იემენი – ახალი დაპირისპირების კერა
იემენში მიმდინარე პროცესები, ფაქტიურად ომი, აშკარა მაუწყებელია იმისა, რომ „ცხელი წერტილებით“ გადატვირთულ ახლო აღმოსავლეთს, ერთი ახალიც დაემატა, იემენის სახით.
ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ის რეგიონია, სადაც მუდმივი ომის არსებობის საფრთხე რახანია არსებობს და მას ნახევარ საუკუნეზე მეტია სტიმულს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება ასაზრდოებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელთა სახელმწიფომ სერიოზული პრობლემა გაუჩინა არა მარტო მეზობელ არაბებს, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს. პატარა ისრაელი, უდავოდ ვერ გაძლებდა უკიდეგანო არაბულ ოკეანეში, რომ არა აშშ-ს, სხვა დიდი სახელმწიფოების დახმარება. სწორედ მათი დიდი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის წყალობით ისრაელი ისეთ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს არაბული ქვეყნების შეტევებს და არათუ გაუძლოს, თვით გადავიდეს შეტევაზე.
აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, დასავლეთის, უპირველესად აშშ-ს წყალობით, სერიოზული გავლენით სარგებლობს რეგიონში და არა მარტო იქ. ძნელად მოიძებნება საკითხი, რომელშიც ისრაელის პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა არ ჩანდეს.
არანაკლები გავლენით სარგებლობს საუდის არაბეთი – ნავთობით მდიდარი სახელმწიფო, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მსოფლიოში. მისი ეკონომიკურ-ფინანსური ფესვები ღრმადაა გამჯდარი როგორც არაბულ სამყაროში, ისე დასავლეთში. ეს ქვეყანაც აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება და დიდი მხარდაჯერით სარგებლობს ოფიციალური ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან.
სუნიტური, ვაჰაბიტური საუდის არაბეთი, ეკონომიკურად ძლიერი და იატაკქვეშა პოლიტიკური თამაშების ორგანიზატორ-დამფინანსებელი, აშშ-ს სამხედრო იარაღის პერმანენტული შემსყიდველი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს არაბულ ქვეყნებში და სხვაგან. რომ იტყვიან – ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, საუდის არაბეთზეა ნათქვამი. ნავთობის ვაჭრობიდან შემოსული მილიარდების წყალობით, საუდის არაბეთს მსოფლიო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის, უდიდესი გავლენა აქვს.
არანაკლები გავლენით სარგებლობს 80-მილიონიანი თურქეთიც, ნატოს წევრი და ერთ დროს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი. („ერთ დროს“ იმიტომ ვამბობ, რომ ანკარა-ვაშინგტონის პოლიტიკური ურთიერთობები არც ისეთია, ვაშინგტონი რომ ისურვებდა.) თურქეთი დამოუკიდებელი პოლიტიკისკენ იხრება, რითაც აეჭვიანებს, ხშირად ანაწყენებს აშშ-ს. რაც შეეხება ევროკავშირს, ცნობილი პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ევროკავშირი აწარმოებს თურქეთის მიმართ (თურქეთისთვის ევროკავშირში მიღების საკითხის უსასრულო გაჭიანურება), ნაკლებ საფუძველს იძლევა თურქეთის მხრიდან თბილი დამოკიდებულების გამოვლინების.
აღნიშნულ სამეულს უდავოდ დაუმშვენებდა გვერდს ეგვიპტე, რომელიც ყოველთვის მიიჩნეოდა არაბული ქვეყნების ლიდერად, მაგრამ ცნობილი მოვლენების შემდეგ – რევოლუცია, ქვეყნის სათავეში „ძმები მუსლიმანების“ მისვლა, ისევ რევოლუცია და „ძმები მუსლიმანების“ არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდება, სამხედრო მმართველობის აღდგენა, ეგვიპტის პრეზიდენტად სამხედრო პირის ალ სისის კურთხევა, მისი პოზიციები შეირყა.
თავის დროზე აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ეგვიპტე, დღეს ვაშინგტონისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელია. მას რუსეთთან ურთიერთობა ხიბლავს და მზადაა აღადგინოს ერთობ მჭიდრო კავშირები, რაც ამ სახელმწიფოს ჰქონდა საბჭოეთთან პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერის დროს.
ახლო აღმოსავლეთის აღნიშნული „კვარტეტი“ განსხვავებულად ეკიდება მსოფლიო პრობლემებს, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის საკითხებს. მათი პოზიციები ხშირად დისონანსურია, დაპირისპირების შემცველი. ყველა მათგანს სურს იყოს მთავარი ახლო აღმოსავლეთში, რაც თავისთავად ზრდის ერთმანეთს შორის გაჩენილ უნდობლობას, წინა პლანზე წამოსწევს რელიგიის თემას და რეგიონში გავლენის საკითხს.
