„ისლამური სახელმწიფო“ – მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა

გასული წელიწადი, „ისლამური სახალიფოს“ ოფიციალური გამოცხადების წელიწადია – მართალია, ჯერაც არც ერთი სახელმწიფოს მიერ აღიარებულის, მაგრამ შიშის მომგვრელის, სერიოზული ფიქრის გამჩენის.

„ისლამური სახელმწიფო“ ანუ „სახალიფო“ რომ ძლიერ თავსატკივარს უჩენს და გაუჩენს მსოფლიოს, ფაქტია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს თავის ტკივილი, არავინ უწყისს. არც ის არის ცნობილი, შეიძლება თუ არა ამ თავის ტკივილის განკურნება. გამოცდილი „ექიმები“ ამბობენ – შეიძლებაო, თუმცა „მკურნალობის“ მეთოდს, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, სულაც არ არის იმედის მომცემი.

ისე, როგორც აფრიკის ზოგიერთ ქვყანაში აფეთქებული დაავადება „ებოლა“, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, „ისლამური სახალიფოც“ ათასობით ადამიანს სპობს. როგორც პირველთან, ისე მეორესთან ბრძოლაში ჯერ-ჯერობით მსოფლიო  უძლურია.

თუ პირველ შემთხვევაში დაავადების ვაქცინას დღე-დღეზე გვპირდებიან, მეორე შემთხვევაშიც იგივეს გვეუბნებიან. აშშ-ი და მის მიერ შექმნილ კოალიციაში შემავალი ქვეყნები „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობისთვის წერტილის დასმით იმუქრებიან, თუმცა რამდენად შესრულებადია დაპირება და რამდენად გულწრფელია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, ღმერთმა უწყისს.

გასული წლის ფაქტები სხვაზე მეტყველებენ, უპირველესად იმაზე, რაც შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს და რის შესახებაც ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდოლრეზა რახმანი ფაზლიმ განაცხადა: „თეირანს არ სჯერა ამერიკელების, ვინაიდან თვლის, რომ სწორედ აშშ-ი უწყობს ხელს რეგიონში ექსტრემისტული დაჯგუფებების გავრცელებას, შეიარაღებას, დაფინანსებას, წვრთნას, ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამერიკისა და მის მიერ შექმნილი კოალიციის მოქმედება სპექტაკლია და მეტი არაფერი. ის შედეგს ვერ მოიტანს“.

თვალი გადავავლოთ ახლო აღმოსავლეთის თუნდაც ბოლო 5 წლის ამბებს, რომლებშიც მოწინავე ადგილს იკავებს არაბული „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციები – სხვა დასახელებით, მაგალითად „არაბული გაზაფხული“ – იუგოსლავიის, უკრაინის, საქართველოს, სხვა ქვეყნების რევოლუციური შინაარსით. მათი მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა, ახალი, ლოიალური ხელისუფლების მოყვანა.

აშშ-ს სპეცსამსახურებმა ბევრი იღვაწეს არაბულ ქვეყნებში რევოლუციური ტალღის აგორებისთვის. ზოგან გამოუვიდათ, ზოგან არა და სადაც არა, მაგალითად სირიას, ისეთი დამართეს, თანამედროვე სირიის შემქმნელი ხაფეზ ასადი, ამჟამინდელი პრეზიდენტის მამა, სამარეში სიმწრით ათასჯერ გადაბრუნდებოდა.

ერთ დროს, ახლო აღმოსავლეთის წარმატებული სახელმწიფო სირია, ნანგრევებადაა ქცეული. სიმშვიდის ოაზისებად არის შემორჩენილი დედაქალაქ დამასკოს ზოგიერთი  უბანი. ოფიციალური მონაცემებით, მარტო გასულ წელს  80000  ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არაოფიციალურით – გაცილებით მეტის.

მიზეზი – ვაშინგტონის მიერ აკვიატებული იდეა – სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჩამოგდება, ვითარცა დესპოტისა და დიქტატორის, საკუთარი ხალხის მჩაგვრელის. ამ იარლიყის მიმწეპებელი აშშ-ი, შესანიშნავად თანამშრომლობს საუდის არაბეთთან, მონარქიასთან, რომელიც შუა საუკუნეების მეთოდებით იმართება. იქ, ქალი ავტომანქანის საჭესთან ისეთივე გაოცებას გამოიწვევდა, როგორც ჟირაფი, სხვა „სიკეთეებზე“ რომ არაფერი ვთქვათ.

