პროექტიდან რეალობამდე
ნატოს სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნამ გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილში, მეორეში კი – კმაყოფილება და შეგრძნება იმისა, რომ მარტონი არ ვართ (ანუ უპატრონოდ) ამ წუთისოფელში. სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნას, ბევრი იმ წინაპირობად მიიჩნევს, რომელსაც ნატოში გაწევრება მოჰყვება – შესაბამისი თავდაცვითი გარანტიებით.
ზემოაღნიშნული ორი ბანაკიდან, უპირატესობა მეორეს ეკუთვნის, შესაბამისი სამთავრობო მხარდაჭერით, მედიური უზრუნველყოფით და ყოველივე იმით, რაც ესოდენ აუცილებელია რაიმე პროექტის ცხოვრებაში გატარებისთვის. ნატოს გენერალური მდივნის მიერ ბაზის ოფიციალური გახსნა იმ საქმისთვის ფრთების შესხმაა, რაც ესოდენ აღაფრთოვანებს საზოგადოების ერთ ნაწილს, მეორეს კი განარისხებს ხელისუფლების მიმართ.
პროექტი მოქმედებაშია, უფრო ზუსტად ეს პროექტი აღარ არის – რეალობაა და აქედან გამომდინარე, გამოთქმული რისხვა, დღეიდან დაწყებული, ენის ისეთი ქავილია, რომელიც ვითარებას ვერ შეცვლის. მომხრეთა განწყობაც, მოწინააღმდეგეთა მიმართ, ასეთია – ილაპარაკებენ, დაიღლებიან და გაჩერდებიან.
მოწინააღმდეგეთა მრისხანე განცხადებები – ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევაა და უბრალო დაფიქსირება იმისა (სამომავლოდ) – ხომ გეუბნებოდით, თქვენ კი ყურს არ გვიგდებდითო.
მრისხანე განცხადებათა ავტორების გასაგონად ვიტყვი – თქმას რომ შედეგი მოჰყვეს, მრავალი მთქმელია საჭირო და არა მარტო, არამედ მედია საშუალება, რომელიც ნათქვამს ხალხამდე მიიტანს, რაც საქართველოში არ მოიძებნება. თითო-ოროლა ტელეგადაცემა ან გაზეთი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვინაიდან საქართველოს ყველა ტელეკომპანია და ჟურნალ-გაზეთები რახანია ნატოზე ღაღადებენ – თანმიმდევრულად, პირდაპირ, შეუზღუდავად.
ასედაამრიგად, ერთ მხარეს არის ნატოს მოტრფიალე მედია და მეორე მხარეს, იშვიათი გამონაკლისი – 2 გაზეთი და ტელეკომპანია “ობიექტივის“ ერთადერთი გადაცემა, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტს ვალერი კვარაცხელიას მოჰყავს.
თვით ის ორი კინკილა გაზეთიც, ანტინატოური წერილის გამოქვეყნებისთანავე, არაერთ პრონატოურ სტატიას აქვეყნებს – ე.წ. ბალანსის დასაცავად, უფრო ზუსტად ხელისუფლების მხრიდან საყვედურის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება „ობიექტივს“ – ისიც „ბალანსს“ იცავს და დღის განმავლობაში იმდენ პრონატურ დიალოგს უშვებს ეთერში, კვარაცხელიას 2 გადაცემა რომ ვერაფერს გახდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ ენის ქნევას მაშინ ექნებოდა მნიშვნელობა, ხალხი (ცხადია უკმაყოფილო) რომ გამოსულიყო და საპროტესტო მიტინგით, თუნდაც ბაზის გახსნის შემდეგ, საკუთარი პოზიცია თვალნათლივ დაეფიქსირებინა, რაც გაფრთხილება იქნებოდა (მთავრობისთვის) სამომავლო დაუფიქრებელი ნაბიჯების დასამუხრუჭებლად. მაგრამ ეს სურვილი ოცნებად დარჩება ხალხის გუნება-განწყობილებიდან გამომდინარე.
ხალხი, რომელიც უკიდურესად გაუარესებული სოციალური ყოფის და ფასების მატების გამო (რომელიც ყველა ოჯახს ეხება) ქუჩაში არ გამოდის, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის გამო გამოვა?
ასე რომ, ხელში შეგვრჩება ჩვენივე ნათქვამი – მე როდის გაფრთხილებდით, რომ ეს ბაზა კისერს მოგვატეხინებდაო. მაგრამ ამ თვალსაზრისით ანუ ბაზის გამო ჯერ ხომ კისერი არ მოგვიტეხია? ასე რომ, ჩვენს ნათქვამს საზოგადოება ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვთქვათ – ხომ გაფრთხილებდითო.