რომ არა ირანის ისლამური რესპუბლიკა და მისი პოლიტიკა, „კვარტეტი“ რახანია ერთმანეთს წაეკიდებოდა, მაგრამ ირანის ფაქტორი, თანაც შიიტური, მათი შეკავშირების (ცხადია მეტნაკლები) საბაბია.
აღნიშნული „კვარტეტის“ საპირისპირო მხარეს ირანის ისლამური რესპუბლიკაა. ირანი შიიტური სახელმწიფოა. გარდა ამისა, ყველა მათგანთან შედარებით, 36 წლის განმავლობაში სუვერენული, დამოუკიდებული პოლიტიკითა და მსოფმხედველობით.
ლოზანამდე, შიიტური ირანი აშშ-ს ნომერ პირველ მტრად იყო შერაცხული, ტერორიზმის ბუდედ, ტერორისტული ორგანიზაციების („ჰამასის“, „ჰესბოლას“) მხარდამჭერად. 36 წელიწადია აშშ-ი, მისი მოკავშირე სახელმწიფოები ხმალამოღებული ებრძვიან ირანს. მათ არ მოსწონთ ირანის მეგობრობა პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასთან“, ლიბანის ორგანიზაცია „ჰესბოლასთან“, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან, ერაყის შიიტურ ხელისუფლებასთან.
ტერორისტად მონათლული ირანი კი სინამდვილეში თვით იყო აშშ-ს სახელმწიფო ტერორის მსხვერპლი. გარდა ამისა იბრძოდა და იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების, როგორებიცაა „ალ-ქაიდა“, „ჯებხატ ან ნუსრა“, „ისლამური სახალიფო“.
ირანი ერთადერთია იმ სახელმწიფოთა შორის, ვინც ყოველმხრივი ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები იწვნია გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის წელში არ მოხრილა და წარმატებით უმკლავდება საერთაშორისო გამოწვევებს.
ზემოთ ლოზანა ვახსენე და განვმარტავ, ლოზანის მოლაპარაკებამდე „ექვსეულსა“ და ირანს შორის („ექვსეული“ – გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია), ირანი დასავლეთის მტრად იყო შერაცხული. ლოზანას შემდეგ ვითარება შეიცვალა და როგორც ჩანს, ირანის „სახიფათო ქვეყნის“ სტატუსს წერტილი დაესმება.
ივლისიდან ირანი გახდება საერთაშორისო სარბიელზე მოქმედი სახელმწიფო, ყოველგვარსანქციებმოხსნილი, რაც თავისთავად განამტკიცებს მის, როგორც რეგიონის მთავარი მოთამაშის როლს. ირანის პოზიციებს ამაგრებს სამხედრო ძალები, სრულყოფილი ეკონომიკა, მეცნიერული წინსვლა, განსაკუთრებით ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში და რაც მთავარია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა.
როგორც ჩანს, აშშ-ს ადმინისტრაციამ ირანთან პერმანენტულ დაპირისპირებას (ამ საქმით მაინც არაფერი გამოდის, ირანი არ გატყდა) პრაგმატული პოლიტიკა ამჯობინა ანუ ურთიერთობით ბევრი ისეთის მიღწევა, რაც კონფრონტაციით შეუძლებელი იყო.
მაინც რას ფიქრობს აშშ-ი? – ირანთან ისეთი კავშირების დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს აშშ-ს პოლიტიკის გატარებას კავკასიაში, კასპიის ზღვის აუზში, ცენტრალურ აზიაში.
მიზანი? – რუსეთისთვის თავსატეხის გაჩენა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მისი ყურადღების გადატანა სამხრეთისკენ და ამით რუსეთის კიდევ უფრო დასუსტება. რუსეთის პოზიციების შეზღუდვა სირიაში და რაც მთავარია, ირანით, ანტიჩინური პლაცდარმის შექმნა. ირანის ნავთობისა და გაზის რუსეთის ენერგომატარებლებთან დაპირისპირება.
80-მილიონიანი ირანი უდავოდ საინტერესო ქვეყანაა აშშ-სთვის. შეძლებს თუ არა ის ირანის დაყოლიებას, ძნელი სავარაუდოა, მაგრამ რომ შეეცდება, ფაქტია.
ლოზანის შემდგომი ირანი, სახიფათოდ მიიჩნევა ზემოთმოყვანილ „კვარტეტში“. მას ეშინია, რომ ირანის გამოჩენა გააფერმკრთალებს აშშ-ს მხრიდან მათდამ ურთიერთობებს და ისინი დაკარგავენ – განსაკუთრებით საუდის არაბეთი და ისრაელი, ამერიკულ პარტნიორობას, რაც არ არის გამორიცხული.