ბაშარ ასადის სირია, არაბულ და არა მარტო არაბულ მონარქიებთან შედარებით, მართლაც რომ დემოკრატიის ნაკრძალია. მაშ, რამ გამოიწვია ამერიკელთა ესოდენი გაგულისება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართ? უპირველესად საკუთარმა ინტერესებმა, რეგიონში უკონკურენტო არსებობის სურვილმა – და როდესაც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება ამერიკელთა გუშინდელი ძმა და მეგობარი ბაშარ ასადი, ის უნდა გაიწიროს, ისე, როგორც ლიბიის – მოამარ კადაფი, ერაყის – სადამ ჰუსეინი.

კადაფი და სადამ ჰუსეინი – ერთობ ჩახუტებული აშშ-თან, უცბათ მტრად იქნენ შერაცხულნი პირველი ქვეყნის მიერ. არ გაითვალისწინა დიდმა ქვეყანამ წარსული მეგობრობა, არც ბევრი რამ სასიკეთო მათ მიერ გაკეთებული და ორივეს ტანჯვით ამოხადა სული.

სადამ ჰუსეინისა და მოამარ კადაფის ამბავი კარგად უნდა გაითვალისწინოს უკრაინის ხელისუფლებამ და საქართველოს ძველმა („ნაცურმა“) და ახალმა („ოცნებურმა“) მმართველებმა. ვინ იცის, როდის და რა მომენტში გადაუბრუნდება თავში „შარიკი“ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს და დღეს ნაქები პოროშენკო, იაცენიუკი, ტურჩინოვი, სააკაშვილი, ზღულაძე, სხვა „ნაც-ქოცი“ ბელადები, ხვალ, ამერიკული „დახვეწილი“ წამებით კადაფ-ჰუსეინის გზას არ გაუყენოს.

ისე, რაც მართალია, ბაშარ ასადის მიმართ ვაშინგტონს „შარიკი“ კარგა ხანია  გადაბრუნებული აქვს. მას არ მოსწონს დამასკო-მოსკოვის მეგობრული ურთიერთობები, რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსში. არც სირია-ირანის მჭიდრო თანამშრომლობა მოსწონს – შიიტური ირანი და ალავიტური სირია სტრატეგიული პარტნიორები რომ არიან, თანაც ისეთი, რომელიც მარტო პოლიტიკასა და სამხედრო ურთიერთობებს რომ არ ეფუძნება.

ირან-სირიას ბევრი რამ აკავშირებს – ეკონომიკა, ენერგეტიკა და ა.შ. ირანს საინტერესო გეგმაც ჰქონდა – ირანული ენერგომატარებლების, მილსადენით, სირიის ტერიტორიის გავლით, ხმელთაშუაზღვით, ევროპაში გატანა.

სირიის სატრანზიტოდ გამოყენების სურვილი ჰქონდა აშშ-ს მოკავშირე ყატარს. ამ პროექტს ვაშინგტონი უჭერდა მხარს. დამასკომ უარი უთხრა ყატარს, რითაც გააგულისა აშშ-ი, რომელმაც აამოქმედა მუდამ ნაცადი „რევოლუციის“ მანქანა. ცნობისთვის, ტერიტორია, სადაც ირან-სირიის მილსადენს უნდა გაევლო, დღეს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ არის ოკუპირებული.

ასე და ამრიგად დაიწყო ანტიბაშარული, სირიული რევოლუცია, ათასი ჯურის ტერორისტული ორგანიზაციის ჩართვით, მათ შორის „ალ-ქაიდას“. მართალია ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის განცხადებაც ზემოთ მოვიყვანეთ.

დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურების შრომის ნაყოფია „ალ-ქაიდას“ ფილიალის „ჯაბხატ ან ნუსრას“ გადაბირება და მასთან ერთად სხვა ვაჰაბიტურ-სალაფიტური ორგანიზაციის დარაზმვა ბაშარ ასადის წინააღმდეგ. „ჯაბხატ ან ნუსრა“ გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბების მთავარი საყრდენი და მასთან ერთად სადამ ჰუსეინის მიერ გაწვრთნილი სამხედროები.

