26.11.2024

გლოვის აღსანიშნავი დღე

1941 წლის 22 ივნისის დილის 4 საათი საბჭოთა კავშირში, მის მემკვიდრე რუსეთში განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღებით აღინიშნებოდა და აღინიშნება. ფაშისტური გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე ყოველთვის იყო, როგორც გლოვის, ისე გამარჯვების აღსანიშნავი დღე. დღე, აგრესიის დაწყებისა, რომელსაც მოჰყვა ფაშიზმთან ომის თავდავიწყებული 4 წელი და რომელიც მსოფლიო ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საბჭოთა ხალხების გმირული სულის დემონსტრირება, პატრიოტიზმის უკიდეგანო გამოვლინება, თავისუფლებისკენ ლტოლვის ენით აუწერელი სურვილი.

ე.წ. დემოკრატიულ დასავლეთში იხსენებენ მე-2 მსოფლიო ომს, თუმცა იშვიათად და თუ იხსენებენ, დასავლეთის გმირობას წინა პლანზე წამოწევენ, თითქოს კოლექტიური დასავლეთი იყო ის ძალა, რომელიც წინ აღუდგა ფაშიზმს და დაამარცხა საკუთარ ბუნაგში — ბერლინში.

ევროპელები ამ გამარჯვებაში უდიდეს როლს აკისრებენ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს სამყარო „ყავისფერი“ ჭირისგან.

საბჭოთა კავშირს არ ახსენებენ, განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ — რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან ერთად.

იწერება ახალი ისტორია, ახალგაზრდებისთვის სკოლის სახელმძღვანელოები, მოზარდებისთვის სპეციალური თუ მხატვრული ლიტერატურა — მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიების შესახებ, სადაც იშვიათად იხსენებენ საბჭოთა კავშირს და თუ იხსენებენ უარყოფითად — ჰიტლერულ გერმანიასთან ერთად ომის გამჩაღებლად.

გაივლის წლები, არცთუ მრავალი და კოლექტიური დასავლეთი, მისი წყალობით მსოფლიო, მიიღებს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის უცოდინარ თაობას. მსოფლიოს ახალ ბინადართ ეცოდინებათ მეორე მსოფლიო ომის შესახებ, უდიდეს მსხვერპლზე, ნგრევასა და უბედურებაზე, რომელიც ვიღაცამ არგუნა მას და ეს ვიღაცა შეპარულად საბჭოთა კავშირი იქნება, კომუნისტური ურჩხული, რომელსაც შეებრძოლა ჰიტლერული გერმანია, ევროატლანტიკური სივრცე და რაც მთავარია აშშ-ი.

მსოფლიოს მიერ მსგავსი „ჭეშმარიტების“ სრული აღქმისგან ცოტაა დარჩენილი. ვიღას გაახსენდება საბჭოთა ხალხის გმირობა, მათ შორის ქართველი ხალხის? მიმდინარე მოვლენები გვკარნახობს ამას. უკრაინაში დაწყებული სამხედრო სპეცოპერაცია, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელთა მედგარ ბრძოლად მონათლებული.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჰგონია, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ, მშვიდობისმოყვარე უკრაინას თავს დაესხა აგრესორი რუსეთი, მისი ტერიტორიების დასაპყრობად, წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად. საქართველოს მოსახლეობას არწმუნებენ, რომ უკრაინელი ებრძვის აგრესორ რუსს, რითაც იცავს ევროპას, მათ შრის ჩვენც რუსთა დაპყრობისგან.

საქართველოს მოსახლეობას ჰგონია, რომ თანამედროვე უკრაინის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უმანკო კრავია და არაფერი აკავშირებთ ფაშიზმთან.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის და როგორც ჩანს არც დიდი სურვილი აქვს იცოდეს, რომ უკრაინაში ფაშიზმის აღორძინებას აქვს ადგილი — 1945 წლის 9 მაისს ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, ნეოფაშიზმს.

საქართველოს მოსახლეობას არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი სწორი ინფორმაცია. რომ ჰქონდეს, უკრაინის დროშებს არ გადმოფენდა აივნებიდან, არ გააკრავდა რესტორნებს, ბანკებს, ავტომანქანებს უკრაინის დროშის „სტიკერებს“, მედიას არ მოატყუებინებდა თავს მყრალი დასავლური „ნიუსებით“.

საქართველოს მოსახლეობამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი რამ არ იცის და რომ არ იცის, ხელისუფალთა ბრალია. სწორედ ხელისუფლებაა ის, ვინც ვალდებულია სინამდვილე მიაწოდოს საკუთარ ხალხს. სწორედ ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ყალბი ინფორმაციისგან დაიცვას მოსახლეობა. ხელისუფლებაა ვალდებული ძალა არ დაიშუროს მოსახლეობისთვის სიმართლის მისაწოდებლად და ამისთვის მედიის, ექსპერტების, პოლიტიკოსების დასარაზმად.