მერე გამოჩნდება ისეთი, რომელიც იტყვის იმას, რაც მე მითხრა ერთმა ჟურნალისტმა, თავგადაკლულმა ანტინატოისტმა – თქვენ რომ ამაზე გვაფრთხილებდით, მაშინ საზოგადოება მზად არ იყოო.
რა გაეწყობა, არც მაშინ და არც დღეს საზოგადოება ისეთი საქვეყნო საქმეებისთვის მზად არ არის, როგორებიცაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება. რომ ყოფილიყო, ამ სავალალო ნაბიჯს არ გადადგამდა. საკითხი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელოვნურად შეკოწიწებული თემის საარჩევნო ბიულეტენში შეტანაა. სწორედ მაშინ, ხმის მიმცემთა ზერელეობიდან გამომდინარე, მხარი დაეჭირა ნატოში შესვლის თემას.
ამომრჩეველმა, რომლის ყურადღება კონცენტრირებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჩაგდებაზე, გაუაზრებლად დაუჭირა მხარი ნატოს. იმ მაღალი საპროცენტო მაჩვენებლიდან ყველა შეცდა? ეჭვი მეპარება. ამომრჩევლის გარკვეულმა ნაწილმა დაუფიქრებლად გაიღო ნატოს მხარდასაჭერი ხმა, მაგრამ უმრავლესობამ – სრული შეგნებით, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ხელისუფალთა პროპაგანდა, საზოგადოებაზე მუდმივი ზეწოლა, სრულიად საკმარისი გამოდგა დადებითი ხმების მოსაპოვებლად. სადაც დააკლდათ, იქ ნაცადმა ფალსიფიკაციამ იმარჯვა.
შეიძლებოდა თუ არა ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდის გახურება?
შეიძლებოდა და გაცილებით ადრე, ვიდრე 2008 წლის რეფერენდუმი, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო შედარებით ლოიალური გაზეთების მობილიზება, ტელესივრცეში ექსპერტთა გახშირებული გამოსვლა და კვალიფიციური, პროფესიონალური შეფასება – რა არის ნატო, რას მოგვცემს იქ შესვლა და რა შეგვემთხვევა ნატოში რომ არ ვიყოთ. თუმცა ესეც, ვარაუდია, ცხადია ანტინატოური პოზიციის მხარდასაჭერად – გაცილებით სუსტი, ვიდრე სახელმწიფო პროპაგანდა, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების ცალმხრივი ძალისხმევა.
23 წლის განმავლობაში უთანასწორო ბრძოლასთან გვაქვს საქმე – ნატოს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის. ორივეს მტკიცე არგუმენტები აქვს, მაგრამ მომხრეებს სერიოზული მედიური და ფინანსური მხარდაჭერა. რატომ არის ნატო კარგი საქართველოსთვის – სვამენ მომხრეები შეკითხვას და თავადვე განმარტავენ – იმიტომ, რომ საქართველო სამარადისოდ იქნება დაცული ისეთი აგრესორი მეზობლისგან, როგორიც რუსეთია.
ნატოში შესულ საქართველოს რუსეთი ბუზსაც ვერ აუფრენს, ვინაიდან „აფრენა“ ნიშნავს სრულიად ნატოს აქოჩრებას აგრესორის წინააღმდეგ – საკუთარი წევრის გადასარჩენად.
ნატოში შესვლით, საქართველო უბრუნდება იმ ევროპას, რომელშიც ის იყო საუკუნეების წინათ. ნატოს წევრობა ნიშნავს პროგრესს არა მარტო სამხედრო დარგში, არამედ ნებისმიერ საკითხში. ნატოში ყოფნა ნიშნავს საქართველოს გაევროპელებას და ა.შ. მყარი არგუმენტია, თითქმის შეუვალი.
ნატოს მოწინააღმდეგეები აცხადებენ: ნატოში შესვლა ნიშნავს მეზობელი რუსეთის გაღიზიანებას, რაც უდავოდ გამოიწვევს მისი მხრიდან პროვოკაციულ ქმედებას სამცხე-ჯავახეთში, სხვა კუთხეებში, არ არის გამორიცხული აგრესიაც.