და აი, ასეთი, არცთუ მარტივი ახლო აღმოსავლური საჭადრაკო პარტიის პირობებში, წინა პლანზე გამოდის კიდევ ერთი არაბული ქვეყანა – იემენი, თავისი შიდა დაპირისპირებით, ომით, რომელიც უკვე გადაიზარდა საერთაშორისო ომში.
2003 წელს, აშშ-ს მიერ ერაყის ოკუპაციის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობა ცუდიდან უარესობაში გადადის. ის, რაც ხდებოდა და ხდება ტუნისში, ლიბიაში, ეგვიპტეში, სირიაში და ამჟამად იემენში, არის აშშ-ს მხრიდან ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევის შედეგი.
ამასწინათ, პრეზიდენტმა ობამამ აღიარა: „ისლამური სახელმწიფო აღმოცენდა ერაყის „ალ-ქაიდადან“, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ჩვენი ერაყში შეჭრის შედეგად. გაუთვალისწინებელი შედეგებია ყოველივე ეს, რაც გვასწავლის – ვიდრე გავისვრით, უნდა დავუმიზნოთ“.
ობამა მართალია, მაგრამ მისი სიტყვები წინამორბედის კრიტიკა იყო და არა საკუთარი თავის, რომელიც ანალოგიურ შეცდომებს უშვებს. მისცა რა თანხმობა იემენის შიიტური მოძრაობის „ანსარ ალაჰის“ (ხუსიტები) წინააღმდეგ საუდის არაბეთს, ამერიკა ისევ აღმოჩნდა გაუთვალისწინებელი შედეგების წინაშე. ხუსიტები სწორედ ის ძალაა, რომელიც ებრძვის იემენში გამაგრებულ „ალ-ქაიდას“ და „ისლამურ სახელმწიფოს“. ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც ხუსიტებმა წაუყენეს ჩამოგდებულ პრეზიდენტ ჰადის (ის ამჟამად საუდის არაბეთშია) არის მისი თანამშრომლობა ტერორისტებთან, ხუსიტების წინააღმდეგ.
მკითხველისთვის ცნობილია, რომ აშშ-ს თანხმობით საუდის არაბეთმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დაიწყეს ხუსიტების პოზიციების მასობრივი საჰაერო დაბომბვები, რასაც მოჰყვა იემენის მშვიდობიანი მოსახლეობის და ქალაქების ნგრევა.
მიუხედავად საჰაერო იერიშებისა, ხუსიტები ქალაქს-ქალაქზე იღებენ და ავიწროებენ სამთავრობო ძალებს. საუდეველთათვის მთავარია, ირანმა არ დაიკავოს მისი ადგილი (ანუ პირველობა რეგიონში). საჰაერო შეტევაში მონაწილე ეგვიპტე ყოველთვის ალმაცრად უყურებდა ირანის ისლამურ რევოლუციას და არასდროს იყო განმსჭვალული მეგობრულად მის მიმართ. სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეშინიათ ირანის და თავი აქვთ შერგული საუდის არაბეთის ქოლგის ქვეშ.
ეგვიპტის შარმ ალ შეიხში გამართული არაბული სახელმწიფოების ლიგის შეხვედრის დროს, არაბთა მხარე (ირანის წინააღმდეგ) დაიკავა თურქეთმა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა – „ირანმა უნდა შეცვალოს საკუთარი მიდგომა კრიზისებისადმი სირიაში, იემენში, ერაყში და დატოვოს ეს ქვეყნები. ის,რაც იემენში, სირიასა და ერაყში ხდება არის ირანის მცდელობა დომინირებდეს რეგიონში და ამ მიზნით გამოიყენოს შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირება“.
სამხედრო ოპერაციის დაწყების დრო სპეციალურად იყო შერჩეული – ლოზანის მოლაპარაკება. ირანის მოქიშპეებმა ლოზანაში დაინახეს მთავარი – ირან-„ექვსეულს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება, რაც რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის მომასწავებელია. იემენს კი რეგიონში მნიშვნელოვანი პოზიციები უპყრია. იემენის წინააღმდეგ გაჩაღებულმა შეტევამ (ირიბად ირანის წინააღმდეგ), „გადაწყვეტილების ქარიშხალის“ სახელი მიიღო და მან მთელი რეგიონი ჩართო უდავოდ საშიშ სამხედრო „პროექტში“.