გასული წლის ბოლოს, თეირანის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, დევიზით – „მსოფლიო ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ – გამოსვლის დროს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მოუწოდა გაეროს უფრო აქტიურად იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ. ყურადღება გაამახვილოს რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობაზე სირია-ერაყის ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში.

„ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამ სერიოზული ძვრები გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო იქ. იდეოლოგიურად ამ „სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის განსხვავება არ არის, მაგრამ ტერიტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს რუკაზე რეალობაა.

„ალ-ქაიდა“ ცდილობდა თავის გავლენის ქვეშ მოექცია მთელი ავღანეთი, მაგრამ უშედეგოდ, ამდენად ის ვერ იქცა სახელმწიფო წარმონაქმნად. მან მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო კონტროლირებული ტერიტორიის შენარჩუნება. ამდენად ის ტერორისტულ ორგანიზაციად დარჩა. რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“ – ის თავს იმ ბირთვად თვლის, რომლისგანაც შეიქმნება საერთაშორისო „ისლამური სახელმწიფო – სახალიფო“.

„ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამ შეცვალა რეგიონში ირანის მდგომარეობა. ირანი გამოდის ბაღდადის შიიტური ხელისუფლების დამცველად, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის. „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც ერაყის ტერიტორიის ნაწილი აქვს დაპყრობილი, იმუქრება ბაღდადზე შეტევით. ბაღდადის აღების შემთხვევაში ირანი დაკარგავს პოზიციებს არა მარტო ერაყში, არამედ ახლო აღმოსავლეთში.

ირანის პოზიციების გაუარესებას მიესალმება საუდის არაბეთი, რომელიც ირანს, სპარსეთის ყურეში კონკურენტად მიიჩნევს. საუდის არაბეთი – 70 წლის განმავლობაში აშშ-ს ეროვნული ინტერესების დამცველი ახლო აღმოსავლეთში, თვლის, რომ ირანი მისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორია; რომ ირანს შესწევს უნარი საუდის არაბეთის მონარქიას აუბუნტოს საკუთარი შიიტური მოსახლეობა. ამდენად საუდის არაბეთი, ისე, როგორც ყატარი, პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერდა და უჭერს „ისლამურ სახელმწიფოს“.

„ისლამური სახელმწიფოს“ შექმნამ, გაააქტიურა აშშ-ს როლი რეგიონში, როგორც უსაფრთხოების სისტემის მამამთავრის და აიძულა ახლო აღმოსავლეთის სამი მთავარი მოთამაშე – ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი სხვაგვარად შეხედონ მას. თურქეთს სურს არაბებისთვის ოსმალეთის თურქეთის მმართველობის თავსმოხვევა. ირანმა უნდა გაითვალისწინოს აშშ-ს ინტერესები, რათა არ დაუშვას ერაყში და საუდის არაბეთში სუნიტების გაძლიერება. ერ რიადს ეშინია „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამ არ გამოიწვიოს აშშ-ისა და ირანის დაახლოება. ის ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის როლი, როგორც აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის, დაკნინდება.

რა ხდება თვით „ისლამურ სახალიფოში“? „ქვეყანა“ არა მარტო სამხედრო-ტერორისტულ ომს აწარმოებს, არამედ ფსიქოლოგიურ-საინფორმაციოსაც. დაშინების მეთოდის გამოყენებამ არაერთხელ მოუტანა წარმატება ახალი ქალაქებისა და რაიონების დაპყრობაში. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო მეთოდების გამოყენებამ გამოიწვია მთელი მსოფლიოს რადიკალების მზერის მიპყრობა “ისლამური სახელმწიფოსკენ“.

„სახელმწიფოს“ ჯალათების მიზანი არა მარტო ადგილობრივთა ან უცხოელთა თავის მოკვეთაა, არამედ ამ აქტის სოციალური ქსელებით გავრცელება და ამით „ნეგატიური ფონის“ შექმნა, ნეგატივით მეტი ყურადღების მიპყრობა, დასავლური თუ რეგიონული სულისკვეთების დათრგუნვა.

