23.11.2024

ამიერკავკასიური თავსატკივარი

წინა სტატიებში აღვნიშნავდი, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება ხელს უწყობს მეზობელი ქვეყნების, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოზიციების შეცვლას კრემლის საწინააღმდეგოდ, ამასთანავე დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც 30 წლის წინ, საბჭოთა სისტემის არსებობის პერიოდში იყო; რომ რუსეთი სუსტია და უკრაინის ფრონტის გარდა, სხვა მიმართულებით ვითარების გამწვავების შემთხვევაში მას სამხედრო რეაგირების თავი არ ექნება; რომ კრემლს შეიძლება თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად, მაგრამ არ შეასრულო მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებები — გააჯანჯლო, გაწელო, საბოლოო ჯამში უარი თქვა სხვადასხვა სახის მიზეზის დასახელებით.

კრემლის ნახევარნაბიჯმა სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებისკენ, მწყობიდან გამოიყვანა პატრიოტული გრძნობების მატარებელი რუსები, რომლებიც პირად თუ საჯარო გამოსვლებში დაუფარავად აკრიტიკებენ პუტინსა და მის გარემოცვას, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს.

ნაკლებად პატრიოტი, პროდასავლელი მავანი, ასეთნი მრავლად არიან, ადრინდელზე უფრო ხმამაღლა აცხადებენ ომის შეწყვეტისა და ზავის დადების თაობაზე. მათთვის სულ ერთია, როგორ შეფასდება ამ მოთხოვნის შესრულება შინ და გარეთ, როგორ აღიქვამს ამას ევროატლანტიკური სივრცე — რუსეთის დამარცხების მოსურნე, როგორ მადას გამოავლენს ომით დასუსტებული რუსეთის მიმართ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კოლექტიური დასავლეთი. ის რომ ბევრს მოითხოვს რუსეთისგან, თუკი მოლაპარაკებები დღეს ან უახლოეს მომავალში გაიმართება, მტკიცება არ სჭირდება.

მართალია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ზომის სივრცე წაართვა უკრაინას, მაგრამ მოლაპარაკების დროს შეანარჩუნებინებენ მას ამას?!

უკრაინული მხარე და მისი დამფინანსებელ-წამქეზებელი ამერიკა-ევროპა კატეგორიულად ითხოვს 1991 წლის დროის საბჭოთა საზღვრებში დაბრუნებას — დონბასისა და ყირიმის ჩათვლით. ყირიმიც რომ დაუტოვონ რუსეთს — ეს, ის არ იქნება, რასაც კრემლი იმუქრებოდა 2022 წლის 23 თებერვალს — უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაცია.

იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც დღეს რუსეთია უკრაინის ტერიტორიაზე არ იძლევა მოსკოვისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას მოსალაპარაკებელ მაგიდასთან. ასე რომ კრემლს ისღა დარჩენია გააგრძელოს სამხედრო სპეცოპერაცია — ოღონდ სწრაფი და შედეგიანი.

2022 წლის 23 თებერვლის დაპირების ასრულება, თანაც სწრაფი, უნდა იყოს კრემლის მთავარი მიზანი, ვინაიდან მასზეა ჩამოკიდებული რუსეთის, როგორც სუპერ-სახელმწიფოს იმიჯი და ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ.

ომის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ არც ომის დასასრული ჩანს და არც ნიშანი, რომ მოსკოვი დანაპირებს შეასრულებს. ერთი რამ, რაც შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს — არის 2022 წლის 23 თებერვლამდე არსებული მსოფლიოსა და დღევანდელ მსოფლიოს შორის უდიდესი განსხვავება, ორ ნაწილად გაყოფილ მსოფლიოს დაპირისპირება, თანაც ისეთი, პატარა ნაპერწკალიც რომ დიდ ხანძარს გააჩენს.

პირობითად ასეა დაყოფილი მსოფლიო — აშშ, ევროკავშირ-ნატოს წევრი სახელმწიფოები, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და თითო-ოროლა ქვეყანა ერთ მხარეს, მეორე მხარეს — რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ლათინური ამერიკა, აფრიკა.

