მსოფლიოს მოლოდინი „დიდთა“ შეხვედრისგან
გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე საიუბილეო სესია მსოფლიოს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რომ მოექცა, გასაკვირი არ არის. წინა ასამბლეიდან დღემდე, ერთი წელი გავიდა – ერთობ დაძაბული, დაპირისპირებებით აღსავსე.
დაპირისპირება ყოველთვის იყო გაეროს ასამბლეის ისტორიაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ორგანიზაციაში შემავალი წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულება როგორც საშინაო, განსაკუთრებით საგარეო საკითხებისადმი იყო და არის განსხვავებული. გასაკვირი ის იქნებოდა, ყველა წევრ სახელმწიფოს რომ იდენტური მიდგომა ჰქონოდა.
დაპირისპირებაცაა და დაპირისპირება, მაგრამ როდესაც დაპირისპირებულ მხარეებად დიდი ქვეყნები გვევლინებიან, საქმე არცთუ კარგად არის, თანაც რა ქვეყნები – სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთი და აშშ-ი – გაეროს უშუალო შემქმნელები.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, ვინ და სად შექმნა მსოფლიო ორგანიზაცია. მართალია, მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ პოლიტიკოსებმა, განათლებულმა საზოგადოებამ იცის მათი ვინაობა – სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი. იცის ადგილი, სადაც საფუძველი ჩაეყარა გაეროს შექმნის იდეას – ყირიმი, იალტა, „დიდი სამეულის“ იალტის კონფერენცია.
70 წლის წინათ იალტის კონფერენციის მონაწილეთა შეხმატკბილებულ მუშაობაში რაღაც ხინჯი გაჩნდა და გაჩნდა ის არა სსრკ-ს ინიციატივით (შემდგომში რუსეთის), არამედ იმ ამბიციური გრძნობების მოზღვავების გამო, რამაც დაბინდა მსოფლიო ჰეგემონობისთვის მებრძოლი აშშ-ს პოლიტიკური გონება. განვლილი 70 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა ცუდ კარდიოგრამას უფრო წააგავდა, ვიდრე საღი ორგანიზმის გულსისხლძარღვთა მოქმედებას.
რომ იტყვიან, რაც იყო, იყო, ყოველივე ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ უკუღმართი ისტორია რომ ნაკლებ საფუძველს იძლევა ჯანსაღი ურთიერთობისთვის?
ზერელეობამ, ისტორიის გაუთვალისწინებლობამ, საკითხებისადმი მხოლოდ საკუთარი სამრეკლოდან მიდგომამ, გამოიწვია ის, რასაც კრიზისის წინა პერიოდი ჰქვია. ერთი წელია წინა საინფაქტო ვითარებაა შექმნილი დიდი სახელმწიფოების ურთიერთობაში – ერთის მხრივ აშშ-ს და მეორის მხრივ რუსეთ-ჩინეთს შორის.
არადა, სამივე, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოებია – იმ ორგანოს, რომელმაც უნდა მოაგვაროს ომისა და მშვიდობის საკითხები. უნდა მოაგვაროს, მაგრამ ვერ აგვარებს, ვინაიდან ერთ-ერთი, აშშ-ი ცდილობდა და ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით მსოფლიო პრობლემების „მოაგვარებას“, რაც თავისთავად აკერებს მას მსოფლიო „ჟანდარმის“ არცთუ სახარბიელო სახელს.
გაეროს ისტორიაში არაერთხელ ჰქონია აშშ-ს მხრიდან ამ ორგანიზაციისთვის გვერდის ავლის ფაქტს. მარტო იუგოსლავიის მაგალითი რად ღირს. ის, რომ გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს, ის, რომ აშშ-ი ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდი დონორია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის (გაერო), მის მიერ (აშშ-ს) უნდა იყოს პრივატიზებული.
მსოფლიო საკითხებისადმი ცინიკურმა მიდგომამ გამოიწვია ვითარება, რასაც დიდთა დაპირისპირება ჰქვია. დიდთა დაპირისპირება კი პატარა საკითხებით, უფრო სწორად რეგიონულით დაიწყო და „დიდობაში“ გადავიდა. მაინც, რა საკითხებია ისეთი, რომლებიც დიდთა ესოდენ დაპირისპირებას იწვევს? უპირველეს ყოვლისა ახლო აღმოსავლეთის და სირიის პრობლემა, ტერორიზმი, უკრაინის თემა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება.
გაეცა თუ არა ამ საკითხებს პასუხი 70-ე საიუბილეო სესიაზე? ძნელი სათქმელია, ვინაიდან პოზიციების დაფიქსირება, სულაც არ ნიშნავს წამოჭრილ პრობლემებზე საფუძვლიანი პასუხის გაცემას, მითუმეტეს მათი გადაჭრის გზების გამონახვას.