იემენი, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რეგიონის გამორჩეული სახელმწიფოა. მისი გეოგრაფიული მდებარეობა დაკავშირებულია აზია-ევროპის საზღვაო მარშრუტებთან. ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობი მიედინება სუეცის არხის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ, საუდის არაბეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
ირანი კარგა ხანია აკონტროლებს ორმუზის სრუტეს, რომელსაც, ნავთობტანკერების გატარების თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ ჩაიგდებს ხელში იემენის მმართველობის საჭეს. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ამ საქმესთან ახლოს ხუსიტები (შიიტები) იმყოფებიან. იემენელი შიიტები კი მჭიდრო ურთიერთობაში არიან შიიტურ ირანთან. ის, ვინც გააკონტროლებს იემენს, შეძლებს სპარსეთის ყურეში მცურავი ტანკერებისთვის გზის გადაკეტვას სუეცის არხისკენ, რითაც ნავთობის გარეშე დატოვებს ევროპასა და არა მარტო მას.
იემენის ომი არის ირანის პირდაპირი გამოწვევა და მცდელობა იმისა, რომ ირანი ჩაითრიონ ომში, რაც თავისთავად გამოიწვევს ლოზანაში მიღწეული შეთანხმების შეფერხებას. ამ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს ისრაელს, რომლის თანამშრომლობა რეგიონის სუნიტურ რეჟიმებთან დღითი-დღე ფართოვდება. ირანის გავლენის გაძლიერებას ერაყში, ლიბანში, სირიაში, იემენში ისრაელი თავისებურად პასუხობს – საუდის არაბეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ერთ დროს დაპირისპირებული ქვეყნების თანამშრომლობას სტიმული ამერიკა-ირანის მოლაპარაკებამ მისცა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, გაიმართა ისრაელის „მოსადისა“ და საუდის არაბეთის ოფიციალურ პირთა მოლაპარაკება, რომელზეც გაჟღერდა საუდეველთა დაპირება – ისრაელისთვის მხარდაჭერის თაობაზე, ირანთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში.
საუდის არაბეთის ავიაცია ბომბავს იემენის რაიონებს, სადაც ამბოხებული ხუსიტები არიან გამაგრებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ უაზრო ნგრევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გარდა საჰაერო იერიშებს შედეგი არ მოაქვს. საუდის არაბეთში გახიზნულმა იემენის პრეზიდენტმა მანსურ ჰადიმ ხუსიტებს ირანის მარიონეტობა დასწამა, რასაც ყოფილმა პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ ასე უპასუხა: „50 წლის განმავლობაში არაბულმა ქვეყნებმა ნაბიჯიც ვერ გადადგეს იერუსალიმის გასათავისუფლებლად, ახლა კი გაერთიანდნენ არაბული ქვეყნის წინააღმდეგ“.
იემენის გეოგრაფიული მდებარეობა – წითელ ზღვასა და ინდოეთის ოკეანეზე, საკმაოდ დიდი ტერიტორია (500 ათას კვ.კილომეტრზე მეტი) და შედარებით ნაკლები მოსახლეობა – 18 მილიონი, სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტე და ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ მოჭარბებული აქტიურობა, მის წინააღმდეგ მებრძოლი შიიტების (ხუსიტების) მიერ ქვეყნის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება, იძლევა ხანგრძლივი ომის ახალი კერის გაჩენის შანსს.
საუდის არაბეთის მიერ იემენის დაბომბვის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს აშშ-ი და მისი მოკავშირეები უჭერენ, სირია-ერაყის მსგავსი ხანგრძლივი ომის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაში, ისე, როგორც ლიბიის ომის დროს, აშშ-ი კულისებიდან მოქმედებს, მოკავშირეების საშუალებით ახორციელებს მისთვის მისაღებ პროექტს, არაფრად აგდებს საერთაშორისო სამართალს და მორალურ პრინციპებს.
საჰაერო დაბომბვების დაწყება, სულაც არ იყო შეთანხმებული გაეროს უშიშროების საბჭოსთან. მოგვიანებით უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ხუსიტებისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი თქვა ყველა დაპირისპირებული მხარისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის თაობაზე.
ამერიკული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ მებრძოლი ხუსიტების წინააღმდეგ მოკავშირეთა ამხედრება, არადა პირიქით უნდა ხდებოდეს. აშშ-ი „ებრძვის“ „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელშიც უხვად არიან „ალ-ქაიდელები“, მაგრამ იემენში რატომღაც „ალ-ქაიდას“ მხარეს არის. აშშ-ი თვალს ხუჭავს საუდის არაბეთის მიერ ბაჰრეინის ოკუპაციაზე, მაგრამ ყურს აყრუებს ყირიმის ანექსიასთან დაავშირებით.
აშშ-ი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინელ მეამბოხეებს და მათ მიერ შექმნილ მთავრობას, ებრძვის (საუდეველთა ხელით) იემენელ მეამბოხეებს.
ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით მრავალი სავალალო მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამ საქმეში ამერიკელებს ბადალი არ ჰყავთ, რაც თავისთავად იწვევს დაძაბულობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.