ჭეშმარიტ ინფორმაციას მოკლებული მოსახლეობა ერთის შეხედვით იოლი სამწყემსოა, მაგრამ თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში მოსახლეობის ბნელ და დახშულ ოთახში გამოკეტვა შეუძლებელია. პატარა ჭუჭრუტანაც საკმარისია სიმართლის შესაპარად. სიმართლის ასეთ შეპარვას ხშირად ხარვეზებიც ახლავს, ჭორების მსგავსი, საზოგადოების გონებაზე ნეგატიური გავლენის მომტანი, რაც ბუნტის წინაპირობაა. რა სჯობს — დახშულ ოთახში ჩაკეტილთა ბუნტი თუ საინფორმაციო ველის თავისუფლება?

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში დასავლური ხერხებით, ანუ ინფორმაციის აკრძალვით მიზნის მიღწევა საქართველოს არ გამოადგება — ბოლოსდაბოლოს მეზობლობის და ერთმანეთთან მიმოსვლის გათვალისწინებით. ერთმანეთთან კონტაქტები ისეთი რამაა, სალ კლდეს რომ გახვრეტს, არათუ დახშულ ოთახს.

ამდენად ვურჩევ ხელისუფალთ, ნება დართოს საქართველოს მოსახლეობას რუსული ტელეარხების მოსმენა-ყურების. დაე, მან ანუ ხალხმა გამოიტანოს დასკვნა შექმნილი ვითარებიდან, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან, რუსეთში არსებული მდგომარეობიდან. საქართველოს მოსახლეობას ჭკუაც ეყოფა და გამოცდილობაც სწორი დასკვნების გასაკეთებლად. ის, აღარ არის თინეიჯერი, არ მოხვდება „ცუდ წრეში“ — როგორც მშობლები ამბობენ ხოლმე საკუთარ შვილებზე, სოლიდური ასაკი არ უწყობს ხელს ქუჩის ბიჭად გადასაქცევად.

ხალხს არ სჭირდება „რადიო თავისუფლების“ ეთერში ბუკა, ალექსი პეტრიაშვილის „ღრმა შინაარსიანი“ მონოლოგები ან ვიღაც ეკონომისტი ჯანდიერის ახსნა-განმარტებები, რომ რუსეთში დემოკრატიის ნასახიც არ არის, ხალხს აპატიმრებენ, მედიას ავიწროებენ, ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს და ა.შ.

ერთ მხარეს დევს ჯანდიერის „სიმართლე“ და მეორე მხარეს, პეტერბურგის 3-დღიანი (14-17 ივნისს) ეკონომიკური ფორუმი — 130 ქვეყნის 18000 მონაწილით და ამ მონაწილეთა შორის აშშ-ს ბიზნესმენთა დიდი დელეგაციით, ისე, როგორც ევროპის ქვეყნების, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ ამერიკის.

ის, ვინც ჯანდიერს მოუსმინა და არ ნახა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ვიდეო-კადრები ჯანდიერის „სიმართლეში“ დარწმუნდა, მაგრამ არის ეს სიმართლე?!

არა! პატივცემულო მკითხველო, შეგნებული ტყუილია, რომელშიც ფულის სუნი ტრიალებს.

არის ასეთი გადაცემა „ჩაი ორისთვის“, რომელიც შაბათ-კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის. მუსიკალურ-გასართობ პროგრამას პოლიტიკურ „ელფერს“ აძლევს ერთ-ერთი წამყვანი შავლეგ გეგეჩკორი — აშკარა ანტირუსი, რუსთმოძულე, რომელიც სტუდიაში შემოსულ ზარს, თხოვნით — გაუშვან შალიაპინის შესრულებით რომელიმე არია, ასე პასუხობს — რუსულს არაფერს გავუშვებთ, ვიდრე უკრაინაში რუსეთი არ დაასრულებს ომს!

არადა, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ხალხის მიერ დაფინანსებული და არა კერძო რადიო.

20 წლის განმავლობაში იყო აშშ-ი, ნატოს წევრი სახელმწიფოები და მათზე მიწეპებული ქვეყნები, საქართველოს მსგავსი ავღანეთში და საზარელი კვალი დატოვეს იქ, თუმცა პატივცემულ შავლეგოს არ „დაუსჯია“ ისინი. მათი მუსიკა სისტემატურად ჟღერდა ამ გადაცემაში.

არ მოვითხოვ ცენზურის შემოღებას ან ვიღაცის დასჯას, მაგრამ ხელისუფლება, განსაკუთრებით მარეგულირებული კომისია მინიმალურ ყურადღებას მაინც უნდა იჩენდეს „მამალი“ ტყუილისგან მსმენელის, მაყურებლის ყურების, თვალებისა და გონების დასაცავად.

ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითები მავანს შეიძლება წვრილმანად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი „წვრილმანებით“ არის ავსებული ქართული მეია. შედეგი? სავალალო. ანტირუსულად გაწყობილი ქართველი ხალხი, რომელსაც, მედიის პროპაგანდის წყალობით რუსი ჰგონია აგრესორი და არა უკრაინელი, რომელსაც რუსმა დაასწრო ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით. და დაასწრო რამდენიმე დღით, ვინაიდან თვით უკრაინელი პოლიტიკოსებისა და სამხედროების განცხადებებით, ისინი აპირებდნენ დონბასში ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას 2022 წლის მარტის პირველ დეკადაში.

რა აჯობებდა — კრემლი დალოდებოდა უკრაინის არმიის შეტევას და შემდეგ, დონბასის მოსახლეობის თხოვნით, პასუხი გაეცა უკრაინის სამოქალაქო ომის ახალი რაუნდის დამწყებთათვის? მაშინ ხომ აღარ იტყოდნენ რუსეთის აგრესიის შესახებ?

კითხვას — არ იტყოდნენ? ეჭვის თვალით ვიხილავ, ვინაიდან წინ გვიდევს 2008 წლის ცხინვალის ომი. მაშინ ომი სააკაშვილმა დაიწყო, რასაც რუსეთმა გასცა პასუხი. რუსს ომი არ დაუწყია, თუმცა მიუხედავად ამისა და ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნისა, ყველა რუსეთს ადანაშაულებს აგრესიაში.

ქართულ მედიაში სისტემატურად ისმის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ. ანალოგიურს აქვს ადგილი დასავლურ მედიაშიც — მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პერიპეტიებთან პარალელების გავლებით.

დასავლურ პოლიტიკურ ვითარებასთან შეზრდილი არაობიექტური დასავლელი ისტორიკოსები წითელი არმიის ჯარისკაცებს ადანაშაულებდნენ მოროდიორობაში, მოსახლეობის ძარცვაში, გერმანელი ქალების მასობრივ გაუპატიურებაში,  რასაც ადგილი არ ჰქონია, თუ ჰქონდა ერთეულ შემთხვევებში და ისიც მალულად, საბჭოთა ხელმძღანელობას რომ არ გაეგო, ვინაიდან ასეთი, სამხედრო წესებიდან და მიღებული კანონებიდან გამომდინარე მკაცრად ისჯებოდა.

თუ აღნიშნულს ჰქონდა ადგილი მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკა-ინგლისის, საფრანგეთის ჯარები იმყოფებოდნენ, ისე, როგორც მოკავშირეების მიერ გერმანიის ქალაქების საცხოვრებელი სახლების უმოწყალო დაბომბვას. ნათელი მაგალითი ამისა დრეზდენის და მიუნჰენის საჰაერო დაბომბვებია 1945 წლის აპრილში.

მეორე მსოფლიო ომის, უფრო სწორად საბჭოთა კავშირის ხალხებისთვის დიდი სამამულო ომის დაწყების გახსენება აუცილებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ალმაცრად უყურებს ამ თარიღს და ხმამაღლა იმასაც აცხადებს, რომ გერმანიასთან დამარცხება მისცემდა საქართველოს ევროპული განვითარების შანსს.

მათდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთი პროექტი ფაშისტურ გერმანიას თავშიც არ გაუვლია. მას გეგმაში ჰქონდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის შორეულ აღმოსავლეთში გადასახლება, ნაწილის გერმანიაში გარეკვა შავი სამუშაოების შესასრულებლად.

მაშინ პროექტი ვერ განახორციელეს წითელი არმიის გმირული თავდადების გამო, მაგრამ დღეს ახერხებენ. და ახერხებენ არა სატვირთო ვაგონებში ხალხის შეყრით, როგორც მაშინ, არამედ ქართველთა ნებაყოფლობით, რომლებიც იძულებულნი არიან „ცივილიზებულ“ ევროპას მიაკითხონ შავი სამუშაოს შესასრულებლად.

სიტყვა „ნებაყოფლობით“ ვახსენე, რაც არ შეესაბამება რეალობას. რაც შეესაბამება — „ძალისმიერია“, ანუ ეკონომიკურ-სოციალური გაუსაძლისობის შექმნით ძირძველი მოსახლეობის ევროპისკენ, ლუკმა-პურის საშოვნად დაძვრა.

30 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა ისეთი ვერაფერი შექმნეს, საშუალოზე დაბალი ცხოვრების დონე რომ შეექმნათ საკუთარი ხალხისთვის.

