.

საქართველოს ხელისუფალთა შემყურეს უმალ გიჩნდება შეგრძნება, რომ ისინი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ; დღეს უნდა დატკბნენ ცხოვრებით და ამისთვის დღეს უნდა მოიხვეჭონ; დღეს უნდა გასკდნენ; დღეს უნდა გადასანსლონ მაგიდაზე დაწყობილი კერძები, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მათ კუჭს ჭარბის მიღება-გადამუშავება; დღეს უნდა იმოგზაურონ მრავლობით რიცხვში; დღეს, დღეს…

არ გაემტყუნებათ, ვინაიდან კარგად იციან, რომ ხვალ ეს არ ექნებათ. დღევანდელ პოლიტიკოსს სულიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მატერიალურს ეთაყვანება. მისთვის თანამდებობის დატოვება ნიშნავს ცხოვრების ფსკერზე დაშვებას, გაუსაძლისობით მოცულ სამყაროსთან შეერთებას, ისეთთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი რომაა.

არც ერთ პოლიტიკოსს, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ სურს ამ ფსკერზე დაშვება, ამდენად ყოველ ღონეს ხმარობს, მათ შორის უკანონოს, გაიხანგრძლივოს „ზემოთ“ ყოფნა, რაც თავისთავად ნიშნავს აკრძალული მეთოდების გამოყენებას და არადემოკრატიული ქმედების, დემოკრატიულად მონათვლას.

ამ ხერხით სარგებლობდა ყველა, პარტია თუ პოლიტიკოსი „ახალ ცხოვრებაში“, რომლის ათვლა 1992 წლის დეკემბერში დაიწო. ყველა პარტია თავს დემოკრატობაზე დებდა, მაგრამ ყველა აკეთებდა იმას, რასაც დემოკრატიასთან შეხება არ ჰქონდა. ყველა თავს იწონებდა „დემოკრატობით“ – მეტწილად უცხოეთის წინაშე, თუმცა მათი ქმედება მაქინატორობას ჰგავდა, სისხლის სამართლით რომ ისჯება.

ასე ვიცხოვრეთ 25 წელიწადი და ალბათ ერთ ამდენსაც ასეთ ცხოვრებაში თუ არა, უარესში გავატარებთ, ვინაიდან არც ბერია ჩვენი პარტიების განმსჯელი და არც ერია ისეთი, რუმინეთის ხელისუფლება რომ დაამხო.

ერზე რომ ბევრია დამოკიდებული, მოლდოვას მაგალითმაც დაგვანახა. მოლდოვაში, რუმინეთზე მეტხანს გრძელდება საპროტესტო მიტინგები. ხალხი მთავრობის გადადგომას ითხოვს – ყოფილთა დაპატიმრებას და გატაცებული მილიარდის დაბრუნებას. შედეგიც სახეზეა – ერთი კვირაა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პირწავარდნილი მედასავლეთე ვლად ფილატი დააპატიმრეს. ბეწვზე ჰკიდია მთავრობა. მოლდოველები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ მოთხოვნებს დაიკმაყოფილებენ. და ეს ხდება მოლდოვაში – ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. როგორც ევროკავშირის წევრ რუმინეთში, ისე, არაწევრ მოლდოვაში ხალხი მოითხოვს და არა ოპოზიციური პარტია ან ივანიშვილის მსგავსი „ამირანი“.

ეს ორი მაგალითი აბათილებს სკეპტიკოსთა მოსაზრებას, რომ ხალხის მოთხოვნა არასდროს დაკმაყოფილდება. სცდებიან სკეპტიკოსები. ხალხის მოთხოვნა თუ ის კატეგორიული და მიზანმიმართულია, ყოველთვის გამარჯვებულია.

დავუბრუნდეთ რუმინეთს – იქ არა მარტო ღამის კლუბის ხანძარმა გამოიწვია ხალხის ქუჩაში გამოსვლა, არამედ სოციალურმა სიდუხჭირემ, რომელიც ჩვენში გაცილებით მეტია, ვიდრე რუმინეთში. საქართველოს მოსახლეობისთვის რუმინული ცხოვრების დონე ედემის ბაღია. რუმინული დემოკრატია კი მიუღწეველი.

ვინმეს წარმოუდგენია, ღარიბაშვილის გადადგომა იმ მრავალი ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე, რასაც საქართველოში აქვს ადგილი? მავანი შემედავება, რატომ უნდა გადადგეს, ხალხი ხომ არ ითხოვს ამასო. ხალხმა რომც მოითხოვოს, მაინც არ გადადგება, ვინაიდან საქართველოში მცხოვრებთა ტვინები სხვაგვარადაა დაპროგრამებული. აი, ისეთად რომ იყოს, როგორც თუნდაც ჩამორჩენილ რუმინეთში, წინ არაფერი დაუდგებოდა.