მეორე ჯაბნის პირველს, საერთო ეკონომიკური განვითარებით, სამხედრო პოტენციალით, ადამიანური და წიაღისეული რესურსით.

დაყოფა პირობითია, მაგრამ უკრაინის ფრონტზე რუსეთის გამარჯვების შემდეგ რეალური გახდება. ამ შემთხვევაში უდიდეს როლს ითამაშებს აფრიკის კონტინენტი 54 ქვეყნით და მილიარდნახევრიანი მოსახლეობით. ამ ქვეყნების უმრავლესობა რუსეთისადმი ლოიალურადაა განწყობილი. ბევრი მხარს უჭერს, ზოგი ნეიტრალურია და ეს ყველაფერი აშშ-ს, მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ წარმოებული ძველი თუ ახალი კოლონიალიზმის შედეგია.

აფრიკაში რუსეთის გამოჩენა მეორედ ხდება. პირველი საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აფრიკის ქვეყნებს უდიდეს ეკონომიკურ, ფინანსურ-სამხედრო დახმარებას უწევდა მოსკოვი.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებულმა ანტიკოლონიურმა ბრძოლამ, შედეგად, თავისუფალი დამოუკიდებელი აფრიკა მოიტანა და ამ საქმეში დიდი წვლილი საბჭოთა კავშირმა შეიტანა.

ეს ახსოვთ აფრიკაში, მაგრამ ახსოვთ გორბაჩოვ-ელცინის წლებიც, როდესაც კრემლმა ზურგი შეაქცია აფრიკას და მიატოვა ქვეყნები, სადაც მილიარდობით დოლარი ჰქონდა დაბანდებული. მაშინ რუსეთმა ახალი მეგობარი გაიჩინა — აშშ-ს სახით. რუსეთს აღარც აფრიკა ხიბლავდა და აღარც ლათინური ამერიკა. მას ევროატლანტიკურ სივრცესთან უნდოდა კავშირი, რომელიც არ შედგა.

ევროატლანტიკურმა სივრცემ — მსოფლიოს ბატონობას მიჩვეულმა, ისეთივე საზომი გამოიყენა რუსეთის მიმართ, როგორც უწინ აფრიკის ქვეყნების, რაც აუტანელი გახდა პუტინის რუსეთისთვის. მან დაინახა, რომ დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის უკან ამერიკული კოლონიალიზმია, რომლის მიზანი მარტივია — რუსეთის დამონება.

ამას მიხვდა კრემლი და რუსეთის საზოგადოების ნაწილი და არა სრულიად რუსეთი, რაც ქვეყნის შიგნით ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეთა ქიშპს იწვევს — ჯერ-ჯერობით ხელჩართულ ჩხუბში არგადასულს.

დასავლეთისადმი მონური ხიბლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებისთვისაც არ არის უცხო. პოლიტიკურ პარტიათა, არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ ნავარჯიშები საზოგადოება ეთაყვანება ყოველივე დასავლურს, ამერიკულს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ა ძალიან იაფად შეიძინეს ამ ქვეყნების ლოიალურობა და მათი რუსეთისადმი მტრულად განწყობა. ყოფილი საბჭოთა სივრცე დაიხუნძლა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებით, სხვადასხვა სახის ორგანიზაციებით, ინსტიტუტებით, რომლებმაც მძლავრად გაიდგეს ფესვი საზოგადოებაში, განათლების სისტემაში, პოლიტიკაში.

შედეგი სახეზეა. გაფაშისტებული, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა, რუსედთისადმი ეჭვის თვალით მომზირალი კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნები, მტრული მოლდოვა, ყველა მათგანში ამერიკული გავლენა ძლიერია. ყველა მათგანი — სუვერენიტეტობას მოკლებული, ასრულებს აშშ-ს დავალებას, ცხადია ანტირუსულს და ცდილობს მეტად ასიამოვნოს ვაშინგტონს. არც ერთ მათგანს, გარდა ბელორუსისა, არ სურს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის ქონა. ყველა ცდილობს ამერიკასთან დაახლოებას.