ნატოში შესვლით, ნატო შემოვა საქართველოში, აქედან გამომდინარე შედეგებით. საქართველოს მეომრებს, ნატოში შესვლის შემდეგ, როგორც ვალდებულებს, თავს უკრავენ ნატოს სამხედრო ოპერაციებში.
საქართველო აღმოჩნდება არა მარტო რუსეთის მილიტარისტული, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეში.
ნატოში შესვლით, ავტომატურად ბათილდება დაკარგული ავტონომიების შემობრუნების თემა, ვინაიდან განდეგილი ყოფილი ავტონომიები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ნატოსი.
მტკიცე არგუმენტია, თანაც ისეთი, დაფიქრებას რომ მოითხოვს ნებისმიერი ჩვენგანისგან.
ორივეს მოსაზრება უნდა ეცნობოს ხალხს – მედიით, განმარტებით, შეკრებებით, ბროშურებით, საგაზეთო სტატიებით და ა.შ. კამპანიის დაწყებიდან 6 თვის თავზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი – გვინდა თუ არა ნატოში შესვლა. შედეგი? თუკი ჩვეულ ფალსიფიკაციას ადგილი არ ექნება, მიღებული გადაწყვეტილება კანონი უნდა იყოს ყველასთვის.
რეფერენდუმი ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს, მაგრამ დანიშნავს? დანიშვნის შემთხვევაში, მან უნდა აღიაროს, რომ ნატოს სასარგებლოდ გაწეული პროპაგანდა შეცდომა იყო. ხელისუფლებამ რომც გადაწყვიტოს ასეთი, დართავს მას აშშ-ი, ნატო – მსგავსის გაკეთების ნებას. ისინი მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან, თუ თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩები მოსახლეობით გაივსება – კატეგორიული მოთხოვნით – რეფერენდუმი!
ხალხის ნებას წინ ვერვინ დაუდგება, ვერც ხელისუფლება, ვერც ნატო და აშშ-ი. ამ შემთხვევაში ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც სულ ახლის – საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის.
რეფერენდუმის ჩატარებისთვის ღირს ბრძოლა, თუმცა ის უნდა იყოს როგორც მედიური, ისე კარდაკარ სიარული. ყოველივე ამას ორგანიზება სჭირდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ფული. გარდა ამისა, მედიის მხრიდან არამტრული დამოკიდებულება, რისი მოპოვება ძნელია ანგაჟირებულის მხრიდან. ხელისუფლების დაკრულ მუსიკაზე 23-წლიანი მედიური ხორუმის შემდეგ, ანტინატოური სიმღერის შესრულება გაძნელდება.
მოსამზადებელ პროცესში ისეთი ექსპერტების თავმოყრა იქნება საჭირო, რომლებიც დამაჯერებლად, სიღრმისეული მაგალითებით განუმარტავენ საზოგადოებას ნატოში შესვლა-არშესვლის დადებით და უარყოფით მხარეებს. მათ მოუწევთ იმ დღევანდელ ექსპერტებთან დაპირისპირება, რომლებიც რახანია ნატოს გაიძახიან.
ძველი ექსპერტებიდან თითო-ოროლა თუ შეირჩევა ობიექტური, მიუკერძოებული აზრის საჯარო დაფიქსირებისთვის. ისე, როგორც ნებისმიერ დარგში – აქაც ობიექტური პოლიტოლოგის „შიმშილია“.
კამპანიის წარმართვას ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება. ამ მხრივ ნატოს მიმართ დადებითად განწყობილ მხარეს პრობლემა არ აქვს. მას მხარს უჭერს ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, ინტელიგენცია – უმეტესად დასავლური პროპაგანდით გაბრიყებული, რეალური ვითარების ზედაპირულად მომზირალი, 20-წლიანი აგიტაციით დაბრმავებული.
ნატოს მოწინააღმდეგეთა ბანაკს ასეთი მხარდაჭერა არ გააჩნია. მას იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოსურნე 31%-ი 50%-ზე მეტად გადაიქცევა. მას ჰგონია, რომ ბოლოსდაბოლოს ხალხი დაძლევს მოღალატის სახელის მიკერების შიშს და იმოქმედებს ისე, როგორც მას სურს და არა ხელისუფლებას.