სოციალურ გაუსაძლისობას, რომელსაც, მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა, ვერაფერი მოუხერხა მმართველმა პარტიამ, პოლიტიკური სიჯიუტეც დაემატა, რაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საწინდარი იქნება. მაგალითი – გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად, ახლის არჩევაა საგარეჯოსა და მარტვილში.

ამ ორ რაიონში კოალიციამ საკუთარი კანდიდატები წარადგინა, რომელთაგან ერთი „რესპუბლიკური“ პარტიიდან იყო. და მოხდა ის, რაც მუდამ ხდებოდა 25 წლის განმავლობაში – არჩევნების გაუპატიურება, მოსახლეობის დაშინება, დაშანტაჟება, იძულება, რომ ხმები მხოლოდ „რესპუბლიკელისთვის“ მიეცათ.

„რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატის დასაცავად დაირაზმა საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება. საგარეჯოს არ ახსოვს ამ რაოდენობის მაღალჩინოსანი. ყველა მათგანი უტუხად აცხადებდა – სად წერია, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენივე პარტიის წევრისთვის, იკრძალებაო. და ამას აცხადებს ყველაზე მეტად მედასავლეთე, ყველაზე მეტად „დემოკრატიული“ „რესპუბლიკური პარტია“. როდესაც ამ პარტიის წარმომადგენელი, თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი პირადად იწყებს ბიულეტენების თვლას, ყველაფერი, საქართველოსთვის ჩვეულ ადგილზე დგება.

ის და მისი პარტია ისე ახლოსაა დემოკრატიასთან, როგორც დედამიწა მარსთან. მოდით და ირწმუნეთ მისი „გულწრფელობა“ დემოკრატიასთან დაკავშირებით. არც ხიდაშელს, არც მის მეუღლეს უსუფაშვილს, არც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს წარმოდგენა არ აქვთ დემოკრატიაზე. ისინი ე.წ. დემოკრატიული ხმლით ებრძოდნენ ხელისუფლებას. ხელისუფლებაში მყოფნი კი, იმავე იარაღით ებრძვიან ოპოზიციას.

ხიდაშელს რა მოეთხოვება (ის ისეთია, როგორიც არის), როდესაც კოალიციის შემქმნელი ივანიშვილი მწყრალადაა დემოკრატიის უმარტივეს მოთხოვნებთან. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, მან განაცხადა, რომ არც „პატრიოტთა ალიანს“ იცნობს და არც მის კანდიდატს ირმა ინაშვილს და ბუნებრივია, მხარს ალიანსის კანდიდატს დაუჭერს. ეს განცხადება საგარეჯოელებმა ისე მიიღეს, როგორც საჭირო იყო ანუ კანდიდატ ხიდაშელის სასარგებლოდ.

„რესპუბლიკელებმა“ „გაიმარჯვეს“, ცხადია ხელების გრეხვით, ძალის გამოყენებით, რასაც დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ხალხი უკმაყოფილოა – მერე რა? არც ღარიბაშვილია პონტა და არც ხიდაშელი, მითუმეტეს ივანიშვილი – ისინი დემოკრატიაზე მაღლა არიან ანუ ისეთნი, ვისაც დემოკრატიის გაცუცურაკება შეუძლიათ.

რა იქნება ერთი წლის შემდეგ? – ზუსტად ის, რაც საგარეჯოში იყო, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ხელისუფლებაში მისული პარტიისთვის აღარც დემოკრატია არსებობს და აღარც მისი მცნება. მთავარია ხელისუფლება, მისი სიკეთეებით დიდხანს ტკბობა, მომავალი ცხოვრების აწყობა.

25 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება აკეთებდა იმას, რასაც „ოცნება“ და მასში შემავალი „რესპუბლიკელები“ აკეთებენ. ასე ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ დაბეჯითებით ამტკიცო – რა კარგი ხარ, რამდენი რამ გააკეთე ხალხის საკეთილდღეოდ, წინასაარჩევნო დაპირებებიდან თითქმის ყველა შეასრულე.

ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ დასტურია იმისა, თუ როგორ უნდა თქვა შავზე, თეთრი და არ გაწითლდე, წარბი არ შეხარო, უკმეხად განაცხადო – ყველას აქვს პრობლემა, მათ შორის შვეიცარიას, შვეციას და ა.შ. უპრობლემო არც ერთი ქვეყანა არ არის. უპრობლემობა თავისთავად სტაგნაციასაც ნიშნავს.