ისტორიის მანძილზე დაშინებისა და თავზარდაცემის სტრატეგიის გამოყენებას არაერთხელ მოუტანია წარმატება. ასე იყო არაბულ-მუსლიმანური დაპყრობების დროს; ასე იყო მონღოლთა შემოსევებისას.

ამ სტრატეგიაში ერთმანეთს ეხამება ელვისებური ომის წარმოება, ტერაქტები, მძევლების აყვანა, შემაშფოთებელი ცნობები და საჩვენებელი მხეცობა. ყოველივე აღნიშნული იწვევს სწრაფ დამორჩილებას, ართმევს ადამიანს ბრძოლისა და წინააღმდეგობის სურვილს. მაგალითად, თავის მოჭრის აქტის პირდაპირი ჩვენება გაცილებით „ეფექტიანია“, ვიდრე ათასობით დახოცილი გვამის.

რას ემსახურება ბავშვების, ქალების, მოხუცებისა თუ ახალგაზრდებისთვის თავების მოკვეთა, ცოცხლად დამარხვა, ყასბის კავზე ჩამოკიდება, წამების სხვა ვიდეო-კადრების ჩვენება? უპირველეს ყოვლისა საკუთარ „სახლში“ სხვაგვარად მოაზროვნეების დაშინებას. ასეთი მეთოდი აძლიერებს კონფორმიზმს.

წამების აქტების ჩვენება „სახალიფოსკენ“ იზიდავს სადისტურად და ფსიქიკურად შერყეულ ადამიანებს და ეუბნება მათ, რომ მხოლოდ მარტივი გზით – ისლამის მიღებით გაუჩნდებათ საშუალება ცხოვრებაში გაატარონ თავიანთი სადისტური სურვილები.

თავის მოკვეთის აქტის ტელევიზიით ჩვენებით, ისლამისტები ადანაშაულებენ დასავლელ „ჯვაროსნებს“ ისლამურ ტერიტორიებზე შეჭრაში და მუსლიმანთა ჩაგვრაში. „ისლამური სახელმწიფოს“ ჯალათების მოქმედება, ბრძოლის დაწყებამდე დემორალიზაციას ახდენს მოწინააღმდეგში, რაც აძლევს მას შანს წინააღმდეგობის გარეშე დაიპყროს ქალაქები და სოფლები.

„ისლამისტები“ სულაც არ არიან შუასაუკუნეებში ჩარჩენილები. ისინი შესანიშნავად ფლობენ მანიპულაციების მეთოდებს. მათ ზედმიწევნით კარგად აქვთ შესწავლილი ინტერნეტი, სოციალური ქსელები, თანამედროვე კავშირები ახალ თაობასთან, ყოველივე ეს არ ექვემდებარება საყოველთაო ცნობილ სასაზღვრო სისტემას. მათი მანიპულაციებში განსწავლულობა იძლევა საშუალებას გადაიბიროს ყველა, ვისაც ბრაზი და შურისძიების გრძნობა აქვს საკუთარი ქვეყნისა და პოლიტიკის მიმართ. სმარტფონები და სოცქსელები ემსახურება მათ ფანატიზმის გავრცელებაში, მომხრეთა დისტანცირებულ გადაბირებაში, როგორც მუსლიმურ, ისე დასავლურ სამყაროში.

შემზარავი კავშირი ისლამურ შუასაუკუნეობრივ ბარბაროსობასა და თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებებს შორის არის ახალი ისლამისტური თაობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. „ისლამური სახელმწიფოს“ ბარბაროსული აქტების ფონზე უსამა ბინ ლადენიც საწყლად და სასაცილოდ გამოიყურება.

ახლებმა უკან ჩამოიტოვეს 1990-2000 წლების დამრიგებელ-მასწავლებლები და შესანიშნავად იყენებენ გლობალიზაციის სიკეთეებს, სოციალურ ქსელებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარი მიზნების მიღწევისთვის. ისინი აწარმოებენ PR-ს. აქვთ საკუთარი ჟურნალი, ვიდეო-სტუდია, მარკეტინგული სამსახური და ა.შ. ისინი მარტივ და ყველასთვის გასაგებ ენაზე მეტყველებენ, თავს არიდებენ რთულ ფრაზებს. თავის დროზე ანალოგიურად მოქმედებდა გებელსი.