ყველას დაავიწყდა ის სიკეთეები, რაც რუსეთისგან მიიღო საბჭოთა კავშირის არსებობის დროს. და მიიღო ის, რასაც ვერც ამერიკა და ვერც ევროპა ვერასდროს არგუნებს მათ, დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ, მაგრამ მათ ხომ ამის სურვილიც არ აქვთ?! ან რატომ უნდა ჰქონდეთ, როდესაც ცენტებში ყიდულობენ მათ ლოიალურობას, მათ მონურ მორჩილებას? როგორ ახერხებს ამას აშშ-ი?

დაუღალავი შრომით. თუ დღეს არაფერი გამოუვიდა, ის არ შეწყვეტს მუშაობას და გააგრძელებს, ვიდრე სანატრელ შედეგს არ მიიღებს. სანატრელი შედეგის მისაღებად დიდძალ ფულს ხარჯავს ახალგაზრდების ამერიკაში სწავლის მიღებაში, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებაში, ახალ-ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების გახსნაში და მათში ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებაში.

აშშ-ს მიერ პოსტსაბჭოთა სივრცის ახალგაზრდების მოხიბლვა, გადაბირება, ამერიკელზე მეტად ამერიკელად გაზრდა სახელმწიფო დონეზე აყვანილი პროგრამის მიხედვით ხორციელდება და მას ხელს ვერ შეუშლის ადმინისტრაციათა ცვლა.

არასამთავრობო ორგანიზაციები — გახსნილი პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური კადრების სამჭედლოს ფუნქციასაც ასრულებენ. ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტია, ისე, როგორც მისი ოპოზიცია, მედია, პოლიტოლოგია აშშ-ს მიერ გამოზრდილი კადრებით არის დაკომპლექტებული, ამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს მათი მხრიდან გამზრდელის მიმართ სიყვარულის, მორჩილების გამოვლინება. ამ მხრივ კარგი მაგალითია მეზობელი სომხეთი, სადაც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი და საკანონმდებლო-აღმასრულებელი ხელისუფლება სოროსის ფონდის მიერ გამოჩეკილი პოლიტიკოსებია.

დასავლეთმა, დიდი შრომისა და გარჯის შედეგად, მოახერხა რუსეთისთვის ისეთ მტკიცე საყრდენ ქვეყანაში შეღწევა, როგორიც სომხეთია. რომ არა მეფის რუსეთი და კომუნისტური საბჭოეთი, ვინ იცის რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი ან საერთოდ იარსებებდა თუ არა.

დღეს, ისტორიას არვინ იხსენებს, მითუმეტეს სომხეთის ახალგაზრდობა, რომლის მიზანი დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციაა — გაამერიკელ-გაევროპელება. ამ თვალსაზრისით ისინი ისეთივენი არიან, როგორიც ქართველი ახალგაზრდები.

სომეხთა თბილ დამოკიდებულებას აშშ-ს მიმართ ხელს უწყობს აშშ-ს დიპლომატების აქტიური მუშაობა ერევანში არსებულ ამერიკის საელჩოში. აშშ-ს საელჩო თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია ამიერკავკასიასა და რეგიონში. მრავალრიცხოვანია ამ შენობაში მომუშავეთა რაოდენობაც.

ერთ-ეერთ წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ საელჩოს დიპლომატები, ელჩის ჩათვლით, ხშირად გადიან ხალხში, ესაუბრებიან მათ, ეთამაშებიან ჭადრაკს, რითაც ამყარებენ მათთან ურთიერთობას, იწვევენ მათ გულახდილ საუბარში.

ამერიკელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო — სომეხთა მხრიდან, რუსთა მიმართ  დამოკიდებულების გაგრილება. თუ წინათ სომეხთა 99% პრორუსულად იყო განწყობილი, დღეს — ნაკლებად. მიზეზი ფერიცვალებისა არაერთია, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ამერიკელთა ძალისხმევაც.