დაფიქსირდა ორივე მხარის პოზიცია – რუსეთის და აშშ-ს. აშშ-ს პრეზიდენტის ობამას სიტყვაში ხაზგასმით გამოსჭვივოდა ჰეგემონის პოზიცია ანუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების იმ პირის მიერ შეფასება, რომელიც მაღლა, ძალიან მაღლა (თითქოს ზეცაში) დგას მდაბიოებზე, ანც სახელმწიფოებზე, რომლებისთვის უცნობია საერთაშორისო არენაზე ქცევის ელემენტარული წესები. იყო მხილებისა და დატუქსვის მომენტებიც, მაგრამ ამასთანავე იყო ვითომ სურვილიც ანცებთან თანამშრომლობისა ანუ ღრუბლებინად დაშვება და მათთვის თავის გაყადნება.
ობამას გამოსვლაში იყო ის, რასაც მხოლოდ პოლიტიკაში ღრმადჩახედული დაინახავს – თავის მართლება შექმნილი ვითარების გამო და სხვაზე დანაშაულის გადაბრალება. პრეზიდენტმა ობამამ „ანცების“ სახელებიც გაგვანდო – რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სირიის ხელისუფლება. თქვა ისიც, რომ აშშ-ი მარტო ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას და მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან, ირანთან. ობამამ ისიც თქვა, რომ სურს ძლიერი რუსეთის ხილვა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იღვაწებს ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საკითხების მოგვარებაში.
მას არაფერი უთქვამს, რამ გამოიწვია აღნიშნული პრობლემები, რომ თავიდათავი იმაშია, რაც შეფარულად გასდევდა მის ნათქვამს (ანუ თავის მართლება). პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის საკითხის მოგვარება შეუძლებელია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ერთად და რომ აუცილებელია მისი გადადგომა, თუმცა ამჯერად მას არ მოუთხოვია ასადის დაუყოვნებელი გადადგომა.
ობამას სიტყვიდან, სამი გამომსვლელის შემდეგ, ტრიბუნაზე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მიიწვიეს, რომელმაც მისთვის ჩვეული პირდაპირობით აღწერა მსოფლიო ვითარება – ობამასგან განსხვავებით, დამნაშავის სახელის გაუჟღერებლად. რა იყო მის გამოსვლაში? – ლიბიაში აგრესიული ქმედება და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განადგურება; ერაყში შეჭრის შედეგად სრული ქაოსის შექმნა; სირიის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ე.წ. ოპოზიციისა და ტერორისტული ჯგუფების დარაზმვა; „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება; უკრაინაში ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა და მარიონეტულის მოყვანა; ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ა.შ.
პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა ანტიტერორისტული („ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ) ფაქტიური და არა ფიქტიური კოალიციის შექმნის თაობაზე გაეროს ეგიდით და ა.შ.
ორივე გამოსვლიდან ძნელია ცალსახად მტყუან-მართლის დადგენა, მაგრამ განვლილი ისტორიის გაანალიზებით, იოლია. გაეროს უშიშროების საბჭოზე ლიბიის საკითხის განხილვამ და რუსეთის წარმომადგენლის მიერ თავის შეკავებამ (რაც შეცდომა იყო) გამოიწვია ლიბიის პერმანენტული საჰაერო დაბომბვა, პოლკოვნიკ კადაფის ხელისუფლების დამხობა, მისი სიკვდილით დასჯა და საბოლოო ჯამში, ლიბიაში წარმოუდგენელი ქაოსის შექმნა – უამრავი ლტოლვილით, ხოცვა-ჟღლეტვით და ა.შ.
ერაყში შეჭრაზე რომ არაფერი ვთქვათ (რუსეთი წინააღმდეგი იყო ამისა), სირიის მიმართ ოთხწლიანი ომის (ჯერ-ჯერობით) გაჩაღება უპირველესად ამერიკელთა სინდისზე რომ მოდის, ფაქტია, ისე, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა. ფაქტია ისიც, რასაც იანუკოვიჩის ჩამოგდება ჰქვია და მის ნაცვლად ქვეყნის სათავეში ამერიკულ ფუნთუშებნაჭამი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა.
ობამა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მას ძლიერი რუსეთის ხილვა სურს. უკრაინის დავიდარაბაც ხომ იმიტომ გამოიგონა ვაშინგტონმა, რომ რუსეთი დაესუსტებინა. არის თუ არა აშშ-ს ადმინისტრაცია ძლიერი რუსეთის ხილვის მოსურნე? ალბათ არა, რაზეც აშშ-ს მიერ, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ღაღადებენ.