დიახ, წარმატებულ ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები, მაგრამ მათი პრობლემები ქართველთათვის ედემის ბაღია. მათი პრობლემა ისაა, ჩაიში შინდის თუ ალუბლის მურაბა ჩაყარონ და არა ჩაის, მითუმეტეს მურაბის (ნებისმიერის) არ არსებობა. ჩვენთვის, რომ არც მურაბაა და არც ჩაი? გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა რაღა გადატანითი, პირდაპირი.

დღიდან, „დამოუკიდებლად“ ცხოვრებისა, საქართველოს მუდამ ჰქონდა პრობლემები და მათთან ერთად მუდამ იყო დაპირება (ხელისუფალთა მხრიდან) აღმოფხვრასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არც ერთი დაპირება არ შესრულდა. იმედგაცრუებულმა ხალხმა, 2012 წელს, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გაიბრძოლა მტარვალი ხელისუფლების ჩამოშორებისა და მთავრობის მიერ დანაპირების შესრულებისთვის. გაჩნდა ახალი დაპირებაც, უფრო სწორად დაპირებებიც. სამი წლის შემდეგ ირკვევა, რომ მტარვალის დამმხობი ძალა, დღევანდელი ხელისუფლება, ისეთივე მატყუარა და მტარვალია (რბილი), როგორც წინამორბედი.

ხელისუფალთ თავში არც გაუვლიათ, ისეთი დაპირების შესრულება, როგორიც დასაქმებაა. ვერაფრით გამოუგონებია ისეთი დასასაქმებელი ობიექტების (საწარმოების) შექმნა, რომელიც ხალხსაც დაასაქმებს და მის ცხოვრების პირობებსაც ერთი-ორად გააუმჯობესებს. არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს ლიფტების დამამზადებელი ქარხნის აშენება.

დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში აშენებულ ყველა სახლში საბჭოეთის დროინდელი ლიფტები მუშაობს – ამორტიზებული, სახიფათო. მათი მასობრივი შეცვლა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან უცხოეთში უნდა მოხდეს შეძენა. ლიფტების ქარხანა მრავალი წლის განმავლობაში იქნება წარმატებული, ცხადია მოთხოვნილებიდან გამომდინარე. განა ის არ აჯობებდა „პანორამა თბილისის“ ყბადაღებული და საზოგადოებისთვის მიუღებელი პროექტის განხორციელებას?!

ანდა ავიღოთ „პამპერსების“ საწარმოს აშენება, რომლის მნიშვნელობა მოსახლეობისთვის განუზომელია, თანაც ძვირადღირებული, ვინაიდან იმპორტულია. რა გახდა „პამპერსის“ დამამზადებელი საწარმოს (საწარმოების) გახსნა? „პამპერსი“ ისაა, ყოველთვის რომ გამოიყენება. მის წარმოებას მრავალჯერადობის, ხანგრძლივობის პერსპექტივა აქვს.

ნაგავგადამამუშავებელ ქარხანაზე რას იტყვით? წარმატებული ქვეყნები, მათ შორის შვეიცარია, შვეცია, სხვები, ნაგვის გადამუშავებით ელექტროენერგიას იღებენ.

მავანი იტყვის – ძვირიაო ასეთი ქარხნის აშენება. არანაკლებ ძვირი დაჯდება „პანორამა თბილისი“? ან ის უფუნქციო, ძველ ქალაქში ჩათხრილი ხიდი და ორი გაურკვეველი დანიშნულების „ტრუბა“, იაფი დაჯდა?

ეს, ისაა, რაც უცბათ გამახსენდა. ახალ პროექტებთან დაკავშირებით ხელისუფლება უნდა მუშაობდეს. ის უნდა იყოს ინიციატორი, მთავარი მამოძრავებელი ძალა. ნაცვლად ამისა, ის, ხელისუფლების შესანარჩუნებლად იღვწის – თავდავიწყებით და თავხედურად (საგარეჯოს მაგალითი), თან უკმეხად გაიძახის – ყველა დაპირება შევასრულეო.

რუმინეთის მოვლენებმა დამაფიქრა. დამაფიქრა იმანაც, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს გამოდის სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. ცოცხებით შეურაცხყოფის გამო გამოდის, მაგრამ სოციალური შეურაცხყოფისთვის – არა.

დამაფიქრა იმანაც, რომ რუმინეთის მომიტინგეთა უმრავლესობა 25-35 წლის ახალგაზრდები არიან.  ეს, ახალი თაობაა – სამშობლოს ბედით დაფიქრებული. ეს, ის თაობაა, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში სურს ცხოვრება და არა იმ წასული ოთხი მილიონივით, უცხოეთში. და როდესაც ქვეყანას ასეთი ახალგაზრდები ჰყავს, მას აქვს მომავალი. ჩვენ?!

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.