დამოკიდებულების შეცვლაში დიდი როლი ითამაშა ყარაბაღის ომმა  და სომხეთის დამარცხებამ. პროდასავლურმა ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა საჯარო განცხადებებში პირდაპირ თუ ირიბად დამარცხებაში ბრალი რუსეთსაც დასდეს. მათი აზრით, რუსეთი, როგორც მოკავშირე, ვალდებული იყო დამგდარიყო სომხეთის მხარეს — იარაღით, სამხედრო ძალით.

ანალოგიურად უნდა მოქცეულიყო „ოდკბ“-ც, რომლის წევრიც სომხეთია. რუსეთი ჩაერია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, როგორც გამშველებელი და წარმატებასაც მიაღწია, თუმცა სომხეთი ამას ჯეროვნად არ აფასებს.

რუსეთის ინიციატივით მერამდენე წელია მიმდინარეობს სამთა, რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკება, რომელიც, როგორც ჩანს მალე დასრულდება — სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით.

სულ ახლახანს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ფინიშის ხაზი ახლოვდება და საკითხი, რომელიც მხარეთა შორის კამათს იწვევდა —მოგვარებულია, ანუ ფაშინიანმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილია.

„აზერბაიჯანის ტერიტორია, რომელიც 86,6 ათას კვ.კილომეტრს შეადგენს, ყარაბაღსაც შეიცავს. და ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ყარაბაღელ სომეხთა უფლებებსა და უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგი“.

რას რიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი ხელს იღებს მთანი ყარაბაღის პრობლემებისგან, რომლებიც უნდა გადაწყდეს სტეფანაკერტ-ბაქოს მოლაპარაკებით.

მოდით დავსვათ კითხვა — რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა წონის მატარებელი სუბიექტების დიალოგი? ყარაბაღის აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მთავრობა გამართავს მის შემადგენელ ნაწილთან მოლაპარაკებას? თუ ასეთს ექნება ადგილი — ის ტექნიკური ხასიათისა იქნება.

ვითარების შესარბილებლად ფაშინიანმა თქვა, რომ ევროკავშირი და აშშ-ი დაპირდნენ საერთაშორისო გარანტიებს ყარაბაღელი სომხების დასაცავად, ევროკავშირისა და აშშ-ს მშვიდომისმყოფელთა სახით. რამდენად დათანხმდება ან დათანხმების შემთხვევაში, შეასრულებს ბაქო საერთაშორისო გარანტიებს — ძნელი გამოსაცნობი არ არის.

რა გამოდის? ფაშნიანმა ყარაბაღისგან ხელი დაიბანა? როგორც ჩანს ასეა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ მოწყობამდე, მემარჯვენე ლიბერალური ძალები, ფაშინიანის მეთაურობით, მოითხოვდნენ მთიან ყარაბაღზე უარის თქმას, რომელიც სომხეთს ხელ-ფეხს უკრავს  დემოკრატიისა და ევროპული განვითარების გზისკენ.

პროამერიკულმა ლიბერალურმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო აზერბაიჯანთან ომის პროვოცირებას და 2020 წელს, დამარცხების შედეგების გამოყენებით, დაიწყო ჩანაფიქრის განხორციელება, მთიანი ყარაბაღის, როგორც სუბიექტის ლიკვიდაცია — აზერბაიჯანთან შერიგების მიზით, თურქეთთან ინტეგრაციის და გეოპოლიტიკურად ევროპისკენ მიბრუნებისთვის. საბოლოო ჯამში სომხეთის ევროკავშირთან, აშშ-ან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მთიანი ყარაბაღი, როგორც ლოდი, უკეტავდა გზას ფაშინიანსა და მის მთავრობას და მასთან ერთად რუსი სამშვიდობოები, რომლებიც იცავენ ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოებას.