30 წლის განმავლობაში რაც მოვახერხეთ — ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა, საპროტესტო მიტინგები და გაუთავებელი, უსაგნო ლაქლაქია. არც ერთი ნაბიჯი წინ, ადგილზე ტკეპნა და უკან სვლა. ხალხის ცხოვრების დონის დაბალ ფონზე, ისე როგორც ყოველთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში ომახიანად გაისმის ქვეყნის მმართველის სიტყვები — მოპოვებული წარმატებების თაობაზე.

და მართლაც. სტატისტიკის მიხედვით, წარმატებები ისეთია, შორებელს თუ ახლობელს შურს რომ აღუძრავს. წარმატებების შესახებ ჩაწერილია პრემიერ-მინსტრ ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშში, რომლითაც ის პარლამენტისა და ხალხის წინაშე ივნისის ბოლოს წარსდგება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023-2028 წლებში საქართველოში იქნება რეგიონისა და ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა — საშუალოდ 5,1%.

ხელისუფლების მიხედვით, ექსპორტი 31,8% გაიზარდა და სარეკორდო მაჩვენებელს 5,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ა.წ. იანვარ-აპრილში ექსპორტი 23,6%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით და 1962,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან შემოსულმა თანხამ 2019 წლის მონაცემებს 7,6%-ით გადააჭარბა და 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გასულ წელს დაფიქსირდა პირდაპირი ინვესტიციების ზრდაც — 2 მილიარდი დოლარი. ინვესტიციების ზრდა გამოწვეულია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადმოსახლებით და ბიზნეს საქმიანობის დაწყებით.

საქართველოს ბიუჯეტში შემოსული თანხების ზრდა უკავშირდება რუსეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას, მათ საქართველოში დასახლებას, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების ზრდას, რაც აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მეზობელი რუსეთის გარეშე მსგავსს ადგილი არ ექნებოდა.

ღირს თუ არა ამაზე დაფიქრება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა?

უდავოდ ღირს, რათა რეალურად შევხედოთ ქვეყნის აწმყოსა და მომავალს, საკუთარ უმადურობას და მეზობლის გაუთავებელ ლანძღვას. ჭკუა-გონებიდან დაშრეტილი უნდა იყოს კაცი მეწველ ძროხას, რომლის ჯიქანი აქვს პირში ჩადებული, წიხლი ჰკრას და გააგდოს. თუმცა ჯაიანებს, გეგეჩკორებს, სხვებს და სხვებს (მაინც რამდენი არიან), ამერიკულ საწოვარას მიჩვეულთ, ხალხი და ქვეყანა არ აინტერესებთ. საკუთარი თავი — უპირველეს ყოვლისა.

ამ ლოზუნგის ნახევარი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს მოვპარე, რომელიც მუდამ აცხადებს — ამერიკა, უპირველეს ყოვლისა! ტრამპისგან ასეთი მოწოდება ბუნებრივია, მაგრამ ვითომ გაამერიკელებული ქართველებისგან?

სტატისტიკის მიხედვით, მაგრები ვართ, წარმატებებიც გვაქვს და საამურად ვცხოვრობთ, მაგრამ რატომღაც მოსახლეობა ვერ გრძნობს ამ წარმატებებს. ვერ გრძნობს ისიც, ვინც საბიუჯეტო სფეროშია, მათ ხომ ხელფასები მოუმატეს. მოუმატეს, მაგრამ მოიმატა ინფლაციამ, კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე ფასებმა. ყველას ჩამოთვლა გვერდს ვერ დაიტევს.

საქართველოს მოსახლეობა ვერასდროს ამოისუნთქებს ლაღად, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების 90% უცხოეთიდან იქნება შემოტანილი, ისე, როგორც ყველაფერი სხვა.

ხალხი ლაღად ვერ ისუნთქებს — სხვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ჩამოკიდებული. არადა, რა გახდა ნიორის, ხახვის, კარტოფილის, მწვანილის, ბოსტნეულის აქ დამზადება?

ხალხი ლაღად ვერ ისუნთქებს, თუ არ დასაქმდა საწარმოებში, საკონსერვო ქარხნებში, თუ მოწეულ ხილს ხეზე დაალპობს და გადამამუშავებელ ქარხნებს არ ჩააბარებს.

ბევრს არ გავაგრძელებ, ვიტყვი იმას, რასაც ვამბობდი — ქარხნები, საწარმოები, სოფლის მეურნეობა პირველ ეტაპზე, შემდგ —მაღალტექნოლოგიური დასაქმება.

თუმცა მანამდე დიდი გზაა გასავლელი, რომელსაც სწავლა-განათლება ჰქვია და რომელიც გამოქვაბულის დონემდე დაიყვანა ჩვენმა „მოწინავე“, დასავლელმა საზოგადოებამ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

22/06/2023