არის თუ არა აშშ-ს ადმინისტრაცია სირიის საკითხის მოგვარებისთვის მზად ან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ფაქტიური ომის საწარმოებლად? ალბათ, არა. აშშ-ს პოზიცია ისეთივეა, რაც 2 წლის წინათ იყო, როდესაც მას სურდა სირიაზე პირდაპირი საჰაერო თავდასხმების მიტანა. იმჟამად პუტინმა იხსნა სიტუაცია. მაგრამ გავიდა 2 წელი და ობამა იგივე პოზიციაზეა. არადა, ყველას ეგონა, რომ ბაშარ ასადი, ქიმიური იარაღის დათმობის საფასურად, რაღაც შეღავათს მაინც მიიღებდა. ვერ მიიღო.
აშშ-ს ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი ჩამოგდება, რაც დადასტურდა ობამა-პუტინის საათნახევრიანი საუბრის დროს. რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ ბევრ შემთხვევაში მხარეთა პოზიციები ახლოსაა ერთმანეთთან. მან ისიც თქვა, რომ კონტაქტები გაგრძელდება დიპლომატიურ დონეზე. როგორც ჩანს, მხარეებს არ დაუხევიათ საკუთარი პოზიციებიდან, მაგრამ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს – პირისპირ, ხანგრძლივი ლაპარაკით. საათნახევარი საკმარისი დროა მაღალ დონეზე შეხვედრის დროს.
გაეროში გამოსვლამ და ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ ლაპარაკმა, ცხადჰყო, რომ პუტინი უკან დახევას არ აპირებს, არც ყირიმის, არც უკრაინის საკითხებში. მას უკან დასახევი გზაც არ აქვს.
ანალოგიურ სიტუაციაშია ობამაც, თუმცა მას შეუძლია უკან დახევა. გარდა ამისა, ერთი წლის შემდეგ მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. პუტინის მიზანია, გაუძლოს აშშ-ს ადმინისტრაციის შემოტევას ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ (უფრო სწორად წელიწადნახევრის) აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, ახალი იდეებითა და სულისკვეთებით.
რუსეთისთვის არც ის „ახალი“ იქნება მურაბა, მაგრამ ელის კი ასეთს კრემლი? მთლად ბრიყვი უნდა იყოს, რომ ამას მოელოდეს. აშშ-ს საგარეო პოლიტიკა წლების მანძილზე იჭედება და მას ვერაფერი არყევს, ვერც დემოკრატები და ვერც რესპუბლიკელები.
გაეროს სესიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად საინტერესოა, მაგრამ საპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომ ეს პროფესია ისეთია, ყველა რომ ეპოტინება, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს აქვთ უფლება თავს პოლიტიკოსი უწოდოს. მათ რიცხვში ნამდვილად ვერ მოვიაზრებ დღევანდელ ქართულ პოლიტიკას, რომელსაც ტყემალი ვაშლისგან ვერ გაურჩევია. სხვას ვერაფერს იტყვი ნაციონალური „კორიფეებისა“ და ყოფილ დიპლომატთა მიერ შექმნილ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებზე, სხვა პარტიების წევრებზე, რომლებმაც დაგმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის გამოსვლა – არაფერი თქვა რუსეთის აგრესიაზეო და ა.შ.
დიახ! ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა იმავე დარბაზში, გაეროს 70-ე საიუბილეო სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც მიეძღვნა მსოფლიოს მდგრად განვითარებას. ეს დავალება იყო ყველა ქვეყნისთვის, რაც მიზნად არ ისახავდა საკუთარ გასაჭირზე ლაპარაკს. საქართველოს პრობლემებისთვის მას პირველი ოქტომბრის გამოსვლა ჰქონდა წინ. რატომღაც ქართველმა „პოლიტიკოსებმა“, მათ შორის „დიპლომატებმა“ პეტრიაშვილმა, დოლიძემ ჩათვალეს, რომ „საშინაო დავალებაში“ ღარიბაშვილს რუსეთი უნდა ელანძღა. თუმცა, რა მოეთხოვებათ ე.წ. დიპლომატებს და ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიცაა ბოკერია, დავითაია, …
როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა (იანუკოვიჩის მთავრობაში), ქართველთა მსგავსად, უხეში შეცდომა დაუშვა და ნაცვლად გაეროს მიერ მოცემული დავალებისა, რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკა. აი, როდესაც მსგავს პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე, საქმე დადებითი არ იქნება. და რომ ეს ასეა, „ძმადნაფიცი“ უკრაინა-საქართველოს საქმენი საგმირონი ღაღადებენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.