ყარაბაღის კულტურულ ავტონომიაზე ან საერთოდ ავტონომიაზე აღარ იქნება მსჯელობა, როდესაც ყარაბაღი, როგორც ჩვეულებრივი რეგიონი შევა აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

ავტონომია არვის გახსენებია ალიევ-ფაშინიანის გასული წლის ოქტომბრის პრაღის მოლაპარაკებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ევროკავშირის ლიდერი შარლ მიშელი და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მაშინ ყარაბაღელები ევროინტეგრაციის მსხვერპლად იქცნენ.

ყარაბაღმა დაკარგა ისიც, რაც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა — ავტონომიურობა აზერბაიჯანის შემადგენლობაში. არ არის გამორიცხული, რომ ამას მშობლიური მიწის, სახლ-კარის დაკარგვაც მოჰყვეს, ვინაიდან აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფ ყარაბაღელ სომხებს ერთადერთი, რის უფლება ექნებათ — ასიმილაციაა, თუ არა, მეზობელ სომხეთში ან სხვაგან გადასახლება.

რუსეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაში ყარაბაღი არ ფიგურირებს, უფრო სწორად აღნიშნულია, რომ ეს საკითხი მომავალმა თაობებმა უნდა განიხილონ და არა ამჟამინდელმა. მაგრამ ფაშინიანს, როგორც ჩანს, ასეთი ვარიანტი არ აწყობს. ის მზადაა შეასრულოს კოლექტიური დასავლეთის წინადადება და ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნება დაადასტუროს.

საკუთარი მოსახლეობის დამშვიდების მიზნით ფაშინიანი აზერბაიჯანს სთხოვს ყარაბაღის სანაცვლოდ ოკუპირებული სომხური სოფლების დაბრუნებას.

ამასთანავე არცახის (სომხურად) ანუ ყარაბაღის დაბრუნების საფასურად ფაშინიანი მოითხოვს ანკარისა და კოლექტიური დასავლეთის თანხმობას სომხეთის ტერიტორიის გამოყენებას ნავთობის, გაზის, წიაღისეულის ტრანზიტისთვის, რომელიც წამოვა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯან-სომხეთის გავლით, ზანგეზურის დერეფნით შევა თურქეთში, შემდეგ ევროპაში.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ სიუნიქის (Syunik) რაიონის მიწების ნაწილი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის გამოყენებული, რომელსაც ბაქო უკვე არქმევს დასავლეთ აზერბაიჯანს, სინამდვილეში მის ხელში აღმოჩნდება.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში გადაიკეტება ირანთან სატრანსპორტო მარშრუტი და შეიქმნება ნატოს ახალი პლატფორმა, ირანის წინააღმდეგ.

არცახის ჩაბარებასთან ერთად, დაიწყება სომხეთის „ოდკბ“-დან გასვლის პროცედურაც, რის შესახებაც ახსენა ფაშინიანმა პრეს-კონფერენციის დროს.

„ამ შემთხვევაში არაფრის მომცემი „ოდკბ“-ე ხელს შეგვიშლის სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებაში. თქვენ რა გგონიათ სომხეთს არ ჰქონდა წინადადებები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან იარაღის მიწოდების? ცხადია, ჰქონდა, მაგრამ ეს შესაძლებლობები არ იყო რეალიზებული სომხეთის „ოდკბ“-ს წევრობის გამო.

მას შემდეგ, რაც თურქეთთან გაიხსნება საზღვარი, არცახი გადაეცემა აზერბაიჯანს, ერევანი დასვამს საკითხს რუსი სამშვიდობოების ყარაბაღიდან გასაყვანად და გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის დასახურად.

სამშვიდობოებს ამერიკელ-ევროპელები ჩაანაცვლებენ, რომლებიც უდავოდ გამოიწვევენ ირანთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებას. ასედაამრიგად, ერთ მშვენიერ დღეს მთიანი ყარაბაღის საკითხის მოწესრიგების ნაცვლად ახალ ომს მივიღებთ.