ამგვარი მეთოდით შესაძლებელია კოლექტიურ და ინდივიდუალურ აზროვნებაში შეღწევა. „ისლამური სახელმწიფოს“ გენერალური შტაბი აქვეყნებს ანგარიშს გაწეული მუშაობის, სამხედრო გამარჯვებებისა, მკვლელობების, ფინანსური შემოსავლების შესახებ. გასული წლის ივნისში „სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა 400-გვერდიანი ანგარიში, სადაც ილუსტრაციებით, სქემებით და ფოტოსურათებით მოთხრობილია ერაყში განხორციელებული 10000 ტერორისტული ოპერაციის თაობაზე; 1083 სიკვდილით დასჯის მაგალითებზე; 1015 სახლის გადაწვის თაობაზე; 238 თვითმკვლელის მიერ ჩადენილ ტერაქტზე და სხვა.

მიზანი – გლობალური შიშის გამოწვევა, ახალი მეომრების მიზიდვა,  ჯიჰადისტების დასაფინანსებლად დონორების წახალისება.

ისე, როგორც ნებისმიერ ტოტალიტარულ სისტემაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მკაცრ კონტროლს ექვემდებარება მისი ტერიტორია და ხალხი. ყოველდღიური ცხოვრება ყურადღებით შეისწავლება სრულუფლებიანი ხისბების მიერ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მათ ზედმიწევნით უნდა დაიცვან „სახელმწიფოს“ მიერ შემუშავებული პროტოკოლი. ზოგიერთ ჟურნალისტს უფლება აქვს მოამზადოს ვიდეო-სიუჟეტები და ეთერში გაუშვას, ყოველგვარი თავის მოკვეთის შიშის გარეშე. მათ შეუძლიათ იმუშაონ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან, მაგრამ ეკრძალებათ იმ ტელეარხებთან მუშაობა, ვინც იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

„ისლამური სახელმწიფოს“ დამოკიდებულება მეზობლების და სხვათა მიმართ ერთია – საკუთარი გავლენის გაფართოება, საბოლოო ჯამში დიდი „სახალიფოს“ შექმნა.

მომავალ გეგმებში განსაკუთრებული ინტერესი ვლინდება ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, რუსეთის მიმართ. „სახელმწიფო“ არ აპირებს ამ ტერიტორიების გარედან დაპყრობას. მისი მიზანია, შიგნიდან აფეთქება თანამოაზრეთა მიერ.

„ისლამურ სახელმწიფოში“ ასობით და ათასობით სხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე იბრძვის. ფრონტის ხაზზე შესვენების დროს ისინი სამშობლოს სტუმრობენ, სადაც პროპაგანდის მეთოდით ახერხებენ ახალი ძალების გადაბირებას.

„ისლამური სახელმწიფო“, ვაჰაბიტურ-სალაფიტური იდეოლოგიით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს. მის მიმართ საჭიროა ყურადღების გამოვლინება და ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარება, რის შესახებაც ითქვა 24 დეკემბერს, სასტუმრო „ვერე-პალასში“ გამართულ კონფერენციაზე. კონფერენციაში მონაწილე ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა, მედიის მუშაკებმა ილაპარაკეს აღნიშნული გამოწვევის თაობაზე და მოუწოდეს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული საფრთხის შეკავების მიზნით.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ვ.კვარაცხელია – პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი, ჟურნალისტი; ჰ.ჭიპაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია  „სახალხო დიპლომატია, მასმედიასთან და საზოგადოებასთან კავშირი“, პოლიტოლოგი; გ.რცხილაძე – ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ვ.ევსეევი – დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის თანამშრომელი, აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი, თადარიგის პოდპოლკოვნიკი; გ.გოგიაშვილი – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე; თ.კიკნაძე – პროფესორი, პოლიტოლოგი; ჯ.გახოკიძე – საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი; ნ.დევდარიანი – „გლობალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; ვ.მაისაია – დოქტორი, პოლიტოლოგი; ნ.რუხაძე – ჟურნალისტი;  ტ.ლასხიშვილი – „საქინფორმის“ ხელმძღვანელი; სხვები.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.