ნატოს მოწინააღმდეგეთა ბანაკის ნიჭიერებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ობიექტურად აუხსნის ხალხს, რატომ არ ღირს ნატოში შესვლა. მან უნდა უთხრას საზოგადოებას (მისთვის გასაგებ ენაზე), რომ ნატოში შესვლა, თუნდაც ევროკავშირში, ნიშნავს სუვერენიტეტის დაკარგვას და ბრიუსელელი ბოსების უსიტყვო მონობას; რომ რუსეთი არ არის ის აგრესორი, რომლის გამოც აუცილებელია ნატოში თავის შეყოფა; რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და არა რუსეთმა; რომ ომამდე პროვოკაციებს სწორედ აქედან ჰქონდა ადგილი და არა იქიდან; რომ სააკაშვილის ავანტიურისტული პოლიტიკის გამო დაიკარგა საქართველოს ტერიტორიები.
საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ რუსეთს, საქართველო ომში არ ჩაუთრევია, არამედ პირიქით; რომ რუსეთი ღიზიანდება იმ პოლიტიკით, რასაც საქართველოს, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლება აწარმოებს; რომ რუსეთი არაფერს მოითხოვს საქართველოდან, გარდა ნეიტრალიტეტისა;
რომ რუსეთი მზადაა გააფართოვოს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ-კულტურული კავშირები, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს წამოყოფს არაერთი პრობლემა, როგორც შიგნით, ისე გარეთ – მიმართული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან რუსეთი იცავს თავს და საკუთარ სუვერენიტეტს. დავსვათ ასეთი კითხვა – როგორ მოიქცეოდა საქართველო, რუსეთის ადგილას?
რეფერენდუმის ჩატარებისას მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების გათვალისწინება. 23 წელიწადია საქართველო დასავლური პროპაგანდის ეპიცენტრშია და არა მარტო პროპაგანდის, არამედ გადაგვარებისთვის საჭირო დაფინანსების. ეს ორივე ბერკეტი გაათკეცებულად ამოქმედდება რეფერენდუმის პერიოდში.
სამწუხაროდ პროპაგანდისტულ-საფინანსო მანქანის საწინააღმდეგო ბერკეტი არ ჩანს. რუსული ფინანსები, რის შესახებაც სისტემატურად აცხადებენ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, საპიარო განცხადებაა დასავლელი ბოსების მისამართით გამოთქმული, რათა მათ ჯეროვნად შეაფასონ ხელისუფალთა „თავგანწირული“ ბრძოლა დასავლური ფასეულობებისათვის.
არ ჩანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული ფულითაა შექმნილი. თუ მართლაც არიან, მათი შრომის ნაყოფი უხილავია – არავითარი შედეგის მომტანი.
მიუხედავად ყველაფრისა, ღირს ლაპარაკი რეფერენდუმის ჩატარებაზე. ღირს იმიტომ, რომ გავიგოთ – რა გვინდა. ღირს იმიტომ, რომ საბოლოოდ გადავწყვიტოთ ქვეყნის მიმართულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაპარაკი გაგრძელდება – ლაპარაკი ლაპარაკისთვის და არა საქმისთვის.
P.S. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ გასული ოთხშაბათის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი მუჩაიძესთან, სადაც ის აღნიშნავს: „აგრესია რუსეთის მხრიდან ვერ მოხდება, და თუ რუსული აგრესია განმეორდება, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ნატო“.
მადლობა მას. დაგვამშვიდა. ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება მშვიდი ძილი, თუმცა ერთია, ვიღას მოუნდება ნატოს „სერიოზული ნაბიჯების“ ხილვა რუსული აგრესიის შემდეგ ან ექნება ვინმეს ამის თავი?
მუჩაიძისნაირთა პროპაგანდა ღუპავს ქვეყანას, ვინაიდან დაფუძნებულია მოჩვენებითობაზე და არა რეალობაზე. დავუშვათ, ნატოში მყოფ საქართველოს შეუტია რუსეთმა – ნატო ომს დაუწყებს რუსეთს? შეწუხდება და მეტი არაფერი, ვინაიდან რუსეთთან ომი ნიშნავს თვითმკვლელობას.
რაც შეეხება ნატოს ბრძოლისუნარიანობას, კარგად გამოჩნდა ავღანეთში. რუსეთი ავღანეთი არ არის!
რესპონდენტის მიერ ბალტიისპირა ქვეყნების მაგალითად მოყვანა, ზედაპირულობის დემონსტრაციაა, ვინაიდან ელცინისეული და დღევანდელი რუსეთი, როგორც ცა და დედამიწა ისეა დაშორებული ერთმანეთისგან.
ზემოთ აღვნიშნე ნატოს მხარდასაჭერი პროპაგანდის თაობაზე – ეს ინტერვიუც მას ემსახურება და არა ქვეყანას, რაც სავალალოა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.