„მთიანი ყარაბაღის ხალხის ბედი ფაშინიანს არ აწუხებს. ერთადერთი გზა გენოციდისგან თავის დასახსნელად რჩება რუსეთი და რუსეთის მოქალაქეობის მიღება. რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, შეუძლია მთიანი ყარაბაღისთვის ავტონომიის სტატუსის მოთხოვნა.“, — აცხადებენ ყარაბაღელები.

რას ნიშნავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება და მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარება? ნათქვამია — ცუდი მაგალითი გადამდებიაო. რატომ არის ჩვენთვის ცუდი, ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნება, ის ხომ იყო აზერბაიჯანის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დროს?!

იყო, მაგრამ მას ჰქონდა ავტონომიის სტატუსი. ამჯერად მას ავტონომიის სტატუსი აღარ ექნება. ის იქნება აზერბაიჯანის რიგითი რაიონი და მის მოსახლეობას პრეტენზიის გამოთქმის შანსიც არ ექნება. მოსახლეობა იძულებული იქნება შეეგუოს აზერბაიჯანულ მმართველობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს ყარაბაღი და სხვაგან, მაგალითად სომხეთში გადასახლდეს.

ყარაბაღის აზერბაიჯანში დაბრუნების ინიციატორები ამერიკელები და ევროკავშირელები არიან, რომელთა მიზანი ერთია — სომხეთიდან რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის და გიუმრიის სამხედრო ბაზის გაყვანა.

აშშ-ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთ-თურქეთ-აზერბაიჯანის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის თურქეთთან გამწვავებული დამოუკიდებულება აქვთ. ამ შემთხვევაში ამერიკელთა გამოთქმა — ის ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი — შეესატყვისება მათ ურთიერთობას ერდოღანის თურქეთთან.

თურქეთი ნატოს წევრია და თურქეთ-აზერბაიჯანის საავტომობილო გზის გახსნა ნატოს მისცემს საშუალებას გავიდეს კასპიის ზღვაზე და სტრატეგიული პოზიცია დაიკავოს ირანის წინააღმდეგ.

ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებას უდავოდ მოჰყვება ამერიკელი „კეთილმსურველების“ თბილისში ვიზიტები, წინადადებით — მიგიღებთ ნატოში აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე. გახსოვთ ალბათ 2-3 წლის წინათ იყო ასეთი შემოთავაზება კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, რაზეც ოპოზიციამ დადებითი რეაგირება მოახდინა. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში „კეთილმსურველმა“ დასავლეთმა ხელისუფლებაც დაიყოლიოს და ამ პროცესში გამოიყენოს ყარაბაღის თემა.

საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის გარეშე ნატო-ევროკავშირში შესვლა ნიშნავს მათ დაკარგვას და მათი დამოუკიდებლობის აღიარებას.

რაც შეეხება ფაშინიანის პროექტს სომხეთის ტერიტორიის ეკონომიკურ ჰაბად და ტრანზიტად გამოყენებას — კონკურენციას გაუწევს საქართველოს სატრანზიტო გზას, ვინაიდან ტვირთები, რომელიც ცენტრალური აზიიდან წამოვა. აზერბაიჯანის გავლით, უმოკლესი გზით, სომხეთში მოხვდება, იქიდან თურქეთში და ევროპაში. ბიზნესი ყოველთვის ირჩევს მოკლე და იაფ გზას. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით ქართული მხარე მოგებული ვერ დარჩება.

რუსეთის კავკასიიდან გასვლა გაუხარდება კოლექტიურ დასავლეთს და მათ გამოზრდილ ქართულ პოლიტიკას, რომელიც პეპელასავით ერთ დღეს ცოცხლობს. დასავლური პროექტი და ფაშინიანის თანხმობა ხომ არ გამოიწვევს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ბუნტს და ახალ ომს?

და ამას რომ ჰქონდეს ადგილი, ვინ უზრუნველყოფს მშვიდობას?

ურუსეთოდ ასეთი შეუძლებელია, რაც ჩვენ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა გავითვალისწინოთ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

15/06/2023